პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირანი – სწრაფვა რეგიონული ლიდერობისკენ

13 Feb , 2015  

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ირანი ცდილობდა ჩამოყალიბებულიყო მდგრად სახელმწიფოდ, მაგრამ გარე თუ შიდა ფაქტორები ამის საშუალებას არ აძლევდა. ცივი ომის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ირანზეც აისახებოდა და ზესახელმწიფოების ბრძოლის ერთ-ერთ ასპარეზს წარმოადგენდა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1979 წლის შემდეგ.

ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, რითაც ირანის საგარეო და საშინაო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ჩამოყალიბდა ისლამური სახელმწიფო სულიერი ლიდერის ხელმძღვანელობით. მოყოლებული ისლამური რევოლუციიდან ირანი ცდილობს რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავოს, რაშიც, რა თქმა უნდა, მეტოქეები ჰყავს.

თავდაპირველ ეტაპზე რეგიონში გავლენის თვალსაზრისით ირანს უპირისპირდებოდა სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში. სადამ ჰუსეინი ერაყის პრეზიდენტად იმავე წელს მოვიდა, როდესაც მოხდა ირანის რევოლუცია. ერთ წელიწადში, 1980 წელს, ერაყი ღია აგრესიით თავს დაესხა ირანს. ომი რვა წელიწადს გაგრძელდა და მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე შეიწირა. ძლიერად დაზარალდა ორივე ქვეყნის ეკონომიკა. რვაწლიანი ომი ნულოვანი ტერიტორიული შედეგით დასრულდა, ანუ საზღვრები უცვლელი დარჩა. იმ პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე ირანის დასახმარებლად დიდად არ გამოუჩენიათ ინიციატივა, რადგან მას უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა დასავლეთთან. ერაყი რეგიონული ლიდერობისაკენ სწრაფვას მას შემდეგ ჩამოშორდა, როდესაც 1990 წელს შეიჭრა ქუვეითში. ამ ინტერვენციას მოჰყვა ყურის ომი და ერაყის დამარცხება. ხოლო შემდეგ 2003 წელს აშშ-ს ჯარების შესვლამ ერაყში, საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ლიდერობის ბედი.

მეორე სახელმწიფო, რომელსაც რეგიონში გამოკვეთილი პოზიციები უჭირავს, არის თურქეთი. თურქეთს უკვე ათწლეულებია მოდერნიზაციისკენ აქვს გეზი. ის არის ძლიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირში. 1952 წლიდან გახლავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და ცდილობს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა თურქეთს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ყველაზე მთავარი კვიპროსის გადაუჭრელი პრობლემაა.

ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეგვიპტე და სირია, რომელიც ტერიტორიულად და მოსახლეობითაც საკმაოდ დიდი ქვეყნები არიან, თუმცა მათ, ირანისგან განსხვავებით, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა აქვთ. ამას დამატებული, თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეგვიპტესა და სირიაში, მაშინ მათი მისწრაფება რეგიონული ლიდერობისათვის ბრძოლაში საკმაოდ შორი პერსპექტივა გახდა.

1979 წლიდან მოყოლებული ირანის ლიდერობისაკენ სწრაფვას დადებითად არ უყურებს საუდის არაბეთი, რომელიც ბუნებრივი რესურსებითა და ფინანსებით ძალიან ძლიერი მოთამაშეა რეგიონში. თუმცა საუდის არაბეთმა თავისი უსაფრთხობა აშშ-ს გადააბარა. თუ ირანი ცდილობს თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, საუდის არაბეთმა აშშ-ს დახმარებით მოიპოვა უსაფრთხოების გარანტიები. აქედან გამომდინარე, რეგიონში ლიდერის პოზიციას სამხედრო თავლსაზრისით სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული ქვეყანა ნაკლებ სავარაუდოა მოიპოვებდეს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ირანს საერთაშორისო ასპარეზზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ისლამური რევოლუციის შემდეგ. პირველი ყველაზე დიდი კრიზისი მოხდა მას შემდეგ, რაც თეირანში თავს დაესხნენ აშშ-ს საელჩოს. 444 დღის განმავლობაში 66 ამერიკის მოქალაქე თავდამსხმელებს ჰყავდათ ტყვეობაში. ამ ფაქტმა ირან-აშშ-ს სამომავლო ურთიერთობაში გადამწყვეტი როლი შეიტანა. კრიზისის შემდეგ ირანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ორივე სახელმწიფოში შეიქმნა მტრის ხატი ერთმანეთის მიმართ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მსოფლიო ლიდერსა და რეგიონალური ლიდერობის სურვილის მქონე ქვეყანას შორის დგას არის ლიბანში მოქმედი პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია ჰეზბოლა. 1982 წელს ირანული რევოლუციის გუშაგების (Iranian Revolutionary Guards) საშუალებით დაარსდა ორგანიზაცია ჰეზბოლა. მსოფლიოს ნაწილის მიერ ის აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, თუმცა ნაწილი ამას არ ეთანხმება. ეს ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. ორგანიზაციის მოქმედებები მიმართული იყო აშშ-ს გასაძევებლად ლიბანიდან, რასაც საბოლოოდ მიაღწიეს. მას შემდეგ, რაც 1983 წელის 18 აპრილს ბეირუთში თავს დაესხნენ აშშ საელჩოს, ხოლო იმავე წლის 23 ოქტომბერს სამხედრო ბარაკებს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 241 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ლიბანი დატოვა. ჰეზბოლა ირანსა და აშშ-ს შორის განხეთქილების ერთ-ერთი ყვეალზე დიდი პრობლემაა. ამ ორგანიზაციის გამო 1982 წლიდან ირანი შედის აშშ-ს შავ სიაში, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყანა და მასზე მოქმედებს მთელი რიგი სანქციები.

ბირთვული პროგრამა, ირანისა და დასავლეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომლის გადაჭრაც ცხადია მარტივი არ არის, თუმცა ეს პრობლემა მწვავედ აისახება ირანზე. ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მტკივნეულია ირანის ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ ირანის ხელისუფლებას ბრალს სდებენ ატომური იარაღის შექმნაში, ხოლო, თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკა ირწმუნება, რომ ატომური ენერგია მხოლოდ ენერგიის წყაროსთვისა და სამედიცინო მიზნებისთვის სჭირდებათ. ირანის ბირთვული პროგრამა 1950 წელს დაიწყო, რომელშიც აშშ და დასავლეთის ქვეყნები იყვნენ ჩართულები, თუმცა 1979 წელს შეწყდა. ირანის სულიერი ლიდერის განკარგულებით, ატომური იარაღი გამოცხადდა მუსლიმური ეთიკისთვისა და იურისპუდენციისთვის მიუღებლად და ირანმა გაუვრცელებლობის ხელშეკრულებებსაც მოაწერა ხელი (ბიოლოგიური იარაღის კონვენციას, ქიმიური იარაღის კონვენციას და ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას). თუმცა ირანის ხელისფულებას ადანაშაულებენ ატომური იარაღის ფარულად შექმნაში აგრესიული მიზნების განსახორციელებლად. სანქციები ირანის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს და მის განვითარებას ხელს უშლის.

მიუხედავად მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ირანი ცდილობდა ეკონომიკურ განვითარებას. 1999 წლიდან ქვეყენას მშპ-ს ზრდა აქვს ერთ სულ მოსახლეზე 5 300 აშშ დოლარიდან 13 200 მდე (2008 წლის კრიზის შემდეგ ორი წელი შემცირება აღინიშნა, მაგრამ შემდგომ მოახერხა ზრდის გაგრძელება). რეგიონული ლიდერობა არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო ძალის ან დიდი მოსახლეობის ყოლას. აუცილებელია მაღალი ცხოვრების დონე, განათლება, ჯანდაცვა და მდგრადი ეკონომიკა. ირანი ამ სფეროებში აქტიურად ხარჯავს თანხას. ისლამური რევოლუციის მერე ნავთობწარმოება კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, ანუ მოხდა ნაციონალიზაცია. შესაბამისად, შემოსავლები სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს. ამ შემოსავლებიდან კი ირანი დიდ თანხას ხარჯავს ჯანდაცვასა და განათლებაში. ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4% იხარჯება განათლებაში, ხოლო 6% ჯანდაცვაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანი მესამე ქვეყანაა ნავთობის მარაგით, ხოლო მეორე გაზის მარაგით. ირანის ექსპორტის 80% და სახელმწიფო შემოსავლების ნახევარზე მეტს 50-60% ნავთობი წარმოადგენს. საერთაშორისო სანქციებმა ბირთვული პროგრამის გამო მძიმედ დააზარალა ირანის ეკონომიკა. 2011 წელს, მაშინ როდესაც ირანს 95 მილიარდი დოლარი ჰქონდა ნავთობ სფეროდან შემოსავალი, 2012 წელს 69 მილიარდამდე დაეცა, რაც თავისთავად ქვეყნის შიგნით ყველა სფეროზე აისახა.

სანქციებისა და მძიმე პოლიტიკური სიტუაციის ფონზე შეინიშნება პოზიტიური ძვრებიც. 2013 წელს ირანში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელშიც 72.77%-ით გაიმარჯვა ჰასან როუჰანიმ, მსოფლიო მასშტაბით ელოდებიან ირანისა და აშშ-ს ურთიერთობებში უკეთესობისკენ ძვრებს. 15 ივლის ჩატარებულ არჩევნების შემდეგ ჰასან როუჰანიმ 2013 წლის 3 აგვისტოს გადაიბარა პრეზიდენტის კაბინეტი. ის ითვლება მოდერნისტ პოლიტიკოსად. მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. შიდა პოლიტიკაში ის ემხრობა პიროვნული თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლად ხელმისაწვდომობის საკითხებს, მხარში უდგას ქალთა უფლებების საკითხებს და მიჩნეულია რეფორმისტად. არჩევნების მეორე დღეს როუჰანმა პრესასთან საუბრისას პირობა დადო, რომ გააუმჯესებდა ირანის საერთაშორისო პოზიციას და შესთავაზებდა დასავლეთს ფართო გამჭირვალობას ბირთვულ პროგრამაში, რათა აღადგინოს საერთაშორისო ნდობა.

„ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ერის უფლებას, თუმცა ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვისა და ინტერაქციისთვის. ჩვენ მზად ვართ, სერიოზულად და დროის დაკარგვის გარეშე დავიწყოთ მოლაპარაკებები მეორე მხარესთან, რომლებიც იქნება სეროზული და არსებითი. თუ მეორე მხარეც მზად არის ისევე, როგორც ჩვენ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარის წუხილი გაქრება მცირე დროში.“

მსგავსი განცხადებებით ირანის ახალი პრეზიდენტი ქმნის საფუძველს ხანგრძლივი პრობლემის მოგვარებისთვის. თავის მხრივ, განცახდებებმა გამოხმაურება მაშინვე ჰპოვა დასავლეთისგან. აშშ-ს განცხადებით „ირანი იქნება გულმოდგინე პარტნიორი“, თუ ის სერიოზულად არის დაინტერესებული საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარებაში.

გარდა იმისა, რომ შეინიშნება ურთიერთობის დათბობისკენ გადადგმული ნაბიჯები, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ირანს „ხელს აძლევს“. სირიის კონფლიქტში ირანის ინტერესები მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ის მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის მთავრობას და აქტიურად ეხმარება მას. ამასთან საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი ფონი იქმნება, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარებაში ირანის მთავრობაც უნდა ჩაერთოს, რაც თავისთავად ირანის პოზიციებს ამყარებს. ამ ეტაპზე ამერიკის მხრიდან პოზიცია, რომ ირანთან ისაუბროს სირიის კონფლიქტზე არ ჩანს, მაგრამ რაც დრო გადის ირანი სულ უფრო ჩართული ხდება სირიის კონფლიქტში.

ამ საკითხს ემატება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ერაყში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები რეგიონზე დიდ გავლენას ახდენს. ირანმა უკვე გამოთქვა სურვილი ერაყის დახმარებისთვის. ამით ის მომგებიან პოზიციაში დგება. თუ ის დაეხმარება ერაყს ალ-კაიდასთან დაახლოებული ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთი მხრივ, მოიპოვებს ერაყის მთავრობის ლოიალობას, ხოლო მეორე მხრივ დაეხმარება სირიის მთავრობას, რადგან იგივე ორგანიზაცია სირიაში აწარმოებს საბრძოლო ოპერაციებს და ერაყში ჩაგდებული იარაღი და ფინანსები სირიაში გადადის.

უდავოა ის ფაქტი, რომ ირანის რეგიონალური ლიდერობა გარკვეულწილად დამოკიდებულია მის ურთიეთობებზე აშშ-სთან, რადგან აშშ რეგიონში საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი (პოლიტიკურად და ეკონომიკარად). აქედან გამომდინარე, მასთან ურთოერთობების დალაგება მნიშვნელოვანია. არც ის ილუზია არსებობს, რომ 35 წლიანი მტრობა მარტივად გადაწყდება ორ ქვეყანას შორის, მაგრამ პოზიტიური ნაბიჯები უკვე ჩანს. აშშ-ს მდივანმა კერიმ თავის განცხადებაში თქვა:

„ირანი არის ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყანა. ის აფინანსებს ჰეზბოლას ახლაც. ჰეზბოლა ჩართულია ძალადობრივ ქმედებებში სირიაში. ამას ჩვენ ძალიან არასასიამოვნოდ მივიჩნევთ. ასევე, არის სხვა გზებიც, რომლითაც ირანი მხარს უჭერს ტერორს რეგიონში. ჩვენ და ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამას არ ვეთანხმებით. მაგრამ აუცილებელია ერთ ჯერზე ერთი ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ პირველ ნაბიჯზე, რაც არის ბირთვული პროგრამა. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ირანთან სხვა საკითხებშიც“.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

ავტორი: ნინი მოდებაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *