პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირან-ამერიკის ურთიერთობა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები: რეალიზმი, ლიბერალიზმი და კონსტრუქტივიზმი

13 Feb , 2015  

ურთიერთობები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. თავდაპირველად, ბრიტანული და რუსული კოლონიური ინტერესებისაგან დამფრთხალი ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამდა სანდო დასავლურ ძალად და ამერიკელი ფინანსისტები – არტურ მილსპო და მორგან შუსტერი,  ხაზინდარ-გენერლებადაც კი დანიშნა იმდროინდელმა შაჰმა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ირანი დალაშქრეს ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა. მაგრამ, ურთიერთობები კვლავაც პოზიტიური რჩებოდა ამერიკასა და ირანს შორის მოჰამად მოსადეყის მმართველობის ბოლო პერიოდამდე, რომელიც  MI6-ის (საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც სამხედრო დაზვერვის მე-6 ნაწილი) მიერ ორგანიზებული გადატრიალების შედეგად გადააგდეს ტახიტიდან. ამას მოჰყვა  ერა, რომელიც ხასიათდებოდა ძალიან მჭიდრო ალიანსით შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის რეჟიმსა და ამერიკის მთავრობას შორის, რაც გაგრძელდა დრამატული ცვლილებითა და უთანხმოებით ორ ქვეყნას შორის 1979 წლის ირანული რევოლუციის შემდეგ. ამ პერიოდიდან მოყოლებული ირანისა და ამერიკის ურთიერთობები საკმაოდ გაცივდა – ერთ დროს მოკავშირედ მიჩნეული აშშ ირანისათვის პოტენციურ მტრად გადაიქცა და იმავეს თქმა შეგვიძლია ირანზეც ამერიკისათვის. ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსურია. თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ მსოფლიო წესრიგისათვის მათი ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც შევარჩიე ჩემს საკვლევ თემად ირანისა და ამერიკის ურთიერთობები.

მთავარი კითხვა, რომელსაც ვეცდები პასუხი გავცე ჩემს ნაშრომში, გახლავთ ის, თუ რამდენად იძლევა ირანსა და ამერიკას შორის არსებული ვითარება მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში და, თუკი ეს შესაძლებელია, საერთაშორისო ურთიერთობების რომელი თეორია წარმოგვიდგენს ყველაზე მრავლისმომცველ და სიღრმისეულ ანალიზს ამერიკისა და ირანის ურთიერთობების შეფასებისას. ამისათვის, პირველ რიგში, წარმოვადგენ მოკლე ისტორიულ ჩარჩოს ირან-ამერიკული ურთიერთობების განვითარებისა. შემდეგ კი, განვიხილავ საერთაშორისო ურთიერთობების სამ ძირითად თეორიას: რეალიზმს, ლიბერალიზმსა და კონსტრუქტივიზმს, და ვეცდები თითოული მათგანის ძირითადი პოსტულატების შესაბამისობას რეალურ ფაქტებთან.

ირან-ამერიკის ურთიერთობა

მოკლე ისტორიული ექსკურსი

1856 წელს გაფორმებული სავაჭრო და სანავიგაციო ხელშეკრულება იყო პირველი დიპლომატიური დოკუმენტი აშშ-სა და სპარსეთს შორის. ხელშეკრულება ძალაში იყო 1928 წლამდე. ამ პერიოდში ამერიკა ნაკლებად იყო დაინტერესებული ირანით. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ირანის ინტერესზე ამერიკის მიმართ, რომელიც გამოცდილ, სანდო დასავლურ ძალად წარმოედგინათ სპარსელებს და დახმარებასაც კი სთხოვდნენ ქვეყნის ფინანსების ადმინისტრირებაში.

პოლიტიკური ურთიერთობები სპარსეთსა და აშშ-ს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც სპარსეთის ყაჯარმა შაჰმა, ნასერედდინ შაჰმა ოფიციალურად  გაგზავნა სპარსეთის წარმომადგენელი მირზა აბოლჰასან შირაზი ვაშინგტონში 1856 წელს. 1883 წელს კი, სამუელ ბენჟამინი დაინიშნა აშშ-ს პირველ ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლად ირანში.

მეორე მსოფლიო ომამდე, ურთიერთობები ირანსა და აშშ-ს შორის  დარჩა მეგობრული. შედეგად, მრავალი ირანელი იზიარებდა კონსტიტუციური რევოლუციის აუცილებლობის იდეას, ხოლო აშშ-ს „მესამე ძალად“ განიხილავდა ბრიტანეთისა და რუსეთის დომინირებისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში, ხოლო ამერიკელი ლიდერები მხარს უჭერდნენ სპარსეთის წყურვილს ეკონომიკის მოდერნიზებისა და ბრიტანეთ-რუსეთის გავლენისაგან გათავისუფლებისაკენ.

1911 წელს ირანის პარლამენტმა ამერიკელი ფინანსური კონსულტანტი მორგან შუსტერი დანიშნა ხაზინდარ-გენერლად, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ირანის საკონსტიტუციო რევოლუციას. მორგან შუსტერს მალევე მიჰყვა მილსპო, რომელიც დაინიშნა ასევე ხაზინდარ-გენერლად რეზა შაჰის მიერ. მეგობრული ურთიერთობები ამერიკა-ირანს შორის გაგრძელდა 1950 წლამდე.

შაჰი მოჰამად რეზა ფეჰლევი ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს ამერიკასთან მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, რაც გაგრძელდა 1941 წლიდან მანამდე, ვიდრე არ მოხდა მისი გადაგდება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად. იგი ატარებდა ვესტერნიზაციის, ეკონომიკის მოდერნიზაციისა და პროდასავლური კურსის საგარეო პოლიტიკას. მან ასევე განახორციელა რამდენიმე ვიზიტი ამერიკაში, სადაც იგი მიიღეს მეგობრად. ირანი, როგორც ყველაზე ძლიერი ქვეყანა ნავთობით მდიდარ სპარსულ ყურეში, ერთგვარ „საყრდენად“ იქცა ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ახლო აღმოსავლეთში.

1979 წლის რევოლუციამ, რომლითაც გააძევეს პროამერიკული შაჰი და ჩაანაცვლეს იგი ანტიამერიკული უმაღლესი ლიდერით, აიათოლა ხომეინით, გააოცა აშშ-ს მთავრობა, მისი სახელმწიფო დეპარტამენტი და სადაზვერვო სპეცსამსახურები, რომლებიც არ ელოდნენ მოვლენების ამგვარ განვითარებას, ვინაიდან სულ რაღაც 6 თვის წინ CIA-ს მიერ გამოცემული ანგარიშის თანახმად, ირანი არც რევოლუციურ და არც პრერევოლუციურ სიტუაციაში არ იმყოფებოდა.

ტახტიდან გადაგდებულ შაჰს სურდა ამერიკისთვის შეეფარებინა თავი. ამერიკის საელჩომ უარი უთხრა მას, ვინაიდან ურთიერთობის სტაბილიზაციის იმედი ჰქონდა ახალ რევოლუციურ მთავრობასთან. თუმცა პრეზიდენტი კარტერი დათანხმდა შაჰის შემოშვებას შეერთებულ შტატებში ჰენრი კისინჯერის, ნელსონ როკფელერისა და შაჰის მხარდამჭერი სხვა პოლიტიკური ფიგურების გავლენით. ირანელთა ეჭვები, რომ შაჰი ცდილობდა კონსპირაციის მოწყობას ირანული რევოლუციის წინაღმდეგ, გამძაფრდა და ამან გამოიწვია ამერიკის საელჩოს აღება რადიკალი სტუდენტების მიერ, რომლებიც „იმამის ხაზის მიმდევრები“ იყვნენ. ამერიკის საელჩოს აღებისას მძევლად აიყვანეს 52 ამერიკელი დიპლომატი, რომლებმაც 444 დღე გაატარეს ტყვეობაში. აშშ-მ ეს ქმედება მრავალსაუკუნოვანი საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევად აღიქვა, რომლის თანახმადაც დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ვრცელდება იმუნიტეტი.  ამას საპასუხოდ მოჰყვა ოპერაცია „არწივის ბრჭყალი“ 1980 წლის 24 აპრილს, რაც დასრულდა მისიის შეწყვეტითა და 8 ამერიკელი სამხედროს დაღუპვით.  კრიზისი დასრულდა 1981 წლის 19 იანვარს ალჟირში ხელმოწერილი ხელშეკრულებით.  ამ დღესვე გაათავისუფლეს ამერიკელი მძევლებიც.

1980 წლის 7 აპრილს აშშ-მ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან და  1981 წლის 24 აპრილს შვეიცარიის მთავრობამ აიღო ამერიკის წარმომადგენლობა საკუთარ თავზე თეირანში, აშშ-ში ირანისა  კი – პაკისტანის საელჩომ.

1980-1988 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომში ამერიკა ორივე მხარეს ეხმარებოდა. 1988-ში აშშ-მ დაიწყო ოპერაცია „Praying Mantis“ ირანის წინააღმდეგ.  ირანმა მიმართა საერთაშორისო სასამართლოს, იმ არგუმენტით რომ ამერიკამ დაარღვია 1955 წლის ხელშეკრულება. სასამართლომ არ მიიღო სარჩელი, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ქმედება ვერ შეფასდებოდა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელი ზომა.

1988 წლის 3 ივლისს ამერიკამ ჩამოაგდო ირანის კომერციული თვითმფრინავი და დაიღუპა 230 ადამიანი. ამერიკამ განაცხადა, რომ ეს იყო შეცდომა და არა გამიზნული ქმედება, თუმცა ბოდიში არ მოიხადა.

1997 წელს ირანის პრეზიდენტი გახდა მოჰამად ხათამი, რომელმაც CNN-თან ინტერვიუში დიალოგის გამართვის ინიციატივა გამოთქვა აშშ-სთან, თუმცა დიალოგი ვერ შედგა.

2002 წელს ბუშმა საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი, ერაყთან და ჩრდ. კორეასთან ერთად, „ბოროტების ღერძია“, რამაც ირანში აღშფოთება გამოიწვია. ამავე წელს, ირანის ოპოზიციურმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამაზე, რამაც პროტესტი გამოიწვია ამერიკის მხრიდან, თუმცა ირანმა ბრალდება უარყო. მიუხედავად ამისა, ირანს დაუპირისპირდა გაერო, ევროკავშირი და აშშ დაწესებული სანქციებით.

2005 წლის ივნისში ირანის პრეზიდენტი გახდა  ულტრა კონსერვატორი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. პოპულისტი ლიდერის პრეტენზიულმა სტილმა გამოიწვია ირანის ურთიერთობების გაუარესება დასავლეთთან.

2013 წელს კვალავაც შეიცვალა ირანის პრეზიდენტი. სწორედ ობამასა და ჰასან რუჰანს შორის შედგა პირველი სატელეფონო საუბარი 20 წლის შემდეგ, სადაც როგორც ობამამ თქვა, მათ გამოხატეს მზადყოფნა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე დავის მოგვარებისათვის. თუმცა ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო ურთიერთობების კონტექსტი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები და ირან-ამერიკის ქეისი

რეალიზმი

2.1.1 ძირითადი პოსტულატები

რეალიზმი გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, რომელიც ასოცირდება ისეთ ცნებებთან, როგორებიც არის: გეოპოლიტიკა, ძალთა ბალანსი, რეალპოლიტიკა და raison d’etat. ჯექსონისა და სორენსონის თანახმად, რეალიზმი აქცენტს აკეთებს რაციონალურობაზე და წარმოგვიდგენს საერთაშორისო ურთიერთობების პესიმისტურ ხედვას, რაც ხასიათდება მუდმივი კონფლიქტით, რომელშიც სახელმწიფოებისათვის მოტივაცია არის ძალა, უსაფრთხოება და მატერიალური სიმდიდრე და არა იდეები და ღირებულებები. როგორც ამ თეორიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი- მირშაიმერი ამბობს, რეალიზმში საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებს წარმოადგენენ სახელმწიფოები, რომლებიც არსებობენ ანარქიულ სამყაროში, სადაც არ არსებობს სახელმწიფოზე ზემდგომი ავტორიტეტი ან მთავრობა, რომელიც აღასრულებს წესებს. საერთაშორისო სახელმწიფო სისტემა ხასიათდება გაურკვევლობით. სახელმწიფოებმა არასდროს იციან ზუსტად  ერთმანეთის განზრახვები და შესაძლებლობები. სახელმწიფოები იღწვიან მატერიალური ძლიერებისათვის, რათა გადარჩნენ ამ გაურკვეველ და ანარქიულ სამყაროში.

რეალიზმში ასევე მნიშნელოვანია ე.წ. „უსაფრთხოების დილემა“, რაც განარჩევს თავდაცით და თავდასხით რეალიზმს ერთმანეთისაგან. დუნისა და კურკის „საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებში“ ვკითხულობთ, რომ თავდასხმითი რეალიზმის მიხედვით, ქვეყნებისათვის უსაფრთხოების დასაცავად საუკეთესო სტრატეგია ჰეგემონობაა. ხოლო თავდაცითი რეალიზმის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხოდ მაშინ არის სახელმწიფო, როდესაც მსოფლიო ძალა დაბალანსებულია რამდენიმე სახელმწიფოს შორის, ანუ საქმე გვაქვს „პოლარულობასთან“. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალისტური შეხედულების მიხედვით, ქვეყნის შიდა პოლიტიკა გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

მნიშვნელოვანია რეალიზმის შეხედულება კოოპერაციის საკითხთან დაკავშირებითაც-ჯექსონისა და სორენსონის მტკიცებით, რეალისტები გამორიცხავენ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კავშირებს და თანამშრომლობას განიხილავენ ეროვნული ინტერესის კონტექსტში. თვლიან, რომ თუკი სახელმწიფოს არ გააჩნია პირდაპირი დაინტერესება და მისთვის კონკრეტული ქმედება არ არის შედარებითი ან აბსოლიტური სარგებლის მომტანი, ასეთ შემთხვევაში კოოპერაცია ვერ შედგება. შესაბამისად, არაეფექტურად მიიჩნევენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირებას და საერთაშორისო ურთიერთობების მოთამაშეებად მხოლოდ ეგოისტურ სახელმწიფოებს განიხილავენ.

2.1.2. რეალიზმი და ირან-ამერიკის ქეისი

იმისათვის, რომ ირანისა და ამერიკის ურთიერთობები შევაფასოთ რეალისტური თეორიის მიხედვით, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორი სახელმწიფოს ქმედება განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურით, რომელიც ხასიათდება გაურკვევლობითა და ანარქიით.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე სახელმწიფოს ქმედებაში იგრძნობა „უსაფრთხოების დილემის“ მნიშნველობა-მას შემდეგ, რაც ამერიკამ შეიფარა 1979 წლის რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰი და ირანელთა ეჭვები, რომ იგეგმებოდა კონსპირაცია, გამძაფრდა, რადიკალურმა ჯგუფმა აიღო ამერიკის საელჩო. ამერიკამ კი ამის საპასუხოდ განახორციელა ოპერაცია „არწივის ბრჭყალი“. ამ შემთხვევაში, ორივე ქვეყანა მოქმედებდა უსაფრთხოების დაცვისა და პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების მოტივით. რეალისტური თვალთახედვიდან უნდა ვთქვათ, რომ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას ქვეყნის სათავეში ან როგორია ქვეყნის შიდა მოწყობა, ერთ მხარეს ვხედავთ რეგიონული ძლიერებისათვის მებრძოლ ირანს, მეორე მხარეს კი პირადი ეროვნული ინტერესების კარნახით მოქმედ ამერიკას.

ირანისა და ამერიკის ურთიერთობის ისტორიაზე დაკვირვებით რეალისტური თეორია ამბობს, რომ ანარქია და გაურკვევლობაა მიზეზი იმისა, რომ ვერ დამყარდა სტაბილური მშვიდობა და ერთმანეთის მიმართ აბსოლიტური ნდობა ამ ორ სახელმწიფოს შორის. სწორედ ამ მოსაზრებით აიხსნება ის ფაქტი, რომ, თავდაპირველად, ამერიკა ირანისთვის მოკავშირეს და განვითარებისა და მოდერნიზებისაკენ მიმავალ ერთგვარ ხელჩასაჭიდს წარმოადგენდა, ირანული რევოლუციის შემდგომ კი, მტრის ხატად და პოტენციურ საფრთხედ გადაიქცა. ამის საფუძველი კი მატერიალური და სტრატეგიული ინტერესებია: ირანი, საკმაოდ ბუნებრივია, რომ ისწრაფის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ჰეგემონობისაკენ, ხოლო ამერიკაც ასევე ბუნებრივად ეწინაამდეგება ირანის  სვლას რეგიონალური დომინირებისაკენ.

უსაფრთხოების დილემის არსებობა ამერიკასა და ირანს შორის კარგად ჩანს ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული დავის მაგალითზე.  შიდა სტრუქტურა და ქვეყნების ლიდერების ვინაობა გავლენას არ ახდენს ამერიკისა და ირანის ურთიერთობებზე. არაფერს ცვლის ის ფაქტი, ქვეყანა დემოკრატიულია თუ დიქტატორული, ან ბუშია პრეზიდენტი, ობამა, აჰმადინეჯადი, ხათამი თუ რუჰანი. საერთაშორისო სახელმწიფო სისტემა ახალისებს ან ხელს უშლის კონკრეტულ ქმედებებს და, ასევე, განაპირობებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.  ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ 1980-1988 წლის ირან-ერაყის ომში ამერიკა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ეხმარებოდა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას იყენებდა შანტაჟისა და მანიპულირებისათვის-მას შემდეგ, რაც 1979 წელს ამერიკის საელჩო აიღეს, აშშ-მ გაყინა 12 მილიარდი ირანული აქტივები, ბანკის დეპოზიტებისა და ოქროსა თუ სხვა საკუთრების ჩათვლით. გარდა ამისა, კომერციული ურთიერთობები ირანსა და ამერიკას შორის შეიზღუდა სანქციებით, რომლებიც დაწესდა კლინტონის მიერ და მოგვიანებით განაახლა ბუშმა არსებული „უჩვეულო და საგანგებო საფრთხის“ არგუმენტით ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ირანის და ლიბიის სანქციების აქტი გაფორმდა 1996 წელს და შეიცავდა სანქციებს არაამერიკული კომპანიებისთვის 20 მილიონზე მეტი ყოველწლიური ინვესტიიციისთვის ირანის ნავთობსა და ბუნებრივი გაზის სექტორში. ILSA  განახლდა 2001-ში. 2006 წლის 30 სექტემბერს ლიბიას მოეხსნა სანქციები და, შესაბამისად, ხელშეკრულების სახელწოდებაც შეიცვალა. ირანის სანქციების აქტი ძალაში დარჩა 2011 წლის 31 დეკემბბრამდე.

რომ შევაჯამოთ, საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტური თეორია ირანისა და ამერიკის ურთიერთობების ხასიათის ცვლილებას ხსნის მათს ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ამ პროცესში გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების შიდა პოლიტიკური მოწყობის როლსა და გავლენას.

ლიბერალიზმი

2.1.1 ძირითადი პოსტულატები

საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალურ თეორიაში მთავარი ცნებები გახლავთ: საერთაშორისო ინსტიტუციები, ვაჭრობა-ურთიერთდამოკიდებულება და საერთო დემოკრატიული ღირებულებები. ჯექსონისა და სორენსონის თანახმად, ლიბერალური პერსპექტივა სამყაროს ოპტიმისტურად აღიქვამს, ვინაიდან თვლის, რომ შესაძლებელია მშვიდობისა და კოოპერაციის დამყარება სახელმწიფოებს შორის.  მოკლედ რომ ვთქვათ, ლიბერალებს სწამთ, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებში ჩართულობა, თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, საერთო დემოკრატიულ ფასეულობებთან და იდეებთან ერთად, ზრდის მშვიდობის პერსპექტივას.  ასევე, ლიბერალიზმის მიხედვით, საშინაო პოლიტიკა გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებაზე. ისევე, როგორც რეალიზმი, ლიბერალიზმიც ამბობს, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებად სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს არასახელმწიფოებრივ მოთამაშეებსაც, როგორებიც არიან-საერთაშორისო ორგანიზაციები.  ლიბერალთა აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა ამცირებს სამყაროში არსებულ გაურკვევლობას, ვინაიდან ასეთ გაერთიანებებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა სახელმწიფოს ქმედებაზე.

„დემოკრატიული მშვიდობის თეორია“ გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალურ მსოფლხედვაში, რომელიც პირველად კანტმა წარმოადგინა. ამ თეორიის მიხედვით, დემოკრატიები ერთმანეთთან არ ომობენ და დემოკრატიული სამყარო ნიშნავს მშვიდობიან სამყაროს. საფუძველი ამ თეორიისა მდგომარეობს იმაში, რომ :

  1. ომი მიუღებელია ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებისათვის. დემოკრატიები არ ომობენ იმიტომ, რომ ეს მორალურად/ეთიკურად მიუღებელია.
  2. დემოკრატიული მთავრობების სტრუქტურა ომის წარმოებას ართულებს ლიდერებისთვის. განსხვავებით დიქტატორებისაგან, დემოკრატიული ლიდერები საჭიროებენ ხალხის მხარდაჭერას, ვინაიდან მათ აღელავებთ საარჩევნო შედეგები.

რეალიზმისაგან განსხვავებით, ლიბერალიზმს სწამს, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები აისახება საერთაშორისო ასპარეზზე. ვიოტისა და კაუპის თანახმად, საშინაო პრეფერენციები, რაც შეიძლება იყოს იდეოლოგიური ან ნორმატიული, პრაქტიკული ან მატერიალური გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთიების ფორმირებაზე.

2.2.2. ლიბერალიზმი და ირან-ამერიკის ქეისი

ლიბერალური პერსპექტივიდან ირან-ამერიკის ურთიერთობების შესაფასებლად აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან. ვაჭრობა და ურთიერთდამოკიდებულება ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია და ვნახეთ, რომ ,როდესაც იყო ურთიერთდამოკიდებულება მათ შორის, ურთიერთობაც სტაბილური იყო. ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. თანაც, ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკა არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით მოქმედ ძალად გვევლინება, არამედ რეგიონალური და მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ ილტვის. ლიბერალები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ შიდა პოლიტიკის გავლენაზე ირანისა და ამერიკის ურთიერთობების ფორმირებაში. ვნახეთ, რომ სხვადასხვა ლიდერის პირობებში ამ ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულება და ტონი იცვლებოდა. მაგალითად, ირანის სათავეში პროდასავლური კურსის მომხრე ლიდერის-მუჰამედ რეზა ფეჰლევის ყოფნის დროს, ურთიერთობები ამერიკასა და ირანს შორის მეგობრული გახლდათ. მას შემდეგ კი, რაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად, ირანის მმართველი გახდა ანტიამერიკული პოლიტიკის მომხრე ხომეინი, ვითარება მკვეთრად შეიცვალა-გაწყდა დიპლომატიური კავშირი ორ ქვეყანას შორის. პოპულისტი ლიდერის-ულტრა კონსერვატორი მაჰმუდ აჰმადინეჯადის გაპრეზიდენტების შემდეგ, ირანის ურთიერთობები გაუარესედა დასავლეთთან. ირანის უკანასკნელმა პრეზიდენტმა კი, ნაკლებ ხისტი და პრეტენზიული პოლიტიკის შედეგად, მოახერხა მრავალი წლის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობის განახლება.თუკი ამას რეალიზმი ახსნის ეროვნული ინტერესების ცვლილებით, ლიბერალთათვის ეს ფაქტი ახდენს ქვეყნის მოწყობისა და საშინაო პოლიტიკის გავლენის ილუსტრირებას საერთაშორისო ურთიერთობების ფორმაზე. ლიბერალები ამერიკის ქმედებას დემოკრატიული იდეების გავრცელების მოტივით ხსნიან და ამბობენ, რომ ამერიკა და ირანი არ იქნებოდნენ კონფლიქტში ორივე რომ ლიბერალურ-დემოკრატიულ  სახელმწიფოს წარმოადგენდეს.

კონსტრუქტივიზმი

2.3.1 ძირითადი პოსტულატები

კონსტრუქტივიზმი არის საერთაშორისო ურთიერობების თეორია, რომელის ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური აქტორები ახდენენ საერთაშორსო პოლიტიკური ურთიერთობების კონსტრუირებას საკუთარი იდეებით და ინტერაქციის პროცესში განისაზღვრება იდენტობები და ინტერესები. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევართათვის, იდეებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურ მოსაზრებებს საერთაშორისო ურთიერთობებში – „ანარქია არის ის, რასაც სახელმწიფოები ქმნიან მისგან“.

კონსტრუქტივისტების რწმენით, საერთაშორისო ურთიერთობების აქტორები, სახელმწიფო და არასახელმწიფო მოთამაშეებთან ერთად, ინდივიდებიც არიან.

ჯექსონისა და სორენსონის მტკიცებით, კონსტრუქტივისტები განსხვავებულად აღიქვამენ რაციონალურობასაც, რომელიც სუბიექტურ ცნებად წარმოუდგენიათ. მაგალითად, რაც შეიძლება რაციონალური იყოს ამერიკისათვის, ის შეიძლება ირანს ირაციონალურად მოეჩვენოს და პირიქით. კონსტრუქტივიზმის კონტექსტში, არსებობს ფასულობაზე დამყარებული რაციონალურობა, რაც იდეისათვის, ღირებულებისათვის ბრძოლას გულისხმობს. მაგალითად, საპროტესტო აქციაზე დაჭრილი ან გარდაცვლილი აქტივისტის ქმედება შეფასდება, როგორც ფასეულობაზე დამყარებული რაციონალური ქმედება, ვინაიდან იგი იბრძვის იდეისათვის.  მეორეა -ინსტრუმენტალური რაციონალურობა, რომლისთვისაც აქტივისტის თავგანწირვა ირაციონალური საქციელია.

როგორც კონსტრუქტივისტთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი-ალექსანდრე ვენდტი აღნიშნავს, კონსტრუქტივისტთა რწმენით, სახელმწიფოები მოკავშირეები იქნებიან თუ მტრები დამოკიდებულია ურთიერთაღქმაზე,  რაც სახელმწიფოებისა და საზოგადოებების ინტერაქციის პროცესში იბადება. მოკლედ რომ ვთქვათ, აქტორები:  სახელმწიფოები, ჯგუფები თუ ინდივიდები, ახდენენ იდეების, იდენტობების, ინტერესებისა და საერთაშორისო სისტემის ფორმირებას ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში, რაზეც გავლენას ახდენს კულტურა, ისტორია და სოციალური ნორმები.

კონსტრუქტივიზმი და ირან-ამერიკის ურთიერთობა

კონსტრუქტივიზმის გადმოსახედიდან, ირან-ამერიკის ურთიერთობები ინტერაქციის პროცესშია ფორმირებული. კონსტრუქტივიზმი ამერიკის სახეცვლილებას ირანელთა აღქმაში მოკავშირიდან – მტრად  და, შესაბამისად, ირანის გარდაქმნას ამერიკისთვის უინტერესო ქვეყნიდან ჯერ მთავარ „საყრდენად“ ახლო აღმოსავლეთში, შემდგომ კი-საფრთხედ, სწორედ ინტერაქციის ნაყოფად აღიქვამს და ამ პროცესში ყურადღებას ამახვილებს კულტურის, ისტორიისა და სოციალური ნორმების როლზე.

ამერიკა ირანმა წინაღობად და მტრად აღიქვა ჰეგემონობისაკენ მიმავალ გზაზე. საკუთარი იდენტობა კი ირანულ ნარატივში ამერიკული და დასავლური იდენტობებისაგან გამიჯვნის სურვილზე დააფუძნა. მეორე მხრივ, ამერიკელთა აღქმაშიც მტრის სახე შეიძინა ირანის რადიკალურმა რესპუბლიკამ, რაზეც დიდი გავლენა ითამაშა თეირანში მომხდარმა ინციდენტმა და ამერიკელ დიპლომატთა 444-დღიანმა ტყვეობამ. საკუთარი თავი ამერიკამ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო უსაფრთხოების დაცვის მისიის კონტექსტში განსაზღვრა. ურთიერთობები ამ ორ სახელმწიფოს შორის 30 წლის განმავლობაში ამ ტრამვებზე, უნდობლობაზე და მტრობაზე დაფუძნებით გაგრძელდა. ეს არის შედეგი იდეების, ნარატივებისა და ინტერსუბიექტური აღქმისა, რაც ინტერაქციის პროცესში კონსტრუირდა კულტურულ-ისტორიული და სოციალური ფონის გავლენით.

ირანის ბირთვული პროგრამა დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავსატეხს წარმოდგენს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისათვის.  ინტერაქციის პროცესი ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახდენს საერთო იდეებისა და ფასეულობების ნაკლებობის დემონსტრირებას: ერთ მხარეს ვხედავთ ირანს, რომელიც მიისწრაფის რეგიონალური დომინირებისაკენ და ისლამს საკუთარი იდენტობის მარკერად განიხილავს, მეორე მხარეს კი -ამერიკას, რომელიც საკუთარ მისიად მიიჩნევს ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების გავრცელებასა და მსოფლიოს სტაბილიზაციას. ორივე მოთამაშისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი ფასეულობები, სოციალური ნორმები და იდეები. შესაბამისად, ამერიკისათვის ირანის, როგორც ტერორიზმისა და ძალადობის ერთგვარი სპონსორი  სახელმწიფოს როლი ახლო აღმოსავლეთში, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია. ირანისთვის კი, ამერიკა საკუთარი მიზნების განხორციელებისაკენ სვლის პროცესში შემაფერხებელ ძალას წარმოადგენს. ამგვარად, ქვეყნები ერთმანეთს განიხილავენ პოტენციური მტრების კონტექსტში. საერთაშორისო ურთიერთობების კონსტრუქტივისტული თეორიის სიძლიერე ამ კონკრეტული ქეისის ახსნისას იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარმოგვიდგენს აქტორთა თვითაღქმისა და ურთიერთაღქმის ცვლილების დინამიკური სურათის ახსნას. კერძოდ, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ურთიერთობები ირანსა და ამერიკას შორის პოზიტიური იყო, იმის პარალელურად, რომ ამ პერიოდში ირანში ბატონობას დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ცდილობდა. მუჰამედ რეზა ფეჰლევის ირანის სათავეში მოსვლამ მჭიდრო ალიანსი ჩამოაყალიბა ამერიკასა და ირანს შორის. თუმცა, 1979 წლის ისლამისტური რევოლუციის შემდგომ, დაიწყო ბზარის გაჩენა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტით დაგვირგვინდა. კონსტრუქტივისტივისტული თეორია ამ პროცესს ახსნის, როგორც ინტერაქციის პროცესში ფორმირებული ინტერესებისა და იდენტობების შეუთავსებლობის შედეგს. გარდა ამისა, კონსტრუქტივიტული თეორია საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებად სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს არასახელმწიფო სუბიექტებსა და ინდივიდებსაც, რაც ამერიკისა და ირანის მრავალწლიან ურთიერთობებშიც ნათლად ჩანს. ამის მაგალითია 2004 წლის შეთანხმება ირანსა და ჩინეთს შორის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩინეთს შეიძინოს 70 მილიარდი დოლარის ირანული ბუნებრივი აირი 30 წლის განმავლობაში. ეს შეთანხმება ერთგვარი გარანტიაა ირანისთვის, ვინაიდან ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რაც შეუზღუდავს ამერიკას გაეროს გამოყენების შესაძლებლობას ირანის სანქცირების მიზნით.  ეს ფაქტი გამოკვეთს გაეროს, როგორც მოთამაშეთა ინტერესებისა და ქმედებების განმსაზღვრელი ერთ-ერთი აქტორის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე, მნიშვნელოვანია ამერიკა-ირანის ურთიერთობების ფორმირებაში ჩართული ინდივიდუალური აქტორების აღნიშვნაც-ამ შემთხვევაში, ვთვლი, რომ საუკეთესო მაგალითი იქნება ფეჰლევი, რომლის ამერიკაში შესვლამ ისლამური რევოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად, განსაზღვრა ირანისა და ამერიკის შემდგომი ურთიერთდამოკიდებულება.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტრუქტივისტული ხედვა იმის შესახებ, რომ აქტორთა ინტერაქციის პროცესში ყალიბდება ან იცვლება მათი ინტერესები და ქმედებები, დემონსტრირდება ირანისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების  გაანალიზებისას, რაც წარმოგვიდგენს გარდასახვას აქტორთა მოკავშირეობაზე დაფუძნებული ურთიერთობიდან – ირანის, როგორც ისლამისტური მარკერის მქონე სახლემწიფოსა, და ამერიკის, როგორც ლიბერალური ღირებულებების გამტარებელი მსოფლიო ძალის, დაპირისპირებად, რაც განსხვავებული კულტურით, ისტორიითა და სოციალური ნორმებით აიხსნება.

დასკვნა

ჩემი ნაშრომის მთავარი მიზანი გახლდათ ირან-ამერიკული ურთიერთობების განხილვა საერთაშორისო ურთიერთობების სამი ძირითადი თეორიის: რეალიზმის, ლიბერალიზმისა და კონსტრუქტივიზმის კონტექსტში. საკვლევი კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად არის შესაძლებელი მოცემული რეალობის მრავალმხივი ინტერპრეტირება საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა თეორიების გამოყენებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, მიზნად დავისახე გამომეკვეთა ამ კონკრეტული ქეისის ყველაზე სიღრმისეულად ამხსნელი თეორია.

ვფიქრობ, ჩემ მიერ წარმოდგენილი მსჯელობები ნათლად წარმოაჩენს შესაძლებლობას შევხედოთ საერთაშორისო ურთიერთობებს სხვადასხვა კუთხიდან, განსხვავებული თეორიების გამოყენებით,  შევაფასოთ მოვლენები რამდენიმე რაკურსიდან და მივცეთ თუნდაც ერთმანეთის გამომრიცხავი ინტერპრეტაციები სახელმწიფოთა  პოლიტიკურ კურსს ერთმანეთის მიმართ. სადავო, ამ შემთხვევაში, ის არის, თუ საერთაშორისო ურთიერთობების რომელი თეორია ხსნის სახელმწიფოს ამა თუ იმ ქმედება-გადაწყვეტილებას ყველაზე უკეთესად.  ირანისა და ამერიკის ურთიერთობების შეფასებისას, ვთვლი, რომ ჩემ მიერ განხილულ თეორიათა შორის, ყველაზე მრავლისმომცველ ანალიზს გვთავაზობს კონსტრუქტივიზმი, ვინაიდან იგი ითვალისწინებს, როგორც სახელმწიფო (ირანი და ამერიკა), ასევე არასახელმწიფოებრივი აქტორების (გაერო, ევროკავშირი, ხელშეკრულებები) და ინდივიდთა როლსაც (პრეზიდენტები) საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებაში. ასევე, იყენებს ისტორიულ და კულტურულ საფუძვლებს კონკრეტული ქმედებების ასახსნელად და წარმოგვიდგენს ირანისა და ამერიკის თვითაღქმისა და ურთიერთაღქმის ფორმირების პროცესს.  რეალიზმის შემთხვევაში, კარგად იხსნება ამერიკისა და ირანის მოქმედებები ეროვნული ინტერესების ცნების მოშველიებით. თუმცა, რეალიზმი მოიკოჭლებს ამ ორი სახელმწიფოს მოკავშირული ურთიერთობების მტრულ დამოკიდებულებად გარდაქმნის ფაქტის ახსნაში. რაც შეეხება ლიბერალიზმს, ვთვლი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ ანალიზს სწორედ ეს თეორია გვთავაზობს, ვინაიდან მისი ერთადერთი არგუმენტი, ირანსა და ამერიკას შორის არსებული კონფლიქტის ასახსნელად, ის გახლავთ, რომ ირანი არ არის ლიბერალური დემოკრატია. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კონფლიქტამდელი მეგობრული დამოკიდებულების საიდუმლო, ასეთ შემთხვაში.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი და იმავე მოცემულობას მოვარგოთ რამდენიმე თეორიული ჩარჩო და შემდგომ ვიდაოთ, თუ რომელი მათგანი ხსნის შედარებით თვალსაჩინოდ არსებულ რეალობას. ირანისა და ამერიკის ურთიერთობების გაანალიზებისათვის, ჩემი აზრით, ასეთი თეორია გახლავთ კონსტრუქტივიზმი.

გამოყენებული ლიტერატურა :

  1. Axworthy, Michael. A History of Iran: Empire of the Mind. New York: Basic Books, 2010.
  2. Hunter, Shireen T. Iran’s Foreign Policy in the Post-Soviet Era: Resisting the New International Order. California: Praeger, 2010.
  3. James G. Blight, janet M. Lang,Hussein Banai,Malcolm Byrne,John Tirman. Becoming Enemies: U.S.-Iran Relations and the Iran-Iraq War, 1979-1988. New York: Rowman & Littlefield Publishers, 2014.
  4. Patrikarakos, David. Nuclear Iran: The Birth of an Atomic State. London: I. B. Tauris, 2012.
  5. Paul R. Viotti, Mark V. Kauppi. International Relations Theory. New Jersey: Pearson, 2011.
  6. Robert Jackson, Georg Sorensen. Introduction to International Relations: Theories and Approaches. London: Oxford University Press, 2013.
  7. Schmidt, Brian C. The Political Discourse of Anarchy: A Disciplinary History of Inernational Relations . New York: New York State University Press, 1997.
  8. Tim Dunne, Milja Kurki, Steve Smith. International Relations Theories. London: Oxford University Press, 2013.

9. http://www.bbc.com/news/world-middle-east-24316661

ავტორი: მარიამ ბიბილაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *