პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ნატოს ინტერვენცია იუგოსლავიაში: რეალიზმისა და ლიბერალიზმის გზაგასაყარზე

13 Feb , 2015  

საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიები მსოფლიო განვლილი და არსებული პოლიტიკური პროცესების მეტ-ნაკლებად ობიექტური და ჭეშმარიტი აღწერის, ახსნის და მომავლის წინასწარმეტყველების მიზნით იქმნებოდა. შედეგად მივიღეთ სხვადასხვა ხედვათა მთელი წყება, რომელიც მოიცავს როგორც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ასევე ერთმანეთის მსგავს, და ზოგჯერ საზიარო ელემენტების მქონე თეორიებს. თეორიების გააზრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი მისადაგების შესაძლებლობა რეალობაში მომხდარ ფაქტებთან.

მოცემული ქეისების თეორიებთან დაკავშირებისას ხდება მათი დაჯგუფებაც, ამას ხშირად შეცდომაში შევყავართ და გვაცდუნებს თეორიების მიხედვით განაწილებულ ფაქტებს შორის მკაფიო ზღვარი გავავლოთ. ასეთი მიდგომა ხელს გვიწყობს თეორიები ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე, ზედაპირულად გავიაზროთ. სინამდვილეში რეალობა თეორიებთან შედარებით ბევრად კომპლექსურია და იგი ხშირად ერთდროულად მრავალი თეორიის, მათ შორის ანტაგონისტური, შემადგენელ კომპონენტებს მოიცავს და აერთიანებს საკუთარ თავში.  შესაბამისად უფრო სწორია თეორიების მიხედვით დაჯგუფებული ქეისები მკაცრად გამიჯნული ზღვარის არსებობის გარეშე, გადამკვეთ სიმრავლეებად წარმოვიდგინოთ. წინამდებარე ნაშრომის მიზანიც სწორედ ესაა, ნათელი გახადოს მკიტხველისთვის, რომ ორ თეორიას, რამდენადაც არ უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან, შეუძლიათ თანაბარი წარმატებით ახსნან ერთი და იგივე მოვლენა. ამისთვის უპირველეს ყოვლისა გვჭირდება თეორიების ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობაში მყოფი, ანუ ანტაგონისტური წყვილის ამორჩევა და შემდეგ მათი მეშვეობით ერთი და იმავე მოვლენის წარმატებით ახსნის შესაძლებლობის ჩვენება.

ასეთი ანტაგონისტური წყვილის შერჩევისას, პირველის თუ არა, ერთ-ერთი ლეგიტიმური ვარიანტის სახით მაინც აუცილებლად აღმოვაჩენთ რეალიზმ-ლიბერალიზმის წყვილს. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს, გადავწყვიტე ეს ნატოს ძალების იუგოსლავიაში იტერვენცია იყოს.

დასახული მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ეტაპს გავივლით, იმისათვის რომ მკითხველს უფრო ნათლად ესმოდეს რეალიზმისა და ლიბერალიზმის რა ფუნდამენტურ განსხვავებებზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, მოვახდენთ ამ თეორიათა ურთიერთშედარებას, რომელსაც მოჰყვება ისტორიული მოვლენის – კოსოვოს კრიზისის – აღწერა და შემდგომ მისი განხილვის შესაძლებლობის დემონსტრირება ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე თეორიის ფარგლებში.

რეალიზმისა და ლიბერალიზმის ურთიერთშედარება

როგორც უკვე ვთქვით, ეს ორი თეორია ერთმანეთისგან მეტად გასხვავდება, თუმცა იმისთვის რომ მათი ურთიერთშედარება ძალიან ზოგადი და შესაბამისად არაფრის მომცემი არ გამოვიდეს, ამისთვის მხოლოდ რამდენიმე, თუმცა მნიშვნელოვან, კრიტერიუმს გამოვიყენებთ.

განსხვავება ლიბერალიზმსა და რეალიზმს შორის იწყება საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე შესაძლო მოთამაშეთა ვინაობის დადგენით – ლიბერალიზმი ასეთებად მრავალფეროვან სპექტრს განიხილავს, მაგ. : უპირველეს ყოვლისა ინდივიდები, შემდეგ სახელმწიფოები (შედარებით მცირე – არბიტრის როლით), ტრანსნაციონალური კორპორაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის ორგანიზაციები და ა.შ., ამ თეორიის მიხედვით თითოეულ მათგანს შეუძლია გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ურთიერთობებზე. განსხვავებულად უყურებს საერთაშორისო ასპარეზს რეალიზმი, რომელიც ერთადერთ რეალურ  მოთამაშეებად, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებზე ზეგავლენა მოახდინონ, სახელმწიფოებს აღიქვამს.

რეალიზმისგან განსხვავებით, რომელიც არ ცნობს არავითარ მორალურ თუ ფორმალურ წესრიგს და საერთაშორისო ურთიერთობებს უკონტროლო ანარქიად განიხილავს, ლიბერალიზმს მიაჩნია რომ სამყაროში შეიძლება იარსებოს საერთო, ყველასთვის უზენაესმა წესებმა, რომელიც დღეს გამოხატულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

აქვე მივდივართ მომავლის პერსპექტივასთან, რომლის მიხედვითაც ასევე განსხვავდებიან ეს თეორიები – რეალიზმი სტატიკურია და შეუძლებლად მიაჩნია რაიმე ცვლილება განხორციელდეს ანარქიულ, მოულოდნელობებით აღსავსე სამყაროში, ლიბერალიზმი თავის მხრივ ცვლილებას არა თუ არ გამორიცხავს, არამედ მიისწრაფვის მისკენ. კანტის მიერ ჩამოყალიბებული იდეალური სამყარო, რომელსაც ადრე თუ გვიან მიაღწევს კაცობრიობა წარმოადგენს „ერთა ლიგას, ერთა რესპუბლიკას“, სადაც სახელმწიფოები შერწყმულია ერთ ორგანიზმში, და სწორედ ამიტომ არსებობს სამუდამო მშვიდობა. თუმცა რეალიზმი უშვებს მშვიდოების დამყარების შესაძლებლობას, მაგრამ დროებით და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში/სამყაროში შესაბამისი ძალთა ბალანსი დამყარდა.

რაც შეეხება მთავარ ღირებულებას, რეალიზმი არ ცნობს მორალისა და სამართლიანობის ცნებებს და ერთადერთ ღირებულებად სახელმწიფო ინტერესს მიიჩნევს, ამ თეორიის მიხედვით სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი სწორედ ნებისმიერ ფასად მისი დაცვა უნდა იყოს, მათ შორის ომის გზით, რომელიც რეალისტების აზრით დღესაც განაპირობებს საერთაშორისო ურთიერთობებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლიბერალიზმს სულ სხვა ღირებულებები ამოძრავებს და ეს ინდივიდია, ანუ ადამიანის უფლებები. აქედან მივდივართ მისიამდე, რომელიც აქვს ლიბერალიზმს და რომელიც ზემოთ ნახსენებ საყოველთაო მშვიდობის მიღწევის ერთ-ერთი გზაა – დემოკრატიული იდეალების გავრცელება ქვეყნების შიგნით, იმისთვის რომ ინდივიდების აზრი ანგარიშგასაწევი გახდეს და შესაბამისაც შემცირდეს ომის ალბათობა, რადგან ომი ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებში არ შედის.

კოსოვოს კრიზისი

ისტორიულად კოსოვო სერბეთის ნაწილი იყო, რომელშიც ის ავტონომიურ პროვინციას წარმოადგენდა, ალბანური უმრავლესობით. თავად სერბეთი კი თითქმის საუკუნის განმავლობაში იუგოსლავიის ნაწილად რჩებოდა, მაშინაც კი, როდესაც თავისი არსებობის ბოლო სტადიაზე ის ორი სახელმწიფოს, სერბეთისა და მონტენეგროს ფედერაციულ ერთიანობას წარმოადგენდა. კოსოვოს ხანგრძლივი და განსაკუთრებული ავტონომიის სტატუსი მილოშევიჩმა 1989 წელს ხელყო. 90-იანი წლები კოსოვოელების დამოუკიდებლობისთვის ან ავტონომიის აღდგენისთვის ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა. სიტუაცია იქ განსაკუთრებით 1998 წელს გამწვავდა, როდესაც სერბეთის მთავრობამ იქ პოლიციური და საჯარისო ქვედანაყოფები გაგზავნა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და ვითარება ნამდვილ ომში  გადაზარდა. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდა – მიუხედავად გაცემული დაპირებებისა მილოშევიჩმა ისინი აბუჩად აიგდო. შედეგად გაეროს უშიშროების საბჭომ იუგოსლავიის ხელისუფლება ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა და იარაღზე ემბარგო დაუწესა, თუმცა ძალადობა გრძელდებოდა. კრიზისის მოგვარებისკენ შემდეგი ნაბიჯი მშვიდობის დამყარებისთვის რამბოილეს შეთანხმება (Rambouillet Agreement) აღმოჩნდა, რომელიც  იუგოსლავიის ფედრაციულ რესპუბლიკასა და კოსოვოში მცხოვრებთა უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის 1999 წელს უნდა დადებულიყო. თუმცა ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა იუგოსლავიიდან მიღებული უარის გამო, მთავარ პრობლემას აქ ის წარმოადგენდა, რომ ხელშეკრულება  კოსოვოს ტერიტორიაზე ნატოს ჯარის განთავსებას ითვალისწინებდა. საბოლოო ჯამში 1999 წლის  24 მარტს ნატოს ძალებმა დაიწყეს  იუგოსლავიის ტერიტორიის საჰაერო დაბომბვა, რომელიც 10 ივლისამდე გაგრძელდა და ერთის მხრივ შედეგად გამოიღო კოსოვოელთა მიმართ მილოშევიჩის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შეჩერება ( 1999 წლის აპრილის დასაწყისში UNHCR-ის დასკვნის მიხედვით ეთნიკური წმენდის კამპანიამ გამოიწვია 226000 კოსოვოელი დევნილის გადასვლა ალბანეთში, 125000 მაკედონიაში და 33000 მონტენეგროში), დევნილებისთვის და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა სამედიცინო დახმარება, საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყოფა, ხოლო მეორეს მხრივ გამოიწვია 528 იუგოსლავიელი სამოქალაქო პირის სიკვიდლი, აქედან 201 სერბი იყო, უშუალოდ ნატოს საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული 90 ოპერაციის დროს (Human Rights Watch), 3 ჩინელი ჟურნალისტის სიკვდილი ნატოს ძალების მიერ ბელგრადში ჩინეთის საელჩოს დაბომბვისას.

რეალიზმის თვალით დანახული ნატოს ინტერვენცია იუგოსლავიაში

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე რეალისტის, ჰენრი კისინჯერის, აზრით იუგოსლავიაში ნატოს ინტერვენციას არ შეიძლბოდა მოეტანა რაიმე დადებითი აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისთვის, ამ მოვლენაში მაინც შეიძლება ვიპოვოთ ისეთი შემადგენელი ნაწილები, რომელსაც ყველაზე უკეთესად სწორედ რეალიზმი ახსნის.

პირველმა ასეთმა შემადგენელმა ნაწილმა იუგოსლავიაში ნატოს ძალების სამხედრო ინტერვენციის დასაწყისშივე იჩინა თავი – ნატომ გამოიყენა სამხედრო ძალა, სწორედ რეალიზმის ერთ-ერთი პოსტულატია, რომ ომი მსოფლიოში პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე აქტუალური გზაა. გარდა ამისა ნატო გაეროს ნებართვის გარეშე მოქმედებდა. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანტისეული სამუდამო მშვიდობა და წესრიგი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, გაერო შეიძლება ჩაითვალოს მის განსახიერებად თუ არა, ასეთი წესრიგისკენ მიმავალ საწყის საფეხურად მაინც. გაერო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა სახელმწიფოს მოიცავს თავის რიგებში. მისი იდეა მდგომარეობს სახელმწიფოების პრაქტიკისათვის ფორმის მიცემაში ნორმების შექმნით, ჩამოყალიბებით და გავრცელებით. ასე რომ, გაერო ქვეყნებს შორის ნორმატიული ინტეგრაციის ხელშემწყობი აგენტია, რომელსაც შეუძლია გაზარდოს იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომელთათვის ეს ნორმები მისაღებია და ამგვარად ხელი შეუწყოს მსოფლიოში ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ღირებულებების დამკვირდებას. ამრიგად გაერო მსოფლიო ურთიერთობების მომწესრიგებელი, ლიბერალური იდეალების მატარებელია, რომელთან თანხმობაში საქმიანობაც გარანტია იმისა, რომ სამართლებრივ ფარგლებში მოქმედებ. ნატომ იმოქმედა, სამხედრო ძალა გამოყენა, დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი გაეროს ნებართვის გარეშე. საერთაშორისო წესრიგის, სამართლისს ნორმების უგულებელყოფა მშენივრად ჯდება რეალიზმის ფარგლებში. შეგახსენებთ, რეალისტური აღქმით სახელმწიფოები ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოქმედებენ. მეტიც, ეს ქმედება არყევს გაეროს ინსტიტუციონალურ და ნორმათა შემომქმედის როლს. ჰუმანიტარული ინტერვენციის, ან ძალადობის გამოყენების იმისთვის რომ უკონტროლო ძალადობა ავიცილოთ თავიდან, ცნების საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებას ხელი შეუწყო არა გაეროს საკანონმდებლო ფუნქციამ, არამედ დიდი ძალების მოქმედებამ, მათ შორის კოსოვოს კონფლიქტმა. რეალიზმი არ სცნობს ასეთ ინსტიტუციებს, რომლებიც რაღაც მხრივ შეზღუდავდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ანარქიულ სისტემას, რეალისტების აზრით, პირიქით, ინსტიტუციების წევრები, რომლებიც დიდ ძალებს წარმოადგენენ, განაპირობებენ ამავე ინსტიტუციების მოქმედებას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „სამართლიანობაც“ ძლიერი სახელმწიფოების პოლიტიკის პროდუქტია – ისინი ადგენენ წესებს მათი სახელმწიფო ინტერესების მიხედვით. გარდა ამისა ნატოს მოქმედება კიდევ ერთი ილუსტრირება იყო იმისა, რომ გაერო, მიუხედავად თავისი მისიის მაშტაბურობისა არათუ მომავალში, აწმყოშიც ვერ ახდენს გავლენას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, შესაბამისად მის არსებობას საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე და მის „თამაშის წესებზე“ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოუხდენია, ხოლო მისი წევრი ცალკეული სახელმწიფოების თუ ამა თუ იმ ალიანსის მიერ მისი წესდების წინააღმდეგ დაუსჯელი მოქმედება ვერც იმის მოლოდინს იძლევა  მისმა ფუნქციონირებამ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს მომავალში საერთაშორისო ურთიერთობების მიმდინარეობაზე. სწორედ რეალიზმის გადმოსახედიდან ყოველგვარი ჩარევის მცდელობა საერთაშორისო ურთიერთობებში მისი მოწესრიგების მიზნით ხელოვნური და შესაბამისად ეფექტურობას მოკლებულია, და სამყარო მომავალშიც დარჩება სახელმწიფოთა შორის ანარქიული ურთიერთქმედებების ასპარეზად.

მართალია ამ მოქმედებაში არ იყო ჩართული ერთი ცალკეული ქვეყანა, არამედ ნატო, რომელიც ისევე როგორც გაერო ინსტიტუციაა, უკანასკნელებს კი ინსტიტუციონალისტების, ამ შემთხვევაში ლიბერალების აზრით, შეუძლია სახელმწიფოთა ქმედებებზე გავლენა მოახდინოს და შესაბამისად მათ შორის მშვიდობიან კოოპერაციას შეუწყოს ხელი. თუმცა ნატო ის ორგანიზაციაა, რომელმაც მეტწილად განაპირობა საბჭოთა კავშირის, ან უფრო ზუსტი შედარება რომ მოვახდინოთ, ვარშავის პაქტის ქვეყნების დამარცხება ცივ ომში და თავად გამარჯვებულ მხარედ გამოვიდა, თუნდაც იმის გამო რომ დღესაც ეფექტურ არსებობას განაგრძობს – ამ გამარჯვებით ნატომ კომუნიზმის გავრცელების საფრთხე ააცილა მსოფლიოს და ასევე თვალი უნდა გავუსწოროთ იმასაც, რომ ძალთა ბალანსი ამერიკის მხარეს გადმოხარა. ძალითი უპირატესობის მოპოვებისთვის და მსოფლიო წესრიგის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ცვლილებისთვის იბრძვიან ძლიერი სახელმწიფოები ანარქიულ სამყაროში – ეს სწორედ რეალისტური თვალსაზრისია. „რეალისტები აღიარებენ, რომ ზოგჯერ ძლიერი სახელმწიფოები ინსტიტუციებს, განსაკუთრებით ალიანსებს, იყენებენ ძალაუფლების წილის გაზრდისთვის მსოფლიოში“. რადგან ძლიერი სახელმწიფოების მიერ ინსტიტუციების გამოყენებამდე მივედით, დავძენ, რომ კოსოვოში ნატოს მიერ სამხედრო ინტერვენციისადმი ყველაზე ძლიერ დაინტერესებას აშშ გამოხატავდა, უძღვებოდა ოპერაციას: 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივლისამდე ყველა განხორციელებული თავდასხმიდან 60%-ს სწორედ ამერიკული მხარე ხელმძღვანელობდა, ხოლო საჰაერო დარტყმების 80% აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ იყო განხორციელებული. აქ ჩნდება ორი შეკითხვა: 1. რა სახელმწიფო ინტერესს ემსახურებოდა იუგოსლავიაში ინეტვენცია აშშ-სთვის? 2. რატომ გამოიყენა ამის მისაღწევად ნატო?

ამ ორ შეკითხვას ერთი პასუხი აქვს – აშშ-ს სურდა ნატოს შენარჩუნება. ნატო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია, კოსოვოს კონფლიქტი მის უკანა ეზოში მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითქოს სამხედრო ალიანსის არსებობის საჭიროება ეჭვს ქვეშ დადგა, აღარ არსებობდა მეორე მხარე რომლის საპირწონედ იარსებებდა ნატო და რომლისგანაც დაიცავდა თავის წევრებს. მისი არსებობა აშშ-ს ინტერესებშია, მართალია ახლა უკანასკნელი არც მსოფლიო ჰეგემონია და არც უპირობო ლიდერი, მაგრამ როდესაც  მოხდა ნატოს მიერ იუგოსლავიაში ინტერვენცია, აშშ ასეთად რჩებოდა და ქმნიდა მსოფლიოს ახალ წესრიგს, რომელშიც დასავლეთ ევროპა, მის ბანაკში უნდა ყოფილიყო, მისი ირიბი კონტროლის ქვეშ, ამისთვის საუკეთესო გზა კი ნატოს შენარჩუნება გახლდათ. „ნატოს წევრობას არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა თუ მას არ ექნება სამხედრო შესაძლებლობები და იქნებოდა გაურკვევლობა მის მისიასთან დაკავშირებით“. ამრიგად ყველას უნდა დაენახა, რომ მის ცხვირწინ არსებულ კონფლიქტს, რომელიც იწვევს დევნილთა მასიურ გადაადგილებას და ამრიგად ეთნიკური ბალანსის რღვევას აღმოსავლეთ ევროპაში, ნატო ვერ უპასუხებდა უმოქმედობით, ეს უბრალოთ თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა. პრეზიდენტმა კლინტონმა თავის განცხადებაში, რომელიც ნატოს ინტერვენციას ეხებოდა, ხაზი გაუსვა რომ აშშ ამ ოპერაციაში იღებს მონაწილეობას რადგან უზრუნველყოს სტაბილურობა ევროპაში და ასევე შეინარჩუნოს ნატოს საიმედოობა.  ამრიგად ნატოს ჩართვით კოსოვოს კრიზისში აშშ-მ მისი არსებობის საჭიროება და ეფექტრად მოქმედების შესაძლებლობა დაანახა როგორც მსოფლიოს, ასევე ნატოს წევრებს. ნატოს არსებობა კი თავის მხრივ, აშშ-ს აძლევდა კონტროლის შესაძლებლობას ევროპის მნიშვნელოვან ნაწილზე და ამრიგად მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო სისტემის სათავეში დგომის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეს ოპერაცია სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ს როგორც ძლიერი სახელმწიფოს მიერ სასურველი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება, ეს კი თავის მხრივ რეალისტი მოაზროვნეების მიერ დანახული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას ძლიერი სახელმწიფოების გადამწყვეტი როლის და სახელმწიფო ინტერესების, ამ შემთხვევაში აშშ-ს ინტერესის, როგორც ერთადერთი მამოძრავებელი ინსტრუმენტის ილუსტრირებაა.

ლიბერალიზმის თვალით დანახული ნატოს ინტერვენცია იუგოსლავიაში

ნატომ იუგოსლავიის წინააღმდეგ გამოიყენა სამხედრო ძალა. თუმცა მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით შორს ვერ წავალთ და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სამხედრო ინტერვენციის წინაპირობები. ნატოს ინტერვნეციას წინ უძღოდა იუგოსლავიის მთავრობის მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა კოსოვოს ტერიტორიაზე. ერთი წლის განმავლობაში სანამ ნატოს ძალები დაიწყებდნენ სამხედრო ოპერაციას იუგოსლავიაში, ანუ 1998 წლის მარტიდან 1999 წლის მარტამდე, 2000 ადამიანზე მეტი ადამიანი დაიღუპა სერბეთის მთავრობის მოქმედებების შედეგად კოსოვოში. ლეგიტიმური იქნება ვამტკიცოთ, რომ ნატოს საჰაერო იერიშები სწორედ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ასალაგმავად და შესაჩერებლად მოხდა, იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს ოპერაციის დამთავრებიდან მეორე დღეს, ანუ 1999 წლის 11 ივნისს შეწყდა კოსოვოს ომიც და შესაბამისად სისხლის ღვრაც.  ამას ემატება ისიც, რომ სამხედრო მოქმედებების პარალელურად ნატოს ძალები ახორციელებდნენ საკვებისა და მედიკამენტების შეტანას კონფლიქტის რეგიონში, რის შედეგადაც 1999 წლის მაისისთვის მათი დახმარებით დაზარალებულებმა მიიღეს 4666 ტონაზე მეტი საკვები და წყალი  და 4325 ტონა სხვა სახის პროდუქტები, ნატოს ჯარებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კოსოვოდან დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვის. აქედან გამომდინარე ნატოს ჯარების ინტერვენცია იუგოსლავიის ტერიტორიაზე განსხვავდებოდა კლასიკური ომისგან, თუნდაც იმიტომ რომ საომარი მოქმედებიბს პარალელურად ხდებოდა ჩაგრულთა უზრუნველყოფა პირველადი მოხმარების საგნებით. სწორედ ნატოს მოქმედებების შედეგად, გაუმჯობესთა კოსოვოელთა მდგომარეობა და სხვა თუ არაფერი, მათ განადგურების მუდმივი შიშის ქვეშ აღარ უწევდათ არსებობა. როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, ადამიანი და მისი უფლებები ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილია, როდესაც ხდება მათი აბუჩად აგდება და უგულებელყოფა, მეორე ხარისხოვანი ხდება როგორც საერთაშორისო ნორმები, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტი. ის, რომ ნატოს ჯარებმა იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყეს სერბეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შემდეგ და რომ მის მიერ ჩატარებული ოპერაციის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებების მდგომარეობა ადგილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ნატოს ინტერვენცია მიზნად სწორედ ამას ისახავდა და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, ლიბერალური თეორიის ფარგლებში ხდებოდა, რომლის მიხედვით მთავარი ღირებულება სწორედ ადამიანი და მისი უფლებებია. რაც შეეხება შეიარაღებულ კონლიქტებს, ლიბერალიზმი არ უარყოფს ომის შესაძლებლობას და დასაშვებობასაც კი, ზოგიერთ შემთხვევაში, მთავარი აქ ომის ფაქტი კი არა, ის ღირებულებებია, რომლის დასაცავადაც მოხდა ომი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ აღწერილი ინტერვენცია განახორციელა საერთაშორისო ორგანიზაციამ, უკანასკნელი კი, ლიბერალური თეორიის გადმოსახედიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე. ცხადია ნატო, რამდენადაც ასევე სამხედრო ალიანსია, მეტად განსხვავდება ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორებიც თავად გაერო ან ევროკავშირია, თუმცა  უდავოა ისიც, რომ თავის თავში ის გარკვეული საზიარო იდეების მატარებელ სახელმწიფოებს აერთიანებს და წევრობისთვის შესაბამისად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს. შესაბამისად კოსოვოს კრიზისის საპასუხოდ მოქმედებდა არა ცალკეული სახელმწიფო, არამედ გარკვეული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საერთაშორისო ორგანიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მოქმედებდა, ნატომ თავისი მოქმედებების შედეგად, ჩამოაყალიბა „ჰუმანიტარული ინტერვენციის“ პრაქტიკა და შესაბამისად ხელი შეუწყო მომავალში ასეთი ქმედების აქტიურად გამოყენებას. ჰუმანიტარული ინტერვენციის მარეგულირებელი ნორმის არსებობა და ზოგადად ამ პრაქტიკის დამკვიდრება აკნინებს სახელმწიფოს მნიშვნელობას, უფრო სწორედ მისი სუვერენიტეტის წონას საერთაშორისო ასპარეზზე და მის საპირწონედ წინ წამოწევს პიროვნებას და მის ინტერესებს, იმით რომ მსოფლიოს აკისრებს ვალდებულებას მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ დაუშვას ადამიანის უფლებების დარღვევა და მისი აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს ის. მივუბრუნდეთ წინა თავებში განხილულ ლიბერალულ თეორიას და გავიხსენოთ, რომ საბოლოო ჯამში სწამს რა საერთაშორისო ურთიერთობების მომავალში შესაძლო ცვლილებების, არსებულ აწმყოს ის მსოფლიო მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ პროცესის ნაწილად განიხილავს, ისეთი სამყაროს შექმნის გზაზე, სადაც არ იქნება ადგილი ვესტფალიის ზავის შემდგომი ძლიერი და „თავის მიწაზე“ ექსკლუზიური სუვერენიტეტის მფლობელი სახელმწიფოებისათვის, და სადაც კოოპერაცია და ინტეგრაცია ერებს შორის დაარღვევს რა არსებულ სახელმწიფო საზღვრებს, არსებულზე მეტი იქნება. ადამიანის უფლებების დასაცავად სახელწმიფო სუვერენიტეტის ერთგვარად დაკნინება, რასაც ადგილი ჰქონდა ნატოს მიერ სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო ინტერვენციის განხორციელებით სწორედ ასეთი სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯია.

დასკვნა

მოცემული კვლევის მიზანი იმის დემონსტრირება იყო, რომ ისეთ თეორიებსაც კი, რომელთა ხედვაც სამყაროს მოწყობის შესახებ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, შეუძლიათ ერთი და იმავე მოვლენის თანაბარი წარმატებით ახსნა. მაგალითად, ნატოს 1999 წლის ინტერვენციას იუგოსლავიაში ჯდება რეალიზმის ფარგლებში, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო სამართლის დარღვევით, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე დაიწყო, წარმოადგენდა ომის ნათელ მაგალითს, ხოლო მიზნად ისახავდა აშშ-ს პოზიციების გამყარებას ევროპაში, ნატოს, როგორც ქმედითუნარიანი ორგანიზაციის წარმოჩინებით. ამ ფაქტების ახსნისას, თავის მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობას ლიბერალიზმი იმ ფაქტს ანიჭებს, რომ ინტერვენციის შედეგად ადამიანის უფლებების მდგომარეობა კოსოვოში გამჯობესდა და განსაკუთრებული წვლილი ამაში სწორედ ნატოს მოქმედებას მიუძღის, ხოლო მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოქმედებდა, ხელი შეუწყო საერთაშორისო სამართალში ისეთი ცნების დამკვიდრებას, როგორიც „ჰუმანიტარული ინტერვენციაა“, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ურთიერთობებში ადამიანის როლის გაზრდას გულისხმობს სახელწმიფოს სუვერენიტეტის მნიშვნელობის შემცირების ხარჯზე.

 

ბიბლიოგრაფია

Paul R. Viotti and Mark V. Kauppi , International Relations Theory (New York: Longman, 2010)

Michael N. Barnett, “Bringing In The New World Order: Liberalism, Legitimacy, and the United Nations”, World Politics  (1997)

John J. Mearsheimer, “A Realist Reply”, International Security (1995)

Zbigniew Brzezinski, The Grand Chessboard: American Primacy and Its Geostrategic Imperatives, (Basic Books, 1997)

Grant Stegner, “American Humanitarian Intervention: How National Interests, Domestic and International Factors, and ‘Historical Milieu’ Shape U.S. Intervention Policy,” Macalester College (2007)

ასევე გამოყენებული მასალები

Rambouillet Accords: Interim Agreement for Peace and Self-Government in Kosovo

Kosovo Report -(http://reliefweb.int/sites/reliefweb.int/files/resources/6D26FF88119644CFC1256989005CD392-thekosovoreport.pdf)

http://www.britannica.com/EBchecked/topic/1380469/Kosovo-conflict

http://www.nato.int/cps/bu/natohq/topics_49602.htm#

http://www.nato.int/kosovo/history.htm

http://www.hrw.org/legacy/reports/2000/nato/Natbm200-01.htm#

http://congressionalresearch.com/RS20547/document.php

http://www.foreignaffairs.com/articles/136502/jon-western-and-joshua-s-goldstein/humanitarian-intervention-comes-of-age

http://www.foreignaffairs.com/articles/55630/condoleezza-rice/campaign-2000-promoting-the-national-interest

http://news.bbc.co.uk/2/hi/americas/303693.stm

 

ავტორი: გვანცა აბაშიძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *