საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურა ცივი ომის შემდეგ

13 Feb , 2015  

ძალთა ბალანისა და კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორები სხვადასხვა მხრიდან აღწერენ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის წყობას ცივი ომის შემდეგ. ძალთა ბალანის თეორიას შეესაბამება ჯონ მერშჰაიმერის „აგრესიული რეალიზმი“, ხოლო ურთიერთდამოკიდებულების თეორიას – ნეოლიბერალური ინსტიტუციონალიზმი.

ძალთა ბალანსი აღწერს ურთიერთობებს დიდ ძალებს შორის. პირველ ისტორიულ შემთხვევად ითვლება ვესტფალიის ზავის (1648) შემდგომი პერიოდი. უახლესი მაგალითი ემთხვევა ცივი ომის შემდგომ პერიოდს. ძალთა ბალანის თეორია ხშირად გამოიყენება სახელმწიფოების სისტემის დასახასითებლად. მიუხედავად ამისა, თეორიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი ძირითადი არგუმენტები ეხება სუვერენულ სახელმწიფოებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის სავარაუდო დასასრულს, ხოლო ძალთა ბალანსი გათვლილია სწორად სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემაზე.

ცივი ომის პერიოდში აშშ და საბჭოთა კავშირი ნახევარი საუკუნის მანძილზე ერთგვარ ბალანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს დამოკიდებულება უფრო გაუგებარი და დაწვრილებითი გახდა.

ამ დამოკიდებულების ახსნისას, ერთ მხარეს დგანან ნეორეალისტები, რომელნიც ისევ იცავენ ძალთა ბალანსის თეორიას. მეორე მხარის მოსაზრებებს იცავენ ნეოლიბერალები, რომელთა საწყისი პრინციპი ურთიერთდამოკიდებულების თეორიას ემყარება. რეფერატის მიზანია თანამედროვე საერთაშორისო სისტემის ამ ორი პოზიციის ჭრილში განხილვა.

საერთაშორისო სისტემა და ძალთა ბალანსი

ძალის მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში არაა ერთმნიშვნელოვანი. მისი განხილვა შესაძლოა ეკონომიკიური, მილიტარისტული, პოლიტიკური და სხვა კუთხით. გაურკვევლობის სხვა ასპექტი ეხება ძალის გამოვლენას. როგორც წესი, სანამ ორ ძალას შორის არ მოხდება შეტაკება, სახელმწიფოს ძალის შეფასება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს სამხედრო ერთეულების გამოთვლა, მაგრამ სტრატეგიებისა და ბრძოლის წარმართვის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. აქედან გამომდინარე, ძალთა ბალანსის განსაზღვრა უფრო პრობლემატური ხდება. კლასიკურ რეალიზმში, თუ ყველა სახელმწიფო ეცდება ძალის მაქსიმალურამდე გაზრდას, დაპირისპირებული ალიანსების ურთიერთობაში გაჩენილი ძვრების შედეგად სტაბილურობა იქნება მიღწეული. მოცემულ სიტუაციაში ვერც ერთი დიდი ძალა ვერ შეძლებს ომის წამოწყებას, რამეთუ დანარჩენი ძალები მის წინააღმდეგ გაერთიანდებიან.სტრუქტურულ რეალიზმში, თუ დიდი ძალა ეცდება მეტი ძალაუფლების მოპოვებას, მეტიც, თუ ეცდება ძალის მაქსიმიზაციასა და ჰეგემონიის მოპოვებას, თვით სისტემა შეაჩერებს მას. ამაში მდგომარეობს „აგრესიული“ და „თავდაცვითი“ რეალიზმის განსხვავება. „აგრესიული“ რეალიზმისთვის დიდ ძალას არაფერი უშლის ხელს ჰეგემონიის მოპოვებისგან.

ჯონ მერშჰაიმერის მიხედვით, საერთაშორისო სისტემის ანარქიული ხასიათი დიდ ძალებს მოწყვლად მდგომარეობაში ტოვებს. ამასთანავე, დიდი ძალები არასოდეს არიან დარწმუნებულნი მათი მოწინააღმდეგეების განზრახვებში, რაც ასევე ქმნის დაუცველობის სიტუაციას. ამის გამო ყველა დიდი ძალა ცდილობს თავდასხმითი უნარების გაძლიერებას. შემდეგ მერშჰაიმერი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს ძირითად მიზანს – გადარჩენას. საბოლოოდ კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები არიან რაციონალური აქტორები. დიდი ძალები მზად არიან, დაარღვიონ ძალთა ბალანსი ნებისმიერი მოსხერხებელი შემთხვევისას, რაც ბუნებრივია, რამეთუ ეს კეთდება მათი მთავარი მიზნისთვის – გადარჩენისთვის. მერშაიმერი ასკვნის, რომ ამ ყველაფრის შედეგი ჰეგემონიაა, თუმცა დიდ ძალას ჰეგემონიისთვის არა მხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ „ლატენტური ძალაუფლებაც“ სჭირდება. ლატენტური ძალაუფლება გულისხმობს სახელმწიფოს სოციო-ეკონომიკურ სტრუქტურებს, რომელნიც მოქმედებენ მილიტარისტული ძალაუფლების საწარმოებლად, მაგრამ ღირს კიდევ ერთხელ აღნიშვნა, რომ სახელმწიფოები არიან რაციონალური მოთამაშეები და არ ცდილობენ ჰეგემონიის შექმნას, თუ სიტუაცია არ იქნება შესაბამისი.

ამჟამინდელ სამყაროში გლობალური ჰეგემონიის მიღწევა შეუძლებელია. ამ თეორიისთვის სახმელეთო სამხედრო ძალა არის უმთავრესი, ხოლო მისი მეშვეობით ძალის ოკეანეენზე გავრცელება შეუძლებელია. გლობალური ჰეგემონიისთვის აუცილებელია უპირატესობის ქონა ბირთვული იარაღის მხრივაც, რაც გულისხმობს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკუშედეგის, სახელმწიფოებრივი ზიანის მიღების გარეშე. მიუხედავად ასეთი მდგომარეობის მიღწევებლობისა, შესაძლებელია რეგიონალური ჰეგემონიის მიღწევა. ცივი ომის შემდგომ სამყაროს მერშჰაიმერი რამდენიმე ასეთ რეგიონად წარმოადგენს, რომელნიც არ არიან აბოლუტურად დარწმუნებულნი ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შესახებ. თუ ძალთა ბალანსი ირღვევა რეგიონის ფარგლებში და სახელმწიფო იქცევა ჰეგემონად, ის მაინც რჩება ძალთა ბალანსის მდგომარეობაში სხვა რეგიონების მიმართ. ძალთა ბალანისის ეს უკანასკნელი ტიპი გულისხმობს თანაბარი ძალის მქონე ახლოს მყოფი მოთამაშეების შეკავებასა და ბალანსის შექმნას შედარებით დაშორებული რეგიონებისთვის.

რეალიზმის მახასიათებლები თანამედროვე სამყაროში

საერთაშორისო სისტემის პირველი მახასიათებელი, აგრესიული რეალიზმის პრინციპების მიხედვით, არის ძალთა ბალანსის ქვესისტემების გამოყოფა. ამჟამად გაურკვეველია, რომელ სახელმწიფოს თუ კოალიციას შესაძლოა მიენიჭოს ჰეგემონური დომინანტის სტატუსი აშშ-ს გარდა. მაგალითად, ევროპა დამოკიდებულია რუსეთის ენერორესურსებზე. აზიაში გამოირჩევა რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, მაგრამ ძალთა ბალანსის ელემენტებს ისინი არ წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია შევამჩნიოთ ერთგვარი ურთიერთდამოკიდებულების ქსელები სახელმწფოთა შორის, სადაც ეს სახელმწიფოები ცდილობენ პრივილეგიის მოპოვებას.

კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელსაც აგრესიული რეალიზმი მხარს უჭერს, არის სახელმწიფოთა უსასრულო ლტოლვა ძალაუფლებისკენ. არსებობს ამისი მაგალითებიც ირანისა და ჩრდ.კორეის სახით, მაგრამ თუ განვიხილავთ ევროპას, მაშინ, როდესაც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს გააჩნია ბირთვული იარაღი, გერმანია არ ფლობს მას. ბირთვული სახელმწიფოების უმეტესობა რეგიონებში გავლენის გაზრდის მაგიერ ცდილობს უფრო მყარი პოზიციების დაკავებას გლობალურ ეკონომიკაში, რაც ეჭვქვეშ აყენებს რეალისტების მოცემულ თვალსაზრისს.

ბირთვული სახელმწიფოებიდან გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთი, რომელიც ცდილობს კავკასიასა და უკრაინაში გავლენის სფეროს შექმნას. უკრაინის მოვლენებმა უფრო გაამკვეთრა ეს პოზიცია, მაგრამ რუსეთი მაინც ებმება საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა სავაჭრო კავშირი, რაც კოოპერაციად შეიძლება ჩაითვალოს. არის მაგალითები, როდესაც სახელმწიფოები ცდილობენ შიდა სტრუქტურების გამყარებას, მაგრამ ეს ხდება არა რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად, არამედ გლობალურ ეკონომიკურ არენაზე მოქმედი სახელმწიფოს როლის გასამყარებლად.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ამჟამინდელ სამყაროში რეალიზმის ეს ასპექტი შეესაბამება მხოლოდ აშშ-ს, მაგრამ სამხრეთი ამერიკის რამდნიმე სახელმწიფო უკვე ცდილობს ამ დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას, რასაც კუბამ უკვე მიაღწია ორმოცდაათიან წლებში.

სხვა ასპექტი ეხება ძალის გამოყენების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფოს გააჩნია დიდი ძალაუფლება, მას არ შეუძლია ამ ძალაუფლების გავრცელება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა გარემო, სიღარიბე, ფინანსური კრიზისი და სხვა. მეტიც, დიდი სახელმწიფოების უმეტესობა არ დგას უშუალო სამხედრო გამოწვევევის წინაშე, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მათ ექნებოდათ ძალის გამოვლენის შესაძლებლობა. მიუუხედავად იმისა, რომ ტერორიზმი მილიტარისტული საფრთხეა, მისი საფუძველი გავლენის მოპოვების სურვილზე მეტად სოციოლოგიური, იდეოლოგიური ან ფინანსურია.

საბოლოოდ, აგრესიული რეალიზმი ასახავს კავშირებს ძალთა ბალანსებს შორის, რაც გამოიხატება იმაში, რომ რეგიონული ჰეგემონი ყოველთვის მოქმედებს, როგორც ბალანსის ექსტერნალური უზრუნველმყოფელი, რათა შეაკავოს ჰეგემონიების წარმოქმნა. ამ შემთხვევაში მერშაიმერი ახსენებს აშშ-ს როლს, როგორც ჩინეთის აღმოსავლეთ აზიაში აღზევების შემკავებელს.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება

ცივი ომის პერიოდში რამდენიმე მკვლევარმა დაიწყო ტრანსსახელმწიფოებრივი ურთიერთობებისა და კავშირების შესწავლა. რობერტ კოჰანემ და ჯოზეფ ნაიმ შეიმუშავეს კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების კონცეფცია. ეს კონცეფცია დაფუძნებულია სახელწიფოებს შორის ფულის, ადამიანების, პროდუქტისა და შეთანხმებების მიმოცვლაზე. ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება არის სახელმწიფოთა შორის ბილატერალურ ან მულტილატერალურ კავშირებზე გაცილებით მეტი. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პირობებში სახელმწიფოს ეკონომიკაზე შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს ნავთობის ფასის ზრდამ იმ შემთხვევაშიც, თუ არ ექნება არანაირი შეთანხმებები ნავთობმწარმოებელ ქვეყნებთან. დამოკიდებულება არსებობს იქ, სადაც ტრანზაქციული ეფექტები მოქმედია. ამაზე დაყრდნობით, ნაი და კოჰანე რეალიზმის დაშვებებს უპირისპირებენ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას.

მოცემული თეორია ეფუძნება სამ მახასიათებელს. პირველი არის კავშირების სხვადასხვა არხები: სახელმწიფოებრივი კავშირები; სახელმწიფოებრივი სექტორების ტრანსსახელმწიფო კავშირები და ტრანსნაციონალური, არასახელმწიფოებრივი კავშირები. ამ დაშვებებით უარყოფილია 3რეალიზმის მტკიცება, რომ საერთაშორისო სისტემაში მონაწილეობენ მხოლოდ სახელმწიფოები, ამ პროცესში ერთვებიან მულტიეთნიკური კორპორაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ისინი ფუნქციონირებენ როგორც სახელმწიფოს პოლიტიკაზე პოტენციურად გავლენის მქონე ერთეულები. მეორე გულისხმობს კოალიციების ჩამოყალიბების ტიპებს. რეალიზმში კოალიციების ჩამოყალიბების განმაპირობებელი მიზეზი არის მილიტარისტული ძალა. ამ შემთხვევაში კოალიციების ჩამოყალიბება შესაძლოა იყოს გამოწვეული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიაში ეს პუნქტი არ არის აუცილებელი ინტერდეპარტამენტული, გარემოს დაცვის, აგროკულტურული კავშირებით, სავაჭრო რეგულაციებითა და სხვა მიზეზებით.

მესამე პუნქტი ეხება სამხედრო ძალის ეფექტურობისა და გამოყენებადობის შემცირებას თანამედროვე სამყაროში. ეკონომიკური, სავაჭრო თუ ეკოლოგიური კავშირების მეშვეობით მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოები არ გამოიყენებენ სამხედრო ძალას. კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას აქვს შემდეგი შედეგები: სახელმწიფოები სინქრონულად განახორციელებენ სხვადასხვა ინტერესებს და ტრანსნაციონალური აქტორები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები შეეცდებიან საკუთარი ინტერესების განხორციელებას სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად; ძალა და ძლიერება განისაზღვრება ცალკეული სფეროების მიხედვით. მაგალითად, ნაის და კიოჰეინს მოჰყავთ დანიის და ნორვეგიის მაგალითი, რომ მათ აქვთ შესამჩნევი ძლიერება საერთაშორისო ნაოსნობაში, რადგან ჰყავთ დიდი სავაჭრო და ტვირთმზიდი ფლოტილიები, მაგრამ ეს გავლენა სხვა სფეროებზე არ ვრცელდება; საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა გაიზრდება, რადგან მხოლოდ ისინი არიან პატარა ქვეყნების პოლიტიკური ქმედებების ასპარეზი და ამავდროულად ისინი მეთვალყურეობენ დღის წესრიგის დაგეგმვას საერთაშორისო დონეზე. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ჰომოგენური არ არის და ის მხოლოდ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონებზე ვრცელდება, როგორიცაა დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ანუ, ასეთი ურთიერთობები აღენიშნებათ პლურალისტულ, ინდუსტრიულ სახელმწიფოებს. კოჰეინი და ნაი მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ საერთაშორისო ინსტიტუციებსაც. მათ შეუძლიათ მოლაპარაკებათა ფორუმების წარმართვა და კოალიციების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, სახელმწიფოების ფოკუსირება სპეციფიურ პრობლემებზე, განვითარებადი ქვეყნების დანარჩენ სამყაროსთან უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ა.შ. მათი მთავარი მიზანი არის ურთიერთგაგებასა და კოოპერაციისთვის საფუძვლის მომზადება, რაც შესაძლებელია შემდეგი პუნქტების შესრულებით:

  • კოოპერაციის ალბათობის გაზრდა
  • თანმიმდევრული მულტილატერალური მოლაპარაკებისთვის პირობების შექმნა
  •  სახელმწიფოთა შორის არსებული საკითხების შენარჩუნება დიდი დროის მანძილზე, რაც ქმნის ურთიერთობათა კვალიფიკაციის შესაძლებლობას საკითხების მიხედვით.
  • თანაგრძნობის პრინციპზე დაფუძნებული დეცენტრიზირებული ზეგავლენისთვის საფუძვლის შექმნა.

საბოლოოდ, იგი განიხილავს ინსტიტუციებს, როგორც არა ორგანიზაციებს სათაო შენობებით, არამედ ფუნქციებისა დაპროცესების ნაკრებს. მეტიც, ამ სახის ორგანიზაციები მოქმედებენ „დაძაბულობის ნეიტრალიზაციის“ მხრივაც. ურთიერთდამოკიდებულებამ ასეთ მაღალ დონეზე შესაძლოა, გამოიწვიოს უთანხმოებები და კონფლიქტები. ფორმალური და არაფორმალური პროცესები, დაწესებულებები, რომელნიც რთავენ მოთამაშეების კოლექტიურ აქტივობებში, უზრუნველყოფენ ამ დაძაბულობის შემცირებას. ლატენტური ძალა მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, მაგრამ ლატენტური ძალა, რომელიც მიმართულია არა სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ, არამედ ეკონომიკის, განათლებისა და სხვა საკითხების მიმართ.

მულტიპოლარული და არაპოლარული სამყარო

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა მეტად ქაოტურია, ვიდრე კლასიკური ჰეგემონიის შემთხვევებში. სახელმწიფო-ჰეგემონს აღარ გააჩნია აბსოლუტური გავლენა სამხედრო ფაქტორების მნიშვნელობის შემცირების გამო. ეს დაშვება გვაფიქრებინებს თანამედროვე სამყაროს მულტიპოლარულობაზე. ჰეგემონისგან დამოუკიდებლად, მისი გავლენის გარეშე იქმნება ცალკე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, რომელიც უპირისპირდება ჰეგემონს. ეს აზრი გამოთქვა სემიუელ ჰანტინგტონმა კონცეფციაში „დასავლეთი ყველას წინააღმდეგ“. ასეთი სისტემის შედეგი შესაძლოა იყოს ორგვარი: მულტიპოლარული ან არაპოლარული. მულტიპოლარულ სამყაროს ახასიათებსკავშირთა სისტემების ცვლილება როგორც ძალაუფლების ცენტრთა შორის, ისევე მათ შიგნით. ეს კავშირები სულ უფროდაუფრო იზრდება, რთულდება, კონფრონტაცია მცირდება, საერთაშორისო ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორები მრავლდება, ხოლო სამხედრო ძალის აქტუალურობა მცირდება. სხვა სიტყვებით, პოლუსებად წარმოჩნდება კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიაში განხილული ერთეულები.

ამგვარად, მულტიპოლარული სამყარო გულისხმობს ძალის კონცენტრაციის რამდენიმე წერტილს. არაპოლარულ სამყაროში ეს წერტილები იმდენად მრავლდება, რომ პოლარულობის ცნება ქრება. რიჩარდ ჰაასი ახსენებს ექვს ძირითად ძალას : ჩინეთი, ევროკავშირი, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი და აშშ. რეგიონალური ძალების რიცხვი უფრო მეტია. მათ შორის, ბრაზილია, ნიგერია, სამხრეთი აფრიკა, ეგვიპტე, ირანი, ისრაელი, ავტრალია, სამხრეთი კორეა და სხვა. მათ გარდა გავლენას ინაწილებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მოძრაობები და მედია-კონცერნები. გლობალიზაცია უფრო ამძაფრებს ძირითადი აქტორების დასუსტებას. ამისი უარყოფითი შედეგი შესაძლოა იყოს ის, რომ ამ დონეზე გართულებულ სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობებიც გახდება ზედმეტად გართულებული. ძნელი იქნება პროგნოზირება, წინასწარ სტრატეგიების შემუშავება. ამგვარად, მოცემული თეორიების მიხედვით, ჰეგემონიაზე დაფუძნებული სამყარო ნელ-ნელა სუსტდება.

დასკვნა

რეალიზმს უფროდაუფრო უძნელდება თანამედროვე სამყაროში ურთიერთობის აღწერა, რაც ხდება რამდენიმე მიზეზის გამო. აგებულია რა სამხედრო ძალაუფლების ცნების ირგვლივ, რეალიზმი ვერ აღიქვამს საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ სხვა მრავალ მოთამაშესა და პრინციპს, რომელნიც არ ექვემდებარებიან სამხედრო ძალაუფლებას. მეტიც, სამყაროს სახელმწიფოებრივი წყობის, როგორც განმსაზღვრელი სისტემის მომავალიც კი არაა აშკარა. ყველა სახელმწიფო მონაწილეობს სხვადასხვა კავშირში, ჩაბმულია ურთიერთობათა ქსელში, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომელიმე ძალის მიერ გავლენიც მოპოვების მცდელობის აუცილებლობას. ცივი ომის შემდეგ სამყარო არ მოექცა ერთი ჰეგემონის გავლენაში, არამედ ნელ-ნელა გააერთიანა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაბმული ერთეულები ეკონომიკური, კულტურული, და სხვა ფაქტორებით განპირობებულ ქსელში, რასაც კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია უკეთ ასახავს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. John J. Mearsheimer. (2007) Structural Realism. In Tim Dunne; Milja Kurki; Steve Smith. (eds). International Relations Theory, Discipline and Diversity. New York and Oxford: Oxford University Press;

2. Keohane. (2002) Introduction, From Interdependence and Institutions to Globalization and Governance;

3. Joseph S. Nye; Robert O. Keohane. (1971) Transnational Relations and World Politics: An Introduction. International Organization;

4. Соловьев, Э.Г. Геополитический анализ международ- ных проблем современности: pro et contra / Э.Г. Соловьев // Полис. – 2001. – No6.
ინტერნეტ-ბმულები:
1. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10377

ავტორი: მინდია არაბული – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *