პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

არალეგალური მასობრივი პასპორტიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

15 Feb , 2015  

რუსეთის ფედერაციის მოქმედებების არალეგალურობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ომის დროსა და ომის შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად წარმოვადგინოთ.  ერთი მათგანი იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ შუამავლის პოზიციასა და მის მოქმედებებს შორის შეუსაბამობა. ამის აშკარად გამოსაკვეთად ჯერ ღირს შევაფასოთ რუსეთის მოქმედებები ქართული მოსახლეობის მიმართ 2008 წლის კონფლიქტის პერიოდში და მის შემდეგ.

2009 წლის 30 სექტემბრის დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისიის მოხსენების მიხედვით (ტალიავინის დასკვნა), სამხრეთ ოსეთში ქართველების მიმართ ეთნიკური წმენდა ხორციელდებოდა როგორც კონფლიქტის განმავლობაში, ასევე კონფლიქტის შემდეგაც. დასკვნის მიხედვით, ძირითადი მოქმედი პირები იყვნენ ოსი სეპარატისტები, მათ მიერ ჩადენილ იქნა განურჩეველი თავდასხმები, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები, როგორიცაა გაუპატიურება, თავდასხმა, გატაცება და არაკანონიერი დაპატიმრებები; რაც შეეხება რუსეთს, დასკვნის მიხედვით რუსეთის ძალების მიერ დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევა სამხეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებებისა და შეიარაღებულ პირთა მიერ განხორციელებულ დანაშაულებათა პრევენციისა და აღკვეთის მიზნით სათანადო ზომების მიუღებლობა ცეცხლის შეწყვეტამდე და მის შემდგომ სამხრეთ ოსეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე. დასკვნის მე-18 პუნქტის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსული და ოსური გაერთიანებული ძალები კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე იკავებდნენ ტერიტორიებს,  მათ შორის ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულში შედიოდა მიუხედავად იმისა, რომ ის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი რუსეთის, როგორც ნეიტრალური მშვიდობისმყოფელის შეფასება.

ამასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტერიტორია განიხილება „ოკუპირებულად“, როცა იგი მთლიანად ან ნაწილობრივ, მფლობელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე უცხო სამხედრო დანაყოფების კონტროლში ექცევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უცხო ძალა არ ხვდება შეიარაღებულ წინააღმდეგობას და არ მიმდინარეობს ბრძოლა. რუსეთის შემთხვევაში ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა, ანუ ის, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები აკონტროლებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს თანხმობის გარეშე, საერთაშორისო სამართლისთვის ეს ნიშნავს საოკუპაციო ძალას. აქედან გამომდინარე,  რუსეთი ვეღარ დარჩება შუამავლისა თუ მშვიდობისმყოფელის როლში, მას ენიჭება ოკუპანტის სტატუსი და უნდა შეასრულოს ამ სტატუსის მქონე ობიექტებისადმი დაკისრებული ვალდებულებები.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის მიხედვით, დაამყარებს რა ოკუპანტი ძალა კონტროლს გარკვეულ ტერიტორიაზე, იგი ხდება ვალდებული შეძლებისდაგვარად აღადგინოს და შეინარჩუნოს საზოგადო წესრიგი და უსაფრთხოება. ოკუპანტი ძალა პასუხისმგებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე მის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე. ყველა პიროვნებას უნდა მოექცნენ ჰუმანურად,  ეთნიკურობაზე, რელიგიასა თუ სხვა მახასიათებელზე დაფუძნებული დისკრიმინაციის გარეშე. ეს გულისხმობს პირადი თუ საზოგადო საკუთრების ხელშეუხებლობას (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს ხდება აბსოლუტურად აუცილებელი სამხედრო ოპერაციების განმავლობაში) და ყველა ინსტიტუციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას, რომელიც გამიზნულია ბავშვების განათლებაზე. კოლექტიური დასჯა აკრძალულია.

ამ პრიცნიპებიდან რუსეთმა დაარღვია თითქმის ყველა. საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალური განლაგების, ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის, ადამიანის უფლებების დარღვევის (განათლების შეზღუდვის, მოძრაობის შეზღუდვისა და პირადი თუ საზოგადო საკუთრების ხელყოფის ჩათვლით) და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და წესს.

ამ დარღვევების დასადასტურებლად შეგვიძლია მაგალითების მოყვანა:
Screen Shot 2015-02-15 at 9.43.25 PM

Screen Shot 2015-02-15 at 9.43.58 PM

როგორც უკვე ითქვა, მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ რუსეთი  საოკუპაციო ძალაა, თან არც იმ ვალდებულებებს ასრულებს, რომელიც დაეკისრა ამ სტატუსში, თუმცა დარღვევების ამ არასრულ ჩამონათვალში აღნიშნული უკანასკნელი მაგალითი ყველაზე საყურადღებოა, რამეთუ ხორციელდებოდა რუსეთის, როგორც სუბიექტის აქტიური მონაწილეობით.

რუსეთის მიერ განხორციელებული არალეგალური პასპორტიზაციისთვის მზადება  საქართველოს „პრობლემატურ“ რეგიონებში აქტიურად დაიწყო 2002 წლის ზაფხულიდან. გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, ანალოგიური პოლიტიკა ტარდებოდა იმ პერიოდისთვის აჭარის ნახევრად დე ფაქტო რეგიონის მიმართაც, თუმცა 2004 წლის შემდეგ, როდესაც აჭარა ჩაერთო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, შეღავათები, რომელიც ამ რეგიონისთვის იყო გათვალისწინებული (მაგალითად, გამარტივებული სავიზო რეჟიმი), გაუქმდა.

საქართველოში უკანონო პასპორტიზაციის დარეგულირებისთანავე, პროცესის გამარტივების და ლეგალიზების მიზნით რუსეთმა შეიტანა შესაბამის კანონებში ცვლილება. ცხივალის რეგიონსა და აფხაზეთში  რუსული პასპორტების არალეგალური გავრცელება გაცილებით აჩქარდა. უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ იგორ ივანოვი შეხვდა საქართველოში რუსეთის იდეოლოგიის გამტარებელთა უფროსებს: ედუარდ კოკოითს სამხრეთ ოსეთიდან, ასლან აბაშიძესა და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრს რაულ ხაჯიმბას. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს თათბირზე, იყო რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის აჩქარება ამ ტერიტორიებზე.  მითუმეტეს, ეს პოლიტიკა ხორციელდებოდა საქართველოსთან 2002 წელს ერთმხრივი სავიზო რეჟიმის  დადგენის ფონზე. რუსული პასპორტი ნებას რთავს რუსეთის მოქალაქეს, იმოძრაოს რუსეთის ტერიტორიაზე. ამ მექანიზმმა ადგილობრივ მოსახლეობაში გამოიწვია რუსეთის მოქალაქეობის მოპოვების ინტერესი. ამავდროულად საქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდებოდა მოძრაობა რუსეთში და რუსეთიდან.

მოსახლეობისთვის რუსული მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკა იყო წახალისებული ეკონომიკური და სოციალური სტიმულებით: რუსული პასპორტების მფლობელებს რუსეთი უხდიდა საქართველოს დანარჩენ ნაწილში დარიგებულ პენსიებზე მაღალ პენსიებს. ისინი იღებდნენ სხვა სოციალურ ბონუსებსა და შეეძლოთ რუსეთის საზღვრის გადაკვეთა პრობლემების გარეშე. ეს პროცესი მიმდინარეობდა ორი მიზნის მისაღწევად: პასპორტიზაციის წასახალისებლად და ამ რეგიონების რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გასაძლიერებლად. ცხინვალის რეჟიმმა ქართულ მოსახლეობას შესთავაზა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დროებითი პასპორტები, რომელსაც მიღებდნენ საქართველოს მოქალაქეობის უარყოფის შემთხვევაში, ამავდროს ასეთი მიდგომა არ ხორციელდებოდა რუსულ მოსახლეობასთან მიმართებით.

რაც ეხება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, პასპორტიზაციის ახალი გაძლიერებული ტალღა დაემთხვა 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს. ძირითადი დარღვევები დაფიქსირდა იმ რეგიონებში, სადაც ქართული მოსახლეობის რიცხვი ისედაც შეიცვალა ეთნიკური წმენდის გამო. გარდა იმისა, რომ დარჩენილი ლოკალური მოსახლეობის პასპორტიზაცია უქმნიდა დიდ საფრთხეს სამშვიდობო პროცესების წარმატებას და ეწინააღმდებოდა რუსეთის, როგორც მშვიდობიანი შუამავლის ფორმალურ სტატუსს, განხილული რეგიონების პასპორტიზაციის პროცესი ასევე არღვევს გაერო-რუსეთის სავიზო თანამშრომლობის შეთანხმებას. აგრეთვე, გარდა ამ მოქმედებათა შინაარსობრივი არალეგალურობისა, მათი ჩატარების პროცედურაც მიმდინარეობდა უხეში დარღვევების თანხლებით. კერძოდ,  პასპორტების არალეგალურად და მასობრივად გავრცელებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი შეთანხმება: ზემოთხსენებული შეთანხმების პუნქტი 3 (c) ითვალისწინებს, რომ „ რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ ითვლება პირი, რომელიც ფლობს ან იძენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას მის ნაციონალური კანონმდებლობასთან შესაბამისად“. რუსული პასპორტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გავრცელდა სხვადასხვა სუბ-წესრიგის წარმომადგენლების მიერ, რომელთაც, როგორც წესი, ჰქონდათ კავშირი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და არცერთი მათგანი არ იყო აღიარებული რუსეთის კანონმდებლობის მიერ, როგორც პასპორტების გამცემი ლეგიტიმური პირი.

ამასთან ერთად, დიდი ალბათობით, მასობრივი პასპორტიზაცია იყო წინასწარ დაგეგმილი. არსებობს პასპორტიზაციის პროცესის რამდენიმე ელემენტი, რომელიც ამ ანალიზს ამყარებს:

  • პროცესი არ ხორციელდებოდა პიროვნებების მიმართ, რომელთაც ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი. პროცესი იყო შემუშავებული და რეალიზებული მასიურად, რუსეთის ფედერაციის კონკრეტული პოლიტიკის ფარგლებში.
  • პროცესი არ იყო სპორადიული და არც დისორგანიზებული. იგი იყო კარგად მომზადებული და კოორდინირებული რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სააგენტოთა შორის.
  • ამ პოლიტიკის განხორციელება მოხდა საქართველოს ნაციონალური კანონმდებლობის აბსოლუტური  უგულებელყოფით, რომლის მოქალაქეებს მიენიჭათ მასობრივად რუსული მოქალაქეობა, რაც აშკარად არღვევდა საქართველოს სუვერენულ უფლებებსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

როგორც უკვე აღინიშნა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პასპორტების გაცემა ხორციელდებოდა დანაყოფებით, რომელნიც არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომელნიც, როგორც წესი რუსეთში ახორციელებდნენ მოქალაქეობის მინიჭების პროცესს. აღსანიშნავია, რომ წინასწარ დაბეჭდილი რუსული პასპორტები დაურიგდა რუსულ არმიას 2008 წლის აგვისტოში. 9 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალები შეეჩეხნენ 2 რუსი ჯარისკაცის სატრანსპორტო საშუალებას. ჯარისკაცები გაიქცნენ, დატოვეს რა ავტომობილი და რუსული პასპორტებით სავსე ჩანთა. ეს პასპორტები გაიცა იმავე პერიოდში, თუმცა პასპორტების გაცემის თარიღები მითითებულია 2002 დან 2008 წლამდე. პასპორტები დაიბეჭდა აგვისტომდე არც ისე ადრე და ჰქონდათ იგივე უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდები. ეს ფაქტი შეუსაბამოა იურიდიული თვალსაზრისითაც: რუსეთის მოქალაქეობის კანონის შესაბამისად, პასპორტის ნომრები მიმდევრობოთია და ისინი იზრდებიან გამოცემის თარიღის შესაბამისად, მაშინ, როდესაც ასეთ შემთხვევაში პასპორტების მიმდევრობითი ნომრები გამოიყენება დოკუმენტებში, რომელთა გაცემის თარიღიც გადანაწილებულია რამდენიმე წლის დიაპაზონზე. სხვა პასპორტების საიდენტიფიკაციო კოდებიც ადასტურებენ ზემოთთქმულს. სავარაუდოდ 4600 ასეთი პასპორტი იქნა გაცემული ხუთი დღის მანძილზე, რაც შეადგენს 1400 პასპორტს დღეში.  მათგან არცერთი არ იყო მფლობელის მიერ ხელმოწერილი. პასპორტებში ყველა ფოტო იყო ძველი და როგორც ჩანს, აღებული სხვა დოკუმენტებიდან, რამეთუ შეიმჩნევა წაშლილი, ძველი  ბეჭდების კვალი. საქართველოს ცენტრალური რეესტრის თანახმად, საქართველოს არცერთ მოქალაქეს, რომელთა სახელებიცაა მოცემული, როგორც ხსენებული პასპორტების მფლობელების, არ წაერთვა საქართველოს მოქალაქეობა.

2008 წლის რუსეთის აგრესიის წინ, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ, 42 000 ეთნიკური ქართველის გამოკლებით, რომელნიც გალის რაიონში ცხოვრობდნენ, მიიღო რუსული პასპორტები. (მაგალითად, ელბრუს კარგიევის, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა 31 519 პასპორტი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე. პასპორტის მისაღებად პიროვნებას უნდა წარედგინა იმისი საბუთი, რომ ცხოვრობდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარეთ). ამ გზით, ამ რეგიონებში იძულებით გადაადგილებულ პირებსაც კი არ შეეძლოთ გამარტივებული პირობებით სარგებლობა, არ ჰქონდათ რა სეპარატისტული რეჟიმების მიერ  გაცემული დასტური.

პასპორტიზაციის პროცესი უფრო მტკიცედ 2008 წლის ომის დროს მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების ძალდატანებით პასპორტიზაციას. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა OSCE-ს ეთნიკური უმცირესობების უმაღლესი კომისარის, კნუტ ვოლლებაიკის მიერ. უმაღლესმა კომისარმა, 2008 წლის 27 ნოემბერს გამოაქვეყნა წერილი OSCE-ს თავმჯდომარისადმი, რომელშიც გამოხატა შეშფოთება გალის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ, რამეთუ ამ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები იმყოფებიან იდენტობის, ენისა და კულტურის დაკარგვის საფრთხეში. არალეგალური პასპორტიზაციის განხორციელებამ, რომელიც დაფიქსირდა განსაკუთრებით გალსა და ახალგორში, ასევე მიიზიდა ოფისის თავმჯდომარის ყურადღება. უმაღლესი კომისარის მიხედვით, ამ რაიონებში სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ ქართველი მაცხოვრებლები ეჩეხებიან „რუსული მოქალაქეობის ძალდატანებით გავრცელებას“ და არ რჩებათ სხვა არჩევანი გარდა რუსეთის მოქალაქეობის მიღების, ან ტერიტორიის დატოვებისა. ამ მომენტისთვის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის 90%-მა უკვე მიიღო რუსეთის ფედერაციის პასპორტები. აღსანიშნავია, რომ ამ გზით აფხაზეთის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. რუსეთის ხელისუფლების ეს პრაქტიკა დაიგმო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ევროკავშირმა გაუსვა ხაზი, რომ ეს მოქმედება წარმოადგენდა გამოწვევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობისადმი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ამ ტერიტორიების ანექსიად.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის შემთხვევაში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია ამ საკითხმა. ათმა ოპოზიციურმა პარტიამ და ორგანიზაციამ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებული  „საკოორდინაციო საბჭო“ შექმნეს და ზაფხულის შუა პერიოდიდან აფხაზეთის მასშტაბით აქციების გამართვა დაიწყეს. ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლის მოხდენის მიზნით, აფხაზური ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და ომის ვეტერანი იმუქრებოდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ 30 სექტემბერს დაგეგმილ აღლუმს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.  ოპოზიციის მოსაზრებით, „მასობრივი“ პასპორტიზაცია, რომლის დროსაც აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მოქალაქეობა ენიჭებოდათ, „სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის“ საფრთხის შემცველია.

მსგავსი განწყობები პარლამენტის 18 სექტემბრის სხდომის დროსაც გამოიხატა, რომელიც არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფის შეხედულებას, არამედ ზოგადად აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას ასახავს, რომლის თანახმადაც, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თბილისმა შესაძლოა  შიგნიდან აფხაზეთის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. საკითხის კიდევ ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ სოხუმის ხელისუფლება პასპორტების და მოქალაქეობის თემებს მწვავე პრობლემად განიხილავს, რადგან ამ საკითხის მოგვარება „სახელმწიფოს მშენებლობის“ პროცესის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად მიიჩნევა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ასლან კობახიამ, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის ვეტერანია, განაცხადა 18 სექტემბრის სხდომაზე, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს ახალი ომის პროვოცირებისთვის გამოიყენებს. ოკუპირებულ რეგიონებში ასეთი განწყობის არსებობა ამტკიცებს იმ აზრს, რომ პასპორტიზაცია, მაშ შორის აფხაზური პასპორტებითაც, იყო დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე.

რუსეთი აქტიურად იყენებდა პასპორტიზაციის პროცესის შედეგებს, რათა ჩარეულიყო საქართველოს შედა საქმიანობაში ომის დაწყებამდეც. რუსული ხელისუფლების აღმსრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციებზე აღინიშნა, რომ მათი აქტიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმდინარეობდა ამ რეგიონებისა და ამ რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზეზით. ეს პრეტექსტი რუსეთმა გამოიყენა 2008 წლის აგვისტოს განმავლობაშიც. რუსული ხელისუფლების მიერ მცდელობების მიუხედავად, მიაწერონ ეს მოქმედებები „მოქალაქეების საზღვარგარეთ დაცვას“, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ამ უფლების გამოყენება ამ შემთხვევაში არ მართლდება, არ აქვს რა პირდაპირი კავშირი ამ უფლების განმარტებასთან, რომელიც დადგინდა საერთაშორისო სასამართლოს მიერ ნოტტენბომის შემთხვევაში.

არსებულ სიტუაციაში არ არსებობს კავშირი, რომელიც აღიარებს რუსეთის ფედერაციის კავშირს აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას არ აქვს სათანადო სტატუსი, რათა დაიცვას „თავისი მოქალაქეები“  საერთაშორისო სამართლის მიერ მოთხოვნილი კავშირის არარსებობის გამო. ამასთანავე, ძალის გამოყენება უცხოეთში მოქალაქეების დასაცველად არ არის უნივერსალურად აღიარებული საერთაშორისო სასამართლოს მიერ.

ზოგადად, მეზობელი სახელმწიფოსთვის, რომელიც თავს აცხადებს შუამდგომლად და მშვიდობისმყოფელად კონფლიქტში, უპრეცენდენტო შემთხვევაა  საკამათო ტერიტორიების ეთნიკური შემადგენლობის შეცვლისკენ მიმართული პოლიტიკის გატარება და ამისი გამართლება „მოქალაქეების დაცვით“. ნებისმიერი ამგვარი პოლიტიკის დაშვება ან გატარება ეწინააღმდეგება გაეროს პრინციპებს და სახელმწიფოთშორისი სუვერენულობისა და ურთიერთობების პრინციპებს.

აქედან გამომდინარე, ითვლება რა რუსეთი ოკუპანტ ძალად, ნებისმიერი მოქმედება რომელიც იქნება გამიზნული ლოკალური პოპულაციის შეცვლისკენ, ან საკუთარი მოსახლეობის დასახლებისკენ, ასევე ძალდატანებითი ტრანსპორტირების ან დეპორტაციის ნებისმიერი განხორციელებისკენ არის საერთაშორისო ჰუმანიტარული წესდებისა და კონკრეტულად, ჟენევის IV კონვენციის დარღვევა.

ყველაფერი ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში ადამიანებისთვის რუსული მოქალაქეობის მინიჭების დინამიკა შესაძლოა იყოს შეფასებული, როგორც საქართველოს დარჩენილი მოსახლეობის არალეგალური პასპორტირება ამ ორ რეგიონში, რაც დახასიათდება, როგორც რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ესაა ყველაზე საგანგაშო ამ პროცესის მოსალოდნელ შედეგებს შორის.  ის წარმოდგება, როგორც კარგად შემუშავებული პოლიტიკა, მიმართული ადგილობრივი მოსახლეობის სტატუსის შესაცვლელად, რათა შემდგომში, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შეძლოს საქართველოს შიდა ურთიერთობებში ჩარევა, შესაძლოა, ტერიტორიული შემოჭრის გზითაც.

 

წყაროები:

RECOGNITION OF GEORGIA’S TERRITORIES OF ABKHAZIA AND THE TSKHINVALI REGION/SOUTH OSSETIA AS OCCUPIED TERRITORIES;

OCCUPATION OF GEORGIA: General Principles Governing the Law of Occupation;

http://rus.postimees.ee/?id=122840;

https://www.osce.org/hcnm/item_1_32663.html ;

Question2: Please explain the process and dynamics of acquiring Russian nationality by persons residing in Tskhinvali region/South Ossetia and Abkhazia and explain the reasons for the conferral of Russian citizenship. How do you reconcile this with your assessment of the international legal status of the territories ;

http://www.civil.ge/geo/article.php?id=27365 ;

 

ავტორი: მინდია არაბული – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *