რელიგია

ისლამის რეფორმაცია

15 Feb , 2015  

დღეს კაიროს გულში დგას ისეთი ძველი და ტრიუმფალური შენობა, როგორიც თავად ქალაქია. ალ-აზჰარის უნივერსიტეტი და მეჩეთი ათას წელზე მეტია რაც ითვლება სუნიტური ისლამის სამეცნიერო ცენტრად. შეიძლება ითქვას, რომ ეს 972 წელს დაარსებული ვატიკანია ფატიმიდთა დინასტიის ხალიფების მიერ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის შთამომავლები. ფატიმა, იგივე ალ-ზაჰრა ანუ „ბრწყინვალე“. ალ-აზჰარი ნიშნავს ლიტერატურულად ყველაზე ბრწყინვალეს. მართლაც, თუ დააკვირდებით, ამ მეჩეთის მინარეთები საოცრად ბრწყინავს საღამოს, მზის ჩასვლისას.

ქალაქის ცენტრალურ ბაზართან მდებარეობს ალ-აზჰარის კამპუსი, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავი ტურისტი სტუმრობს.  ეგვიპტის არსებული დედაქალაქი, რომლის არაბული სახელწოდება „ალ-კაჰირა“ ნიშნავს „ძლევამოსილს“ იყო ათასი მინარეთის, შიიტ ფატიმიდთა იმპერიის სატახტო ქალაქი. ის აშენდა ალ-აზჰართან ერთად, რომელიც მის „ხერხემალს“ წარმოადგენდა. ახლა კი ის არაბული სამყაროს კულტურულ ცენტრად მიიჩნევა. მე-12 საუკუნეში, როდესაც დიდებულმა მუსლიმმა მებრძოლმა სალადინმა დაიპყრო შიიტური კაირო, გაძარცვა ალ-აზჰარი და დაუშვა მისი დანგრევა.

მე-18 საუკუნეში ნაპოლეონმა დაიპყრო ის და მისმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს მთელი მეჩეთი, დახოცეს სამი ათასამდე ადმაიანი. თუმცა, სამი წლის შემდეგ, ამ ქალაქმა შეძლო წინ აღდგომოდა ნაპოლეონს და ის დამარცხებული გაუშვეს ევროპაში. მე-20 საუკუნეში ბრიტანული კოლონიალური მმართველობისგან თავის დასაღწევად და უცხოელი დამპყრობლების გასაძევებლად ალ-აზჰარის სამეცნიერო საზოგადოებამ შექმნა ტექნოლოგიური საფუძვლები მათთან საბრძოლველად.  1950-იან წლებში, სოციალისტური რევოლუციის დროს, ალ-აზჰარმა ჯერ დაუჭირა მხარი პან-არაბულ იდეალებს, შემდეგ კი წინ აღუდგა მათ, რადგან გამალ აბდ ალ-ნასერმა ალ-აზჰარის სკოლა გადააქცია სეკულარულ უნივერსიტეტად, რომელსაც გააკონტროლებდა სახელმწიფო. პოსტ-რევოლუციურ პერიოდში ალ-აზჰარი გახდა ერთგვარი იარაღი სეკულარული დიქტატურის ლეგიტიმიზაციისა და მის წინააღმდეგ განწყობილი მუსლიმების წასაქეზებლად.  როდესაც ომი დაიწყო ერაყსა და ავღანეთში, ალ-აზჰარი გახდა დასაყრდენი დასავლური ანტიისლამიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მოდელი მშვიდობიანი კონსერვატიზმისა ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

შიიზმში, რელიგიურ ავტორიტეტს განსაზღვრავს პიროვნების (ალიმის) სულიერი კავშირი იმამთან და მოციქულ მუჰამედთან. სუნიზმში კი ეს დამოკიდებულია მხოლოდ ტრადიციონალიზმზე. შიიტებისთვის ეს არის სამარადისო ავტორიტეტი, რადგან ის ღვთიური ნების გამომხატველია. სუნიტთა აზრით კი ეს ავტორიტეტიი არაა მუდმივი და ეყრდნობა წარსულის ცოდნას, გამოცდილებას.  ის არ არის ღვთის მიერ ბოძებული უნარი, არამედ ადამიანის მოპოვებულია. როგორც ებრაელი რაბი, სუნიტი სასულიერო პირი არის მეცნიერი და არა მღვდელი. მისი გადაწყვეტილება ეყრდნობა არა უფლის მიერ მის ხელდასხმულობას, არამედ მისივე ტრადიციებისა და წარსულის ცოდნას, გამოცდილებას, რომელიც ეხმარება მას შეიცნოს უფლის ნება.  ამრიგად, თუ რამე დააღვევს კავშირს ალიმსა და მისივე ხელისუფლებას შორის, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ მოულოდნელი რელიგიური კრიზისი, შეარყევს მუსლიმი საზოგადოების საფუძველს და ისიც დაიწყებს ნგრევას.

ისლამის ისტორიის 1400 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი გარღვევა იყო: მუჰამედის სიკვდილი, იმპერიის შიგნით ექსპანსია, კონფლიქტი  ევროპასთან, ჯვაროსნული ომები, კოლონიალიზმი, ხალიფატის დაშლა. ჯერჯერობით ამ ყველაფერმა ვერ მოახდინა ისლამის განვითარებაზე ვერ მოახდინა ისეთი გავლენა, როგორც გლობალიზაციამ.

თოთხმეტი  საუკუნის განმავლობაში ალ-აზჰარის მეცნიერები ფლობდნენ სრულ მონოპოლიას ისლამის განმარტებაზე. ყველაფერი, დაწყებული იქიდან, თუ როდის უნდა გელოცა, იმის ჩათვლით, თუ როგორ უნდა ჩაგეცვა და ვისზე დაქორწინებულიყავი, ნაკარნახევი იყო მათ მიერ.  მოხუც სწავლულთა მიერ შექმნილი პატარა საზოგადოება განსაზღვრავდა და წინასწარმეტყველებდა ისლამის მომავალს წარსულზე დაყრდნობით. დღეს უკვე ასე აღარ ხდება.

დღეს, თუ რიგით ეგვიპტელს  სურს მიიღოს რამე რელიგიური რჩევა-დარიგება, სავარაუდოა, რომ ცნობილ ტელექადაგ ამრ ხალედს უფრო მიმართავს, ვიდრე რომელიმე განსწავლულ მეცნიერს ალ-აზჰარიდან. ამირ ხალედის ყოველკვირეული შოუ, რომლის მეშვეობითაც ის იძლევა რელიგურ რჩევებს, პოპულარულია ათობით მილიონ ახალგაზრდა მუსლიმს შორის მსოფლიოს მასშტაბით  ჯაკარტიდან დეტროიტამდე. მისი ფეისბუქის გვერდს 16 მილიონამდე მეტი მიმდევარი ჰყავს. მისი Youtube channel  26 მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის. მისი DVD ბევრად უკეთ იყიდება ვიდრე ჰოლივუდის ჰიტები. 2007 წელს ჟურნალმა „Times“  ეს პიროვნება დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამანად მე-13 ადგილზე.  ის დღეს არის ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მუსლიმი მსოფლიოში.

თუმცა, უცნაურია ის ფაქტი, რომ ამრ ხალედი არაა მეცნიერი, არც სამღვდელო პირი, არასდროს უსწავლია ალ-აზჰარში ან სხვა რომელიმე აღიარებულ სასწავლებელში. მას არასდროს უსწავლია ისლამი და ისლამური სამართალი, რადგან პროფესიით ბუღალტერია. ისლამური სამართლის მიხედვით, მას არ აქვს თავისი იდეების ასე ფართოდ გავრცელების და ისლამის ინტერპრეტირების უფლება. თუმცა, მან ინტერნეტისა და ტელევიზიის წყალობით, შეითავსა თავისთავად ალიმთა როლი. ამ საქმეში ის არაა მარტო. მსოფლიო მასშტაბით უამრავი თვიგამოცხადებული ქადაგი, სასულიერო გურუები, აკადემიკოსები, აქტივისტები, მოყვარული ინტელექტუალები იწყებენ ისლამის თავიდან განმარტებას საკუთარი ინტერპრეტაციით. ახლა ისინი იწყებენ საუბარს მომავალზე.

სწორედ ეს არის ისლამური რეფორმაცია.

ტერმინ რეფორმაციას უკავშირდება ძალიან ბევრი კულტურული და რელიგიური საკითხი, რის გამოც ხშირად მის გამოყენებას რელიგიის მეცნიერები ერიდებიან. მისი ქრისტიანული და ევროპული კონოტაციის მიღმა ის აღნიშნავს რაღაცის ნაკლებობას, განვითარების საჭიროებას. ისტორიული კონტექსტის გარეშე, ის აღნიშნავს უნივერსალურ რელიგიურ ფენომენს, რომელსაც თითქმის ყველა რელიგიაში შევხვდებით. ქრისტიანულ რეფორმაციაში ეს იყო დავა იმის შესახებ, თუ ვის ქონდა რწმენის განმარტების უფლება: ინდივიდს თუ რაღაც ინსტიტუტს. ამან ჩაუყარა საფუძველი სექტების არსებობას ქრისტიანობაში და გახდა სქიზმის მიზეზიც. ქრისტიანული რეფორმაციის კონფლიქტი უდავოდ იყო უნიკალური რამ როგრც ქრისტიანული ისე მთლიანად ევროპის ისტორიაში. თუმცა, რელიგიათა მთელი ისტორია, განსაკუთრებით კი ე.წ. „დასავლური რელიგიები“  შეიძლება განვიხილოთ როგორც მუდმივი კონფლიქტი ინსტიტუციებსა და ინდივიდებს შორის რელიგიური ავტორიტეტის საკთხის ირგვლივ.  პოლიტიკური ძვრებისა და სოციალური დაძაბულობის პერიოდში შეიძლება ეს მუდმივად მიმდინარე კონფლიქტი ერთბაშად ამოიფრქვას და სავალალო შედეგები მოიტანოს.

ასე მოხდა სწორედ პირველ  საუკუნეში როდესაც მებრძოლი ებრაელების ჯგუფმა რომის იმპერიის მიერ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე გამოიწვია ეკლესია და სამღვდელოება იუდაიზმის განმარტების უფლებაში. ამ მოვლენას „ებრაული რეფორმაცია“ ეწოდა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა არა მხოლოდ რაბინისტული იუდაიზმი, არამედ იუდაიზმის სრულიად ახალი სახე- ქრისტიანობა. მთავარი როლი ამ საქმეში მიეწერება ერთ ებრაელ რეფორმატორს, რომლის ძირითადი მესიჯიც იყო ის, რომ რწმენის განსაზღვრის უფლება აქვს არა რომელიმე სასულიერო პირს ან სამართლის მასწავლებელს, არამედ ნებისმიერ მორწმუნეს.

რეფორმაცია, რომელმაც დაბადა ქრისტიანობა, დასრულდა 15 საუკუნის შემდეგ, როდესაც მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა თავისი 95 თეზისი. რა თქმა უნდა ეს არ მომხდარა მხოლოდ რეფორმაციის დაწყების მიზნით და იმ უკმაყოფილებით, რომელსაც კათოლიკური ეკლესია იწვევდა ხალხში.  ქრისტიანული რეფორმაცია იყო შედეგი იმ გრძელი და რთული პროცესისა, რომელიც დაიწყეს მე-14 საუკუნეში გავლენიანმა საეკლესიო პირებმა ეკლესიის შიგნით (ჯონ უიკლიფი-ინგლისი, ჟან გერსონი-საფრანგეთი). ვიდრე მარტინ ლუთერი ავგუსტინელების მკაცრ საეკლესიო წესებს შემოიღებდა, ქრისტიან ჰუმანისტებს უკვე რენესანსის შტრიხები ჰქონდათ შეტანილი შუასაუკუნეების თეოლოგიაში-ლათინური ენა მიღებული იყო ბიბლიის ენად.

მე-16 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი დესიდერიუს ერასმუსი 1516 წელს უკვე საუბრობდა თავის „ახალ აღთქმაში“ პროტესტანტულ იდეოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც ღვთისმშობელის სახე უფრო მოწყალეა, ვიდრე დიდებულების გამომხატველი. იოანეს ცრემლები კი მათეს სახარებაში „მონანიების“ გამომხატველი გახდა და არა ეპიტიმიის აღსრულების.

რა გამოყოფდა ლუთერს ერასმუსისგან, ჰუმანისტებისგან და მიაკუთვნებდა მას ქრისტიანული რეფორმაციის წამქეზებლის სტატუსს?!  მას არ ჰქონდა ინტერესი კათოლიკური ეკლესიის რეფორმირებისა, რადგან მას, როგორც ანტიქრისტეს ტახტს ისე უყურებდა. ლუთერს მთლიანად დამხობა სურდა ეკლესიისა, რომელსაც სრული სასულიერო ძალაუფლება ჰქონდა მოპოვებული ადამიანებზე და არა მისი რეფორმაცია. მისი აზრით, ბიბლიის ინტერპრეტირების უფლება მხოლოდ პაპს არ უნდა ჰქონოდა, არამედ უფლის სიტყვის წაკითხვა და გაგება ჩვეულებრივ, რიგით მორწმუნეებსაც უნდა შესძლებოდათ.

რეფორმაციის ფენომენი, რომელმაც სრულიად შეცვალა ქრისტიანობაც და იუდაიზმიც იღებს სათავეს  ისლამშიც XIX-XX საუკუნეში როდესაც ევროპული კოლონიალიზმის ქვეშ ცხოვრობდა მსოფლიო მუსლიმთა ოთხმოცდაათი პროცენტი. იუდაიზმისა და ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამს არასდროს ჰყოლია ერთი ავტორიტეტი. არ არსებულა „მუსლიმური ეკლესია“ ან „მუსლიმი პაპი“. ხალიფატი იყო არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუტი. განსაკუთრებით სუნიტურ ტრადიციაში, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, რელიგიური ავტორიტეტი არაა ლოკალიზებული ერთ რომელიმე ინსტიტუციაში, მათ შორის არც ალ-აზჰარში. ის მოიცავს ყველა სამართლის სკოლას და დაპირისპირებულ სასულიერო ინსტიტუტებს, რომელთაც აქვთ ისლამის ინტერპრეტირების უფლება მუჰამედის სიკვდილის შემდეგ.

ხალიფატის დაშლის შემდეგ, რომელიც აღმოჩდა სუსტი ინსიტუტი მუსლიმთა გაერთიანებისთვის, მუსლიმ საზოგადოებას გაუჭირდა თავის წარმოდგენა ერთიანი მორწმუნე სამყაროს ნაწილად. ამ გეოგრაფიული ფრაგმენტაციის შედეგი არის იმ საერთო იდეალების მსხვრევა, რომელზეც დგას ისლამი.  პან-არაბული და პან-ისლამური იდეოლოგიები  ცდილობდნენ  გაეერთიანებინათ მუსლიმები გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში. თუმცა, როგორც კი ეს იდეოლოგიები დაიმსხვრა, მოვიდა მუსლიმთა ახალი, რელიგიურად გაუნათლებელი თაობა , რომელმაც აღარ იცოდა რა იყო უმმა (მუსლიმური თემი)  და არც მასში გაერთიანების სურვილი ჰქონდა. ამავდროულად, ძალიან დიდი ყურადღება მიექცა  თანამედროვე განათლებას, რამაც ბევრ ისლამურ ქვეყანაში გამოიწვია განათლების მიღების და წერა-კითხვის ცოდნის მასშტაბური სურვილი. ამან დაამსხვრია ალიმების, როგორიც განათლებული და ისლამის მცოდნე ადამიანების სტატუსი. იკლო ალიმთა ინსტიტუტში განათლების მიღების მსურველთა რიცხვმაც. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მუსლიმური იდენტობის ალტერნატიული ფორმების გამოჩენამ, როგორიცაა პოლიტიკური ისლამი, ისლამური სოციალიზმი და ჯიჰადიზმი, დაადანაშაულა ალიმები როგორც ისლამური ცივილიზაციის დაკნინებაში, ასევე მუსლიმთა მორალურ გარყვნაში. ამის შედეგია ის, რომ მივიღეთ ერთგვარად დემოკრატიზირებული რელიგიური ავტორიტეტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს ვისაც საკმარისად ქარიზმატულია, რომ სცენაზე იდგეს და ორატორის ნიჭიც აქვს.  ის იღებს იმ  პრივილეგიებს, რომელიც ერთ დროს მხოლოდ მუსლიმ სასულიერო ფენას ჰქონდა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიმები ინარჩუნებდნენ ისლამის ინტერპრეტირების უფლებაზე მონოპოლიას  არის ის, რომ მხოლოდ მატ შეეძლოთ  წმინდა ტექსტების კითხვა. მე-17 საუნუკიდან, როდესაც შეიკრიბა, დაიწერა და დაკანონდა ორიგინალის სახით არაბულ ენაზე ყურანის მხოლოდ ერთი ვერსია, სწორედ ალიმები  კითხულობდნენ მას, რადგან ამ პერიოდში მუსლიმთა უმეტესობა (80%) არ ფლობდა არაბულ ენას, თარგმნა კი შეუძლებელი იყო, რადგან მიიჩნეოდა რომ, ტექსტის დამახინჯება დაუშვებელი იყო.

დღემდე, არაბულის გარდა სხვა ენაზე დაწერილი ნებისმიერი ყურანი ითვლება ინტერპრეტირებულად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურანს არ თარგმიან. დღეს ამ საკითხისადმი ხედვა სრულიად შეიცვალა. უფრო და უფრო მეტი  მუსლიმი ზურგს აქცევს საუკუნეთა განმავლობაში ალიმთა ინტერპრეტაციებს და ინდივიდუალურად კითხულობს ყურანს, მედიტაციის გარეშე. არაბულ ენაში არსებობს კიდეც ორი ტერმინი: „ თაჯდიდ“- აღდგენა, განახლება  და „ისლაბ“-რეფორმირება.

დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამუკური მოძრაობები ისლამში  იქმნება მუსლიმთა საერთაშორისო საზოგადოებების მიერ- ყურანისტები, რომლებიც უარყოფენ ავტორიტეტის ყველა წყაროს-ჰადისებს, სუნას, შარიათს. ისინი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ყურანით.

საღვთო წერილები ყოველთვის იყო ბიძგი რელიგიური რეფორმაციისთვს და მწვავე დავის საგანი. არცერთი რეფორმაცია არ იქნება წარმატებული მანამ, სანამ თითოეულ მორწმუნეს არ შეეძლება თავად წაიკითხოს ის  რელიგიური ტექსტები,  რომლებსაც კითხულობენ  სასულიერო პირები თუ სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტები. ლუთერის კონცეფციაც სწორედ ამაში მდგომარეპბდა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონოდა ბიბლიის ინტერპრეტირების უფლება და საშუალება პაპის მედიატორობის გარეშე მისი განმარტებისა. სწორედ ამ მიზნით თარგმნა მან ბიბლია ლათინურიდან  გერმანულად- მასების ენაზე.

სწორედ ასე უნდა მოხდეს ადამიანის საჭიროებების მიხედვით ყურანის ინტერპრეტირება ნებისმიერი მორწმუნე მუსლიმის მიერ. ამ გრძელი და რთული პროცესის შედეგად კი მუსლიმები მთელ მსოფლიოში გამოცოცხლდებიან და მიხვედიან, რომ არაა საჭირო მედიატორი მორწმუნესა და ღმერთს შორის, რომ ნებისმიერს შეუძლია შეიცნოს უფლის ნება. წარსულთან კავშირი არ ნიშნავს ბედისწერას და გადაწყვეტილ მომავალს. ზოგიერთი ამ რადიკალურ კრედოს იყენებს სრულიად ახალი ისლამის ინტერპრეტირებისთვის, რომელიც ახალისებს პლურალიზმს, ინდივიდუალიზმს, მოდერნიზმს და დემოკრატიას. ზოგიერთი პირიქით, ავითარებს ისლამის ახალ იდეებს, არატოლერანტიზმს, ფანატიზმს, ომის სურვილს. რომელი ინტერპრეტაციაა ნამდვილი ისლამი? სწორედ ესაა საკითხავი მას შემდეგ, რაც ინსტიტუციონალური ავტორიტეტის უარყოფამ ყველა ინტერპრეტაცია თანაბრად ავტორიტეტულად ცნო.

როგორც მარტინ ლუთერმა განმარტა, როდესაც რიგით მორწმუნეს შეუძლია რელიგიის ინტერპრეტირება თავისით, ვეღარავინ უკარნახებს მას, თუ როგორ გაიგოს რწმენა- აღარ იქნება რელიგიის ძალადობრივი აღქმა. როგორც ქრისტიანულმა რეფორმაციამ გაუღო კარი მრავალ სხვადასხვა, ხშირად შეუსაბამო ინტერპრეტაციას, ისლამურმა რეფორმაციამაც წარმოქმნა ბევრი განსხვავებული ისლამური იდეოლოგია. რაც არ უნდა იყოს, ამრ ხალედის ისლამი უფრო მშვიდონბიანი და ტორელანტურია, ბინ ლადენისა კი ძალადობრივი იყო. რეფორმაციის შემდგომი ეს ორი დაპირისპირებული მხარე  ეფუძნება იმ აზრს, რომ ისლამის ინტერპრეტირება არაა მხოლოდ ალიმთა პრივილეგია. კარგია თუ ცუდი, ძალაუფლება ეკუთვნის თითოეულ მუსლიმს.

ალ-აზჰარის უნივერსიტეტის კამპუსიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დოკკის ბიზნეს კვარტალში, ერთ-ერთ საოფისე შენობაში დაახლოებით 150 სრული განაკვეთით მომუშავე ადამიანი (20-30 წლის) განაგებს ინტერნეტ საიტს, რომელსაც ძალიან მალე გაუჩნდა ბევრი მომხმარებელი ინტერნეტ სივრცეში. IslamOnline.net-ს ყოველდღიურად თითქმის ერთი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა უმეტესობაც ასაკით 18-დან 24 წლამდეა (ეს საიტი აგრეთვე ყველაზე პოპულარულია მუსლიმ ქალებში). მომხმარებლებს შეუძლიათ მსოფლიოს ახალ ამბებსა და ინფორმაციებს ადევნონ თვალყური, მიიღონ ცნობები ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ, იკამათონ ისლამურ კანონებზე, განიხილონ პოლიტიკა, ხელოვნება, კულტურა და ურთიერთობა დაამყარონ თანამოაზრე მუსლიმებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. IslamOnline-ის ყველაზე აღსანიშნავი ნაწილი არის საიტის პოპულარული „ფათვა ბანკი“.

თუ ადრე მუსლიმს კარიოში მოუნდებოდა ფათვა, ან რელიგიური რჩევა საკამათო საკითხზე, ის ალ-აზჰარი უნივერსიტეტის ღირს სწავლულებთან უნდა მისულიყო და მათთვის მოესმის, რომელთა მოსაზრებებიც რელიგიურ და საზოგადოებრივ საკითხებზე აუცილებელ კანონს წარმოადგენდა. დღეს ამ მუსლიმს შეუძლია დარჩეს სახლში და IslamOnline-ის ვრცელი არქივის საშუალებით მოიძიოს ახალი და ძველი გამოქვეყნებული ფათვები, რომელსაც მუფტების საყოველთაო ასამბლეა აქვეყნებს. მათი თემები მოიცავს ქალთა საკითხებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რელიგიურ ურთიერთობებს, ფულის მოძრაობას და ბიზნესის წარმოებას, სპორტს და თამაშებს, ომსა და მშვიდობას და ამგვარად ნებისმიერ საკითხს. საიტზე აგრეთვე გამოყოფილია სექცია, სადაც მოცემულია უკვე მზა ფათვები დღის top story-სთან დაკავშირებით.

IslamOnline-ზე განთავსებულია ათი ათასობით ფათვა, რომელთაგან თითქმის 5 000 ინგლისურ ენაზეა. ვინაიდან ფათვები შეგროვებულია ძალიან ბევრი წყაროდან, მომხმარებელი ხშირად აწყდება ერთი და იმავე საკითხზე რამდენიმე ფათვას, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის საპირისპიროა. მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვროს, რომელი ფატვაა მისთვის მისაღები. თუ მომხმარებლისთვის სასურველი ფათვა არ მოიძებნება საიტზე, IslamOnline-ის მომსახურე პერსონალი სიამოვნებით დააკავშირებს მას „კიბერ-მუფტისთან“, რომელიც მომხმარებელს გაესაუბრება და მიაწოდებს დამაკმაყოფილებელ ფათვას 24 საათზე ნაკლებ დროში. თუ მომხმარებელი ამ შემთვევაშიც უკმაყოფილო დარჩება, მას შეუძლია ესტუმროს IslamOnline-ის კონკურენტ საიტებს, როგორებიცაა: FatwaOnline.com, IslamismScope.net, Almultaka.net, Islam-QA.com (რომლის ფათვები 12 ენაზეა წრმოდგენილი), AskImam.org. ყველა მათგანს საკუთარი ფათვების მონაცემთა ბაზა აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის საპირისპიროა. თუ ესეც არ აღმოჩნდება საკმარისი, არსებობს AmrKhaled.net ან ერაყის უმაღლესი აიათოლა ალი ალ-სისთანის საიტი Sistani.org, ან ათასობით მსგავსი ვებ-გვერდი, რომელსაც სათავეში უდგანან სხვადასხვა სულიერი ლიდერები, აქტივისტები, აკადემიკოსები, საერო ლიდერები, სულიერი მოძღვრები, ინტელექტუალები, რომელთაგანაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივ თემზე მხოლოდ IP address-ის მეშვეობით. და ვინაიდან ისლამში არ არსებობს ცენტრალიზებული რელიგიური ავტორიტეტი, რომელიც დაადგენს რომელი მოსაზრებაა საღი და რომელი არა, მომხმარებელს შეუძლია მარტივად აირჩიოს ის ფათვა, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია.

რთულია იმ გავლენის განსაზღვრა, რაც ინტერნეტმა მოახდინა არამხოლოდ ისლამის ევოლუციაზზე, არამედ უფრო ფართოდ – ისლამში რელიგიური ხელისუფლება გაიფანტა და დემოკრატიული სახე მიიღო. ერთადერთი შესაძლო შედარება, რაც შეიძლება მოვიყვანოთ, უკავშირდება ბეჭდვითი მედიის განვითარებას. ტექნოლოგიების წინ წაწევამ ქრისტიანულ ევროპას უბიძგა რეფორმაციისკენ, მმართველებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი იდეები მთელ კონტინენტზე გაევრცელებინათ. ამის მსგავსად ინტერნეტი გახდა ძირითადი წყარო, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ისლამური რეფორმაცია. იდეები და მოსაზრებები, რომელთა ისლამური სამყაროს საზღვრებს გარეთ გავრცელებასაც ათწლეულები, საუკუნეებიც კი სჭირდებოდა, ახლა მხოლოდ მაუსზე თითის დაწკაპუნებით არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მილიონობით მუსლიმმა გაიადვილა ხელმისაწვდომობა ჭეშმარიტი რელიგიური სწავლულების და მათი მსგავსი უცნობი ინტელექტუალების ფიქრებსა და მოსაზრებებთან. საუდის არაბეთის მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტის ცნობილი მუფტის აზრით: „დღეს ფატვა გახდა ისეთი რამ, რაც ყველას შეუძლია გასცეს. ეს ძალიან საშიშია, რადგან მცდარმა ფათვამ შესაძლოა გამოიწვიოს სრული განადგურება“.

მუფტის ნათქვამში მართლაც არის რაღაც სიმართლე. ინტერნეტი შესაძლოა რელიგიური ხელისუფლების დემოკრატიზაციას, საინტერესო ახალი იდეების გავრცელებას უწყობდეს ხელს, მაგრამ ის აგრეთვე ქმნის გარემოს, სადაც ისლამის ინდივიდუალური ინტერპრეტაციები ერთმანეთს ეპაექრებიან მუსლიმთა გულის და გონების მოსაგებად. უფრო მეტიც, ინტერნეტი გახდა ადგილი, სადაც ისლამის ძალადობრივ ინტერპრეტაციებს, ჯიჰადიზმს ავრცელებენ. ის სამხედრო მქადაგებლებსა და პროპაგანდისტებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ ულამას ძალაუფლებას და თავიანთი ანტი-ინსტიტუციონალური მესიჯები მიაწოდონ პირდაპირ მუსლიმურ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში. ანონიმურობის გამო ყოველთვის რთულია ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთისგან გაარჩიო ულამა და ჯიჰადისტი, სანდო სწავლული და საშიში დილეტანტი.

ამგვარად ეს სწორედ იმ მიზეზით ხდება, რომ ინტერნეტი წარმოჩინდა სულიერი მოძღვრების მთავარ წყაროდ ახალი თაობის პოლიტიკურად აქტიური, სოციალურად შეგნებული და გლობალიზებული მუსლიმი ახალგაზრდობისთვის. ინტერნეტმა – ტურიზმის ზრდასთან, სატელიტ ტელევიზიებთან და სოციალურ ქსელებთან ერთად – მუსლიმ ახალგაზრდებს შესთავაზა სამყაროს სრულიად ახალი ხედვა და ამასთან ერთად დანერგა ჯანსაღი უნდობლობა ინსტიტუციონალური ხელისუფლების მიმართ, იქნება ეს მთავრობა თუ ულამა. რეალურად, ბევრისთვის ეს ორი ინსტიტუტი ერთიანად მიიჩნევა. საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ, მთავრობა ცდილობს ულამაზე კონტროლის დამყარებას, მოითხოვს თავიანთი მმრთველობის დაცვას, ირჩევს პარასკევის ლოცვის ლიდერებს და შემდეგ წერენ ქადაგებებს. ამან წარმოშვა ფართოდ გავრცელებული აზრი ბევრ მუსლიმს შორის, რომ სახელმწიფომ ულამა თავის შემადგენლობაში შეიყვანა და შესაბამისად მათი სამართალიც მნიშვნელოვან სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ სახკითხებზე არ შეიძლება იყოს სანდო.

ასეთი რეაქცია მოჰყვა მუსლიმი იმიგრანტების სწრაფ გადასახლებას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ინდივიდუალიზმი და ანტი-ინსტიტუციონალური ეთიკა დანერგილია საზოგადოებრივ წყობილებაში. სრულიად ახალი თაობა, რომელსაც ევროპიზებული მუსლიმები ეწოდება, სულიერ მოძღვრებას არა თავიანთი მშობლების დიდ მეჩეთებში (ამერიკელი მუსლიმების 1/3-ზე ნაკლები დადის მეჩეთში), არამედ პატარა „გარაჟის მეჩეთებში“, სტუდენტურ ჯგუფებში, სულიერ წრეებსა და ისლამურ ცენტრებში ეძებენ. მსგავსი დაწესებულებები ტრადიციული ინსტიტუტების ხელმძღვანელობისგან სრულიად დამოუკიდებელია და საერთოდ დაშორებულია თავიანთი სამშობლოს საზოგადოებრივი და კულტურული შეზღუდვებისგან. რეალურად, მუსლიმების რაოდენობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მაინც შედარებით მცირეა. მიუხედავად ისტერიისა, რომელიც დასავლეთის „ისლამიზაციით“ არის ცნობილი, მუსლიმები ევროპის მოსახლეობის მხოლოდ 7.6%-ს წარმოადგენენ, შეერთებული შტატების მოსახლეობის 2.11%-ს (2014 წლის მონაცემები). მიუხედავად ამისა, ანუ ამ მცირე რაოდენობებისა, სიტყვის და აზროვნების თავისუფლებამ, რომლითაც ისინი სარგებლობენ და ამასთანავე, უკეთესმა წვდომამ ახალ კავშირგაბმულობის ტექნოლიგიებზე, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ საკუთარი ინოვაციური ხედვები თანამედროვე ისლამის შესახებ გაუზიარონ დანარჩენ სამყაროს, მათ, ანუ „ვესტერნიზებულ“ მუსლიმებს დიდი გავლენა მოაპოვებინა მათივე რელიგიის წარმომადგენლებზე, რომელებიც მუსლიმურ სახელმწიფოებში ცხოვრობენ.

რაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებს საერთო აქვთ მსოფლიოს სხვა მუსლიმებთან, არის ის, რომ მათი დაახლოეთით ¾ 35 წელს ქვემოთაა. მსოფლიოს ზოგ ნაწილში, ახლახან ირანში, თუნისში, ეგვიპტეში, ალჟირსა და იემენში მუსლიმი ახალგაზრდების გააქტიურებამ საზოგადოებაში შექმნა ჯიუტ მოქალაქეთა ფენა, რომლებიც დაიღალნენ პოლტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობით და სურვილი აქვთ წინ აღუდგნენ მთავრობას და მოითხოვონ კუთვნილი უფლებები და პრივილეგები. Facebook-მა, Twitter-მა და სხვა სოციალურმა მედია პლათფორმებმა ამ მსოფლიო ახალგაზრდულ საზოგადოებას მიაწოდა განსხვავებული მსოფლიო ხედვა, შესაძლებლობები და განსხვავებული სოცილური სტრუქტურის იდეა. ცხადია, ბევრი ახალგაზრდა მუსლიმისთვის ინტერნეტი მხოლოდ კომუნიკაციისა და სულიერი საზრდოს წყარო არ არის. ეს არის პლათფორმა, რომლიდანაც უმმას ახალ ხედვას ეყრება საფუძველი – „ვირტუალური უმმა“, რომელიც დამყარებულია არა რელიგიურ თავდადებულებასა, არამედ საერთო ინტერესების, ღირებულებები და დამოკიდებულებებზე.

მსგავსი სურვილი, გადააკეთონ რელიგიური ხელისუფლება, ხელახლა განსაზღვრონ უმმას მნიშვნელობა და წყობა, არის ის, რამაც მიიზიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუსლიმი სამხედრო ინდივიდუალიზმის და რადიკალური ანტი-ინსტიტუციონალისტური ისლამისკენ, რომელსაც ჯიჰადიზმი იცავს. ჯიჰადისტი ლიდერები იყენებენ ინტერნეტს, რათა მიწვდნენ ახალგაზრდა მუსლიმებს, რომლებიც შესაძლოა სოციალურ, ეკონომიკურ და რელიგიურ გარიყულობას გრძნობდნენ საკუთარი თემისგან, შემდეგ სთავაზობენ მათ ალტერნატიული თემს და იდენტობას. ბინ ლადენი, მაგალითად, ინტერნეტს სივრცეს იყენებდა იმისათვის, რომ თავი წარმოედგინა, როგორც რელიგიური ხელისუფლების მეტოქე, გასცემდა საკუთარ ფათვებს, რომელსაც ყურანის საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე ხსნიდა. თუნდაც ამრ ხალედი – ის არ იყო სასულიერი პირი და არანაირი სახის სემინარიული სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

ჯიჰადისტი ლიდერები საკუთარ ძალაუფლებას ამყარებენ სასულიერო ინსტიტუტებისგან სრული განცალკევებით. ცხადია, სრულიად ჯიჰადისტული იდენტობა განვითარებულია ულამას აბსოლიტურად საწინაარმდეგოდ, რის გამოც მათი ლიდერები მიიჩნევიან წარსულის დიდი რელიგიური რეფორმისტების მსგავსებად, განსაკუთრებით ეს ეხება ეგრეთწოდებულ ქრისტიანული რეფორმაციის რადიკალურ რეფორმისტებს, როგორებიც არიან: ჰანს ჰატი, ჯეიკობ ჰატერი და თომას მიუნცერი. სინამდვილეში, ბინ ლადენს შესაძლოა უფრო მეტი საერთო ჰქონდეს ცნობილ ქრისტიან რეფორმატორებთან, როგორიცაა მარტინ ლუთერი, ვიდრე ზოგი აღიარებს. ლუთერი იცავდა მსგავს ანტი-ინსტიტუციონალურ წესებს ბიბლიის კითხვისას და ქრისტიანული ტრადიციების განხორციელებისას და ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა მის აღქმასთან დაპირისპირებულ ინტერპრეტაციებს. ის არც ძალადობას ერიდებოდა მასსავით რეფორმისტების წინააღმდეგ, რომელსაც იგი არ ეთანხმებოდა. გლეხთა აჯანყების დროს 1525 წელს, რომელიც ლუთერის მოწინააღმდეგე თომას მიუნცერის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ლუთერმა საკუთარი თავი არამხოლოდ სეკულარულ მოსამართლეებს გაუთანაბრა, არამედ საჯაროდ მოუწონა გლეხების წინააღმდეგ მიმართული მასიური მკვლელობებისკენ. ის წერდა: „ყველამ, ვისაც შეუძლია, უნდა ურტყას, ცემოს და მოკლას ისინი ფარულად ან ღიად. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე მომწამლავი, მტკივნეული ან საშინელი, ვიდრე აჯანყებაა“. 100 000-ზე მეტი გლეხი იქნა დახოცილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნაკლებად ტოლერანტული სახე მიიღო რეფორმაციის ფენომენმა, რომელმაც დასაბამი მისცა ჯიჰადიზმს, ის მაინც გრძელდება. მან გავლენაც კი მოახდინა ისეთ სასულიერო ინსტიტუციებზე, რომლის წინააღმდეგაც წამოიზარდა საწყისს ეტაპზე. ახალმა კლასმა, ეგრეთ წოდებულმა „დისიდენტი ულამები“ (სასულიერო პირები და მასწავლებლები, რომლებმაც დამოუკიდებლობა განაცხადეს აღიარებული სამართლებრივი სკოლებისგან), დაიწყო დიდი რაოდენობით მიმდევართა შემოკრება ისლამური სამყაროს მასშტაბით. ამ ულამებმა თავიანთი თავი მოხეტიალე მქადაგებელების მსგავსად გარდაქმნეს, ვინაიდან ისინი ქმნიდნენ პარალელურ გავლენიან სტრუქტურებს ტრადიციული სასულიერო ინსტიტუცების საწინააღმდეგოდ. ამავე დროს, ტრადიციულმა ინსტიტუციებმა დაიწყეს გავლენისა და ძალაუფლების სხვადასხვა ზომების გატარება იმავე ტაქტიკის გამოყენებით, რომელსაც იყენებენ მათი რეფორმისტი მეტოქეები. დაარქვით კონტრ-რეფორმაცია თუ ასე გნებავთ. ალ-აზჰარმა დაიწყო თავისი სატელევიზიო სიხშირის გადაცემა, რომელიც გადმოსცემს ინგლისურად, ფრანგულად და ურდუზე (სხვა ენებთან ერთად). ამ საშულებით ის ებრძვის პოპულარული მქადაგებლების გავლენას, როგორიცაა ამრ ხალედი. ამჟამად, თითქმის ყველა სასულიერო ინსტიტუციას მსოფლიოში აქვს თავისი მნიშვნელოვანი ონლაინ წარმომადგენლობა. საყოველთაოდ აღიარებულია ულამების მხრიდან, რომ მათი ძალაუფლება და რეპუტაცია დამყარებულია მათ შესაძლებლობაზე გამოიყენონ სოციალური მედიის საშუალებები, რათა ჩართონ ახალგაზრდა მუსლიმები მსჯელობაში. შედეგად ვიღებთ ქაოსს, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა წყაროებიდან. ყველა მათგანი ცდილობს საკუთარი იდეების, ღირებულებების, აზრებისა და ინტერპრეტაციების გავრცელებას, რომელთაგანაც ბევრი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ყველა იბრალებს უფლებას განსაზღვროს მომავალი.

რეფორმაციები, როგორც ქრისტიანობის ისტორიიდან ვიცით, შეიძლება ქაოსური და სისხლიანი იყოს. ისლამის რეფორმაციამ უნდა გაიაროს რაღაც გზა სანამ ის დასრულდება. შესაძლოა ძალიან ადრეა სპეკულირება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს რადიკალური ინდივიდუალიზმი და ანტი-ინსტიტუციონალიზმი, რომელმაც მოიცვა მუსლიმები მთელ მსოფლიოში, ისლამზე მომდევნო წლებში. მაგრამ ერთი რამ ნათელია: ძველი და გაიდეალურებული, სრულყოფილებისკენ მიმართული და სრულიად წარმოსახვითი ხედვა, დამუშავებული იმ ფუნდამენტალისტების მიერ, რომლებიც იბრძვიან ისლამის ხელახლა შექმნისთვის, დასრულდა.

ბევრი წელი დასჭირდა იმას, რომ არაბეთი გაწმენდილიყო „მცდარი კერპებისგან“. უფრო მეტ დროს წაიღებს ისლამის განწმენდა ახალი მცდარი განშტოებებისგან, როგორიცაა ფანატიზმი, რომელსაც მისდევენ ისინი, ვინც მუჰამადის საწყისი ხედვა ტოლერანტობასა და ერთინობაზე ჩაანაცვლა საკუთარი სიძულვილის იდეით. განწმენდა არის გარდაუვალი, და რეფორმა არ შეიძლება შეჩერდეს.

ლიტერატურა:

No god, but God (The origins, evolution, and future of Islam) – by Reza Aslan

2011 Random House Trade Paperback Edition

ავტორები: ნინი მოდებაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.
სოფიო შარიქაძე –  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, მომავალ დიპლომატთა კლუბის სოციალური მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *