პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

გეოპოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში XVI საუკუნიდან I მსოფლიო ომამდე

16 Feb , 2015  

ახლო აღმოსავლეთში დიდი გეოპოლიტიკური ძვრების ახალი ტალღა მაშინ დაიწყო, როდესაც საბოლოოდ განადგურდა არაბული სახალიფო. შევეცდები, განვიხილო რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და მასში ჩართული სახელმწიფოების როლი. რეალურად რეგიონში XVI ს.-დან მოყოლებული ორი სახელმწიფო გვხვდება: ოსმალეთი და სპარსეთი. განვიხილოთ სახელმწიფოები ცალ-ცალკე.

ოსმალეთი

XIII ს.-ის ბოლოს შეიქმნა ოსმალეთის იმპერია და დაიწყო სწრაფი ტერიტორიული ზრდა. ოსმალეთის არსებობის საწყის სტადიაზე მისი გეოპოლიტიკა მთლიანად ეფუძნებოდა ექსპანსიას. ამ დროს ოსმალეთი წარმოადგენდა ტიპურ სამხედრო-ფეოდალურ სახელმწიფოს, რომლის მიზანი იყო გაფართოება მეზობელი ქვეყნების ხარჯზე და მათი სტაბილური ექსპლუატაცია (პირველ ეტაპზე, ბანალური ძარცვა – „მეკობრეობა“).

ოსმალეთის იმპერიამ საკმაოდ დიდ ხანს, 6 საუკუნეს, იარსება. მისი თავდაპირველი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მისი პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა და იმ დროს არსებული გეოპოლიტიკური ვითავრება:

ვიდრე უშუალოდ XVI ს.-მდე მივალთ, ძალიან მოკლედ განვიხილოთ რა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ოსმალეთის სწრაფი განვითარება. მას ესაზღვრებოდა ჯვაროვნების ლაშქრობების მერე დასუსტებული და გაძარცვული ბიზანტია, ამიტომ ის მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ასევე, აღმოსავლეთით მას ესაზღვრებოდა ძველი სახალიფოს ნარჩენები. საწყის ეტაპზე თურქების და შემდეგ მონღოლების ლაშქრობებმა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო აპარატები ძალიან დაასუსტა. ასევე სპარსეთიც არ წარმოადგენდა პრობლემურ ძალას, რადგან ის XVI ს.-მდე დანაწევრებული და სუსტი იყო. თავის მხრივ ამ პერიოდში ევროპაშიც დაძაბული ვითარება იყო და არავის ეცალა ახლო აღმოსავლეთისთვის. ძირითადად იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები აქტიურობდნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ისინი ოსმალეთს იყენებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად (ვენეცია და გენუა). სწორედ გენუელების დამსახურებაა ოსმალების გადასვლა ევროპაში. ევროპასთან სიახლოვე საშუალებას აძლევდა ადრეულ ოსმალეთს ესარგებლა იმ ტექნიკური სიახლეებით, რომელბიც დასავლეთში ჩნდებოდა. მაგალითად, არტილერიის მასობრივი გამოყენება ოსმალეთმა ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე დაიწყო, თუმცა მისი ზარბაზანის ჩამომსხმელები და მეზარბაზნეები ევროპელები იყვნენ. მეზობელი ბალკანეთის ქვეყნებიც ურთიერთკონფლიქტებში იყვნენ ჩართული და ვერ ერთიანდებოდნენ ოსმალური საფრთხის წინააღმდეგ. სამხედრო ძალის თვალსაზრისით ოსმალებს კარგი დასაყრდელი ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა ლაშქრობების შემდეგ რეგიონში თურქული ტომები საკმაოდ მრავლად იყვნენ.

XV ს.-ში მოხდა რეგიონში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ძვრა. 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინეპოლი, რითაც საბოლოოდ დაეცა ბიზანტიის იმპერია და დასაბამი დაედო ოსმალეთის იმპერიის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. 1457 წლიდან კონსტანტინეპოლი (ბურსა, ადრიანოპოლი) ოფიციალურად ხდება ოსმალეთის დედაქალაქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსმალეთი მყარად იმკვიდრებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გასაყარის პოზიციას.

ყველაფერმა ზემოთქმულმა გამოიწვია ოსმალეთის იმპერიის საკმაოდ სწრაფი ზრდა და განვითარება. 1475 წელს ყირიმის ხანი დაემორჩილა ოსმალეთს და შედეგად ის გაბატონდა შავ ზღვაზე. XVI ს.-დან მოყოლებული შავი ზღვა იწოდებოდა, როგორც „ოსმალეთის ტბა“. ოსმალეთის სწრაფი ექსპანსია იმაშიც გამოისახა, რომ 1529 წელს მათ ვენაც ალყაში მოაქციეს, თუმცა უშედეგოდ.

აღმოსავლეთით XVI ს.-ში ოსმალეთს დაუპირისპირდა სეფიანთა ირანი. მათი გეოპოლიტიკური ინტერესები რეგიონში იკვეთებოდა და სისხლიანი ომებიც თან სდევდა. 1514 წელს მოხდა ოსმალებისა და სეფიანების პირველი დიდი ბრძოლა ჩალდირანთან: ოსმალებმა, რომელთაც კარგი არტილერია ჰქონდათ, სასტიკად დაამარცხეს სეფიანთა ყიზილბაშები. სელიმ I-მა მცირე ხნით მათი დედაქალაქი თაბრიზიც კი აიღო, მაგრამ მალევე დატოვა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმე ელოდა სამხრეთით, არაბეთის მიწაზე.

XVI ს.-ის შუა წლებისთვის ოსმალეთის იმპერიამ შეძლო ძველი არაბული სახალიფოს დიდი ნაწილის გაერთიანება. ოსმალეთს გზა ხსნილი ჰქონდა ინდოეთის ოკეანისაკენ, მაგრამ მისი სამხედრო-საზღვაო პოტენციალი აღმოსავლეთით სალაშქროდ საკმარისი არ აღმოჩნდა.

სპარსეთ-ოსმალეთის 100 წლიანი ომი (1514-1639) ხანდახან წყდებოდა დროებითი ზავებით. როგორც ყოველთვის, მართლდებოდა ემბროუზ ბირსის სიტყვები: „მშვიდობა არის ხანმოკლე ინტერვალი ომებს შორის“. ამ ომების სისასტიკეს აღრმავებდა იდეოლოგიური დატვირთვა: ომები რელიგიური დროშების ქვეშ მიმდინარეობდა. სუნიტი ოსმალები და შიიტი ყიზილბაშები ერთიმეორეს ჟლეტდნენ, როგორც მწვალებლებს.

ამავე დროს ორივე მეომარი მხარის რეალური მიზანი ტრადიციული იყო: ნაყოფიერი (ე.ი. კარგი ხარკის გადამხდელი) ტერიტორიების დაპყრობა და სავაჭრო გზების კონტროლი, აგრეთვე სამხედრო ალაფი. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკურად სავაჭრო გზების მხრივ. ძირითადი სადაო ტერიტორიები და ბრძოლის ველი იყო შუამდინარეთი (ერაყი), ქურთისტანი, დასავლეთ სომხეთი, სამხრეთ აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასია, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებოდნენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ეს დაუსრულებელი ომები ადგილობრივ ეთნიკურ ერთეულებს განვითარებაში ხელს უშლიდა.

1555 წლის ამასიის ზავით ოსმალეთ-სპარსეთის ომების პირველი სერია დამთავრდა. დადგინდა ნაპირი (სასაზღვრო ზოლი), რომელსაც მეტ-ნაკლებად გასდევს თურქეთ-ირანის თანამედროვე საზღვარი. საზღვრის ზუსტი გამიჯვნა შუა საუკუნეებში, რასაკვირველია, არ ხდებოდა. ოსმალეთ-სპარსეთის საზღვრის დელიმიტაცია არარატის მთიდან სპარსეთის ყურემდე ჩატარადა მხოლოდ 1913 წელს. ამასიის საზავო ხელშეკრულების (და მომდევნო ზავების) ტექსტის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ყოველთვის იძლეოდა სასაზღვრო დავის საბაბს, რასაც ახალი ომი მოჰყვებოდა ხოლმე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთში დაობდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილებისთვის. მაგალითად, პიტჩერი იძლევა ოსმალეთის ვასალური ტერიტორიების კლასიფიკაციას: მაგალითად, პრესტიჟული მნიშვნელობა ჰქონდა წმინდა ადგილებს ჰიჯაზში; სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა სასაზღვრო რეგიონებს, მაგალითად, ვალახეთს (დღევანდელ რუმინეთში), ყირიმს, ქურთისტანს; კომერციული მნიშვნელობა ჰქონდა კუნძულ ქიოსს, რაგუზას (დუბროვნიკი) და რამდენიმე სხვა რეგიონს, მათ შორის დასავლეთ საქართველოს: ოსმალეთს აქედან გაჰქონდა ხე-ტყე და გაჰყავდა მონები.

იმისათვის, რომ ისლამურ სამყაროში თურქებს გაემართლებინათ თავიანთი მმართველობა და გეოპოლიტიკური ინტერესები, XVIII ს.-ის ბოლოს ოსმალეთში შეითხზა მითი, თითქოს ხალიფას უკანასკნელმა შმამომავალმა XVI საუკუნეში თავისი უფლებამოსილება გადასცა სულთტან ელიმ I-ს. ასეთ „არგუმენტაციაზე“ დაყრდნობით ოსმალო სულტნებმა ხალიფას, ანუ ისლამის უზენაესი რელიგიური ხელმძღვანელის, ტიტულიც მიითვისეს. ისლამის წმინდა ადგილების – მექასა და მედინას – ფლობა სულტანს, რომელიც XIX საუკუნიდან ერთდროულად ხალიფაც იყო, დიდ წონას მატებდა ისლამურ სამყაროში. გარდა ამისა, ოსმალეთის შემადგენლობაში იყო ქრისტიანთათვის წმინდა მიწა – პალესტინა იერუსალიმითურთ. თუმცა შეიძლება არსებობდეს მეორე მიზეზიც. XVII ს.-ის ბოლოდან ოსმალეთის იმპერიის სამხედრო წარმატებები ქრონიკული მარცხით შეიცვალა, ამიტომ შეიძლება მეტი ლეგიტიმურობისთვის მოსახლეობაში ოსმალეთის ხელისუფლებას დასჭირდა ეს ნაბიჯი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოსმალეთის სამხედრო წარმატებები ქრონიკული მარცხით შეიცვალა. 1683 წელს ვენის უკანასკნელი ალყა ოსმალთა არმიის განადგურებით დამთავრდა: სასტიკი დამარცხება მათ პოლონელებმა აგემეს, რომლებიც ვენის დასახსნელად მოვიდნენ. ევროპამ, უპირველესად ავსტრიამ და რუსეთმა, დაიწყო ევროპიდან თურქების გამოდევნა. XVIII ს.-ის ბოლოს, ეგვიპტესა და პალესტინაში ნაპოლეონის ლაშრობამაც საკმაოდ სერიოზული ბზარი დააჩნია ოსმალეთის იმპერიას.

რუსეთის იმპერიის ექსპანსიონიზმთან დაკავშირებით ოსმალეთს ყველაზე ხშირად (მაგრამ ყოველთვის არა) შეეძლო დიდ ბრიტანეთის იმედი ჰქონოდა. ლონდონი არ იყო დაინტერესებული, რომ დასუსტებული ოსმალეთის ადგილი ახლო აღმოსავლეში მომძლავრებულ რუსეთს დაეჭირა და ამიტომაც სულტანს ეხმარებოდა, უპირველესად დიპლომატიური გზით. ოსლამეთი საკმაოდ დიდხანს თამაშობდა ზესახელმწიფოების ამ წინააღმდეგობებით.

XIX ს.-ის მიწურულიდან ოსმალეთს „ყველაზე საიმედო მოკავშირედ“ გერმანიის იმპერია მოევლინა, რომელსაც თითქოს ჰქონდა თანხვედრა ოსმალეთის ინტერესებთან. მაგრამ სწორედ გერმანიასთან მოკავშირეობამ ჩაითრია ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში და ტრაგიკულ აღსასრულამდე მიიყვანა იგი.

XIX საუკუნეში ოსმალეთი (ისევე, როგორც სპარსეთი) დასავლეთევროპული და რუსული იმპერიალიზმის ძლიერი შეტევის ობიექტი ხდება და ტერიტორიებს კარგავს აზიაშიც.

ოსმალეთის დასუსტებულ იმპერიაში XIX ს.-დან წამოიწია ნაციონალიზმის იდეებმა, რომელიც მოდიოდა ევროპიდან. ამ იდეების გავრცელებამ ხელი შეუწყო დასავლეთ ოსმალეთის ტერიტორიაზე ბევრი ახალი სახელმწიფოს წარმოქმნას, რომელიც ცნობილია „ბალკანიზაციის“ პროცესის სახელით. ასევე, ნაციონალიზმის იდეები გავრცელდა ოსმალეთის იმპერიაშიც, რომელიც საკმაოდ ჭრელი იყო. საჭირო გახდა ახალი პოლიტიკის წარმოება, თუმცა ოსმალეთის, როგორც შუასაუკუნეების იმპერიისთვის, უკვე გვიანი აღმოჩნდა ეკონომიკურად და ტექნიკურად დაწინაურებული დასავლეთის იმპერიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

სპარსეთი

სპარსეთის გეოპოლიტიკა ოსმალეთის გეოპოლიტიკას გავდა. ისიც შუასაუკუნეების ტიპის იმპერიას წარმოადგენდა და ტერიტორიული ექსპანსიის ხარჯზე ცდილობდა განვითარებას.

სეფიანთა შაჰები და მათი მომდევნო ხელმწიფეები ხშირად იცვლიდნენ სატახტო ქალაქს გეოპოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო. 1502 წლიდან შაჰის ტახტი იდგა თაბრიზში, 1548 წლიდან – ყაზვინში, 1597/1598 წლიდან – ისფაჰანში: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სეფიანები თანდათან აშორებდნენ დედაქალაქს ოსმალეთთან არასაიმედო საზღვარს. XVIII საუკუნეში, ნადირ-შაჰ ავშარის დროს დედაქალაქად იქცა მაშჰადი, ქერიმ-ხან ზენდის ზეობისას – შირაზი, მერე მოკლე დროით, ისევ ისფაჰანი. 1785 წლიდან ყაჯართა ახალი დინასტიის დამაარსებელმა აღა-მოჰამად ხანმა თავის სატახტო ქალაქად თეირანი აქცია და დღემდე ირანის დედაქალაქია.

სპარსეთი თავისი უზარმაზარი ფართობისა და დიდი დემოგრაფიული პოტენციალის გამო თავადვე იქცა გეოპოლიტიკურ ძალად. მართალია, მისი საზღვრები სტაბილური არ იყო: ხანდახან ის ფართობით სჭარბობდა დღევანდელ ირანს, ძირითადად შუამდინარეთისა და ავღანეთის, აგრეთვე სამხრეთ კავკასიის ხარჯზე, ხანაც ეთრთგვარად იკუმშებოდა, უპირატესად ოსმალთა და ავღანელთა, ხოლო XIX ს.-ის პირველ ათწლეულებში, რუსთა შემოტევის შედეგად.

როგორც უკვე აღვნიშნე, სპარსეთისა და ოსმალეთის გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდა და შედეგად მათ შორის ჩაღდებოდა ომები. ტერიტორიის დიდი სტრატეგიული სიღრმე და ოსმალეთთან ბუფერული სივრცის არსებობა საშუალებას აძლევდა სპარსეთის შაჰებს, XVI-XVII საუკუნეების ომების დროს, თუკი მათ არ შეეძლოთ ოსმალთა შეტევის შეჩერება, გამოეყენებინათ „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკა და გაენადგურებინათ ყველაფერი იქ, სადაც მოწინააღმდეგეს უნდა გაევლო. ტეროტორია ისე პარტახდებოდა, რომ არამც თუ მტრის ჯარს, ადგილობრივ მოსახლეობასაც იქ აღარ დაედგმებოდა. ეს უპირატესად შეეხებოდა იმპერიის პერიფერიას – სამხრეთ აზერბაიჯანს, სამხრეთ კავკასიას. ყველაზე მეტად ზარალდებოდა არეზის ხეობა, რომელიც გეოგრაფიულად უმოკლესი გზაა ლაშქრის გადასაადგილებლად ანატოლიიდან კასპიის ზღვისკენ და პირიქით.

სპარსეთის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელი იყო იმ დროს, როდესაც მასზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები, მათ შორის „აბრეშუმის გზა“. სპარსეთი კონტროლს უწევდა სატრანზიტო ვაჭრობას განედური მიმართულებით. მაგრამ XV ს.-ის ბოლოდან ევროპელებმა აფრიკის გარშემო გაკვალეს დამოუკიდებელი საზღვაო გზა სამხრეთ აზიისკენ. ამიტომაც საქარავნო გზის მნიშვნელობა მომდევნო საუკუნეებში ნელ-ნელა კლებულობს, ხოლო XIX ს.-ში საერთოდ კარგავს მნიშვნელობას, თუმცა საკუთრივ სპარსეთში წარმოებულ აბრეშუმს მყიდველი კარგა ხანს ჰყავდა, განსაკუთრებით სეფიანთა დროს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, დასავლეთით სეფიანთა სპარსეთს ჰყავდა მუდმივი და ძლიერი მტერი ოსმალეთის იმპერიის სახით. ამავე დროს სპარსეთის მეშვეობით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები ფიქრობდნენ აღმოსავლეთის მხრიდან მუდმივი წნეხის შექმნას ოსმალეთისათვის, რომელიც ზოგი მათგანის პირდაპირი მტერი იყო. ამიტომაც სპარსეთს უფრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ევროპასთან, მათ შორის რუსეთთანაც, ვიდრე ოსმალეთს. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთი ოსმალეთის ღირსეულ მეტოქედ წარმოჩინდა, ობიექტურად ის უფრო სუსტი იყო. მათი ომების დროს სტამბოლს საფრთხე არასოდეს შექმნია, მაშინ, როცა თავრიზსა და ყაზვინს – ხშირად. გარდა ამისა, სპარსეთს აღმოსავლეთის ფრონტიც ჰქონდა ავღანეთის სახით, საიდანაც XVIII ს.-ში მოვიდა კიდეც სეფიანთა დინასტიის დამამხობელი ძალა (1722 წელს ავღანელებმა ისფაჰანი აიღეს). მაგრამ იქამდე, ორი საუკუნის მანძილზე, სეფიანმა შაჰებმა შეძლეს სახელმწიფოს საკმარისი სტაბილიზაცია და მისი დაბრუნება თითქმის იმ საზღვრებში, რომელიც VII ს.-მდე ჰქონდა სასანიანთა ირანს (შუამდინარეთის გარეშე).

ყველაზე დიდი წვლილი ამ მიმართულებით მიუძღვის შაჰ აბას I-ს (1587-1629). მის დროს მოხდა საზღრის სტაბილიზაცია დასავლეთით, მნიშვნელოვანი საგარეო ეკონომიკური კავშირები დამყარდა ევროპასთან (ინგლისი, ჰოლანდია), დაარსდა ახალი ქალაქები, სპარსეთი ინდოეთის ოკეანეზე გავიდა.

ის, რომ სპარსეთს ორი საზღვაო გასასვლელი ჰქონდა – ჩრდილოეთით, კასპიის ზღვაზე და სამხრეთით, ინდოეთის ოკეანესა და სპარსეთის ყურეში, მნიშვნელოვანი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებმა, ჩრდილოეთიდან – რუსეთმა და სამხრეთიდან – დასავლეთმა ევროპამ (პორტუგალია, ინგლისი, ჰოლანდია) „აღმოაჩინეს“ სპარსეთი და მასთან ურთიერთობის დადებითი მხარეები.

სპარსეთის ყურის ინდოეთის ოკეანესთან დამაკავშირებელ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი 1515 წლიდან პორტუგალიელებს ჰქონდათ. მათ ააგეს ციხესიმაგრე კუნძულ ჰორმუზზე და იგი აღმოსავლეთთან ვაჭრობის საყრდენ პუნქტად აქციეს. ერთი საუკუნის შემდეგ ინგლისის ოსტინდოეთის კომპანიის ინტერესები ინდოეთის ოკეანეში დაუპირისპირდა პორტუგალიის ინტერესებს და დაემთხვა სპარსეთისას: ინგლისელებს ორჯერ უფრო იაფი უჯდებოდათ აბრეშუმის ყიდვა უშუალოდ ირანში, ვიდრე ოსმალეთის მთავარ სავაჭრო ცენტრში „აბრეშუმის გზაზე“, სირიის ქალაქ ალეპოში. 1623 წელს შაჰ-აბასის ჯარმა, ინგლისის ფლოტის დახმარებით, იერიშით აიღო ჰორმუზის ციზე და პორტუგალიელები გააძევა (ისინი გადაბარგდნენ მასკატში, არაბეთის ნახევარკუნძულზე).

XVIII ს.-დან სპარსეთში ისევ იწყება პოლიტიკური კრიზისის სერია. ხანმოკლე კონსოლიდაცია და ტერიტორიული ექსპანსიაც კი სახელმწიფოს გრძელვადიანი დასუსტებით იცვლება. ასეთ დროს პერიფერიებზე მდებარე ვასალური სამფლობელოები, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფიან ხოლმე. სამხრეთ კავკასიის მუსლიმი ხანები ავტონომიური გახდნენ.

რუსეთმა ისარგებლა ამ პროცესებით და 1801 წელს ქართლ-კახეთის ანექსიით საბოლოოდ დამკვიდრდა სახრეთ კავკასიაში. რეგიონში რუსეთი ცდილობდა დამკვიდრებულიყო ახალ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ და მიიწევდა სამხერთით, რათა შესულიყო ახლო აღმოსალეთის სიღრმეში. რუსეთისთვის ხელის შეშლის მიზნით სპარსეთმა XIX ს.-ის დასაწყისში ორი ომი აწარმოა, თუმცა ორივე უშედეგო. ამ ომების დასასრულს გულისტანისა (1813) და თურქმანჩაის (1828) საზაო ხელშეკრულებებით მან დაკარგა დაღესტანი, სამხერთ-აღმოსალვეთ კავკასია და კასპიის ზღვაზე ფლოტის ყოლის უფლება.

ამ ომების შემდეგ სპარსეთსა და რუსეთს მეტი აღარ უომიათ და I მსოფლიო ომამდე ამ ქვეყნებს საკმაოდ ინტენსიური ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ. რუსეთი, რასაკვირველია, როგორც უფრო ძლიერი პარტნიორი, ცდილობდა და ახერხებდა კიდეც გავლენა ჰქონოდა თეირანზე.

სპარსეთი ეკონომიკურადაც საკმაოდ დამოკიდებული იყო რუსეთზე, თუმცა ის არ იყო მხოლოდ გასაღების ბაზარი რუსული საქონლისთვის. უფრო პირიქით: სპარსული პროდუქცია დიდი მოცულობით შედიოდა რუსეთის იმპერიაში. სპარსეთის ბურჟუაზია და მემამულეები ძალიან იყვნენ დაინტერესებული რუსეთთან კარგი ურთიერთობით.

სპარსეთთან ბრიტანეთს თავისი გეოპოლიტიკური პრეტენზიები ჰქონდა. მას სჭირდებოდა ავღანეთის ტერიტორია, როგორც ბუფერული ზონა ინდოეთის გარშემო, ამის გამო მან აწარმოა 1856–57 წლებში ომი და დაიკავა კიდეც ეს ტერიტორია.

XIX ს.-ში წარმოებული გეოპოლიტიკური „დიდი თამაშის“ შემდეგ, 1907 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ იქნა ბრიტანულ-რუსული შეთანხმება გავლენის სფეროების გამიჯვნაზე სპარსეთში, ავღანეთსა და ტიბეტში.

სპარსეთის ყველაზე დასახლებული და ათვისებული ნაწილი საერთო ფართობით 790 ათასი კმ2 ცხადდებოდა რუსეთის სფეროდ. ბრიტანეთის გავლენის სფერო ფართობით ორჯერ ნაკლები იყო 355 ათასი კმ2. და მოიცავდა უდაბურ, მაგრამ ბრიტანეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ტერიოტორიას, რომელიც ბრიტანეთს, ინდოეთს და ავღანეთს ესაზღვრებოდა. გავლენის სფეროებს შორის მდებარე სივრცე „ნეიტრალურ ზონად“ ცხადდებოდა, სადაც ორივე მხარეს ქონდა უფლება მიეღო კონცესიები. ცნობამ ქვეყნის გავლენის სფეროებად გაყოფის შესახებ დიდი აღშფოთება გამოიწვია სპარსეთში. მაგრამ პრაქტიკული წინააღმდეგობის გაწევის უნარი ქვეყანას არ შესწევდა.

სპარსეთი ამაოდ ცდილობდა XIX ს.-ის პირველ ათწლეულებში რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ გამოეყენებინა საფრანგეთი, ხოლო XX ს.-ის დასაწყისში – გერმანია, მაგრამ გადამწყვეტი დახმარება სპარსეთს მათგან არ მიუღია.

რუსეთი

XVI ს.-ში მოსკოვის დიდ სამთავროს რუსეთის სამეფო დაერქვა, ამ პერიოდში მან დაიწყო სწრაფი ექსპანსია. იმავე საუკუნის შუა პერიოდში რუსეთი გაცდა სლავური მიწების დაპყრობას და დაიწყო ფინურენოვანი და თურქულენოვანი მიწების დაპყრობა. რუსეთის გეოპოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ზღვებისთვის ბრძოლას. რუსეთის სამეფო ყოველთვის იბრძოდა ზღვებზე გასასვლელად. ივანე მრისხანემ XVI ს.-ში 24 წლიანი ომი აწარმოა ბალტიის ზღვაზე გასასველად. ამ მიზანს საბოლოოდ პეტრე I-მა მიაღწია, რომელიც 20 წელი იბრძოდა შვედების წინააღმდეგ ბალტიის ზღვისთვის.

თუმცა რუსეთს ჩრდილოეთის ზღვები არ აკმაყოფილებდა და ცხადია თბილი წყლების, სამხრეთის ზღვებზე გასვლა სურდა. XVI ს.-ში რუსეთმა მოახერხა კასპიის ზღვაზე გასვლა, 1556 წელს მას შემდეგ, რაც დაიკავა ასტრახანის თათრული სახანო, თუმცა მოგეხსენებათ კასპიის ზღვა არ გადის ოკეანეზე, რაც მას ტბად აქცევს და ცხადია რუსეთი ამით ვერ დაკმაყოფილდებოდა. სწორედ სამხრეთის წყლებზე გასასვლელად და ტერიტორიულად სამხრეთით ჩამოსვლის დროს გადაიკვეთა რუსეთის, სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიის ინტერესები.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩრდილოეთიდან მოდიოდა ახალი მოთამაშე, რომელიც ცდილობდა რეგიონში შემოსვლას და დამკვიდრებას. ამისთვის რუსეთს რეგიონის ორ იმპერიასთან რამდენიმე ფრონტის ხაზი ჰქონდა. რუსეთის იმპერია, მსგავსად ოსმალეთისა და სპარსეთისა, მეზობელი ტერიტორიების ხარჯზე იზრდებოდა. ის ახდენა გარშემო ბევრად უფრო სუსტი ტერიტორიების ანექსიას და დამორჩლებას.

ერთ-ერთი ასეთი ინტერესთა კონფლიქტი რუსეთს ჰქონდა ოსმალეთთან შავი ზღვის გამო. როგორც უკვე აღვნიშნეთ შავს ზღავს უწოდებდნენ „ოსმალეთის ტბას“, რაც რუსეთს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა. ამასთან ახლო აღმსოავლეთში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი იყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლი და მმართველობა კონსტანტინოპოლზე. 1696 წელს პეტრე I-მა აიღო აზოვის ციხესიმაგრე, რაც დიდი წარმატება იყო შავ ზღვაზე გასასვლელად. ხოლო შავ ზღვაზე წარმატების დაგვირგვინება იყო 1783 წელს ყირიმის სახანოს ანექსია.

მიუხედავად ამ წარმატებებისა, რუსეთი ვერ დაეუფლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს და ამით შავ ზღვაში ჩაკეტილი აღმოჩნდა. თუმცა ეკატერინეს მიერ წარმოებული ომების შემდეგ 1768-1774 წლებში და ქუჩუკ კაინარჯის ზავით რუსეთმა მყარად დაიმკვიდრა შავ ზღვაზე თავისი ადგილი, მიიღო რა უფლება შავ ზღვაზე ფლოტის ყოლისა და ამავე დროს მის სავაჭრო გემებს უპრობლემოდ შეეძლოთ ემოძრავათ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა ამ სრუტეებს რუსეთის მხრიდან ევროპული ქვეყნები ყოველთვის ერეოდნენ და რუსეთს აჩერედნენ, რადგან ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის სახით მოთამაშის გამოჩენა არავის აწყობდა. მისი გეოპოლიტიკური ინტერესების მაქსიმალურად გამყარებისთვის, მან რელიგიაც კარგად გამოიყენა, მიითვისა ბიზანტიის იმპერიის გერბი, იმპერატორის ტიტული (კეისარი – ცარ), თავი აღმოსავლეთის საქრისტიანოს დამცველად და მესამე რომად გამოაცხადა. ბიზანტიის მემკვიდრედ თავის გამოცხადებით ის ცდილობდა გაემყარებინა თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები, როგორც ეს თავის დროზე ოსმალეთმა გააკეთა.

რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას კავკასიის რეგიონითაც ცდილობდა და მისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქ საკმაოდ წარმატებითაც მიმდინარეობდა. ახლო აღმოსავლეთის ორი იმპერიის ქიშპობის პერიოდში გამოჩნდა რუსეთი, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში საკმაოდ წარმატებულად მოიკიდა ფერი. დასუსტებულ ირანში ლაშქრობის შემდეგ 1722–1723 წლებში რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა ოსლამეთთან 1724 წელს (სტამბოლის ხელშეკრულება). თუკი სამხრეთ კავკასია ადრე ყოველთვის სპარსეთსა და ოსმალეთს შორის გაყოფის საგანი იყო, ახლა რუსეთმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა მესამე გეოპოლიტიკურ მოთამაშედ. ოსმალეთი აღიარებდა ბაქოსა და დარუბანდის მიერთებას რუსეთთან, ხოლო რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უფლებას კართლ-კახეთზე, სამხრეთ აზერბაიჯანზე და უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში ქურთისტანზე, ქერმანშაჰზე და ჰამადანზე. ამ ხელშეკრულებით კარგად ჩას თუ როგორი გავლენა ჰქონდა რუსეთს რეგიონში, როგორც მესამე მოთამაშეს. მისი გეოპოლიტიკა კი სამხრეთით გაფართოვება იყო, რომელსაც ეტაპობრივად წარმატებით ახერხებდა.

რუსეთსა და ოსმალეთს ერთმანეთში ფაქტიურად მუდმივი ომის მდგომარეობა ჰქონდათ. XVII ს.-დან XVII ს.-ს I ნახევრის ჩათვლით ამ ორ სახელმწიფოს შორის 14 ომი მოხდა, რომელშიც მხოლოდ ერთხელ მოიგო ოსმალეთმა, ერთხელაც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით გაიმარჯვა.

რეგიონში, რა თქმა უნდა, სპარსეთთანაც იკვეთებოდა ინტერესები, როგორც უკვე აღვნიშნეთ 1723-24 წლებში ლაშქრობის შემდეგ რუსეთმა მიიტაცა სპარსეთის ტერიტორიები და პერიოდულად უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებდა. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის, რამაც საბოლოოდ და მტკიცედ დაამკვიდრა სამხრეთ კავკასიაში და უფრო დაუახლოვა ახლო აღმოსავლეთს. თუმცა ერთი შეხედვით სპარსეთთან ურთიერთობაში რუსები თითქოს უფრო მშვიდობიან პოლიტიკას ატარებდნენ. სპარსეთს ჰქონდა ინტერესი რუსეთის დახმარებით ოსმალეთი შეესუსტებინა. ამასთან მათ ჰქონდათ სავაჭრო ინტერესებიც, რაც მერიდიანულ ვაჭრობაში აისახებოდა: ვოლგა-ასტრახანის გზის საშუალებით დაკავშირება კასპიის ზღვასთან და სპარსეთის გადაკვეთით სპარსეთის ყურეში გასვლა.

სპარსეთზე რუსეთის გავლენა 1907 წლის დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის შეთახმებაშიც აისახა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ამას განაპირობებდა ის, რომ ცხადია რეგიონში რუსეთის ინტერესები მხოლოდ სპარსეთის და ოსმალეთის ინტერესებთან არ იკვეთებოდა ამიტომ, მას უწევდა თანამშრომლობა ევროპულ ქვეყნებთან. ასევე 1910 წლის შეთანხმებით გერმანიასთან, რუსეთმა ჩრდილოეთ სპარსეთში მიიღო მოქმედების სრული თავისუფლება, ხოლო თავის მხრივ გერმანიას რუსეთის მხრიდან ხელი არ შეეშლებოდა ბაღდადის რკინიგზის მშენებლობაში (ამას ქვემოთ კიდევ შევეხებით).

ევროპული სახელმწიფოების გეოპოლიტიკა

ევროპული სახელმწიფოების გეოპოლიტიკა საკმაოდ განსხვავდება ოსმალეთის, სპარსეთის თუ რუსეთის გეოპოლიტიკისგან. თავდაპირველად უნდა აღინიშონს, რომ XIX ს.-მდე ძალიან დიდი დაინტერესება რეგიონში არ არსებობდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქარავნო და სავაჭრო გზების გადაკეტვის შემდეგ ევროპელებმა საზღვაო გზები გაიკვალეს და დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ამასთან ამ პერიოდში ევროპაშიც დიდი გარდატეხები მიდის, მიმდიანრეობს რელიგიური ომები, რეფორაცია და კონტრრეფორმაცია და ა.შ. ოსმალეთის საფრთხე ევროპისთვის ევროპის კონტიტნენტზე უფრო იყო, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ევროპაში ინდურსტიალიზაციის დაწყებასთან ერთად რეგიონისადმი გაიზარდა ეკონომიკური ინტერესი. ინდუსტრიალიზაციას მოყვა იმპერიალიზმი, რომელიც თავის მხრივ რეგიონში ევროპული სახელწიფოების გეოპოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებდა.

აქვე სანამ უშუალოდ ცალ-ცალკე სახელმწიფოების განხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ ერთი მთავარი განსხვავება დასავლეთ  ევროპული ქვეყნების გეოპოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთში მოთამაშე ქვეყნების გეოპოლიტიკას შორის. თუ ეს უკანასკნელნი ექსპანსიას და ტერიტორიების დაპყრობას აწარმოებდნენ, ევროპელები უფრო ეკონომიკური და კონკრეტული გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ობოექტების დაკავებით იყვნენ დაკავებულნი. ამას თავისი მიზეზებიც აქვს. მაგალითად, არცერთ დასავლეთ ევროპულ სახელწმიფოს არ შეეძლო მარტო დაეპყრო ოსმალეთის იმპერია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ძალიან დაუძლურებული იყო. თუ რომელიმე წამოიწყებდა დაპყრობით კამპანიას, მაშინ აუცილებლად შეეჯახებოდა სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნების ინტერესებს და დამარცხდებოდა. ამიტომ ყველას ერჩივნა ოსმალეთი ყოფილიყო, დასუსტებული, მაგრამ მაინც იმპერიის სახით, რათა დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებს არ დაეზიანებინათ მათი იტერესები.

ამის გამოვლინება გახლავთ რუსეთის წინააღმდეგ საფრანგეთისა და ინგლისის მიერ წარმოებული ომი ყირიმის ნახევარკუნძულისთვის. როდესაც ოსმალეთის იმპერიას რეალურად დიდი საფრთხე დაემუქრა, დასავლეთის ქვეყნები მას დაეხმარნენ რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან ახლო აღმოსავლეთში შემოსვლა და დამკვიდრების მცდელობა თითოეული დასავლეთ ევროპული სახელმწიფოს მხრიდან დიდწილად მიმართული იყო მეორე სახელმწიფოს დაზიანებაზე. მაგალითად, საფრანგეთი იმიტომ ცდილობდა, რომ ინგლისითვის ზიანი მიეყენებინა. გერმანიაც ასევე ინგლისისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა. ინგლისი უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებას ცდილობდა და ამასთან სხვა ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლიდა და ა.შ. ამ ინტერესთა კონფლიქტებსა და გეოპოლიტიკურ თამაშებს ცალცალკე განვიხილვათ.

დიდი ბრიტანეთი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპელებს ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ რეგიონში, სწორედ ამ სახით დაიწყო მათი გეოპოლიტიკური ინტერესების დამკვიდრება. ისინი აქ არსებული სახელმწიფოსგან ღებულობდნენ კაპიტულაციას (ამ სიტყვის არათანამედროვე გაგებით, მაშინ ეს ნიშნავდა უცხოური ქვეყნის ქვეშევრდომების გათავისუფლება ადგილობრივი იურისდიქციისგან, რაც მათ ბევრ პრივილეგიას აძლევდა ქვეყანაში საქმიანობითვის). დიდმა ბრიტანეთმა ასეთი კაპიტულაცია მიიღო 1583 წელს ოსმალეთის სულთნისგან და რეგიონში ეწეოდა სავაჭრო კომერციულ საქმიანობას. თუმცა ეს დიდი გავლენის მქონე არ იყო და მისი ინტერესების გაძლიერება მოგვიანებით იწყება.

1600 წლიდან ბრიტანეთი იკავებს ინდოეთს და ნელ-ნელა მთლიანად თავის კოლონიად აქცევს ინდოეთის ნახევარკუნძულს.  ინდოეთის ნახევარკუნძული ბრიტანეთისთვის წარმოადგენდა ყველაზე მდიდარ კოლონიას და მისი უსაფრთხოება იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი ბრიტანეთისთვის. ამიტომ ის ყველაფერს აკეთებდა რომ ინდოეთისკენ მიმავალი ყველა გზა გაკონტროლებული ჰქონოდა.

ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად იწყება დიდი ბრიტანეთის მხრიდან სტრატეგიული წერტილების დაკავება ახლო აღმსოავლეთში. 1820 წელს დიდი ბრიტანეთი გაბატონდა სპარსეთის ყურეში. ის ამ ტერიტორიაზე აარსებდა საზღვაო-საფორტიფიკაციო ნაგებობებს და ამით აკონტროლებდა ინდოეთისკენ მიმავალ საზღვაო გზებს.

ასევე უმნიშვნელოვანესი იყო 1839 წელს ადენის ნავსადგურის დაკავება და იქ სამხედრო საზღვაო ბაზის დაარსება, ეს იყო კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გეოპოლიტიკურ რუკაზე გზების საკონტროლებლად. ადენის სრუტის კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახლდათ და უფრო დიდი მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც სუეცის არხი გაიჭრა, რადგან წითელი ზღვიდან გამოსული გემები ადენის სრუტის გავლით მიდიოდნენ ინდოეთის ოკენეში. თუმცა სუეცის არხის ფრანგებისთვის დატოვება ბრიტანეთისთვის მიუღებელი იყო. 1866 წელს მათ შეიძინეს არხის საკონტროლო პაკეტი,  ხოლო 1882 წელს ბრიტანეთმა ეგვიპტეში სამხედრო ნაწილები შეიყვანა. მისთვის ეს ტერიტორია უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ამით დიდმა ბრიტანეთმა განახორციელა თავისი მიზანი, რომ ეკონტროლებინა ყველა მიმავალი გზა ინდოეთსიკენ. (გიბრალტარი, კვიპროსი, პორტ-საიდი, სუეცი, ადენი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკის ტერიტორია, ავსტრალიის კონტინენტი და ოკეანეთში არებული სტრატეგიული წერტილები).

აქ არსებული საკვანძო გზების გამო დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკასთან და არსებული გზების კონტროლთან. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო რკინიგზის სისტემის შექმნა, რაც საშუალებას იძლეოდა ტვირთების გადატანისა თუ შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაყვანისა უშორეს მანძილებზე. 1866 წელს ინგლისურმა კომპანიამ 130 კილომტრიანი პირველი ხაზი გახსნა დასავლეთ ანატოლიაში, სამხრეთ ოსმალეთში ინგლისურ-ფრანგული კომპანია ფლობდა სარკინიგზო მაგისტრალებს.

საფრანგეთი

რაც შეეხება საფრანგეთის გეოპოლიტიკას, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ ის ფაქტიურად მიმართული იყო ინგლისის წინააღმდეგ, რათა ინგლისის გავლენა შეესუსტებინა. დიდი ბრიტანეთის მსგავსად საფრანგეთმაც მიიღო კაპიტულაცია ოსმალეთის იმპერიისგან 1535 წელს, ის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კაპიტულაცია მიიღო. (გასაკვირი არ უნდა იყოს ასეთი გეოპოლიტიკური ინტერესების ფონზე საქართველოდან სულხან საბას ელჩობას რომ არავინ არ დაეხმარა). საფრანგეთი ყველანაირად ცდილობდა ინგლისისთვის ზიანის მიყენებას, რასაც მოწმობს ნაპოლეონის (ჯერ კიდევ გენერლის რანგში) ეგვიპტეში ლაშქრობა. ამასთან საფრანგეთი საზღვაო ომებსაც აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ხმელთაშუა ზღვაში. საქმე ის გახლავთ რომ, ეგვიპტე იყო ინგლისისთვის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ხორბლის, საფრანგეთს კი სწორედ ამ წერტილში დატყმა სურდა რომ ინგლისი დაესუსტებინა.

ნაპოლეონის ჯარებმა 1798 წლის ივლისში გაანადგურა მამლუქთა ჯარი პირამიდებთან, თუმცა საფრანგეთმა საზღვაო ბრძოლა წააგო აბუკირთან 1798 წლის აგვისტოში ადმირალ ნელსონთან. ნაპოლეონი ეგვიპტიდან გაემგზავრა საფრანგეთში და ხელისუფლებაში მოექცა. საფრანგეთის გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა ახლო აღმოსავლეთიდან დროებით გადაინაცვლა ევროპაში. მის მიზანს ევროპის საფრანგეთის ქვეშ გაერთიანება წარმოადგენდა. თუმცა XIX ს.-ის II ნახევარში არც საფრანგეთი ცდილობდა პოზიციის დაკარგვას რკინიგზის მშენებლობის კუთხით. ფრანგულმა კაპიტალმა ააგო ლიბანის იაფო-იერუსალიმის და დამასკო-ჰიჯაზის რკინიგზა, თუმცა საფრანგეთის გავლენა რეგიონში მაინც სუსტი იყო ბრიტანეთთან და გერმანიასთან შედარებით.

გერმანია

გერმანია საკმაოდ გვიან ჩაერთო გეოპოლიტიკურ პროცესებში. როდესაც ინგლისი და საფრანგეთი იმპერიებს აფართოებდნენ და ტერიტორიებს იპყროდბნენ გერმანია დაქუცმაცებული იყო სამეფო სამთავროებად. 1871 წელს დასრულდა გერმანიის გაერთიანება და დაიწყო იმპერიის მშენებლობა. თუმცა როდესაც ის იმპერიალიზში ჩაერთო ტერიტორიები ფაქტიურად გადანაწილებული იყო და ამიტომ მას რთული პოლიტიკის გატარება მოუხდა. ამ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთიც თავის როლს იკავებდა. გერმანია კეთილგანწყობით სარგებლობდა ოსმალეთსა და სპარსეთში. ის აქ აგზავნიდა სამხედრო ინსტრუქტორებს და ეხმარებოდა ოსმალებს ტექნიკური თვალსაზრისით.

XX ს.-ში მას ასე ახალიათებდნენ: „გერმანია განაგრძობს თურქეთსა და სპარსეთში დიდ მოსამზადებელ მუშაობას. იხსნება სკოლები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, იგზავნება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპედიცია და სხვა. ესაა აღმოსავლეთში გერმანიის შეღწევის პირველი პერიოდი.“

ამავდროულად გერმანიამ წამოიწყო გრანდიოზული პროექტი ბაღდადის რკინიგზის სახით, რომელიც ბერლინს სტამბოლის გავლით ბაღდადს დააკავშრებდა. 1892 წელს ვენიდან სტამბოლამდე არსებული რკინიგზა დოიჩე ბანკმა შეიძინა, რაც ბაღდადის რკინიგზის ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამავე დროს ეს რკინიგზა გაგრძლდებოდა ქალაქ ბასრამდე სპარსეთის ყურეში. ეს პროექტი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დიდ ბრიტანეთს, და ეს სახელმწიფოებიც ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩდნენ. 1898 გერმანიის კაიზერმა ვილჰელმს II-მ იმოგზაურა წმინდა მიწაზე. მან დამასკოში ყოფნისას თავი გამოაცხადა ოსმალეთის სულთნისა და მსოფლიო მუსლიმთა მარადიულ მეგობრად და მისივე შუამდგომლობით 1899 წელს გაფორმდა წინასწარი შეთანხმება „ანატოლიის რკინიგზის საზოგადოებასთან“, რომელიც შემდგომ გადაკეთდა „ბაღდადის რკინიგზის საიმპერიო საზოგადოებად“. სწორედ ამ კომპანიამ მიიღო 1903 წლეს 99 წლიანი კონცესია კონიიდან ბაღდადამდე რკინიგზის მშენებლობის უფლება, ამ კონტრაქტისთვის დოიჩე ბნაკმა 10 მილიონი ფრანკის ოდენობის ქრთამი მისცა ოსმალეთის ოფიციალურ პირებს. 1912 წელს ბაღდადამდე ლიანდაგი მიყვანილი იყო, მაგრამ რკინიგზის საბოლოოდ დასრულება შეუძლებელი გახდა I მსოფლიო ომის გამო. რუსმა ისტორიკოსმა ეს გეგმა ასე შეაფასეს:

„ეს იყო ინდუსტრიალიზაციისა და მილიტარიზმის შესანიშნავი მცდელობა, დაეძლია გეოგრაფია. ინდოეთის ხელყოფის ეს ცდა უიმედოდ ჩაიფუშა გერმანიის დიდმპყრობელობასთან ერთად“.

როგოც ვხედავთ, გერმანიის გეოპოლიტიკური ინტერესები ახლო აღმოსავლეთში იკვეთებოდა დიდი ბრიტანეთის ინეტერესებთან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, და ამ უკანასკნელმა ყველაფერი ქნა, გერმანიის გეგმები რომ არ განხორციელებულიყო. მათ შორის 1899 ქუვეითის შეიხთან დადებული პროტექტორატის ხეშლეკრულება, რომელიც ფაქტიურად კეტავდა დღევადელი ერაყის ტერიტორიიდან ზღვაზე გასასვლელს. ეს ზღუდავდა ბაღდადის რკინიგზის ბასრამდე გაგრძელებას, ოსმალეთმა ნება დართო გერმანიას გაეგზავნა ჯარები ქუვეითის სეპარატისტ შეიხის დასასჯელად, მაგრამ ამას წინ ინგლისი აღუდგა, და ყურეში კრეისერი შეიყვანა.

ამასთან ცალსახა ხდებოდა, რომ ოსმალეთი მოკავშირის სახეს იძენდა გემრანიისთვის მომავალ ომში. 1913 წელს თურქეთის არმიის რეორგანიზაცია დაეკისრა გერმანულ სამხედრო მისიას, რომელსაც გენერალი ოტო ლიმან ფონ სანდერსი ჩაუდა სათავეში.

როგორც ვხედავთ, მთელ მსოფლიოში მიმავალი ტერიტორიების გადანაწილება სხვადასვხა ქვეყნების ინტერესების შეჯახებას იწვევდა. ამ პოლიტიკის შედეგი დღესაც სახეზეა. მაგალითად, ბრიტანეთის სტრატეგიული პოლიტიკა დაედო საფუძვლად ყურის ქვეყნების პატარა საშეიხოების დღევანდელ დამოუკიდებლობას. თუმცა ევროპული იმპერიების ინტერესების ევროპის კონტინენტს გაცდენა და მთელ მსოფლიოში დაძაბულობის ეპიცენტრების გავრცელებამ მსოფლიო მიიყვანა I მსოფლიო ომამდე, რომელშიც ევროპული სახელმწიფოების დაწყებული ომი მთელ მსოფლიში მიმდინარეობდა.

ავტორი: ნინი მოდებაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის მესამე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *