პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

ჰუმანიტარული ინტერვენციები და რეალპოლიტიკა – სომალის მაგალითი

16 Feb , 2015  

ცივი ომის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჰუმანიტარული ინტერვენციების თემა. ზოგი თვლის, რომ დიდი სახელმწიფოები რეალპოლიტიკის წარმოების ნაცვლად თავიანთ ძალებს ჰუმანიტარული ინტერვენციების და შესაბამისად მშვიდობის დასამყარებლად და ინდივიდების უფლებების დასაცავად იყენებენ. თუმცა ამ შეხედულებასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკული მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში, რას გულისხმობს ჰუმანიტარული ინტერვენცია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამხედრო მოქმედება, რომ ის ჰუმანიტარულ ინტერვენციად ჩაითვალოს და არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების გატარებად და რა პრობლემები გვხვდება ჰუმანიტარული ინტერვენციების განხორციელების და მათი შედეგების მხრივ არსებული მაგალითებიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი მექნება სომალიში განხორციელებულ ჰუმანიტარულ ინტერვენციაზე.

ჰუმანირატული ინტერვენცია

 პირველ რიგში, საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ რა არის ჰუმანიტარული ინტერვენცია, და რა სახელმწიფო ინტერესების გატარება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ რეალპოლიტიკასა და ჰუმანიტარულ ინტერვენციას შორის მკვეთრი ხაზის გავლების სირთულე წარმოშობს კითხვებს ჰუმანიტარული ინტერვენციების ეფექტურობისა და ლეგიტიმურობის შესახებ.

ყველა თეორია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ინდივიდის უფლებები, აღიარებს ჰუმანიტარული ინტერვენციის მნიშვნელობას და მის პრიორიტეტულობას სუვერენიტეტთან მიმართებაში. განსაკუთრებით ინგლისური სკოლის თეორიის მაგალითზე ჩანს, რომ ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნაციონალური და ინტერნაციონალური და რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს საკუთარი ხალხის დაცვის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას და თუ ის ვერ ახორციელებს ამას და მისი მოსახლეობა ზარალდება ომის, რეპრესიების თუ სხვა ფაქტორების შედეგად, ხოლო სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად, ინტერვნეციის პრინციპი ძლევს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულებას.

თუმცა, ჰუმანიტარულ ინტერვენციას გააჩნია ჩარჩოები და პირობები, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს.

  • ემსახურებოდეს უნივერსალურ მიზნებს და არა ერთი რომელიმე სახელმწიფოსას.
  • ხორციელდებოდეს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მიერ, რათა მოხდეს ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების გავრცელების თავიდან აცილება.
  • ჰქონდეს გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია, რაც გაეროს მეთვალყურის ფუნქციებს დააკისრებს.
  • უნდა ხორციელდებოდეს ისეთ რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიდი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მნიშვნელობა. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მონაწილე ქვეყნებს არა თავიანთი ინტერესები, არამედ მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნები ამოძრავებთ.

კონკრეტული ჰუმანიტარული ინტერვენციების მაგალითზე ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კომპონენტები ირღვევა და საკმაოდ რთულია რომელიმე ქვეყნის ჰუმანიტარულ მიზნებსა და ნაციონალურ ინტერესებს შორის ზღვრის გავლება. მაგალითისთვის განვიხილოთ სომალის შემთხვევა.

ვითარება სომალიში

1991 წელს ქვეყნიდან გაიქცა დიქტატორი საიდ ბარი, რომელიც ქვეყანას 1969 წლიდან მოყოლებული მართავდა. დაიწყო ბრძოლა ორი დაპირისპირებული კლანის ლიდერებს შორის, რამაც ათასობით სომალელის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამას მოჰყვა კიდევ ათასობით სომალელის სიკვდილი, რისი მიზეზიც ავადმყოფობა, დაბინძურებული წყალი, ანტისანიტარია და შიმშილი გახდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია გაეროს მიერ მისიის მომზადება სახელწოდებით „იმედის აღდგენა“ (Operation Restore Hope) რომელშიც მონაწილეობას ოცამდე ქვეყნის ძალები იღებდა, თუმცა უმრავლესობას და წამყვან ძალას ამერიკის შეერთებული შტატების ძალები წარმოადგენდა. ოპერაციამ მოქმედება 1992 წელს დაიწყო, თუმცა კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად, რასაც 1993 წელს ამერიკის შვეულმფრენების ჩამოგდება და საბოლოო ჯამში 43 ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილი, 153ის დაჭრა და ამ ყველაფრის შედეგად ამერიკის მიერ ოპერაციის ფორმალური დასრულება მოჰყვა, გაეროს ძალები ფაქტიურად ქმედითუუნარონი დარჩნენ. მანამდე, ამერიკის ძალების მეშვეობით შესაძლებელი იყო მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოების უზნურველყოფა, გზების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების შეკეთება და ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობამდე მიტანა, რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა დაპირისპირებულ კლანებს შორის არსებული შუღლის გამო და რაც მოგადიშოს პორტში საკვების ლპობას განაპირობებდა, მაშინ, როდესაც თითქმის მთელ ქვეყანაში შიმშილის გამო ათასობით ადამიანი იღუპებოდა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციას გარკვეული შედეგი მოჰყვა, თუმცა არა ის, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა კონკრეტული სამოქმედო გეგმის არსებობის შემთხვევაში. მთავარ პრობლემად დარჩა ის ფაქტი, რომ მშვიდობისმყოფელების მცდელობამ არ ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა საქმიანობაში, მხოლოდ კონფლიქტის გაყინვა და შემდგომში კვლავ გამწვავება გამოიწვია. ამ მისიამ რეალურად ვერაფერი შეცვალა. შემდგომში ქვეყანა მეზობელი ქვეყნების დაპირისპირების არენად იქცა და დღემდე არ ჰყავს ქმედითუნარია მმართველი მთავრობა. გაერომ საერთაშორისო მოხელეები, რომლებიც სომალიში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად ჯერ კიდევ რჩებოდნენ 2001 წელს, დაძაბულობის გამწვავების გამო გამოიყვანა. აშშ-ს და გაეროს შემდგომი ჩარევა სომალის ვითარებაში გამოწვევული იყო ერთი მხრივ ალ-ქაიდას და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების გააქტიურებით რეგიონში და მეორე მხრივ სომალელი მეკობრეების პრობლემის გადასაჭრელად. შემდგომი სამშვიდობო მისიები ძირითადად აფრიკის კავშირის წევრი ქყვეყნების ძალებისაგან შედგებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები

რეალისტური გადმოსახედიდან, ძლიერ სახელმწიფოებს ჰუმანიტარული მისიების განხორციელებისას ყოველთვის ამოძრავებთ საკუთარი ინტერესები. სომალის შემთხვევაში, უმრავლესობას მიაჩნდა რომ აშშ-ს ინტერვენციის მიღმა რეალპოლიტიკა არ იდგა, რადგან მას ამ ქვეყანაში საკუთარი მიზნები არ გააჩნდა. თუმცა, არსებობს არგუმენტები, რომლებიც ამ პოზიციას ეჭვქვეშ აყენებს. პირველ რიგში, ესაა გეოპოლიტიკური არგუმენტი. სომალი ძალიან ახლოს მდებარეობს ამერიკისათვის ისეთ მნიშვნელოვან რეგიონთან, როგორიცაა არაბეთის ნახევარკუნძული და ზოგადად ახლო აღმოსავლეთი. მასსა და ნახევარკუნძულს შორის მდებარეობს ბაბელმანდების სრუტე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტირებისას და სუეცის არხთან ერთად ევროპისა და ყურის ქვეყნების ერთ-ერთი ძირითადი მაკავშირებელია. ცივი ომის დროს რეგიონში დაძაბულობის პერიოდში სომალი დასავლეთის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენდა, რისთვისაც მის მთავრობას აშშ-სგან მილიონობით დოლარის სუბსიდიები აქვს მიღებული. ცივი ომის შემდეგ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაქვეითდა, თუმცა არ გამქრალა. გარდა ამისა, 1991 წელს მოფლიო ბანკმა შეისწავლა რვა აფრიკული ქვეყნის პოტენციალი ნავთობმიწოდებაში. პირველი ადგილი სომალიმ დაიკავა. ჯერჯერობით შეუსწავლელია, თუ რამხელა მარაგი აქვს ქვეყანას, თუმცა ფაქტია რომ არცთუ უმნიშვნელო ნავთობის რესურსები გააჩნია. საიდ ბარის რეჟიმის დროს სომალში ინვესტიციები ჩადო ოთხმა ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, თუმცა შემდგომი არეულობების გამო სამმა დატოვა ქვეყანა. დარჩა მხოლოდ ერთი, Conoco, რომელმაც არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა ამერიკის ძალების მოქმედებებში. მისმა კავშირმა მაშინდელ მმართველ ძალასთან, მუჰამედ ფარაჰ აიდიდთან, გარკვეულწილად უზრუნველყო კომპანიის უსაფრთხოება. ამით ისარგებლა ამერიკის პრეზიდენტის საგანგებო დესპანმა, რომლის აპარატიც კომპანიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა. მიუხედავად გაეროს უკმაყოფილებისა, შეერთებული შტატების ძალები თანამშრომლობდნენ აიდიდის ძალებთან, მიუხედავად მისი ძალადობრივი წარსულისა და აგრესიული ქმედებებისა გაეროს სამშვიდობო ძალების მიმართ (რაც ამერიკის ძალებზე არ ვრცელდებოდა სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ აიდიდს საკუთარი კავშირები და ინტერესები ქონდა ამერიკული ნავთობ კომპანიის მიმართ), საზღვაო ოპერაციების წარმოებისას, თუმცა, როდესაც აიდიდის მოკავშირე ძალები მოწინააღმდეგეებთან დამარცხდნენ და ქვეყნის სამხრეთზე კონტროლი დაკარგეს, კომპანიამ პოზიცია შეიცვალა და აიდიდის მოკავშირეებს დაუკავშირდა. ამას მოჰყვა ამერიკის მყისიერი ანტიპროპაგანდა აიდიდის მიმართ. გამოააშკარავეს და ხაზი გაუსვეს მის ძალადობრივ წარსულს, რომლის ანგარიშზეც ბავშვების ცოცხალ ფარად გამოყენება და შეტაკებებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვაა. მხარდაჭერის დაკარგვამ აიდიდის ძალებსა და სამშვიდობოებს შორის დაპირისპირება გამოიწვია, რასაც ამერიკის შვეულმფრენების ჩამოგდება მოჰყვა. საბოლოო ჯამში ოპერაციამ მეტი ზარალი მოიტანა ვიდრე სავარაუდოდ შეერთებულ შტატებს უღირდა. ამას მოჰყვა მის მიერ სამხედროების გაყვანა ქვეყნიდან, რამაც დანარჩენი გაეროს ძალები ფაქტიურად დაცვის გარეშე და ქმედითუუნარო დატოვა. ამერიკის შემდგომი მოქმედებები განპირობებული იყო სომალის ტერიტორიაზე ისლამური ძალების გააქტიურებით, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა და ტერორიზმთან ბრძოლის ნაწილს წარმოადგენდა.

საბოლოო ჯამში, სომალიში ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების შეფასებისას იკვეთება ფაქტორები, რამაც შეიძლება მის ნაბიჯებში ნაციონალური ინტერესების არარსებობაში დაგვაეჭვოს. ესენია რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუმანიტარული ინტერვენციისადმი მხარდაჭერა საზოგადოების რეაქციამაც გამოიწვია სომალიში შიმშილის შოკისმომგვრელი ფოტოების გავრცელების შემდეგ და შესაძლოა საარჩევნო კამპანიის ნაწილადაც კი იქცა, ვინაიდან ოპერაცია ჯორჯ ბუშ უფროსის დროს დაიწყო და ბილ კლინტონის ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში დასრულდა. გარდა ამისა, კითხვები ჩნდება მთლიანად ჰუმანიტარული ინტერვენციის მიმართაც. აშკარაა, რომ დაირღვა დასაწყიში ჩამოთვილი ფაქტორებიდან არაერთი. მაგალითად:

  • მიუხედავად იმისა, რომ ინტერვენციაში ოცამდე ქვეყნის ძალები იღებდა მონაწილეობას, უდიდეს ნაწილს მაინც შეერთებული შტატების ძალები წარმოადგენდნენ. (28000 ამერიკელი და 17000 დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენელი ჯარისკაცი მონაწილეობდა ოპერაციაში).
  • გაეროს დამკვირვებლი ფუნქცია აშკარად არაეფექტური იყო, ვინაიდან მისი მითითებების მიუხედავად აშშ მაინც თანამშრომლობდა იმ ძალებთან, რომლებთან კავშირიც მის ინტერესებში შედიოდა, მიუხედავად მათი წარსულისა.
  • სომალი არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა არ უნდა იყოს ეკონომიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა წარმოშვა ეჭვები მისიის და განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების წვლილის მიმართ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ოპერაციამ კრახი განიცადა, და ვერ შეძლო რეალური შედეგის მიღწევა. ჩნდება კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოპერაციის ფარგლებში მონაწილე მხარეებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა და რეალური შედეგის მიღწევა. რონალდ სმიტის მოსაზრებით, რომელიც ქუვეითში ამერიკის საზოგადოებრივი საქმეების (civil affairs (CA)) ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, მოგადიშოში წესრიგის დამყარება შესაძლებელი იყო 90 დღეში UNITAF-ს (Unified Task Force) 200 CA რეზერვისტი რომ ჰყოლოდა. (სხვა მისიებთან შედარებით, მაგალითად პანამაში, ერაყში და ყურის ომის დროს, როცა ასობით პროფესიონალი იყო მობილიზებული, სომალში მხოლოდ 30მდე გაგზავნეს მთელი დაძბულობის განმავლობაში). გარდა ამისა დაწყებული საგანგებო დესპანის როლიდან, დამთავრებული ზოგადი სამოქმედო გეგმით, ოპერაციას აკლდა კონკრეტიკა და დაგეგმვა იმ მიზნებისა, რის განხორციელებასაც აპირებდნენ. იმაზე კონცენტრაციამ, რომ არ ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა საქმიანობაში, როცა ეს ასე თუ ისე მაინც ხდებოდა, ოპერაცია თითქმის უმოქმედო და საბოლოო ჯამში უშედეგო გახადა, გარდა გარკვეული პერიოდისა, რამაც საბოლოო ჯამში ერთ წლამდე შეადგინა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ჰუმანიტარული ინტერვენციის უკან რეალპოლიტიკა დგას, და დიდი სახელმწიფოების ინტერესების არარსებობის შემთხვევაში ასეთი ოპერაციები ხშირად წარუმატებელი და არაეფექტურია. ეს კიდვ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ჯერ კიდევ სახელმწიფო ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ინდივიდის უფლებების დაცვა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

O. Ramsbotham, T. Woodhouse: “Contemporary conflict resolution”, case study: Somalia 1991-2010 (p. 167-169)
D. N. Nelson, L. Neack: “Global society in transition”, D. N. Gibbs “Realpolitik and humanitarian intervention: the case of Somalia” (p. 371-387)
J. P. White: “Civil affairs in Somalia”; Center for Strategic and International Studies

www.bbc.com/news/world-africa-14094632

www.theatlantic.com/magazine/archive/2008/12/timeline-somalia-1991-2008/307190/

 

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *