რელიგია

მუსლიმები და ქრისტიანები – თანაცხოვრება ახლო აღმოსავლეთში

18 Feb , 2015  

როგორც ვიცით, ახლო აღმოსავლეთი ქრისტიანობისა და ისლამის წარმოშობის ადგილია, აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ისლამი, ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. ვიდრე დავიწყებდეთ უშუალოდ მუსლიმებისა და ქრისტიანების თანაცხოვრებაზე საუბარს, მინდა შევეხო ფენომენს, ახლო აღმოსავლეთში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარე, უძველეს ქალაქ ჰირას (დღეს ნანგრევებია). აღნიშნულ ტეტრიტორიაზე გადიოდა დიდი სავაჭრო-საქარავნო გზები და თავს იყრიდა ბიზანტიური, ირანული და წარმართული კულტურები. ქალაქის დიდ ნაწილს შეადგენდნენ ქრისტიანები და ამავე ქალაქში იყო ნესტორიანელი ეპისკოპოსი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ისლამამდელი პერიოდის (ჯაჰილიის) პოეტებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ და ბევრი მათგანი ქრისტიანიც გახლდათ. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში ეს ქალაქი ძალიან განვითარდა და ცნობილი იყო არქიტექტურით, რელიგიური შემწყნარებლობით და ეკონომიკით, თუმცა ისლამის განვითარებასთან ერთად ქალაქის დიდებაც დაეცა.

აქვე მინდა ერთი საინტერესო ფაქტი მოვიყვანო: როგორც ვიცით, ყურანის ყველა სურა და ასევე წარმოთქმის სიტყვია იწყება ფორმულით „სახელითა ალაჰისა მოწყალისა მწყალობლისა“. ეს ფორმულა გამოიყენებოდა ადრე იუდაიზმშიც და ამ ქალაქშიც ისლამამდელ პერიოდშიც ეს ფორმულა დამკვიდრებული იყო, როგორც „სახელითა ღვთისა, მოწყალისა მწყალებლისა“. როგორც აღვნიშნეთ, ამ ქალაქში ცხოვრობდნენ პოეტები და განათლებული ფენის წარმომადგენლები და შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ფორმულა სწორედ ამ ქალაქის გავლენით არის დამკვიდრებული ისლამის ეპოქაში.

ისლამის გავრცელებასთან ერთად დაიწყო ახალი ტერიტორიების დაპყრობა. მართლმორწმუნე ხალიფების პერიოდში ისლამის ტერიტორია გაცდა არაბეთის ნახევარკუნძულს და დაიწყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელება. ისლამური სახალიფო იყო ძალიან მზარდი პოლიტიკური სისტემა, რომელიც სულ უფრო დიდ ტერიტორიას იპყრობდა. მოგეხსენებათ, ომაიანთა სახალიფო გადაჭიმული იყო ესპანეთიდან ჩინეთის საზღვრებამდე და წარმოადგენდა ერთ-ერთ დიდ იმპერიას შუა საუკუნეების ისტორიაში. ამხელა იმპერიის კონტროლისთვის სახალიფოში შეიქმნა საკმაოდ დიდი და ბიოუროკრატიული სისტემა, რომელიც მოითხოვდა ძალიან დიდი ხარჯებს და ადამიანურ რესურსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური სახალიფო გარკვეულწილად შემწყნარებელი იყო სხვადასხვა რელიგიების მიმართ. დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქრისტიანებს და იუდეველებს (შემწყნარებლობა არ იყო წარმართების მიმართ) ჰქონდათ ალტერნატივა. თუ გადავიდოდნენ ისლამზე ისინი იხდიდნენ სხვა ტიპის გადასახადებს, რომლებიც ეხებოდათ მხოლოდ მუსლიმებს (ეს ისეთი ტიპის გადასახადებია, რომლებსაც ხშირად არც მოიხსენიებენ გადასახადებად და გავცელებული აზრია, რომ მუსლიმები სახალიფოში გადასახადებს არ იხდიდნენ), ხოლო თუ დარჩებოდნენ ქრისტიანობაზე ისინი იხდიდნენ გარკვეული ტიპის გადასახადებს სახალიფოს სასარგებლოდ. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს არაბები იყვნენ ტოლერანტები, ან რომელიმე დამპყრობელი არის ტოლერანტი, უბრალოდ თუ მუსლიმები გადასახადს არ იხდიან, მაშინ ვიღაცამ უნდა არჩინოს სახელწმიფო, ესენი სხვა რელიგიის მოსახლეობა ხდება.

მოკლედ ავხსნი გადასახადის ტიპებს და მის სისტემას:

ზაქათი – რომელიც ყველა მუსლიმისთვის რელიგიურ ვალდებულებას წარმოადგენს. ის გარკვეულწილად თან წარმოადგენდა გადასახადს და თან არა. ვინაიდან, ეს ისლამური რელიგიური ვალდებულებაა, მისი გადახდა ევალება მხოლოდ მუსლიმს. მისი გაღება დაკავშირებულია ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერასთან.

ჯიზია – ჯიზია გახლდათ გადასახადი, რომელიც მოეთხოვებოდათ არამუსლიმებს. ისინი ამ გადასახადს იხდიდნენ, რათა დაცულები ყოფილიყვნენ ისლამურ სახელწმიფოში. ამასთან არამუსლიმები არ მონაწილეობდნენ ომებში, რაგდან ომი გახლდათ საღვთო გამოვლინება, შესაბამისად მათ უნდა გადაეხადათ, რათა ისლამური ჯარი უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ჯიზიას არ იხდიდნენ ქალები და ბავშვები, უუნარო მოხუცები, ინვალიდები, მათხოვრები და მონები. ეს გადასახადი წარმოადგენდა სულადობრივ გადასახადს, და ის იყო რეგრესული, ანუ ღარიბი პროცენტულად უფრო მეტს იხდიდა ვიდრე დიდი, რაც ალბათ გარკვეული თანასწორობის განცდას ქმნიდა.

ხარაჯა – ხარაჯა წარმოადგენდა მიწის გადასახადს. ხარაჯას იხდიდა ყველა, ვისაც ჰქონდა მიწა და დაკავებული იყო მიწათმოქმედებით. წესით მუსლიმებს არ უნდა გადაეხადად ეს გადასახადი, მაგრამ მაინც ყველა იხდიდა. გადასახადის აღება შესაძლებელი იყო, როგორც ფულადი გადასახადით ისე მიღებული მოსავლის სახით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების განათლებული ფენიდან ბევრი იყო ქრისტიანი და იუდეველი. მაგალითად, ანდალუზიაში სამართალმცოდნეები, ვაჭრები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ იუდეველები, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ექიმები, მეცნიერები, დიპლომატები, მწერლები იყვნენ ქრისტიანები და ხშირ შემთხვევაში არაბები. ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიანები განიცდიდნენ ზეწოლას ან შევიწროებას არაბთა სახალიფოში. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შეეძლოთ ეცხოვრათ, გადაეხადათ გადასახადები და ყოფილიყვნენ ისლამური მმართელობის ქვეშ. მაგრამ მათ შარიათი შეეხებოდათ თუ საქმე იქნებოდა არამუსლიმსა და მუსლიმს შორის ურთიერთობაზე. ხოლო არამუსლიმებს შორის ურთიერთობას თვითონ განიხილავდნენ. აქედან გამომდინარე, დაპყრობილ ტერიტორიებზე ისლამური სახალიფო არ აუქმებდა ადგილობრივ კანონმდევლობას. არამუსლიმ მოსახლეობას შორის სამართალწარმოება მიმდინაროებდა უკვე ადგილზე არსებული წეს-ჩვეულებებისა და ადათების მიხედვით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დაპყრობილი სახელმწიფო, არ კარგავდა ბევრ სახელწმიფო ფუნქციებს, არამედ იხდიდა გადასახადს და იღებდა უსაფრთხოების გარანტიებს ცენტრალური ხელისუფლებისგან (მაგალითად დაცვის სიგელი).

რადგან შუა საუკუნეების განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში დომინანტი რელიგია იყო ისლამი, უნდა განვიხილოთ ისლამის დამოკიდებულება ქრისტიანების მიმართ. მოგეხსენებათ, ისლამური საზოგადოება მჭიდროდაა დაკავშირებული ყურანთან და მისი ცხოვრების იდეა დაფუძნებულია იმაზე, რაც მოცემულია ყურანში. ჭეშმარიტმა მუსლიმმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მოუწოდებს ყურანი და უნდა მიემსგავსოს მუჰამედს. აქედან გამომდინარე, თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს მუსლიმთა წმინდა წერილში.

ქრონოლოგიურად, ისლამი ყველაზე ახალგაზრდა რელიგიაა აბრაამისტულ რელიგიებში, შესაბამისად, მას ქონდა საშუალება ბევრი რამ ესწავლა მისი წინამორბედებისგან, უმცირესობებთან მოპყრობის მიამრთებაში. ამის გათვალისწინებით, ყურანში გამოვლინდა სხვადასხვა რელიგიებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. ყურანში ვხედავთ სამი ცნების აღიარებას. კაცობრიობის ერთიანობა ერთი ღმერთის ქვეშ, ყველა რელიგიის თავისებურაბას, რომლებიც ხალხს მისცეს წინასწარმეტყველებმა და აპოქალიფსის როლს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს განსხვავებები სხვადასხვა თემს შორის. „თქვენ ყველასთვის (იუდეველები, ქრისტიანები, მუსლიმები) ჩვენ წინასწარ განსაზღვრული გზა გვაქვს. თუ ღმერთს სურდა, ის ყველასგან გააკეთებდა ერთ თემს, მაგრამ (მას არ გაუკეთებია ამ გზით) მან შეგქმნათ ისე, როგორც შეგქმნათ. ასე რო შეეჯიბრეთ ერთამენთს კარგ საქმეებში“ [5:48]

„ჭეშმარიტად, მათ ვისაც სწამთ (ებრაელები, ქრისტიანები, საბაელები) ღმერთის და განკითხვის დღის და შრომობს უმწიკლოდ – მათ ჯილდო ელოდებათ თავის ბატონთან, არ იქნება მათზე შიში და არ იქნება ასევე მწუხარება“. [2.62]. ისლამის მიხედვით, იმ რელიგიის მიმდევრებს, რომლებიც არის წიგნიერი და სათავეს იღებს პირველი ქალისა და მამაკაცისგან სწამთ ერთი ღმერთის, არ უნდა ეშინოდეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ყურანი შეიცავს, როგორც ტოლერანტულ ელემენტებს, ასევე ურთიერთგამომრიცხავ მომენტებსაც, რაც ხშირ შემთხვევაში იძლეოდა მის სხვადსხვანაირად გაგების საშუალებას. ყურანი აღნიშნავს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ „არ არის იძულება რელიგიაში“ [2.256].  მიუხედავად ამ მოწოდებისა, რეალობა ხშირად განსხვადვებოდა. მაგრამ ხაზგასასმელია ის, რომ უშუალოდ რელიგია ამისკენ მოუწდებს. არასწორი გაგება რელიგიის აზრს ვერ ამახინჯებს, ამახინჯებს მხოლოდ კონკრეტულ წარმონაქმნს. ყურანში გვხდება ზოგიერთი ურთიერთგამომრიცხავი მომენტი. ზოგიერთი ადგილი მიუთითებს რომ სხვა მონოთეისტური რელიგიებიც მისაღები გზაა სულის ხსნისკენ, ზოგიერთი ადგილი კი მხოლოდ ისლამს ანიჭებს ამ უპირატესობას, აქედან გამომდინარეა, რომ ხშირად ხდება მისი სხვადასხვა სახით გაგება. ყურანის პრულარიზმი გხვდება 2:62 აიაში, ვისაც სჯერა ღმერთის და უკანასკნელი დღის (მათ შორის არიან ებრაელები, ქრისტიანები და საბაელები), მაგრამ 3:85 აიაში ვხდებით „თუ ვინმე განიზრახავს სხვა რელიგიას გარდა ისლამისა, ეს მიუღებელი იქნება მისი მხრიდან და იქით სამყაროში ის იქნება დამარცხებულთა შორის“.

ეს დაპირისპირებები ხშირად განსაზღვრავდა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დამოკიდებულებას ხალხებს შორის. ყურანის თავისებურად გაგება დამოკიდებული იყო ეპოქაზე და იმაზე თუ როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ ისლამური თემი. როდესაც ხდებოდა ისლამის ექსპანსია, ის საკმაოდ ტოლერანტული იყო სხვა რელიგიების მიმართ, ხოლო როდესაც პირიქით ის განიცდიდა ზეწოლას მაშინ მკაცრი ხდებოდა. მაგალითად, ჯვაროსნების ლაშქრობის პერიოდში ისინი ომს აცხადებდნენ არამუსლიმების წინააღმდეგ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაბული სახალიფოს დროს არამუსლიმი მოსახლეობა იხდიდა გარკვეული ტიპის გადასახადებს და ცხოვრობდა სახალიფოში. ტერიტორია, რომელზეც გადაჭიმული იყო ეს უზარმაზარი იმპერია აერთიანებდა ბევრი რელიგიისა თუ მრწამსის ადამიანს, რომლებიც ზემოაღნიშნული წესის თანახმად ცხოვრობდნენ. ქრისტიანების თემები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ეგვიპტეში (კოპტები), სირიის, ლიბანისა და ერაყის, პალესტინის ტერიტორიაზე. აქ სახლობდნენ ასირიელები, ასევე ეთნიკურად არაბი ქრისტიანები. მოკლედ, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები მუსლიმები და იუდეველები. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის ეკლესიები უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ ცენტრებს წარმოადგენდნენ. არაბული ისლამური სახალიფოს შემადგენლობაში ქრისტიანებისა და მუსლიმების თანაცხოვრება საუკუნეების მანძილზე მიდიოდა, თუმცა რეგიონში თურქების გამოჩენასთან და ჯვაროსნულ ლაშქრობებთან ერთად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

არაბულ ისლამური სახალიფო, როგორც ვიცით, იყოფა 4 ძირითად ეტაპად. მოციქული მუჰამედის, ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას, ომაინათა დინასტიისა და აბასიანთა დინასტიის პერიოდები. აბასიანთა სახალიფოს დროს რეგიონში დაიწყო ეთნიკურად თურქების დიდი რაოდენობით შემოდინება. ხალიფა ალ-მუ’თასიმის (მერვე აბასიანი ხალიფა 833-842) ინიციტივით სახალიფოს ჯარში დაიწყეს თურქი მებრძოლების აყვანა. თურქები შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული ხალხი გახლდათ, რომლებიც რელიგიურად წარმართები იყვნენ, თუმცა მათ თვითიდენტიფიკაცია სუნიტურ ისლამში აღმოაჩინეს. 1037 წელს შეიქმნა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო თოღრულ-ბეგის მეთაურობით. ამ იმპერიამ ძალიან სწრაფად დაიწყო გავრცელება და უკვე 1055 წელს სელჩუკები იპყრობენ ბაღდადს და წყალობას ღებულობენ ბაღდადის აბასიანთა ხალიფასგან. იმპერია სწრაფად გაფართოვდა და ალფ-არსლანის მეთაურობით რამდენიმე ბრძოლაში გამანადგურებლად ამარცხებს ბიზანტიის იმპერიას. (1068 წელს ის ფაქტიურად იკავებს ნახევარ ანატაოლიას, 1071 წელს გამანადგურებალდ ამარცხებს ბიზანტიას მანასკერტის ბრძოლაში).

თურქების მმართველობის პერიოდში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გარკვეულწილად დაიძაბა ურთიერთობები. ხელისფლების სათავეში მოვიდნენ თურქული წარმომავლობის მმართველები. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთი დანაწილდა ძალიან ბევრ სახანოდ და საამიროდ, სადაც განსხვავდებოდა ცხოვრების პირობები. საერთო სურათს თუ შევხედავთ, თურქ-სელჩუკებმა საკმაოდ დაწიეს ცხოვრების დონე ახლო აღმოსავლეთში რადგან, სოციალურ-კულტურულად და სახელმწიფო მართვის საკითხებში ისინი ბევრად ჩამორჩებოდნენ არაბებს, მკვიდრი არაბი მოსახლეობა (ქრისტიანები იქნებოდნენ თუ მუსლიმები) ბევრად წინ იყვნენ მომთაბარე თურქებზე. გაუარესებულ სიტუაციას დაემატა ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელმაც ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირება სხვა ეტაპზე გადაიყვანა.

პაპმა ურბან მეორემ 1095 წელს მოუწოდა ევროპაში ყველა ქრისტიანს ებრძოლა მაცხოვრის საფლავისთვის და დაეხსნა ის ურჯულოთაგან, 1096 წელს მოეწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, ათასობით და ათიათასობით ქრისტიანი დაიძრა ევროპიდან პალესტინისკენ ღმერთის საფლავის გამოსახსნელად და იქ ახალი ცხოვრების დასაწყებად. 1099 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ იერუსალიმი დაეცა, იერუსალიმის მმართველობა გადავიდა ქრისტიანთა ხელში და ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფო, ხოლო სამეფოს სათავეში მოექცა გოდფრი დე ბუიონი და მას მაცხოვრის საფლავის მცველი ეწოდა. ამას გარდა, ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მთელი რიგი მნიშვნელოვანი ქალაქები გადავიდა ქრისტიანთა ხელში და ჩამოყალიბდა ქრისტიანთა სამეფოები. ეს იყო ახალი ეტაპი ქრისტიანთა და მუსლიმთა თანაცხოვრებისთვის. თუ ჯვაროსნების მოსვლამდე ქრისიტიანები და მუსლიმები, ორივენი ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ (კოპტები, არაბები, ასირიელები) და ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე ეთნიკურობის სხავდასხვა რელიგიის ხალხს (ქრისტიანი და მუსლიმი არაბები), ახლა უკვე ევროპიდან ჩამოსული ქრისტიანები და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო გვერდიგვერდ ეცხოვრა. მუსლიმურმა სამეფოებმა და საამიროებმა ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე გამოაცხადეს წმინდა ომი, ჯიჰადი მომხუდრთა წინააღმდეგ. ანუ თანაცხოვრების ეტაპი გადავიდა სხვა ეტაპზე. ყველა მუსლიმის ვალი გახდა, ებრძოლა ქრისტიანთა წინააღმდეგ და გამოეხსნა თავისი მიწები მათგან და გასნაკუთრებით იერუსალიმი, რომელიც, როგორც ქრისტიანებისთვის, ისე მუსლიმთათვის წმინდა მიწაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ქრისტიანებმა არაამქვეყნიური ვანდალიზმი და სიმხეცე გამოავლინეს მაშინ არ გაგვიკვირდება, რომ მუსლიმებს შორის აგრესია ძალიან გაიზარდა მათ მიმართ. ისტორიკოსები წერენ, რომ როდესაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, ხალხმა თავი მეჩეთებს შეაფარა, ხოლო ჯვაროსნებმა არც მეჩეთში დაინდეს ხალხი და სისხლის გუბეები ცხენის მუხლებს წვდებოდაო.

მიუხედავად ჯიჰადისა, ახლო აღმოსავლეთში მუსლიმური სამეფოებისა და სამთავროების გვერდით ჩამოყალიბდა ქრისტიანული სამეფო-სამთავროები და შედეგად თანაცხოვრებაც გაგრძელდა. ჩამოყალიბდა ახალი საამიროები. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ალეპოსა და დამასკოს საამიროები (მუსლიმური სამთავროები, თუმცა ამ სამთავროებში ყოველთვის ქრისტიანები საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ). ამ პოლიტიკურ ერთეულებს შორის გამუდმებით მიმდინარეობდა პოლიტიკური თამაში. რელიგიური დაპირისპირება მათ ხელს არ უშლიდათ ეწარმოებინათ ერთმანეთში მოლაპარაკებები და სამხედრო-პოლიტიკური კავშირები შეეკრათ თავიანთი ერთმორწმუნეების წინააღმდეგ. ამ ინტრიგების ხლართვის გარდა, აღსანიშნავია, დამასკოს მმართველისა და იერუსალიმის სამეფოს ურთიერთობა, რაც ემირ უსამა იბნ მუნკიზის მოგონებებიდან კარგად ჩანს.

უსამა იბნ მუნკიზი იყო მუნკიზიანთა გვარიდან. ის დაიბადა 1095 წელს შეიზარში. 1131 წელს ის შეუერთდა ზენგის გარემოცვას. 1137 წელს დაბრუნდა შეიზარში მამის გარდაცვალებისა და იოანე კომნენოსის ალყის გამო. ამის შემდეგ გაემგზავრა დამასკოში, სადაც დაუახლოვდა დამასკოს გამგებელს უნარს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ის მოგზაურობას იერუსალიმში. ის არაერთხელ იმყოფებოდა იერუსალმისა და სხვა ქალაქებში. უსამა იბნ მუნკიზი იყო მეომარი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. ემირის მოგონებებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რიგით საკმაოდ განათლებულ არაბს ჯვაროსნების მიმართ. ეს უკანასკნელნი დღევანდელობისგან განსხვავებით საკმაოდ ჩამორჩებოდნენ აღმოსავლურ კულტურასა და განვითარებას.

1138 წელს, ალეპოსა და დამასკოს შორის ერთ-ერთი მორიგი დაპირსპირების დროს, დამასკოს მმართველმა უსამა იბნ მუნკიზი იერუსალიმში გაგზავნა. ამ ელჩობის მიზანი იყო სამხედრო-პოლიტიკური  კავშირის დამყარება.

ემირის მოგონებების შეგვიძლია, ვიმსჯელოთ კულტურული განვითარების დიდ სხვაობაზე, ზოგადი შთაბეჭდილება შევიქმნათ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავდნენ იმ ეპოქის სირიელი მუსლიმები მათ ფრანკ მეზობლებს. მაგალითად, ემირი გადმოგვცემს შემდეგს: როდესაც ის ჩავიდა იერუსალიმში, მან მოინახულა ალ-აკსას მეჩეთი, რომლის გვერდით ერთი პატარა მეჩეთი იდგა. ორივე მეჩეთი ქრისტიანებმა ეკლესიებად აქციეს. ბერები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, მას პატარა მეჩეთს სალოცავად უთმობდნენ. სწორედ ამ ბერებს ემირი მეგობრებად მოიხსენიებს. ერთხელაც, როდესაც ემირი შევიდა ამ პატარა მეჩეთში და დაიწყო ლოცვა, მას ერთი ფრანკი მივარდა და პირი სახით აღმოსავლეთისკენ მიატრიალა და დაუყვირა, რომ აღმოსავლეთით უნდა ელოცა, ბერებმა დაიჭირეს ეს ფრანკი და გაწიეს, თუმცა მან დასხლტომა მოახერხა, კვლავ ეცა ემირს და კვლავ აღმოსავლეთისკენ მიატრიალა. ამის შემდეგ ემირის მეგობრებმა მას ბოდიში მოუხადეს  და უთხრეს: „ეს უცხოელია, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ფრანკთა მიწებიდან და არასდროს უნახავს, რომ ვინმე ლოცულობდეს სხვა მიმართულებით გარდა აღმოსავლეთისა“. ემირი აღნიშნავს „მე გამაოცა ამ ეშმაკის სახის გამომეტყველებამ, მისმა კანკალმა და ის, რაც მას მოუვიდა, როდესაც დაინახა სამხრეთისკენ მლოცველი“.

ეს მონაკვეთი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ემირი მათ, ვისაც მეგობრებს ეძახის, უკვე დიდი ხანია აღმოსავლეთის მიწებზე სახლობდნენ და აღმოსავლური ტრადიციები შეიცნეს და გაითავისეს. ისინი არაბების თვალში გარკვეულწილად ამაღლდნენ, ხოლო ახალი ჩამოსულები მუსლიმთათვის ბარბაროსებად დარჩნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ სხვა რელიგიის მიმდევარი სამხრეთის მიმართულებით ლოცულობდეს. თვით ემირი ასე გადმოგვცემს ამას „ბევრია ფრანკი, დასახლებული ჩვენს მიწებზე და დამეგობრებული მუსლიმებთან. ეს ფრანკები ბევრად უკეთესნი არიან მათზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ ფრანკთა ქვეყნებიდან“.

ეს არ არის ერთადერთი ამბავი, რომელსაც ემირი გადმოგვცემს. ერთხელ ის იყო იერუსალიმში და შეესწრო ფრანკთა საკმაოდ უცნაურ გართობას. რაინდებმა გამოყვანეს ორი მოხუცი ქალი და დააყენეს მოედნის ერთ ბოლოში, ხოლო მეორე ბოლოში ფეხები შეუკრეს ტახს და თავდაღმართზე დააგორეს. შემდეგ ეს ქალები აიძულეს ამ ტახს დადევნებოდნენ, მოხუცები მისდევდნენ, ხან ეცემოდნენ შემდეგ წამოდგებოდნენ, ამაზე კი შეკრებილი საზოგადოება გულიანად იცინოდა. საბოლოოდ ერთ-ერთმა გადაასწრო მეორეს და ეს ტახი მიიღო საჩუქრად. ამ სანახაობის მერე ემირი საკმაოდ გაოცებული დარჩა ვინაიდან ჯერ ერთი მიუღებელი იყო მისთვის მსგავსი გართობა და მეორეც სავარაუდოდ ვერ გაეგო, რა იყო ამაში სასაცილო.

XII საუკუნეში, ახლო აღმოსავლეთში კარგად იყო განვითარებული მეცნიერების სხვადასხვა დარგი. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მედიცინას ეთმობოდა. სწორედ მეციდინასთან დაკავშირებით მოგვითხრობს ემირი რამდენიმე ამბავს.

ერთხელ ალ-მუნაიტირის მმართველმა, ემირის ბიძას წერილი მისწერა, სადაც მას ახლობლების განსაკურნად ექიმის გამოგზავნას სთხოვდა. მანაც არ დააყოვნა და ქრისტიანი ექიმი გაუგზავნა, რომელსაც  საბიტი ერქვა. ექიმი მგზავრობიდან ძალიან მალე დაბრუნდა და გაოგნებულმა გადმოსცა თავისი ისტორია. როდესაც ის ეახლა ფრანკებს, მას მოუყვანეს რაინდი რომელსაც ფეხზე ჭრილობა დაუჩირქდა და ქალი, რომელიც იყო დაავადებული. საბიტმა რაინდს, ფეხზე მალამო დაადო, ჭრილობა გაიხსნა და შეხორცება დაიწყო. ხოლო ქალს უთხრა, რომ ცხელი და წვნიანი საკვები უნდა მიეღო. ამ დროს ავადმყოფებთან მოვიდა ფრანკი ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მუსლიმმა მკურნალობის შესახებ არაფერი იცის. ფრანკი ექიმი მივიდა რაინდთან და ჰკითხა თუ რომელი ერჩივნა, ეცხოვრა ერთი ფეხით თუ გარდაცვლილიყო ორივეთი. რაინდმა უპასუხა, რომ მას ერთი ფეხით ცხოვრება ერჩივნა. მაშინ ფრანკმა დაუძახა მეორე რაინდს და მოსთხოვა მოეყვანა ჯანიანი ახალგაზრდა, რომელსაც  ბასრპირიანი ნაჯახი ექნებოდა თან. ექიმს მოთხოვნა აუსრულეს. მან ჯანიან ახალგაზრდას უთხრა, რომ ავადმყოფი რაინდის ფეხი ერთი დარტყმით უნდა მოეჭრა, მაგრამ ახალგაზრდამ ეს ერთი დარტყმით ვერ შეძლო, მეორე ცდაზე რაინდის ფეხიდან ძვლის ტვინი გადმოიღვარა და ავადმყოფი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ ფრანკი ექიმი მიუბრუნდა ქალს და განაცხადა: „ამ ქალის თავში ეშმაკია, რომელიც მასზეა შეყვარებული, გადაპარსეთ თავი“. ქალს თავი გადაპარსეს, მან ჩვეულებრივად განაგრძო ფრანკული საკვების,  ნივრისა და მდოგვის  მიღება. ამის შედეგად მისი გამოშრობა კიდევ უფრო გართულდა. მაშინ ექიმმა განაცხადა, რომ ამ ქალში სატანაა შესახლებული, აიღო სამართებელი და თავზე დუწყო ჯვრების ამოჭრა. ერთ ადგილას ისე გაუჭრა, რომ თავის ქალის ძვალიც კი გამოჩნდა. შემდეგ ჭრილობებზე მარილი დააყარა, ქალმა ტკივილს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ამის შემდეგ გაოგნებულმა ექიმმა იკითხა კიდევ თუ ესაჭიროებოდათ მისი დახმარება და უარყოფითი პასუხის შემდეგ შეიზარში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ მან აღნიშნა: „წამოვედი და გავიგე მათი მკურნალობის შესახებ ისეთი რამეები, რაც აქამდე არ  ვიცოდი“.

ზემოთქმულის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ჩამოგვიყალიბდეს გარკვეული აზრი ამ ორ სამყაროს შორის არსებულ განსხვავებაზე, არა მარტო რელიგიურ, არამედ კულტურლ საკითხებშიც. თუმცა აღსანიშნავია რომ, არც რელიგიური და არც კულტურილი და რაიმე სხვა საკითხები არ იდგა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. მიუხედავათ იმისა, რომ ადგილობრივები საკმაოდ ზევიდან უყურებდნენ ჩამოსულებს, მათ მაინც მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ.

ამდენად შეიძლება ითქვას, რომ XII საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ჩახლართული პილტიკური თამაშები ძირითადად ქვეყნის ინტერესებს ეფუძნებოდა და რელიგიური განსხვავებები არც პილიტიკური ალიანსების შექმნას უშლიდა ხელს და არც პირადი ურთიერთობების დამყარებას.

ავტორი: ნინი მოდებაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის მესამე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *