კულტურა,რელიგია

ბუდიზმი კორეულ ხელოვნებაში

19 Feb , 2015  

შესავალი

კორეის მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა ჩამოყალიბდა მშობლიური ტრადიციების, უცხოური გავლენის, აღმოსავლეთ აზიის დახვეწილი ტექნიკური უნარისა და ენერგიული ადამიანის სულის შეერთებით.

მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ აზიის ყველა კულტურული და მხატვრული ტრადიციებიდან, დასავლეთი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას კორეას აქცევდა. პირველად დასავლეთი გაეცნო კორეულ ხელოვნებას მეცხრამეტე საუკუნეში, მაგრამ მეოცე საუკუნემდე დასავლეთი არ დაინტერესებულ კორეული მხატვრობის ნიმუშებით.

კორეას ყოველთვის ეკავა ცენტრალური პოზიცია აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ საკითხებში. კორეის ურთიერთობა მის ორ დიდ მეზობელთან – ჩინეთსა და იაპონიასთან და მისი როლი აღმოსავლეთ აზიის ფარგლებში კულტურულ და ტექნიკურ გაცვლაში არის ქვეყნის განუყოფელი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია კორეის კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის ინდივიდუალური ხასიათის გაგება და შეფასება.

კორეის დღევანდელი ხელოვნების ყველა ასპექტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბუდიზმმა. ბუდიზმის გავლენა კორეულ ხელოვნებაზე დღესაც იგრძნობა; ამ გავლენისა და შეფასების გარეშე რთულია კორეული ხელოვნების აღქმა. ამიტომაც ამ ნაშრომში მსურს წარმოგიჩინოთ მოკლე ექსკურსი ბუდიზმის გავლენისა კორეულ ხელოვნებაზე.

ისტორია

1.1  სამი სამეფო

კორეაში ბუდიზმი შემოვიდა  ჩინეთიდან მეოთხე საუკუნეში, სამი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 57 -ახ.წ 668). 372 წელს ბუდიზმი აღიარეს სახელმწიფო რელიგიად კოგურიოში, შემდეგ 384 წელს ბექჩეში. შილამ, რომელიც იყო შედარებით გეოგრაფიულად იზოლირებული, შეანელა ჩინური კულტურის გავრცელება ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ოფიციალურად მიიღო ბუდიზმი მხოლოდ 528 წელს. ამ პერიოდის კორეის ბუდიზმი დიდ ყურადღებას უთმობდა რიტუალებს, მაიტრეა ბოდჰისატვას ეთაყვანებოდა და მისდევდა მაჰაიანას სწავლებას[1].

კორეამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბუდიზმის გავრცელებაში იაპონიაში. 538 წელს ბექჩეს მონარქმა გააგზავნა ოფიციალური დიპლომატიური მისია იაპონიაში. სწორედ ამ მისიამ გააცნო ბუდიზმი იაპონიას.

სამი სამეფოს პერიოდის ბუდიზმი იყო ორიენტირებული სამართლიანი მეფეებისა და ერის კეთილდღეობის ბუდისტურ გაგებაზე. ისეთი ტექსტები, როგორიც არის სუტრა კეთილმოსურნე მეფეებზე დიდად ფასობდა კორეაში. სამონასტრო წესრიგის ორგანიზებას უწევდა და აკონტროლებდა სახელმწიფო. ამ მონასტრებს ევალებოდათ სახელწმიფოს დაცვა ღვთიური ძალების დახმარებით. ბუდისტური ღვთაებები იყო გაიგივებული სახელმწიფოს მფარველებთან და ბუდისტური სასულიერო პირები ხშირად მსახურობდნენ სახელმწიფო კარზე მრჩეველებად.

1.2  გაერთიანებული შილა

გაერთიანებული შილას პერიოდიდან ბუდიზმი, განსაკუთრებით შონი (იაპ. ძენი), იყო წამყვანი რელიგია და გააგრძელა აყვავება არისტოკრატიის მფარველობის ქვეშ მეთოთხმეტე საუკუნემდე. გაიზარდა ტაძრებისა და ბუდისტებისთვის ნაჩუქარი მიწების რაოდენობა, გაძლიერდა ბუდიზმის პოლიტიკური გავლენა.

მმართველები ცდილობდნენ თავისი უფლებების ლეგიტიმაციასა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საკუთარი თავისა და მათი სამეფოების შედარებით ბუდისტურ გრაგნილებში აღწერილ გასხივოსნებულ ბუდებსა და ბუდას მიწასთან.

მჭიდრო კავშირი ადრეულ კორეულ ბუდიზმსა და სახელმწიფოს კეთილდღეობას შორის აღწერილია “ხუთ რჩევაში უბრალო ხალხისთვის’’- გავლენიანი ქცევის კოდექსში, რომელიც დაწერა ცნობილმა ბერმა უონ გვანმა ახალგაზრდა არისტოკრატი კაცებისთვის: ერთგულად ემსახურე მეფეს, ერთგულად ემსახურე მშობლებს, ნდობით მოექეცი მეგობრებს, არ ერიდო ბრძოლას, არ მოკლა განურჩევლად ყველა[2]. ამ წესებში იგრძნობა კონფუციანელობის გავლენა, რაც ხაზს უსვამს კორეელების ტენდენციას სხვადასხვა რელიგიების ასპექტების შერწყმისა.

1.3  გორიო

ამიტაბჰას ტრიადა, გორიოს პერიოდი

ბუდა ამიტაბჰა იყო საფოკუსო სახე წმინდა მიწის ბუდიზმში. ამ გამოსახულებაზე გასხისოვსნებული ამიტაბჰა ზის ლოტოსის ტახტზე. მის გულმკერდზე გამოსახულია სვასტიკა, მის ხელის გულებზე არის ჩაკრა მოტიფები – მუდმივად მოქმედი,მუდმივად მოტრიალე დჰარმას სიმბოლო. ამიტაბჰას ვინაობას ვიგებთ მისი ხელის ჟესტით – დჰარმაჩაკრამუდრით – რომელიც წარმოადგენს ბუდისტურ კანონს. მის მარცხენა მხარეს არის ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა, ხოლო მარჯვნივ – ბოდჰისატვა მაჰასტჰამაპრაპტა. თანაგრძნობისა და სიბრძნის ბოდჰისატვას – ავალოკიტეშვარას ხელში უჭირავს წმინა წყლის ბოთლი. მისი გვირგვინის ცენტრში არის ამიტაბჰას პატარა გამოსახულება. მაჰასტჰამაპრაპტას, რომელიც განასახიერებს ამიტაბჰას სიბრძნეს და ეხმარება ხალხს გასხივოსნების აუცილებლობის გააზრებაში, მარჯვენა ხელში უჭირავს პატარა მართკუთხა ობიექტი წითელი ლენტით. სამი ფიგურა დახატულია ტრიადას სახით.

გორიოს პერიოდში მოხდა კონფუციანელობისა და ბუდიზმის ერთგვარი შერწყმა: კონფუციანური სწავლება აქცენტს აკეთებდა პოლიტიკასა და კულტურაზე, ხოლო ბუდიზმი – გონების სიმშივიდის მიღწევასა და გასხივოსნებაზე.

გაერთიანებულ შილასა და გორიოს პერიოდში ბევრი ბუდისტური სკოლა ჩამოყალიბდა. გორიოს პერიოდში ეს სკოლები დაიყო ორ ფართო ჯგუფად: კიო – ტექსტების სკოლათა ტრადიცია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდა ტექსტებს, და შონი – ჭვრეტითი სკოლათა ტრადიცია, რომელიც ხაზს უსვამდა მედიტაციის მნიშვნელობასა და რელიგიისადმი ინდივიდუალურ მიდგომას.

კიოს ტრადიციის ძირითადი სკოლები იყო ფილოსოფიური ავატამსაკას სკოლა და წმინდა მიწის სკოლა, რომელიც ორიენტირებული იყო დასავლეთის სამოთხის ბუდას, ამიტაბჰას, თაყვანისცემაზე.

შონის ტრადიციაში გაერთიანდა ცხრა სკოლა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ჯოგიოს წესრიგი. ჯოგიოს წესრიგი დაარსდა კორეელი ბერის ჯინულის მიერ. ის ცდილობდა გაეერთიანებინა დოქტრინალური და ჭვრეტითი დისციპლინა ერთ სკოლაში. ჯოგიოს წესრიგი დღესაც ითვლება ბუდიზმის ერთ-ერთ უდიდეს სექტად კორეაში.

1.4  ჯოსონი

ჯოსონის პერიოდში (1392-1910) ბუდიზმის ოქროს ხანა მთავრდება და ის ნელ-ნელა ადგილს უთმობს ნეოკონფუციანელობას. ეს უკანასკნელი იყო უფრო ფილოსოფია, დაფუძნებული ჩინელი მეცნიერის კონფუცის სწავლებებზე, ვიდრე რელიგია. მაგრამ მას ჰქონდა დიდი გავლენა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაზე ჯოსონის საზოგადოებაში. ბუდიზმი და ბუდისტური იკონოგრაფია შენარჩუნად დედაქალაქიდან დაშორებულ რაიონებში.

ბუდიზმმა შეინარჩუნა ავტორიტეტი მაღალი კლასის ქალებსა და ჩვეულებრივ ხალხში. ის კვლავ იყო კორეული კულტურის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

დღესდღეობით, ბუდიზმი აგრძელებს მიმდევრების მოზიდვას, თუმცა მას აქვს მზარდი კონკურენცია სხვა რელიგიებისგან, განსაკუთრებით კი ქრისტიანობისგან.

ბუდისტური პრინციპები და ჩინური გავლენა

კორეულ ხელოვნებაში რამოდენიმე ძირითადი ბუდისტური პრინციპი გვხვდება:

  1. ინკლუზიურობა – ბუდიზმის თვისება შთანთქას სხვადასხვა გავლენა. ეს შეგვიძლია დავინახოთ სხვადასხვა რელიგიებსა და ფილოსოფიებში, რომლებიც გვხვდება კორეულ ბუდისტურ ხელოვნებაში: თჰერავადა, მაჰაიანა, კონფუციანელობა, შამანიზმი
  2. ურთიერთკავშირი – ჭეშმარიტი სილამაზის წარმოსაჩენად რამოდენიმე ხელოვნების გაერთიანება: ბერის ცეკვა “სანგ-მუ’’ აერთიანებს მუსიკას, ცეკვას, კოსტუმსა და ნაქარგებს

ამ პრინციპების მსგავსად, ბუდისტური ღირებულებები ასევე გამოიხატება კორეულ ხელოვნებაში. ქაღალდიდან ლოტუსის ფანრების დამზადების ხელოვნებიდან ტაძრის კომპლექსის აშენებამდე, ბუდისტური ხელოვნების უმეტესობა აერთიანებს მოთმინებას, სიმტკიცესა და სრულყოფას, ყველა თვისება რომელიც გამომუშავდება სწავლების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

კორეაში პერიოდი მეხუთე და მერვე საუკუნეებს შორის კარგად წარმოაჩენს ბუდიზმისა და ბუდისტური მხატვრობის განვითარებასა და აღმავლობას. კერძოდ, ბუდისტური ქანდაკების განვითარება ხაზს უსვამს ცვლილებას ფილოსოფიასა და საზოგადოების გემოვნებაში. მეხუთე და მეექვსე საუკუნეების ბუდასა და ბუდისტური პანთეონის სხვა ღვთაებების ქანადკებებში ნათლად ჩანს იკონოგრაფიული და სტილისტური კავშირი მათ ჩინურ მოდელებთან: წაგრძელებული სახე, მკაცრი სახის ნაკვთები, მკვეთრი ხაზოვანი ნაკეცები სამოსელზე,შებოჭილი და ცენტრალური პოზები.

ჩინური მოდელებისთვის მიბაძვა გარდაუვალი იყო ბუდიზმის/ბუდისტური იკონოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპზე. ასევე, რელიგიური ქანდაკების ხასიათი გვეუბნება, რომ დაცული უნდა იყოს უკვე არსებული არქეტიპები.

ბუდისტური მემკვიდრეობა

3.1  ბუდისტური საგანძური

დაბოტაბი - უხვი საგანძურის პაგოდა. ეროვნული საგანძური N20

უკვე გასხივოსნებული ბუდა დაბო იჯდა მრავალი საგანძურის კოშკზე. მალე მის გვერდით გამოჩნდა ბუდა შაკიამუნი და ისინი ერთად ისხდნენ კოშკზე. ეს პაგოდა წარმოადგენს ბუდა დაბოს,ხოლო სოკგატაბი – შაკიამუნს. დაბო წარმოადგენს ობიექტურ სიმართლეს, რეალობას; ხოლო შაკიამუნი – სუბიექტურ სიბრძნეს დაბოს შესაცნობად. დახვეწილი დაბოტაბი არის სამყაროს კომპლექსურობის სიმბოლო, მარტივი სოკგატაბი კი – გასხივოსნებას .

კორეის კულტურის შეფასება არ იქნება სრულყოფილი თუ არ შევისწავლით ბუდიზმის როლს კორეული ხელოვნების განვითარებაში.

კორეული ბუდისტური ხელოვნება ნათლად იკვეთება ნახევარკუნძულის მთელი ისტორიის განმავლობაში. ქვეყნის 230 ეროვნული საგანძურიდან ნახევარზე მეტი ბუდისტურია: მინიმუმ 37 ქანდაკება, ქვის ბუდები, 25 პაგოდა, 14 ნაგებობა, 15 სტუპა და ფარნები, ზარები, რამდენიმე ნახატი და სუტრას რამოდენიმე ეგზემპლარი, მათ შორის ტრიპიტაკას დიდი ხის ბლოკები ჰაინსას ტაძარში.

კორეის 848 ოფიციალურად დანიშნული საგანძურიდან თითქმის ნახევარი ბუდისტურია. და სიები გრძელდება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ კულტურულ საგანძურებზე, ხშირად კეთდება ახალი აღმოჩენები. მრავალი შემოსევები და უცხოელი კოლექციონერები რომ არა, მათი რიცხვი უფრო დიდი იქნებოდა. მრავალი კორეული ბუდისტური ხელოვნების ნიმუში შეგვიძლია ვიხილოთ იაპონურ და დასავლურ კოლექციებში.

3.2  ბუდისტური მემკვიდრეობა

შილასა და თანის ჩინეთის მიერ ბექჩესა და კოგურიოს დამარცხებამ 662 და 668 წლებში დააჩქარა ბუდიზმის გავრცელება კორეაში. მდიდარმა მონასტრებმა და მათმა გავლენიანმა და ძლიერმა მიმდევრებმა აიღეს საკუთარ თავზე ხელოსნების პატრონობა. მათ წაახალისეს ისეთი შესანიშნავი მხატვრული საგანძურის შექმნა, რომელიც კორეას აქამდე არ ენახა. განსაკუთრებით ბუდისტური ტაძრები, რომლებსაც სახელმწიფოსგან საჩუქრად მიღებული ჰქონდათ მიწა და მონები, იქცნენ კულტურისა და განათლების ცენტრებად. გაიზარდა დიდებული ტაძრებისა და პაგოდების რიცხვი, ბუდისტური ნახატები და ქანდაკებები ვრცელდებოდა ყველგან როგორც ხალხის ერთგულების სიმბოლო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბუდიზმის გარეშე კორეული ქანდაკება ვერ მიაღწევდა განვითარების დღევანდელ დონეს. კორეაში არ იყო ქანდაკებების ძირძველი ტრადიცია, განსაკუთრებით სამგანზომილებიანი ადამიანის ფორმის, და მხოლოდ ბუდიზმისა და ბუდას გამოსახულებების შემოსვლის შემდეგ, კორეელებმა შექმნეს ადამიანისა და ღვთაებების შესანიშნავი ქანდაკებები.

სოკგატაბი - ბუდა შაკიამუნის პაგოდა. ეროვნული საგანძური N21

დაბოტაბისგან განსახვავებით ის არ არის დამშვენებული არანაირი ამოკვეთებითა თუ ბარლ-რელიეფებით. კონტრასტი სოკგატაბის სიმარტივესა და დაბოტაბის სირთულეს შორის სიმბოლურად წარმოადგენს ბუდას მედიტაციისა და სამყაროსგან განცალკევების ორმაგ ბუნებას

ბეჭდვის ხელოვნება იყო ბუდიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა კორეაში. ბუდისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბუდისტური სწავლების გამრავლებას, რადგან ეს იწვევს დადებითი კარმის დაგროვებას. ბუდიზმის გავრცელების ერთი გზა იყო ბუდას გამოსახულებებით, მაგრამ ტექსტების დუბლირება/გამრავლება ასევე ითვლებოდა რწმენის გამოხატვად. ხელით გადაწერა იყო რთული საქმიანობა ადრეული შუა საუკუნეების კორეაში: წიგნიერების დონე იყო დაბალი, ხოლო კვალიფიციური მწიგნობრების რაოდენობა მწირი. წმინდა წერილები იწერებოდა კომპლექსური ჩინური იეროგლიფებით და ძნელად იკითხებოდა. ხელით გადაწერისას დახარჯული დრო და ენერგია ბევრად აღემატებოდა მიღწეულ შედეგას. ბეჭდვის ტექნოლოგიის წარმოქმნა გარდაუვალი იყო.

1232 წელს ბუდიზმის გავლენით კორეაში, დასავლეთზე 70 წლით ადრე, შეიქმნა რკინის ბეჭდვა. მსოფლიოში უძველესი მოძრავი რკინის ბეჭვდითი წიგნი – Jikji (კორეული ბუდისტური დოკუმენტი), დაიბეჭდა კორეაში 1377 წელს და მიუკუთვნება UNESCO კულტურულ მემკვიდრეობას.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი გრავიურა მსოფლიოში მიეკუთვნება გაერთიანებული შილას პერიოდს (668-936). ის აღმოაჩინეს 1966 წელს ერთ-ერთი ქვის პაგოდას რესტავრაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ გრაგნილის წარმომავლობაზე სამეცნიერო დებატები კვლავაც გრძელდება, ეს არტეფაქტი ადასტურებს თუ რა დიდი პატივით ეპყრობოდნენ წმინდა წერილებს იმ პერიოდის კორეელი ბუდისტები.

კორეის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, არ იქნება გასაკვირი რომ კორეელებმა ორჯერ შექმნეს ტრიპიტაკა – 80 ათასზე მეტი ხისგან გამოკვეთილი გრაგნილი, რომელიც შეიცავდა ყველა ბუდისტურ ტექსტს. პანელების მეორე ჯგუფი,რომელიც შეიქმნა 1236 – 1251 წლებში და  შეიცავს 81,258 ცალ გრავიურას, შემორჩა თითქმის ხელუხლებელი სახით და დაცულია როგორც ეროვნული მემკვიდრეობა და იუნესკოს მსოფლიო  კულტურული მემკვიდრეობა.

ბუდიზმი ლიტერატურაში

4.1 პირველი ლიტერატურა

ბულგუკსა

აიგო 751 წელს. გაყოფილია სამ ნაწილად: ბიროჯონი – ბუდა ვაიროკანას დარბაზი, დენგჯონი – გასხივოსნების დარბაზი, გუნგნაკჯონი – უდიდესი ნეტარების დარბაზი. ტაძარი აგებული იყო ისე,რომ წარმოედგინა ბუდას მიწა. სიმბოლურად ის გამოხატავს ბუდას მიწას, ბუდისტური უტოპიის ანალოგს დედამიწაზე. ბულგუკსა ცნობილია მისი ორი პაგოდათი – დაბოტაბითა და სოკგატაბით. ეს ორი პაგოდა ასახავს ლოტოსის სუტრას ერთ-ერთ ამბავს.

პირველი ლიტერატურული ძეგლი, რომელშიც ნათლად იკვეთება ბუდისტური სწავლება, მიეკუთვნება გაერთანებული შილას პერიოდს. ამ ძეგლის ავტორია უოლ მიონგი.

760 წელს უოლ მიონგს გარდაეცვალა და. ძველი დასაფლავების რიტუალის ჩატარებისას, მან შეთხზა ლექსი “Requiem for My Sister’’:

The road to life and death
Stands fearfully before us.
Without saying good-bye,
Have you left me?

The early morning wind in autumn
Scatters leaves here and there.
Though from the same branch
They know not where they’ve gone.

Oh my dear sister, to see you again in Amitabha’s Paradise,
I shall wait, perfecting Buddha’s way.

როდესაც მან ლექსის ხმამაღლა წარმოთქმა დაიწყო, ამოვარდა ქარი და წინაპრებისთვის შესაწირი ფული დასავლეთით გაფანტა. უოლ მონგმა ეს ჩათვალა ბუდას ნიშნად, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ლექსში იგრძნობა არა მარტო დის სიკვდილით გამოწვეული სევდა, არამედ გაცნობიერება წუთისოფლის სიმუხთლის, აღიარება იმისა, რომ სიცოცხლე ხანმოკლე არის. მაგრამ უოლ მიონგს აქვს რეინკარნაციის იმედი. მას სწამს,რომ მომავალ ცხოვრებაში ის მოხვდება ამიტაბჰას სამოთხეში, სადაც ხანგრძლივი სიცოცხლე ელოდება.

ეს რექვიემი გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ მერვე საუკუნიდან ხალხი უყურებდა ბუდიზმს როგორც მათ გადარჩენის ერთადერთ საშუალებას.

ლოტოსის სუტრას

ლოტოსის სუტრას გრაგნილის ილუსტრაციები
ავტორი უცნობია
მე-14 საუკუნე, გორიოს პერიოდი

4.2  სამ გუკ იუსა

სამ გუკ იუსა – “სამი სამეფოს ისტორია’’ არის ლეგენდების, ზღაპრებისა და მითების კრებული. შექმნა ბუდისტმა ბერმა ი ლეონმა მეცამეტე საუკუნის ბოლოს.

სამ გუკ იუსა განსხვავდება სხვა მისი თანამედროვე ლიტერატურული ძეგლებისგან იმით, რომ წარმოაჩენდა ბუდისტურ ლეგენდებსა და ამბებს, რომლებშიც პირველ ადგილას დგას ადამიანური ბუნება. ამის საჩვენებლად ი ლეონი ყვება რამოდენიმე ლეგენდას. დღემდე მათ შორის ყველაზე პოპულარულია ლეგენდები, სადაც ის თითქოს უპირისპირდება არისტოკრატიის ბუდიზმს, ბუდიზმის ძირითად ნაკადს შილასა და გორიოში. ბუდიზმი გახდა სახელმწიფო რელიგია ამ პერიოდში, რადგან მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და მისი მმართველი კლასის  დაცვას ღვთაებრივი ძალის მიერ. ი ლეონი კი ყურადღებას უფრო ჩვეულებრივ ხალხზე ამახვილებდა. მას სწამდა, რომ ჩვენ ვერ გამოვყოფთ ღვთაებრივსა და ჭეშმარიტს ხალხისა და ყოველდღიური ცხოვრებისგან. მისი ბუდიზმი უფრო ხალხის ბუდიზმი იყო, ვიდრე არისტოკრატიის ბუდიზმი.

ამიტომაც ამ ლეგენდებში ბუდა თუ ბოდჰისატვა უმეტესად ყველაზე დაბალი ფენიდან გამოსული ყველაზე მდაბიო, უქონელი, დაჩაგრული ადამიანის სახით წარმოჩინდებოდა. ეს ამბები გვეხმარება დავინახოთ საგნები ტრადიცულად მიღებული წესისგან განსხვავებულად. მაგალითად, ერთ-ერთ ამბავში უნგ მი იონი მიუხედავად ყველა განსაცდელისა, რომლის გადატანა მოუწია თავისი ბატონის გამო, მაინც დადის ტაძარში. ისტორიის ბოლოს ჩვენ ვხედავთ გასხივოსნებულ უნგ მი იონს, რომელიც მიფრინავს ბუდას მიწისკენ.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი სამ გუკ იუსაში ეხება შეხვედრას უონ ჰიოსა და ჰე კიონგს შორის. ერთხელ ეს ორი მეგობარი წავიდა სათევზაოდ. სადილის შემდეგ, ისინი ჩამოჯდნენ ქვაზე. ფეკალურ მასაზე მითითებით, ჰე კიონგმა თქვა:“Your fish is my shit’’. რა აზრი შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ეპიზოდიდან?  ბუდისტური დოქტრინის მიხედვით, ბუნების მარადიულ ციკლში ყველაფერი უკავშირდება ერთმანეთს. თითოეული ჩვენგანი ამ ციკლის ნაწილია ცხოვრებაშიც და სიკვდილშიც. განა ამას არ ნიშნავს ჰე კიონგის მოსაზრება? “შენს თევზსა’’ და “ჩემს ფეკალურ მასებს’’ შორის არანაირი განსხვავება არ არის. ორივე არის მხოლოდ ფორმა, რომელსაც ისინი მომენტალურად იღებენ  ბუნების მარადიულ ციკლში. ამის გაგება ნიშნავს გასხივოსნების ჭეშმარიტი არსის ჩაწვდომას.

ყველაზე დამამახსოვრებელი ისტორიები უკავშირდება ადამიანთა ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ძველ დროში, ადამიანებს რომლებიც მსოფლიოს ცვალებადობის, უკუღმართობის მოწმენი იყვნენ. მოდით, ვნახოთ რამოდენიმე ასეთი ისტორია. პირველი ორი განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ისინი აკრიტიკებენ ინსიტუციონალურ ბუდიზმის ზოგიერთ ასპექტს.

პირველი ამბავი მოხდა შილაში მეფე შინმუნის (681-698) მეფობისას: ერთ დღეს დიადი არისტოკრატი კიონგ ჰუნი ცხენზე ამხედრებული თავისი ამალით მიემართებოდა სასახლეში. როდესაც კარის კაცმა მდიდრულად გამოწყობილი ამალა დაინახა, იმ წამსვე განზე გადგა და აღმოსავლეთის კარიბჭე გააღო. იქ, სადაც კიონგ ჰუნი უნდა ჩამოსულიყო, ძონძებში გამოწყობილი ბუდისტი ბერი ისვენებდა. ბერს თან ჰქონდა თევზი. როდესაც ამალამ ეს დაინახა, გაკიცხა ბერი რელიგიით აკრძალული საჭმლის ქონისთვის, რაზეც ბერმა უპასუხა – “უკეთესი არ არის ბაზარში ნაყიდი თევზი იქონიო, ვიდრე ცოცხალი არსება ფეხებს შორის?’’ როდესაც კიონგ ჰუნს უამბეს ეს ამბავი, მან ეს აღიქვა როგორც ბუდას გაფრთხილება ცხენზე გადაადგილების საწინააღმდეგოდ და იმ დღის შემდეგ არასდროს ამხედრებულა ცხენზე.

მეორე ამბავი ალბათ ამ წიგნში შესულ ისტორიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია. ეს მოხდა შილას მეოთხე მეფის ეჯანგის (800-809) მეფობისას. ერთხელ ბერი ჩონგ სუ ბრუნდებოდა სამნანგის მონასტრიდან ჰუანგიანგის ტაძარში. ჩონუმის მონასტრის ეზოში მან დაინახა თოვლით დაფარული ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად. ჩონგ სუ ჩაეხუტა ქალს და რამოდენიმე წუთში ის გაცოცხლდა. ამის შემდეგ ჩონგმა გაიხადა ტანსაცმელი, მისცა ის ქალს და შიშველი დაბრუნდა ტაძრაში. მთელი ღამის განმავლობაში ის ბრინჯის ღეროებით ფარავდა ტანს. ღამით ციდან ხმა ჩამოისმა, რომელიც ჩონგ სუს სამეფო მრჩევლად დანიშვნას ბრძანებდა. მომხდარი მალევე მოახსენეს მეფეს, რის შემდეგაც ჩონგ სუ დაინიშნა მთავარ სამეფო მრჩეველად.

ბოლო ამბავი, ცნობილი “ჩოშინის სიზმრად’’ არის, ალბათ, ბუდისტური აზრის ყველაზე ნათელი გამოხატულება. წარმოჩენილი როგორც დასიზმრებულის მონათხრობი, ის წარმოაჩენს ბუდისტურ აზრს, რომ ამქვეყნიური ბედნიერება არის მხოლოდ მომენტალური ილუზია, წარმავალი სიზმარი, და ამიტომ არ ღირს დასადევნად. მაგრამ ის იმდენად ჭეშმარიტად და დამაჯერებლად არის ასახული, რომ ჩნდება კითხვა ეს რეალური ცხოვრებაა თუ მხოლოდ ილუზიური სამყარო. მართალია, ჩოშონს ჰქონდა ტრაგიკული ცხოვრება, მაგრამ ამბის წაკითხვის შემდეგ გვიჩნდება გრძნობა რომ სიზმართან შედარებით ნამდვილი ცხოვრებისეული ამბავი წავიკითხეთ. ტრაგიკული, სევდიანი ცხოვრება არ არის აუცილებლად უღირსი, ფუჭი ცხოვრება. “ჩოშინის სიზმარი’’ წარმოგვიდგენს, რომ სანამ ადამიანი ვერ გაერკვევა რომ ყველაფერი ამქვეყნიური ილუზიურია, წარმავალია ის ვერ მიაღწევს გასხივოსნებას.

ბუდისტური ხელოვნება

5.1 გაერთანებული შილას ეპოქის ხელოვნება

ტაძარი სოკურამი

სოკურამი – მერვე საუკუნის გრანიტის საკურთხეველი, რომელიც მდებარეობს მთა ტოჰამზე, კიონგჯუს აღმოსავლეთით. ითვლება, რომ შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაეცვა კორეა იაპონიის აგრესიისგან.
მღვიმე, რომელიც აშენდა მერვე საუკუნეში როგორც წინაპრებისადმი ერთგულების ნიშანი, აერთიანებს კომპლექსურ მათემატიკურ გამოთვლებსა და არქიტექტურულ გენიალურობას. ბუდას მთავარი ძეგლი და კედელში ნაკვეთი გამოსახულებები არის მანიფესტი ღვთაებრივისა და ადამიანურის იდეალური კომბინაციის, რაც იშვიათად შეეფერება ჩინურ და იაპონურ თანამედროვე ბუდისტურ ქანდაკებებს.
სოკურამის მღვიმე სიმბოლურად გამოხატავს ბუდას გასხივოსნებას.

მეოთხე საუკუნეში ბუდიზმის შემოსვლას კორეაში მოყვა მრავალი სხვადახვა მხატვრული სტილის დანერგვა. ბუდიზმის გავლენა კორეულ მხატვრობაზე ნათლად ჩანს ტაძრის კომპლექსებში, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებებში, ფერწერასა და ხელნაწერების ილუსტრაციებში, რომლებიც შეიქმნა ნახევარკუნძულზე მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული. ბუდიზმის ოქროს ხანა იყო გაერთიანებული შილასა (668-936) და გორიოს (918-1392) პერიოდებში, რაც დასტურდება ამ ეპოქების უაღრესად დახვეწილი და ელეგანტური ხელოვნების ნაშრომებით.

მეშვიდე-მერვე საუკუნეებისთვის კორეული ბუდისტური ქანდაკება კონცეპტუალურადაც და სტილისტურადაც განვითარდა.

ცნობილი “ბექჩეს ღიმილი’’ ბექჩეს პატარა ბუდას ქანდაკებებზე, მეშვიდე საუკუნის ბუდას მედიტაციის ელეგანტური და ინდივიდუალისტური ქანდაკებები, მერვე საუკუნის ტექნიკურად და სტილისტურად უბადლო ქანდაკებები, რომლებიც ამშვენებენ კლდეში ნაკვეთი ტაძრის სოკურამის კედლებს, ამის ნათელი მაგალითია. სოკურამი და მისი ქანდაკებები წარმოადგენენ კორეულ გამომგონებლობას და კორეული სტილის არსს ბუდისტურ ხელოვნებაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბუდისტური ხელოვნება კორეაში, ისევე როგორც რელიგიური ხელოვნება ბევრ უძველეს საზოგადოებებში, იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური გამოვლინება. ის ასევე წარმოადგენდა იმ პერიოდის მმართველი კლასის რელიგიურ ფანატიზმსა და პოლიტიკურ ამბიციებს. ელიტისთვის ბუდიზმი იყო არა მარტო რელიგია, ცხოვრების პრაქტიკული სახელმძღვანელო და ხსნის საშუალება, არამედ გზა პოლიტიკური ძალაუფლების გასამტკიცებლად. ტაძრები და საკულტო ქანდაკებები აძლევდა ელიტას საშუალებას გამოემჟღავნებინა თავისი პოლიტიკური ძალა და გავლენა, იყო საშუალება რელიგიის გავრცელებისა და ხალხის კონტროლის. ეს არ ნიშნავს, რომ ბუდიზმი და ბუდისტური ხელოვნება იყო მხოლოდ პოლიტიკური ელიტის პრეროგატივა. ბუდიზმი გავრცელდა საზოგადოების ყველა კლასში და თაყვანისცემის ობიექტები, როგორიცაა ქანდაკება, ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა ფენისთვის.

ბუდისტური სწავლებების თანახმად, ბოდჰისატვებისა და ბუდების წარმოდგენა არის ბუდისტური აზრის ფუნდამენტური მხატვრული გამოხატვა. ამ ფიგურების გასხივოსნებულობა წარმოჩენილია მათ გამოსახვაში. განმასხვავებელი ნიშნები შეიცავს ამოზნექილობას თავზე, ასევე ხელის ჟესტები – მუდრები – აწვდიან მნახველს ინფორმაციას ფიგურის ვინაობაზე ან გადასცემენ მას რაიმე შეტყობინებას. ბუდისტურ ღვთაებებს ხშირად გამოხატავენ შარავანდედით, კაშკაშით ან მხოლოდ მათი თავის გარშემო, ან მთელი ტანის გარშემო. დასავლეთის მსგავსად, ეს კაშკაში,შარავანდედი მიუთითებს ფიგურის გასხივოსნებულობაზე. ეზოთერული ბუდისტური პანთეონის ღვთაებების ძლიერება და შესაძლებლობები ხშირად გამოხატულია ისეთი არა-ადამიანური მახასიათებლებით, როგორიცაა ბევრი ხელი ან თავი. გარემომ, რომელშიც ფიგურა არის გამოსახული, შეიძლება მიგვანიშნოს ღვთაების ვინაობაზე. მაგალითად, ბუდა ამიტაბჰა არის ხშირად ნაჩვენები თავის დასავლეთ სამოთხეში გარშემორტყმული ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა და ბოდჰისატვა მაჰასტჰამაპრაპტათი.

კოსმოპოლიტური გაერთიანებული შილა აგრძელებდა ურთიერთობას იაპონიასა და თანის დინასტიის ჩინეთთან. ამასთან, ბევრმა ბუდისტმა მომლოცველმა, რომელმცა იმოგზაურა ინდოეთში, მოიტანა ინფორმაცია სხვა კულტურების შესახებ. ეს ახლად გაცნობილი სტილები და ტიპები ამდიდრებდნენ კორეულ ბუდისტურ იკონოგრაფიას. ამ საერთო ბუდისტური ქანდაკების სტილმა და კოგურიო-ბექჩეს პერიოდიდან შემორჩენილმა მხატვრულმა ტრადიციებმა ჩამოაყალიბეს გაერთიანებული შილას მხატვრობა.

გაერთიანებული შილას პერიოდში ბუდისტური პრაქტიკებისა და რიტუალების ამქვეყნიური სარგებელი გახდა მთავარი საზრუნავი. სახელმწიფოს გასაძლიერებელი და დამცავი ბუდისტური რიტუალები რეგულარულად ხორციელდებოდა სამეფო კარზე და მნიშვნელოვან ტაძრებში. ამავე მიზნით ხდებოდა  ტაძრების მშენებლობა და ძირითადი ხელოვნების ნამუშევრების შექმნა. ამის ორი კარგი მაგალითია: საჩონ უანგსა – ოთხი ზეციური მეფის ტაძარი[3] – აგებული მეშვიდე საუკუნეში, კიუნგჯუში, გაერთიანებული შილას დედაქალაქში. ტაძარი აშენდა მეფის განკარგულებით თანის იმპერიალისტური საფრთხის წინააღმდეგ. მეორე ძეგლია მერვე საუკუნის გრანიტის საკურთხეველი სოკურამი, რომელიც მდებარეობს მთა ტოჰამზე, კიონგჯუს აღმოსავლეთით. ითვლება, რომ სოკურამი შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაეცვა კორეა იაპონიის აგრესიისგან.

5.2  კოგურიოს პერიოდის ხელოვნება

მჯდომარე ბუდა შაკიამუნის  ქანდაკება სოკურამში

ბუდა შაკიამუნი იყურება ზღვისკენ. მარცხენა ხელი აქვს დჰაიანა მუდრას – კონცენტრაციის მუდრას პოზიციაში, მარჯვენა – ბჰუმისპარსა მუდრას – მიწის შეხების მუდრას პოზიციაში.

კოგურიოს პერიოდის ბუდისტური ქანდაკებები უკავშირდებიან ჩრდილეოთ ვეის დინასტიის (386–534) კუთხოვან, ტანად ქანდაკებებს. ბექჩეს ქანდაკებები, რომლებიც იმ დროის დახვეწილ ქანდაკებათა რიცხვს მიეკუთვნება, ხასთიადებიან მშვიდი სახის გამომეტყველებით, ალის ფორმის შარავანდედითა და შესანიშნავი ძვირფასეულობით, გვაგონებენ სამხრეთ ჩინეთის ლიანის დინასტიას (502–557).

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტექნიკურად დასრულებული კორეული ბუდისტური ქანდაკების მაგალითია ბოდჰისატვა მაიტრეას ნახევრად მოოქროვილი ბრინჯაოს მჯდომარე ქანდაკება შექმნილი გვიან მეექვსე საუკუნეში. დახვეწილი ჩამოსხმის ტექნიკითა და ნიჭიერი მოდელირებით, ეს ძეგლი არის სამი სამეფოს მაღალი დონის ოსტატობის მაგალითი.

5.3  გორიოს პერიოდის ხელოვნება

წყალ-მთვარის ავალოკიტეშვარა ავტორი უცნობია შექმნილია ადრეულ მე-14 საუკუნეში, გორიოს პერიოდი

წყალ-მთვარის ავალოკიტეშვარა ავტორი უცნობია შექმნილია ადრეულ მე-14 საუკუნეში, გორიოს პერიოდი

ბუდიზმი იყო ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გორიოს პერიოდში. დინასტიის დამაარსებელმა უანგ კონმა, რომელიც ცნობილია თეჯოს სახელით (918-943) ბუდიზმი გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. ბუდიზმის გავლენა გავრცელდა შემოქმედებითი საქმიანობის ყველა სფეროში. აიგო მრავალი სატაძრო კომპლექსი სანგდოში (დღევანდელი კესონგი) და მის ახლომდებარე ქალაქებში. ტაძრების გავრცელება, მათი დახვეწილი ქვის პაგოდებით, დეკორატიული კერამიკული სახურავებითა და მეტლახით, ნათელ ფერებში მოხატული კედლებით, ხის, მარმარილოს, ბრინჯაოსა და  ქვის ქანდაკებებითა და დახვეწილი სარიტუალო ჭურჭლით, ადასტურებს ბუდისტური დაწესებულებების მზარდ ძალას.

კინემატოგრაფია

კორეაში ბუდისტურ პრინციპებზე დაფუძნებული ფილმების გადაღება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დაიწყო. თუმცა ბუდისტური კინემატოგრაფიის მწვერვალად კიმ კი დუკის 2003 წლის ფილმი “გაზაფხული,  ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხული’’ ითვლება.

ფილმი მოგვითხრობს ლამაზი ტბის პირას აგებულ ტაძარში მცხოვრებ მოხუც ბერსა და მის მოწაფეზე – ახალგაზრდა ბერზე. მთავარი გმირების სახელები ფილმის განმავლობაში არ სახელდება.

ფილმში ბუდიზმის სამი მთავარი პრინციპია წარმოდგენილი: სანსარა, ანიგა[4] და უპადანა[5].

სანსარა არის დაბადების, ცხოვრების, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების მარადიული ციკლი. ანიგა ეს არის თეორია, რომლის თანახმადაც სამყარო, სადაც თითოეული საგანი/მოვლენა სხვა საგანთან/მოვლენასთან კავშირში არსებობს, არის მარადცვალებადი. უპადანა არის ტანჯვის ერთ-ერთი მიზეზი და ნიშნავს რწმენას ან ილუზიებს, რომლებიც ადამიანს მიაჩნია ჭეშმარიტებად. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავსა და მიჯაჭვულობის საგანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გამოყოფილად ხედავს.  ფილმი ასახავს სამყაროს ტანჯვას და ამ ტანჯვის მიზეზია “მე’’.

სეზონების ცვლილება სიმბოლურად გამოხატავს ბუდისტების თვალთახედვას ადამიანის ცხოვრების ციკლურობაზე. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი გამოხატავს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს,ხოლო კვლავ გაზაფხულის დადგომა – რეინკარნაციას, ხელახლა დაბადებას.

პირველ სეზონში – გაზაფხულზე მოხუცი ბერი ასწავლის ახალგაზრდას სულიერ დისციპლინასა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას. ახალგაზრდა ბერი არღვევს ხუთი ბუდისტური დარიგებიდან ერთს – აკრძალვას ზიანის მიყენებაზე ცოცხალი არსებებისთვის. ის ქვას აბამს  ბაყაყს, გველსა და თევზს. ბავშვის დასასჯელად მოხუცი ბერი ღამით მას აბამს დიდ ქვას და ჰპირდება ქვის მოხსნას მხოლოდ ცხოველების გათავისუფლების შემდეგ. სამწუხაროდ, ბაყაყის გარდა ორივე ცხოველი ბიჭს მკვდარი დახვდება. ”you will carry this stone in your heart for the rest of your life” – ეუბნება მას მოხუცი ბერი. აქ უკვე შემოდის კარმას გაგება – უარყოფითი საქციელი უარყოფითი, ცუდი კარმას აკუმულირებას ახდენს. მართლაც, ახლაგაზრდა ბერის მძიმე ცხოვრება ამ კარმული ნაშთების შედეგად შეგვიძლია მოვიაზროთ.

ზაფხულში ახალგაზრდა ბერი ხუთი დარიგებიდან კიდევ ერთს – აკრძალვა გრძნობათა არასათანადო გამოვლინებაზე – დაარღვევს, რის შემდეგაც დატოვებს ტაძარს და ქალაქში წავა საცხოვრებლად.

ბუდისტების სწავლება უპადანაზე იწყება ოთხი ჭეშმარიტებით: დუქჰა, ტანჰა, ნიროდჰა, მარგა. შემოდგომაზე  მონასტერში ხელახლა დაბრუნებული ახალგზარდა ბერი იტანჯება, ის შეპყროვბილია შურითა და სიძულვილით. სწრედ ამ გრძნობებმა უბიძგეს მას ცოლის მკვლელობისკენ. ფილმში მოხუცი ბერი მაბობს:“ Lust awakens the desire to possess. And that awakens the intent to murder.” ხუთი დაბრკოლებიდან ერთ-ერთით – სიძულვილით შეპყრობილი ახალგაზრდა ბერი ცდილობს მოიკლას თავი. ამით განრისხებული მოხუცი ბერი სჯის მას და გონების აფექტებისგან გასათავისუფლებად, გონების დასაწყნრებლად აიძულებს მას ტაძრის იატაკზე სუტრას ამოტვიფრვას.

აქ კიმ კი დუკი ცოდნით გონების განწმენდის სიმბოლოდ იყენებს ცეცხლს – ახლაგაზრდა ბერი სუტრას ამოტვიფრვას სანთლის შუქზე ამთავრებს და სულიერ სიმშვიდესაც პოულობს. ეს სიმბოლო კიმ კი დუკმა მოხუცი ბერის ნირვანას მიღწევის აღსანიშნადაც გამოიყენა – მოხუცი ბერი თავს იწვავს და რეინკარნირებული-გველის სახით რჩება ტაძარში.

ზამთარი შეგვიძლია მოვიაზროთ  ფილმის კულმინაციად. სწორედ ამ სეზონში ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას ტაძრის გარშემო არსებულ ტბას, რომელიც ყველა სეზონის განმავლობაში იცვლებოდა და არასდროს იყო ერთი და იგივე. ყურადღებას იქცევს თავად ახლაგაზრდა ბერიც,რომელიც ამ სეზონების განმავლობაში შეიცვალა, ისევე როგორც ყველაფერი იცვლება ამ მარადცვალებად სამყაროში.

თავს იჩენს კიდევ ერთი ბუდისტური კონცეპცია – ყოველი ადამიანი ბუდაა აფექტური დაბინძურებებით. ყველას აქვს ბუდად ქცევის პოტენციალი: ფილმის დასასრულს შემთხვევით ტბაში დამხრჩვალი ქალის იასამნისფერ შარფზე ახალგაზრდა ბერი აღმართავს ბუდას ქანადკებას და ამით ხაზს უსვამს, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია გახდეს ბუდა, რომ ყოველი ადამიანი მომავალი ბუდაა.

ფილმი სრულდება უკვე მოხუცებული ახალგაზრდა ბერით, რომლესაც მისნაირი ცელქი ბავშვი მიაბარეს მოწაფედ. სანამ ბერი ასწავლის ბავშვს ბუდისტურ პრინციპებს ბუდას ქანდაკება გადმოჰყურებს ამ სცენას ბორცვიდან.

გარდა ბუდიზმის მანიფესტაციისა, ამ ფილმში კიმ კი დუკს სურდა დიდი ხნის კორეული ბუდიზმის თავსატეხის – მისი სხვადასხვა პრაქტიკებისა და იდეების გაერთიანების, ჰარმონიის მიღწევის – გადაჭრა ეცადა. მისი თქმით მთელი ფილმის განმავლობაში ყოველ სცენაში არის მინიმუმ ორი ადამიანი მაინც და ეს არის მისი პირადი ალუზია ჰარმონიაზე, რადგან ჰარმონია ან კონფლიქტი წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ორი პიროვნება ან რეალობა.

კიმ კი დუკის ეს ფილმი მიზნად ისახავდა გაუცხოეუბული, ჭეშმარიტ გზას აცდენილი, გონებადაბინდული და ტექნოლოგიაზე მიჯაწვული თანამედროვე კორეული საზოგადოების გამოფხიზლებას და მათთვის გადარჩენის გზის მითითებას.

ბიბლიოგრაფია

  1. http://www.metmuseum.org/collection/the-collection-online/search/57573
  2. “The Arts of Korea: A Resource for Educators” 2001, Smith, Judith and Elizabeth Hammer
  3. http://www.metmuseum.org/toah/ht/?period=06&region=eak
  4. http://whc.unesco.org/en/list/736
  5. “Korean Art & Culture”, Peabody Essex Museum
  6. “K-Literature: The Writing World’s New Voice’’ 2012, Published by Korean Culture and Information Service

 

სქოლიო

[1] “Tracing Back the Radiance’’ 1991, Chinul/ Buswell, Robert E.

[2] ”A Historical and Cultural Dictionary’’ 1999, Keith Pratt and Richard Rutt, p. 123.

[3] ოთხი ზეციური მეფე – ოთხი ღვთაება, რომელიც პატრონობს ოთხი ძირითადი მიმართულებიდან ერთს

[4] Impermanence

[5] उपादान – upādāna

[6] “Fascinating Tales of Blooming Silla’’ 2006, Alexander Chang and Andrew Chang

 

ავტორი: სოფიო ცეცხლაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *