პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ისრაელის საგარეო ურთიერთობები და მათი ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ჭრილში

19 Feb , 2015  

„ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირეები, და არ გვყავს საუკუნო მტრები. ჩვენი ინტერესები სამუდამო და საკუნუოა, და ამ ინტერესების დაცვა ჩვენი მოვალეობაა.“

                                         ლორდ პალმერსტოუნი

ამ ნაშრომში მე განვიხილავ ისრაელის საგარეო ურთიერთობას რამდენიმე ქვეყანასთან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თურქეთსა და ირანთან. ეს სამი სახელმწიფო გამოვარჩიე იმის გამო, რომ დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ისინი საკმაოდ აქტუალურები არიან. ისრაელსა და ამ ქვეყნებს შორის კავშირის მიმოხილვის შემდეგ, შევეცდები ისრაელის საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას შევუსაბამო და დავამტკიცო, რომ იგი ყველაზე ახლოს რეალიზმთანაა.

ისრაელი – ამერიკის შეერთებული შტატები

1948 წლის 14 მაისს, აშშ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოებრიობა აღიარა. წლების შემდეგ, იშვიათი პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის მიუხედავად, აშშ-მ და ისრაელმა შეინარჩუნეს ახლო კავშირი, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ფასეულობებს, რელიგიურ აღმსარებლობასა და უშიშროების საკითხებს. ურთიერთობა განვითარდა ეკონომიკური, მეცნიერული და სამხედრო შეთანხმებებისა და ვაჭრობის მეშვეობით. კონგრესი უზრუნველყოფს სამხედრო დახმარებას ისრაელისათვის და გამოსცა კანონმდებლობა მისი უშიშროების მხარდასაჭერად.

ისრაელის მოხელეები აქტიურად აკვირდებიან აშშ-ს ქმედებებს და კონსულტაციებს გადიან აშშ-სთან რათა გავლენა მოახდინონ ამერიკის რეგიონალურ საკითხებში ჩართულობის მომავალ ბუნებასა და ხედვაზე, რაც ისრაელის უსაფრთხოებას უშლის ხელს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ისრაელელი ლობისტები აქტიურად მუშაობენ აშშ-ს მთავრობაში საკუთარი ინტერესების დასაცავად. და მრავალ სტატიაში, კითხვაზე, თუ რატომ უყვარს ასე ძალიან აშშ-ს ისრაელი და რატომ ეხმარება წლების განმავლობაში ამდენად, პასუხად სწორედ ლობისტების აქტიურობას ასახელებენ, თუმცა ნამდვილად ასეა თუ არა ამ კითხვას ღიად დავტოვებ.

ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაცია, გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად ისრაელთან, ყოველთვის უწევდა სამხედრო დახმარებას, აქტიურად იყო ჩართული ისრაელი-პალესტინის  კონფლიქტში და მრავალი მცდელობა ჰქონდა მისი დარეგულირებისა.

ასევე ლიბანთან კონფლიქტისას 2006 წელს, აშშ-მ მიაწოდა ისრაელს სამხედრო იარაღები, და მყარად უჭერდა მხარს ისრაელის კამპანიას, როდესაც ლიბანმა სთხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტა რეგიონში, რაც შედეგად უარით დასრულდა.

რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციას, ეს შედარებით ვრცლად უნდა განვიხილო, რადგან ვეხებით დღევანდელ პოლიტიკას და მდგომარეობას. უდავოა, რომ ქვეყნის პირველი პირის და პრემიერ-მინისტრების ოფიციალურ ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომატიაში. საარჩევნო კამპანიის დროს, ობამამ მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა და ძირეულ რეფორმებს დაპირდა. მისი ტერმი დაიწყო ცენტრალურ აზიაში ვიზიტით, როდესაც 2009 წელს იგი ესტუმრა თურქეთსა და ეგვიპტეს, მაგრამ გამოტოვა ისრაელი. და ეს გამოტოვება 4 წელი გრძელდებოდა. ამ ორი მუსულმანური ქვეყნის ვიზიტი ობამასთვის აშშ-სა და არაბ-მუსულმანურ სამყაროს შორის მეგობრული კავშირის დამყარების მცდელობა იყო. იგი თვლიდა, რომ მისი წინამორბედი პრეზიდენტი ზედმეტად ახლოს იყო ისრაელთან, ხოლო მუსულმანურ სამყაროსთან შერიგება უფრო დაბალანსებულ მიდგომას მოითხოვდა, ამიტომაც მან სცადა ისრაელთან შედარებით ჩამოშორება. 2009 წლის თებერვლის ისრაელის არჩევნებში, ობამა იმედოვნებდა ციპი ლივნის, კადიმას ცენტრისტული პარტიის ლიდერის, გამარჯვებას. თუმცა, ნეთანიაუ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ამ ორ პიროვნებას განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიები ამოძრავებთ, კერძოდ კი, თუკი ობამა მემარცხენე ლიბერალ-დემოკრატია, ნეთანიაუ მემარჯვენე კონსერვატორი, მათ შორის ურთიერთობა მალევე გაფუჭდა. პირველად ეს გამოიხატა იმაში, რომ ისრაელის მიერ დასახლების შეჩერებისა და კონფლიქტის მოსაგვარებლად პალესტინასთან მოლაპარაკებების აღდგენაზე თანხმობის შემდეგ, პალესტინამ მაინც უარი განაცხადა ისრაელთან მოლაპარაკებებზე, ხოლო ობამამ ამაში ისევ ისრაელს დასდო ბრალი.

ეს ორი ქვეყანა ვერც ირანის ატომური იარაღის საკითზე თანხმდებოდა და უფრო მეტიც, ისრაელს შენიშვნებიც ჰქონდა ვაშინგტონის დამოკიდებულებაზე „არაბული გაზაფხულის“ მიმართ. პირველი ტერმის დროს ობამამ პირადად სტუმრობის მაგივრად პრემიერ-მინისტრი გაუშვა ისრაელში, ურთიერთობის გამოსასწორებლად, რის შემდეგაც ისრაელმა ახალი მშენებლობის გეგმა დაამტკიცა იერუსალიმის მეზობლად და აშშ-მ ეს ქმედება ანტი-ამერიკულ პროვოკაციად აღიქვა. 2012 წლის აშშ-ს არჩევნებისას, ნეთანიაუმ ობამას მიმართ ბრაზი, მისი მოწინააღმდეგის მით რომნის მხარდაჭერით გამოხატა. საპასუხოდ, ამ კანდიდატმა ობამა ისრაელთან ურთიერთობის დაძაბვისა და ისრაელში არჩასვლისათვის გააკრიტიკა.

მიუხედავად ამისა, 2012 წელს ობამამ მხარი დაუჭირა ისრაელის სამხედრო მოქმედებას ჰამასის წინააღმდეგ და ასევე პალესტინისათვის არა-სახელმწიფო დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე იმ რამდენიმე მსოფლიოს ლიდერს შორის იყო, ვინც არ დაუჭირა მას მხარი. 2013 წლის მარტში განხორციელებული ობამას ვიზიტი ოსრაელში ახალი ფურცლის დასაწყისი იყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

2013 წელს როგორც ობამას ადმინისტრაციაში ასევე ნეთანიაუს საკოალიციო მთავრობაში ცვლილებები მოხდა. ობამას იმედი გაუჩნდა, რომ ოპორტუნისტი მინისტრების მოსვლასთან ერთად ისრაელის საგარეო პოლიტიკაც შეიცვლებოდა. ობამას ვიზიტი კი იდეალური შესაძლებლობა იყო ორივე მხარისათვის გაეცნოთ ახალი მინისტრები და ობამას ადმინისტრაციისა და ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობის მიმართულებები განეხილათ. ყველაზე მთავარი ამ შეხვედრის დროს ირანის საკითხი იყო. ობამამ შესთავაზა,  ისრაელი სრულიად მინდობოდა აშშ-ს, თეირანის ატომური იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაში და სცადა დაერწმუნებინა, რომ სანქციების ამოწურვის შემდეგ, იგი ყველაფერს გააკეთებდა რაც საჭიროა, რაშიც სამხედრო კამოანია იგულისხმებოდა. ნეთანიაუს სხვა გზა არ ჰქონდა, თუ არა დათამხმებულიყო ობამას შემოთავაზებას. ამ ვიზიტთან ერთად იგი ესტუმრა პალესტინის პრეზიდენტსა და იორდანიის მეფეს, რითაც მედიატორის როლის შესრულება დაიწყო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში და მოლაპარაკებები თითქმის ერთი  წელი გრძელდებოდა, თუმცა ისევ უშედეოდ დასრულდა. 2014 წლის დეკემბერში ამერიკამ და ისრაელმა შეიმუშავეს საპასუხო დრაფტი გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც მიზნად ისახავს 2-წლიან განრიგს ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმებაზე. საბოლოოდ კი აშშ-მ პალესტინის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რის შედეგადაც რეზოლუცია არ მიიღეს.

ისრაელი – ირანი

დღევანდელი ურთიერთობები ირანსა და ისრაელს შორის ვერ იქნება სწორად აღქმული, 1979 წლის ირანის რევოლუციამდე მათ შორის არსებული კავშირისა და ამ ორ ქვეყანას შორის აიათოლა ხომეინის რეჟიმის პირველ წლებში არსებული ურთიერთობების ცოდნის გარეშე.

ირანსა და ისრაელს ისტორიულად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

თანამედროვე ირანი ისლამური ქვეყანაა და იმ ისლამური სამყაროს ნაწილია, რომელიც გარს აკრავს ისრაელს. თუმცა, ის არ არის არაბული სახელმწიფო და შესაბამისად მას განსხვავებული ინტერესები აქვს ისრაელთან მიმართებაში.

1947 წელს, ირანმა არაბულ ქვეყნებთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის გაყოფის გეგმის წინააღმდეგ მისცა ხმა და ამით უარყო ებრაული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. თუმცა 1950 წელს ირანმა აღიარა ისრაელი. ოფიციალურად, ირანსა და ისრაელს შორის არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ იყო, მაგრამ რეალურად ეს ორი ქვეყანა ინარჩუნებდა ინტენსიურ დიპლომატიურ ურთიერთობებს. ირანმა დააარსა საკონსულო იერუსალიმში, ისრაელმა კი, დააარსა მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელშო თეირანში, თუმცა ეს ფაქტი არასოდეს გამოცხადებულა ოფიციალურად. ყველამ იცოდა დიდი შენობის შესახებ, რომელიც თეირანის ცენტრში იდგა და რომელიც ისრაელის ელჩს მასპინძლობდა. ტელეფონზე დარეკვისას მოისმენდით „თქვენ დაუკავშირდით ეზრის რეზიდენცია.“

მეირი ეზრი ისრაელის მეორე ელჩი იყო თეირანში . ისრაელის დიპლომატიური კორპუსის  წევრები ირანში არ იყვნენ აღნიშნულები ირანის საგარეო სამინისტროს უცხოელი დიპლომატების აკრედიტირებულ ოფიციალურ სიაში. მიუხედავად ამისა, ირანული სახელმწიფოს ყოველ ეშელონზე, ისრაელელი დიპლომატებს სდებდნენ პატივს და ისინი სარგებლობდნენ უცხოელი დიპლომატების პრივილეგიებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და უსაფრთხოების ურთიერთობები იყო. აიათოლას დროს ურთიერთობის გამწვავებისას 1979 წლისათვის, დაახლოებით 1.700 ისრაელელი მრჩეველსა და ბიზნესმენს მოუწია ქვეყნის დატოვება. მათი უმეტესობა ირანის სამინისტროებში, შეიარაღებულ ძალებსა და საიდუმლო სამსახურში მსახურობდა. ბევრი მათგანი ისრაელის კომპანიებს წარმოადგენდა, რომლებიც დიდ ინვესტიციებს ახორციელებდნენ ირანში, ძირითადად ქალაქის დაგეგმარებასა და კონსტრუქციაში, ასევე თანამედროვე აგრარული კულტურის განვითარებაში. ამ ორ ქვეყანას შორის უზარმაზარმა ვაჭრობამ, იარაღების ექსპორტის ჩათვლით, ირანი ისრაელის პირველ სავაჭრო პარტნიორად აქცია. საერთო ინტერესების ყველაზე ეფექტური ნაწილი ირანული ნავთობის ექსპორტი იყო ისრაელის გავლით. 1956 წელს სუეცის კრიზისის შედეგად, არხი დაიხურა, მილსადენი აშენდა ელიათსა (აქაბას გალფსა) და აშკელონს შორის (ხმელთაშუა ზღვაზე) ირანული ნავთობის ისრაელში გადასაზიდად. თერთმეტი წლის შემდეგ, 6-დღიანი ომის შემდგომ, კიდევ ერთი მილსადენი აშენდა, ათჯერ უფრო დიდი ვიდრე პირველი. ამის მიზანი ევროპის მომარაგება იყო ისრაელის გავლით 350 მილიონი ბარელი ნავთობით წელიწადში. ინვესტიცია ორმა ქვეყანამ თანაბრად გაიყო და შესაბამისად მისი მფლობელობაც ორივეს ხელში რჩებოდა. ამ ვითარებაში ისრაელს, არასოდეს განუცდია ნავთობის ნაკლებობა.

ეს ყველაფერი უეცრად შეწყდა აიათოლა ხომეინის რეჟიმის მოსვლასთან ერთად. დასაწყისში, ისრაელი იმედოვნებდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა რეჟიმის შეცლასთან ერთად, თუმცა აიათოლას მიზანი არა ირანული სახელმწიფოს გაძლიერება, არამედ ირანის ისლამისტური ჰეგემონია იყო მთლიან მუსლიმურ სამყაროში, კერძოდ კი არაბებში. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ისრაელი აღქმული იყო დაბრკოლებად. სწორედ შაჰის გადაგდების დროს, ისრაელმა მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულება არაბულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანასთან. ეგვიპტე კი ირანის ტრადიციული კონკურენტი იყო.

თუმცა როდესაც ისინი ჩართულები იყვნენ ერაყის წინააღმდეგ ომში 1980-იან წლებში, მათ არ უყოყმანიათ იარაღების შეძენაზე ისრაელისგან, რაკეტებისა და სამხედრო თვითმფრინავების ჩათვლით, თუმცა საიდუმლოდ. ისრაელი ამაში არა მხოლოდ კომერციულ ინტერესს, არამედ ამ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ხედავდა.

ირან-ერაყის ომის შემდეგ, ირანულმა რეჟიმმა ისევ დაუბრუნდა საკუთარი ამბიციების ასრულებას – ყოფილიყო ლიდერი ისლამური სამყაროსა და ისრაელი ისევ სალანძღავი პროპაგანდის სამიზნედ იქცა.

ჰეგემონიისათვის ბრძოლაში ირანი სუნიტებს ყველაზე დიდ დაბრკოლებად აღიქვამდა და აღიქვამს, მაგრამ მას ხომ საკუთარი გავლენის მოხდენა მეზობელ სახელმწიფოებზეც უნდა, კერძოდ კი, ერაყზე, საუდის არაბეთსა და გალფის ქვეყნებზე. ამ მონაპოვარით ისინი მსოფლიო ნავთობის მარაგის 56%-ს დაისაკუთრებდნენ. არაბი მეზობლები ამაში დიდ საფრთხეს ხედავენ. როდესაც, საუდის არაბეთის მეთაურობით, არაბულმა ლიგამ ისრაელთან 2002 წელს სამშვიდობო ინიციატივა გამოთქვა, ეს მოხდა არა მოულოდნელი სიმპათიის გაჩენის გამო ისრაელის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ საუდის არაბეთი აანალიზებდა, რომ ნამდვილ საფრთხეს არაბული სახელმწიფოებისათვის ირანი და არა ისრაელი წარმოადგენდა. ასე რომ, მათ ზურგსუკან მშვიდობა სჭირდებოდათ.

რატომ სურს ირანს ატომური იარაღის შეძენა? იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ შეექმნათ სამოქალაქო ატომური სიმძლავრე ეკონომიკისა და სამხედრო უნარიანობის გაძლიერებისათვის, რომლითაც გაანადგურებდნენ ერაყს. ეს მიზნები დღესაც ვალიდურია. თუმცა დღეს ისრაელი ირანის ატომურ ამბიციებს საარსებო საშიშროებად აღიქვამს. ისრაელის თვალში, რელიგიური სიძულვილით მართულ ფანატიკურ რეჟიმს, რომელიც ღიად აცხადებს ისრაელის განადგურების სურვილს, მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება უნდოდეს ატომური იარაღის ქონა. რა თქმა უნდა, ამ იარაღის ისრაელის წინააღმდეგ გამოყენება არ იქნება რაციონალური, ამით ხომ ირანის მეგობრები ჰამასი, ჰეცბოლა და ასადის სირიაც დაზარალდებიან. ამასთან ერთად ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებს თუ გადავხედავთ, მას სამაგიეროს გადახდაც შეუძლია.

ახლო წარსულში ისრაელის მთავრობამ იმედი დაამყარა ამერიკულ-ისრაელის ერთობლივ სამხედრო მოქმედებაზე ირანის ატომური შესაძლებლობების განეიტრალებისათვის.

ისრაელი-თურქეთი

თურქეთი პირველი მულულმანური სახელმწიფო იყო, რომელმაც აღიარა ისრაელი. 1990-იან წლებამდე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილური იყო. დღეს კი თურქეთი განიხილება უფრო ახლოს თეირანსა და დამასკოსთან ვიდრე იერუსალიმთან. თურქეთის ლიდერი, ერდოღანი, თავს უფრო კომფორტულად მუსულმანი მეზობლების გარემოცვაში გრძნობს, ვიდრე ისრაელის ლიდერებისა.

1990-იანი წლები თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობებისათვის უჩვეულო ათწლეული აღმოჩნდა. ახალი ერა 1991 წელს მადრიდის სამშვიდობო კონფერენციით დაიწყო, რომელიც უძღოდა ანკარასა და იერუსალიმს შორის კავშირის გაუმჯობესებისაკენ. ამას მოჰყვა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულება, რომელმაც სრულიად გაალღო ყინული ორ ქვეყანას შორის და დააჩქარა მაღალი დონის შეხვედრები, რომლის შედეგადაც გაფორმდა მრავალი სამხედრო და ეკონომიკური შეთანხმებები. 1996 წლის პირველ ნახევარში, ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელსაც მოჰყვა გადაწყვეტილლება მიეცათ ისრაელისათვის 170 თურქული ტანკი გასაუმჯობესებლად.1990-იანებში თურქეთში საგრძნობლად გაიზარდა ისრაელელი ტურისტების რიცხვი  და ორმხრივი ვაჭრობაც.

1990-იანი წლების ბოლოს, თურქეთის საჯარო სიმპათიამ ისრაელის მიმარ პიკს მიაღწია. თურქეთმა ისრაელს წყლის მიყიდვა შესთავაზა მანავგატის მდინარიდან.  თუმცა 21-ე საუკუნის პირველი ათწლეული განსხვავებულად დაიწყო. ისრაელის მინისტრი, იოსი სარიდი ისრაელელ ბავშვებს სომხების გენოციდის სწავლას დაპირდა. შემდგომ მალევე, ალ-აქსას ინტიფადა მოხდა და მასთან ერთად ისრაელი-პალესტინას შორის ბევრი ძალადობა განხორციელდა, რამაც თურქეთი დაამწუხრა. 2002 წლის ნოემბერში თურქმა ლიდერმა, ერდოღანმა არჩევნებში გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, დიდად შეწუხებულმა ისრაელის მიერ ჰამასის 2 ლიდერის მოკვლით, ისრაელის პოლიტიკა ჰამასის მიმართ „სახელმწიფო ტერორიზმად“ შეაფასა.

ამის შემდეგ ყველაფერი ცუდიდან უარესისკენ მიდიოდა. 2004 წელს პრემიერ მინისტრმა არიელ შარონმა უარყო ერდოღანის შემოთავაზება მედიატორის როლი ეთამაშა ისრაელსა და სირიას შორის. თურქული პროექტი, რომელიც წყლის გადმოტანას გულისხმობდა ისრაელში, ასევე ისრაელის მხარემ უარყო. თურქეთი ასევე გაამწარა იმ ფაქტმა, რომ ისრაელი სამხედრო დახმარებას უწევდა  ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრებ ქურთებს.

2007 წლის სექტემბერში ისრაელმა არა მხოლოდ სირიას შეუტია, თურქეთის მეგობრულ მეზობელს, არამედ ასევე შეიჭრა თურქულ საჰაერო ზონაში, ყოველგვარი შეტყობინებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, ყოველ შემთხვევაში ასე იტყობინებიან თურქული წყაროები. თურქეთმა ისრაელის შეტევა „მიუღებლად“ და „არაპროფესიონალურად“ შეაფასა.  თითქოს ისრაელს დაავიწყდა, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უმეტესად დამყარებული იყო სამხედრო კავშირზე და ამ კავშირის დაკარგვას შეიძლებოდა გადამწყვეტი როლი ეთამაშა ანკარასა და იერუსალიმს შორის ურთიერთობებზე.

თუმცა სირიაზე შეტებას ბოლომდე არ გაუნადგურებია ისრაელი-თურქეთის ურთიერთობები. 2007 წელს თურქეთი მაინც მედიატორობდა ისრაელსა და სირიას შორის. ეს მოლაპარაკებები გამოვლინდა 2008 წელს სირია-ისრაელი-თურქეთს შორის დადებული ერთობლივი უწყების დადებისას.

2008 წლის ბოლო კვირა კრიტიკული აღმოჩნდა. პრემიერ მინისტრი ოლმერტი მოკლე ვიზიტით ესტუმრა ანკარას იმის მცდელობით, რომ დაესრულებინა სირია-ისრაელის მოლაპარაკებების მონახაზი. ერდოღანისა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისთვის ეს პროდუქტიული გაცვლა იყო. 3 დღის შემდეგ კი ისრაელმა ღაზაზე განახორციელა შეტევა. ამან ანკარას ძალიან მკაცრი რეაქცია გამოიწვია და მის მედიატორობას წერტილი დაუსვა.

ერდოღანმა რამდენიმე ვერბალური შეტევა განახორციელა ისრაელზე და წამოაყენა წინადადება, რომ ისრაელი უნდა გამოირიცხოს გაეროდან და მისი ატომური შესაძლებლობები უნდა გადაიხედოს. ცოტას შემდეგ კი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებზე თურქეთში ისრაელი არ დაიშვა.

2013 წელს გაეროში სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანი მიემხრო დასავლეთსა და ისლამს შორის მოლაპარაკებებს, გაკიცხა რასიზმი ევროპაში. სიონიზს კი  „ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ უწოდა და შემდგომ გამოსვლებში მოუწია ახნსა, რომ მისი ეს ნათქვამი მიმართულია განსაკუთრებით ისრაელის პოლიტიკისკენ ღაზას მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატების წყალობით 2013 წელს დაიწყო ამ ორი ქვეყნის შერიგება. ბენჯამინ ნეთანიაუს მიერ ერდოღანთან განხორციელებული ზარის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოუხადა თურქეთის პრეზიდენტს ღაზას ფლოტილიას გამო. ოფიციალურ დოკუმენში მითითებული იყო, რომ ნეთანიაუმ მწუხარება გამოხატა ორმხრივი ურთიერთობის გაფუჭების გამო.ერდოღანმა მოგვიანებით გამოსცა დოკუმენტი სადაც მიიღო ბოდიში, თუმცა ამავე წლის აგვისტოში მან ისრაელს მუჰამედ მორსის ჩამოგდებაში წვლილის შეტანა დააბრალა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია და თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა ისევ გაამწვავა.

ანალიზი

ურიგო  არ იქნება პირველ რიგში ვახსენოთ, რომ ისრაელი ცოტახნისწინ გაჩენილი სახელმწიფოა და გარშემო საკმაოდ მრავლად ჰყავს მტრები, და არა პასიური არამედ აქტიური მტრები. ესენი არიან მუსულმანები, რომლებსაც ებრაელების მსგავსად აქვთ პრეტენზია ისრაელის მიწაზე და თვლიან, რომ ებრაელების მიერ ამ ტერიტორიის დაკავება და მუსულმანების შევიწროება სრულიად უსამართლოა. ისინი, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ ისრაელს და ძალის გამოყენებით ცდილობენ დაიბრუნონ/წაართვან კუთვნილი ტერიტორია. დღეს განვითარებული მოვლენებისა შემხედვარე, ვიცით, რომ მუსულმანები ყველაფერზე არიან წამსვლელნი საკუთარი ინტერესების გასატარებლად და შესაბამისად ისინი ისრაელისთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ერთი მუსულმანური დაჯგუფების მოწინააღმდეგეობა პირდაპირ უდრის სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან, შესაძლოა არა ომს და სამხედრო კონფლიქტს, თუმცა დაპირისპირებას მაინც. ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა, რომ ისრაელისთვის, როგორც სხვა არცერთი სახელმწიფოსათვის ყველაზე პრიორიტეტული გადარჩენაა. თუმცა ეს არაფერს გვეუბნება, რადგან როგორც რეალიზმიში, ასევე ლიბერალიზმსა და კონსტრუქტივისმშიც საბოლოო მიზანი გადარჩენაჩი მდგომარეობს.

ჩვენ ვნახეთ თუ რა კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას თურქეთსა და ირანთან. ისრაელს ამ ორივე ქვეყანასთან ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ეკონომიკური ასევე სამხედრო და თითოეული მხარე თითქოსდა იღებდა ამ ურთიერთობებიდან სარგებელს, თუმცა თურქეთთან კარგ ურთიერთობას არ შეუჩერებია ისრაელი შეეტია ჰამასისათვის, რომელიც შეტევებს ახორციელებდა ისრაელის მისამართით. მას არც რაიმე სახის კონსულტაცია გაუვლია თურქეთთან და არც რჩევა უკითხავს. კრიტიკულ სიტუაციაში მისთვის პრიორიტეტულად უშიშროება იქცა და სახელმწიფოსთან კოოპერაციასა თუ სავაჭრო ურთიერთობებს ისრაელი არ შეუჩერებია.

შემდგომ იყო სირიაზე შეტევა და თურქულ წყაროებს თუკი დავუჯერებთ ისრაელის თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო ტერიტორიაზე შეიჭრნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა იცოდა, ეს ფაქტი გაანაწყენებდა თურქეთს და მასთან ურთიერთობებს დაუძაბავდა, მან არ დაიხია უკან. შემდგომ ისრაელს აშშ-ს ჩარევამდე აღარც უცდია თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან დაინახა თურქეთის მისდამი დამოკიდებულება და ნათელი იყო, რომ ფორმალური ურთიერთობის გარდა, მათ ისრაელის მუსულმანურ დაჯგუფებებთან დაპირისპირების გამო, სხვა ურთიერთობა ვეღარ ექნებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა, თურქეთი გრძნობდა რომ მისი არსებობა ისრაელმა არ გაითვალისწინა.

რაც შეეხება ირანს და მასთან ურთიერთობის გამწვავებას, აქ კონსტრუქტივიზმი შემოდის, თუმცა არა ისრაელის არამედ ირანის მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ირანთან ურთიერთობა ისრაელს აიათოლების რეჟიმის მოსვლის შემდეგ გაუფუჭდა, ხოლო აიათოლების რეჟიმის მოსვლამ სახელმწიფოს მიზანი შეუცვალა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აქ გადამწყვეტი როლი იდეებმა ითამაშეს, რაც კონსტრუქტივისტებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. შეიცვალა იდეა, შეიცვალა იდენტობა და შეიცვალა კავშირებიც. აქვე მინდა გავიხსენო ირან-ერაყის ომი, რომლის დროსაც ისრაელი აწვდიდა იარაღს ირანს, რადგან ერაყის დამარცხება მის ინტერესებში შედიოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეს დროებითი სავაჭრო ურთიერთობა მათ შორის შეიძლებოდა მომავალი კოოპერაციის და მშვიდობის დამყარების საწინდარი ყოფილიყო. დღეს ისრაელისათვის ირანი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეზობელი ქვეყანაა რეგიონში, რადგან იგი ცდილობს ატომური იარაღის მოპოვებას, რაც ისრაელისათვის, ირანის მისდამი დამოკიდებულების გამო, დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად ისრაელი უშიშროებიდან გამომდინარე მოქმედებს ირანის მიმართ და დარწმნებული ვარ არც სამხედრო მოქმედებას გამორიცხავს.

მრავალი სტატია იწერება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე და მათი ახლო კავშირის მიზეზებზე. როგორც მარტინ კრამერი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობას სამი ძირითადი მიზეზი აქვს. ესენია: რელიგიური სიახლოვე, ისტორიული მოვალეობა და სტრატეგიული ინტერესი. გამომდინარე იქიდან, რომ მე რელიგიასა და ისტორიაზე არ მისაუბრია, ყურადღებას სტრატეგიულ ინტერესებზე გავამახვილებ.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა სამხედრო თვალსაზრისით და ამასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი. მას ჰყავს მტერი – ისლამური სახელმწიფო და წლების განმავლობაში ჰქონდა კონფლიქტები სხვადასხვა მუსულმანურ სახელმწიფოებთან. ეს ყველაფერი კი, ისრაელისათვის სრულიად ხელსაყრელს ქმნის მასთან ურთიერთობას. ისრაელისათვის, ზურგსუაკან ასეთი ძლიერი მოთამაშე, ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ იმიტომ აღელვებდა ობამას ისრაელთან სიახლოვე, რომ მასთან კავშირი დანახული იყო, როგორც მისი მომხრეობა. თუმცა რა თქმა უნდა, ეგვიპტესა და სირიაში ობამას დიპლომატიური ვიზიტი და ისრაელის უგულებელყოფა არ შეცვლიდა მისი მოწინააღმდეგეების მისდამი დამოკიდებულებას. და ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ კრიტიკულ მომენტში ამერიკა ისევ ისრაელის გვერდით აღმოჩნდა, და ჰამასის წინააღდეგ ბრძოლაში მხარი ისრაელს დაუჭირა.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნე, ისრაელის მთავარი ინტერესი უშიშროებასა და თვითგადარჩენაში მდგომარეობს და მთავარია მისი ძირითადი ინტერესები ხელშეუხებელი იყოს. ასევე მისი მიზანი რეგიონში/ტერიტორიაზე ძალაუფლების შენარჩუნებაა, რის გამოც მას მუდმივად კონფლიქტი აქვს თავის მეზობლებთან. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ის ყველაზე მეტად რეალიზმთან ახლოს, ვიდრე სხვა რომელიმე თეორიასთან. მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას და ნაკლებად თუ კოოპერირებს ან თანამშრომლობს რომელიმე სახელმწიფოსთან. ამას შეიძლება მოკავშირეობა უფრო დავარქვათ, რასაც ნეორეალისტების თეორიაში ხშირად შეხვდებით, რადგან ლიბერალიზმს თუ დავუჯერებთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კონფლიქტის თავიდან აცილების საწინდარია, რაც ისრაელის შემთხვევაში არ მართლდება და როდესაც მის უსაფრთხოებაზე მიდგება საქმე, მას ურთიერთობები არ აკავებს. მისი პოლიტიკური ქმედებები მიმართულია სახელმწიფო მიზნების რეალიზებისაკენ, რათა განამტკიცოს საკუთარი დამოუკიდებლობა და სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ბიბლიოგრაფია

  1. Eytan Gilboa, “Obama in Israel: Fixing American-Israeli Relations,” Israel Journal of Foreign Affairs VII : 2, 19-26. Accessed 2013.   http://www.israelcfr.com/documents/7-2/7-2-3-EytanGilboa.pdf
  2. Avi Primor, “No Permanent Allies, No Permanent Enemies, Only Permanent Interests: Israeli – Iranian Relations,” Israel Journal of Foreign Affairs VIII : 1 (2014): 33-38. http://www.israelcfr.com/documents/8-1/8-1-4-AviPrimor.pdf
  3. Alon Liel, “Israeli- Turkish Relations under Strain,” Israel Journal for Foreign Affairs,  IV : 1 (2010): 23-26. http://www.israelcfr.com/documents/4-8-Alon-Liel.pdf
  4. Yizhak Mualem, “The Foreign Policy of Israel Between Realpolitic and Jewish Foreign Policy,” The Scribe, pg. 124.
  5. Jim Zanotti, “Israel: Background and U.S. Relations,” December 28, 2014. http://www.fas.org/sgp/crs/mideast/RL33476.pdf
  6. Rabbi Evan Moffic, “Why Americans Love Israel” May 24, 2013. http://www.huffingtonpost.com/rabbi-evan-moffic/why-americans-love-israel_b_2927304.html
  7. Greg Scoblete, “The Realist Case for Israel”, March 12, 2010. http://www.realclearworld.com/blog/2010/03/realist_case_israel.html

 

ავტორი: ელენე ხოშტარია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *