პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა

19 Feb , 2015  

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში არსებული შეიარაღების დიდი ნაწილი გაიტანა, ნაწილი კი აქ დატოვა უსასრულო ვადით, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე.

1990 წლის ნოემბერში სსრკ, ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყნები და ნატოს ქვეყნები ხელს აწერენ ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებას. ამით ისინი ადგენდნენ ძალთა თანაფარდობას და ზღუდავდნენ მათ შესაძლებლობას განელაგებინათ თავიანთი შეიარაღება შეხების ხაზთან. მთელი იდეა ევროპაში მოულოდნელი სამხედრო თავდასხმების თავიდან აცილებაში მდგომარეობდა. ორ წელიწადში გაფორმდა ტაშკენტის ხელშეკრულება ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს შორის, რომლის ფარგლებშიც ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა შეიარაღების კვოტები გადაინაწილეს.

გადანაწილება ნაჩქარევად მოხდა და თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო, მათ შორის რუსეთიც.  ეს იყო ერთადერთი სანახევროდ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა ამართლებდა რუსული შეიარაღების ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც აღვნიშნე, რუსეთი უკმაყოფილო იყო კვოტების გადანაწილებით და გვთხოვდნენ ჩვენ კვოტის ნახევარი მათთვის მიგვეცა, ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად, ქართულმა დელეგაციამ დროებითი განლაგების მექანიზმის გამოყენება შესთავაზა რუსეთს და კვოტების დროებით დათმობაზე დათანხმდა.

1995 წლის 22 მარტს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვადიკო ნადიბაიძემ მოაწერეს ხელი საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შექმნის ხელშეკრულებას. სულ შეიქმნა ოთხი ბაზა: ახალქალაქის, ბათუმის, ვაზიანის და გუდაუთის. რუსები თავიანთი სამხედროების განთავსებას 25 წლით გეგმავდნენ, ქართველებისთვის მათი ჩვენს ტერიტორიაზე არსებობის მაქსიმუმი 10 წლით განისაზღვრებოდა, თუმცა საბოლოოდ ედუარდ შევარდნაძე დათანხმდა რუსებს ბაზების 25 წლით განთავსებაზე (მომავალში გახანგრძლივების პერსპექტივით), ოღონდ ორი პირობით:

  1. რუსეთი საქართველოს იურისდიქციას აღიარებს აფხაზეთში.
  2. რუსეთი საქართველოს ეხმარება ჯარის შექმნაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველები უარს აცხადებენენ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს დათანხმდა, საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო საქართველო-რუსეთის სამხედრო მოლაპარაკებების შედეგებით და ასევე დასძინა, რომ იმედოვნებდა, რომ რუსული ბაზები იქნებოდნენ მთავარი სტაბილურობის მიმნიჭებელი ფაქტორი მთელს ამიერკავკასიის რეგიონში.

საქართველოში ბაზების განლაგების შემდეგ რუსეთი უკვე პირდაპირ აღარ ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს ჩვენს ქვეყანაში ბაზების განლაგებით ის ავტომატურად გადავიდა უფრო ფარულ მდგომარეობაში. რუსეთმა ერთგვარი ნელი მოქმედების ოთხი ნაღმი დადო საქართველოში. საქმე ისაა, რომ ამ ბაზების ადგილმდებარეობას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა. ბათუმის ბაზა იყო თბილისისგან ფაქტობრივად გამოყოფილი აჭარის მმართველის, ასლან აბაშიძის საყრდენი. მისი მთელი ძალაუფლება სწორედ ამ ბაზებს ემყარებოდა. მოსკოვი მაშინვე აამოქმედებდა ამ ნაღმს, თუ თბილისი დაუმორჩილებელი აჭარის დასჯას დააპირებდა. მეორე ბაზა გუდაუთაში იყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მიზანი აქაც იგივე იყო – საჭიროების შემთხვევაში სეპარატისტების ხელშეწყობა. მესამე ბაზა განლაგებული იყო სომხებით დასახლებულ ახალქალაქში, თუ სომხები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რაიმე პროტესტს გამოთქვამდნენ, რუსები იქვე იქნებოდნენ დასახმარებლად. რაც შეეხება მეოთხე, ვაზიანის ბაზას, მისი დანიშნულება განსხვავებული იყო და თბილისთან ტერიტორიული სიახლოვით აიხსნება. საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლო სულ რაღაც ნახევარ საათში გადაესხა შეარაღებული ქვედანაყოფი ვაზიანიდან თბილისის ცენტრში.

 

რუსული სამხედრო ბაზების სტრატეგიული ადგილმდებარეობა

რუსული სამხედრო ბაზების სტრატეგიული ადგილმდებარეობა – გუდაუთა, ბათუმი, ახალქალაქი, ვაზიანი

რთული სათქმელია, რატომ დავრთეთ 1995 წელს რუსებს ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ადგილებში ბაზების განთავსების უფლება. ვფიქრობ, იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთი, რომელიც აფხაზეთთან კონფლიქტის მთავარი ინიციატორი იყო, არ დაგვეხმარებოდა ჩვენ ამ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენაში. შესაძლოა, ეს იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მცდელობა გაექარწყლებინა რუსეთის მეშვეობით ჩვენი პრობლემების გადაჭრის შესახებ არსებული მითი და დაემტკიცებინა ქართველებისთვის, რომ რუსეთის მეშვეობით საქართველო პრობლემებს ვერ გადაჭრიდა. ან შესაძლოა შევარდნაძეს სულ სხვა მიზნები ამოძრავებდა, ამის გარკვევა რთულია, თუმცა ნათელია რუსეთის იმდროინდელი პოზიცია. რუსული პოლიტიკის ქვაკუთხედი საქართველოს მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ, ერთი მხრივ, შეენარჩუნებინა აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის შედეგად ჩამოყალიბებული სტატუს-კვო, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოშიც დაეტოვებინა ბაზები, ანუ არც აფხაზები გაენაწყენებინა და არც საქართველო გაეღიზიანებინა ზომაზე მეტად. მალე რუსეთის ზრახვები ქართველებისთვისაც აშკარა აღმოჩნდა. გარდა არშესრულებული ვალდებულებებისა, აშკარად იკვეთებოდა ის ფაქტიც, რომ რაც უფრო ღრმავდებოდა საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან, მით უფრო იზრდებოდა რუსების ფანტაზია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადმოსხეს ახალი შენაკადები, რატომ დაბომბეს ჩვენი ტერიტორია და ა.შ.  შედეგად, საქართველოში დაიწყო საუბარი რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.  1999 წლის 17 ნოემბერს სტამბოლის სამიტზე ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ადაპტაციის შესახებ უნდა შემდგარიყო შეთანხმება. ეუთოს ამ სამიტზე საქართველომ დღის წესრიგში დააყენა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ბაზების ნაწილის (გუდაუთისა და ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზების) დაშლა და გაყვანა. ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები (საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საგარეოს საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე რევაზ ადამია, ბათუ ქუთელია, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე) სამი დღის განმავლობაში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუს კოლეგებთან. საბოლოოდ გადაწყდა პირველ ეტაპზე ვაზიანიდან და გუდაუთიდან სამხედრო ბაზების გაყვანა, ამ გადაწყვეტილებას  ასევე დაერთო დოკუმეტი, რომელმაც  რეალურად დაუდო საფუძველი შემდეგი ორი ბაზის გაყვანასაც. 2001 წელს ეს პროცესი მთლიანად უნდა დამთავრებულიყო. იმჟამად ეს იყო ქართული დიპლომატიის უდიდესი გამარჯვება, ჩვენმა დიპლომატებმა შეძლეს რუსეთის იმპერიული ზრახვების დამარცხება, თუმცა სიტუაცია მთლად ისე არ განვითარდა, როგორც ჩვენ გვსურდა, სტამბულის დოკუმენტის რატიფიცირებისგან ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენ ვიკავებდით თავს, მანამ სანამ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდა.  რუსეთი ცდილობდა საქართველოს დასჯას, პირველი ნაბიჯი 2000 წლის დეკემბერში გადაიდგა,  რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. გამარტივებული წესები და პრეფერენციები იყო დადგენილი სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისათვის. 2001 წლის ივლისსში ლიკვიდირებული და გაყვანილი იქნა ვაზიანის 137-ე ბაზა. ამავე წლის ოქტომბერში იგივე ბედი ეწია გუდაუთას 50-ე ბაზას.

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თუ 15 მაისამდე არ შეთანხმდებოდა ბაზების გაყვანის საკითხი და ეს პროცესი არ დასრულდებოდა 2006 წლის იანვრამდე, რუსეთის ბაზები მოექცეოდნენ ალყაში და ქართველები მათ შეუწყვეტდნენ ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდებას. ამ რეზოლუციის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ დაჭირდებოდათ 3-4 წელი, ნაცვლად ადრე დასახელებული 11-სა, ცვლილება იყო ასევე მოთხოვნილ თანხაში, 500-დან ის 300 მილიონამდე ჩამოვიდა. პირველმა ნაკადებმა ხელშეკრულების ხელმოწერამდე დაიწყეს საქართველოს დატოვება.  აპრილში მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი სხვა ქვეყნის ჯარი არ განთავსდებოდა. მაისში ხელი მოეწერა ბაზების გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას. ბოლო ვადად 2008 წლის გაზაფხული სახელდებოდა.

რუსეთი საქართველოს ბაზების გაყვანისთვის თხოვდა ფულს, თავდაპირველად ეს თანხა 500 მილიონ დოლარი იყო. სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, ეს პრინციპის საქმე იყო, რუსეთს არ უნდოდა ევროპაში 80-იან წლებში დაშვებული შეცდომის გამეორება. საქართველოში არსებული სამხედრო  ტექნიკა მოძველებული იყო ის რუსეთს რეალურად არც სჭირდებოდა, არც რამდენიმე ტანკის და 150 ოფიცრის გაყვანა საჭიროებდა 500 მილიონ დოლარს. წარსულის შეცდომების გამეორების გარდა, რუსეთს არ სურდა საქართველოზე გავლენის დაკარგვაც. საბოლოოდ მას მაინც მოუწია ვალდებულებების შესრულოება და ბაზების გაყვანა, მაგრამ ამასთან ერთად რუსეთმა განიზრახა საქართველოსგან შეექმნა „უცხო ქვეყნის“ ხატი, რომელიც იქნებოდა მაგალითი ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყნისთვის, თუ რა მოუვიდოდათ მათ, თუ ისინი რუსეთზე უარს იტყოდნენ.  შედეგი იყო 2006 წლის მარტში რუსეთის მიერ ფაქტობრივი ეკონომიკური ემბარგოს შემოღება საქართველოს აგრარულ პროდუქციაზე. ასევე შანტაჟი ელექტროენერგიით და გაზმომარაგებით. გარდა ამისა, რუსეთი აღვივებდა სეპარატისტულ მოძრაობას ახალციხეში, იქაური სომხების დიდი ნაწილი რუსების ბაზაზე მუშაობდა და ისინი სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით პროტესტს გამოთქვამდნენ ბაზის გაუქმებაზე, მათ პრეზიდენტი სააკაშვილი ესტუმრა, დაპირდა ბაზების შემდეგ უკეთეს ადგილას დასაქმებას და ნაწილობრივ ჩაახშო პროტესტის ტალღა.

2006 წლის 31 მარტს, ქალაქ სოჭში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მამუკა კუდავა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას აწერს ხელს. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი გენერალ-პოლკონვიკმა ალექსეი მასლოვმა მოაწერა.

2006 წლის 31 მარტს, ქალაქ სოჭში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას აწერს ხელს. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი გენერალ-პოლკონვიკმა ალექსეი მასლოვმა მოაწერა.

ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის ნიკოლაი სოკოვიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო დღის წესრიგში ნომერ პირველ საკითხად ბაზების გაყვანის დაყენება. მათი აზრით, რუსეთის ბაზები ეს იყო საქართველოს ერთადერთი ხერხი ჩრდილოელი მეზობლის რაიმე სახის დათმობებზე დაყოლიებისა და ხელისუფლებას ჯერ ქვეყნის შიგნით სიტუაციის დასტაბილურებაზე უნდა ეფიქრა (მათ შორის რუსეთის გამოყენებითაც) და ამ პრობლემის განხილვა შეეძლოთ 5-10 წლით გადაედოთ. პირადად მე ვერ დავეთანხმები მსგავს მოსაზრებას და მივიჩნევ, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს უცხო ქვეყნის მიერ დადებული „ნაღმები“, რომლებიც შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ამოქმედებულიყვნენ, თუ რაიმეს ისე გავაკეთებდით, რაც „ნაღმის პატრონს“ არ მოეწონებოდა. ამიტომაც მე საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანას ქართული დიპლომატიის უდიდეს გამარჯვებად მივიჩნევ.

გამოყენებული წყაროები:  

  • Nikolai Sokov – The Withdrawal of Russian Military Bases from Georgia: Not Solving Anything
  • PLAMEN RALCHEV – GEORGIA’S RUSSIAN HURDLES : Negotiating Russian Troops Withdrawal from Georgia

ავტორი: რევაზ თოფურია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *