პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

საქართველოში განლაგებული სამშვიდობო ჯარების სამართლებრივი სტატუსი 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე

19 Feb , 2015  

შესავალი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სამხედრო დაპირისპირების შედეგად მიღებული ორი კონფლიქტური რეგიონი აფხაზეთში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თემის სათაურიდან გამომდინარე საქართველოში განლაგებული სამშვიდობო ჯარების სამართლებრივ სტატუსზე 90-იანიდან 2008 წლების ჭრილში უნდა ვისაუბრო, ეს საკითხი დღესაც აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან კონფლიქტები კვლავაც კონფლიქტებად რჩება და მშვიდობიანი მოგვარების გზები მოსაძიებელია.

მოცემული ნაშრომის ძირითადი მიზანია 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე საქართველოში განლაგებული სამშვიდობო ჯარების სამართლებრივი სტატუსის მიმოხილვა და ანალიზი. განვიხილავ ამ პერიოდში დადებულ ძირითად ხელშეკრულებებს, რომლებიც უკავშირდება სამშვიდობო ჯარების სტატუსს საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად შევეცდები პასუხი გავცე კითხვებს, თუ რამდენად პირნათლად და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით ახოეციელებდნენ ხელშეკრულების მხარეები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. აგრეთვე, ყურადღებას გავამახვილებ იმ საკითხზეც, თუ რა დარღვევები და პრობლემები აღმოცენდა 2008 წლამდე სამშვიდობო ჯარების მოქმედებასთან დაკავშირებით; როგორ მოხდა საბოლოოდ ხელშეკრულებების შეწყვეტა და ჯარების მანდატის დასრულება.

ისტორიული კონტექსტი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველო ეტაპობრივად ჩაერთო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკვე 1992 წლის 23 მარტს ევროკავშირის ქვეყნებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა, იმავე წლის 31 ივლისს კი საქართველო მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მის 179-ე სრულუფლებიან წევრად.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილმა მთელმა რიგმა წინააღმდეგობებმა კავკასიაში კონფლიქტების პროვოცირება გამოიწვია. ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში შიდაპოლიტიკური სიტუაცია რესპუბლიკაში მნიშვნელოვნად დამძიმდა. დაიძაბა ვითარება ავტონომიებში, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რასაც შემდგომ სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა.

სამშვიდობო ჯარების სამართლებრივი სტატუსის შესახებ

რეგიონში სიტუაციის მოსაგვარებლად სხვადასხვა ხელშეკრულება დაიდო, მათ შორის სამშვიდობო ჯარების განლაგებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. ცალ-ცალკე განვიხილოთ აფხაზეთისა და ოსეთის შემთხვევები.

აფხაზეთის შემთხვევა

1994 წლის 22 აგვისტო

1994 წლის 22 აგვისტოს, მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გამოყენების შესახებ, რომელიც დაეფუძნა აფხაზური მხარის 1994 წლის 15 მაისისა და ქართული მხარის 1994 წლის 16 მაისის თხოვნას, რაც შეიძლება მალე განლაგებულიყო კონფლიქტის ზონაში დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა კოლექტიური სამშვიდობო ძალები. ამ გადაწყვეტილებით კონფლიქტის ზონაში უნდა განლაგებულიყო დსთ-ს წევრი დაინტერესებული სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტების 2-3 ათასი კაცისაგან შემდგარი კოლექტიური სამშვიდობო ძალები. თავდაპირველად საბაზისო სამშვიდობო ძალები იქნებოდნენ რუსი სამხედროები, რომლებიც უკვე მდებარეობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამშვიდობო ძალებს უნდა შეესრულებინათ შემდეგი ამოცანები:

  • ცეცხლის შეწყვეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
  • მშვიდობის დამყარება და საომარი მოქმედების განახლების თავიდან აცილება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის პირობების შექმნა წინანდელ საცხოვრებელ ადგილებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის
  • ხელის შეწყობა კონფლიქტურ რეგიონებში დაზიანებების აღსადგენად, რაშიც შედის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების აღდგენაში დახმარება და ა.შ;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა;
  • „გაეროს მისია საქართველოში“ და სხვა გაეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის დამყარება.

1994 წლის 21 ოქტომბერი

სწორედ ამ 1994 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე წლის 21 ოქტომბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ დაამტკიცდა მანდატი საქართველოში მშვიდობის დაცვასთან დაკავშირებით. კოლექტიური მშვიდობისდამცველთა მეთაურის ფუნქციები იყო შემდეგი:

  • დაიცვას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას;
  • მოახსენოს სახელმწიფოთა მეთაურებს და თანდაცვის მინისტრებს კონფლიქტის მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და განცალკევების შეთანხმებების პირნათლად შესრულების შესახებ;
  • კოლექტიური მშვიდობისდამცველი ძალების მომზადების ორგანიზება და კონფლიქტის რეგიონში მშვიდობის დაცვის გეგმების რეალიზაცია;
  • შეინარჩუნოს ურთიერთობა მასპინძელი სახელმწიფოს მეთაურებთან, კონფლიქტის მხარეებთან, მანდატის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან, გაეროს წარმომადგენლებთან, ეუთოს და სხვა საერთასორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის ზონაში;
  • აწარმოოს მოლაპარაკებები კონფლიქტის მხარეებთან;
  • უზრუნველყოს კომუნიკაციის საშუალებებისა და ოფიციალური შეხვედრების უსაფრთხოება;
  • იმ ფინანსური თუ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, რომელიც საჭიროა მშვიდობისდამცველთა ოპერაციების უსაფრთხოდ შესასრულებლად.

დსთ-ს მანდატის ქრონოლოგია

დსთ-ს ეს მანდატი 1995 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით გახანგრძლივდა 1995 წლის 31 დეკემბრამდე. დსთ-ს 1996 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებამ აღნიშნა სამშვიდობო ძალების მოქმედებების განახგრძლივება გახანგრძლივებული პერიოდის მითითების გარეშე, მაშინ როდესაც დსთ-ს 1997 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებამ სამშვიდობო ძალების მანდატი გაახანგრძლივა 1997 წლის 31 დეკემბრამდე ან იმ მომენტამდე, როდესაც კონფლიქტის რომელიმე მხარე გამოხატავდა სურვილს ოპერაციის დასრულების შესახებ. დსთ-ს 2003 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, დსთ–ს სამშვიდობო ძალების მანდატი 2003 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ პერიოდის შემდგომ დსთ-ს გადაწყვეტილებები ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განისაზღვრებოდა „იმ მომენტამდე სანამ კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარე მოითხოვს, რომ სამშვიდობო ოპერაცია უნდა შეწყდეს“. ეს იყო დსთ-ს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სამშვიდობო ძალების მანდატს და წარმოადგენდა სამართლებრივ ბაზისს დსთ–ს სამშვიდობო ძალების არსებობის გაგრძელებისთვის საქართველოში.

ოსეთის შემთხვევა

1992 წლის 24 ივნისი

1992 წლის 24 ივნისს საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაიდო შეთანხმება საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პრინციპების შესახებ, რომელის მიზანიც იყო, შეწყვეტილიყო სისხლისღვრა, დამყარებულიყო მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. შეთანხმება შედგებოდა 6 მუხლისგან, რომლის მიხედვითაც საქართველო და რუსეთი თანხმდებოდნენ შემდეგზე:

  • მხარეები ავალდებულებდნენ საკუთარ თავს მიღოთ ყველანაირი საჭირო ზომა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ყოველმხრივი ცეცხლის შეწყვეტისთვის 1992 წლის 28 ივნისისთვის;
  • ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან დაპირისპირებულ მხარეებს უნდა გამოეყვანათ თავიანთი შეიარაღებული ფორმირებები იმ მიზნით, რომ შექმნილიყო კორიდორი. შეიარაღებული ფორმირებების გაყვანისთვის მხარეებს 3 დღე მიეცათ;
  • დემილიტარიზაციის უზრუნველყოფისთვის და იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს კონფლიქტში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცემოდათ, რუსეთის ფედერაციას უნდა გამოეყვანა ცხინვალის რეგიონში განლაგებული მესანგრე ინჟინერთა 37-ე პოლკი და 292 განცალკევებულად მებრძოლი ვერპმფრენთა პოლკი ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებული მხარეების განცალკევების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში;
  • იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ცეცხლის შეწყვეტის, ფორმირებების გამოყვანის, თავდაცვითი ძალების დაშლისა და მშვიდობის რეჟიმის ხელშეწყობის კონტროლი ოსეთის რეგიონში, უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთობლივი კონტროლის კომისია (JCC, რომლის შტაბბინაც განთავსებული იქნებოდა ცხინვალში), რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა დაპირისიპირებულ მხარეთა წარმომადგენლებით. ამ კომისიას ფუნქციები უნდა შეესრულებინა საერთო სამხედრო სადამკვირვებლო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც შეიქმნა ყაზბეგში მიღწეული შეთანხმებების თანახმად;
  • JCC-ს ფარგლებში კოორდინირებული მოქმედების, მშვიდობის დანერგვისა და წესრიგის ხელშეწყობისთვის უნდა შექმნილიყო საერთო შეიარაღებული ძალები. დამატებით, სპეციალური შერეული სადამკვირვებლო ჯგუფი, JCC-ს მიმაგრებული, უნდა განლაგებულიყო უსაფრთხო პერიმეტრის გასწვრივ;
  • იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების დებულებები დაირღვეოდა, JCC-ს უნდა წამოეწყო შესაფერილი გარემოებების გამოძიება და მიეღო გადაუდებელი ზომები მშვიდობის აღდგენისა და მსგავსი დარღვევების მომავალში არდაშვების მიზნით;
  • ორივე, როგორც JCC-ს, ისევე, მასზე მიმაგრებული შეიარაღებული ძალების აქტივობების ფინანსური მომარაგება, ორივე მხარეს თანაბარი წილით უნდა უზრუნველეყო;
  • მხარეებს უნდა დაეწყოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის ზონაში მდებარე რეგიონების ეკონომიკურ აღდგენასა და დევნილთა დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნაზე. დაუშვებლად მიიჩნევდნენ ეკონომიკურ სანქციებს, ბლოკადას ან სხვა რაიმე სახის დაბრკოლებას. მხარეები საკუთარ თავებს ავალდებულებდნენ, რომ უზრუნველეყოთ დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული დახმარება;
  • მხარეებს ობიექტრულად და დაბალანსებულად უნდა გადაეცათ მიმდინარე პროცესები მასმედიის საშუალებით, რისთვისაც დაარსდებოდა მრავალმხრივი პრეს ცენტრი JCC-ს ფარგლებში.

1992 წლის 12 ივლისი

1992 წლის 12 ივლისს ვლადიკავკაზში JCC-ს შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და ოსეთის კონფლიქტის საკითხი. განსახილველ საკითხებში შედიოდა ერთობლივი სამშვიდობო ძალების საკითხი (JPKF) და სამართლისა და წესრიგის დაცვის საკითხი (LOKF) კონფლიქტის ზონაში; სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი და ადგილობრივი სამართალაღსრულების ორგანოები კონფლიქტის ზონაში. რაც შეეხება განხილვის შემდგომ დასკვნებს, JCC-მ დაადგინა შემდეგი:

  • რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებებისა და თავდაცვითი ძალების აღსაკვეთად, რომელი დაპირისპირებული მხარისაც არ უნდა ყოფილიყო, სოჭის შეთანხმებისა და JCC-ს, JPKF-სა და LOKF-ს გადაწყვეტილებების თანახმად, შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო იარაღი
  • თანდასაცავად გაერთიანებული ძალების წარმომადგენლებს, ისევე, როგორც დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებს, შეეძლოთ გამოეყენებინათ იარაღი;
  • კონფლიქტის ზონად ითვლებოდა ცხინვალის ცენტრიდან 15 კილომეტრის რადიუსით დაშორებული მანძილი;
  • უსაფრთხო კორიდორად ითვლებოდა 14 კილომეტრის სიგანის ტერიტორია ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაზე და 7 კილომეტრი საზღვრის ორივე მხარეს.

1994 წლის 6 დეკემბერი

მხარეებს შორის დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკურ მხარეებს. JCC-მ 1994 წლის 6 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე. მხარეებს უნდა განეხილათ 1995 წლის ბიუჯეტში მინიმალური რესურსის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელი იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშენებლობისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის. ამისთვის უნდა შერჩეულიყო ერთობლივი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მოახდენდა ორგანიზებას და 1995 წლისთვის მშენებლობისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის მიიღებდა შეთანხმებულ პროგრამას.გაეროს და ეუთოს მისიები

სამშვიდობო მისიებთან ერთად საქართველოში მოქმედებდა ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, გაეროსა და ეუთოს, მისია.

გაეროს მისია

გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (UNOMIG) დაფუძნდა 1993 წლის აგვისტოში, რათა დაკვირვებოდა საქართველოს მთავრობისა და აფხაზ ხელმძღვანელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას. UNOMIG-ის მანდატი გაფართოვდა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ძალების დაშორების შესახებ შეთანხებაზე მხარეების ხელმოწერის შემდეგ. მას შემდეგ მანდატის გაგრძელება ხდებოდა ეტაპობრივად. 2008 წელის დაძაბულობისა და სიტუაციის ესკალაციის ფონზე, რაც შემდგომ ომში გადაიზარდა მანდატი კვლავ გრძელდებოდა. 2008 წლის 15 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატი გაგრძელებულიყო 2008 წლის 15 ოქტომბრამდე, 2008 წლის ომის შემდეგ 2008 წლის 9 ოქტომბერს, უშიშროების საბჭომ კვლავ გაახანგრძლივა მანდატი 2009 წლის 15 თებერვლამდე. 2009 წლის 12 თებერვლას გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მისიას მანდატი 2009 წლის 15 ივნისამდე გაუგრძლედა.

ეუთოს მისია

ეუთოს მისია საქართელოში 1992 წლიდან მოქმედებდა, მას შემდეგ რაც 1992 წლის 13 დეკემბერს მიიღეს მისი მანდატი. მისია მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ქართულ და ოსურ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგისთვის. ის ასევე აკვირდებოდა JPKF-ს.

სამართლებრივი დარღვევების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ დაიდო არაერთი ხელშეკრულება პრობლემის მოგვარებისთვის და სიტუაციის დასტაბილურებისთვის, ხშირი იყო ამ ხელშეკრულებების დარღვევის მაგალითები. ძირითადად გამოვყოფ დარღვევის ორ სახეს:

  1. როდესაც სამშვიდობო ჯარები ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას პირნათლად და იყვნენ უმოქმედობი (ხელშეკრულები პირობების შეუსრულებლობაც ითვლება დარღვევად);
  2. როდესაც დაკირისპირებული მხარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს.

აფხაზეთის შემთხვევები

აფხაზეთის ტერიტორიაზე უმოქმედობასთან დაკავშირებით ჯარედ ფაინბერგი აღნიშნავს: 20-26 მაისის განმავლობაში, საქართელოს გალის რაიონში 1500 კაციანი დსთ-ს ძლიერი სამშვიდობო ძალა (CISPKF) განზე იდგა მაშინ, როდესაც შეტაკებები მძვინვარებდა აფხაზების შიდა ძალებსა და ეთნიკურად ქართველების დაჯგუფებებს, ისეთებს, როგორიცაა თეთრი რეგიონი და ტყის საძმო, შორის. CISPKF-მ ღიად მოახდინა მათი მანდატის იგნორირება და მარცხი განიცადა გაჰყოლოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, იგორ სერგეევის, გამოცემულ ბრძანებას ჩართვაზე“.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია სამშვიდობო ჯარებისა იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, რომელსაც თავს ვერ ართმევდნენ. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს სამიტზე 1993 წლის აპრილში მიიღეს რეზოლუცია „აფხაზეთში კონფლიქტის გადაჭრისთვის დამატებითი ზომების შესახებ“. ამ დოკუმენტის განზრახვა იყო უკეთესად აესახა იძულებით გადაადგილებული ქართველების უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც ცდილობდნენ გალის რაიონში დაბრუნებას. ამ მიზნით, ის მოუწოდებდა CISPKF-ს გაეზარდა მისი უსაფრთხოების ზონა გალში და დაეგმო ნელი მოქმედებები, რომლითაც აფხაზები ახდენდნენ შიდა იძულებით გადაადგილებულ ქართველთა რეპატრიაციას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გაქცეოდნენ 1993 წლის შეტაკებებს.

აფხაზებმა უარყვეს დსთ-ს ეს რეზოლუცია, ამტკიცებდნენ რა, რომ მათთან არ გაუვლიათ კონსულტაცია საბოლოო დოკუმენტზე და მიუთითებდნენ, რომ ის არ იყო დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს მიერ ერთსულოვნად დამტკიცებული. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსებმა, როდესაც დოკუმენტი წარუდგინეს, იცოდნენ, რომ აფხაზებს ეს წონასწორობიდან გამოიყვანდა და შექმნიდა პოტენციალს ახალი, უფრო დიდი კონფლიქტისთვის გალში. საქართველოში შეიქმნებოდა არასტაბილურობის აღქმა იმ დროს, როცა უნდა მომხდარიყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ნავთობის მილსადენის კონკურენტი მარშრუტების შესახებ (ერთი გადიოდა ჩრდილოეთით, რუსეთში; მეორე დასავლეთით საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ). ცხადია, საქართველოში ომი დააზიანებდა რესპუბლიკის შანსებს მიეღწია ამ მომგებიანი გარიგებისთვის. ზოგიერთის აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ ჩაერია CISPKF (ე.ი. რუსული ჯარები) მიმდინარე საომარი მოქმედებების ჩახშობაში.

6 მაისს აფხაზებმა შეატყობინეს CISPKF-ს, რომ თეთრი ლეგიონის რამდენიმე ასეული წევრი შევიდა გალში და შეიძლებოდა მომხდარიო დაძაბულობის ესკალაცია უსაფრთხოების ზონაში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ CISPKF უბრალოდ უუნაროა კონფლიქტის შეკავებაში. რაც შეეხება 57 სამშვიდობოს, რომელიც მოკლეს და ურიცხვ დაჭრილს, არაა გასაკვირი, რომ ახალგაზრდა, სუსტად გაწრთვნილ რუს ახალწვეულებს უფრო ანაღვლებდათ თავიანთი კეთილდღეობა ვიდრე უკვე არსებული დაძაბული მშვიდობის შენარჩუნება.

რუსეთის შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე რეპორტს, როგორც ქართცველების, ისე აფხაზების მხრიდან, რომ დსთ-ს არ მიუღია არანაირი პრევენციული ზომა არც საომარი მოქმედებების დაწყებამდე და არც მის განმავლობაში. თეთრი ლეგიონისა და ტყის საძმოს გალში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზების ლიდერი, ვლადისლავ არძინბა, ადამაშაულებდა CISPKF-ს მისი მანდატის მუხლის დარღვევაში, რომელიც  ეხება აფხაზურ პოლიციასთან ერათად ერთობლივ მუშაობას, რათა შეჩერდეს საბოტაჟის მომწყობი და ტერორისტული დაჯგუფებების შეღწევა ტერიტორიაზე.

აფხაზურ შეხედულებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ CISPKF მოქმედებდა „სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ მიუღია არანაირი ზომა, რათა შეეჩერებინა ძალადობა“. საქართველომ ბრალი დასდო CISPKF-ს აფხაზური ჯავშანტრანსპორტიორებისა და მძიმე შეიარაღების კონფლიქტის ზონის შიგნით განლაგების აღკვეთის მარცხში.

ოსეთის შემთხვევები

რაც შეეხება უკვე არა უმოქმედობას, არამედ უშუალო დარღვევებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2006 წლის 13 ივლისს მკაცრად დაგმო ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ 2006 წლის 11 ივლისს კონფლიქტის ზონაში ჩადენილი საგანგაშო და უკანაონო აქტები, როდესაც სამხრეთ ოსეთის მებრძოლთა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სამიზნეში ამოიღო საქართველოში ეუთოს მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები. სამინისტროს თქმით, მსგავსი დარღვევები რეგულარულ ხასიათს იძენდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ სამშვიდობო ოპერაციები ვერ არეგულირებდა სიტუაციას კონფლიქტის რეგიონში. უფრო მეტიც, მსგავსი დარღვევები უფრო აფერხებდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც წარმოადგენდა არალეგალური იარაღის, კონტრაბანდის, შეიარაღებული დაჯგუფებების, ყალბი ვალუტის, ნარკოტიკული წამლებისა და სხვა სახის კონტრაბანდის თავის გართმევის ერთადერთ ინსტუმენტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სეპარატისტები შეიმჩნეოდნენ გახშირებულ მოქმედებებში, რაც აისახებოდა შეიარაღებული პოსტების გაზრდილ რაოდენობაში, ახალ სანგრებსა და ფორთიფიკაციებში.

როგორც ვთქვით, JCC-ის და JPKF-ის მექანიზმები უძლურები იყვნენ შეტაკების აღკვეთაში. წარმოჩნდა, რომ JPKF არ იყო საერთო ძალა, არამადენ სეპარატული ბატალიონები, უფრო ლოიალურნი თავიანთ შესაბამის მხარეების მიმართ, ვიდრე სარდლობის სამშვიდობო ჯაჭვისადმი. 2004 წლის შეტაკებების შემდეგომ, JCC-მ და JPKF-მ დაიბრუნეს კონტროლის ნაწილი და ასახეს პოზიტიური ნაბიჯები: ძირითადად, სროლა და უკანონო წერტილები შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დაცულობის განცდას უქმნიდა (ამავე დროს, აღიზიანებდა ქართელებს და ძირს უთხრიდა ოპერაციაში მათდამი ნდობას), მთლიანობაში JPKF რჩებოდა პასიური წარმომადგენლობით.

2004 წლიდან, კონფლიქტის ზონაში დღე არ გასულა სროლების ან უფრო ძლიერი ინციდნეტების გარეშე. ეს ხელს აძლევს სამხრეთ ოსების მოთხოვნას, რომ JPKF საჭიროა. ძალებმა 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 აპრილამდე 1707 ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა დაარეგისტრირეს (1075 ქართველების მხრიდან, 632 სამხრეთ ოსების მხრიდან). დარღვევების ძირითადი მასა იყო ცხინვალის რეგიონში (559 ქართველების მხრიდან, 518 ოსების მხრიდან). ინფორმაცია კრიზის ჯგუფს მიაწოდა JPKF-ს სარდალმა (ცხინვალი 2007 წლის მარტი), მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ JPKF აფიქსირებს თითოეულ გასროლას, როგორც განცალკევებულ დარღვევას.

2008 წლის მდგომარეობა

სიტუაცია დაღვევებთან დაკავშირებით განსაკუთრებით გამწვავდა 2008 წელს. 2008 წლის 30 აპრილიდან რუსეთის ფედერაციამ აბსოლუტურად უკანონოდ დაიწყო აფხაზეთში, საქართველო განლაგებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების საფარქვეშ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებული პირადი შემადგენლობის ზრდის განხორციელება.

რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, აგრეთვე არღვევს დსთ-ს ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს, კერძოდ:

  • დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების 1995 წლის 26 მაისის მანდატის მე-9 პუნქტი  (დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობის მხრიდან «მიმღები სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთქმედება»);
  • 92 წლის 15 მაისის «სამხედრო დამკვირვებელთა და დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების სტატუსის შესახებ» ოქმის მე-4 მუხლი («პერსონალის, მატერიალური და სატრანსპორტო საშუალებების მსხვილი გადაადგილებები აეროპორტის, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ხორციელდება მიმღები სახელმწიფოს მთავრობასთან კოორდინაციით»);
  • 1992 წლის 15 მაისის «სამხედრო დამკვირვებელთა და დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების სტატუსის შესახებ» ოქმი, მე-12 მუხლის მეორე ნაწილი;
  • დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების 1996 წლის 19 იანვრის დებულების მუხლი 26 («მიმღები სახელმწიფოს კანონების დაცვა»);
  • დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების 1996 წლის 19 იანვრის დებულების მუხლი 26: (ტრანსპარენტულობა (მოქმედებათა ღიაობა));
  • 1997 წლის 3 ოქტომბრის «დსთ-ს ქვეყნებში მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციის მომზადების და ჩატარების შესახებ მითითებები», თავი I, მუხლი 2 (დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მხრიდან მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციის ჩატარებისას მოქმედებათა და განზრახვათა ღიაობა… და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების აღიარება, რაც ავალდებულებს დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების პირად შემადგენლობას პატივი სცენ მიმღები სახელმწიფოს ადათებს და კანონებს);
  • 1997 წლის 3 ოქტომბრის «დსთ-ს ქვეყნებში მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციის მომზადების და ჩატარების შესახებ მითითებები», თავი I, მუხლი 24 (მიმღები სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედება);
  • 1997 წლის 3 ოქტომბრის «დსთ-ს ქვეყნებში მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციის მომზადების და ჩატარების შესახებ მითითებები», თავი I, მუხლი 26 (მიმღები სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედების წესები).

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის აბსოლუტურად უკანონო ზრდას, ამ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მილიტარიზაციას და ასევე მთელს კავკასიის რეგიონში ვითარების გამწვავებისაკენ მიმართულ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი პროტესტი გამოაცხადა და კატეგორიულად მოითხოვა რუსეთის ფედერაციისაგან მაქსიმალურად მოკლე ვადებში დეტალური ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში დამატებითი სამხედრო ძალის განლაგების გეგმასთან დაკავშირებით (ახალი საგუშაგოების დისლოკაციის ჩათვლით), პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის ზუსტი რაოდენობა სახეობის მითითებით და საქართველოს ტერიტორიიდან მათი დაუყოვნებლივი გაყვანა.

სამშვიდობო მისიების გაუქმება

ზემოაღნიშნული დაძაბული მოვლენების დარეგულირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რასაც მოყვა აგვისტოს ომი.

დსთ-ს მანდატი

მოსკოვის ხელშეკრულების შეჩერების შესახებ საქართველოს ოფიციალურ განცხადებასთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო 243-ე დადგენილება (2008 წლის 28 გავისტო) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. რუსეთმა გადააჭარბა მშვიდობისდამცველ როლს და შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის ქმედება, თუ იგი სამშვიდობო სტატუსის იქნებოდა, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კონფლიქტის მხარეებთან და აგრეთვე ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად. შესაბამისად 243-ე დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა ინსტრუქცია მისცა ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, რომ მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რომელიც მოითხოვება ყველა შესაბამისი სამართლებრივი აქტის დასრულებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ ბაზისს რუსული შეიარაღებული ძალების არსებობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. რეალურად კი ნახსენები სამართლებრივი აქტები გაუქმებული იყო თვითონ რუსეთის ფედერაციის მიერ მისი არალეგალური აქტების შედეგად.

შესაბამისად, საქართველოს მთავრიბამ გამოსცა 522-ე დადგენილება (2008 წლის 29 აგვისტო) იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების კონტექსტში. სათანადო დადგენილებამ ინსტრუქცია მისცა საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივი პროცედურები სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტისთვის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და აგრეთვე უზრუნველყოს სამშვიდობო ძალების გამოყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუციები, რომლებიც წყვეტს საქართელოსთან მიმართებაში 1991 წლის 8 დეკემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შეთანხმებას, 1993 წლის 22 იანვარს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელების საბჭოს მიერ დამტკიცებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქარტიას და 1993 წლის 24 სექტემბერს ეკონომიკური კავშირის შექმნის შეთანხმებას.

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა ნოტა, რომლითაც ატყობინებდა საქართველოს პარლამენტის ზემოთთქმულ რეზოლუციებს და საქართველოს დსთ-დან გამოსვლას.

შედეგად 2008 წლის 18 აგვისტოსთვის საქართველომ უარი თქვა ყველა ვალდებულებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო მის წევრობასთან დსთ-ში. ამავე დროს, 1969 წლის ვენის სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, ყველა მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გადაწყვეტილი დსთ-თან და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა დსთ-ს შესაბამისი ორგანოების მიერ, რომელთან შეერთებასაც დაეთანხმა საქართველო, ძალაში დარჩა საქართველოსთან მიმართებაში.

შედეგად, დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატი დასრულდა დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილებით 2008 წლის 10 ოტომბერს, მაშინ, როდესაც დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტერების გადაწყვეტილებით 2008 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს წევრობის დასრულება. თუმცა, საქართველოს პოზიციაა, რომ ეს ოფიციალური განცხადებები და შემდგომი გადაწყვეტილბები ფორმალური აუცილებლობებია. რუსულმა ჯარებმა ლეგიტიმურობა დაკარგა მაშინვე, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში.

სოჭის შეთანხმება

იგივე ეხება სოჭის შეთანხმებასაც. 2008 წლის 27 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა გამოსცა 243-ე დადგენილება და შემდგომ 2008 წლის 29 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა 552-ე დადგენილება, რომელიც ეხებოდა ყველა შესაბამისი სამართლებრივი აქტის შეწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლებრივ ბაზისს რუსული სამხედრო ძალების არსებობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველო თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიებზე წარმოადგენს დარღვევას იმ მიზნებისა, რომელიც ჩამოყალიბებული იყო სოჭის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც არეგულირებდა შესაბამის სამშვიდობო ფორმატს (აქ, საქართველოს მთავრობა ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით სამართალს, რომელიც აძლევს ქვეყანას შეწყვიტოს ხელშეკრულება დარღვევის გამო).

აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განუცხადა საქართველოს პოზიციათან დაკავშირები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტას საშუალებით 2008 წლის 1 სექტემბერს, რომელიც შემდგომ მოითხოვდა საქართველოს ტერიტორიაზე სოჭის შეთანხმების მანდატის ქვეშ არსებული რუსეთის „სამშვიდობო ძალების“ დაუყოვნებლივ გაყვანას.

გაერო და ეუთო

2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა გაეროსა და ეუთოს მისიებიც საქართველოში. 2008 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა ეუთოს მისიის მანდატი. მუდმივმოქმედ საბჭოზე ვერ შეძლეს კონსესუსის მიღწევა მის გაგრძელებაზე. ასევე 2009 წლის 30 ივნისს ამოიწურა ეუთოს 20 უიარაღო დამკვირვებლის მანდატი, რომელებიც მისიას შეუერთდნენ 2008 წლის 19 აგვისტოს.  2009 წლის ივნისსში კი უშიშროების საბჭოში კონსესუსის ვერ მიღწევის გამო შეწყდა გაეროს მისია საქართველოში.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი კონფლიქტის რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე მოქმედებდა რამდენიმე სახის სამშვიდობო მისია, რომელთა უფლებებს და ვალდებულებებსაც არეგულირებდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები. სამშვიდობო ძალების განლაგება საქართველოში განპირობებული იყო საერთო დაგაწყვეტილებით და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგავრების სურვილით. თუმცა განვითარებული მოვლენების შედეგად, იმ დროს, როდესაც გამუდმებით ირღვეოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პუნქტები (დარღვევები ყველა მხარის მხრიდან ფიქსირდებოდა), სამშვიდობო ძალები უფუნქციო და უუნარო ხდებოდა (ამას ხშირად ემატებოდა პოლიტიკური ნების არ არსებობაც). საბოლოოდ სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და 2008 წლის ომის შემდეგ სამშვიდობო მისიებმა შეწყვიტეს თავიანთი საქმიანობა, ეს იმ დროს როდესაც რუსეთი მოგვევლინა აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანად.

 

გამოყენებული მასალა

 

ავტორი: ნინი მოდებაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *