პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ზოგიერთი მოსაზრება რუსეთ–დასავლეთის ურთიერთობების შესახებ

21 Feb , 2015  

სამი ძირითადი შეკითხვა

პარასკევს, 2015 წლის 30 იანვარს, თბილისის ერთერთსასტუმროში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ლექცია/დისკუსია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბროუსთან, რომელსაც მეც დავესწარი. ვინაიდან ვერშბროუს საქართველოში ვიზიტი საფუძვლიანად გაშუქდა მედიაში ვერშბროუს ამ გამოსვლის მიმოხილვით აღარ შეგაწყენთ თავს და ამ პოსტში პირდაპირ განვიხილავ ჩემს შთაბეჭდილებებს ვერშბროუს ამ გამოსვლასთან და ზოგადად საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩემი მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად რაღაც გაუგებრობის გამო და ალბათ იმის გამოც, რომ უსინათლოობიდან გამომდინარე ვერ შევძლებდი იმის შემჩნევას, თუ როდის დაასრულებდნენ გამომსვლელები საუბარს და როდის შემეძლო კითხვის დასმა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ნატოს გენმდივნის მოადგილისთვის  კითხვის დასმა და გარკვეულ საკითხებზე მისი აზრის/პოზიციის გაგება, ამიტომ ამ პოსტში მომიწევს ამ კითხვებზე ჩემეული მოსაზრებების გაზიარება. მე უნდა დამესვა 3 შეკითხვა: 1. რამდენად ჰგავს რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული პოლიტიკა ჰიტლერის მიერ მე–20 საუკუნეში წარმოებულ პოლიტიკას და რამდენად ჰგავს დღევანდელი დასავლეთის მიერ რუსეთისადმი გატარებული პოლიტიკა იმ პოლიტიკას, რომელსაც მე–20 საუკუნის შუა ხანებში დასავლეთი ატარებდა ჰიტლერის მიმართ, რომელიც მდგომარეობდა “შეკავებაში” და ეფუძნებოდა პრინციპს “ტერიტორია მშვიდობის სანაცვლოდ”? 2. სამომავლოდ რა ზომების გატარებას გეგმავს ნატო და დასავლეთი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად? 3. თუკი საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი, ტექნიკურად როგორ მოხერხდება საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება? ჩემს პოსტში ვეცდები, ამ სამივე კითხვას გავცე პასუხი.

დღევანდელი რუსეთი და მე–20 საუკუნის ნაცისტური გერმანია

პირველ რიგში დღეს რუსეთის მიერ გატარებული აგრესიულ–დამპყრობლური პოლიტიკა მართლაც ჰგავს ჰიტლერის მიერ გატარებულ პოლიტიკას. რუსეთი ერთი მეორის მიყოლებით იწყებს შეიარაღებულ კონფლიქტებს, ახდენს სახელმწიფოთა ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას, შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან და დაზარალებული სახელმწიფოებისგან არამარტო ამ ოკუპაციისადმი შეგუებას, არამედ მის აღიარებას ლეგიტიმურად (ჯერ საქართველო იყო 2008–ში, შემდეგ– უკრაინა 2014–დღემდე); არღვევს ნებისმიერ საერთაშორისო პრინციპსა თუ ხელშეკრულებას სახელმწიფოთა საჰაერო სივრცეებსა და აკვატორიებში თავისი სამხედრო თვითმფრინავებითა და გემებით უკანონო შეჭრით და სხვაგვარადაც; საერთაშორისო საზოგადოების დასაშინებლად იყენებს თავის ხელთ არსებულ ენერგეტიკულ ბერკეტებს. ის არ ჩერდება ერთი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიით და სხვა ქვეყნებზეც გადადის. ასევე განაგრძობს თითოეული ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას. მაგ. საქართველოს შემთხვევაში რუსეთი არ დაკმაყოფილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/სამაჩაბლოს საქართველოსთვის წართმევით, არამედ დაიწყო მავთულხლართების  გავლება, რითაც დამატებითი ტერიტორიები წაგვართვა. ასევე რუსეთი ნებას აძლევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეგრედწოდებულ მთავრობებს, მოითხოვონ მათთვის საქართველოს სხვა ტერიტორიებისა თუ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების გადაცემაც (ყაზბეგი, ენგურჰესი). რუსეთი ასევე აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ხარისხსაც, რასაც ადასტურებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება. რუსეთი არც უკრაინაში ჩერდება. ის არ დაკმაყოფილდა ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზეც გადავიდა. ეს მოქმედებები შეიძლება, შევადაროთ იმას, თუ როგორ მოითხოვა ჰიტლერმა ჯერ სუდეტის (ძირითადად ეთნიკური გერმანელებით დასახლებული ჩეხეთის ნაწილი), შემდეგ კი მთელი ჩეხო–სლოვაკიის გერმანიასთან შეერთება. რუსეთი ფართოდ იყენებს მეთოდს, რომელსაც მე “პოლიტიკურ ტერორიზმს”, ანუ სახელმწიფოს შიგნიდან დანგრევას, ვუწოდებდი. საქართველოში რუსეთმა ეს მეთოდი განახორციელა აფხაზი და ოსი სეპარატისტების გამოყენებით, ასევე საქართველოში ე.წ “მე–5 კოლონას” დაფინანსებით, რუსული ორიენტაციის არასამთავრობოების, მედიასაშუალებების დაფინანსებითა და მომრავლებით და ბოლოს, რუსეთისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილი ძალის, ქართული ოცნების, ხელისუფლებაში მოყვანის ხელშეწყობით, რომლის ლიდერმა და სულის ჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, სხვა თუ არაფერი,, თავისი სიმდიდრე რუსეთში მოიხვეჭა, რასაც რუსეთის ხელისუფლების კორუმპირებულობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, უნაკლოდ პატიოსანი მეთოდებით სავარაუდოდ ვერ შეძლებდა. უკრაინაში კი რუსეთი ომობს ძირითადად არა პირდაპირ, არამედ იქაური სეპარატისტების გამოყენებით, წაქეზებითა და დახმარებით, რასაც “ადგილობრივთა აჯანყებად” ასაღებს და მთელი უკრაინის მასშტაბით ე.წ “მე–5” კოლონისა და მოღალატეების მოძიებით, ორგანიზებითა და გამრავლებით, რისთვისაც პროპაგანდას, მოსყიდვასა და დაშინებას მიმართავს. პოლიტიკური ტერორიზმი თითქმის ნებისმიერი ქვეყნის დასანგრევად გამოსადეგი საშუალებაა, რამდენადაც ყოველ ქვეყანაში არსებობს მოსახლეობის რაიმე ჯგუფი, რომელიც რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო უკმაყოფილოა ხელისუფლებით. რუსეთმა ასევე ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ევროპაში (ჩეხეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, უკრაინა) თავისთვის ხელსაყრელი ლიდერების ხელისუფლებაში მოსვლას. პოლონეთში კი პირდაპირ გაუგონარი რამ მოახერხეს. პრეზიდენტ კაჩინსკისა და მასთან ერთად პოლონეთის ხელისუფლების წევრთა ნახევრის მოშორების შემდეგ ხელი შეუწყო პოლონეთში რუსეთისადმი ლიბერალურად განწყობილი ძალის ხელისუფლებაში მოსვლას. კაჩინსკისა და პოლონეთის ხელისუფლების წევრთა დაახლ. ნახევრის ავიაკატასტროფაში ტრაგიკული დაღუპვის გარემოებები ძალზე ბუნდოვანია და მრავალ კითხვას ტოვებს. ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორ მიიჩქმალა ამ ტრაგედიის გამოძიება და მისი მედიაში გაშუქება. რუსეთთან ერთგვარად დაპირისპირებული ქვეყნის პრეზიდენტით, მინისტრებით, პარლამენტის წევრებით, პრეზიდენტის მეუღლითა და სამხედრო მაღალჩინოსნებით სავსე თვითმფრინავის, რომელიც სავარაუდოდ უმაღლესი ხარისხისა იყო და მრავალი შემოწმება გაიარა და რომლის პილოტებიც საკმაოდ მაღალკვალიფიციურნი უნდა ყოფილიყვნენ, მაინცდამაინც რუსეთის საზღვრებთან ჩამოვარდნა, რუსეთის ძალოვნების მიერ კატასტროფის ადგილზე პოლონეთის წარმომადგენელთა შეშვების გაჭიანურება ძალზე საეჭვო გარემოებებია. ეს კატასტროფა შეიძლება თვით კატინის ტრაგედიასაც გაუთანაბრდეს და მეორე კატინად იწოდოს! შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა დაახლ. ნახევრის ერთბაშად დაღუპვა სახელმწიფოსთვის “თავის მოჭრას” უდრიდა! რუსეთი, დაწესებული სანქციების მიუხედავად, სერიოზულად გეგმავს დასავლეთგერმანიის მიერ აღმოსავლეთგერმანიის “ოკუპაციის” საკითხის გამოძიებას, რითაც მსოფლიოს აჩვენებს, რომ ის შეტევას არ შეწყვეტს და ახალ ექსპანსიასაც წამოიწყებს.

მე–20 საუკუნის 30–იან წლებში, როცა ჰიტლერმა მოითხოვა ჯერ სუდეტის, შემდეგ კი მთელი ჩეხეთის გერმანიისთვის გადაცემა, როცა მან ავსტრია შემოიერთა და სხვა ექსპანსიურ ქმედებებს აწარმოებდა, როცა ებრაელ ეთნოსს დევნიდა, ევროპის დიდი სახელმწიფოები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არაფერს აკეთებდნენ აღნიშნულ ქვეყანათა დასაცავად მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ჩეხეთთან მათ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბრიტანეთი და საფრანგეთი იღებდნენ ამ ქვეყნისთვის პოლიტიკური და სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებას, თუკი ის დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. უფრო მეტიც, ბრიტანეთი და საფრანგეთი აწარმოებდნენ ჰიტლერთან გერმანიისთვის სუდეტის გადაცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, თანაც ჩეხეთის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ჩეხეთის წარმომადგენელს გარეთ ალოდინეს, სანამ ჩაკეტილ კარს მიღმა ეს სამი დიდი ქვეყანა გადაწყვეტდა ჩეხეთის ბედს, გერმანიასთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჩეხეთის წარმომადგენელი დაიბარეს და უთხრეს, რომ თუკი ჩეხეთი გერმანიას სუდეტს არ დაუთმობდა, რის შედეგადაც ნაცისტური გერმანია მას ომს დაუწყებდა, საფრანგეთი და ბრიტანეთი ამ ომში ჩეხეთს დახმარებას არ გაუწევდნენ. მათ დაარღვიეს ჩეხეთთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება იმ იმედით, რომ თავიანთ ქვეყნებს ომს თავიდან ააცილებდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე! თუმცა ევროპის დიდ სახელმწიფოთა ამ დათმობამ არათუ შეაჩერა ჰიტლერი, არამედ წააქეზა კიდეც მომავალი დაპყრობებისკენ. ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ჩეხეთის დათმობა ჰიტლერმა აღიქვა, როგორც მათი სისუსტე და ამის შედეგად საფრანგეთი ოკუპირებულ იქნა, ბრიტანეთი კი რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა და მისი ეკონომიკაც ძალზე დაზარალდა და ზოგადად ამ 2 ევროპული ქვეყნის დამთმობმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჰიტლერის გაძლიერება/გათამამებასა და მე–2 მსოფლიო ომის გაღვივებას.

სად არის დასავლური პასუხი?

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დასავლეთმა ვერ ისწავლა მე–2 მსოფლიო ომის გამოცდილებაზე გაკვეთილი და ახლა იგივე დამოკიდებულებას იმეორებს რუსეთის მიმართ. მახსოვს, ბავშვობიდან მოყოლებული როგორ ავივსებოდი ხოლმე საერთაშორისო დახმარებისა და თანადგომის იმედით, როცა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგე ქმედების შემდეგ გამოვიდოდნენ ხოლმე დასავლელი ლიდერები და გამოხატავდნენ “აღშფოთებას” რუსეთის მიერ საერთაშორისო პრინციპების დარღვევის გამო, მოუწოდებდნენ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შემლახველი ქმედებები და იმუქრებოდნენ სანქციებითა და “მკაცრი და ადეკვატური რეაქციით”. ვფიქრობდი “აი, ახლა დაგვიდგებიან მხარში და რუსეთს აიძულებენ, თავი დაგვანებოს, ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნოს და ნატოში და ევროკავშირშიც შეგვიყვანენ”–მეთქი. მაგრამ დრო გადიოდა და მსგავსი არაფერი ხდებოდა. 2008 წლის ომის დროს ვფიქრობდი: “ახლა მაინც ყველანი ამოგვიდგებიან გვერდში და დაკარგულ ტერიტორიებს დააბრუნებინებენ რუსეთს, თორემ ჩვენს შემდეგ რუსეთი ხომ სხვა ქვეყნებსაც დაერევა”–მეთქი. მაგრამ მაშინაც არაფერი მომხდარა მსგავსი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში, დასავლეთმა არ გადადგა რუსეთის შესაჩერებლად არანაირი ქმედითი ზომები და მხოლოდ სიტყვიერი “აღშფოთებით” შემოიფარგლა. აქვე მინდა გავუსვა ხაზი აშშ–ს არათანმიმდევრულ და არალოგიკურ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. საქართველოში აგვისტოში მომხდარი ომის გამო, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და ათეულ ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლკარი, შემოსავლის წყარო და თუნდაც თავიანთი წინაპრების საფლავების მონახულების საშუალება და თავიანთ ქვეყანაშივე ლტოლვილებად იქცნენ, საქართველოს მეხუთედის სრულ ანექსიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აშშ–მ რუსეთი მხოლოდ ზეპირად “მკაცრად გააკრიტიკა” და რამე სანქციაც კი არ დაუწესა! ამავე დროს რუსეთის ერთი მოქალაქის, სერგეი მაგნიცკის, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში მკვლელობის გამო აშშ–ს კონგრესმა შეადგინა ე.წ “მაგნიცკის სია”, რომლითაც ეკონომიკური პერსონალური სანქციები დაუწესა ამ მკვლელობასთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფ პირებს. ანუ აშშ–სთვის რუსეთის ერთი მოქალაქე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე– მის მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში რუსეთის მიერ ინიცირებული ომის შედეგად ათასობით დაღუპული და ათეულ ათასობით ლტოლვილი. განა არ შეიძლებოდა, “საქართველოსთან მეომართა სიის” შედგენა?! პოლონეთში ხელისუფლების ნახევრის საეჭვო ავიაკატასტროფაში დაღუპვამაც არ გამოიწვია საფუძვლიანი აჟიოტაჟი და გამოძიება ევროპაში. ამასობაში პუტინმა მოსინჯა თავისი ძალები, დარწმუნდა თავის დაუსჯელობაში, ჩათვალა, რომ დასავლეთი “სუსტია” და მის იმპერიულ პოლიტიკას ვერავინ აღუდგება წინ და შეუდგა უკრაინაში ექსპანსიას ამ ქვეყნის შიგნიდან დაშლით. ამ ექსპანსიის დასაწყისში დასავლეთში განაცხადეს, რომ ევროპის უსაფრთხოებას თვით ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე ომმაც კი ვერ შეუქმნა არსებითი საფრთხე თავის დროზე და მითუმეტეს უკრაინაში, რომელიც ყოფილი იუგოსლავიისგან განსხვავებით ევროპის განაპირასაა განლაგებული, მიმდინარე ომი ვერ შეუქმნის საფრთხეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ამაზე ორი არგუმენტის დაპირისპირება შემიძლია, პირველ რიგში ალოგიკურია უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასება, როგორც ევროპისთვის უსაფრთხო ომად მაშინ, როცა დასავლეთისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს (მაგ. არაბული გაზაფხული), რადგან უკრაინა ახლოაღმოსავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, სხვა თუ არაფერი, პირდაპირ ემეზობლება ევროკავშირს. გარდა ამისა, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობდნენ ძალები/სახელმწიფოები, რომელთა ძალებიც მეტნაკლებად მაინც თანასწორნი იყვნენ, მაშინ როცა უკრაინას, რომლის თავდაცვითი, ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსები საკმაოდ შეზღუდულია, ეომება ზესახელმწიფო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში “ვეტოს” უფლება აქვს და რომელიც ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოა მსოფლიოში. ამდენად რუსეთ–უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მხარეები ერთმანეთის სრულიად უთანასწორონი არიან და შესაბამისად ეს კონფლიქტი ევროპისთვის ნამდვილად დიდი საფრთხის შემცველია. შემიძლია ვივარაუდო, რომ თუკი დასავლეთი განაგრძობს უკრაინის დარწმუნებას, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ამა თუ იმ ტერიტორიიდან რუსეთთან “სამშვიდობო” ხელშეკრულების მოტივით, როგორც ეს უკრაინული ჯარების მიერ დებლლცევოს დატოვების შემთხვევაში მოხდა, რუსეთი მოახერხებს უკრაინის მთელი აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპირებასა და მისთვის ისეთი პოლიტიკური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, როგორიც მას მოესურვება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა, მე–2 მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიისა არ იყოს, გაიყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინებად. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პუტინი, მეტი ეფექტისთვის, გადაწყვეტს ორად გაყოფილი უკრაინის შუაში, მისეული გაგებით აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას შორის “საზღვარზე”, ააგოს კედელი, საქართველოში გაბმული მავთულხლართებისა და ბერლინის კედლისა არ იყოს. ისტორია მეორდება. გასული საუკუნის 90–იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს საქართველოსა და რუსეთს შორის 3–ჯერ დაიდო “სამშვიდობო ხელშეკრულება”, რომლის თანახმადაც ორივე მხარეს თავისი ჯარები კონკრეტული დასახლებიდან უნდა გამოეყვანა. ამის შედეგი ის იყო, რომ საქართველო მართლაც ხევდა თავის ჯარებს უკან, რუსეთი კი ამით სარგებლობდა, ხელშეკრულებას არღვევდა და თავისი ჯარები სწორედ იმ დასახლებაში შეყავდა, რის შედეგადაც აფხაზეთი დავკარგეთ. იგივე ხდება უკრაინაშიც. რუსეთი სავარაუდოდ ამ ბოლო ხელშეკრულებასაც არ შეასრულებს და როცა უკრაინის ჯარები გავლენ ხელშეკრულებით განსაზღვრული ზონიდან, რუსეთი იქ თავის სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო გაზრდის და ამ დასახლებას/დასახლებებს აიღებს/დაიპყრობს საბოლოოდ. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა, დაფინანსებულმა და იარაღით აღჭურვილმა სეპარატისტებმა უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 2 სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და კიდევ მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული 2 სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს. ყოველივე ამის გამო ვერშბროუს ლექცია–დისკუსიის დროს ერთერთმა სტუდენტმა სრულიად სამართლიანად შეადარა რუსული მხარის მიერ მართულ ამ სეპარატისტთა ქმედებები ექსტრემისტთა მიერ განხორციელებულ ტერაქტებს და ვერშბროუს დაუსვა კითხვა, თუ რამდენად გამართლებულია ნატოს პოზიცია, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლებელი და საჭიროა იმ გარემოების მიუხედავად, რომ რუსეთი თავად უწყობს ხელს ტერორიზმს უკრაინაში მყოფი სეპარატისტების მართვა/მხარდაჭერა/დაფინანსება/გამართლებით. და რუსული მხარის ამგვარი მოქმედებების მიუხედავად ვერშბროუ და მასთან ერთად მთელი ნატო მაინც შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში! რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის გაღვივების საპასუხოდ დასავლეთმა რუსეთს დაუწესა მხოლოდ საკმაოდ ზომიერი სანქციები, თანაც კონფლიქტის დაწყებიდან კარგა ხნის შემდეგ, თანაც სანქციების ამოქმედებამდე რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ ამ სანქციების შესახებ, რათა იქაური მაღალჩინოსნები უკეთ მომზადებულიყვნენ ამ სანქციებისთვის და არ დაზარალებულიყვნენ. თანაც დასავლეთმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ევროკავშირის მმართველ წრეებში მიმდინარე დებატები გაასაჯაროვა! ყოველივე ეს რუსეთს არა იმდენად ასუსტებს და აიძულებს, ხელი აიღოს დამპყრობლურ პოლიტიკაზე და სანქციებით გამოწვეულ საშინაო პრობლემებს მიხედოს, რამდენადაც აღიზიანებს და რუსეთის ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, აჩვენოს თავის მოქალაქეებს, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის დაქცევას და ყველა საშინაო პრობლემა სწორედ დასავლეთს გადააბრალოს.

რუსეთი გამადიდებელი შუშის ქვეშ

ეს ყველაფერი რუსეთის მოსახლეობას განუმტკიცებს იმ აზრს, რომ მთელი მსოფლიო მტყუანია და “მართალი” რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და საჭიროა ყველანაირი გაჭირვების ატანა და დასავლეთთან ბრძოლის გაგრძელება. ხალხის ასეთი განწყობა მომგებიანია პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნებისთვისაც, რადგან მათი რეიტინგი მაღალი რჩება და ხალხის ყურადღება გადატანილია საერთაშორისო მტრებთან ბრძოლაზე და არა– მათს ფინანსურ მაქინაციებზე, ხელისუფლების უზურპირებაზე, კორუფციასა თუ სხვა საშინაო პრობლემებზე. დასავლელმა ლიდერებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ არადემოკრატიული ქვეყნის მიერ წარმოებული ექსპანსია გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნის მიერ წარმოებული, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნებიან დაპყრობითი ომის მოწინააღმდეგეები და მის წინააღმდეგ მებრძოლნი, რომლებიც თავიანთ აზრს საჯაროდ დააფიქსირებენ და მათი სახელმწიფოს მიერ წარმოებულ ექსპანსიას დაუპირისპირდებიან, რის შედეგადაც დემოკრატიული ხელისუფლება იძულებული ხდება, გაითვალისწინოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მოთხოვნები და დაპყრობითი ომის წარმოებასთან დაკავშირებულ რამე საკითხებზე მაინც დაიხიოს უკან, მაშინ როცა არადემოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებთ სოლიდარობისა და ერთსულოვნების მაღალი ხარისხი, რადგან აგრესიული პროპაგანდის წყალობით მოქალაქეთა უმრავლესობა გულწრფელად უჭერს მხარს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მოწინააღმდეგე მოქალაქეთა უმცირესობა კი რეპრესიების შიშით ხმას ვერ იღებს. ამის საილუსტრაციოდ შევადარებ ომისადმი დამოკიდებულებას რუსეთსა და აშშ–ში. როცა აშშ–ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერაყში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, ამერიკელ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გააპროტესტა მასობრივი აქციებით და საბოლოოდ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანას დაპირდა. სამაგიეროდ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას შედეგად მოყვა პუტინის რეიტინგის ზრდა და მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევას. უფრო მეტიც, რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთი თავგანწირულ, გმირულ და სამართლიან ბრძოლას აწარმოებს თვით უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად.

მინდა ასევე გამოვეხმაურო ვერშბროუს მიერ გამოთქმულ იმედს, რომ რუსი ხალხი თავად მიხვდება დემოკრატიის თავიანთ ქვეყანაში დანერგვის აუცილებლობას. ეს არ მოხდება, რადგან პირველ რიგში რუსეთის ტერიტორიული სიდიდისა და ამ ტერიტორიასთან შედარებით მცირე მოსახლეობის გამო (მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე) ქვეყნის მართვა უფრო ეფექტურია არადემოკრატიული მეთოდებით, რადგან დემოკრატია მოითხოვს მოქალაქეთა მუდმივ ყურადღებასა და სამოქალაქო კონტროლს ხელისუფლების საქმიანობაზე, რაც საკმაოდ რთული იქნება მოსახლეობის მიმობნეულობის გამო. რა თქმა უნდა, დიდ ქალაქებში მოსახლეობას შეეძლება სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, მაგრამ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ მცირე ცენტრიდან მოშორებული დასახლებების მოსახლეობა, რომელსაც ურჩევნია, რომ მათ ნაცვლად ვინმემ მიიღოს ჭკვიანური გადაწყვეტილებები და იკისროს ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა, ისინი კი მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას არ მოაცდინოს. გამოკითხვათა მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა პიროვნულ თავისუფლებასთან შედარებით მატერიალურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას, მატერიალურ კეთილდღეობასთანშედარებით კი– სამშობლოს სიდიადესა და ძლევამოსილებას. ცნობილი ფაქტია, რომ დიქტატორული მმართველობის რეჟიმი გაცილებით უფრო ეფექტურია და მოქნილი, ვიდრე– დემოკრატიული, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა არა ერთი, არამედ მრავალი ადამიანის თანხმობა. შესაბამისად რუსეთის გადემოკრატებას არ უნდა ველოდოთ.

არაკი დასავლეთის შესახებ

დასავლეთის მდგომარეობა ჰგავს იმ იგავში აღწერილს, რომლის მიხედვითაც ჩიტი ხეზე გაკეთებულ ბუდეში ზის, ხის ქვეშ კი მელა დარაჯობს და ეუბნება: “ერთი შენი ბარტყი გადმომიგდე, თორემ ხეს შევანჯღრევ, ბუდეს გადმოვაგდებინებ და სუყველა ბარტყს შეგიჭამ”. ჩიტიც ასე ნელნელა უყრის თითოთითო ბარტყს და ბოლოს არცერთი ბარტყი არ დარჩებოდა, მონადირე რომ არ მოსულიყო და მელა არ მოეკლა. დასავლეთი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნები, ეკონომიკურად დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, კერძოდ კი მის ბუნებრივ ენერგომატარებლებზე ნავთობსა და გაზზე, ასევე რუსეთის ბაზარი მიმზიდველია ევროპელი მეწარმეებისთვის, ვინაიდან ის დიდია, რუსი მომხმარებელი ევროპელთან შედარებით ნაკლებად პრეტენზიულია და რუსეთში ევროპულ სოციალურ/სოციალისტურ სახელმწიფოებთან შედარებით უფრო დაბალი გადასახადებია ბიზნესებისთვის. ევროპელი მოსახლეობა არ არის თანახმა, იცხოვროს ენერგომატარებელთა შეზღუდული რაოდენობის პირობებში ან თუნდაც შეეგუოს საწვავზე ფასების მომატებას. რუსეთი კი, მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში იმუქრება სწორედ ამ ენერგომატარებლების ევროპისთვის მიწოდებაზე უარის თქმას ან მათს გაძვირებას მაინც. ასევე მსხვილი ბიზნესის ევროპელი წარმომადგენლები არ არიან თანახმა, დაკარგონ რუსული ბაზარი. ყოველივე ეს აიძულებს ევროპელ ლიდერებს, რუსეთის მიმართ ძალზე რბილი და დამთმობი/შემგუებლური პოლიტიკა გაატაროს და ზომიერი სანქციები დაუწესოს, რაც რუსეთს კიდევ უფრო არწმუნებს თავის ყოვლისშემძლეობაში და ის განაგრძობს და აფართოებს თავის ექსპანსიურ პოლიტიკას, რაც საერთაშორისო ვითარებას უფროდაუფრო ამძიმებს.

რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთმა მას უნდა დაუწესოს მკაცრი სანქციები, რათა მოსახლეობის სიღარიბეში ჩავარდნისა და მილიონერთა დიდძალი ზარალის შემდეგ ის იძულებული იქნება, პასუხი მოსთხოვოს თავის ხელისუფლებას. ასევე აუცილებელია რუსეთში საპროტესტო მოძრაობის, თუნდაც სეპარატიზმის, გაღვივების ხელშეწყობა, რათა რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდეს, ყურადღება საგარეო დაპყრობებიდან გადაიტანოს საშინაო პრობლემებზე. დასავლეთი უნდა დათანხმდეს იმ დისკომფორტს, რომელიც მას შეექმნება, მაგალითად, რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა ეძიოს ალტერნატიულ ენერგომომმარაგებლებსა და რესურსებს, რათა მომავალში არ აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის ერთხელ უკვე აღმოჩნდა ჰიტლერისთვის დათმობებზე წასვლის შედეგად.

ევროპის პოლიტიკური პორტრეტი

წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები შეიძლება განვითარდეს შემდეგი სცენარით: რუსეთი მხარს დაუჭერს ევროპის შიგნით არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს (კატალონიაში, კორსიკაზე და ა.შ), რის შედეგადაც ამ რეგიონებმა შესაძლოა, დამოუკიდებლობაც კი მოიპოვონ, რაც სრულიად დასაშვებია ევროპული სახელმწიფოების ლიბერალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოთა რეგიონებს ფართო ავტონომიისა და თვითგამორკვევის საშუალებას აძლევს და სახელმწიფოდან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების უფლებამდე (ასეთი რეფერენდუმი ჩატარდა, მაგალითად გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ ერთერთ რეგიონში, შოტლანდიაში). ამგვარად დამოუკიდებლობამოპოვებული წვრილწვრილი სახელმწიფოები ევროკავშირში გაატარებენ რუსულ პოლიტიკას (მაგ. ხმას არ მისცემენ ხოლმე რუსეთისთვისსანქციების დაწესებას). რუსეთმა უკვე მოახერხა ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვება, ყველაზე მეტად კი– საბერძნეთისა, სადაც ხელისუფლებაში სულ ახლახანს უკიდურესი მემარცხენეები მოვიდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთმა შესაძლოა საბერძნეთის ევროკავშირიდან გამოსვლასაც კი მიაღწიოს. საბერძნეთს რუსეთთან საზღვარი არ გააჩნია და არც ოდესმე კონფლიქტი ჰქონია. ამავე დროს დასავლეთევროპის ქვეყნებსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები თანდათან იძაბება საბერძნეთის ფინანსურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო. საერთოდ არსებობს ირაციონალური დამოკიდებულებები სახელმწიფოებს შორის. ასე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ან გერმანია და საფრანგეთი ერთ კავშირში არიან მოქცეულნი და პარტნიორებად ითვლებიან, მათ შორის მაინც არსებობს ფარული წინააღმდეგობა, მეტოქეობა, კონკურენცია. ასევე დასავლეთევროპული სახელმწიფოები “ზემოდან უყურებენ” აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს, მათ დასავლეთევროპულ სახელმწიფოთა თანასწორად არ მიიჩნევენ, “მეორე ხარისხოვან” სახელმწიფოებად და ერებად მოიაზრებენ. მაგ. საფრანგეთის მასებში რუმინელებისადმი ისეთივე დამამცირებელი, ზიზღით აღსავსე, დამოკიდებულება არსებობს, როგორიც– აშშ–ს მასებში– მექსიკელების მიმართ. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს რუმინეთის, საბერძნეთისა და სხვა მსგავსი ქვეყნების პოტენციურ მოკავშირეობას რუსეთთან. ამიტომ საბერძნეთი შესაძლოა გახდეს რუსეთის პოტენციური მოკავშირე. დასავლეთის დანაწევრება შესაძლოა ასევე სხვადასხვა რადიკალური მიმართულებების, მაგ. უკიდურესი მემარჯვენეების, გაძლიერებასთან ერთად, რისი ტენდენციაც არსებობს. მაგ. 2014 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საფრანგეთში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა მარინ ლეპენის უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ, რაც კარგა ხანია, არ მომხდარა. ასევე 2014 წელს ევროკავშირის ისტორიაში პირველად ევროპარლამენტში არჩევნების შედეგად მოხვდნენ ნაციონალისტი დეპუტატები, რომლებიც საერთოდაც მხარს უჭერენ ევროკავშირის დაშლას. ევროპული მემარჯვენე პარტიები, როგორც წესი, იბრძვიან ცალკეული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საერთო ევროპული სტრუქტურების ჩარევისგან და ეწინააღმდეგებიან განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოთა მიერ სუსტი და განუვითარებელი სახელმწიფოების უანგარო, უსასყიდლო დახმარების იდეოლოგიას. თუმცა აქვე მინდა დავაზუსტო, რომ დასავლეთი საქართველოსა და უკრაინას სოლიდარობას უნდა უცხადებდეს და გვერდში ამოუდგეს არა უანგარო, ჰუმანური, ფილანტროპული მიზეზების გამო, არამედ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენი ბედი არ გაიზიარონ და რუსეთის პირდაპირი ან არაპირდაპირი აგრესიის მსხვერპლნი არ გახდნენ. მემარჯვენე პარტიების ასეთი დამოკიდებულება ასუსტებს ისედაც მყიფე ევროპულ სოლიდარობას რუსეთის საკითხთან მიმართებაში. თუ ევროკავშირი დაიშლება, მისი წევრი წვრილი, არათვითკმაყოფადი და სხვა სახელმწიფოთა რესურსებზე ძლიერ დამოკიდებული სახელმწიფოები (რამდენიმე მსხვილი ქვეყნის გამოკლებით) რუსეთის ექსპანსიას წინ ვერ აღუდგებიან.

ევროპის სოციალური პორტრეტი

მემარჯვენე სექტორის ამგვარ გაძლიერებას ევროპაში მე ავხსნიდი შემდეგნაირად: გასული საუკუნის განმავლობაში ევროპის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა სოციალური უფლებებისა და გარანტიების (მინიმალური ხელფასი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უკეთესი სოციალური დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მექანიზმები, ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, უმუშევართა შემწეობა, მრავალშვილიან ოჯახთა შემწეობა და ა.შ )მოსაპოვებლად და ამ ბრძოლის, მრავალრიცხოვანი გაფიცვების, მიტინგების, დემონსტრაციების/მანიფესტაციების, სასამართლო პროცესების, სამსახურიდან მასობრივი დათხოვნების და სხვა სარისკო ბრძოლის შედეგად მათ ეს უფლებები მოიპოვეს კიდეც. თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ლოგიკამ ლიბერალური სახელმწიფოები მიიყვანა ღარიბი, საომარი მოქმედებების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ქვეყნებიდან ლტოლვილი მოსახლეობისთვისაც და არალეგალური ემიგრანტებისთვისაც ამ სოციალური უფლებებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ჰუმანურ იდეამდე. მაგ. საფრანგეთში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მიერ აფრიკული და აზიური ქვეყნების კოლონიზაციის/დაპყრობის საკომპენსაციოდ საფრანგეთმა ახლა ამ ქვეყნების გაჭირვებულ მოსახლეობას უნდა დაეხმაროს, უმფარველოს და საფრანგეთში საცხოვრებლადაც მასობრივად მიიღოს. ევროპაში უფასო განათლების, ჯანდაცვის, საცხოვრებლისა და სხვა სოციალური დაცვის მიღების იმედით აღივსო განვითარებად  და განუვითარებელი ქვეყნების უფრო და უფრო მეტი მოსახლე. იმ ქვეყნების მკვიდრნი, რომელთა ტერიტორიაზეც საომარ მოქმედებებში დასავლური სახელმწიფოები მონაწილეობენ, მიიჩნევენ, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ჩასულ ემიგრანტთა ევროპულ სახელმწიფოთა მიერ უზრუნველყოფა ერთგვარი კომპენსაციაა დასავლეთის მიერ მათს სახელმწიფოებში შეჭრისა და კონფლიქტების გამძაფრებისათვის. რაც უფრო დიდ სოციალურ გარანტიებს სთავაზობდა ევროპა ლტოლვილებს, მით უფრო მეტი ლტოლვილი ითხოვდა თავშესაფარსა და მფარველობას. მათი სოციალური უფლებების უზრუნველსაყოფად ევროპულ სახელმწიფოებს სჭირდება უფრო და უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რომელსაც თავიანთი მომუშავე მოქალაქეებისგან იღებენ გადასახადებისა და მოსაკრებლების თანდათან გაზრდით, რაც იწვევს ევროპის მკვიდრი მოსახლეობის განწყობის გაუარესებას განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოსული, დახმარების საჭიროების მქონე, მოსახლეობის/ლტოლვილებისადმი. ომის, სტიქიური უბედურების, ტერორის, ორგანიზებული დანაშაულისგან დაზარალებული ქვეყნებიდან ლტოლვილ მოსახლეობას, როგორც წესი, არ აქვს ევროპულ ბაზარზე დასაქმებისთვის საჭირო კვალიფიკაცია/უნარები ან მათი კვალიფიკაცია საშუალებას აძლევთ, დასაქმდნენ მხოლოდ ყველაზე დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე და ამ სამუშაოებზე მათი შემოსავალი უფრო ნაკლებია ევროპული სახელმწიფოების მიერ უმუშევართათვის და ლტოლვილთათვის დაწესებულ დახმარებასთან შედარებით, ამიტომ მრავალი ემიგრანტი ირჩევს ამ დახმარების მიღებას დასაქმების ნაცვლად. ემიგრანტთათვის შესაფერისი, ევროპული სტანდარტის, დახმარების გასაწევად საჭიროა უფრო და უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რომელსაც ხელისუფლებები ამოიღებენ ხოლმე მომუშავე მოსახლეობისგან, რაც იწვევს გადასახადების გაზრდას. ამასთან ზოგიერთი ემიგრანტი მაინც ირჩევს დასაქმებას. ემიგრანტი დასაქმებულები, როგორც წესი, მზად არიან, იმუშაონ უფრო დიდი დატვირთვით, ნაკლები სოციალური გარანტიებითა და ანაზღაურებისთვის, ვიდრე– ევროპის მკვიდრი დანანხმდებოდა იგივე სამუშაოს შემთხვევაში, შესაბამისად დამსაქმებლებს ემიგრანტების აყვანა ურჩევნიათ, რის გამოც ევროპის მკვიდრ მოსახლეს, რომელსაც სამსახურისადმი მაღალი მოთხოვნები აქვს, თანდათან უმცირდება დასაქმების შანიი/შესაძლებლობა. გაზრდილი გადასახადები და დასაქმების სირთულე იწვევს მკვიდრი “ევროპელების” უკმაყოფილების ზრდას. ისინი ფიქრობენ: “ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სამსახურის დაკარგვის, შიმშილის, საცხოვრებლის დაკარგვის, დაპატიმრების, ჯანმრთელობის დაკარგვის რისკის ფასად მოიპოვეს ის სიკეთეები, რომლებითაც ყველანაირი ბრძოლის გარეშე სარგებლობენ ისინი, ვინც თავიანთ ქვეყნებში სიტუაცია ვერ დაულაგებიათ, სოციალური უფლებებისა და სიკეთეებისთვის არ უბრძოლიათ. ახლა ჩვენთან ჩამოდიან და მუქთად, ძალისხმევის გარეშე, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომლებისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და თავს დებდნენ, თანაც იღებენ ამ სიკეთეებს ჩვენს ხარჯზე, ჩვენი მუშაობის შედეგად ამოღებული გადასახადებით. თანაც არ სურთ ჩვენი წესებით ცხოვრება, ჩამოდიან და აქეთ გვახვევენ თავს თავიანთ ცხოვრების წესს და ითხოვენ უფრო და უფრო მეტ სოციალურ უზრუნველყოფას ისე, რომ მადლობასაც კი არ გვეუბნებიან და ჩვენი სახელმწიფოების მიერ მათთვის გაწეულ დახმარებას აღიქვამენ, როგორც ამ სახელმწიფოთა ვალდებულებას”. სწორედ ამგვარი განწყობების ზრდითაა გამოწვეული ევროპაში ფაშისტური, ნაციონალისტური მოძრაობებისა და პარტიების პოპულარობის ზრდა, რომელსაც რუსეთი თავის სასარგებლოდ უკვე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს. ავღნიშნავ, რომ მარინ ლეპენის პარტია რუსეთის პოლიტიკური დოქტრინის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და საფრანგეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს რუსეთისთვის ავიამზიდ მისტრალის გადაცემას, როგორც ეს რუსეთ–საფრანგეთს შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული უკრაინისადმი რუსეთის აგრესიისა და მისი ტერიტორიის, ყირიმის, ოკუპაციისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომის გაჩაღების მიუხედავად. და ლეპენის პარტიამ 2014 წელს თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა! ეს მას დიდ პოლიტიკურ პერსპექტივასადა მომავალში რუსეთის მხარდასაჭერად დიდ შესაძლებლობას აძლევს.

მოსახლეობა ითხოვს ლტოლვილებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, მათს მოთავსებას სპეციალურ ლტოლვილთა ბანაკებში, სადაც ექნებათ თავიანთი სკოლები. ამგვარი ნახევრად დახურული ტიპის ლტოლვილთა ბანაკი უკვე შეიქმნა საბერძნეთში. ჩემს თემას გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ ეს ღონისძიება კიდევ უფრო ართულებს ლტოლვილთა ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში. უფრო მეტიც, ის ამკვიდრებს სეგრეგაციას და ზოგადად საკმაოდ საშიში პრეცენდენტია, რადგან ეს ლტოლვილთა ბანაკები დროთა განმავლობაში შესაძლოა, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების მსგავს დაწესებულებებად გადაიქცნენ. ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან თუ პირს, რომელმაც არ იცის ქვეყნის სახელმწიფო ენა და თავისი უფლებები,, მფარველი სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარების გარდა არ გააჩნია თავის რჩენისათვის საკმარისი მატერიალური საშუალებები, ისედაც საკმაოდ თავისუფლებაშეზღუდულია და მისთვის გადაადგილების და შესაბამისად თავისი პრობლემების შესახებ დანარჩენი მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, მისი მოთავსება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, გამოიწვევს ამ ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დამყარების, მათთვის სახელმწიფოთა მიერ გამოყოფილი მატერიალური შემწეობის ამგვარ ნახევრად დახურულ ბანაკებში მომუშავე ჩინოვნიკების მიერ მითვისებისა და ზოგადად ამ ჩინოვნიკთა თვითნებობისა და სამსახურეობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

რა მოგველის ყველა “დანარჩენს”?

დავუბრუნდეთ რუსეთ–დასავლეთის ურთიერთობებს და დავამატოთ, რომრუსეთს ასევე შეუძლია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას ან საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ გააყვანინოს დაღესტნიდან კახეთისკენ ტრასა, რაზეც ამას წინათ აქტიური საუბარი იყო. ამ გზით რუსეთს ექნება სომხეთთან სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომლითაც ის უფრო დიდი რაოდენობით გააგზავნის იქ სამხედროებსა და შეიარაღებას. სომხეთი კი ირანს ესაზღვრება, რომელიც ასევე არის რუსეთის მოკავშირე და ცოტა ხნის წინ ირანსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ირანის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ხომალდების შეყვანას. ამ გზით რუსეთი გავა სპარსეთის ყურეში, რომელიც აშშ–სთვის წარმოადგენს სტრატეგიულ გეოგრაფიულ ადგილს. ამასთან რუსეთს ჰყავს თავისი სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთი, სამაჩაბლო), სომხეთში, ირანში, უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმში და ასევე ეყოლება პოლიტიკური მოკავშირე საბერძნეთი და ბოლოს სირია, რომლის დიქტატორიც ასევე რუსეთის მოკავშირეა. ამრიგად ნატოს ჯარები თურქეთში აღმოჩნდებიან ფაქტობრივად გარშემორტყმულნი. ასევე დავამატებ, რომ თურქეთის შიგნითაც შესაძლებელი იქნება დისტაბილიზაციის გამოწვევა, მითუმეტეს, რომ რუსეთის პოლიტიკური დოქტრინა თურქეთისადმი, როგორც სახელმწიფოსადმი, ყოველთვის მტრულად იყო განწყობილი. თურქეთში არსებობს სეპარატიზმისკენ მიდრეკილი რეგიონი, ქურთისტანი; ასევე სირიელი და სხვა ახლოაღმოსავლელი ლტოლვილები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ექსტრემისტულადაც იყოს განწყობილი; ასევე არსებობს ხელისუფლებით სოციალური მიზეზების გამო უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი; ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არასაკმარისად რელიგიურია და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც, პირიქით, სეკულარიზმის უფრო მაღალ ხარისხს მოითხოვს. და ბოლოს, თვით ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების შიგნით არსებობენ დაპირისპირებული ჯგუფები. ერთერთი მიზეზი, თუ რატომ არის თურქეთი სტაბილური ქვეყანა ყოველივე ამ დაპირისპირებათა მიუხედავად, მისი ეკონომიკური კეთილდღეობა და მოსახლეობის შედარებითი კმაყოფილებაა თავისი მატერიალურ–ფინანსური მდგომარეობით. რუსეთი ასევე გაუწევს დახმარებას პალესტინას. ამგვარად დასავლეთის თითქმის ყველა გავლენის სფერო აღმოსავლეთში მოცული იქნება რუსეთის სამხედრო თუ პოლიტიკური მოკავშირეებით. აშშ დიდი და თვითკმაყოფადი სახელმწიფოა, ევროპული ქვეყნები კი აღმოჩნდებიან “ჰაერში ჩამოკიდებულ მდგომარეობაში”, რუსეთზე ეკონომიკურად და მაშასადამე, პოლიტიკურად დამოკიდებულნი. ამიტომ ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ რუსეთის ეკონომიკური გავლენისგან თავის დაღწევაზე ზრუნვა. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზის დაფუძნების ტექნიკურ შესაძლებლობას, პირადად მე მგონია, რომ რუსეთი საქართველოს ნატოს წევრად მიღების შესახებ გაგებისთანავე, სანამ მოესწრებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზის ან თუნდაც ჯარების განთავსება, პირდაპირ შემოიყვანს საქართველოში თავის ჯარებს  რის შედეგადაც ნატოს ჯარები მე–3 მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად აღარ შეეცდებიან საქართველოში შემოსვლას. ამის ვარაუდის შესაძლებლობას მაძლევს პუტინის მიერ მრავალჯერ გაკეთებული აგრესიული განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი არ დაუშვებს ნატოს მიახლოებას მის საზღვრებთან. მგონია, რომ სწორედ ამგვარი საშიშროების გამო არ იღებენ საქართველოს ნატოში.

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *