საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

რუსეთის ფედერაცია და სამართლიანი ომის პრინციპი 2008 წლის აგვისტოს ომში

22 Feb , 2015  

დღეს მსოფლიოში არსებული სიტუაცია ცხადყოფს რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას. ამ შემთხვევაში კი ჩვენთვის ყველაზე აქტუალურად მიმაჩნია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ომი და მისი დეტალები. შესაბამისად, ნაშრომის თემაც ამ ასპექტს მოიცავს. რეფერატის მთავარი მიზანია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმართული ქმედებების გაანალიზება სამართლიანი ომის პრინციპის მიხედვით. ანუ ჩემი მთავარი ამოცანაა, დავასაბუთო, რომ რუსეთი არ აწარმოებდა სამართლიან ომს საქართველოს წინააღმდეგ.

თავდაპირველად ჩამოვაყალიბებ რა პრინციპების მიხედვით განვიხილავთ აგვისტოს ომს, ზოგადად რას წარმოადგენს ნორმატიული თეორია და უფრო კონკრეტულად რა პუნქტებს მოიცავს სამართლიანი ომის თეორია. ნაშრომის მეორე ნაწილი ეხება აგვისტოს ომის გარემოებებს და ზოგად აღწერას, ხოლო მესამე და ძირითადი ნაწილი დაეთმობა case-ის ანალიზს აღწერილი თეორიის მიხედვით.

ნორმატიული თეორია

ნორმატიული თეორია შეისწავლის ცალკეულ პირებთან, სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთაშორისო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის, ვალდებულებების, პასუხისმგებლობისა და უფლებების სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზღვრებისა და ქვეყნების ეთიკურ მნიშვნელობას, ომისა და მშვიდობის საკითხებს, ადამიანის უფლებებს, ინტერვენციისა და საერთაშორისო თანასწორობის პრობლემებს. ნორმატიული თეორია მსჯელობს არა იმაზე, თუ რა არის, არამედ იმაზე, თუ რა უნდა იყოს, როგორ უნდა იმართებოდეს მსოფლიო და როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მორალურად სწორი არჩევანი გააკეთონ.

სამართლიანი ომის თეორია

სამართლიანი ომის თეორია წარმაოდგენს ნორმატიული თეორიის ერთგვარ განშტოებას, რომელიც სვამს კითხვას, თუ რა შემთხვევაშია ომი სამართლიანი. იგი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ომის გამოცხადების სამართლიან პირობებზე (Jus ad bellum), არამედ უშუალოდ ომის მიმდინარეობასა (Jus in bello) და პოსტ საომარი (Jus post bellum) მოქმედებების სამართლანობაზეც. სამართლიანი ომის თეორია არის წესების ნაკრები სამხედრო ბრძოლისთვის. აღსანიშნავია, რომ აღიარებული პრინციპის თანახმად, Jus in bello შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევებში გამოიყენება, იმის მიუხედავად, კანონიერია თუ კანონგარეშე კონფლიქტი Jus ad bellum-ის მიხედვით.

Jus ad bellum

Jus ad bellum მოიცავს რამდენიმე პუნქტს, რომელიც განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია ომის წამოწყება მორალურად გამართლებული:

Legitimate authority

ომი შეიძლება აწარმოოს მხოლოდ კონსტიტუციურმა, ლეგიტიმურმა მთავრობამ.

Just cause / Right intention

მთავარი მიზანი ომისა არის ხელახლა მშვიდობის დამყარება. ომის შემდგომი მშვიდობა უნდა აჭარბებდეს იმ მშვიდობას, რომელიც იქნებოდა ძალის არგამოყენების შემთხვევაში. ქვეყანას ამ ომით არ უნდა ჰქონდეს  მატერიალური მოგების ან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი. ომის დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს გარდაუვალი საფრთხე, რომელიც ემუქრება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და უფლებებს. შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება, რომლის მიზანია მიღებული ზარალის ანაზღაურება.

Chance of success

იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული თავიდანვე უიმედო სიტუციაში, როცა წარმატების ალბათობა ძალიან დაბალია ან როდესაც წარმატების მისაღწევად არაპროპორციული ძალების გამოყენება იქნება საჭირო.

Proportionality of war

ომის წარმოების შედეგად მიღებული სარგებელი პროპორციული უნდა იყოს მის მიერ სავარაუდოდ გამოწვეულ ზიანთან.

War at last resort

ომის წამოწყება შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ყველა მშვიდობიანი გზა უშედეგოდ იქნა ნაცადი.

Jus in bello

მიმდინარე ომის პროცესში სამართლიანი ომის თეორია ყურადღებას ამახვილებს თავად სამხედრო მოქმედებებზე და მის მიმდინარეობაზე.

Spare non-combatants and other defenceless persons

საომარი მოქმედებები უნდა წარიმართოს ორ დაპირისპირებულ სამხედრო ძალას შორის. დაუშვებელია სამოქალაქო საცხოვრებელი ადგილების დაბომბვა, ტერორისტული აქტების ჩადენა და რეპრესიების განხორცილება მშვიდობიან მოქალაქეებზე. ამასთანავე, სამხედროებს არ აქვთ უფლება თავს დაესხან მტრის სამხედროებს, რომლებიც  ჩაბარდნენ ან ტყვედ აიყვანეს.

Proportional means

ომში ძალადობა უნდა იყოს მიღებული ზარალის პროპორციული.

Military necessity

სამართლიანი ომის მიმდინარეობა უნდა იქნას მართული მინიმალური სამხედრო ძალის გამოყენებით. თავდასხმა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებზე. ეს პრინციპი ზღუდავს ზედმეტ ნგრევას ომის მიმდინარეობისას.

Means not immoral per se: not indiscriminate or causing needless suffering

ჯარისკაცებმა არ უნდა გამოიყენონ იარაღი ან არ უნდა განახორციელონ საომარი მოქმედებები, რომელიც დაკავშირებულია ბოროტების ჩადენასთან, როგორიცაა მასიური გაუპატიურებები, ჯარიკაცების იძულება იბრძოლონ საკუთარი არმიის წინააღმდეგ, ან გამოიყენონ ისეთი იარაღი, რომლის შედეგების კონტროლი შეუძლებელია.

აგვისტოს ომი

სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავიდოდე, მოკლედ აღვწერ ომის მიმდინარეობას. რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობდა 2008 წლის აგვისტოს, რომელშიც ჩართულები იყვნენ ოსები და აფხაზები. საწყის ეტაპზე დაპირისპირება აღმოცენდა ცხინვალის რეგიონში ქართველ ჯარებსა და ოს სეპარატისტთა შორის. სროლები რამდენიმე დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაიწყო ოპერაცია ცხინვალის ასაღებად. ამის საპასუხოდ მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც ამ რეგიონში საკუთარი სამშვიდობოები უკვე ჰყავდა განლაგებული, ცხინვალის რეგიონში ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად დაიწყო საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც. რუსეთ-ოსებისა და ქართულ ჯარებს შორის შეტაკებები სამი დღე გაგრძელდა. ამავდროულად, რუსებმა დაბლოკეს საქართველოს შავიზღვისპირეთი. უკვე 9 აგვისტოს რუსული და აფხაზური ჯარები თავს დაესხნენ კოდორის ხეობას და მეორე ფრონტი გახსნეს, რის შედეგადაც საქართველოს შიდა ტერიტორიებზე შეიჭენენ. ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ ქართული ჯარები ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან განდევნეს. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის შუამავლობით ომის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს შესაბამისად რუსეთის და საქართველოს მხარეება, თუმცა ამის მიუხედავად ბრძოლა მაინც გრძელდებოდა. რუსეთმა ჯარების უმეტესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანა, მაგრამ შექმნა ბუფერული ზონები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, აგრეთვე, სათვალთვალო პუნქრები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

რუსეთის ფედერაცია და ომის განზრახვა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამართლიანი ომის თეორია იყოფა ნაწილებად, რომელთანაც ერთ-ერთი ომის წამოწყების მორალურ მხარეს ეხება. იმისათვის, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი სამართლიანად ჩაითვალოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს Jus ad bellum-ის ყველა აღნიშნულ პუნქტს. ქვემოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკეა განხილული და არგუმენტის სახით მოყვნილია ფაქტები, რის მიხედვითაც რუსეთი არღვევს Jus ad bellum-ის პრინციპებს.

Legitimate authority

ამ პუნქტის მიხედვით რუსეთ-საქარვთელოს ომში ორივე მხარეს მოქმედებდა კონტიტუციურად ლეგიტიმური მთავრობა, ერთი მხრივ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მთავრობა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსი სეპარატისტების მიერ წარმოებული პროვოკაციები, მათ შორის 31 ივლისს აფეთქებული ქართული პოლიციის მანქანა და ქართულ სოფლებზე თავდასხმები ხორციელდებოდა არალეგიტიმური თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ.

Just Cause / Right Intention

ქართული სოფლები განიცდიდა ინტენსიურ დაბომბვებს. ამასთანავე, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ზოგიერთ ქართულ სოფელში ყველა სახლი მიწასთან იყო გასწორებული და გადამწვარი. საფრთხის წინაშე იდგა ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და მათი უფლებები. საქართველო იძულებული გახდა ეპასუხა შემოტევებს და დაეწყო თავდაცვითი ომი. ეს იმის გათვალისწინებით რომ სეპარატისტულ რეგიონში, მაგრამ ოფიციალურად მაინც საქართველოს ტერიტორიაზე, ომის დაწყებამდე უკვე შემოყვანილი იყო რუსული სამხედრო შენაერთები და მათი დახმარებით ხდებოდა შეტევების წარმოება. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ, იმავე არგუმენტს ამბობს რუსეთის მხარე. მათი თქმით, ისინი იძულებული იყვნენ დაეცვათ მათი მოსახლეობა კონფლიქტის ზონაში. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რუსული პასპორტიზაციისა რეგიონში, რომელიც ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარეობდა, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის გახიზვნა ჩრდილოეთ ოსეთში და ტერიტორიაზე ფაქტობრივად დარჩნენ რუსი სამხედროები და ოსი სეპარატისტები, რაც კიდევ უფრო ამცირებდა მშვიდობიანი რუსი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემქნას.

War at Last Resort

რუსეთის მხარე არღვევდა, მოცემულ პრინციპს ვინაიდან სამხედრო მოქმედებები დაიწყო ყოველგვარი მოლაპარაკებების წარმართვის გარეშე. ომის ოფიციალურად დაწყებამდე, 7 აგვისტოს, საქართველოს მხრიდნ იყო მზადყოფნა მოლაპარაკებაზე, თუმცა შეხვედრა არ მოხდა რუსული მხარის მიზეზით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებადე არ იყო ამოწურული ყველა სხვა საშუალება ომის თავიდან ასაცილებლად. ომის მსვლელობის პროცესშიც იყო მცდელობები იმისა, რომ მოწინაღმდეგე მხარეები მისულიყვნენ გარკვეული სახის მოლაპარაკებამდე, რასაც რუსეთი თავს არიდებდა.

რუსეთის ფედერაცია და ომის წარმართვა

ომის წამოწყებისგან დამოუკიდებლად, ცალკე განიხილება სახელმწიფოს ქმედებები უშუალოდ ომის პროცესში.

Spare Non-combatants and Other Defenceless Persons

ეს პრინციპი დარღვეულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ მრავალმხრივ. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართელოს საჰაერო სივრცეში შემოსული რუსული თვითმფრინავების მიერ იბომბებოდა კონფლიქტის ზონის გარეთ არსებული ქალაქები. კონფლიქტის ზონიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან დაიწყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წმენდა. ეთნიკური წმენდის შედეგად 15 000 ადამიანს იძულებით მოუწია დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი სამხრეთ ოსეთში. ასევე არსებობს კადრები, სადაც რუსი სამხედროები სასტიკად უსწორდებიან ქართველ სამხედრო ტყვეს გიორგი ანწუხელიძეს და წამებით კლავენ.

Military Necessity

რუსეთის ფედერაციის მხრიდან დარღვა ეს პრინციპიც. რუსეთის სამხედროებმა და რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ოსურმა ბანდ-ფორმირებებმა კონფლიქტის რეგიონში გადაწვეს და გაანადგურეს ქართული სოფლები. ჯავადან ცხინვალამდე გადაიწვდა ეთნიკურად ქართველებით დასახლებული ოთხი სოფელი: კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი და თამარაშენი. შედეგად, დაირღვა პრინციპი, რომელიც ზღუდავს ომის მიმდინარეობის დროს ზედმეტ ნგრევას.

Means not immoral per se: not indiscriminate or causing needless suffering

ომის მსვლელობის დროს რუსეთის მხრიდან დაირღვა აღნიშნული პრინციპი. Human rights watch-ის ინფორმაციის მიხედვით, ომის მიმდინარეობისას რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილებისა და მას დაქვემდებარებული ოსური ბანდ ფორმირებების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანებების გატაცებასა და ძალადობას. სახლების გადაწვა და სხვა ქმედებები იწვევდა ხალხის დატერორებასა და თესავდა მათში შიშს, რამაც მოსახლეობა აიძულა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრბელი სახლები.

დასკვნა

როგორც რუსეთის ფედერაციის ქმედებების ცალ-ცალკე პუნქტების შესაბამისად განხილვამ გვაჩვენა, არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები იმისა, თუ როგორ ირღვეოდა ომის სამართლიანი წამოწყებისა და წარმართვის წესები. ომის წამოწყებამდე მოლაპარაკებებზე თავის არიდება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა და კონფლიქტის ზონის გარეთ არსებული რეგიონების დაბომბვა, ქართველი მკვიდრი მოსახლეობის გამოდევნა ცხინვალის რეგიონიდან, ქართველებით დასახლებული სოფლების განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი, მოსახლეობის მიმართ ძალადობა და გატაცებები იმ არგუმენტებს წარმოადგენს, რომლის გამოც რუსეთის ფედერაცია მიჩნეულია აგრესორად და რომლის გათვალისწინებითაც მის მიერ წარმოებული ომი არასამართლიანია.

 

ავტორი: ნინი მოდებაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *