სამართალი

ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ სახელმწიფოში

25 Feb , 2015  

ინგლისელი მოაზროვნე და თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკური იდეოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი ჯონ ლოკი ამბობდა, რომ ყველა ადამიანს დაბადებიდან გააჩნია 3 ძირითადი ბუნებრივი უფლება: სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება. ეს უფლებები ბუნებრივია, რადგან მდგომარეობაში, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო და თითოეული ადამიანი თავის ნებაზე იქნებოდა მიშვებული, მათ ექნებოდათ სწორედ ეს 3 უფლება და სწორედ ამ სიკეთეთა შესანარჩუნებლად იბრძოლებდნენ ეს ადამიანები.

ჯონ ლოკი იყო ერთერთი პირველი, ვინც თქვა, რომ სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მისი ყოველი წევრის/მოქალაქის ეს 3 ძირითადი უფლება დაიცვას, ანუ ლოკმა სახელმწიფოს ლეგიტიმაციის წყაროდ და სახელმწიფოს, როგორც მოცემულობის, არსებობის მიზნად/მიზეზად დაასახელა მასში მცხოვრები ადამიანების ინტერესების/უფლებების უზრუნველყოფა/გარანტია. მართალია, თანამედროვე დემოკრატიულ კანონმდებლობაში ჩამოთვლილია არა 3, არამედ– ათობით სხვადასხვა ადამიანის უფლება, მაგრამ ყველა ეს უფლება საბოლოო ჯამში წარმოადგენს ლოკისეული ძირითადი ბუნებრივი უფლებების გავრცობასა და დაზუსტებას და პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამომდინარეობს სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებიდან. მაგ. სოციალური უფლებები ერთისმხრივ გამომდინარეობს სიცოცხლის უფლებიდან, რადგან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა თითოეული ადამიანისთვის მისი ქონებრივი და სხვა მდგომარეობის განურჩევლად, რომელიც ერთერთი სოციალური უფლებაა, ხელს შეუწყობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას, რადგან რაც უფრო მეტად შეუძლია ადამიანს თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და თუნდაც მიმდინარე დეფექტების/დაავადებების გამოსწორება/განკურნება, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის. მეორესმხრივ კი სოციალური უფლებები გამომდინარეობს თავისუფლების უფლებიდანაც, რადგან თუ ადამიანს უჭირს საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვება, განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა, სათანადო საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა და სხვა, მასში ამოქმედდება გადარჩენის ინსტინქტი და ის ივაჭრებს თავისი პოლიტიკური თუ სხვა უფლებებით ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც ის ფაქტობრივად დაკარგავს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. ამგვარი ადამიანისთვის უმნიშვნელო იქნება ყველაფერი, რაც არ უზრუნველყოფს მისი დღევანდელი ელემენტარული მოთხოვნილებების/საჭიროებების დაკმაყოფილებას. თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი მომენტი. საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანს ვერ ექნება სრული თავისუფლება, რადგან მისი თავისუფლება სხვათა უფლებებითა და თავისუფლებებით არის შეზღუდული. თუმცა ერთი ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხი სხვათა თავისუფლების უზრუნველსაყოფად რთული საკითხია და დაბალანსებას საჭიროებს. საქმე ისაა, რომ მაგალითად ანტიკურ საბერძნეთში მოქალაქეები უშუალოდ მონაწილეობდნენ ქალაქ–სახელმწიფოთა მართვაში და აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში, დღეს კი თითოეული მოქალაქის ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტიკური საბერძნეთის მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხით შეუძლებელია. არადა მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო მართვაში უშუალო მონაწილეობა გულისხმობს მათს ფართო თავისუფლებასა და დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხს წარმომადგენლობით მმართველობასთან შედარებით. საქმე კი ისაა, რომ ძველ საბერძნეთში თავისუფალი მოქალაქეთა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს აკმაყოფილებდნენ მონები, რომლებსაც არავითარი თავისუფლება არ გააჩნდათ. ეს უუფლებო მონები აკეთებდნენ იმას, რის გაკეთებაც თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეულ ადამიანს თავისთვის უწევს: მონები აწარმოებდნენ საკვებს, იყვნენ ხელოსნები, თავისუფალ მოქალაქეთა მაგივრად უვლიდნენ მათს საცხოვრებლებს, ეწეოდნენ მწარმოებლურ საქმიანობას, რამაც დიდი დრო გაუთავისუფლა თავისუფალ მოქალაქეებს და მათ ეცალათ პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩასართავად განსხვავებით დღევანდელი ადამიანებისგან, რომლებსაც თავად უწევთ თავის სარჩენად სახსრების მოზიდვა, საცხოვრისის მოვლა, მწარმოებლობა და ა.შ. შესაბამისად ძველ საბერძნეთში არსებობდა დისბალანსი თავისუფლების გადანაწილებაში: ერთი ჯგუფი, თავისუფალი მოქალაქენი, სარგებლობდნენ ფართო თავისუფლებით, რომელსაც უზრუნველყოფდნენ მონები, რადგან ისინი თავისუფალ მოქალაქეებს ათავისუფლებდნენ ყოველდღიური საქმიანობისგან, მეორე ჯგუფი კი, რომელსაც მონები წარმოადგენდნენ, სრულიად მოკლებული იყო თავისუფლებას ნაწილობრივ ძველბერძნული სამართლის საფუძველზე, რომელიც მონას უფლებრივად პირუტყვს უთანაბრებდა, ნაწილობრივ კი იმის გამოც, რომ თავიანთი მეპატრონეების მომსახურების აუცილებლობით გამოწვეული დროის ნაკლებობის გამო. სწორედ მართალია, ზემოთაღწერილი ისტორიული რეალობის მაგალითზე პირის/პირთა თავისუფლების დაცვა ყოველთვის მოითხოვს და გულისხმობს სხვა პირთა თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ჯგუფისთვის თავისუფლების უზრუნველყოფა არ მოხდეს სხვა ჯგუფის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე. საჭიროა, თითოეული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხი სხვათა თავისუფლების უზრუნველსაყოფად რაც შეიძლება, ერთმანეთის თანაბარი იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ ლოკისეული 3 უფლების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად და ვერცერთი მათგანი ვერ იარსებებს დანარჩენი ორის გარეშე. მაგ. თუ ადამიანს არ ექნება თავისუფლების უფლება, ანუ ის იქნება მონა, მას ვერ ექნება ვერც სიცოცხლისა და ვერც საკუთრების უფლება, რადგან მონის სიცოცხლე დამოკიდებულია მისი მფლობელისანება/სურვილზე, მონის საკუთრება კი წარმოადგენს მისი მფლობელის საკუთრებას. საკუთრების უფლების არარსებობის შემთხვევაში ადამიანის თავისუფალი ნება დამოკიდებული იქნება იმ საზოგადოების, გაერთიანებისა თუ ორგანიზაციის ნებაზე, რომელსაც აქვს ამ ადამიანისთვის საჭირო/აუცილებელი ნივთები/სიკეთეები. თუ ადამიანს არ ექნება სიცოცხლის უფლება, ის მზად იქნება, გააკეთოს ყველაფერი ის, რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იქნება აუცილებელი. ის შეასრულებს იმ ადამიანის, საზოგადოების, გაერთიანებისა თუ ორგანიზაციის ყველა მითითებას, რომელზედაც დამოკიდებული იქნება მისი გადარჩენა. შესაბამისად სიცოცხლის უფლების არმქონე ადამიანი დათმობს თავის თავისუფლებასაც და საკუთრებასაც. მაგ. თუ ვინმეს ტყეში ყაჩაღები დაესხნენ თავს, იარაღით ემუქრებიან და მოითხოვენ მის საფულეს, ანუ საკუთრებას, და ამ ადამიანს დახმარების იმედი არსაიდან აქვს, ის სიცოცხლის გადასარჩენად დათმობს კიდეც თავის საკუთრებას და გადასცემს ყაჩაღებს, რასაც ისინი მოითხოვენ. თუმცა ლოკისეული 3 ძირითადი ბუნებრივი უფლებებიდან თითოეულის დასაცავად საჭიროა სამიდან რომელიმე უფლების/უფლებების გარკვეულწილად შეზღუდვა, ხშირად კი უფლების დასაცავად უფრო დიდი ზიანისგან საჭიროა თვით ამ უფლების შეზღუდვა. მაგ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად (ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ნაწარმოებია სიცოცხლის უფლებისგან) და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად (განათლების უფლება ნაწარმოებია თვითგანვითარების უფლებისგან, რადგან პიროვნების თვითგანსავითარებლად ხშირად საჭიროა გარკვეული განათლება. თვითგანვითარების უფლება კი თავის მხრივ ნაწარმოებია თავისუფლებისგან, რადგან ადამიანი თავისუფალია თვითგანნვითარების გზების არჩევაში და თვითგანვითარება ზრდის ადამიანის მოთხოვნას თავისუფლებაზე და მის მაღალ ხარისხზე) საავადმყოფოებისა და სკოლების, საბავშვო ბაღებისა თუ უმაღლესი განათლების მისაღებად ნიჭიერი სტუდენტების დასაფინანსებლად გრანტების გამოსაყოფად საჭირო თანხებს სახელმწიფო მოიპოვებს მოქალაქეების მიერ გადახდილი სავალდებულო გადასახადებისგან, რომელთა გადახდაც გარკვეულწილად ზღუდავს საკუთრების უფლებას, რადგან ადამიანს აიძულებს თავისი ქონების/შემოსავლის გარკვეული ნაწილის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობას. ადამიანებისთვის გადასახადებისა და ჯარიმების დაკისრების გზით სახელმწიფოსბიუჯეტის შევსება, რათა შემდგომ ამ ბიუჯეტიდან მოხდეს სოციალურად დაუცველთა უზრუნველყოფა, წარმოადგენს მოქალაქეთა ერთი ნაწილის საკუთრების უფლების შეზღუდვას სხვა მოქალაქეთათვის საკუთრებისა და თავისუფლების უფლებების უზრუნველსაყოფად. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს  საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის ინტერესთა ერთგვარ დაბალანსებას, რათა ყოველი მოქალაქის უფლების დაცვა მოხდეს თანასწორად და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის საკუთრების უფლების სრულყოფილმა დაცვამ არ გამოიწვიოს სხვა ადამიანების გაღარიბება, რაც გამოიწვევდა მათი თავისუფლებისა და საკუთრების უფლებათა შეზღუდვას.  ასევე ფარული მიყურადებები მიყურადების/თვალთვალის ობიექტების თავისუფლების შეზღუდვაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება ნაწარმოებია თავისუფლებისგან. ჩვენ არ  გვსურს, რომ ჩვენი ნების გარეშე, ფარულად ან ძალდატანებით, მიგვაყურადონ ან გვითვალთვალონ, რადგან არ გვინდა, უცხო პირებმა მოიპოვონ ჩვენს შესახებ ისეთი პირადი, საიდუმლო, კონფედენციალური ინფორმაცია, რომლის გამოყენებითაც ვინმე ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ცხოვრებაზე, არჩევანზე გავლენის მოხდენას შეძლებდა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ (მაგ. შანტაჟის გზით). შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურები მიყურადებისა და თვალთვალის საშუალებით მოიპოვებენ  გავლენის მოსახდენად ბერკეტებს ამგვარი დაკვირვების ობიექტებზე. მიყურადება/თვალთვალი ასევე გულისხმობს საკუთრების უფლების შეზღუდვასაც, რადგან ფარული მიყურადების/თვალთვალის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკის შეძენა/მომსახურება და მოპოვებული ინფორმაციის გადასამუშავებლად ადამიანების დაქირავება დაკავშირებულია დიდ მატერიალურ სახსრებთან, რომლებიც დაიფარება ადამიანების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი გადასახადებიდან. როგორც წესი, სახელმწიფო სტრუქტურები აწარმოებენ ფარულ მიყურადებას/თვალთვალს, რათა დროულად შეიტყონ და თავიდან აიცილონ კონსტიტუციური წყობის დამხობა, სახელმწიფო გადატრიალება, სახელმწიფოს დაპყრობა სხვა სახელმწიფოს მიერ, ტერორისტული აქტი, ფასიანი ქაღალდების/ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების განზრახ გამოწვევა ან სხვა მეთოდებით სახელმწიფოსთვის ეკონომიკური საფრთხის განზრახ გამოწვევა და სხვა ისეთი დანაშაულები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს, თავისუფლებას და საკუთრებას. ანუ სახელმწიფო ხალხს აიძულებს გარკვეული დოზით თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვას, რათა შესაძლებელი გახდეს იმგვარი შემთხვევების დროულად პროგნოზირება და პრევენცია, რომელთა შედეგადაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაირღვეს ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლებისა თუ საკუთრების უფლებები. გამოდის პარადოქსი: ერთისმხრივ, ლოკისეული 3 ძირითადი უფლებიდან ერთერთის, სიცოცხლის, თავისუფლებისა ან საკუთრების, ჩამორთმევის/ძლიერი შეზღუდვის შედეგადაც კი დანარჩენი ორი მნიშვნელოვნად ირღვევა, კნინდება ან სრულიად კარგავს აზრს; მეორესმხრივ კი სამიდან ერთერთი უფლების დაცვაავტომატურად ნიშნავს სამიდან რომელიმე უფლების გარკვეულ შეზღუდვას. ლოკისეული 3 ძირითადი უფლება არსებობს მხოლოდ სამივე ერთად და ამავე დროს– ერთმანეთის ხარჯზე. თუ გვყავს პაციენტი, რომლისთვისაც სისხლის გადასხმა აუცილებელია მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის უარს აცხადებს სისხლის გადასხმაზე თავისი რელიგიური რწმენის გამო, თუ სისხლს იძულებით მაინც გადავუსხამთ და ამით მის სიცოცხლის უფლებას დავიცავთ, ამავდროულად დავარღვევთ მისი რწმენის თავისუფლებას, თუკი სისხლს არ გადავუსხამთ,და ამით დავიცავთ მისი რწმენის თავისუფლებას, რადგან არ დავარღვევინებთ მის ცხოვრების წესს/მსოფლმხედველობას მოვიქცევით მისი ნების შესაბამისად, თუმცა ხელვყოფთ მის სიცოცხლის უფლებას.  სოციალური უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმები: უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, შშმ პირთა უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკური და ფინანსური დახმარებით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, სამუშაო საათების დასაშვები რაოდენობის განსაზღვრა, დამსაქმებლის დავალდებულება, უზრუნველყოს დასაქმებულები ჯანმრთელობის დაზღვევით, უმუშევართა უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი შეღავათები და ფინანსური დახმარება სოციალურად დაუცველთათვის და სხვა მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დასაცავად, თუმცა სოციალური უზრუნველყოფა მოითხოვს სახელმწიფოსგან დიდ ფინანსურ სახსრებს, რომლებიც ამოღებულ იქნება გადასახადების გაზრდის ხარჯზე, რაც მნიშვნელოვანი ჩარევა იქნება საკუთრების უფლებაში.

უფლებათა შეზღუდვის გარდაუვალობა, როგორც ინტერესთა დაბალანსების შედეგი

ახლა კი განვიხილოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთერთი მოსამართლის, ქეთი ერემაძის, მოსაზრებები ინტერესთა დაბალანსებასთან დაკავშირებული ერთერთი საკითხის, უფლებათა შეზღუდვის გარდაუვალობის, როგორც ინტერესთა დაბალანსების შედეგის, შესახებ. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და გამოცდილი იურისტი თავის წიგნში ყურადღებას ამახვილებს ინტერესთა დაბალანსების ერთერთ ისეთ შედეგზე, როგორიცაა უფლებათა შეზღუდვა, თავისთავად მიგვანიშნებს ამ საკითხის სამართლებრივ მნიშვნელობაზე. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა და გარანტიები, რისთვისაც აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ სახელმწიფოში უმრავლესობის ან თითოეული ადამიანის უფლება/ინტერესი ყოველთვის ვერ იქნება უზრუნველყოფილი 100%–ით. თითოეული ადამიანის თავისუფლების ზღვარი ერთისმხრივ სხვა ინდივიდის თავისუფლებაზე გადის, მეორესმხრივ კი საზოგადოებაში ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობაზე და ამ შესაძლებლობით განპირობებულ საზოგადოებრივ ინტერესებზე. დემოკრატიული სახელმწიფო ემსახურება თითოეული ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების და ამათგან ნაწარმოები უფლებების (მაგ. თვითრეალიზაცია) დაცვის მიზანს, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული წყობის არსებობის შესანარჩუნებლად გარდაუვალია ამ უფლებათა გარკვეული შეზღუდვა. ამ შეზღუდვათა ზღვარს წარმოადგენს თვითონ დემოკრატიის არსებობა, ანუ ძირითად უფლებებში ჩარევის ინტენსივობა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ ამ უფლებების არსებობამ/დეკლარირებამ საერთოდ აზრი დაკარგოს და რომ თვითონ დემოკრატიის არსებობა დადგეს ეჭვქვეშ. ადამიანის უფლებებში ჩარევა მისაღებია მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის. უფლებათა შეზღუდვისა და საჯარო და კერძო ინტერესთა თანაფარდობის ფარგლებს განსაზღვრავს კონსტიტუციური ნორმები, ანუ ადგენს იმ მასშტაბს, რომლითაც დასაშვებია ადამიანის უფლებებში ჩარევა დემოკრატიული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს მოქალაქეები, დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვენეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია საჯარო და კერძო პირთა შორის უფლება–მოვალეობების პრეორიტეტების სწორი და სამართლიანი განაწილება და ხელისუფლებასა და ადამიანებს შორის ურთიერთობების გონივრული დაბალანსება. ამისთვის საჭიროა, თითოეული უფლების შინაარსი და შეზღუდვის ფარგლები დადგენილი იყოს კანონმდებლობით. ამ საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრება არ არის აბსოლუტური უფლება და მას მესაკუთრის ინტერესების დაკმაყოფილებასთან ერთად აქვს სოციალური ფუნქცია/დანიშნულება/დატვირთვა. საკუთრების ამოცანა, მნიშვნელობა, როლი, ადგილი გულისხმობს ადამიანებისთვის სარგებლობის მოტანას, მისი სოციალური ფუნქცია ვერ იქნება უგულებელყოფილი სამართლის მიერ, შესაბამისად სამართლებრივი სახელმწიფო მოითხოვს კერძო საკუთრების დაცვას და ამავდროულად– მისი შეზღუდვის შესაძლებლობას საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლიც უშვებს საკუთრების უფლების შეზღუდვას ან საკუთრების ჩამორთმევას საჯარო აუცილებლობის შემთხვევაში. კანონმდებელი დგას კერძო მესაკუთიესა და საზოგადოების ინტერესების დაბალანსების ამოცანის წინაშე. ერთისმხრივ, არ შეიძლება საკუთრების საზოგადოებრივი მნიშვნელობის უგულებელყოფა, მეორესმხრივ კი დაუშვებელია კერძო მესაკუთრის ინტერესების ზედმეტად შეზღუდვის გამართლებაც. კონსტიტუცია კანონმდებელს აძლევს ნებას, განსაზღვროს კერძო პირის საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები, მაგრამ კანონმდებლის განსაზღვრება არ უნდა გასცდეს კონსტიტუციური პრინციპებით დადგენილ კრიტერიუმებს/მასშტაბს. კანონმდებელმა კერძო პირის საკუთრების შეზღუდვა უნდა დაუშვას მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება იქნება არამარტო საკუთრების შეზღუდვის საფუძველი, არამედ ამ შეზღუდვის ზღვარიც. დაუშვებელია იმაზე მკაცრი შეზღუდვის დაწესება, ვიდრე ამას კონკრეტული საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს. ეს არის თანაზომიერების პრინციპი, ანუ უფლების შეზღუდვის ხარისხი არ უნდა აღემატებოდეს იმ საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც წესდება ეს შეზღუდვა. ასევე ყოველი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს ან რომელიც ემსახურება ამ პრინციპების დაცვას. რწმენის თავისუფლება წარმოადგენს თითოეული ადამიანის უფლებას, ანუ საზოგადოების ყველა და ყოველ წევრს უნდა ჰქონდეს რწმენის თავისუფლება. რადგან რწმენა/რელიგია მრავალნაირი არსებობს და ყოველ ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლება, საზოგადოებაში აუცილებლად იარსებებს ერთზე მეტი სახის რწმენა/რელიგია, შესაბამისად რწმენის თავისუფლება გულისხმობს სხვადასხვა რწმენის/რელიგიის მიმდევართა მშვიდობიან და ჰარმონიულ თანაცხოვრებას. ამასთან ზოგიერთი რწმენა/რელიგია შეიძლება, მოითხოვდეს მისი მიმდევრებისგან რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოქცევას ამ რწმენაზე ნებისმიერი საშუალებით. რადგან დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი ვერ იქნება მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული რწმენის მიმდევარი და ამის მიუხედავად საზოგადოების ყოველ წევრს აქვს უფლება, მისდიოს თავისთვის სასურველ რწმენას/რელიგიას, რელიგიის/რწმენის თავისუფლება შეიზღუდება იმ ნაწილში, სადაც ის მოითხოვს მიმდევრებისგან ნებისმიერი საშუალებით ადამიანების ამ რწმენაზე მოქცევას, რადგან რწმენის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ არავინაა ვალდებული ვინმეს სურვილის გამო, შეცვალოს თავისი რწმენა და არავის აქვს უფლება, ვინმე დაავალდებულოს ან აიძულოს რწმენის შეცვლას. შესაბამისად ყოველი რწმენის მიმდევარი ვალდებულია, თავისი რწმენის თავისუფლება შეზღუდოს სხვა სუბიექტის რწმენის თავისუფლებით. რწმენაზე საუბრისას არ შემიძლია, არ მოვიყვანო 2015 წლის იანვარში ფრანგულ გამოცემა “შარლ ებდოში” მომხდარი ტერაქტის შედეგად განახლებული დებატები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მთელს მსოფლიოში ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ უნდა აიკრძალოს ადამიანთა რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფა, რითაც, რასაკვირველია, შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა საბუთდება ერთისმხრივ იმით, რომ თავისუფლება მოიცავს რელიგიურ გრძნობათა შეურაცყოფისგან დაცვის უფლებასაც და რელიგიის თავისუფლად, დევნისა და შეურაწყოფის გარეშე, მიმდევრობის უფლებასაც, მეორესმხრივ კი იმით, რომ რელიგიური გრძნობების შეურაწმყოფელი განცხადებათა გაკეთებამ არ გამოიწვიოს ექსტრემისტთა პროვოცირება, თავიდან აცილებულ იქნეს შარლ ებდოში მომხდარის მსგავსი თავდასხმები და გადარჩენილ იქნეს ადამიანთა სიცოცხლე. ორივე ამ არგუმენტს კონტრარგუმენტი შეესაბამება. პირველ რიგში, თუ ჩვენ ვაღიარებთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასა და ასევე რწმენის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაშინ უნდა ვაღიაროთ რელიგიების საწინააღმდეგო დამოკიდებულებათა გამოხატვის თავისუფლებაც. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ რელიგიურ გრძნობათა დაცვის მიზნით შესაძლოა, შორს წაგვიყვანოს, რადგან ის, თუ როგორი ტიპის განცხადება იქნება შეურაწმყოფელი რომელიმე კონკრეტული რელიგიის კონკრეტული წარმომადგენლისთვის, შესაძლოა განსხვავდებოდეს: რასაც ერთი ადამიანი ვერცკი შეამჩნევს, მეორე ადამიანის მიერ შეიძლება, უმძიმეს რელიგიურ შეურაწყოფად იყოს აღქმული. რელიგიურ და სხვა ნებისმიერ გრძნობათა შეურაწყოფისგან დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოსდევს ადამიანთა მგრძნობიარობის გაზრდა ნებისმიერი შეურაწყოფის მსგავსი განცხადებისადმი. ადამიანებს ყოველი განცხადების უკან შეურაწყოფა ელანდებათ. ეს კი უფროდაუფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რამაც შესაძლოა, მიგვიყვანოს ცენზურის გაძლიერებამდე და სხვა საშიშ შედეგებამდე. რაც შეეხება ექსტრემისტთა პროვოცირების თავიდან აცილების მიზანს, ექსტრემისტი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან ტერორის დასაწყებად საბაბს, რის მაგალითადაც შეგვიძლია აშშ–ში, ქ. ბოსტონში, 2013 წელს მომხდარი ტერაქტი მოვიყვანოთ, რომელსაც არავითარი მაპროვოცირებელი და ისლამის მიმდევართა რელიგიური გრძნობების შეურაწმყოფელი განცხადება არ უძღოდა წინ. ამიტომ სრულიად სამართლიანად და მისაღებად მიმაჩნია საქართველოში დამკვიდრებული აშშ–ს მსგავსი გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც კანონით დაუსჯადია ნებისმიერი, თუნდაც შეურაწყოფის შემცველი განცხადება, თუკი ის არ შეიცავს ძალადობის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ პირდაპირ მოწოდებას და ამგვარი ძალადობის პირდაპირ გამომწვევს. ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ერთერთი ისეთი უფლებაა, რომლის შინაარსისა და სავარაუდო შეზღუდვის დასაშვები ხარისხის დადგენისას ხელისუფლება დგება დემოკრატიული და პოლიციური სახელმწიფოს ზღვარზე. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა თავად კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამასთან კონკრეტულადაა დადგენილი სახელმწიფოს მიერ ამ უფლებაში ჩარევის დასაშვები ფარგლები. ზოგადად ადამიანებზე ფარული დაკვირვება დამახასიათებელია პოლიციური სახელმწიფოებისთვის. მაგრამ კონსტიტუციური წყობის, საჯარო წესრიგის, ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანის უფლებების ეფექტურ დაცვას, დემოკრატიული სახელმწიფოს ვალია. დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიიღოს შესაძლო ზომები იმგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც მასობრივად საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლებისა თუ საკუთრების უფლებებს. ამგვარი საფრთხეების შესახებ დროულად ინფორმაციის მისაღებად და მათთან საბრძოლველად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საშუალება, ფარულად დააკვირდეს პირებს, რომელთაგანაც მოსალოდნელია ზემოთაღწერილი საფრთხე. ასეთ შემთხვევებში სწორედ ფარული დაკვირვება უწყობს ხელს სახელმწიფოს სტაბილურობისა და ადამიანის უფლებებისთვის არსებული საფრთხის შესახებ სახელმწიფოს ინფორმირებას, რადგან თუ საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულში ეჭვმიტანილს ეცოდინება მასზე დაკვირვების შესახებ, ის გადადებს თავის გეგმას ან მიიღებს ზომებს, რათა მასზე დამკვირვებელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ შეიტყონ მისი დანაშაულებრივი საქმიანობის/გეგმების შესახებ. თუმცა სახელმწიფოს არ აქვს უფლება, მოსალოდნელი საფრთხის პრევენციის მოტივით მიიღოს ნებისმიერი ზომები, რომლებსაც ის ადეკვატურად და საჭიროდ მიიჩნევს. ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის სწორედ ფარული ხასიათის გამო ჩნდება სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანებზე ფარული დაკვირვების უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობისა და გადამეტების რისკი.   ამგვარმა გადამეტებამ კი შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს დემოკრატიულობას, სახალხო სუვერენიტეტს, სახელმწიფო ლეგიტიმაციის (ანუ სახელმწიფოს არსებობის მიზანსა და მიზეზს) წყაროს, კერძოდ კი– სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვას. ფარული დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაკვირვების ობიექტებსა და მათს ახლობლებზე გავლენის მოხდენის საშუალებაა. რადგან დაკვირვება ფარულად ხორციელდება, რთულდება სახელმწიფოში დაკვირვების ობიექტთა რაოდენობისა და ინტენსივობის გარედან (სახელისუფლებო სტრუქტურებში არამომუშავე პირთა მიერ) დადგენა და სახელმწიფო სტრუქტურების მხილება უფლებამოსილების გადამეტებაში. შესაბამისად ხშირად არსებობს სახელმწიფოს მიერ დასაკვირვებელ ობიექტთა რაოდენობისა და დაკვირვების ინტენსივობის მოსალოდნელი საფრთხის არაპროპორციულად გაზრდის საშიშროება. შესაბამისად სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს აყენებს ფარული დაკვირვების რისკის ქვეშ, არ უნდა სარგებლობდეს შეუზღუდავი უფლებამოსილებით და მის მიერ უფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა კანონმდებლობით ადამიანები უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან ან მისი გადამეტებისგან დაცვის ეფექტური მექანიზმებით. მართალია, უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, მაგრამ დაუშვებელია ერთი ინტერესის დაცვის მიზნით სხვა ინტერესის ხელყოფა. ეს სწორედ იმ პარადოქსიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც ლოკისეული 3 ძირითადი ბუნებრივი უფლება არსებობს მხოლოდ ერთდროულად და ამავე დროს– ერთმანეთის ხარჯზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი როგორც ინდივიდის უფლებათა დაცვა, ისე კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა. საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის პოვნაში დიდი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსაც. მან თითოეული ნორმის შინაარსისა და ფარგლების განმარტებისას ზუსტად უნდა შეძლოს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე ინტერესთა ბალანსის/თანასწორობის დადგენა, უზრუნველყოფა, დაცვა.

განვიხილოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი იმის დასანახად, თუ როგორი დილემის წინაშე დგას სახელმწიფო საჯარო და კერძო ინტერესთა ჰარმონიზაციის მისაღწევად. თუ რომელიმე პირის საკუთრებასა და დანიშნულებისამებრ სარგებლობაში იმყოფება სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისი ადგილმდებარეობის გამო ყველაზე მოხერხებულია ნავთობსადენის გაყვანა. ნავთობსადენის გაყვანა წარმოადგენს საჯარო ინტერესს, რადგან მისი არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას: გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები ნავთობსადენის მომსახურე პერსონალისა და სხვათა სახით,;გაიაფდება ნავთობპროდუქტები/საწვავი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს განვითარებას; გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი თანხის შევლვას, რაც სახელმწიფოს მისცემს უფრო მეტი სოციალური თუ თავდაცვითი პროექტის განხორციელების საშუალებას და ა.შ. ეს საჯარო ინტერესი უპირატესია ერთი ან რამდენიმე პირის კერძო ინტერესთან შედარებით, თავისუფლად და შეუზღუდავად ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით, ამიტომ სახელმწიფოს შეუძლია ნავთობსადენის გასაყვანად საჭირო მიწის მესაკუთრეთა ამ ნაკვეთზე/ნაკვეთებზე საკუთრების უფლებაში ჩარევა. თუმცა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რამდენად ინტენსიური ჩარევა კერძო პირთა საკუთრების უფლებაში იქნება ადეკვატური ამ საჯარო მიზნის მისაღწევად, საჭიროა საკუთრების ჩამორთმევა, თუ საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვაც იქნება საკმარისი. აუცილებელი იყო ამ მიწის მესაკუთრეთათვის/მესაკუთრისთვის მისი ნაკვეთის ჩამორთმევა წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურების გადახდით, თუ შესაძლებელი იყო ამ მიწის მესაკუთრეთათვის თავიანთი მიწისნაკვეთებითურთ ნავთობსადენის მშენებელ კომპანიაში მეწილეებად შესვლის დაკისრება იმ პირობით, რომ ნავთობსადენის მშენებელი კომპანია მათს საკუთრებას ნავთობსადენის გასაყვანად გამოიყენებდა, ისინი კი კომპანიის შემოსავლებიდან მიიღებდნენ მათ მიერ კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციის, ანუ მიწის ნაკვეთების, კომპანიის საწყის აქტივში წილის პროპორციულ წილს, დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ ინტერესთა დაბალანსების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. იგივე შეიძლება იტქვას ხუდონჰესისა და საყდრისის მაგალითებზე. ამ შემთხვევებში ერთისმხრივ არსებობს სახელმწიფო ინტერესი, რადგან ამ ობიექტებზე დიდი მოცულობის საწარმოთა ამოქმედება სახელმწიფოს დიდძალ შემოსავალს შემატებს საწარმოს მიერ გადახდილი გადასახადების სახით, წარმოქმნის მრავალ დამატებით სამუშაო ადგილს და მრავალ ადამიანს მისცემს დასაქმების საშუალებას, გამოიწვევს შესაბამის რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკის სტიმულირებას. მეორეს მხრივ არსებობს თემის ინტერესი, შეინარჩუნოს კულტურული გარემო, არ დაკარგოს წინაპართა საფლავები, არ დაატბორინოს ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ ფასეულობას, შეინარჩუნონ ძველი საბადოს ლანდშაფტი და გამოიყენონ საყდრისი ტურიზმის განსავითარებლად, საყდრისის უძველესი საბადოს სახით შეინარჩუნონ კიდევ ერთი დასაბუთება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული საზოგადოება ძველი პერიოდიდანვე არსებობდა, არ დაბინძურდეს გარემო და არ დაზიანდეს ადგილობრივი ეკოსისტემა. სწორედ სახელმწიფოზეა დამოკიდებული, როგორ დააბალანსებს ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესებს: ამჯობინებს საზოგადოების მოტხოვნათა უგულებელყოფას და ბევრი ფულის სწრაფად მიღებას მოკლევადიან პერიოდში, რაც გაგრძელდება საყდრისის საბადოში ოქროს მადნის ამოწურვამდე, თუ დაკმაყოფილდეს საყდრისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაქცევისგან მიღებული შედარებით მცირე, მაგრამ უფრო გრძელვადიანი შემოსავლით ან კიდევ ამჯობინებს რაჭაში დიდი ჰიდროელექტროსადგურის აგებით დიდი შემოსავლები მიიღოს, თუ შეინარჩუნოს რაჭის ბუნებრივი გარემო და უნიკალური ჯიშის ყურძენი, რომელსაც ჰესისთვის იმ კონკრეტული ტერიტორიის დატბორვით გადაშენების საფრთხე შეექმნება და ამით გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესი. დემოკრატიული სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება, რაც დადის ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვამდე. ტერორისტული აქტი ისეთი რამაა, რაც არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას/უშიშროებას, შესაბამისად სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ამგვარი ქმედებების დაგეგმვის შესახებ დროულად შეტყობისა და მათი აღკვეთის მიზნით. ამ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შესაძლოა, საჭირო გახდეს ტერორიზმში ეჭვმიტანილთაგან ინფორმაციის მოპოვება, რისთვისაც ეჭვმიტანილთა იძულება (მათ შორის წამებაც) ხდება ხოლმე საჭირო. ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამება იქნება ჩარევა ამ ჯგუფის პირთა  უფლებაში წამების აკრძალვაზე, რომლის დაცვაც წარმოადგენს ამ ჯგუფის პირთა კერძო ინტერესს. სახელმწიფო დგას დილემის წინაშე: დაიცვას ყოველი ადამიანის უფლება წამების აკრძალვაზე, უარი თქვას ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა წამებაზე ინფორმაციის მოპოვებისა თუ სხვა ნებისმიერი მიზნით და ამით მოისპოს ისეთი ფაქტის შესახებ შეტყობის შესაძლებლობა, რომელიც საზიანო იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, თუ საჯარო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტი მექანიზმის შესანარჩუნებლად დაუშვას ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამება, შეზღუდოს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა უფლება წამების აკრძალვაზე და დადგეს ამ შეზღუდვით ხელისუფლების მიერ ბოროტად სარგებლობის რისკის ქვეშ. ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ინფორმაციის მოპოვების მიზნით წამების დაშვების შემდეგ შესაძლოა, ხელისუფლებამ ზედმეტად ფართო შინაარსი მისცეს ტერმინებს “ტერორიზმი” და “ტერორიზმში ეჭვმიტანილი”, რის შედეგადაც გაუმართლებლად გაიზრდება წამების შესაძლო ობიექტთა რაოდენობა. შესაძლოა, დაიწყოს ტერორიზმში ყველა იმ ადამიანის დადანაშაულება, რომლებიც, მაგალითად, იყენებენ სიძულვილის ენას; შესაძლოა, თანდათან დაიშვას ტერორიზმის გარდა სხვა სერიოზულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი პირების წამებაც იმ მოტივით, რომ მათი შესაძლო დანაშაულებები/დანაშაულებრივი გეგმები ტერორიზმზე არანაკლებ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას. ყოველივე ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის წამების აკრძალვის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის წონასწორობის დარღვევა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად კერძო ინტერესების ზედმეტი შეზღუდვა საბოლოოდ იწვევს თვით საზოგადოებრივი ინტერესის შეზღუდვასაც. საჯარო ინტერესი ხომ კერძო პირთა ინტერესების ჯამია. თუ კერძო პირთა ინტერესები ძლიერ შეიზღუდა ამ პირთა ჯამის ინტერესების დასაცავად, თვით ამ პირთა ჯამის უფლებებიც იზარალებს.

დასკვნა

საბოლოო ჯამში კერძო და საჯარო ინტერესები გამომდინარეობს ჯონ ლოკის მიერ დასახელებული 3 ძირითადი და ბუნებრივი უფლებისგან, სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებათაგან. კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება კი გულისხმობს ამ 3 უფლების სამართლიანად განაწილებას განსხვავებული ინტერესთა მქონე პირთა და პირთა ჯგუფებს შორის. კერძო ინტერესი არის კონკრეტული პირის ინტერესი, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები, საჯარო ინტერესი კი არის სახელმწიფოს მოვალეობა, დაიცვას ყველა ყოველი და თითოეული ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება. თანამედროვე დროს, როცა ტექნიკური პროგრესის წყალობით შეიქმნა ხელისუფლების მიერ თავისი ხალხის შეუმჩნეველი/ფარული კონტროლის უამრავი საშუალება, (მაგ. ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინებების ფარული გაცნობა, ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენა მის მფლობელობაში არსებულ ელექტრონულ საშუალებებზე მონიტორინგით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობის ამსახველი ვიდეო/ფოტო დოკუმენტების დამუშავების შედეგად საუბრის შინაარსის დადგენა, თუნდაც მაღაზიებში გაყიდული საქონლის ელექტრონული აღრიცხვიით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობით სახელისუფლებო სტრუქტურებს შეუძლიათ იმის დადგენა, თუ რა წიგნებს ვკითხულობთ, როგორ კინოფილმებს ვუყურებთ, როგორ კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობთ და ამის საფუძველზე დაადგინონ ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები და სხვა) ძალზე გართულდა ხელისუფლების მხრიდან კონტროლისგან/თვალთვალისგან გაქცევა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა. ამასთან ძალზე გართულდა სახელმწიფოს მიერ ადამიანებზე წარმოებული ფარული დაკვირვების მასშტაბების დადგენაც და, შესაბამისად– ამ მასშტაბის შეზღუდვის მოთხოვნაც,, რადგან საზოგადოების ფართო წრეებისთვის ცნობილი არ არის, კონტროლისა და დაკვირვების რა ახალი მაღალტექნოლოგიური საშუალებები იქმნება. და ბოლოს ყოველ სახელმწიფოს აქვს ტენდენცია, ტერორისტული აქტების თავიდან აცილების საბაბით და საზოგადოებაში არსებულ შიშზე აპელირებით რაც შეიძლება, მეტადაგააძლიეროს მოქალაქეებზე თვალთვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები. ამ პროცესის მაგალითად გამოდგება აშშ, სადაც 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების შემდეგ სახელმწიფომ არნახულად გააფართოვა თვალთვალს დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა და თვალთვალის საშუალებები, ასევე გაამკაცრა და გააფართოვა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გასატარებელი კანონით დასაშვები ღონისძიებები ამგვარ ეჭვმიტანილთა წამების სამართლებრივ დონეზე დაშვების ჩათვლით, რაც ტერორიზმში ეჭვმიტანილთაგან ინფორმაციის მიღების მიზნებით უნდა შემოიფარგლოს. საზოგადოების შიშზე ამგვარი აპელირებისა და ზოგ შემთხვევაში ამ შიშის ხელოვნურად გაღვივების შედეგადაც სახელმწიფო კონტროლისა და ძალოვან სტრუქტურათა როლის ზედმეტად გაზრდამ შესაძლოა, სახელმწიფოში ავტორიტარულ ან სულაც ტოტალიტარულ რეჟიმამდე მიგვიყვანოს. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებამ მეტი სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, რათა ხელისუფლებამ საჯარო ინტერესთა დაცვის მოტივით არ გადააქციოს დემოკრატიული სახელმწიფო ტოტალიტარულად, ისევე როგორც კერძო ინტერესების დასაცავად სახელმწიფომ მთლიანად არ გაწიროს საჯარო ინტერესები და უმწეო ადამიანები ბედის ანაბარა არ მიატოვოს, ადამიანები გადარჩენისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად არ გაწიროს. ბოლოს კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ სწორედ ინტერესთა დაბალნნსებაზეა დამოკიდებული, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ თუ– ტოტარიტარულში, შესაბამისად ეს თემა არამხოლოდ იურისტებას და მეცნიერებს, არამედ– ქვეყნის მთელ მოსახლეობას უნდა აფიქრებდეს.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *