საერთაშორისო ურთიერთობები

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება (კონსტრუქტივიზმის მაგალითი)

8 May , 2015  

შესავალი 

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ავტონომიური რეგიონი ითხოვს დამოუკიდებლობის მიღებას.  რაც უფრო იზრდება მსგავსი ტერიტორიების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პრეცედენტი  და სახელმწიფოს გარეთ თვითგამორკვევის საკითხი რაც უფრო აქტუალური ხდება,  მით უფრო საშიშროების ქვეშ დგება სუვერენული სახელმწიფოების ხელშეუხებლობის საკითხი.

სახელმწიფოს გარეთ თვითგამორკვევის თემას ეხება კოსოვოს საკითხიც. საერთაშორისო საზოგადეობისათვის ათეული წლების განმავლობაში  არსებული თავსატეხის  ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა კოსოვოს გამოყოფა სერბეთისაგან და მისი დამოუკიდებლობის აღიარება.

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე საერთაშორისო საზოგადოებამ  განვლო გარკვეული გზა, რომელზეც  წააწყდა სხვადასხვა სახის  პრობლემას.  მათზე ფიქრის დროს კი,  შეეცვალა დამოკიდებულება გარკვეული ფასეულობებისადმი.

ამ რეფერატში მოკლედ არის მოყვანილი კოსოვოს ისტორია მის  ავტონომიურ რეგიონად გამოცხადებიდან დამოუკიდებლობამდე. მანამდე კი, მოცემულია კონსტრუქტივიზმის თეორიის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც ყურადღებას პროცესზე, აქტორების ურთიერთობასა და მუდმივ ცვლილებებზე ამახვილებს.

რეფერატის მესამე ნაწილში კოსოვოს შემთხვევის გამოყენებით ახსნილია  კონსტრუქტივიზმის თეორია.

 

კონსტრუქტივიზმი

კონსტრუქტივიზმი არის ახლო წარსულში, 90-იან წლებში ჩამოყალიბებული ყველაზე დინამიური თეორია. ამ თეორიის ყველაზე ცნობილი მომხრეები  არიან ალექსანდრე ვენდტი და  ნიკოლას ონაფი. ლიბერალიზმისა და რეალიზმისაგან განსხვავებით, (რომელთა წყარო ეკონომიკური და პოლიტიკური თეორიებია)  კონსტრუქტივიზმი პირდაპირ დაკავშირებულია სოციალურ თეორიასა და ეპისტემოლოგიასთან . შეიძლება ამის შედეგიცაა ის, რომ კონსტრუქტივიზმი წინასწარ არ განჭვრეტს მოვლენებს,  და არც რჩევებს იძლევა.

კონსტრუქტივიზმის  უკეთ გასაგებად შესაძლებელია გამოვიყენოთ ვენდტის ფრაზა: „People act toward objects, including each other, on the basis of the meaning those objects have for them”.

კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა ისაა, რომ ადამიანები ქმნიან იმ მსოფლიოს, რომელშიც ცხოვრობენ. თუმცა, შექმნის პროცესზე გავლენას ახდენს ისტორია და წარსული გამოცდილება. ხალხი და მათი ისტორია, სოციალური პროცესები მეტად საყურადღებოა ამ თეორიისათვის, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ ისინი  ახდენენ გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე.

ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომელსაც კონსტრუქტივიზმი ეხება,  არის იდენტობა.  რეალიზმისა და ლიბერალიზმისაგან განსხვავებით, კონსტრუქტივისტები ირწმუნებიან, რომ მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფოების ან სხვა აქტორების ინტერესების განსმაზღვრელია აქტორის იდენტობა. იდენტობა არ არის აპრიორი მოცემულობა, არამედ იგი ყალიბდება სოციალური პროცესების  ურთიერთობის შედეგად.  ქვეყნები, მათი ლიდერები და სხვა აქტორები თავად ანიჭებენ საკუთარ თავს გარკვეულ როლს და თავად ისახავენ მიზნებს.   საკუთარ თავში დასახული  მიზნები და ინტერესები კი ხორციელდება საგარეო პოლიტიკის სახით.

მეორე მნიშვნელოვანი რამ, რასაც  კონსტრუქტივისტები გამოყოფენ, არის ნორმები, თუმცა ისინი ამ ნორმებს სხვა თეორიის მომხრეებისგან  განსხვავებულად აღიქვამენ. მაგალითად,  ლიბერლიზმისათვის ნორმები არის იარაღი პრობლემის გადასაწყვეტად ან სიტუაციის დასარეგულირებლად. კონსტრუქტივისტების აზრით კი, ნორმები არამარტო აქტორის უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავენ, არამედ იმაზეც მიუთითებენ, თუ როგორია თავად აქტორი. მაგალითად, სუვერენიტეტი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში განსაზღვრავს, თუ ვინ არის ლეგიტიმური მოთამაშე.

ვინაიდან კონსტრუქტივისტები ნორმებს უყურებენ, როგორც  კანონების სახით მოცემულ  იდენტობის მახასიათებლებს, მათი შესრულება ან დარღვევა პირდაპირ მიუთითებს იდენტობის ცვლილებებზე, რაც ხშირად ხდება პოლიტიკური კურსის ცვლილების მიზეზი.

მესამე საკითხი, რომელსაც ეს თეორია გამოყოფს, არის ცვლილება. არსებული პოლიტიკური მდგომარეობა არ არის თავისთავად არსებული, არამედ იგი ჩამოყალიბდა აქტორების ამგვარი ურთიერთობის შედეგად.  სხვაგვარი ქცევის შემთხვევაში, შესაძლოა, სულ სხვა სურათი მიგვეღო.  ამავე დროს,  რთულია, განსაზღვრო,  როგორი იქნება მსოფლიო პოლიტიკა მომავალში, რადგან იგი გარკვეული პროცესების გამო მუდმივად იცვლება.

ამგვარად, კონსტრუქტივიზმი არის თეორია, რომელიც აღწერს მხოლოდ არსებულ რეალობას და არ საუბრობს მომავალ მსოფლიო პოლიტიკაზე, რადგან ყოველივე აქტორების იდენტობასა და  სოციალურ ინტერაქციაზე არის დამოკიდებული.  რეალიზმი და ლიბერალიზმი ამგვარად არ უყურებენ მსოფლიოს და შესაძლოა ზოგიერთი მოვლენის ახსნა გაუჭირდეთ.  ამის ერთ-ერთი მაგალითია, კოსოვოს შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს სუვერენიტეტი უმთავრესია, მსოფლიომ ადამიანის უფლებების დასაცავად დაუშვა რემედიული სესეციის შემთხვევა და დღეს საერთაშორისო სამართალში სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი და თვითგამორკვევისადმი  დამოკიდებულება წინა წლებთან შედარებით  შეიცვალა.

 

კოსოვოს დამოუკიდებლობა – განსაკუთრებული მოვლენა 

კოსოვო 1946 წლის კონსტიტუციით იუგოსლავიაში, სერბეთის რესპუბლიკის ავტონომიურ რეგიონად გამოცხადდა სერბეთის სამხრეთ ნაწილში. ამ რეგიონის ცალკე გამოყოფის მიზეზი  იყო ალბანელების დიდი პროცენტული რაოდენობა სერბებთან შედარებით. დროთა განმავლობაში კოსოვოს უჩნდებოდა პრეტენზია სერბეთისაგან გამოყოფაზე, მაგრამ სერბეთი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მას, ცდილობდა კვლავ მკაცრად გაეკონტროლებინა ეს რეგიონი, მაგრამ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფი დანარჩენი რესპუბლიკები მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

1990 წლის ორ ივლისს კოსოვოს პროვინციულმა ასამბლეამ  გამოსცა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, კოსოვო ითხოვდა სერბეთისაგან გამოყოფას და იუგოსლავიაში დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახით არსებობას. ეს მოთხოვნა ეფუძნებოდა „კოსოვოს დამოუკიდებელი ხალხის უფლებას თვითგამორკვევის უფლების ჩათვლით“.

დეკლარაციაზე პასუხად სერბეთმა გადაწყვიტა, დაეშლა კოსოვოს ასაბლეა. კოსოვოს ხელმძღვანელობა პროტესტის ნიშნად გადადგა, მაგრამ ასამბლეამ კვლავ განაგრძო ბრძოლა. 1991 წლის 18 ოქტომბერს კოსოვომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მიმართა ევროკავშირს მხარდაჭერისათვის, მაგრამ ამჯერად უარი მიიღო ამ ორგანიზაციისაგან, რადგან ევროკავშირი განიხილავდა მხოლოდ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების  საკითხს და არა ავტონომიურ რეგიონებს. ბადინტერის კომისიამ უარი განუცხადა კოსოვოს (თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  პიტერ რადანის შეფასებით, სწორედ ბადინტერის კომისიის ორაზროვანმა დასკვნებმა გაურკვეულწილად ხელი შეუწყო კოსოვოს გააქტიურებას). მაშინ, მხოლოდ ალბანეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ,  თანდათან გამწვავდა სიტუაცია რეგიონში. სერბ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ ალბანელები, 1998 წლიდან გააქტიურდა კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიაც. მდგომარეობა სერბებსა და ალბანელებს შორის იმდენად გამწვავდა, რომ ნატოს ჩარევაც კი გახდა საჭირო.  ამ დაპირისპირების შედეგად დიდი იყო მსხვერპლი, ორივე მხარე ერთმანეთს სდებდა ბრალს დანაშაულში. საბოლოოდ,  იუგოსლავიამ მოაწერა ხელი გაეროს მიერ მომზადებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, მართალია,  იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობა არ ირღვეოდა, მაგრამ  კოსოვო ფაქტობრივად გამოყოფილი იყო იუგოსლავიისაგან და გაეროს პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა.  კოსოვოში შევიდნენ დამკვირვებლები. ამ რეგიონში განსაკუთრებით მძიმე პირობებში იყვნენ უმცირესობის წარმომადგენელი სერებები, რადგან მასობრივად ირღვეოდა მათი უფლებები.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რამაც სერბეთის მხრიდან  წინააღმდეგობა გამოიწვია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა კითხვით, იყო თუ არა საერთაშორისო სამართლის დარღვევა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. სასამართლომ  მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორსიო სამართლთან არანაირი კავშირი  არ ჰქონდა მის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. სასამართლო არ შეხებია ისეთ საკითხს, როგორიცაა  თვითგამორკვევის თემა, ვინაიდან კითხვა, რომლითაც მიმართეს სასამრთლოს, ამ თემაზე საუბარს არ ითხოვდა.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, სერბეთ-ევროკავშირის რეზოლუცია გამოიცა გაეროს გენერალურ ასამბლეაში, რომელიც მოუწოდებდა კოსოვოსა და სერბეთს მოლაპარაკებებისაკენ. მოლაპარაკებების შედეგად, 2013  წლისათვის, ბრიუსელის შეთანხმებისას,  სერბეთმა  დაკარგა გავლენა კოსოვოზე. დღეს, უკვე 110-მა  სახელმწიფომ (გაეროს 108 წევრმა, ევროკავშირის  23-მა წევრმა და ნატოს 24-მა  წევრმა)  აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.

ამ კონფლიქტში სერბეთს მხარს უჭერდა რუსეთი და 2008 წელს,  კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,  რუსეთის ხელისუფლებამ არ დააყოვნა რეაქცია და საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დაიწყო ზრუნვა. ამის წინაპირობა კი,  2008 წლის აგვისტოს ომი იყო, რამაც საბაბი მისცა ჩრდილოელ მეზობელს თავის სასრგებლოდ გამოეყენებინა სიტუაცია.

ამგვარად, საერთაშორისო სამართალში  კოსოვო არის ერთ-ერთი იმ  გამონაკლისთაგან, როდესაც მშობელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე მოხდა დამოუკიდებლობის აღიარება.  რემედიული სესეციის , გარკვეულწილად, ცვლიან სახელმწიფოს სუვერენულობის აღქმას და  ამიერიდან უფრო მეტად დასაშვები ხდება ქვეყნის ავტონომიური ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება.

 

თეორიაზე მორგებული რეალობა

კოსოვოს შემთხვევის  კონსტრუქტივიზმის თეორიის ასახსნელად გამოყენება შეიძლება შემდეგი საკითხების გამო:

  • კოსოვოს გამოყოფა – სოციალური პროცესის შედეგი

სერბებისათვის მათი ცივილიზაციის აკვნად წოდებული კოსოვოს რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენდნენ ალბანელები.  ქრისტიან სერბებსა და მუსლიმ ალბანელებს ერთად ცხოვრება უწევდათ… ეთნიკურმა, რელიგიურმა თუ კულტურულმა ფაქტორებმა განაპირობა კოსოვოს რეგიონის მიერ გამოყოფის მოთხოვნა და დამოუკიდებლობის გამოცხადების სურვილი.

მსოფლიო მოწმე გახდა სისხლისმღვრელი სოციალური დაპირისპირებისა, ადამიანის უფლებათა დარღვევისა.  პრობლემის აღმოსაფხვრელად ჯერ ჰუმანიტარული ინტერვენცია, ხოლო შემდგომ კოსოვოს გამოყოფაზე ზრუნვა გახდა საჭირო.

  • ცვლილებები საერთაშორისო სამართალში

90-იან წლებში კოსოვოს მოთხოვნაზე მისი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ევროკავშირმა უარი განაცხადა, რადგან იმდროისათვის ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობაზე საერთაშორისო საზოგადოება საუბარს თავს არიდებდა. დღეისთვის კი ევროკავშირის 23 სახელმწიფომ აღიარა კოსოვოს სუვერენიტეტი.

აქედან ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს სუვერენიტეტი აღარ არის ისეთივე ხელუხლებელი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ან კოლონიების გათავისუფლების პერიოდში, როდესაც თვითგამორკვევის უფლება იყო შესაძლებელი მხოლოდ სახელმწიფოს საზღვრებში  (გამონაკლისი იყო კოლონიები). ბოლო წლებში ადამიანის უფლებები გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა  და მათ დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება გამონაკლისებსაც კი უშვებს. ასეთ გამონაკლისბს შორისაა კოსოვოს რემედიული სესეცია, პინოშეტის გასამართლება და სხვ.

აქვე უნდა აღინიშნოს ჰუმანიტარული ინტერვენცია. ეს  არის არგუმენტი იმისა, რომ ადამიანების უფლებები ერთ-ერთი უმაღლესი ფასეულობა გახდა  და იგი სუვერენიტეტზე მაღლა დგას.

ამგვარად, დროთა განმავლობაში გარკვეულმა პრობლემებმა და მათი გადაწყვეტის პროცესში  ღირებულებების „გადაფასებამ“  გამოიწვია საერთაშორისო სამართალსა და ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები. კონსტრუქტივიზმის მიხედვით კი,  სწორედ გარკვეული პროცესები, გამოცდილება და აქტორების იდენტობა განსაზღრავს მსოფლიო პოლიტიკას.

  • იდენტობის შეცვლა

ზემოთაღნიშნულმა ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს აქტორების მიერ საკუთარი  იდენტობის ცვლილებაზე. თუკი ბადინტერის კომისიისათვის უმთავრესი სახელმწიფოს სუვერენიტეტი იყო,  1998 წელს ნატომ უგულებელყო სუვერენიტეტის იდეა და მოახდინა ინტერვენცია. თუკი ადრე აქტორები მაქსიმალურად  თავს არიდებდნენ ქვეყნების შიდა პრობლემებში ჩარევას,  მოგვიანებით  უკვე სახელმწიფოები საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევენ  უკიდურეს შემთხვევაში გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.

  • პროცესის შედეგი

კოსოვოს მოვლენებთან გარკვეულწილად დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნისათვის მტკივნეული თემა-  რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  დამოუკიდებლობის აღიარება- არის სწორედ პროცესის შედეგი. 2008 წელს არაერთი ქვეყნის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად, რუსეთმა არ დააყოვნა, ისარგებლა ამ მომენტით და 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მსოფლიო პოლიტიკაში ამგვარად განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთს საშუალება მისცა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი და ასე  წარმოეჩინა თავისი თავი საერთაშორისო დონეზე.  მოვლენების სხვაგვარ განვითარებას, შესაძლოა, ჩვენთვის და  საერთაშორისო საზოგადოებისათვის განსხვავებული შედეგი მოეტანა.

 

დასკვნა

ამგვარად,  კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების თემა  შეიძლება გამოვიყენოთ კონსტრუქტივიზმის მაგალითად, რადგან 90-იანი წლებიდან დღემდე ამ ისტორიაზე დაკვირვებისას,  ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა აქტორების იდენტობა, მათი დამოკიდებულება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისადმი. მათი იდენტობის ცვლილებამ კი,  გამოიწვია მათი ქცევის შეცვლაც საერთაშორისო ასპარეზზე.  საერთაშორისო სამართალში ცვლილებებიც ასაბუთებს კონსტრუქტივისტების შეხედულებას იმის შესახებ, რომ ნორმები ქმნის წარმოდგენას აქტორის იდენტობის შესახებ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  შესაძლოა,  წარმოუდგენელი იყო მშობელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გამოყოფა,  დღეისთვის კი მსგავსი შემთხვევები გვაქვს. დღევანდელი გადმოსახედიდან  რთულია, წარმოვიდგინოთ, რა იქნება მომავალში, რადგან ყოველივე მომავალის პროცესებსა და აქტორების ქცევებზეა დამოკიდებული.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Peter Radan “The Break-up of Yugoslavia and International Law”

http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/02/17/AR2008021700176.html

Richard Devetak, Anthony Burke, Jim George “An Introduction to International Relations. Australian Perpectives”. Cambridge University Press,2007.  p.97-101

Richard Devetak, Anthony Burke, Jim George “An Introduction to International Relations” Cambridge University Press, 2011. p.103-113

ავტორი: მარიამ ჩახაია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *