ისტორია,საერთაშორისო ურთიერთობები

რუსეთ-იაპონიის პირველი ომი რეალიზმის ჭრილში

10 May , 2015  

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, როგორც რეალობის გამარტივებული მოდელი

თუ გადავხედავთ საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებისა და განვითარების ისტორიას, აუცილებლად დავინახავთ კონკრეტულ ტენდენციებსა და ციკლურობას, რომელიც გარკვეულწილად ახასიათებს ამ საკმაოდ კომპლექსურ პროცესებს. შესაძლოა, ისიც მოგვეჩვენოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვას საფუძვლად რეალურად ერთი სცენარი უდევს, უბრალოდ განსხვავებულად ინტერპრეტირებულია ამა თუ იმ დროსა თუ სიტუაციაში.მოვლენების ამგვარი ‘’განმეორებადობა’’, ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირება დღეს, ისევე როგორც, თუნდაც, ორასი წლის წინ, ხდება ადამიანების მიერ, დავარქმევთ ჩვენ მათ ინდივიდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფოს.

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ურთიერთობებს თუ ზემოქმედებენ მათზე, უცვლელნი რჩებიან დროის გასვლის მიუხედავად და განაპირობენ ჩვენს რეალობას. თუმცა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რომ ამ რეალობის მრავალი განსხვავებული აღქმა და ხედვა არსებობს, რაც, თავის მხრივ, ხსნის საერთაშორისო ურთიერთობათა დღესდღეობით გავრცელებული უამრავი თეორიის არსებობას. გასაკვირი არ არის, რომ ყველა ამ ‘’რეალობის გამარტივებულ მოდელს“ აქვს საკუთარი მსოფლმხედველობა, პოზიცია და, რაც აღსანიშნავია, ჩვენ მიერ უკვე ზემოთ ხსენებული ფაქტორების ბუნების ინდივიდუალური ხედვა და ახსნა/განმარტება. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიათა რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, დღესდღეობით მოწინავე პოზიციები მაინც სამ ძირითადს უკავია (დანარჩენები კი, ჩემი აზრით, ამ სამის ნაზავს წარმოადგენენ), ესენია: ლიბერალიზმი, კონსტრუქტივიზმი და რეალიზმი. ჩემს ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებ სწორედ ამ უკანასკნელზე.

რეალიზმი – უნივერსალური თეორია?

ჩემი აზრით, რეალიზმი არის ის თეორია,რომელიც ყველაზე უკეთ (რეალობასთან მიახლოებით) ხსნის საერთაშორისო ურთიერთობების რთულ მექანიზმს. სწორედ ამგვარმა მოსაზრებამ განაპირობა ჩემი არჩევანი. ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ეს თეორია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია (უმეტესად ნეორეალიზმის სახით), მეტყველებს მის სიცოცხლისუნარიანობასა და ვალიდურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზმის „განშტოებები“ რაღაც დეტალებს განსხვავებულად განმარტავენ (მაგ. კლასიკური რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის ასახსნელად ადამიანის ბუნებას იშველიებს, ხოლო ნეორეალიზმი კი – საერთაშორისო ურთიერთობათა ბუნებრივად ანარქიულ სტრუქტურას და ა.შ.), რეალიზმის საერთო შინაარსობრივი ჩარჩო საკმაოდ მკაფიო და კონრეტულია. ჩემი მოსაზრებით, სწორედ ეს არის ის თეორია, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული რეალობას (სხვა თეორიებთან შედარებით). სწორედ ამის ჩვენება და, შეძლებისდაგვარად, დასაბუთება, წარმოადგენს ჩემი ნაშრომის ძირითად მიზანს, რისთვისაც გამოვიყენებ რუსეთის იმპერიისა და იაპონიის იმპერიის პირველი ომის ქეისს.

ვფიქრობ, რომ ეს ომი წარმოადგენს ერთ-ერთ  რიგით ცხად მაგალითს იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მუშაობის მექანიზმი ყველაზე მეტად შეესაბამება სამყაროს რეალისტურ ხედვას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვამტკიცებ რეალიზმის თეორიის უნივერსალურობას, არამედ მიმაჩნია, რომ არ არსებობს თეორია, რომელიც სრულყოფილად ახსნიდა და განმარტავდა სამყაროს რეალურ სურათსა თუ ურთიერთობას საერთაშორისო მოთამაშეებს შორის. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენთვის საინტერესო კონფლიქტზე, რომელიც მოყვანილია უკვე ხსენებული მიზნის საილუსტრაციოდ, თუმცა მანამდე ორიოდე სიტყვით აღვწერ ჩემი ნაშრომის სტრუქტურას:

  1. შესავალი და ნაშრომის ძირითადი მიზნის დასახელება
  2. აღნიშნული ქეისის ისტორიული მიმოხილვა
  3. რეალიზმის თვალით დანახული საერთაშორისო ურთიერთობების სურათის წარდგენა
  4. თეორიისა და რეალობის შესაბამისობის დადგენა ქეისის ანალიზის საფუძველზე
  5. დასკვნა

 

რუსეთისა და იაპონიის პირველი ომი

(8 თებერვალი, 1904 – 5 სექტემბერი, 1905)

აღსანიშნავია, რომ ამ ომს უწოდებენ ‘’პირველ დიდ ომს მე-20 საუკუნეში“ და მრავალი ისტორიკოსის აზრით, მან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსსა და საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. ეს იყო კონფლიქტი  რუსეთის იმპერიასა და იაპონიის იმპერიას შორის გავლენის სფეროების განაწილების გამო, კერძოდ კი, შეეხებოდა კორეისა და მანჯურიის ტერიტორიებს.

 

ომამდელი მდგომარეობა

მეიჯის რესტავრაციის (1868 წ.) შემდეგ გაძლიერებულმა და ‘’განახლებულმა’’ იაპონიამ აიღო პროდასავლური გეზი და მიზნად დაისახა, მალევე შესულიყო „მსოფლიო ძალთა“ რიგებში და დაემტკიცებინა დასავლეთისთვის, რომ იყო ძლიერი, ინდუსტრიალური, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა მას ძლიერებაში. ამავდროულად, რუსეთის იმპერიაც ცდილობდა, გაემყარებინა საკუთარი ზეგავლენა შორეული აღმოსავლეთის რეგიონზე. ამ გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო ე.წ. ‘’ტრანს-ციმბირული სარკინიგზო მაგისტრალის“ შენება, რომელიც დაუკავშირებდა მოსკოვს ვლადივოსტოკს და ასევე გაივლიდა ისეთ ტერიტორიებზე, როგორებიცაა დღევანდელი ჩრდილოეთ კორეა და მანჯურია (ჩინეთის ნაწილი). რუსეთის ამგვარი აქტიურობა აშინებდა იაპონიას, ვინაიდან ორი ქვეყნის ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს კორეის იმპერიაში, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდისთვის მანჯურიაში დაფუძნებულ პორტ არტურში იმყოფებოდა რუსეთის ე.წ. „ წყნარი ოკეანეს ფლოტი“ (ამავდროულად მახლობლად იმყოფებოდნენ გერმანული ძალებიც, რომელთაც დააფუძნეს ქ. ცინტაოში „გერმანიის აღმოსავლეთაზიური ესკადრონი“). მალევე რუსეთმა დაიწყო მორიგი რკინიგზის მშენებლობა (ჩრდ. ჩინეთიდან პორტ არტურამდე), ასევე დაიწყო მცირე „შეტევები“ კორეის ტერიტორიაზე და 1898 შეისყიდა იქ კონკრეტული ტერიტორიები. ეს იყო „ნიშანი“ იაპონიისთვის, რომელმაც არჩია შეტევა მანამ, სანამ რუსეთის იმპერია დაასრულებდა რკინიგზის მშენებლობას. 1900 წლისთვის რუსეთმა და იაპონიამ, როგორც რვა ქვეყნის კავშირის (რომელშიც ასევე შედიოდნენ ევროპული ქვეყნებიც) წარმომადგენლებმა, გაგზავნეს ჯარები პეკინში იქ აღმოცენებული აჯანყების დასახშობად. ამ პერიოდში რუსეთმა ასევე გაგზავნა მანჯურიაში 177,000 ჯარისკაცი, რათა „დაეცვა საკუთარი სარკინიგზო ხაზი მშენებლობის პერიოდში არსებული კრიზისის დროს“ და უზრუნველეყო მშვიდობა ამ ტერიტორიებზე, თუმცა აჯანყების ჩახშობის მერე მან არათუ გაიყვანა ჯარი (რის გარანტიებს ადრე იძლეოდა), არამედ კიდევ უფრო გააძლიერა იქ კონტროლი.

იაპონია ფრთხილობდა, მას ეშინოდა გაძლიერებული რუსეთის და, თავის დასაზღვევად, დადო ზავი ინგლისთან, რაც ორივეს ინტერესებში შედიოდა (ასევე ინგლისი იმუქრებოდა კონფლიქტში ჩარევით იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე სხვა მხარე დაუჭერდა მხარს რუსეთს იაპონიასთან კონფლიქტში, რაც არ აწყობდა ევროპულ ქვეყნებს). შედეგად, იაპონიამ მოიპოვა საკუთარი უსაფრთხოების მეტი გარანტია, ხოლო ინგლისმა „დაუკარგა სურვილი“ ევროპულ ქვეყნებს, გამხდარიყვნენ რუსეთის მოკავშირეები. 1903 წლის ივლისში იაპონიამ შესთავაზა რუსეთს ზავი, რომელშიც ჩვენთვის საინტერესოა შემდეგი: ორივე მხარე აღიარებდა იაპონიის ინტერესებს კორეაში და რუსეთის – მანჯურიაში, კერძოდ კი, არც ერთი მხარე არ შეუშლიდა მეორეს ხელს ინდუსტრიულსა თუ კომერციულ საქმიანობაში ამ ტერიტორიებზე ისევე, როგორც, საჭიროების შემთხვევაში, ამ ტერიტორიებზე ჯარების შეყვანაში. რუსეთმა უარი თქვა ამგვარ შეთანხმებაზე და შესთავაზა საკუთარი, რომლის მიხედვითაც იაპონიას მხოლოდ აუცილებელი მისიის შემთხვევაში შეეძლო დროებით შეეყვანა ჯარი კორეის ტერიტორიაზე (რუსეთის საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ) 39-ე პარალელის ქვემოთ, მის ზემოთ არსებული ტერიტორია კი ბუფერულ ზონად იქცეოდა, ასევე იაპონიას უარი უნდა ეთქვა ნებისმიერ ინტერესზე მანჯურიაში და ა.შ. საბოლოოდ იაპონიამ შესთავაზა რუსეთს ასე თუ ისე თანაბარი პირობები, რომლებითაც აღიარებდა მანჯურიას რუსეთის გავლენის სფეროდ, ხოლო კორეა მისი გავლენის სფერო უნდა გამხდარიყო. თუმცა რუსეთის იმპერიამ არ გასცა არანაირი პასუხი, რის შედეგადაც იაპონიამ შეწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. 1904 წლის 8 თებერვალს იაპონიამ გამოაცხადა ომი და შეუტია რუსეთის პორტ არტურს.

ომის დაწყება

ამ ომში იაპონიის სტრატეგია უმეტესად შეტევა იყო, ხოლო რუსეთი თავდაპირველად ელოდებოდა საკუთარი ფლოტის გადმოსროლას შორეულ აღმოსავლეთში. მალევე იაპონიამ მოახდინა კორეის ოკუპაცია და გეზი აიღო მანჯურიაზე. ამ პერიოდისთვის საკმაოდ ძლიერი იყო ბრიტანულ-იაპონური თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც, თავის მხრივ, გერმანია ეხმარებოდა (ეს ფაქტი არ მოსწონდა ინგლისს, რადგან მას შეეძლო შეეცვალა ძალთა ბალანსი ევროპაში).

აღსანიშნავია,  მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი იყო იაპონიის მოკავშირე, ის არ იღებდა მონაწილეობას მბრძოლებში, როდესაც სხვა ქვეყნები პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. მაგალითად, ყვითელი ზღვის ცნობილი ბრძოლის დროს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი გემი იყო აშენებული ამერიკელების მიერ. ასევე რუსეთს აფინანსებდა გერმანია (რომელმაც ასესხა 500 მლნ მარკა) და  საფრანგეთიც ( 800 მლნ ფრანკი). რაც შეეხება იაპონიას, ომის ხარჯების დიდი წილი მან დაფარა ინგლისისგან და აშშ-სგან მიღებული თანხებით. ზოგადად, ასეთი მასშტაბური ომისთვის საჭირო იყო ძალიან დიდი რაოდენობის აღჭურვილობა, იარაღი და სხვა ტიპის პროდუქცია, რომლებსაც მხარეებს აწვდიდნენ უცხოური ქვეყნები.

ომის დასასრულისთვის იაპონიამ დაამყარა დიდ ტერიტორიაზე კონტროლი და გაიმარჯვა. ორ მხარეს შორის დაიდო „პორტსმუთის სამშვიდობო ზავი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთს უნდა დაეტოვებინა მანჯურია და ეღიარებინა კორეა, როგორც იაპონიის გავლენის სფერო. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ითავა აშშ-ს პრეზიდენტმა, თეოდორ რუზველტმა, რომელმაც დაუჭირა მხარი რუსეთის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა იაპონიისთვის კომპენაციის გადახდაზე. ამან გაუჩინა იაპონელებს ეჭვი, რომ ამერიკას, კონფლიქტის მოგვარების გარდა, თავისი კონკრეტული ინტერესებიც ჰქონდა შორეულ აღმოსავლეთში.

ომის შედეგები

რუსეთი დასუსტდა, როგორც საერთაშორისო ძალა, მისი ავტორიტეტი დაეცა, ხოლო იაპონიის შემთხვევაში საპირისპირო მოხდა. მან გააგრძელა ძალის მოკრება საკუთარი გაზრდილი ამბიციების რეალიზებისთვის, რამაც საბოლოოდ მიიყვანა მეორე სინო-იაპონურ და მეორე მსოფლიო ომებამდე. ბევრი მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ ეს ომი გახდა იაპონური მილიტარიზმის დასაწყისი. თუმცა ამ კონფლიქტმა მოახდინა ზეგავლენა არა მხოლოდ რუსეთსა და იაპონიაზე, არამედ, ზოგადად, მსოფლიო ძალთა ბალანსზე და  გავლენა იქონია ზოგიერთი ქვეყნის კონკრეტულ სამომავლო სტრატეგიებსა თუ მოქმედების გეგმებზე რეგიონთან მიმართებაში. მაგალითად, ბრიტანეთმა გააძლიერა კონტროლი აღმოსავლეთში და დააარსა დამატებითი სტრატეგიული პუნქტები სინგაპურში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, ჰონგ-კონგში და ა.შ.

საერთაშორისო ურთიერთობები რეალიზმის მიხედვით

ახლა კი გადავიდეთ რეფერატის შემდეგ ნაწილზე, რომლის მიზანია რეალიზმის თვალით დანახული საერთაშორისო ურთიერთობების ილუსტრირება. ამისთვის შეძლებისდაგვარად მკაფიოდ უნდა წარმოვადგინოთ რეალიზმის პოზიცია კონკრეტულ ფაქტორებთან მიმართებაში. ესენია:

მოთამაშეები არიან სახელმწიფოები

მიზანი არის თვითგადარჩენა

აქტორების ტიპიური ქცევა  1.თავდასხმითი რეალიზმის მიხედვით  არის ძალაუფლების გაზრდა მსოფლიო ძალთა შორის დომინირების მოსაპოვებლად.

  1. თავდაცვითი რეალიზმის მიხედვით ეს არის ე.წ. „თვითდახმარება“, როდესაც სახელმწიფო იძულებულია თვითონ იზრუნოს საკუთარ უსაფთხოებაზე ძალის მოპოვების გზით, ვინაიდან საერთაშორისო სისტემა ანარქიულია და „ყველა ყველას წინააღმდეგაა“.

მოთამაშეები მოქმედებენ რაციონალურად, ხანმოკლე თანამშრომლობა ხდება მხოლოდ ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად ისევ საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა და არსებობა მართლდება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ირეკლავენ ძლიერი სახელმწიფოების პრეფერენციებსა და ინტერესებს.

საერთაშორისო სტრუქტურა ანარქიულია და კონფლიქტური, სადაც დომინირებს ძალაუფლება. არ არსებობს ერთი ცენტრალური ფორმალური ავტორიტეტი.

საერთაშორისო ურთიერთობათა დახასიათება  ხდება ისეთი სიტყვების მეშვეობით, როგორებიცაა დაპირისპირება და ომი. მხოლოდ ხანმოკლე მშვიდობაა შესაძლებელი ახალი კონფლიქტისთვის მომზადებისას (კლას. რეალიზმი).

ინტერესები განისაზღვრება ძალაუფლების ფაქტორის გათვალისწინებით.

საშინაო პოლიტიკას არ აქვს გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებით დამყარებულ შედეგებზე, რადგან სახელმწიფოები არიან უნიტარული აქტორები და სახელმწიფო უტოლდება პოზიციას, რომელიც მას უჭირავს საერთაშორისო არენაზე.

საბოლოო შედეგი  არის ნულოვანი (ერთი მოთამაშე იგებს მეორის წაგების ხარჯზე).

განმსაზღვრელი ფაქტორები  არის საკუთარი უსაფრთხოება და სამხედრო ძლიერება. ეკონომიკური ფაქტორი არ ფიგურირებს ან მინიმალურია/მეორეხარისხოვანია.

განვითარება  სტატიკურია, არაა მოსალოდნელი რაიმე დინამიკური ცვლილება „უკეთესობისკენ“.

სამყაროს ხედვა  ნეგატიურია.

დამოკიდებულება მომავლისადმი საკმაოდ პესიმისტურია, ვინაიდან სამყაროში დომინირებს ომი, დაპირისპირება და შიში.

მორალური პრინციპები  არარელევანტური და უმნიშვნელოა.

ძალის გამოყენება გამართლებულია ყველა შემთხვევაში, როდესაც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

 

თეორიის რეალობასთან შესაბამისობა (ქეისის ანალიზი)

მოთამაშეები – სახელმწიფოები: იაპონია და რუსეთი, ასევე გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, აშშ.

მიზანი  – გადარჩენა: იაპონიასაც და რუსეთსაც სურთ ძალების მოკრება და საერთაშორისო სტრუქტურაში პოზიციების გამყარება, რაც, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში დაიყვანება არსებობის, თვითდამკვიდრების სურვილზე.

აქტორების ქცევა – ამ კონფლიქტში იაპონიისა და რუსეთის ქმედებები, კერძოდ, ომის დაწყების მიზეზები, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც თავდაცვითი რეალიზმის მაგალითი, ისევე თავდასხმითისაც, ვინაიდან: ერთი მხრივ, შეგვიძლია დავინახოთ იაპონიის შეტევა რუსეთზე, როგორც თავდაცვითი მექანიზმის ამოქმედება მოსალოდნელი და რეალური საფრთხის წინაშე, მეორე მხრივ კი, უფრო მარტივად, აღვიქვათ, როგორც მოულოდნელი პირველი დარტყმის სტრატეგია მტრის გასანადგურებლად. ამ კონფლიქტში მხარეები ორიენტირებულები იყვნენ სწორედ ძალაუფლების მოპოვებაზე ნებისმიერი გზით (და არა ომის პრევენციაზე დიპლომატიური გზებით), რასაც ხაზს უსვამს ისიც, რომ რუსეთმა თავისი დუმილით იაპონიის მიერ შემოთავაზებული ზავის საპასუხოდ გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა, რაც, ჩემი აზრით, უტოლდებოდა პირდაპირ ნებაყოფლობით უარს რაიმე მოლაპარაკებებზე მაშინ, როდესაც ცხადი იყო, რა მოჰყვებოდა შედეგად ამგვარ ქცევას.

აქვე მინდა შევეხო აქტორების ე.წ. „თანამშრომლობის“ საკითხს, როდესაც 1900 წელს  „8 ქვეყნის კავშირმა“ შეიყვანა დამხმარე ჯარები პეკინში აჯანყების ჩასახშობად. საინტერესოა, რომ კრიზისის გავლის შემდეგ ეს ჯარები არ იქნა მაშინვე გაყვანილი, არამედ რეალურად გახდა რვიანის ხელში კონტროლის ძლიერი მექანიზმი, რომელსაც „ალიანსის“ თითოეული წარმომადგენელი იყენებდა საკუთარი ინტერესების მიხედვით. ასევე შეგვიძლია განვიხილოთ კონფლიქტში მონაწილე სხვა „მოკავშირეები“, მაგალითად, იაპონია და ბრიტანეთი, რუსეთი და გერმანია. თუ გავაანალიზებთ ამ სახელმწიფოების თანამშრომლობას, აუცილებლად დავინახავთ მის უკან ისევ იმ ინდივიდუალურ ინტერესებსა და უსაფრთხოების გაძლიერების სურვილს, რომლებიც უკვე არაერთხელ ფიგურირებდნენ ჩემი ნაშრომის წინამდებარე ნაწილებშიც. ყველა ხსენებულ ქვეყანას გააზრებული ჰქონდა ამ მიზნების მისაღწევად ძალთა ბალანსის არსებობის საჭიროება, რისთვისაც საჭირო იყო „მოკავშირეების“ მოძებნა: ინგლისი შეუერთდა იაპონიას, რათა შეეჩერებინა რუსეთის გავლენის გავრცელება შორეულ აღმოსავლეთში. საპასუხოდ, გერმანია და საფრანგეთი  ფინანსურად ეხმარებოდნენ რუსეთს და ა.შ. ეს ალიანსები შეიქმნა არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ ასევე ევროპაში არსებულ ძალთა ბალანსის გათვალისწინებით და, ჩემი მოსაზრებით, მის შესაცვლელადაც.

საერთაშორისო სტრუქტურა –  აქ მართლაც არ არის ერთი უმაღლესი ავტორიტეტი, არამედ ყველა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და სახელმწიფოს პოზიცია თუ ავტორიტეტი, როგორც ვნახეთ, დამოკიდებულია მის სამხედრო ძლიერებასა და ძალაუფლებაზე.

საერთაშორისო ურთიერთობათა დახასიათებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ამ პუნქტთან დაკავშირებით რეალიზმის პოზიციის გამართლება შესაძლებელია, თუკი გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას-ომების ისტორიას. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ამ კონფლიქტს, აღვნიშნავდი, რომ ორივე მხარეს ჰქონდა შანსი ომის პრევენციისა, რომელიც მათ შეგნებულად გაუშვეს ხელიდან. ასევე ის ფაქტიც, რომ არც ერთი მხარე არ დათანხმდა, წასულიყო რაიმე კომპრომისზე დავის მოსაგვარებლად (არამედ კონფლიქტის შეჩერებაზე მხოლოდ საკუთარი წარდგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთვევაში თანხმდებოდა), ცხადყოფს, რომ ინტერესების სხვაობა და შეჯახება მართლაც იწვევს მუდმივ დაპირისპირებასა და კoნფლიქტს.

ინტერესები – იაპონიის ინტერესის მთავარი სფერო იყო კორეა, ვინაიდან ამ ტერიტორიის კონტროლი მისცემდა შესაძლებლობას, მოეპოვებინა გავლენა მთელ რეგიონზე და დაპირისპირებოდა ჩინეთს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად საერთაშორისო არენაზე. რაც შეეხება რუსეთს, მასაც ჰქონდა გეგმა, გაეზარდა საკუთარი გავლენის სფეროების გეოგრაფიული ჩარჩო შორეულ აღმოსავლეთში. ამას მოწმობს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება და მისი კონკრეტული მარშრუტი, ასევე ამისთვის პორტ არტურის – მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის – დაარსება და საკუთარი ფლოტის იქ დატოვება. და ბოლოს, მანჯურიის კონტროლის განსაკუთრებული სურვილი. ამ ყველაფრის უკან საკმაოდ კარგად იკვეთება პოლიტიკური მოტივები და მეტი ძალაუფლების მოპოვების სურვილი მსოფლიო დომინანტური პოზიციის გასამყარებლად.

ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვება,როგორც მთავარი ინტერესი,კარგად გამოჩნდა მაშინაც,როდესაც რუსეთმა შეიყვანა მანჯურიაში 177,000-იანი ჯარი, თითქოს, „არსებული დაძაბულობის გასანეიტრალებლად“, თუმცა აჯანყების ჩახშობის მერე არ გამოიყვანა საკუთარი ჯარი დაპირებისამებრ, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ტერიტორიის კონტროლი.

საშინაო პოლიტიკა –  როგორც დავინახეთ, საშინაო პოლიტიკა არსად არ ფიგურირებდა აღნიშნულ კონფლიქტში. ქვეყნების საგარეო პოლიტიკა იმეორებდა მათ კონკრეტულ პოზიციასა თუ ინტერესებს, რომელსაც ახორციელებდა და აყალიბებდა ხელისუფლება. შიდა ფაქტორები ამ შემთხვევაში არ განსაზღვრავდნენ ქვეყნის „გარე ქმედებებს“. მაგალითად, როგორც ცნობილია ისტორიული წყაროებიდან, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა მის შეჩერებას და რუსეთის მიერ ჯარების გამოყვანას ცხელი წერტილებიდან, თუმცა ამან არანაირი გავლენა არ მოახდინა სახელმწიფოს „ერთიან“ პოზიციაზე.

საბოლოო შედეგი – ომის დასრულებისას, მიუხედავად ორივე მხარის მიერ გაწეული მრავალი დანახარჯისა, იაპონია დარჩა გამარჯვებული და მიაღწია საწადელს – ახლა ის მთლიანად აკონტროლებდა კორეასა და სხვა მნიშვნელოვან სრტატეგიულ ტერიტორიებსაც, ხოლო რუსეთმა დაკარგა თავისი შორეული საპორტო ქალაქი (პორტ არტური) და, ასევე, საგრძნობლად შესუსტდა მისი გავლენა შორეული აღმოსავლეთის რეგიონში. როგორც ვხედავთ, ასე თუ ისე, გამარჯვებულმა იხეირა წაგებულს ხარჯზე, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ინტერესების დაპირისპირებისას, უმეტეს შემთხვევაში, საბოლოოდ ვღებულობთ ნულოვანი ჯამის შედეგს.

განმსაზღვრელი ფაქტორები – სწორედ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვამ (რაც შეგვიძლია განვიხილოთ გავლენის გაზრდისკენ სწრაფვის მნიშვნელოვან ფაქტორად) და სამხედრო ძლიერებამ (ძლიერმა ჯარმა და ფლოტმა) გაზარდა რუსეთის ამბიციები, გამხდარიყო მთავარი აქტორი მსოფლიო არენაზე და გაეკონტროლებინა შორეული აზიაც კი. იაპონიაც არაა გამონაკლისი: მეიჯის რესტავრაციის შემდეგ იაპონიამ დაიწყო გაძლიერება (მათ შორის სამხედრო), რამაც გაუჩინა სურვილი ემოქმედა უფრო რისკიანად და აქტიურად, რათა უზრუნველეყო უსაფრთხოება და დასავლეთში დაემკვიდრებინა ძლიერი სახელმწიფოს სახელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იაპონიის მიერ რუსეთზე პირველი შეტევა გამოწვეული იყო მეორის გააქტიურებით კორეაში(ტერიტორიების შესყიდვა, დარბევა), რაც იაპონიამ აღიქვა საფრთხედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის. სწორედ  უსაფრთხოებაზე ზრუნვამ განაპირობა იაპონიის ბრიტანეთთან შემდგომი თანამშრომლობაც.

აქვე ჩანს, რომ ეკონომიკური ფაქტორი ამ ქვეყნების ურთიერთობაში მეორეხარისხოვანია, ხოლო პოლიტიკური – მთავარი. ამაზე მეტყველებს ის, რომ ეკონომიკური საკითხი ფიგურირებს მხოლოდ ზავის იაპონიის მიერ წარმოდგენილ ვერსიაში, სადაც ნახსენებია ინდუსტრიული და კომერციული საქმიაობა. როგორც ვნახეთ, ორივე მხარეს, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს გეოპოლიტიკური საკითხები და საკუთარი კონტროლის გავრცელება.

განვითარება –  გამომდინარე იქიდან, რაც უკვე ითქვა ამ კონფლიქტთან და, ზოგადად, რეალიზმთან დაკავშირებით, ლოგიკურია, რომ განვითარებას ეს თეორია სტატიურ პროცესად აღიქვამს, ანუ არ ხდება რაიმე „ცვლილება უკეთესობისკენ“, რომლის საბოლოო შედეგი იქნებოდა საყოველთაო მშვიდობის დასადგურება, არამედ საერთაშორისო ურთიერთობები ერთი სქემის მიხედვით ვითარდება და ეს სქემა უცვლელია: ინტერესების შეჯახება-> კონფლიქტის წარმოშობა-> ომი(დაპირისპირება)-> ნულოვანი ჯამის შედეგი.

სამყაროს ხედვა –  გამომდინარე საერთაშორისო სტრუქტურის ბუნებრივი ანარქიულობიდან და კონფრონტულობიდან ლოგიკურია, რომ რეალური სამყარო საკმაოდ ნეგატიურ სურათს წარმოადგენს.

დამოკიდებულება მომავლისადმი – მომავლისადმი პესიმისტური განწყობაც პირდაპირ გამომდინარეობს სამყაროსა და, კერძოდ, საერთაშორისო სტრუქტურის ნეგატიური ხედვიდან, ვინაიდან მუდმივი შიში და დაპირისპირება აქტორებს შორის არ იძლევა სამომავლო ოპტიმიზმის საფუძველს.

მორალური პრინციპები – რუსეთისა და იაპონიის ომში, როგორც ვნახეთ, არც ერთ მომენტში არ ფიგურირებს რაიმე მორალისა თუ ფასეულობების საკითხი (თუ არ ჩავთვლით რუზველტის მოდერატორის როლში გამოსვლას, თუმცა საკითხავია, რა ამოძრავებდა ამერიკის პრეზიდენტს სინამდვილეში. მაგალითად, იმდროინდელი ამერიკელი ისტორიკოსი ჯ.მოური ამბობდა, რომ რუზველტმა წარმატებით შეასრულა საკუთარი მისია, “დაებალანსებინა აღმოსავლეთში რუსული და იაპონური ძალები, სადაც რომელიმეს უპირატესობა უქმნიდა საფრთხეს მზარდ ამერიკას“). არც რუსეთმა და არც იაპონიამ არ მოახდინეს ომის პრევენცია ადამიანური უფლებების მოსალოდნელი მასშტაბური დარღვევის მიზეზით, გააგრძელეს სამხედრო მოქმედებები საკუთარი გეგმების მიხედვით მაშინაც კი, როდესაც ორივე მხარეს უკვე ჰქონდა ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი.

ძალის გამოყენება –  როგორც დავინახეთ ამ ქეისიდან, მხარეების მიერ ძალის გამოყენება და ომის დაწყება არ იყო გამოწვეული რომელიმეს მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენით, არც გენოციდის განხორციელებითა თუ ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევით, ასევე ეს არ ყოფილა თავდაცვითი ომი მტრის აგრესიის საპასუხოდ. არამედ მხარეებმა გამოიყენეს ძალა, იმიტომ რომ ასე ჩათვალეს საჭიროდ, რაც მოწმობს იმას, რომ ძალის გამოყენება და ომი არის სრულიად დაშვებული საშუალება საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

 

დასკვნა

დასკვნის სახით მინდა გავიმეორო და ვთქვა, რომ რეალიზმი, ჩემი მოსაზრებით, წარმოადგენს საერთაშორისო თეორიებიდან ყველაზე ობიექტურს,რეალობასთან მიახლოებულსა და რაციონალურს. არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს თეორია არის ძალიან პესიმისტური, ვინაიდან რეალიზმი კი არ გვეუბნება, რომ სამყარო უნდა იყოს ისეთი, როგორადაც ის მას აღწერს, არამედ მხოლოდ აღწერს მას ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში არის. ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ „საერთაშორისო პოლიტიკა ისევე, როგორც ყველანაირი პოლიტიკა, არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის“ (Hans J. MorgenthauPolitics Among Nations), თუმცა, როგორც გვეუბნება ცნობილი ამერეკელი პოლიტოლოგი ზ. ბჟეზინსკი, “ეს ბრძოლა უნდა იქნას წარმოებული ჭკვიანურად“.

როგორც უკვე დასაწყისში ვთქვი, მე არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი და არ ვამტკიცებ, რომ რეალიზმი სრულყოფილად ხსნის რეალობას. ამგვარი დებულება არ შეესაბამება სინამდვილეს თუნდაც იმიტომ, რომ დღესდღეობით არსებობს და ფუნქციონირებს მრავალი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება ქვეყნების მიერ რაღაც საერთო ფასეულობებისა თუ მორალის გაზიარებას. თუმცა იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მათ ინდივიდუალურ ინტერესებზე და წარიმართება მათ მიხედვით. ამიტომაც, ჩემი ნაშრომის დასრულება მსურს მე-19 საუკუნის ინგლისის სახელმწიფო მოღვაწის, ლორდ პალმერსტონის სიტყვებით: “ ჩვენი ინტერესები არის მარადიული და მუდმივი და ჩვენი ვალია, მივსდიოთ მათ“. სწორედ ამას ამბობს რეალიზმი და, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის რეალობა.

 

ბიბლიოგრაფია:

1) Connaughton, R. M. (1988). The War of the Rising Sun and the Tumbling Bear—A Military History of the Russo-Japanese War 1904–5. London.

2) Rourke,J. International Politics on the World Stage.(12th  Edition)

3) http://plato.stanford.edu/entries/realism-intl-relations/

ავტორი: ნატალია ხარაბაძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *