სამართალი

სოციალური და ეკონომიკური უფლებები, როგორც სოციალური სამართლიანობის წყარო

11 May , 2015  

„რადგან როდესაც ვხედავდი ტანჯულს ტანჯულად, მრცხვენოდა მისი სირცხვილისა და ოდეს ვეხმარებოდი, მის სიამაყეს მკაცრად შეურაცხვყოფდი“
ფრიდრიხ ნიცშე, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“

ადამიანის უფლებათა ცნებაში გამოხატულია ადამიანის განსაკუთრებულობის გაგება, რომელიც მას წარუვალი და ფუნდამენტური უფლებებით აჯილდოებს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია. ადამიანის უფლებები პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის ყოველგვარი ურთიერთობების წინაპირობაა.

სწორედ ამიტომ, მათი კლასიკური (კონსტიტუციონალისტური) ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებებს ნეგატიური თვალსაზრისით აღიქვამს, როგორც სახელმწიფოს მიმართ პიროვნების სასარგებლოდ დაწესებულ აკრძალვათა წყებას. თუმცა საერთაშორისო სამართლისთვის დამახასიათებელმა პოზიტიურმა ტენდენციებმა თავი აქაც იჩინა, და შედეგად, გაჩნდა უფლებები, რობლებიც სახელმწიფოს კი არ უკრძალავს, არამედ ავალდებულებს გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას, რაც თავის მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში ხელს უშლიდა მსგავსი უფლებების ცალსახად აღქმის შესაძლებლობას ადამიანის უფლებათა შემადგენლობაში.
სოციალური და ეკონომიკური უფლებები სამართლებრივ სფეროში პირველად 1948 წელს ‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში’ გამოჩნდა. მათ აღწერას, უკანასკნელ დოკუმენტში სულ ხუთი მუხლი ეთმობა, რომლებშიც უკვე საუბარია ადამიანის ‘შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლებაზე’ ; ‘ყოველი ადამიანის უფლებაზე ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად’ და უფასო საყოველთაო განათლების უფლებაზე . სოციალური და ეკონომიკური უფლებების განვითარების შემდგომი ეტაპი ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი’, რომელიც 1966 წელს გაფორმდა და რომლითაც ფაქტიურად ისინი ჩამოყალიბდა როგორც ახალი, კლასიკური უფლებებისგან განსხვავებული უფლებათა ჯგუფი.

დღევანდელი სახით, სოციალური და ეკონომიკური უფლებები ისეთი სიკეთეების მიმართ ხელმისაწვდომობის მავალდებულებელია სახელმწიფოსთვის, როგორებიცაა საკვების უფლება (‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკრარაციის’ მუხლი 25; ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის’ მუხლი 11), რომელიც მიზნად ისახავს არ დაუშვას შიმშილობა და უზრუნველყოს ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი საკვები, პროდუქტების სიჯანსაღე; ჯანმრთელობაზე ზრუნვის უფლება (‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკრარაცია’ – მუხლი 25; ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი’ – მუხლი 11), რომლის განხორციელება გულისხმობს უნივერსალურად ხელმისაწვდომ ჯანდაცვას; განათლების უფლება (‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკრარაციის’ მუხლი 26; ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი’ – მუხლები 13 და 14), რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში პიროვნებისა და მისი ღირსების გრძნობის ჩამოყალიბების აუცილებელი განმაპირობებელია; სოციალური უსაფრთხოების უფლება (‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკრარაცია’ – მუხლი 22; ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი’ – მუხლი 9), რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ ადამიანს, მისი ასაკისა და მუშაობის შესაძლებლობების მიუხედავად გარანტირებულად ჰქონდეს იმისთვის საკმარისი საარსებო წყარო, რომ თავისი ელემენტარული საჭიროებები დაიკმაყოფილოს და სხვა.
გარდა ‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა’ და ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა’, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაზე დიდწილად ზეგავლენა მოახდინა ისეთმა დოკუმენტებმა, როგორებიცაა ‘კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ’, ‘კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’, ‘კონვენცია ქალთა წინააღმდეგ მიმართული ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ’ და სხვა.
სანამ უშუალოდ სოციალური და ეკონომიკური უფლებებით დაცული სიკეთეების „ავ-კარგობაზე“ ვიმსჯელებთ, დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რამდენად არიან უკანასკნელნი ბუნებითი სამართლით უზრუნველყოფილი ადამიანის განუყოფელი უფლებების ნაწილნი, ანუ არიან თუ არა ისინი ადამიანი წარუვალი და საყოველთაო უფლებები, რომელიც ჩვენ მხოლოდ იმიტომ, გვერგო, რომ ჩვენ ადამიანები ვართ. ამ საკითხის განხილვისას, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ უფლებების სამ თაობად კლასიფიკაციას, რომლის მიხედვით, პირველი თაობის უფლებები, თავიანთი შინაარსით სამოქალაქო და პოლიტიკურია და ინდივიდს სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი და გადამეტებული ჩარევებისგან დაცვით უზრუნველყოფს. მის თავისუფლებასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველჰოფს. ამგვარად, პირველი თაობის უფლებები ნეგატიურია, ვინაიდან სახელწმიფოს მოქალაქესთან ურთიერთობისას ზღვარს უწესებს, რომლის გადაკვეთის უფლებაც მას არ აქვს. ამ უფლებების პირველ თაობას მიკუთვნებას მათი სიძველე განაპირობებს. სახელმწიფოს საქმიანობის ლეგიტიმურობის შეზღუდვა ინდივიდის სასარგებლოდ სამართლის განვითარების ისტორიაში ‘ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამდე’ გაცილებით ადრე გვხდება, მაგალითად 1215 წელს მიღებული „თავისუფლებათა დიდი ქარტია“ თავისუფალ ადამიანთა დამცველად გამოდის როგორც ჩინოვნიკების თვითნებობისგან, ასევე უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან უშვებს, რომ მხოლოდ სასამართლოს აქვს ადამიანის დამნაშავედ ცნობის უფლება; პირველი თაობის უფლებების შედარებით თანამედროვე წყაროებია მე-18 საუკუნის სამართლებრივი აქტები: „ამერიკის შეერთბეული შტატების უფლებათა ბილი“ და ფრანგული „დეკრარაცია ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა შესახებ“, რომლებშიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პიროვნების ავტონომიურობა.
რაც შეეხება მეორე თაობის უფლებებს, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო, სოციალური, ეკონომიკური და ასევე კულტურული უფლებებია. მათ მიზანს საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი პირობების შექმნა, და როგორც ხშირად ამბობენ, ე.წ. „სოციალური სამართლიანობის“ უზრუნველყოფა წარმოადგენს. უკანასკნელნი სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებებს წარმოშობენ, პირველი თაობის უფლებებისგან განსხვავებით, ისინი სახელწმიფოს გარკვეული ქმედებების განხორციელებას კი არ უკრძალავენ, არამედ ამ უფლებებით ადამიანის ფაქტობრივი უზრუნველყოფა სწორედ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული აქტების განხორციელებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, თავისი შინაარსით ეს უფლებები პოზიტიურია. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოდის ასპარეზზე და ზემოთ ჩამოთვლილ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით იძენს სამართლებრივ ძალას.
უპირველეს ყოვლისა, ეჭვი ეკონომიკური და სოციალური უფლებების ადამიანის ბუნებითი უფლებების ფარგლებში, როგორც ასეთის განხილვის შესაძლებლობაში შეგვიძლია შევიტანოთ მათი პირველი თაობის უფლებებთან შედარებით სიახლის გამო. საუბარია ტრადიციაზე, რომელიც გარკვეულწილად ყალიბდებოდა ჯერ ევროპის, შემდეგ კი, დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს წიაღში პირველი თაობის უფლებების ჩამოსაყალიბებლად, რაც უცხოა მეორე თაობის უფლებებისთვის, რომელთაც არ გააჩნია მსგავსი მდიდარი ისტორია. რომ განვმარტოთ, ადამიანის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების ცნება კაცობრიობის ისტორიაში სუვერენული სახელმწიფოს იდეის წარმოშობამდე იწყებს არსებობას და პრაქტიკაში სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ეს სხვადასხვა დოკუმენტით დადასტურებული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთი იდეის გარშემო ტრიალებდა, დადასტურებაა ამგვარი უფლებების ბუნებითი, და არა სუზერენის ნებიდან გამომდინარე წარმოშობის. ამ გადმოსახედიდან, სოციალური და ეკონომიკური უფლებები თითქოს მეორეხარისხოვანი, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან შედარებით, არასრულყოფილი და სადავოა. მართლაც, ადვილი წარმოსადგენია, რომ თუნდაც რამდენიმე ასწლეულის წინ ადამიანის მიმართ სუზერენის მხრიდან განხორციელებულ გარკვეულ ქმედებას მასში უსამართლობის გრძნობა აღეძრა, თუმცა არაბუნებრივი და სასაცილოც კი იქნებოდა რომელიმე შუასაკუნის ევროპული ქალაქის მაწანწალის მხრიდან ხელისუფალისადმი ღირსეული სამუშაოთი უზრუნველყოფის მოთხოვნა.
მაშასადამე, პირველი თაობის უფლებებს, როგორც ბუნებით უფლებებს, გაცილებით მარტივად ვიღებთ, ვიდრე სოციალურსა და ეკონომიკურს. შეიძლება ითქვას, ისინი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა გაგრძელებას წარმოადგენს და მათ გარეშე მათი სრულფასოვანი აღქმა შეუძლებელიც კი იქნებოდა.
პირველი და მეორე თაობის უფლებები დღეს ორი სხვადასხვა ხელშეკრულებით დაცული სიკეთეებია და მეორე, რაც ამ ორი თაობის უფლებებს ერთმანეთისგან განასხვავებს, სახელმწიფოების მიმართ, მათი შესრულების თვალსაზრისით, საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული სხვადასხვა მიდგომაა. ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი’ ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს: „დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები ამ პაქტით აღიარებული უფლებების პროგრესულად სრული რეალიზაციისათვის ყველა სათანადო საშუალებებით, საკანონმდებლო ზომების მიღების ჩათვლით“ .
რაც შეეხება ‘საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების შესახებ’, აქ მიდგომა შედარებით უფრო მკაცრია: „თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს აუცილებელი ზომები თავისი კონსტიტუციური პროცედურებისა და წინამდებარე პაქტის დებულებების შესაბამისად, რათა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელებისთვის“ . აქ უფლებების განხორცილებისთვისაა საჭირო საკანონმდებლო ზომების მიღება, მაშინ, როდესაც ‘ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში’ უფლებების განხორციელების ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა. პირველი თაობის უფლებათა განხორციელებისათვის სახელმწიფოს არ სჭირდება არც საერთაშორისო საზოგადოების ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება, ის უბრალოდ ვალდებულებას იღებს, გარკვეულ ჩარჩოებს არ გასცდეს ინდივიდთან ურთიერთობისას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამ სახის უფლებებით უზრუნველყოფა ერთნაირად შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოს, და მათი უკეთესად ან უარესად შესრულება არ არის დამოკიდებული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე, მატერიალურ დოვლათზე და ტექნოლოგიების განვითარებაზე, განსხვავებით სოციალური და ეკონომიკური უფლებებით უზრუნველყოფის პროცესისგან, რომელიც ქვეყნების ერთნაირი სურვილის შემთხვევაშიც განსხვავებული იქნება მათი ეკონომიკური მაჩვენებლების განსხვავების პირდაპირპროპორციულად.
აქედან გამომდინარე, ხომ არ არიან სოციალური და ეკონომიკური უფლებები სინამდვილეში, უფლებები კი არა, თანამედროვე ცივილიზაციის მიზნები, რომელთა უნივერსალურ მიღწევასაც განვითარების მაღალი დონე და შესაბამისად, დიდი მატერიალური რესურსები სჭირდება?! როგორც არ უნდა იყოს, ეს ხომ კაცობრიობის განვითარებას ახალ ეტაპზე აყვანას გულისხმობს, როდესაც დედამიწაზე არც ერთი ადამიანი არ იქნება უსახლკარო, მშიერი და დაუცველი, რომელიც თავისი არსით ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს იდეალურ სურათსა და ყოველგვარი პროგრესის საბოლოო მიზანს წარმოადგენს.
მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური უფლებების პოპულარობისა, როგორც ვნახეთ, ჯერ კიდევ სადავოა მათი, როგორც ადამიანის წარუვალ უფლებათა არსებობა. მიუხედავად ამისა, ეს შეკითხვა თეორიულად რჩება, მაშინ როდესაც, მთელი რიგი პოლიტიკოსებისა ამომრჩევლის სიმპათიის მოპოვებას სწორედ მათ უზრუნველყოფაზე ხაზგასმით ახერხებს; მეტიც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ახორციელებს კიდეც მათ, შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს საყოველთაო სადაზღვევო პროგრამა მოვიხმოთ მაგალითად. აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობა ამ უფლებათა რაობისა თუ ლეგიტიმურობის თაობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში რჩება. ამიტომ, საინტერესო იქნება მიმოვიხილოთ თუ რას გულისხმობს სოციალური და ეკონომიკური უფლებების პრაქტიკული განხორციელება.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ისმის სამი შეკითვა:
1. ვის აქვს სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელების პოზიტიური ვალებულება?
2. კონკრეტულად ვის მიმართ აქვს უფლების განმახორციელებელს აღნიშნული უფლებების განხორცილების ვალდებულება?
3. რამდენად სამართლიანია თავად „სოციალური სამართლიანობის“ მიღწევის გზა?

შესაბამისად, რიგ-რიგობით გავცეთ მათ პასუხი:
1. ცხადია, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, სოციალური და ეკონომიკური უფლებებით სარგებლობის საშუალება, ინდივიდებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ამ სახელმწიფოსა და მისი ზრუნვის ობიექტებს შორის არსებული, ერთი შეხედვით მარტივი, ურთიერთობის მიღმა ქვეყნის თითოეული მოქალაქე დგას. ის სახსრები, რომლებიც შემდგომში მიმართული იქნება, გარკვეული სოციალური და კონომიკური უფლებების განსახორციელებლად სახელმწიფომ გადასახადებისა თუ სხვა სახით, თავისი მოქალაქეებისგან უნდა აკრიბოს. აქედან გამომდინარე, „სოციალური სამართლიანობის“ რაღაც სახით მაინც მიღწევა თითოეული ჩვენგანზე „გადის“. მაშასადამე, სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელება შეუძლებელია ქვეყნის მოქალაქეების ძალისხმევის გარეშე. მეტიც, მეორე თაობის უფლებების მოქალლაქეებისთვის უზრუნველყოფა მოქალაქეებისავე „მხრებზეა“.

2. ინდივიდები განსხვავდებიან სოციალური სტატუსით, თუკი ცხადია არ მიმოვიხილავთ ტირანული სოციალიზმის მაგალითს. ზოგიერთი ადამიანის დღის წესრიგში არა თუ კარგი განათლების მიღების პრობლემა, არამედ ელემენტარული არსებობისთვის შესაბამისი პირობების შენარჩუნების საკითხი დგას, რომ არაფერი ვთქვათ ღირსებაზე. სოციალისტური პოლიტიკის პირქუში მაგალითი იქნებოდა ყველა ამ განსხვავებული ადამიანის მიმართ ერთი და იგივე ღონისძიებების ჩატარება სოციალური და ეკონომიკური უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფის პირობებში. იმისთვის, რომ ასეთი უფლებების არსებობის აღიარება და მათი გამოყენება ეფექტური იყოს, სახელმწიფომ თითოეული ჩვენგანის მიმართ განსხვავებული მიდგომა უნდა გამოიყენოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ არსებითად თანასწორნი არ ვართ – მატერიალური შესაძლებლობები ზოგს მეტის უფლებას აძლევს, ზოგს კი ნაკლებისას. მეტი თვალსაჩინოებისთვის მიმოვიხილოთ ქართული საყოველთაო დაზღვევის მოდელი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ყველა მოქალაქეს დაზღვევის თანაბარი პაკეტით უზრუნვეყოფს. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანისა და მთავრობის წამყვანი თანამდებობის პირის ჯანმრთელობის დასაზღვევად სახელმწიფომ თანაბარი სახსრები გაიღო. რამდენად სამართლიანი და ეფექტურია აღწერილი, თავად განსაჯეთ. ყველაფერს დამატებული ისიც, რომ თავად სადაზღევო პაკეტი შორსაა სრულყოფილებისგან და ბევრ მომსახურებაზე მისით მოსარგებლეს მაინც უწევს ფულის გადახდა. ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს შეეძლო თავისი მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური და შეღავათიანი სადაზღვევო პაკეტი მათი წლიური შემოსავლის მიხედვით ყველაზე დაბალი ფენების წარმომადგენლებისთვის დაერიგებინა. თუმცა, განსხვავებაა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორისაც, უხეშად რომ ვთქვათ განასხვავებენ კეთილსინდისიერ და ზარმაც არმქონეთ. პირველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც ყველა საშუალებას მიმართა თავისი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა სახელმწიფოში შექმნილი ვითარება არ აძლევდა მას საწადელის მიღწევის საშუალებას ან დამნაშავე მხოლოდ მისი უიღბლობაა; მეორე შემთვეაში კი, ადამიანი უბრალოდ ზარმაცია და სხვებისგან ელოდება წყალობას, იმის მიუხედავად რომ შრომით დოვლათის მოპოვება არც უცდია. იქამდე, სანამ სოციალურ დახმარებასა თუ შეღავათებს მივანიჭებთ, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, იმისათვის რომ ეს უკანასკნელი სამართლიანი იყოს, ადამიანები მათი მონდომებისა და სიზარმაცის მიხედვით უნდა განვასხვავოთ, რაც არაპრაქტიკულად და იდეალისტურად ჟღერს. თუმცა, ეს მხოლოდ მორალური მოსაზრებებით გამყარებული არ არის. ზარმაცი ადამიანებისთვის ბოძებული წყალობა მათ კიდევ უფრო „მორალურ გარყვნას“ გამოიწვევს და სიკეთეების თავისით მოპოვების სურვილს საბოლოოდ გაუქრობს. ამის შედეგად, არ გამოვრიცხავ ეკონომიკური სიდუხჭირის დონის კიდევ უფრო გაზრდას ქვეყანაში. ადამიანის ბუნებაა: „თუკი შრომის გარეშე მაქვს ის, რაც ჩემი ღირსებისთვის დამაკმაყოფილებელია, რისთვის ვიშრომო?!“ შესაბამისად, სოციალური და ეკონომიკური უფლებების ეფექტური განხორციელების ყველაზე მართებული გზა იმათ დახმარებაზე გადის, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ. სოციალური და ეკონომიკური უფლებების არსებობის მიზანი დროებითი დასაყრდენის მიცემაა ადამიანებისთვის, მათი შემდგომი წინსვლის წახალისება და უსაფრთხოების გრძნობის გაჩენაა და, არა პარაზიტული „კლასის“ შექმნა, რომელიც საზოგადოების დარჩენილი ნაწილის ჯიბეს დააწვება.

3. როდესაც შემოგვაქვს ტერმინი „სოციალური სამართლიანობა“ შეუძლებელია მის დაუნდობელ მტერს, ფრიდრიხ ჰაიეკს არ მივმართოთ. ვეცდები ამ საკითხთან დაკავშირებით მისი მოსაზრების ძირითადი მონახაზები გადმოვცე: სამყაროში მოვლენებს არ განაპირობებს ვინმე კონკრეტულად, ყველაფერი რაც ხდება, თითოეული ჩვენგანის ხშირად გააზრებული, ხშირად კი გაუაზრებელი მოქმედებების შედეგია. აქედან, მატერიალურ დოვლათს თითოეული ჩვენგანის მიერ განხორციელებული აქტები ანაწილებს. მილიარდობით ადამიანის ურთიერთქმედება არ შეიძლება სამართლიანი ან უსამართლო იყოს. აქედან, „სოციალური სამართლიანობის“ დამყარებისთვის ამ ქაოტურ ორგანზმში ვინმე სუზერენი უნდა ჩაერიოს და ორგანიზმის საწინააღმდეგოდ დაიწყოს ახლებული გადანაწილება, რაც ხელოვნური და თავსმოხვეულია. ეს ჰაიეკისეული მიდგომა, თავისი მემარჯვენეობის გამო, არაპოპულარულია. უფრო ზომიერი პოზიციიდან რომ შევხედოთ, საკუთრების უფლება წარუვალი და ფუნდამეტური უფლებაა. ჩვენ დაცულები ვართ ჩვენი საკუთრების ხელყოფისა თუ უფლების შეზღუდვისგან, გარდა განსაკუთრებული, სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო საჭიროების შემთხვევებისა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალური უფლებების განხორციელების ტვირთი თითოეულ მოქალაქეს ადევს. ისინი თმობენ თავიანთ წილ საკუთრებისას იმისთის, რომ ვიღაცის საკუთრება შექმნან. ეს გარკვეულწილად საკუთრების უფლების უპატივისცემულობაა – პიროვნება იძულებულია თავისი წილი შემოსავლისა მისცეს სხვას. ქველმოქმედება თავისთავად კარგი რამაა, მაგრამ მას უნდა განაპირობებდეს ინდივიდების სურვული და არა მაიძულებელი სახელმწიფო, რომელიც არჩევანის უფლებას არ უტოვებს მოქალაქეებს.

რომ შევაჯამოთ, სოციალური და ეკონომიკური უფლებების ადამიანის ძირითად უფლებათა ნუსხაში შეყვანა დღემდე სადავოა, თუმცა ეს ხელს არ უშლის სახელმწიფოებს მეორე თაობის უფლებათა განხორციელებას მიჰყოს ხელი. მოცემული უფლებებით უზრუნველყოფის პოლიტიკა თავისი პრაქტიკული გამოვლინებითაც კი, კითხვებს აჩენს. ადამიანის უფლებათა არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანური ღირსების დაცვაა, მეტიც, სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელების მთავარ მიზნად სწორედ ადამიანის ღირსების დაცვას მიიჩნევენ. თუმცა რამდენად ეხმარება ადამიანს საკუთარი თავი ღირსეულ და სრულფასოვან ადამიანად აღქმაში მის მიმართ განხორციელებული მთელი რიგი შეღავათებისა თუ დახმარებებისა, სადავოა – „რადგან როდესაც ვხედავდი ტანჯულს ტანჯულად, მრცხვენოდა მისი სირცხვილისა და ოდეს ვეხმარებოდი, მის სიამაყეს მკაცრად შეურაცხვყოფდი“. როგორც უკვე აღვნიშნე „სოციალური სამართლიანობის“ უზრუნველყოფა სახელმწიფოსგან მილიარდობით კერძო გადაწყვეტილებების შედეგთა უგულებელყოფაა, რაც მისი უფლებების გაზრდას გულისხმობს. ეს უკანასკნელი იწვევს გარკვეულ ინდივიდთა მტკივნეულ დამოკიდებულებას სწორედ სახელმწიფოზე, რაც გეგმიური ეკონომიკისა და შესაბამისად, ავტორიტარული მმართველობის დამყარების პოტენციურ საფრთხეს ქმნის. დახმარება უნდა არსებობდეს, თუმცა სახელმწიფოს მიზანი სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელებისას მოქალაქეებისათვის განვითარების პირობების შექმნა უნდა იყოს, და არა მათთვის დამღუპველი მორჩილი სტაბილურობისა.

ავტორი: გვანცა აბაშიძე
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის) მესამე კურსის სტუდენტი


გამოყენებული მასალები:

Beyond the Social and Economic Rights Debate: Substantive Equality Speaks to Poverty, Gwen Brodsky and Shelagh Day

The Economic Rights Debate: The End of One Argument, the Beginning of Another, Darryl M. Trimiew


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *