პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

არსებობს თუ არა სამართლიანი ომი?

17 May , 2015  

ომის სამარლით დაინტერესებულ ადამიანი წააწყდება უამრავ რესურს, საერთაშორისო სამართლის არაერთ ნორმას, გაეროს ქარტიებს, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს, რომლებიც დაწვრილებით და პუნქტობრივად განსაზღვრავენ ომის სამართლიანობას, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოში არსებულ მოვლენებს, შეიძლება გაგვიჩნდეს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართლიანი ომის განსაზღვრა ფურცელზე დაწერილი სიტყვების ერთობლიობაა და მეტი არაფერი, რეალობაში კი ძლიერი ქვეყნები საკუთარ ინტერესებს ისე ახორციელებენ როგორც სურთ. ამ ნაშრომში სწორედ ამის გარკვევა მსურს, რამდენად იცავენ მოთამაშეები თამაშის წესებს,  რეალურად არსებობს თუ არა პრაქტიკაში სამართლიანი ომი? თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ომი ძლიერი ქვეყნების მიერ საკუთარი ინტერესებისთვის გატარებული ქმედებაა?  ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად თავდაპირველად ვნახოთ თუ როგორ განისაზღვრება საერთაშორისო სამართალში და საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლიანი ომი, შემდეგ კი მოვიყვან ორ განსხვავებულ ქეისს და მათი თეორიასთან შედარებით შევეცდები ვუპასუხო ზემოთ დასმულ კითხვებს.

ძალის გამოყენება & Jus ad bellum

დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების აკრძალვაზე. გაერთიანებული ერების ქარტია გახდა ფორმალური კოდიფიკაცია ძალის გამოყენების მართვისა. სწორედ, ეს ქარტია ამბობს, რომ ომი აღარ არის სუვერენული ქვეყნების პრეროგატივა. ქვეყნებს მხოლოდ შეუძლიათ ძალის გამოყენება კოლექტიური თავდაცვისას 42-ე მუხლის საფუძველზე, ან თავდაცვისას 51-ე მუხლის საფუძველზე. ძალის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც არ ჯდება ამ ორი კრიტერიუმიდან არცერთში, მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის დარღვევად.

გაეროს ქარტიის გარდა, საერთაშორისო ურთიერთობებში ომების დასარეგულირებლად გვხვდება სამართლიანი ომის თეორია, რომელიც ზემოთხსენებული ქარტიის ერთგვარ გაგრძელებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან გარდა თავდაცვისა, ის კიდევ გვთავაზობს რამდენიმე აუცილებლად დასაცავ პუნქტს. სამართლიანო ომის თეორია ერთდროულად არის ომის მორალური სიძულვილიც და მზადყოფნა იმის ასაღიარებლად, რომ ზოგჯერ ომი აუცილებელია. სამართლიანი ომის თეორიის კრიტერიუმები მოქმედებენ როგორც დახმარება, იმის გასარკვევად თუ რამენად მორალურად მისაღებია იარაღის ხელში აღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თეორია განასხვავებს როდისაა შეიარაღებული ძალების გამოყენება მორალურად გამართლებული და როდის არა. თეორია განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება იყოს შეკავებული შეიარაღებული ძალების გამოყენება, როგორ გახდეს ის უფრო ჰუმანური, საბოლოოდ მიმართულია მშვიდობის და სამართლიანობის დამყარებისთვის.

სამართლიანი ომის თეორია შეიარაღებული ძალების გამოყენების მორალურობის ორი ნაწილისგან შედგება: როდისაა გამართლებული მიმართო შეიარაღებულ ძალებს – jus ad bellum და რა არის მისაღები ამგვარი ძალის გამოყენებისას jus in bello. უკანასკნელ წლებში დაემატა მესამე კატეგორიაც – jus post bellum, რომელიც არეგულირებს ომის დასრულების სამართლიანობას, მშვიდობიან ხელშეკრულებებს და ასევე ომის დამნაშავეების დასჯას.

კრიტერიუმების მიხედვით, ყველა უნდა იყოს დაცული,რათა ვთქვათ, რომ ომი სამარლიანია, თუმცა ჩემს ნაშრომში, მე ქეისების მხოლოდ jus ad bellum -თან თანხვედრას განვიხილავ, თუ ქეისები მის პუნქტებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ აზრი არ ექნება შემდეგი კრიტერიუმების განხილვას, რადგან ომი იმთავითვე უსამართლოდ მიიჩნევა.

jus ad bellum-ის პრინციპები

როგორც უკვე აღვნიშნე, jus ad bellum განსაზღვრავს, თუ როდის შეიძლება მიიჩნეს ომის დაწყება სამართლიანად. სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა პრინციპებს გვთავაზობს ამის დასადგენად, თუმცა შეიძლება გამოირჩეს ხუთი ძირითადი პოსტულატი, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა ომის დაწყება გამართლებული იყოს.

სამართლიანი მიზეზი – ომის დაწყების მიზეზი უნდა იყოს სამართლიანი, დაუშვებელია ომის დაწყება უბრალოდ ტერიტორიის დაპყრობის ან კონკრეტულად ვინმეს დასჯის გამო. სამართლიანი მიზეზის თანამედროვე განმარტებად ბევრი ექსპერტი აშშ-ში 1993 წელს ერთ-ერთ კონფერენციაზე ნათქვამ შემდეგ სიტყვებს მიიჩნევენ: “ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სერიოზული ბოროტების გამოსასწორებლად. მაგალითად აგრესია ან ადამიანის ძირითადი უფლებების მასიური დარღვევა”

ლეგიტიმური მმართველი – მხოლოდ ლეგიტიმურ ძალაუფლებას აქვს უფლება დაიწყოს ომი. დიქტატორული რეჟიმების მიერ წამოწყებული ომები ითვლება ამ კრიტერიუმის დარღვევად.

პროპორციულობა – ომის დროს მოკლულთა რაოდენობა და ზიანი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ომის შედეგად მიღებული ზიანი მიზნის პროპორციული უნდა იყოს. ამ პრინციპში ასევე მოიაზრება ის, რომ დაუშვებელია მაგალითად ბავშვთა ბაღების, სკოლების დაბომბვა, ეს არაპროპორციულად ჩაითვლება.

წარმატების შანსები – ომის დაწყება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს წარმატების რეალური შანსები.

უკანასკნელი გზა – ძალის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა მიმართეს ყველანაირ მშვიდობიან გზას, მაგრამ უშედეგოდ.

ომი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ამ კრიტერიუმს რათა ჩაითვალოს სამართლიანად.

როგორ დაიწყო ყირიმის კრიზისი

სანამ უშუალოდ განვიხილავდით თუ რამდენად ჯდებოდა რუსეთის ქმედებები ყირიმში jus ad bellum-ის პრინციპებში, არ იქნებოდა ურიგო თუ ვნახავდით, როგორ დაიწყო ყველაფერი.

სამოქალაქო გამოსვლებისა და დემონსტრანტებისა და იანუკოვიჩის მთავრობის ოთხთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ, 22 თებერვალს, უკრაინის პარლამენტი მიემხრო კიეველ მომიტინგეებს და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ჩამოართვა თანამდებობა. უკრაინის საკანონმდებლო ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ვადებში მოიწვია დროებითი მთავრობა, პრო-რუსული ლიდერი კი გაუჩინარდა. იანუკოვიჩის დათხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა თავისი სამხედრო შენაკადები განალაგა შავი ზღვის სანაპიროებთან, უკრაინის საზღვრის მიმდებარედ. კიევში მთავრობის ცვლილების შემდეგ, რუსული შენაკადები დაუყოვნებლივ გადავიდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ყირიმში.

27 თებერვალს შეიარაღებულმა ადამიანებმა დაიწყეს სახელმწიფო შენობების დაპყრობა, მათ დაიკავეს რეგიონული პარლამენტიც კი. სამთავრობო შენობებს აღების შემდეგ მათ რუსული დროშებით „ამკობდნენ“. შემდეგი ორი დღის განმავლობაში, შეიარაღებულები, რომლებიც თავს ეთნიკურ რუსებად მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ თავს იცავდნენ, თავს ესხმოდნენ მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის აეროპორტებს და სამხედრო ბაზებს. ობიექტებზე იერიში და მათი ხელში ჩაგდება გაძლიერდა, როცა კრემლთან მჭიდრო კავშირში მყოფი „რუსი ღამის მგლების“ შენაკადი ჩავიდა ადგილზე. ამის შემდეგ, პრო-რუსული შენაკადები, რუსული გადასაზიდი საშუალებებით და იარაღით აღჭურვილები, ინაცვლებენ ნახევარკუნძულზე და იმაგრებენ პოზიციებს დიდ ქალაქებში. ამავდროულად კი რუსეთი არაერთ ხერხს მიმართავს, დაწყებული პროპაგანდით, ადგილობრივების მოსყიდვით დამთავრებული. სულ მალე კი, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის პარლამენტისგან სამხედრო ინტერვენციაზე მიიღო თანხმობა.

მას შემდეგ რაც შეიარაღებულებმა დაიპყრეს ყირიმის პარლამენტი, 27 თებერვალს, მათ დაიწყეს იქაური მთავრობის დათხოვნა და ახალი, მათთვის სასურველი პირების მოყვანა. სწორედ ამ გზით გახდა უკრაინის კრიმინალურ სამყაროსთან ახლოს მყოფი „გობლინი“, სერგეი აკსიონოვი, რეგიონის პრემიერ მინისტრი. მოვლენების ამგვარად განვითარების შემდეგ, რეგიონულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან იყო პირდაპირი მმართველობა, დემოკრატიის ყველა პრინციპის შესაბამისად.

მაგალითად: იმისთვის, რომ არ გაეთვალისწინებინათ კიევის გადაწყვეტილება, რომელიც მდგომარეობდა არჩევნების 25 მაისს ჩატარებაში, სიმფეროპოლმა ხმა მისცა რეგიონული რეფერენდუმის ჩატარებას, გადაწყვიტა რა ამით ყირიმის ბედი. აკსიონოვმა კი გამოაცხადა თავი ყირიმის სამხედრო და პოლიციურ შენაკადებზე პასუხისმგებლად და დახმარებისთვის პუტინს სთხოვა.

ამის შემდეგ, საკმაოდ მოულოდნელად, ყირიმის პარლამენტმა, ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. რეფერენდუმის თარიღი კი 16 მარტისთვის გადმოწია და მას სიმბოლური დანიშნულება მისცა, ამით მოსახლეობას მხოლოდ უნდა დაედასტურებინა პარლამენტის არჩევანი.

რუსეთის მიერ ძალის გამოყენება ყირიმში და Jus ad bellum

რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების განლაგება, უკრაინული შეიარაღებული ძალების გაძევება ყირიმის ნახევარკუნძულიდან და მისი ოკუპაცია და ანექსია, საერთაშორისო საზოგადოებამ შერაცხა საერთაშორისო სამართლის დარღვევად. რუსეთი კი საპასუხოდ მრავალი გზით იცავდა თავს და უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო მედიის წინაშე აცხადებდა, რომ ის არანაირად არ არღვევდა საერთაშორის სამართალს. თავდაპირველად რუსეთი აცხადებდა, რომ ის იცავდა რუსულენოვან მოსახლეობას ყირიმში. შემდეგ, რუსეთი თავს იმართლებდა იმით, რომ მისი მხრიდან სამხედრო ჩარევა გამოწვეული იყო უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მმართველის თხოვნით.  შემდგომში რუსეთმა საერთოდ ისიც კი თქვა, რომ მას არასდროს არ გამოყენებია შეიარაღებული ძალები უკრაინაში და ყირიმში უკრაინელები თავად ესხმოდნენ თავს უკრაინულ ბაზებს. საბოლოოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია იყო დემოკრატიულად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი, რომელშიც ყირიმელთა 97%-მა მოითხოვა ყირიმის უკრაინისგან გამოყოფა და რუსეთისთვის შეერთება.

შევეცდები განვიხილო რუსეთის ქმედებების სამართლებრივი ასპექტები. ვნახოთ რუსეთის არგუმენტები, მათი ჭეშმარიტება და თანხვედრა სამართლიანი ომის პრინციპებთან.

როგორც ვკითხულობთ გაეროს ქარტიაში და jus ad bellum-ის პირველ პრინციპში, ომის დასაწყებად ერთ-ერთ მხარეს უნდა ჰქონდეს სამართლიანი მიზეზი, გაეროს ქარტია ამ მიზეზად თავდაცვას ასახელებს, jus ad bellum-იც მიუთითებს, რომ ომის დაწყება გამართლებულია მხოლოდ თავდაცვისას, როცა მიზანია შეაჩერო აგრესია ან ადამიანის უფლებების დარღვევა. რუსეთმა განაცხადა, რომ წამოიწყო სამხედრო ინტერვენცია, რათა დაეცვა რუსი მოქალაქეები იანუკოვიჩის გადაყენებით გამოწვეული ქაოსიდან. რუსეთი ამტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო რუსულენოვანი მოსახლეობის დახსნა პრო-უკრაინული ექსტრემისტებისგან. რუსეთის პოზიციაა, რომ მას ომის დასაწყებად სამართლიანი მიზეზი ჰქონდა, რუსი მოქალაქეების თავდაცვა. ეჭქვეშდასაყენებელია თუ რამდენად ჰქონდა მას ეს მიზეზი. ეს არგუმენტი მოიკოჭლებს როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი კუთხით. ფაქტობრივი კუთხით – რუსეთს არ დაუმტკიცებია, რომ ეთნიკურად რუს მოსახლეობას ემუქრებოდა რაიმე სახის საფრთხე პრო-უკრაინელი ექსტრემისტებისგან. თუ რუსეთს მართლაც ქონდა მსგავს ფაქტებზე ინფორმაცია, ის მოითხოვდა ეუთოს მონიტორინგს ამ რეგიონში. რუსეთმა კი, ამის ნაცვლად, აუკრძალა ეუთოს მისიას ყირიმში შესვლა.

შესაძლოა რუსეთმა აირჩია “თავდაცვის” კარტით თამაში, რადგან აცნობიერებს, რომ თადვაცვა იმ ორი გამონაკლისიდან ერთ-ერთია, რომელსაც გაეროს ქარტია უშვებს და ჯდება სამართლიანი ომის პოსტულატებში. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებების სამართლებრივი საფუძველი, მაინც ძალიან არამყარია.  რუსეთის მიერ ძალის გამოყენება სხვა ქვეყანაში, იმისთვის რათა დაიცვას ეთნიკურად რუსი ხალხი, არ არის ის რასაც ქარტიაში “თავდაცვა” ქვია. 51-ე მუხლის მიხედვით, რუსეთს თავდაცვის უფლება ექნებოდა, მხოლოდ მაშინ “თუ შეიარაღებული თავდასხმა მოხდებოდა გაერთიანებული ერების რომელიმე წევრ ქვეყანაზე (ამ შემთხვევაში რუსეთზე)”. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა თავდასხმა ეთნიკურ რუსებზე ყირიმში, ეს მაინც არ იქნებოდა “შეიარაღებული თავდასხმა” რუსეთზე, შესაბამისად რუსეთს მაინც არ ექნებოდა ძალის გამოყენების უფლება უკრაინის წინააღმდეგ.

სამართლიანი ომის თეორიაში შემდეგი პოსტულატი, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია, იმისთვის რომ ომი სამართლიანად ჩაითვალოს, არის ლეგიტიმური მმართველის არსებობა ომის დასაწყებად. თუმცა, ამ პუნქტის პირდაპირ გაგებაც არ შეიძლება, ანუ მხოლოდ იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი არის რუსეთის ლეგიტიმური მმართველი, მის მიერ წამოწყებულ ომს სამართლიანად ვერ ჩავთვლით. ამას რუსებიც მშვენივრად აცნობიერებდნენ, ამიტომ ისინი აცხადებდნენ, რომ ყირიმის ოკუპაცია იყო კანონიერი ქმედება უკრაინის მთავრობის თხოვნის საპასუხოდ, ანუ თითქოს მთელი ეს სიტუაცია უკრაინის ლეგიტიმური მმართველის დაწყებულია და არა რუსეთის ხელისუფლების. რუსეთმა ეს არგუმენტი გააჟღერა 2014 წლის 4 მარტს, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხომამდე. სხდომაზე კი, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა, უშიშროების საბჭოს წარუდგინა თითქოსდა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ის რუსეთს სამხედრო ინტერვენციას სთხოვს უკრაინაში სამართლის და წესრიგის აღსადგენად.

რუსეთის ამ არგუმენტის განხილვისას, გვჭირდება ორმხრივი მიდგომა. უნდა გავარკვიოთ რამდენად სთხოვა იანუკივიჩმა რუსეთს დახმარება და რამდენად ჰქონდა მას ამის უფლება.

სთხოვა თუ არა იანუკოვიჩმა რუსეთს სამხედრო დახმარება?

პირველი კითხვა სწორედ ესაა, საერთოდ ითხოვა თუ არა იანუკოვიჩმა ასეთი სახის დახმარება. მართალია გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილი იანუკოვიჩის ხელმოწერით, მაგრამ ეს წერილი არასდროს გამხდარა საჯარო და ნორმალურად ის არც არავის არ უნახავს. თავად იანუკოვიჩს კი არასდროს აღუნიშნავს თითქოს მას რუსეთისთვის ასეთი დახმარება ეთხოვოს. ამიტომაც ეს საკითხი ეჭვქვეშაა.

ქონდა თუ არა ბატონ იანუკოვიჩს რუსეთისთვის სამხედრო ინტერვენციის თხოვნის უფლება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წერილი ნამდვილი იყო, მთავარი კითხვაა: რამდენად ქონდა იანუკოვიჩს რუსეთისთვის მსგავსი თხოვნით მიმართვის უფლება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, დამატებით უნდა გამოვიკვლიოთ ორი საკითხი: არის თუ არა იანუკოვიჩი უკრაინის ლეგიტიმური მმართველი? და თუ ასეა, აქვს თუ არა უკრაინის პრეზიდენტს უფლება მოითხოვოს სხვა ქვეყნის სამხედრო ინტერვენცია უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით?

არის თუ არა იანუკოვიჩი უკრაინის ლეგიტიმური მმართველი? 

2014 წლის 22 თებერვალს, 447 დეპუტატიდან 328-მ ხმა მისცა იანუკოვიჩის დათხოვნას. პარლამენტმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს და აირჩია ალექსანდრ ტურჩინოვი რადას ახალ სპიკერად და დროებით პრეზიდენტად. მინისტრთა საბჭო არჩეულ იქნა 27 თებერვალს.

22 თებერვლის შემდეგ, რუსეთმა უარი განაცხადა ეღიარებინა იანუკოვიჩის დათხოვნა. რუსეთმა ასევე არ აღიარა უკრაინის ახალი მთავრობა, დააბრალა რა მათ მთავრობაში მოსვლა არაკონსტიტუციური გზებით. რუსეთი აგრძელებს იანუკოვიჩის ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად აღიარებას.

რუსეთის პოზიცია მთლად არაა მოკლებული სიმართლეს. საქმე იმაშია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და პარლამენტში ხმების სამი მეოთხედი, ანუ 338 ხმა. 22 თებერვალს არც ერთი კრიტერიუმი იყო დაკმაყოფილებული და არც მეორე. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით იანუკოვიჩი ოფიციალურად არ იყო გადაყენებული თანამდებობიდან. მაგრამ, მთავარია ის, რომ შემდგომში იანუკოვიჩმა თავად თქვა უარი საკუთარ პოსტზე და რუსეთს სთხოვა თავშესაფარი.  ამ გზით უკრაინის მეთაური გაექცა სასამართლოს და ამავდროულად დატოვა ქვეყანა მმართველის გარეშე.

უკრაინის პარლამენტმა განიხილა ეს საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იანუკოვიჩმა “თავად გადაიყენა” თავი (“self-removed”), შესაბამისად საჭირო იყო ახალი მთავრობის არჩევა.

აქვს თუ არა უკრაინის პრეზიდენტს უფლება მიმართოს სხვა ქვეყანას სამხედრო ინტერვენციის თხოვნით უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ იანუკოვიჩი რჩება უკრაინის ლეგიტიმურ მმართველად და მან მართლაც სთხოვა რუსეთს სამხედრო ინტერვენცია ყირიმში, რუსეთის არგუმენტი ყირიმში ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამართლებრივად მაინც არასწორია. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით: “უკრაინის პრეზიდენტს არ შეუძლია მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით მოიწვიოს სხვა ქვეყნის შეიარაღებული ჯარები ქვეყანაში. ნებისმიერი თხოვნა სხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციას უკრაინაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოითხოვს პარლამენტის დასტურს.” აქედან გამოდინარე, იანუკოვიჩი რომც ჩავთვალოთ უკრაინის პრეზიდენტად, მას არანაირად არ ჰქონდა უფლება მიემართა რუსეთისთვის ყირიმში სამხედრო ინტერვენციის თხოვნით.

როგორც ვხედავთ, რუსეთის ეს არგუმენტიც მოკლებულია სიმართლეს, არ დასტურდება იანუკოვიჩის მიმართვა დახმარებისთვის და ეს რომც დადასტურდეს, მას არ გააჩნდა უფლება სხვა ქვეყნისთვის მიემართა სამხედრო დახმარებისთვის.  ასევე აღსანიშნავია, რომ ინტერვენციამდე რუსეთს არც კი გაუჟღერებია უშიშროების საბჭოზე სხვა ქვეყანაში შეჭრა, შესაბამისად მას არ ჰქონდა უშიშროების საბჭოს თანხმობა.

მას შემდეგ რაც ვნახეთ პირველი ორი პუნქტის “თანხვედრა”, ასევე უნდა ვნახოთ თუ რამდენად პროპორციული იყო რუსეთის ქმედებები, რამდენად პროპორციული იყო შეყვანილი ჯარის რაოდენობა და მათი ქმედებები.

იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ გაეკრიტიკებინა რუსეთი პროპორციულობის პოსტულატის დარღვევაში, რუსეთი ამტკიცებდა, რომ ყირიმში საერთოდ არ შესულა რუსული არმია, იქ  ადგილობრივი პრო-რუსული შენაერთები იბრძოდნენ. ამ არგუმენტის მიხედვით რუსეთი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს, რადგან მის ჯარებს არ მოუხდენიათ ყირიმის დაპყრობა ან ოკუპაცია.

ამ არგუმენტის მთავარი პრობლემა რუსეთისთვის ფაქტების უკმარისობაა, არსებული ფაქტები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა, იური სერგეევმა განაცხადა, რომ რუსეთმა 16 000-იანი არმია გადასხა ყირიმში, შემდგომ კი დაუწესა ერთგვარი დედლაინი ყირიმს “ჩაბარებისთვის”.

გარდა ამისა, რუსეთი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყირიმში მოძრავ სამხედრო ტექნიკას ქონდა რუსული სანომრეები, შეიარაღებულებს ეცვათ რუსული ფორმები და ქონდათ რუსული იარაღი, დაკავებულ ბაზებზე აჯანყებულები ამაგრებდნენ რუსულ დროშებს. ამ ყველაფრის საპასუხოდ პუტინი აცხადებდა, რომ ამ ყველაფერს პრო-რუსული ადგილობრივები აკეთებდნენ და ყირიმში მყოფი რუსი ჯარისკაცები არიან იმ 25 000-იანი ჯარის ნაწილი, რომელიც რუსეთმა ადრე განალაგა ყირიმში შეთანხმებისამებრ.

საეთაშორისო საზოგადოება არ ენდო პუტინის ამ განცხადებას. ერთი მხრივ პუტინის სიტყვების სანდოობა ეჭვქვეშ დგება, რადგან ის არ აძლევს ეუთოს მონიტორინგის უფლებას, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. მეორე მხრივ კი, პუტინის სიტყვები უპირისპირდება მსოფლიო მედიის განცხადებებს, რომლებიც გამუდმებით აშუქებდნენ რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებებს ყირიმში. გარდა ამისა, ამ შენაერთების ქმედებები ყირიმში, ტერიტორიის ოკუპაცია და შემდეგ მიერთება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად.

წარმატების შანსებია jus ad bellum-ის შემდეგი პრინციპი, ისევე როგორც სხვა პრინციპები, ეს უკანასკნელიც ძალიან სუბიექტურია და დიდწილად ინტერპრეტირებაზეა დამოკიდებული, რა შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად? შეგვიძლია ჩავთვალოთ ყირიმის ქეისის საბოლოო შედეგი რუსეთისთვის წარმატებულად? ერთი შეხედვით რატომაც არა, მაგრამ თუ ომის დაწყების მიზეზად სახელდებოდა მოსახლეობის დაცვა, საკითხავია რამდენადაა მიღწეული წარმატება ამ მხრივ, რამდენად დაცულები არიან ისინი დღეს.

ბოლო პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებულიყო ცნობილია “უკანასნელი გზის” სახელით. თავის მხრივ ისიც დიდწილად მხარეების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, რადგან ძალიან რთულია განსაზღვრო სიტუაცია, როცა იტყვი, რომ მოლაპარაკებები ამოწურულია. თუმცა, ამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ თქმულა, ფაქტიურად რუსეთმა მოლაპარაკებების უკანასკნელ გზად რეფერენდუმი დაასახელა, ყირიმის შემოერთების შემდეგ კი თქვა, რომ ყირიმის ანექსია არის დემოკრატიული რეფერენდუმის შედეგი, რომელშიც მოსახლეობის 97 %-მა დააფიქსირა სურვილი გამოყოფოდა უკრაინას და შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში. ამ არგუმენტის უგულებელყოფა ძალიან მარტივად შეგვიძლია. უკრაინის კონსტიტუციის 134-ე მუხლის მიხედვით “ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი და ყველა შეკითხვა მის უფლებებთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს ქვეყნის ფარგლებში”.

მეორე, უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სეცესიას. უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლი ამბობს “უკრაინის ტერიტორიის ცვლილებები უნდა იყოს განხილული მხოლოდ მთლიანი უკრაინული რეფერენდუმით” და არა ლოკალურით.

როგორც ვხედავთ, რუსეთისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს jus ad bellum-ის წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს თავისი ქმედებების შენიღბვას, მან ყველა პუნქტი დაარღვია და, რა თქმა უნდა, ასეთი ომის სამართლიანად მიჩნევა შეუძლებელია.

“თავისუფლება ერაყს”

მართალია ყირიმის ქეისმა გასცა პასუხები ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, მაგრამ, მეტი სიცხადისთვის გადავწყვიტე განმეხილა კიდევ ერთი ქეისი, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენცია ერაყში. ჯერ გავეცნოთ თვითონ ქეისს, შემდეგ კი ვნახოთ რამდენად სამართლიანი იყო ეს ომი.

2001 წლის 11 სექტემბერს ისლამური ტერორისტული ქსელის “ალ-კაიდას” მიერ ორგანიზებული უმძიმესი თავდასხმა მოხდა ამერიკის ქალაქებზე – ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე. საკმაოდ მალე ტერორიზმის მსხვერპლად იქცა სხვა ქვეყნების (ინგლისი, ესპანეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, თურქეთი) მშვიდობიანი მოსახლეობა და იქ ჩასული ტურისტები. ამის საპასუხოდ ამერიკის მთავრობამ დაგეგმა ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების ლიკვიდაცია. “ტერორიზმთან ომი” სავსებით გასაგები და მისაღები რეაქცია იყო მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. გაგებით აღიქვეს ტერორისტული ქსელის, ე.წ. “ალ-კაიდას” ხელმძღვანელების დევნა ავღანეთის ტერიტორიაზე და მათი მხარდამჭერი თალიბების რეჟიმის დამხობა 2001 წლის ბოლოს. მოგვიანებით თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ერაყში ტარდებოდა მასობრივი განადგურების იარაღის (მგი) შექმნის სამუშაოები და რომ მისი ფლობით ან მისი წარმოებისათვის მზადებით ერაყის დიქტატორული რეჟიმი ემუქრებოდა როგორც რეგიონის სახელმწიფოების, ისე ამერიკის უსაფრთოხებას. 2002 წლის 8 ნოემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო 1441-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის საცავების აღმოსაჩენად გაიგზავნა ექსპერტების ჯგუფი, რომელმაც, ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, ვერ დაადასტურა ერაყში მგი-ს არსებობა. ამის მიუხედავად, ამოქმედდა ამერიკელთა პროპაგანდა. ამერიკის მთავრობამ სადამ ჰუსეინის სამხედრო წესით მოშორება გადაწყვიტა. ანტიერაყულ კოალიციაში შევიდა 30-ზე მეტი სახელმწიფო. შეერთებული შტატების ლიდერობით სამხდერო კოალიციის სამასი ათასიანმა სამხედრო კონტინგენტმა 2003 წლის 20 მარტს მიიტანა დარტყმა ერაყზე. ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია სახელწოდებით ,,თავისუფლება ერაყს”. შემდეგი ნაბიჯი იყო ბაღდადის აღება და სადამ ჰუსეინის ქანდაკების ჩამოგდება. 4 წლის შემდეგ ჰუსეინიც აღესრულა – იგი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მასობრივი მკვლელობისათვის გაასამართლა იგი.  ამით დაიწყო სპარსეთის ყურის მესამე ომი.  ამერიკელი ხალხის უმრავლესობა ემხრობოდა სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს, მიუხედავად იმისა, რომ ერაყში, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ აღმოაჩინეს მასობრივი განადგურების იარაღის რაიმე კვალი. უფრო მეტიც, დაასკვნეს, რომ იგი ერაყში განადგურებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კი ამის საპასუხოდ ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ადრე თუ გვიან ერაყის საკუთრებაში არსებული მასობრივი განადგურების იარაღის სინამდვილის შესახებ ცნობები გამოქვეყნდებოდა. თავისი მასშტაბებით ომი სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჯორჯ ბუშმა ჯერ კიდევ 2003 წლის 1 მაისს განაცხადა ომის დასრულების შესახებ, თუმცა შეტაკებები მას შემდეგ არაერთი წელი გრძელდებოდა. 2005 წელს ამერიკელების უშუალო დახმარებით შეიქმნა ერაყის ახალი კონსტიტუცია. ჯამში  ამ კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ს ინტერვენცია ერაყში და Jus ad Bellum

ისევე როგორც ყირიმის ქეისის შემთხვევაში, ამ ქეისზეც პუნქტობრივად განვიხილოთ, რამდენად მოდის აშშ-ს ქმედებები სამართლიანი ომის თეორიით განსაზღვრულ პოსტულატებთან თანხვედრაში.

რამდენად სამართლიანი იყო ომის დაწყების მიზეზი?

ინტერვენცია ერაყში განხილული იყო როგორც პრევენციული თავდაცვითი ომი მოსალოდნელი საფრთხისგან. ამერიკა აქტიურად ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის იმის ახსნას, რომ ერაყში არსებობდა მასობრივი განადგურების იარაღი, ხოლო მმართველი რეჟიმი ტერორისტულ  ორგანიზაციებთან იყო დაახლოებული, რაც მათ უჩენდათ ეჭვს, რომ ერაყის მთავრობას ეს იარაღი შეიძლება ტერორისტებისთვის მიეწოდებინა. ამერიკამ ეს ომი შერაცხა როგორც პრევენციული თავდაცვითი ომი და ამის საფუძველზე გამოიყენა “თავდაცვის განუყრელი უფლება”, მაგრამ, სიტუაციის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ერაყის ომამდელ სიტუაციაზე დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადაჭარბებული იყო და ხოლო მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ერაყი არ აპირებდა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას, იგნორირებული იქნა. მაიკლ ვოლზერი ამბობდა რომ მხოლოდ აგრესია ამართლებს ომს. ამ შემთხვევაში არ იყო არც აგრესიის არც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის ფაქტი, აქედან გამომდინარე, აღარ შეიძლება საუბარი არანაირ თავდაცვაზე როცა მეორე მხრიდან არ მოდის აგრესია.

ბუშის მთავარი არგუმენტი იყო რომ ერაყი მიაწვდიდა მგი-ს ტერორისტებს. ამ არგუმენტს აკლია მტკიცებულება, არ არის დამადასტურებელი საბუთები სადამ ჰუსეინისა და ალ ქაიდას თანამშრომლობის, გარდა ამისა დამტკიცდა ისიც, რომ არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი, ინტერვენციის პერიოდში ერაყში არ არსბეობდა, რადგან ის წინა საუკუნის 90-იან წლებში ყოფილა განადგურებული.

გადავიდეთ მეორე პუნქტზე. ლეგიტიმური ავტორიტეტის საკითხი დადგა მაშინ როდესაც ამერიკამ ომი დაიწყო უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე. ამერიკამ ეს ომი შერაცხა თავდაცვად, თავდაცვის შემთხვევაშ კი გაეროს ქარტიის იხედვით არაა საჭირო უშიშროების საბჭოს თანხმობა, მაგრამ ერაყის ქეისის შემთხვევაში არ იყო არანაირი დასაბუთება იმისა, რომ ერაყიდან მოდიოდა საფრთხე, შესაბამისად ამერიკას უნდა მიეღო უშიშროების საბჭოს თანხმობა ერაყში შეჭრამდე.

კონტრარგუმენტად იყენებენ იმას რომ მართალია უშიშროების საბჭომ არ მისცა თანხმობა აშშ-ს, მაგრამ იყვნენ ამის მსურველი ქვეყნები. ეს არგუმენტი უსაფუძვლოა, რადგან 30 ქვეყანა რომელიც ამ კოალიციას შეადგენდა არ შეიძლება განვიხილოთ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებად. შესაბამისად აშკარაა ამ პუნქტის დარღვევა.

კოალიციამ დაარღვია სამართლიანი ომის მესამე პუნქტი, პროპორციულობა, რადგანაც ერაყში ტრადიციულ შეჭრას ახასიათებდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, თანაც მეორე მხრიდან არ არსებობდა ასეთი რიცხობრივი შეტევის აუცილებლობა, რადგან იმის ალბათობა რომ ერაყი მასობირივი განადგურების იარაღს მიაწვდიდა ტერორისტებს იყო ძალიან დაბალი. ამას გარდა, თუ კოალიციის რწმენით მთავარი საფრთხე იარაღი იყო, ამაზე პროპორციული პასუხი იქნებოდა იარაღის განადგურება და არა ქვეყანაში შეჭრა, ოკუპაცია და მათი კონსტიტუციის ძირფესვიანად გადაკეთება. არის კონტრარგუმენტი, რომ ომი ჰუმანიტარული იყო და სავსებით პროპორციული. გარდაცვლილთა რაოდენობას რომ დავანებოთ თავი მთავრობის სისტემის მოშლა და მისი სხვისით ჩანაცვლება არაპროპორციულია, რადგან ერაყელებისგან მომდინარე საფრთხე არ იყო ასეთი მასშტაბის.

ფაქტების გაცნობის შემდეგ ვხედავთ რომ არც მეოთხე კრიტერიუმი, წარმატების რეალური შანსი არ იყო დაცული. International Commission on Intervention and State Sovereignty-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ომი გამართლებულია, თუ “ქმედების შედეგები უმოქმედობის შედეგზე უარესი არაა”. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ამერიკის ქმედებების შედეგები უმოქმედობაზე უარესია, რადგან ომის შემდეგ ერაყში მივიღეთ სამოქალაქო არეულობა, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებები, რასაც ინტერვენციამდე ადგილი არ ჰქონია.

ამავე პოზიციას იზიარებს არაერთი ამერიკელი პოლიტოლოგი, მათ შორის ფრენსის ფუკუიამა. ის ამტკიცებს რომ ამერიკის წინა მცდელობები სახელმწიფოს შექმნისა, ჰაიტიში, ავღანეთში, ნაურუში ცალსახად არ იყო წარმატებული და ამერიკას უნდა გაეთვალისწინებინა წარსული, სანამ დაიწყებდა ახალ ომს.

რაც შეეხება უკანასკნელ, მეხუთე პოსტულატს. ომი როგორც უკანასკნელი გზა ნიშნავს, რომ ყველა დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხერხები მიღებული და უშედეგო იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია არც ასეთი იმედგადაწურული იყო და არ იყო იმდენად ამოწურული ეს საშუალებები, რომ გავამართლოთ ინტერვენცია.  შეჭრამდე ორი კვირით ადრე, გაეროს მონიტორინგისა და ინსექციის კომისიის ხელმძღვანელმა, ჰანს ბლიქსმა ითხოვა კიდევ რამდენიმე თვე რათა დაესრულებინა შემოწმებები, ამავდროულად ერაყი აჩქარებდა განიარაღების პოლიტიკის განხორციელებას, ასევე აღსანიშნავია რომ ერაყის მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ შესთავაზეს მშვიდობა ვაშინგტონს. ერაყის შემოთავაზება მიჩნეული იქნა არასანდოდ და ითქვა, რომ საშიში იყო ერაყისთვის დამატებით დროის მიცემა. ამგვარად ომის დაწყება არღვევს უკანასკნელი გზის კრიტერიუმს, რადგან იყო მინიმუმ ორი გზა, თუმცა ორივემ  მიიღო არაადეკვატური პასუხი.

ამრიგად მივიღეთ სიტუაცია, რომელშიც სამართლიანი ომის არცერთი კრიტერიუმი დაკმაყოფილებული არაა. გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმაც კი 2004 წელს განაცხადა, რომ პირადად მისი გადმოსახედიდან, ასევე გაეროს ქარტიის გათვალისწინებით, ეს ომი იყო არაკანონიერი.

დასკვნა

ნაშრომის მიზანი იყო დამედგინა არსებობს თუ არა სამართლიანი ომი რეალობაში, იცავენ თუ არა ძლიერი ქვეყნები საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს ომის შესახებ. ცხადია, მხოლოდ ორი ქეისის განხილვით, შეუძლებელია დავამტკიცოთ აბსოლუტური ჭეშმარიტება, თუმცა ეს ორი კონფლიქტი და მისი განხილვა საკმაოდ კარგად გვიხატავს არსებულ სურათს. ჩვენ ვნახეთ ორი ძლიერი მოთამაშის, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ქმედებები. ერთი ათი წლის წინანდელი ისტორიაა, ერთიც კი სულ ახლახანს მოხდა, თუმცა მათ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, რაც საერთაშორისო სამართლის და სამართლიანი ომის თეორიის უგულვებელყოფით შეიძლება დავასათაუროთ. შესაძლოა ქვეყნები ცდილობენ საკუთარი ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინონ ამა თუ იმ ნორმაზე მორგებით, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით კონკრეტულ ქმედებებს და ანალიზს გავუკეთებთ ფაქტებს, ვნახავთ, რომ უმეტესწილად (ამ ორი ქეისიდან გამომდინარე შეიძლება მხოლოდ საუბარი შემთხვევების უმეტესობაზე, მაგრამ არა აბსოლუტურ უმრავლესობაზე) საერთაშორისო ურთიერთობები რეალისტური სურათით ვითარდება და ძლიერი ქვეყნები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ.

გამოყენებული ლიტერატურა

  • Yoram Dinstein, War, Aggression and Self-Defense. Cambridge University Press, (2003)
  • MARCELO G. KOHEN, SECESSION International Law Perspectives, Cambridge University Press, (2006)
  • Chesterman, S, Just war or just peace: humanitarian intervention and international law, Oxford; New York, Oxford University Press, (2001)
  • Gregory P. Noone, The History and Evolution of the Law of War Prior to World War II,(2000).
  • Enemark, C. and Michaelsen, C. ‘Just War Doctrine and the Invasion of Iraq’, Australian Journal of Politics and History, (2005)
  • Greeley, A. M. A stupid, unjust, and criminal war: Iraq, 2001-2007, Maryknoll, N.Y., Orbis Books, (2007)
  • “Charter of the United Nations: Chapter VII: Action with Respect to Threats to the Peace, Breaches of the Peace and Acts of Agression”.
  • Don Hubert and Thomas G. Weiss et al. The Responsibility to Protect: Supplementary Volume to the Report of the International Commission on Intervention and State Sovereignty. (Canada: International Development Research Centre, 2001)
  • “International law and legality of secession in Crimea” Cambridge Journal of International and Comparative Law (20 April 2014)
  • “Crimea and the Limits of International Law” EJIL: Talk (10 March 2014) – http://www.ejiltalk.org/crimea-and-the-limits-of-international-law/
  • “Crisis in the Crimea: The Showdown Between Ukraine and Russia,”- http://storymaps.esri.com/stories/2014/crimea.
  • “Russian forces move on Crimea air base, European monitors head to Ukraine,” AlJazeera America (22 March 2014), – http://america.aljazeera.com/articles/2014/3/22/osce-russia-crimea.html.
  • “Ukraine’s Yanukovych asked for troops, Russia tells UN,” BBC News Europe (4 March 2014), – http://www.bbc.com/news/world-europe-26427848.

 ავტორი: რევაზ თოფურია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *