ისტორია,პოლიტიკა

ტოტალიტარიზმი – რუსული სპეციფიკა

20 May , 2015  

„XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, ოცწლიანი უნაყოფო და თვითმომსპობი „ძალისხმევების“ შედეგად საქართველო დაუბრუნდა იმ გზაჯვარედინს, რომელზედაც იგი იდგა.“

 ჯანრი კაშია, საქართველო 228 წლის გზასაყარზე

 შესავალი

მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა ტიპის, სიძლიერისა და ზეგავლენის მქონე პოლიტიკური რეჟიმი არსებობდა. პლატონის შემდეგ კაცობრიობა ეძიებდა და ცდილობდა მოეფიქრებინა საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სისტემა, რომლის ჩარჩოშიც „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას“1 და იქნებოდა მიღწეული საყოველთაო ბედნიერება, კმაყოფილება და თანასწორობა. სამწუხაროდ, ხშირად საუკეთესო იდეებიც კი არასწორად გაიაზრება, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ ლერნეს ჰიდრას2 მრავალი თავით, რომლის მთლიანად ამოძირკვა ხშირად შეუძლებელიც კი ხდება. XX საუკუნემ ამ ჰიდრას არსებობისთვის საუკეთესო გარემო შეუქმნა კაცობრიობის სწრაფმა განვითარებამ, ადამიანთა დაუკმაყოფილებლობის სურვილმა შექმნა ნიადაგი იმისთვის, რომ ადამიანებს დაევიწყებინათ საკუთარი ბუნება და უარი ეთქვათ საკუთარი ბედისწერის განსაზღვრაზე.

ადამიანებმა ეს უფლება და პასუხისმგებლობა გადასცეს სხვას, გერმანიაში – ფიურერს, იტალიაში – დუჩეს, რუსეთის იმპერიაში კი ეს უფლება მიითვისა სტალინმა. XX საუკუნე თავისი არსით არის კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ეტაპი როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ არა ვესტფალიური ტიპის სახელმწიფოები და მათი მმართველების ინტერესები, არამედ იდეოლოგიები. მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიების კონფლიქტის პირველი გამოვლენა – თავისუფალი დასავლეთი დაუპირისპირდა ფაშისტურ გერმანიას.

ცხადია,  ამ  დაპირისპირებაში  უზარმაზარია  საბჭოთა  კავშირის  წვლილი,  ხოლო კურსკსა და ტექსელზე დაღუპული ქართველები ზუსტად ასევე იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, როგორც ნორმანდიაში ამერიკელები და ბრიტანელები, მაგრამ საბჭოთა კავშირისა და გერმანიის შერკინება იყო ორი ტოტალიტარისტული მონსტრის შერკინება, რაც კიდევ უფრო გამოაშკარავდა ცივი ომის დაწყებასთან ერთად, რომელიც იყო ბრძოლა თავისუფლებასა და ტოტალიტარიზმს შორის.

ჯანრი კაშიას ნაშრომი „ტოტალიტარიზმი“ განიხილავს სწორედ ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებას ტოტალიტარიზმსა და თავისუფლებას შორის.

წიგნში მთავარი აქცენტი გადატანილია რუსული ტოტალიტარიზმის განვითარებაზე, რაც სავსებით ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნის დაწერის მომენტში საქართველო საბჭოთა ტოტალიტარისტური სისტემის ნაწილი იყო და, იმავდროულად, საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ ტოტალიტარისტულ სახელმწიფოს. „ტოტალიტარიზმი“ დაყოფილია 4 ნაწილად – „რუსეთი თუ საბჭოთა კავშირი“, „რუსული გზა. ივანე მრისხანედან სტალინამდე“, „იოსებ სტალინი“, „ტოტალიტარიზმის რეინკარნაციები“ და აზრობრივად 1990-იანი წლებით მთავრდება.

1990-იან   წლებში   საბჭოთა   კავშირის   დაშლით   დასრულდა   ცივი   ომი, თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა, პირველი შეხედვით „ტოტალიტარიზმი“წიგნის თაროზე უნდა შემოვდოთ და მხოლოდ წარსულის აღსაწერადღა გამოვიყენოთ.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა – მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა კოლაფსი განიცადა, რუსული ტოტალიტარიზმი, „დერჟავნიკულობის იდეა“ დღემდე ცოცხლობს. ბორის ელცინის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო რუსული ნეო-ტოტალიტარიზმი, რომელიც მთელი თავისი არსით არის ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს დროინდელი „რუსული გზის“ გაგრძელება. სამწუხაროდ, რუსეთში მიმართებაში ტოტალიტარიზმის დამარცხება შეუქცევადი არ ყოფილა; მან განიცადა კიდევ ერთი რეინკარნაცია და ისევ მოგვევლინა ორსახოვანი იანუსივით3, რომლის ერთი სახე დემოკრატიულობაა – მოსახლეობის მიერ მთავრობის ქმედებების უზარმაზარი მხარდაჭერა, ხოლო მეორე – თავისუფალი აზროვნების ჩახშობა და მოწინააღმდეგეთა დევნა, დაჭერა ან მკვლელობაა.

წიგნის დასკვნით ნაწილში „ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია“ ჯანრი კაშია აღნიშნავს: „[…] რუსეთში პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღებისა და ყველა წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, ახალ სახელმწიფოთა კვლავ დაპყრობა და,შემდეგ, მათი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება უშვებს ორ გზას: ერთი-მოსპობილიყო ეს სახელმწიფოები და აღდგენილიყო „რუსეთის ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“ […]; მეორე – არა მარტო დაეტოვებინათ არსებული დაპყრობილი სახელმწიფოები ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ერთეულებად, არამედ მაქსიმალურად მოეხდინათ მათი „დენაციონალიზაცია“[…].“ 

აშკარაა,   რომ   რუსეთი   დღესაც   ცდილობს   ამ   პოლიტიკის   გატარებას.

საქართველო გახდა დენაციონალიზციის მსხვერპლი, ხოლო დღეს უკრაინა არის მსხვერპლი „რუსეთის ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოს“ იდეისა. საბჭოთა კავშირი დაიშალა და განადგურდა კომუნისტური იდეოლოგიის ფუნდამენტი, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი ადგილი დაიკავა კვაზიიდეოლოგიებმა, რომელთა შორისაცაა ნაციონალისტურ-ჰუმანიტარული დერჟავნიკულობა4, რაც ამჟამად უკრაინაში ხდება.

ჯანრი კაშიას „ტოტალიტარიზმს“ არ დაუკარგავს აქტუალურობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. პირიქით, დღეს, როდესაც რუსული ნარატივისა და მოტივების გააზრება ძალიან რთულია, ეს წიგნი იძლევა აუცილებელ მინიშნებებს და ხშირად პირდაპირ პასუხებსაც კი. ძალიან დიდ პატივისცემას იწვევს ის გარემოება, რომ თეორიული ჩარჩოები, რომლებიც ჯანრი კაშიამ შემოხაზა დღესაც მოქმედებს, ხოლო  სოციალურ  მეცნიერებებში  ნებისმიერი  თეორია  მით  უფრო  ფასეულია, რამდენადაც შესაძლებელია მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. საქართველოს ხელისუფლებას 1990-იან და 2008 წლებში რომ ემოქმედა ამ წიგნში გატარებული აზრების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ გაცილებით მომზადებულად დავხვდებოდით იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე წარმოიშვა.

მიუხედავად წარსულის შეცდომებისა, ჩვენ მაინც გვაქვს შანსი, რომ თავად განვსაზღვროთ ქვეყნის აწმყო და მომავალი. რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიის შექმნისას აუცილებელია იყოს გათვალისწინებული ის თეორიული ფუნდამენტი, რომელიც დაგვიტოვა ჯანრი კაშიამ, ამაზე დამოკიდებულია ჩვენი სიცოცხლინურაიანობა და გამოწვევებზე გაცემული პასუხის ეფექტურობა. ჯანრი კაშიას ვარაუდი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა 1992 წლისთვის გამართლდა.

გამართლდა ის ვარაუდიც, რომ საბჭოთა მმართველობის სისტემა გააგრძელებდა არსებობას, მაგრამ მას დარჩა კიდევ ერთი ვარაუდი, რომლის თანახმადაც ჩვენ ვართ რუსული ტოტალიტარიზმის უკანასკნელი ინკარნაციის შემსწრენი, რომლის შემდეგააც მოხდება სრულიად სხვა ღირებულებებზე დაფუძნებული რუსეთის აღმოცენება.

მთავარია, რომ ამ ცვლილების ფასი უზომოდ მაღალი არ იყოს.

რუსული ტოტალიტარიზმის საფუძვლები

რუსული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან

რუსული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის ფესვებზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ რუსეთის, როგორც ეთნო-პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების ლეგენდარული მოვლენები და ის მუდმივი პრობლემები, რომლებიც, მათ შორის, ამ მითის გამო წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული რუსული სახელმწიფოებრივი ერთეულები არსებობდნენ IX საუკუნემდეც (ლეგენდა კიის, შეკისა და ხორივის მიერ კიევის დაარსებისა), რუსულმა სახელმწიფოებრიობამ ჩამოყალიბება 862 წლიდან დაიწყო, როდესაც მმართველად მოიწვიეს სკანდინავიელი რიურიკი. რუს ისტორიკოსებს შორის დღემდე კამათის წყაროა როგორც თვითონ რიურიკის ფიგურა, ასევე მისი წვლილი რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მაგრამ ერთი რამ უდავოა – ამ გადმოცემამ დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი ნარატივი, რომელიც შემდგომში მრავალჯერ გარდაისახა და საბოლოოდ რუსულ ტოტალიტარიზმად მოგვევლინა. ვიკინგების მიმართება ძალაუფლებისადმი და განსაკუთრებული სისასტიკე დაფიქსირებულია არაერთ ისტორიულ წყაროში;

ცხადია, შესაძლებელია, რომ რიურიკი ყოფილიყო გამონაკლისი – გამორჩეული კეთილი და დადებითი ხასიათით, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას შეძლებოდა ვიკინგების მიყვანა ნოვგოროდამდე და ნოვგოროდის მბრძანებლობა.

ძალიან დიდია ალბათობა, რომ ერთადერთი ფასეულობა, რომელსაც ვიკინგები იზიარებდნენ და რომლის მიღწევასაც ცდილობდნენ ყველა ღონითა და ხერხით, იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. სკანდინავიური პანთეონის მებრძოლი ბუნებისა და მითების სისხლიანი, სამხედრო ელფერი ცხადია გამორიცხავდა იმ ქრისტიანულ უარს ძალაუფლებაზე, რომელსაც ქრისტემ დაუპირისპირა გონება, ნებისყოფა და რწმენა.

სავარაუდოა, რომ რუსული „ძალაუფლების იდეალისა“ და „ხალხის“ დაპირისპირება საფუძველს იღებს ვარიაგების შემოსვლის შემდეგ – რიურიკი იყო ადგილობრივ ტრადიციებს მოწყვეტილი, სავარაუდოდ სასტიკი მმართველი, რომელიც სლავური სოციუმიდან სრულიად ამოვარდნილი იყო, ის და მისი მეომრები მის სოციუმის გარეთ იდგნენ. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძალაუფლებისა და ხალხის დაპირისპირება, რომელსაც ხაზს უსვამს ჯანრი კაშია, გარკვეული სახით, დაიბადა სწორედაც რომ რიურიკისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირებით;

მართალია, იმ პერიოდში საკმაოდ რთულია ეთნიკურობაზე საუბარი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაექვემდებარა უცხოურ ძალას ადამიანთა ფსიქოლოგიაში უნდა ასახულიყო.

მაშასადამე, რუსეთის ისტორიის „ძალაუფლების ღერძის“ მონაწილე თუ არა, უახლოესი წინაპარი არის რიურიკიც, რომლის მმართველობამ საფუძველი ჩაუყარა არა მარტო „ძალისა და ხალხის დაპირისპირებას“, არამედ ასევე რუსეთის დუალისტურ ბუნებას, მის მერყეობას დასავლურ და აზიურ ძირებს შორის. რიურიკი პირველი იყო, ვისშიც რუსული დუალიზმი სრული სიძლიერით აირეკლა. მის დროს სლავური ტომები მზად იყვნენ გაერთიანებისთვის, მათ სურდათ ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა და ამიტომაც ისტორიულ ბადეში მყოფი სლავებისა და რიურიკის პიროვნების მიმართება უაღრესად ლოგიკური და ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა რუსული სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები, შეიქმნა ცეზარ-კეისრული ძალაუფლების სკალა, რომელიც ძალაუფლებას, დამორჩილებას, მასათა კონტროლს ყველა სხვა ფასეულობაზე წინ აყენებდა. როგორც აღნიშნავს ჯანრი კაშია, ერთადერთი გზა, რომელიც ტოტალიტარიზმის მონსტრთან დაპირისპირებაში გამარჯვების მომატანია, არის პიროვნული და ეროვნული შესაქმის დომინირება, ფიურერსა და მასათა მპყრობელს უმარტივდება მასების ანთება, მათი კონტროლი და მათთვის მიზნების დასახვა, მაგრამ ძალიან უჭირს იმავეს გაკეთება ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში. ნებისმიერ რეჟიმს ეშინია არა მასობრივი გამოსვლებისა, ან უფრო ქარიზმატული ლიდერის, არამედ რიგითი ადამიანის, იმისი, ვისაც საბჭოთა კავშირში „ინტელიგენტს“ უწოდებდნენ.

ამავდროულად არასწორი იქნება რუსული ტოტალიტარიზმის ფესვების ძიება მხოლოდ ისტორიულ გარემოებებსა და ფაქტორებში. იმ გარემოებამ, რომ რუსეთი არასდროს გამოირჩეოდა ბუნებრივი რესურსების სიმწირით, იქნებოდა ეს მიწა,ძვირფასი მეტალები თუ ნავთობი, გამოიწვია „მომხმარებლური“ დამოკიდებულების გაჩენა. გამოეწოვათ მიწისგან რაც შეიძლება მეტი მასში რაც შეიძლება ნაკლები დროის, შრომისა და სახსრების ინვესტირებით. ამგვარმა „მომხმარებლურობამ“ გაართულა მომუშავე ბიუროკრატიული აპარატის შექმნა, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო არსებულ საგარეო პოლიტიკურ და ბუნებრივ გამოწვევებზე ეფექტური მოპასუხე, იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის – უზენაესი მმართველის საკეთილდღეოდ. პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი დააყენა სოციუმს გარეთ, იყო რიურიკი. მას შემდეგ ყველა რუსი მმართველი ცდილობდა დესპოტური სისტემის ჩამოყალიბებას, როდესაც იერარქიაში უფრო დაბლა მყოფი ადამიანი წარმოადგენდა მასზე მაღლა მყოფის საკუთრებას; როდესაც პირამიდის ქვედა ნაწილი ზედა ნაწილს არა ჩვეულებრივ ადამიანებად, არამედ ზებუნებრივ, მათზე გაცილებით მაღლა მყოფ არსებებად მიიჩნევდა. სამწუხაროდ, ეს დღესაც ასეა – რუსეთის პრეზიდენტი არ არის ჩართული სახელმწიფოებრიობის ვერტიკალში, ის დგას მის გარეთ და ამ ერთგვარი ელიზიუმიდან მართავს სახელწმიფოს. ყველაზე მეტად ეს სიტუაცია ჩანდა დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს, როდესაც არჩეული პრეზიდენტი ასრულებდა „ადგილის შემნახველის“ როლს. ამგვარი მმართველობის სისტემა წარმოშობს უამრავ პრობლემას, დაწყებული იმით, რომ გაუგებარია, თუ რეალურად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და დასრულებული ანგარიშვალდებულების არქონით – ქაღალდზე პასუხისმგებელი შეიძლება ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული სხვა ადამიანის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში, საბოლოო ჯამში, დაინგრა მეგალოსოციალისტური ტოტალიტარული ერთპარტიული სისტემა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთში კომუნისტური პარტია აღარ არის მთავარი იდეოლოგიური ძალა; ძალაუფლება რუსეთში დღემდე განიხილება, როგორც კერძო საკუთრება, რომლის ხელში ჩაგდება, ერთი მხრივ, აყენებს მომხვეჭელს ჩვეულებრივ ადამიანებზე მაღლა და, მეორე მხრივ, წარმოადგენს ამ ადამიანის კერძო საკუთრებას, რომლის დათმობა მას ცხოვრების ბოლომდე არ სურს. საბჭოთა კავშირის უახლოეს ისტორიაში ამგვარმა დამოკიდებულებამ ერთხელ უკვე გამოიწვია „კუბოების აღლუმი“, როდესაც არსებულმა გერონტოკრატიამ განიცადა კოლაფსი და პარტიამ სცადა განახლება გორბაჩოვისთვის ძალაუფლების გადაცემით.

ივანე მრისხანე

კვანძი I, რუსული სახელმწიფოებრიობისა და ფუნდამენტური იდეების სათავეები 

ჯანრი კაშიას ნაშრომი შინაარსობრივად იწყება XVI საუკუნიდან, როდესაც დაიწყო ერთიანი რუსული სახელმწიფოს ცენტრალიზაცია და ჩამოყალიბება ივანე IV მრისხანეს მმართველობით. ივანე მრისხანეს გამეფება და მის მიერ გატარებული პოლიტიკა მართლაც ფუძემდებლური აღმოჩნდა რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ივანე იყო რუსეთის პირველი მმართველი, რომელმაც დაიწყო დანაწევრებული ფეოდალური სამთავროების გაერთიანება ერთიან, ძლიერ სახელმწიფოდ; ასევე, ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ივანე მრისხანე იყო რუსეთის პირველი მმართველი, რომელიც ტახტზე ავიდა ფორმალური ცერემონიალის დაცვით – თავადებისა და უცხოელი ელჩების თანდასწრებით, მიტროპოლიტის კურთხევითა და მისი ძალაუფლების ღვთიური ბუნების აღიარებით.

ივანე მრისხანეს მიერ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის მთავარი სიმბოლო გახდა „ოპრიჩნინა“, რეპრესიული აპარატი, რომელიც მეფის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ჯანრი კაშია აღნიშნავს, რომ ამ აპარატის გამოგონებამ და მისმა ფართო გამოყენებამ რუსული ისტორია ორ ნაწილად გაყო – „ოპრიჩნინამდე“ და „ოპრიჩნინის“ შემდეგ. ამ რეპრესიული აპარატის თავში მდგომი პიროვნება აღიქმებოდა მოსახლეობის მიერ როგორც უცხო, მათზე მაღლა მდგომი არსება, რომელზე  ფიქრიც  კი  დასჯადი  იყო.  ტერორისა  და  მასობრივი  მკვლელობების შედეგად ივანემ შექმნა რუსული იდეოლოგიის ქვაკუთხედი – „გაუცხოებული და თავის თავში ჩაკეტილი ძალაუფლება“. მაშინ, როდესაც დასავლური სახელმწიფოებრივი იდეები აღმოცენდა ძალაუფლების დანაწილების პრინციპზე, როდესაც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოები აკონტროლებენ ერთმანეთს და ერთმანეთის წინაშე ანგარიშვალდებულება გააჩნიათ, რუსეთში არავითარი ანგარიშვალდებულება არ არსებობდა, გარდა უპირობო დამორჩილებისა პირამიდის თავში მყოფი ადამიანისადმი.

ივანე მრისხანეს პოლიტიკა იყო არამარტო ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ, ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ – რუსული ცივილიზაციის აკვნების, თავისუფალი, მდიდარი სავაჭრო ცენტრების ნოვგოროდის, ფსკოვისა და ტვერის განადგურება და დამორჩილება მიზნად ისახავდა თავისუფლების იდეალის განადგურებას, მოსახლეობის ტოტალურ დემორალიზებასა და დამორჩილებულ მდოგმარეობაში მათ გადაყვანას. ივანეს ოპრიჩნინა იყო სახელმწიფო სახელმწიფოს შიგნით, ორგანიზაციის ახალი ფორმა, რომელიც არა მარტო უარს ამბობდა ძალაუფლების ტრადიციულ მეთოდებზე (ბოიართა საბჭო და სხვ.), არამედ პირდაპირ ებრძოდა მათ. მისი საბოლოო მიზანი იყო სრულიად ახალი ადამიანის – ადამიანი-მონის ჩამოყალიბება, რომლის ცხოვრებისეული ფუნქცია იქნებოდა პირამიდის თავში მჯდომის მომსახურება. ზუსტად იგივე მოგვიანებით მოხდა XX საუკუნეში, როდესაც ივანე IV-ის მიერ შექმნილმა მმართველობის ფორმამ კიდევ უფრო უარესი სახე მიიღო.

ამავე პერიოდში გამოიკვეთა რუსული დამოკიდებულება მეზობლებისადმი – ტოტალური შიშისა და ტერორის5 პირობებში უამრავმა ადამიანმა სცადა თავის შეფარება ლიტვასა და პოლონეთში, რამაც მბრძანებლის უკმაყოფილება გამოიწვია და მეზობლების განადგურების სურვილი აღუძრა. საინტერესოა, რომ ისტორია განმეორდა – თანამედროვე რუსეთი ზუსტად ისე უყურებს საქართველოსა და უკრაინას, როგორც მანამდე უყურებდა პოლონეთსა და ლიტვას. ივანე მრისხანეს დროს ჩამოყალიბდა რუსული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი 2 ცნება – ენა, როგორც Lingua Franca და რუსიფიკაციის უძლიერესი იარაღი და „ფდაცული საზღვრების“ იდეა. ორივე ეს იდეა დღესაც არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის განმაპირობებელი – რუსულენოვანი მოსახლების დაცვით ცდილობდა რუსეთი უკრაინაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამართლებას, ხოლო მუდმივი დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის დიდწილად ნატოს გაფართოებით და რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბაზების გახსნით იყო გამოწვეული.

ივანეს გარდაცვალებასთან ერთად მთელი ეს მწყობრი, ერთ ადამიანზე მორგებული სისტემა მოიშალა და 100 წლის განმავლობაში რუსეთში გაურკვევლობამ დაისადგურა. ივანეს რეპრესიულმა აპარატმა თითქმის გაანადგურა ადრე არსებული წყობა – მაგრამ ახალი წყობა არასაკმარისად მყარი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია რუსეთის მცდელობა, დაბრუნებულიყო განვითარების „ბუნებრივ“ გზაზე – დაგვიანებულ და წარუმატებელ, სოციუმის გაბრძოლებად გადაიქცა, ერთგვარ თვითგანწმენდად, რომლის ანალოგი მოხდა 1990-იან წლებში. ორივე ეს პროცესი უაღრესად სისხლიანი და ძალადობრივი აღმოჩნდა და ორივეს მოჰყვა თან ახალი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება – პირველ შემთხვევაში რუსეთის სამეფო გადაიქცა რუსეთის იმპერიად, ხოლო მეორე შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია გადაიქცა ტოტალიტარული სახელმწიფოს ანარეკლად.

ორივე მათგანს აერთიანებდა ერთი რამ – როგორც პეტრე I, ასევე ვლადიმირ პუტინი საკუთარ ხელისუფლებასა და ძალაუფლებას იმ ფასეულობებზე აფუძნებენ, რომლებიც შეიმუშავა ივანე მრისხანემ; ორივე მათგანმა გაზარდა რუსეთის ტერიტორია, მოახდინა „ცხოვრების“ იდეის ამოძირკვა და მისი შეცვლა „ნაციონალური მსახურების“ იდეით და გააძლიერა რუსული დუალიზმი – ერთმანეთის მიმართ გაუცხოებული „ხალხსა“ და „თვითმპყრობლის“ ( „მსახურებრივი ბიუროკრატიითურთ“) მიმართება.

პეტრე I

კვანძი II, რუსული მოდერნიზაცია

პეტრე I არის რუსული ისტორიის ყველაზე დიდი, ყველაზე პატივცემული ფიგურა, მეფე, რომელსაც რუსულ ცნობიერებაში უკავია ისეთივე ადგილი, როგოც დავით აღმაშენებელს – ქართულში. პეტრეს მრავალ საქმეს შორის ყველაზე მეტად ფასობს მის მიერ წამოწყებული „ევროპეიზაცია“, რომელმაც ევროპის მიყრუებულ გადაკარგულში არსებული ქვეყანა გადააქცია კონტინენტის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ. პეტრე პირველის რეფორმები, ისევე, როგორც მისი წინამორბედისა, იყო დიდწილად განპირობებული რუსული ძალაუფლებისადმი დამახასიათებელი მაქსიმით – „მეფე დგას სისტემის გარეთ“. ივანე მრისხანეს მსგავსად პეტრემ გადაწყვიტა სისტემის დანგრევა და მის ადგილას ახლის შექმნა – მაგრამ ისე, რომ თვითონ დარჩენილიყო ამ სისტემის გარეთ. მას სურდა ევროპეიზაცია, ოღონდ ევროპეიზაცია რუსულ სტილში, მთავარი იდეის – ანგარიშვალდებულების გარეშე.

მაშინ, როდესაც ევროპაში მეფე იყო თავისი კლასის წარმომადგენელი და მის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, რუსეთსა და აღმოსავლეთში არსებობდა მმართველობის სრულიად სხვა, დესპოტური ფორმა, როდესაც მმართველი ანგარიშვალდებული არ იყო არავის წინაშე. რუსეთისთვის მთავარი „ევროპეიზაცია“ იქნებოდა ამ იდეის დანერგვა და მისი დაცვა – მაგრამ ამ შემთხვევაში პეტრეს რეფორმების ჩატარება ძალიან გაჭირდებოდა. როგორც აღნიშნავს ჯანრი კაშია, „ევროპაში მეფის პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც იურიდიული, თავისი „კლასის“ და, აგრეთვე, ყველა „კლასის“ მიმართ, იყო გარანტირებული საზოგადოებრივი განვითარების უწყვეტი ტრადიციით და საზოგადოებრივი ინსტიტუტების შინაგანი ევოლუციით.“ რუსეთის მთელი ისტორიის მანძილზე დაკარგული უწყვეტი იყო ტრადიცია, ევოლუცია და ამის ნაცვლად ადგილი ჰქონდა „აფეთქებებს“ – რიურიკი, ივანე, პეტრე, სტალინი – ოთხივე მათგანი ანგრევდა ძველს და ქმნიდა ახალს, იმის ნაცვლად, რომ გაეთვალისწინებინათ წარსულის გამოცდილება და ახალი შეექმნათ უწყვეტი ტრადიციის ევოლუციით.

ამგვარი „აფეთქდებების“ შედეგი გახდა რუსული დუალიზმი – „საკეისრო საქმის ღერძის“, ანუ სახელმწიფოსადმი მსახურებისა და „ეროვნული ცხოვრების ღერძის“ გაუცხოება; სახელმწიფო ინტერესების უმაღლის მწვერვალზე დაყენება იმ აზრის დავიწყებით, რომ სახელმწიფო შედგება ადამიანებისგან და შეუძლებელია ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს შექმნა მასში მცხოვრები ინდივიდების მასად გადაქცევითა და მათი ინდივიდუალიზმის დაკარგვით.

პეტრე პირველმა ეს პროცესი შეუქცევადი გახადა, რადგანაც მისი მთავარი მიღწევა არის არა რუსეთის ევროპეიზაცია, არამედ მისი მილიტარიზაციული მოდერნიზაცია – ყველა სხვა რეფორმასაც უნდა შევხედოთ სამხედრო მოდერნიზაციის ჭრილში. რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის სამართავად აუცილებელი იყო ძალაუფლების განმტკიცება და უზომოდ გაზრდილი საზღვრების დაცვა (რუსეთის პერმანენტული გამოწვევა – უსაფრთხო საზღვარი, ბუფერული ზონა, რომელსაც არაერთი მეზობელი შეეწირა). პეტრემ შექმნა ძლიერი საჯარო მმართველობის აპარატი, მაგრამ თვითონ ისევ ამ აპარატს გარეთ დარჩა და მან შეინარჩუნა ივანესეული მიდგომა, როდესაც პირამიდის ქვემოთ მყოფი წარმოადგენს ზემოთ მყოფის „საკუთრებას“. ამ რეფორმების შედეგად სახელმწიფო სამსახური გახდა „კორმუშკა“ (საძოვარი), ხოლო სახელმწიფო – „საწველი ძროხა“; ამ ფსიქოლოგიურმა მიდგომამ გამოიწვია რუსული სისტემის აბსურდული ვერტიკალი, როდესაც პირამიდის ქვედა დონეებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, რამდენადაც უმნიშვნელო არ უნდა იყოს ის.

პეტრე      I-ის      რეფორმებმა    შექმნა    ძალაუფლებრივ-ბიუროკრატიული, „თვითგაუცხოებადი“, მილიტარისტული სისტემა, რომლის მეშვეობით მის შთამომავლებს უნდა დაეპყროთ და გაეზარდათ იმპერია.

 

სტალინი და XX საუკუნის რუსული ტოტალიტარიზმი

კვანძი III, განმაპირობებელი

იოსებ სტალინის პიროვნების შეფასებისას არის ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება – ეს არის მისი უზარმაზარი, მანიაკალური სიყვარული ძალაუფლებისა, აბსოლუტური კონტროლისა ადამიანთა სიცოცხლესა თუ სიკვდილზე. სტალინის ბიოგრაფიაში არის უამრავი ეპიზოდი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ამ ვარაუდის გასაძლიერებლად, თუმცა ყველაზე კარგად ამას აჩვენებს მისი დამოკიდებულება მისსავე ქვეშევრდომებისადმი და უახლოესი თანამებრძოლებისადმი, კომუნისტური პარტიის ძლევამოსილი „ბონზებისადმი“, რომლებიც, ხალხის თვალში ძლევამოსილი მდივნები, სინამდვილეში კი შიშით შეპყრობილი პარტიული ფუნქციონერები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიამ იცის უამრავი დიქტატორის სახელი, მხოლოდ ერთმა მათგანმა – სტალინმა – დატოვა ესოდენ დიდი „ანდერძი“. „რკინის ფარდა“, რუსული ბიუროკრატიის სტრუქტურა და ძალაუფლების დაფუძნება სიკვდილის შიშზე – ეს არის ის 3 მთავარი მიღწევა, რომელიც სტალინმა შთამომავლობას დაუტოვა.

სტალინსა და ტოტალიტარიზმზე საუბრის გაგრძელება შეუძლებელია „რეჟიმისა“ და „საზოგადოების“ შორის მკვეთრი გამიჯვნის გარეშე: როგორც ჯანრი კაშია აღნიშნავს, „წყობას, რომელშიც უფლებებისა და მოვალეობების წონასწორობა დარღვეულია, ანუ ერთ მხარეს აქვს მხოლოდ უფლება, ხოლო მეორეს კი – მოვალეობა, ეწოდება რეჟიმი“. ასეთ სისტემაში შეუძლებელია საუბარი რაიმე ტიპის ბუენებრიბაზე, მასში ბუნებრივი, სისტემაწარმომქმნელი ფაქტორები აღარ მუშაობას და ის, როგორც წესი, მიბმულია ერთი ადამიანის ნებას. „უჩინარი ხელი“ ქრება და მის ადგილს სავსებით ცოცხალი, ჩვეულებრივი ადამიანი იკავებს. საბჭოთა კავშირის მაგვარ სისტემებში, სადაც პარტიული ბიუროკრატია მოწყობილია უმკაცრესი ვერტიკალის სახით ის კარგავს თავდაპირველ ფუნქციას – იყოს შემაკავშირებელი კიბე და ხდება მის თავში მყოფის დამცველი, ცოცხალი ფარი, რომელიც აღმართულია ხალხსა და უზენაეს მმართველს შორის. ასეთი სისტემები თვისობრივად მიდრეკილია გარყვნისკენ, კორუფციისა და არაეფექტურობისკენ. გერმანული ნაციონალ- სოციალიზმისგან განსხვავებით, რომლის მნიშვნელოვან პოსტულატს წარმოადგენდა გერმანელის უზენაესობა სხვა ერის წარმომადგენლებზე, საბჭოთა კავშირში „მტრად“ აღიქმებოდა არა მარტო უცხო, არამედ საკუთარი მოქალაქეც კი.

სტალინმა შექმნა სისტემა, რომელიც მის ბელადზე უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ სტალინის მიერ შემუშავებული იდეები ხალხის სამართავად საკმაოდ გამოსადეგი იყო, ხოლო რეპრესიებმა და ტოტალურმა ტერორმა სრულიად გაანადგურა წინააღმდეგობა. მიუხედავად ყოველივე ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინის გარდა არც-ერთ სხვა კლასიკურ დიქტატორს არ დახვედრია ტოტალიტარიზმისთვის მომზადებული ხალხი და იდეოლოგია. XX საუკუნის ტექნიკურმა პროგრესმა ხალხის მასებზე ზეგავლენის მოხდენა გაამარტივა, გაამარტივა ასევე მასობრივი ტერორის განხორციელება, რაც სტალინმა ბრწყინვალედ გამოიყენა – მარტივად რომ ვთქვათ, ის სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდა.

სტალინისა და კომუნისტური იდეოლოგიის პოსტულატებისა და ქმედებების განხილვა შესაძლებელია 2 თვალსაზრისით – პირველი, პროგრესისტული გულისხმობს იმას, რომ არსებობს მიზანი – სრულყოფილი, ჰარმონიული და საკეთილშესაქმო წყობის დამყარება, რომლის მისაღწევ გზაზე შესაძლებელია იყოს გარკვეული პრობლემები და წინააღმდეგობები, რომლებიც აუცილებლად დასაძლევია (მათ შორის მოწინააღმდეგეთა ფიზიკური განადგურების გზით); და მეორე, რეგრესისტული ლოგიკა, რომლის მთავარი მიზანი არის დროის არსებული მომენტის განყენება, მისი გამარადისება წარმოადგენს. ამ ლოგიკაში რეალობის ადგილს იკავებს იდეოლოგია, რომელიც განაპირობებს ყველა ქმედებას. ცხადია, რომ სტალინისეულ საბჭოთა კავშირს გაცილებით უკეთესად აღწერს მეორე, რეგრესისტული ლოგიკა. სტალინის მიზანი იყო საკუთარი ძალაუფლების განყენება და მისი დაყენება არამარტო სისტემის გარეთ (სადაც ის ისედაც იყო), არამედ დროის გარეთაც კი. ერთადერთი, და მთავარი, რაც მან ვერ გათვალა, არის მისივე სიკვდილი.

რუსული ძალაუფლების კონცეფცია (რუსული გზა)

რუსული ძალაუფლების კონცეფციაზე საუბრისას აუცილებელია სამი ძირითადი პოსტულატის გამოყოფა – ძალაუფლების აღქმა პირად საკუთრებად, ბელადის ყოფნა სისტემის გარეთ და მისი სრული გაუცხოება. ძალაუფლების აღქმას პირად საკუთრებად კომუნისტური იდეოლოგიის პირობებში მოსდევდა ნებისმიერი სხვა ტიპის კერძო საკუთრების გაუქმება და მისი დაქვემდებარება სახელმწიფოსადმი.

სახელმწიფო, ანუ მის სათავეში მყოფი ბელადი ხდებოდა ყველასა და ყველაფრის პატრონი.

მეორე, რაც ასევე ახასიათებს რუსული ძალაუფლების კონცეფციას, არის მბრძანებლის არსებობა სისტემის გარეთ, არ არსებობს რაიმე ძალა, რომლის წინაშეც იგი ანგარიშვალდებულია – მასობრივი საზოგადოების პირობებში დაკარგულია კლასობრივი აღქმა, ხოლო სხვადასხვა ინსტიტუტები სრულიად ექვემდებარებიან ბელადს.

მესამე, რაც ამგვარი სისტემისთვის არის დამახასიათებელი არის დიქტატორის მიერ ადამიანური სახის დაკარგვა – მას არ გააჩნია ეთნიკურობა, რწმენა ან რაიმე სხვა მახასიათებელი (გარდა ბიოლოგიურისა), რომელიც მას დააკავშირებს მასაში მყოფ ინდივიდებთან. ზუსტად ისევე, როგორც მასაში ადამიანი კარგავს საკუთარ ინდივიდუალიზმს და ხდება უზარმაზი, უეთნიკურო, ურელიგიო და უმორალო ბრბოს ნაწილი, იგივე ემართება დიქტატორსაც. ამ შემთხვევაში გვაქვს დამოკიდებულება, როდესაც ბელადი იძენს მასის თვისებებს, მაგრამ კარგავს ადამიანურობას, ზუსტად იმავე გზით, როგორც ამას კარგავს საკუთრივ მასა.

მარქსიზმ-ლენინიზმი

რუსული ძალაუფლების კონცეფციის უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური დასაყრდენი გახდა მარქსიზმ-ლენინიზმის კონცეფცია, დამუშავებული სტალინის მიერ. ამ იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ლენინის გარდაცვალების შემდგომი კულტი, რომლის მთავარი მიზანი სტალინის სიცოცხლისეული კულტის შექმნა იყო.

მარქსიზმ-ლენინიზმის  იდეოლოგიამ  საზოგადოება  სამ  ნაწილად  დაყო  – დეკლარირებულად, პირამიდის თავში იყო ხალხი, რომელიც წარმოადგენდა ძალაუფლების წყაროს და რომელიც თვითონ იყო ძალაუფლება; ხალხი ახდენს ძალაუფლების გარკვეული ნაწილის დელეგირებას პარტიისთვის, თუმცა ხალხი და პარტია ერთიანია. პარტიას კი ჰყავს ერთადერთი კონკრეტული მესაკუთრე – სტალინი.

სტალინმა აიღო ლენინისა და მარქსის იდეები და ისინი საკუთარ მიზნებს მოარგო, მან მოახერხა სრულყოფილი პარტოკრატიული სისტემის შექმნა, რომელშიც თანაარსებობდა ორმაგი ბიუროკრატია – პარტიული და სახელმწიფოებრივი; მაგრამ, ესეც არ იყო საკმარისი სახელმწიფოს ყველა სფეროს ტოტალური კონტროლისთვის – დუალისტური მმართველობის სისტემა იყო ასევე მოქცეული „ოპრიჩნიკული“ ტიპის სისტემაში, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს სახელმწიფოში და 1 ადამიანის იარაღს.

სტალინისეულ სისტემას, ყოველივე ამის გარდა, ასევე ახასიათებს აბსოლუტური დახურულობა. ის დახურულია არა მარტო საზღვრების დონეზე (რკინის ფარდა), არამედ იდეოლოგიურადაც – ამ სისტემის ფარგლებში ხდება ისტორიის რევიზია, მისი მისადაგება კონკრეტული ამოცანებისა და იდეებისადმი (რისი საუკეთესო მაგალითი საქართველოს ისტორიის გადამუშავებაა და ერიდან გამოსული გმირების (მაია წყნეთელი და სხვ.)) ერთგვარი კულტი. ყოველივე ამის შედეგი არის ბიუროკრატიული სისტემის სრული არაეფექტურობა (ცისფერი მთები), როდესაც ბიუროკრატებს ეშინიათ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება და გამუდმებით ელოდებიან ნებართვას „ზემოდან“.

ამგვარ სისტემასთან დაპირისპირება ძალიან რთულია. გარდა საკუთრივ მასის უარყოფითი დამოკიდებულებისა (ის განსხვავდება, სხვანაირად ფიქრობს, ე.ი. მტერია), „ოპრიჩნინული“ ტიპის რეჟიმის ხელში ნებისმიერი აზრი ან თავისუფლებისადმი სწრაფვა დასჯადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამგვარ სისტემაშიც კი არსებობენ ადამინები, რომლებიც რეჟიმს უპირისპირდებიან და მის შეცვლას ცდილობენ. ცხადია, სტალინური სისტემის სამ ვეშაპთან – იდეოლოგიასთან, ტერორთან და ინფორმაციაზე სრულ კონტროლთან მათი ბრძოლა დონ კიხოტის ქარის წისქვილთან ბრძოლას უფრო წააგავს, მაგრამ მით უფრო დასაფასებელი ასეთი ადამიანები.

სტალინის ბოროტი ბუნების გენიალურობას ისიც უსვამს ხაზს, რომ მან მოახერხა რუსული ინტელიგენციის, ჩაყენება საკუთარ სამსახურში – სახელმწიფომ შესთავაზა მათ თავისუფლების მცირე დოზა, რომლის შეზღუდვა მას ყოველთვის შეეძლო. მატერიალური სიძლიერისა და თავისუფლების ჩვენებისთვის კი სახელმწიფომ მოითხოვა მათი ჩადგომა ბიუროკრატიის მწყობრ რიგებში, მოახერხა რა მათი ინტელექტუალური და საშემსრულებლო პოტენციალის გამოყენება სისტემის გასაძლიერებლად.

ამას  დაემატა  რუსული  ინტელიგენციის  რიგებში  ხელოვანების  ჩამატება  – საბჭოთა       კავშირამდე    რუსული    ინტელიგენცია    იყო    „ინტელიგენტურ- იდეოლოგიური“, ის ებრძოდა კონკრეტულ იდეებს (სხვადასხვა დროს ეს იყო ანარქიზმი, ლიბერალიზმი, „ნაროდნიჩესტვო“ და სხვ.) და დიდწილად წარმოადგენდა პოლიტიკურ ბირთვს. სტალინმა და მისმა წინამორბედმა ლენინმა ჯერ სცადეს, გაენადგურებინათ ეს ბირთვი, ხოლო ამ მცდელობის შემდეგ სცადეს მისი ჩანაცვლება ხელოვანი ხალხით, რომელთა გამოყენება დაიწყეს საკუთარი „მონუმენტური პროპაგანდის“ მიზნით.

ინტელიგენციის გარდა რეჟიმის უდიდესი მოწინაღმდეგე იყო რუსული ეკლესია, რომელიც ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფო, დუალიზმის მსხვერპლი აღმოჩნდა – პეტრე I-ის რეფორმების შემდეგ ეკლესია გახდა სახელმწიფოს დაქვემდებარებული ინსტიტუტი, რომელსაც მართავდა იმპერატორი წმინდა სინოდის მეშვეობით. ჯანრი კაშია აღნიშნავს, რომ რელიგიასთან ბრძოლა რეჟიმმა წააგო – და ეს მართლაც ასეა, საქართველოსა და დაშლილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე რელიგიის აღორძინების გათვალისწინებით.

რელიგიისადმი კომუნისტების უარყოფითი დამოკიდებულება იყო გამოწვეული საკუთრივ მარქსიზმ-ლენინიზმის პოსტულატებითა და მიზნებით – მისი მთავარი ამბიცია იყო რწმენის შეცვლა იდეოლოგიით, რელიგიის ადგილის დაკავება და მისი ჩანაცვლება მატერიალიზმით. კომუნიზმს სურდა უზენაესი არსების არსებობის რელიგიური დოგმატის შეცვლა იდეოლოგიური მაქსიმით „მწამს ბედნიერი მომავლის მშენებლობის“, რისკენაც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის მთელი პროპაგანდისტული მანქანა და ასევე მასობრივი ტერორი. თუმცა, რელიგიის ჩანაცვლება იდეოლოგიით შეუძლებელია, რადგანაც მათ შორის უზარმაზარი საზღვარი არსებობს – იდეოლოგია შეიძლება იყოს განპირობებული რელიგიით, ან ის შეიძლება საზრდოობდეს მისით, მაგრამ პირიქით – შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ ობიექტური ცნება „რელიგიური ფანატიზმი“ არ არსებობს, მაშინ როდესაც არსებობს „იდეოლოგიური ფანატიზმი“ – ადამიანს ზოგადად აქვს გარკვეული მიდრეკილება იდეოლოგიზირებისკენ, ანუ კვაზისინამდვილეების შექმნისკენ, რაც რელიგიის საწინააღმდეგო მიმართულებაა. არსებობს მტკიცე სხვაობა ბიბლიისა და ყურანის მოთხოვნებსა და ინკვიზიციისა და აიათოლა ჰომეინის იდეოლოგიებს შორის – მართალია, ორივე მათგანს აქვს პრეტენზია, რომ ისინი საზრდოობენ ქრისტიანობითა და ისლამით, მაგრამ სინამდვილეში ორივე არის იდეოლოგია, იდეოლოგიური შეფასება, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ქმნიან. კომუნიზმის მცდელობა, წაეშალა საზღვრები ამ ცნებებს შორის წარუმატებლად დამთავრდა, წმენა ვერ გადაიქცა ძალაუფლების ტოტალურ საკუთრებად, ხოლო ამის გარეშე იდეოლოგია ვერ იძენს შესაბამის გასაქანს.

საბოლოო ჯამში მარქსიზმ-ლენინიზმის სტალინისეულმა შესწორებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთი ტოტალირატიზმისთვის იდეალურ ადგილად გადაიქცა – იდეოლოგია, შეზავებული რუსული ძალაუფლების „ღერძულ კონცეფციასთან“ ქმნიდა სისტემის ბივალენტურობის მოხსნის შესანიშნავ შესაძლებლობას – გარეშე მაყურებელი ხედავდა იდეალურ, უტოპისტურ საზოგადოებას, რომელიც მისგან იყო გამოყოფილი რკინის ფარდით; სისტემის შიგნით მოხვედრილი კი იღებდა მტრის შესანიშნავ ხატს, რაც მასების კონტროლს კიდევ უფრო ამარტივებდა (ორუელის გენიალური ნაშრომი – 1984 –„ოკეანია ყოველთვის ეომებოდა ოსტაზიას, ევრაზიას ოსტაზიას“).

ისევე,  როგორც  პეტრე  I-მა  დაიწყო  რუსეთის  მოდერნიზაცია,  მარქსიზმ- ლენინიზმის დამკვიდრებაც დაიწყო არა ქვემოდან, ხალხის მოთხოვნით, არამედ ზემოდან, ინტელიგენციის გადაწყვეტილებით. „რუსეთში „მასის“ წარმოქმნა უკავშირდება არა ეკონომიკის „ბაზისად“ გადაქცევას, ბურჟუაზიის გამოსვლას ასპარეზზე და მის ბრძოლას თუ სხვა „ევროპულ“ მიზეზებს, არამედ ძალაუფლების მიერ ინტელიგენციისა და ლიბერალური არისტოკრატიის გავლენით განხორციელებულ რეფორმებს, სახელდობრ, „გლეხთა განთავისუფლებას“. ამ რეფორმის რევოლუციურმა (ნახტომისებურმა) ხასიათმა და რეალური სოციალური პირობებისგან მოწყვეტილობამ შექმნა რუსეთში სრულიად სპეციფიკური სტიქია, მასა რომლის ორგანიზებისა და წარმართვისთვის ასევე სპეციფიკური ძალით მისი მოთოკვა იყო საჭირო.“ ამ ძალად კი საბოლოო ჯამში მოგვევლინა ისევ და ისევ ივანე მრისხანესეული „ოპრიჩნინა“ და პარტიული ბიუროკრატიის აპარატი.

ამგვარი ტიპის სისტემებს კი თვითგადარჩენის ორი ასპექტი აქვთ – ეს არის ფიზიკური და მორალური. ფიზიკური ასპექტი გამოიხატება სისტემისთვის ახალი მსახურების შეძენითა და ამ მსახურების ხარისხის კონტროლით, ასევე მათი არსებობისთვის აუცილებელი რესურსების კონტროლი (ამას ემსახურებოდა სტალინის დროს გამუდმებული წმენდები პარტიაში და კომპარტიის უზარმაზარი ოქრო-სავალუტო რეზერვები, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვისაც კი უზარმაზარ თანხებს შეადგენდა). სისტემის მორალური გარყვნილებამ კი ჯერ სტალინის დროს იცვალა სახე (მასობრივი ტერორისა და მოსახლეობის შიშში დამწყვდევის გზით), ხოლო მოგვიანებით ხრუშჩოვის დროს, როდესაც დაიწყო „დესტალინიზაციის“ პოლიტიკა.

ორივე  მათგანი  იყო  მიმართული  ერთსა  და  იმავე  მიზნის  მისაღწევად  – საზოგადოების    სრული   დამონებისკენ   და   მისი   გადაქცევისკენ   დამონებულ, დამორჩილებულ  მასად,  რაც  მარქსიზმ-ლენინიზმის  მთავარ  და,  ფაქტობრივად, ერთადერთ, ობიექტურ და წარმატებულად განხორციელებულ მიზანს წარმოადგენს.

ტოტალიტარიზმის რეინკარნაციები – სტალინისეული სისტემის ევოლუცია პირველი შეხედვით, სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთ კაცზე, მის სურვილებსა და ნებაზე იყო მიბმული ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ უნდა დაშლილიყო – თუმცა ამის საპირისპიროდ ჩვენ მივიღეთ სისტემის განახლება, მისი კიდევ ერთი მოდერნიზაცია და სისტემის მიერ საკუთარი წევრების დამონება. ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც ხელისუფლებაში სტალინის გარდაცვალებისთანავე მოვიდა თავიდან სტალინის კულტის მოწინააღმდეგედ, „ლღვობის“ იდეოლოგიის გამტარებლად გვევლინება. სტალინის მემკვიდრემ მისი წინამორბედისგან მიიღო მკაცრად იერარქიული, ერთპარტიული სისტემა, რომელიც სრულიად ემორჩილებოდა სისტემის თავში მყოფ პიროვნებას. გარდა სისტემისა, სტალინის მემკვიდრეობა მოიცავდა ასევე ძალაუფლების კერძომესაკუთრულ რუსულ კონცეფციასა და მისი პრაქტიკაში განხორციელების მაგალითს; ლენინურ იდეოლოგიას; მასობრივ მენტალურ ძვრას, რეჟიმისადმი ლოიალობას; ტერორსა და ფალსიფიკაციის მეთოდებს; საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ზეგავლენის გამოყენებას და მტრის კულტს.

ხრუშჩოვის პოლიტიკა მხოლოდ ზედაპირზე ჩანს „ლღობად“. სინამდვილეში, იგი იმავე მიზანს ისახავდა, რომელიც ამოძრავებდა სტალინს ლენინის კულტის შექმნისას – ოღონდ, სტალინისგან განსხვავებით ხრუშჩოვმა წინამორბედის გაღმერთების ნაცვლად მისი დამცირება გადაწყვიტა; მიზანი – ცნობიერებაში ისტორიის შეცვლა და ხალხის დემორალიზაცია იგივე დარჩა, შეიცვალა მხოლოდ მისი განხორციელების გზა. საბოლოო ჯამში კი ხრუშჩოვი სისტემამ მოინელა, გამოიყენა და ისტორიას მიაბარა, მისი ადგილი კი სტაგნაციამ, ანუ ბრჟნევის ეპოქამ დაიკავა.

ბრეჟნევის სისტემა არ წარმოადგენდა სტაგნაციას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – უფრო დიდწილად ეს იყო რეჟიმის მიერ ძალების მოკრეფა, როგორც XIX საუკუნეში თქვა რუსეთის იმპერიის კანცლერმა გორჩაკოვმა „რუსეთი არ გაჩერებულა, რუსეთი ძალებს იკრეფს“ – იგივე სიტუაცია გვქონდა ბრეჟნევის დროს.

ბრეჟნევის დროს სისტემა შეიცვალა, ერთი კაცის ნაცვლად პირამიდის სათავეში დადგა არა ერთი ადამიანი, არამედ ადამიანთა ჯგუფი; პარტიამაც განიცადა ცვლილება და დაიყო ეგალიტარულ პარტიულ პლანკტონად და ნომენკლატურად – ამ უკანასკნელმა კი ჯერ კიდევ ივანეს დროინდელი „დვორანების“ ფუნქცია შეიძინა, ოღონდ, სტალინისგან განსხვავებით მოისპო შიში თანამდებობის დაკარგვისა და მომავლის გაურკვევლობა – ნომენკლატურამ მიისაკუთრა თანამდებობები და ისინი, ფაქტობრივად, ერთ ადგილზე სიცოცხლის ბოლომდე ისხდნენ. ყოველივე ამან მიიყვანა სისტემა კატასტროფამდე – როდესაც წარმოიშვა ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია, როდესაც მოხდა ძალაუფლების ფორმალიზაცია. როგორც ჩვენ გვაჩვენა ისტორიამ, საბოლოო ჯამში, საბჭოთა ტიპის ტოტატლიტარიზმის არსებობა სტალინისეული მეთოდებისა და ხერხების გარეშე წარმოუდგენელია. საბჭოთა ნომენკლატურის ახალმა თაობამ, რომელმაც შეცვალა ბრეჟნევი და პარტიული

გერონტოკრატია კიდევ უფრო განამტკიცა ეს დებულება – იმპერიის შენარჩუნება ტოტალიტარიზმის გარეშე შეუძლებელი იყო. ჯანრი კაშიამ გამოყო 14 გამოწვევა,  რომელიც საბჭოთა იმპერიის წინაშე დადგა სტალინის გარდაცვალების შემდეგ :

  1. ნაციონალიზმი, მისი ამოშვება და სტიმულირება, მისი მიმართვა საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ მან თვითონ შეჭამოს, დაამარცხოს საკუთარი თავი.
  1. ცენტრალიზაცია დეცენტრალიზიით (სტალინისეული პარადოქსული სტრატეგია)
  1. ეთნონაციონალპოლიტიკის ფარული შემობრუნება ეთნოსოციალპოლიტიკით

4.  ეროვნული მოძრაობის პროვოცირება და ჩახშობა (1-ლი         პუნქტის გაგრძელება)

  1. „პატარა იმპერიების“ იდეოლოგია და „დიდი იმპერია“, როგორც მცირე ეთნოსების ფარი „პატარა იმპერიების“ წინააღმდეგ.
  1. ლოკალური ნაციონალიზმის ლეგალიზება რუსული ნაციონალიზმის ეტატურ შოვინიზმად ლეგალიზაციის გზით.
  1. ეკონომიკის „უხილავი“ ხელისა და მარქსისტული იდეოლოგიის შერკინება
  1. „გაშვებით დაბმა“ – საჯაროობა სოციალური შიშის წყარო, გარდაქმნა – იდეოლოგიური რესტავრაციის საფუძველი.
  1. ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბების მცდელობა გორბაჩოვის უალტერნატივობის ხაზგასმით
  1. პარტიის სრული მორალური განადგურება და დემორალიზება, მისი ახლით შეცვლის მცდელობა.
  1. ძალაუფლების რეორგანიზაციის სტალინისეული ციკლის დასსარული
  1. ევროპის კონტინენტის დაყენება ორი ევროპის პრობლემის წინაშე, ნაციონალიზმის მხარდაჭერა და მისდამი შიშის შექმნა
  1. ნაციონალიზმის გამოყენება იმპერიის შენარჩუნებისთვის და მისი ინტერნაციონალიზაციისთვის
  1. ძალაუფლების ხუთწლედები, მისი გადანაწილება ახალ კადრებზე ყოველი 5 წლის განმავლობაში

    გორბაჩოვისა და პეტრე I პირველის რეფორმებს ახასიათებთ ერთი ბუნება – ორივე იყო მიმართული სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებისკენ, თუმცა, როგორც ისტორიის მსვლელობამ გვაჩვენა, გორბაჩოვი პეტრეზე გაცილებით წარუმატებელი აღმოჩნდა.

    რუსეთის თანამედროვე პოლიტიკის მიმოხილვა ჯანრი კაშიას პოსტულატების მიხედვით 

    საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის კოლაფსმა გამოიწვია უდიდესი ეიფორია -მის შიგნითაც და გარეთაც. შიგნით – ტოტალიტარიზმისგან განთავისუფლებას და ეროვნულ დამოუკიდებლობას ზეიმობდნენ, გარეთ კი – ატომური ომის საფრთხის მოშორებასა და უზარმაზარი, მეგობრული სახელმწიფოს წარმოქმნას. ამგვარი ეიფორიული მიდგომის ყველაზე დიდი გამოხატულება გახდა ფუკუიამას „ისტორიის აღსასრული“, თუმცა, როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენეს, ეს ეიფორია ნაადრევი იყო. ჯანრი კაშიას კლასიფიკაციის მიხედვით ელცინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არის კლასიკური „სმუტნოე ვრემია“, რომელიც ოდესმე აუცილებლად დამთავრდებოდა და რომლის ადგილს დაიკავებდა ტოტალიტარული (ან ავტორიტარული) რეჟიმი.

    როგორც აღმოჩნდა, ასეც მოხდა – ელცინის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც გააგრძელა „ძლიერი სახელმწიფოს“, „დერჟავნიკულობის“ გზა. იმაზე, რომ კაშიასეული რუსული ტოტალიტარიზმის თეორია მართალია ისიც მიუთითებს, რომ ელცინმაც კი გამოავლინა ძალაუფლებისადმი კერძომესაკუთრის დამოკიდებულება – მან არ მიანდო არჩევანის გაკეთება არავის და უბრალოდ დაასახელა საკუთარი შემცვლელი.

    წინამორბედების მსგავსად, პუტინმა წამოიწყო რეფორმები, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების სფეროში – 90-იანი წლების კრიმინალის თარეშის შემდეგ აუცილებელი იყო შედარებით ძლიერი საპოლიციო და შიდა უსაფრთხოების

    ინსტიტუტების აღდგენა, რაც ნაწილობრივ მოხერხდა. წინამორბედების მსგავსად პუტინის რეჟიმი საკმაოდ კარგად ჯდება ჯანრი კაშიას კონცეფციაში (განსაკუთრებით ბრეჟნევის დროინდელი ოლიგარქოკრატიის ნაწილში), თუმცა მასაც აქვს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები. რუსული ძალაუფლების „ღერძული თეორიის“ თანახმად მმართველი უნდა იდგეს სისტემის გარეთ, მას შეიძლება ეკავოს ფორმალური თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში ის სისტემის გარეთ არის და სისტემა მას ვერაფერს მოუხერხებს. თანამედროვე რუსული მმართველობის სისტემა ამ პოსტულატში შესანიშნავად ჯდება – განსაკუთრებით კარგად კი ეს დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობისას ჩანდა. წლების განმავლობაში რუსეთში ტარდებოდა ელექტორალური ავტორიტარიზმის იდეა, თუმცა მედვედევის პირველი ვადის გასვლისთანავე აშკარა გახდა, რომ ეს წარმოადგენდა მხოლოდ ფარდას და რომ სისტემის მმართველი ისევ სისტემის გარეთ იდგა. ნაწილობრივ ეს არის გამოწვეული იმით, რომ ინსტიტუციური ელექტორალური ავტორიტარიზმი არის უაღრესად ინერტული, გარყვნილი, კორუფციული და მმართველობის არაეფექტური სისტემა.

    ამის საპირისპიროდ პირადი დიქტატურა შეიძლება იყოს საკმაოდ დინამიური და არატრივიალური გადაწყვეტილებების მიმღები, მაგრამ ამ შემთხვევაში შეცდომის შესაძლებლობა მკვეთრად იზრდება, რამეთუ არ არსებობს გადაწყვეტილების არც გამაწონასწორებელი და არც გადამმოწმებელი ფაქტორი. როგორც წესი ძალაუფლების მეორე მოდელში შეცდომები გროვდება და საბოლოო ჯამში კატასტროფას იწვევს – ზუსტად ეს დაემართა საბჭოთა კავშირს გორბაჩოვის დროს.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის გერონტოკრატია და სისტემის „დაჟანგვა“. როდესაც არ არსებობს ცვალებადობა, თუნდაც თაობების, სისტემის განვითარება ჩერდება, იწყება სტაგნაცია, რაც დამღუპველია ტოტალიტარული რეჟიმისთვის.

    პუტინის მმართველობა, თუ მას შევხედავთ ისტორიულ ჭრილში, ხასიათდება ასევე ახალი იდეოლოგიის ძიებითა და წინამორბედის მკვეთრად უარყოფითი

    შეფასებით – ელცინის დადანაშაულებით 90-იანი წლების კოლაფსში და ყოყმანი ნაციონალისტურ ლიბერალიზმსა და ეთნო-რელიგიურ „ევრაზიულობას“ შორის.

    დღეს, ჯანრი კაშიას კლასიფიკაციით ჩვენ ვართ „ტოტალიტარიზმის აღზევების“ ციკლში (ივანე მეისხანეს, პეტრე I-ისა და სტალინისა მმართველობების მსგავსად).

     

    რეჟიმი  ცდილობს  მაქსიმალურად  მოახდინოს  ძალაუფლების  კონსოლიდაცია  –

     

    „ერთიანი რუსეთის“ პარტიული სტრუქტურის პარალელურად იქმნება „სახალხო ფრონტის“ სტრუქტურა, ჩინოვნიკებისა და პარტიის გარდა, იქმნება კიდევ ერთი საპირწონე (სტალინის უპარტიოთა ბლოკის მსგავსად). იქმნება „ფასადური დემოკრატია“ – ნავალნის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ის განწირულია დამარცხებაზე.

    ჯანრი კაშიამ არერთხელ აღნიშნა, რომ რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია ინდივიდის. მას უჭირს ბრძოლა ინდივიდთან – სოლჟენიცინი, სახაროვი ადრე და ნავალნი, ხოდორკოვსკი, ნემცოვი, ილარიონოვი დღეს – ისინი არიან ინდივიდები, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან რეჟიმს. ამიტომაც არის, რომ ნემცოვის მკვლელობა გახდა პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა –  უკრაინაში ომის შემდეგ. ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა რეჟიმის ყველა საკვანძო ელემენტზე – პირადად პუტინზე, რუსეთის რეპუტაციაზე, კადიროვზე და რუსული ნომენკლატურის ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე. სავარაუდოდ, ეს მკვლელობა, ისევე როგორც მანამდე პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გაუხსნელი დარჩება – პასუხისმგებლობა კი რეჟიმს მიეწერება.

    დასკვნა

    ჯანრი კაშიას წიგნი „ტოტალიტარიზმი“ დღეისათვის არის არსებული რუსული ტოტალიტარიზმის ყველაზე ფუნდამენტური კვლევა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება სხვა არსებული დასავლური კვლევებისგან თუნდაც იმით, რომ ავტორი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში და სისტემის მუშაობის სტილს პირადად იცნობდა. თითქმის ყველა პროგნოზი, რომელიც  მან დასახა ამ წიგნში – გამართლდა. სოციალური მეცნიერებების თეორიებისა და ნარატიული ფრეიმვორქების ერთ-ერთი შეფასებების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად წარმატებულად შეიძლება გამოვიყენოთ ეს თეორია რეალურ ცხოვრებაში. ჯანრი კაშიას სისწორე დაამტკიცა ისტორიამ – მისი პროგნოზები და ის ნარატივი, რომელიც მან დახატა, დღესაც აგრძელებს არსებობას და მისი გამოყენებით რუსული „ძალაუფლების ღერძის“ ახსნა და მისი ქმედებების პროგნოზირება, ნაწილობრივ მაინც, შესაძლებელი ხდება.

     

     

    ავტორი:  გიორგი მელაშვილი

    თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტურის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *