პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასება საერთაშორისო სამართლის მიხედვით – თვითგამორკვევა, რეფერენდუმი & სეცესია

27 Jun , 2015  

“ჩვენ გვაქვს იმის ძლიერი რწმენა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს. მე ვიცი პრეზიდენტ პუტინს ყავს სხვა ტიპის ადვოკატები და ისინი მოვლენათა თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებენ, მაგრამ ისინი ამით ვერავის მოატყუებენ.” – ბარაკ ობამა

პრეზიდენტ ობამას ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, რომ საერთაშორისო სამართალი სხვა არაფერია თუ არა გარკვეული ნორმების რწმენა, რომლებიც დაყოფილია მისაღებად და მიუღებლად, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი გაცილებით მეტია ვიდრე გარკვეული ადამიანების მოსაზრებები და რწმენები, მას ყველაფერზე აქვს თავისი სამართლებრივი პასუხი. სწორედ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შევეცდები განვიხილო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, გავეცნო  რუსეთის და დასავლეთის პოზიციებს და შემდეგ შევაჯერო ისინი, გავცე სამართლებრივად დასაბუთებული პასუხები ამ ქეისის ირგვლივ დაგროვებულ მთელ რიგ კითხვებს.

როგორ დაიწყო ყირიმის კრიზისი

სანამ უშუალოდ განვიხილავთ მოვლენების სამართლებრივ ასპექტებს, არ იქნებოდა ურიგო თუ ვნახავდით, როგორ დაიწყო ყველაფერი.

სამოქალაქო გამოსვლებისა და დემონსტრანტებისა და იანუკოვიჩის მთავრობის ოთხთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ, 22 თებერვალს, უკრაინის პარლამენტი მიემხრო კიეველ მომიტინგეებს და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ჩამოართვა თანამდებობა. უკრაინის საკანონმდებლო ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ვადებში მოიწვია დროებითი მთავრობა, პრო-რუსული ლიდერი კი გაუჩინარდა. იანუკოვიჩის დათხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა თავისი სამხედრო შენაკადები განალაგა შავი ზღვის სანაპიროებთან, უკრაინის საზღვრის მიმდებარედ. კიევში მთავრობის ცვლილების შემდეგ, რუსული შენაკადები დაუყოვნებლივ გადავიდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ყირიმში.

27 თებერვალს შეიარაღებულმა ადამიანებმა დაიწყეს სახელმწიფო შენობების დაპყრობა, მათ დაიკავეს რეგიონული პარლამენტიც კი. სამთავრობო შენობებს აღების შემდეგ მათ რუსული დროშებით „ამკობდნენ“. შემდეგი ორი დღის განმავლობაში, შეიარაღებულები, რომლებიც თავს ეთნიკურ რუსებად მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ თავს იცავდნენ, თავს ესხმოდნენ მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის აეროპორტებს და სამხედრო ბაზებს. ობიექტებზე იერიში და მათი ხელში ჩაგდება გაძლიერდა, როცა კრემლთან მჭიდრო კავშირში მყოფი „რუსი ღამის მგლების“ შენაკადი ჩავიდა ადგილზე. ამის შემდეგ, პრო-რუსული შენაკადები, რუსული გადასაზიდი საშუალებებით და იარაღით აღჭურვილები, ინაცვლებენ ნახევარკუნძულზე და იმაგრებენ პოზიციებს დიდ ქალაქებში. ამავდროულად კი რუსეთი არაერთ ხერხს მიმართავს, დაწყებული პროპაგანდით, ადგილობრივების მოსყიდვით დამთავრებული. სულ მალე კი, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის პარამენტისგან სამხედრო ინტერვენციაზე მიიღო თანხმობა.

მას შემდეგ რაც შეიარაღებულებმა დაიპყრეს ყირიმის პარლამენტი, 27 თებერვალს, მათ დაიწყეს იქაური მთავრობის დათხოვნა და ახალი, მათთვის სასურველი პირების მოყვანა. სწორედ ამ გზით გახდა უკრაინის კრიმინალურ სამყაროსთან ახლოს მყოფი „გობლინი“, სერგეი აკსიონოვი, რეგიონის პრემიერ მინისტრი. მოვლენების ამგვარად განვითარების შემდეგ, რეგიონულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან იყო პირდაპირი მმართველობა, დემოკრატიის ყველა პრინციპის შესაბამისად.

მაგალითად: იმისთვის, რომ არ გაეთვალისწინებინათ კიევის გადაწყვეტილება, რომელიც მდგომარეობდა არჩევნების 25 მაისს ჩატარებაში, სიმფეროპოლმა ხმა მისცა რეგიონული რეფერენდუმის ჩატარებას, გადაწყვიტა რა ამით ყირიმის ბედი. აკსიონოვმა კი გამოაცხადა თავი ყირიმის სამხედრო და პოლიციურ შენაკადებზე პასუხისმგებლად და დახმარებისთვის პუტინს სთხოვა.

ამის შემდეგ, საკმაოდ მოულოდნელად, ყირიმის პარლამენტმა, ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. რეფერენდუმის თარიღი კი 16 მარტისთვის გადმოწია და მას სიმბოლური დანიშნულება მისცა, ამით მოსახლეობას მხოლოდ უნდა დაედასტურებინა პარლამენტის არჩევანი.

რუსეთის მიერ ძალის გამოყენება ყირიმში და Jus ad bellum

ამ ქეისის ირგვლივ ხშირად გვესმის დასავლეთის მხრიდან რუსეთის კრიტიკა, ამიტომ საინტერესოდ ჩავთვალე გამერკვია თუ რა არგუმენტებით ამართლებად რუსეთი თავის ქმედებებს.  როგორც აღმოჩნდა რუსეთს სულ ოთხი არგუმენტი ქონდა, რომლითაც ამართლებდა მისი მხრიდან ძალის გამოყენებას ან საერთოდ უარყოფდა მას.

სანამ რუსეთის არგუმენტებზე გადავალთ, ვნახოთ როგორია საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ძალის გამოყენების კანონიერება გაეროს ქარტიის მიხედვით

დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების აკრძალვაზე. გაერთიანებული ერების ქარტია გახდა ფორმალური კოდიფიკაცია ძალის გამოყენების მართვისა. სწორედ, ეს ქარტია ამბობს, რომ ომი აღარ არის სუვერენული ქვეყნების პრეროგატივა. ქვეყნებს მხოლოდ შეუძლიათ ძალის გამოყენება კოლექტიური თავდაცვისას 42-ე მუხლის საფუძველზე, ან თავდაცვისას 51-ე მუხლის საფუძველზე. ძალის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც არ ჯდება ამ ორი კრიტერიუმიდან არცერთში, მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის დარღვევად.

რუსეთის არგუმენტები

რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების განლაგება, უკრაინული შეიარაღებული ძალების გაძევება ყირიმის ნახევარკუნძულიდან და მისი ოკუპაცია და ანექსია, საერთაშორისო საზოგადოებამ შერაცხა საერთაშორისო სამართლის დარღვევად. რუსეთი კი საპასუხოდ მრავალი გზით იცავდა თავს და უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო მედიის წინაშე აცხადებდა, რომ ის არანაირად არ არღვევდა საერთაშორის სამართალს. თავდაპირველად რუსეთი აცხადებდა, რომ ის იცავდა რუსულენოვან მოსახლეობას ყირიმში. შემდეგ, რუსეთი თავს იმართლებდა იმით, რომ მისი მხრიდან სამხედრო ჩარევა გამოწვეული იყო უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მმართველის თხოვნით.  შემდგომში რუსეთმა საერთოდ ისიც კი თქვა, რომ მას არასდროს არ გამოყენებია შეიარაღებული ძალები უკრაინაში და ყირიმში უკრაინელები თავად ესხმოდნენ თავს უკრაინულ ბაზებს. საბოლოოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია იყო დემოკრატიულად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი, რომელშიც ყირიმელთა 97%-მა მოითხოვა ყირიმის უკრაინისგან გამოყოფა და რუსეთისთვის შეერთება.

მოდით, განვიხილოთ რუსეთის ქმედებების სამართლებრივი ასპექტები. ვნახოთ რუსეთის არგუმენტები და ვიპოვოთ მათზე ობიექტური პასუხები.

არგუმენტი 1: რუსეთი იცავდა ყირიმის რუსულენოვან მოსახლეობას

რუსეთმა განაცხადა, რომ წამოიწყო სამხედრო ინტერვენცია, რათა დაეცვა რუსი მოქალაქეები იანუკოვიჩის გადაყენებით გამოწვეული ქაოსიდან. რუსეთი ამტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო რუსულენოვანი მოსახლეობის დახსნა პრო-უკრაინული ექსტრემისტებისგან.

არგუმენტის პრობლემები:

ეს არგუმენტი მოიკოჭლებს როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი კუთხით. ფაქტობრივი კუთხით – რუსეთს არ დაუმტკიცებია, რომ ეთნიკურად რუს მოსახლეობას ემუქრებოდა რაიმე სახის საფრთხე პრო-უკრაინელი ექსტრემისტებისგან. თუ რუსეთს მართლაც ქონდა მსგავს ფაქტებზე ინფორმაცია, ის მოითხოვდა ეუთოს მონიტორინგს ამ რეგიონში. რუსეთმა კი, ამის ნაცვლად, აუკრძალა ეუთოს მისიას ყირიმში შესვლა.

შესაძლოა რუსეთმა აირჩია “თავდაცვის” კარტით თამაში, რადგან აცნობიერებს, რომ თადვაცვა იმ ორი გამონაკლისიდან ერთ-ერთია, რომელსაც გაეროს ქარტია უშვებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებების სამართლებრივი საფუძველი, მაინც ძალიან არამყარია.  რუსეთის მიერ ძალის გამოყენება სხვა ქვეყანაში, იმისთვის რათა დაიცვას ეთნიკურად რუსი ხალხი, არ არის ის რასაც ქარტიაში “თავდაცვა” ქვია. 51-ე მუხლის მიხედვით, რუსეთს თავდაცვის უფლება ექნებოდა, მხოლოდ მაშინ თუ “თუ შეიარაღებული თავდასხმა მოხდებოდა გაერთიანებული ერების რომელიმე წევრ ქვეყანაზე (ამ შემთხვევაში რუსეთზე)”. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა თავდასხმა ეთნიკურ რუსებზე ყირიმში, ეს მაინც არ იქნებოდა “შეიარაღებული თავდასხმა” რუსეთზე, შესაბამისად რუსეთს მაინც არ ექნებოდა ძალის გამოყენების უფლება უკრაინის წინააღმდეგ.

არგუმენტი 2: ყირიმის ოკუპაცია, როგორც კანონიერი ქმედება მთავრობის თხოვნის საპასუხოდ.

რუსეთი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ყირიმის ოკუპაცია არ იყო არაკანონიერი, რადგან ის იყო უკრაინის მთავრობისგან დახმარების თხოვნის საპასუხოდ განხორციელებული ქმედება. რუსეთმა ეს არგუმენტი გააჟღერა 2014 წლის 4 მარტს, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხომამდე. სხდომაზე კი, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა, უშიშროების საბჭოს წარუდგინა თითქოსდა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ის რუსეთს სამხედრო ინტერვენციას სთხოვს უკრაინაში სამართლის და წესრიგის აღსადგენად.

არგუმენტის პრობლემები

რუსეთის ამ არგუმენტის განხილვისას, გვჭირდება ორმხრივი მიდგომა. უნდა გავარკვიოთ რამდენად სთხოვა იანუკივიჩმა რუსეთს დახმარება და რამდენად ქონდა მას ამის უფლება.

სთხოვა თუ არა იანუკოვიჩმა რუსეთს სამხედრო დახმარება?

პირველი კითხვა სწორედ ესაა, საერთოდ ითხოვა თუ არა იანუკოვიჩმა ასეთი სახის დახმარება. მართალია გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილი იანუკოვიჩის ხელმოწერით, მაგრამ ეს წერილი არასდროს გამხდარა საჯარო და ნორმალურად ის არც არავის არ უნახავს. თავად იანუკოვიჩს კი არასდროს აღუნიშნავს თითქოს მას რუსეთისთვის ასეთი დახმარება ეთხოვოს. ამიტომაც ეს საკითხი ეჭვქვეშაა.

ჰქონდა თუ არა ბატონ იანუკოვიჩს რუსეთისთვის სამხედრო ინტერვენციის თხოვნის უფლება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წერილი ნამდვილი იყო, მთავარი კითხვაა: რამდენად ქონდა იანუკოვიჩს რუსეთისთვის მსგავსი თხოვნით მიმართვის უფლება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, დამატებით უნდა გამოვიკვლიოთ ორი საკითხი: არის თუ არა იანუკოვიჩი უკრაინის ლეგიტიმური მმართველი? და თუ ასეა, აქვს თუ არა უკრაინის პრეზიდენტს უფლება მოითხოვოს სხვა ქვეყნის სამხედრო ინტერვენცია უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით?

არის თუ არა იანუკოვიჩი უკრაინის ლეგიტიმური მმართველი? 

2014 წლის 22 თებერვალს, 447 დეპუტატიდან 328-მ ხმა მისცა იანუკოვიჩის დათხოვნას. პარლამენტმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს და აირჩია ალექსანდრ ტურჩინოვი რადას ახალ სპიკერად და დროებით პრეზიდენტად. მინისტრთა საბჭო არჩეულ იქნა 27 თებერვალს.

22 თებერვლის შემდეგ, რუსეთმა უარი განაცხადა ეღიარებინა იანუკოვიჩის დათხოვნა. რუსეთმა ასევე არ აღიარა უკრაინის ახალი მთავრობა, დააბრალა რა მათ მთავრობაში მოსვლა არაკონსტიტუციური გზებით. რუსეთი აგრძელებს იანუკოვიჩის ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად აღიარებას.

რუსეთის პოზიცია მთლად არაა მოკლებული სიმართლეს. საქმე იმაშია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და პარლამენტში ხმების სამი მეოთხედი, ანუ 338 ხმა. 22 თებერვალს არც ერთი კრიტერიუმი იყო დაკმაყოფილებული და არც მეორე.  აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით იანუკოვიჩი ოფიციალურად არ იყო გადაყენებული თანამდებობიდან. მაგრამ, მთავარია ის, რომ შემდგომში იანუკოვიჩმა თავად თქვა უარი საკუთარ პოსტზე და რუსეთს სთხოვა თავშესაფარი.  ამ გზით უკრაინის მეთაური გაექცა სასამართლოს და ამავდროულად დატოვა ქვეყანა მმართველის გარეშე.

უკრაინის პარლამენტმა განიხილა ეს საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იანუკოვიჩმა “თავად გადაიყენა” თავი (“self-removed”), შესაბამისად საჭირო იყო ახალი მთავრობის არჩევა.

აქვს თუ არა უკრაინის პრეზიდენტს უფლება მიმართოს სხვა ქვეყანას სამხედრო ინტერვენციის თხოვნით უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ იანუკოვიჩი რჩება უკრაინის ლეგიტიმურ მმართველად და მან მართლაც სთხოვა რუსეთს სამხედრო ინტერვენცია ყირიმში, რუსეთის არგუმენტი ყირიმში ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამართლებრივად მაინც არასწორია. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით: “უკრაინის პრეზიდენტს არ შეუძლია მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით მოიწვიოს სხვა ქვეყნის შეიარაღებული ჯარები ქვეყანაში. ნებისმიერი თხოვნა სხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციას უკრაინაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოითხოვს პარლამენტის დასტურს.” აქედან გამოდინარე, იანუკოვიჩი რომც ჩავთვალოთ უკრაინის პრეზიდენტად, მას არანაირად არ ჰქონდა უფლება მიემართა რუსეთისთვის ყირიმში სამხედრო ინტერვენციის თხოვნით.

არგუმენტი 3: რუსეთის შეიარაღებული ჯარები არ შეჭრილან უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთის მეორე არგუმენტს, თითქოსდა ინტერვენცია იანუკოვიჩის თხოვნა იყო, ძალიან მალე მოყვა მესამე არგუმენტი, რომლითაც რუსეთი ამტკიცებდა, რომ ყირიმში არ შესულა რუსული არმია, იქ  ადგილობრივი პრო-რუსული შენაერთები იბრძოდნენ. ამ არგუმენტის მიხედვით რუსეთი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს, რადგან მის ჯარებს არ მოუხდენიათ ყირიმის დაპყრობა ან ოკუპაცია.

არგუმენტის პრობლემები:

ამ არგუმენტის მთავარი პრობლემა რუსეთისთვის ფაქტების უკმარისობაა, არსებული ფაქტები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა, იური სერგეევმა განაცხადა, რომ რუსეთმა 16 000-იანი არმია გადასხა ყირიმში, შემდგომ კი დაუწესა ერთგვარი დედლაინი ყირიმს “ჩაბარებისთვის”.

გარდა ამისა, რუსეთი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყირიმში მოძრავ სამხედრო ტექნიკას ქონდა რუსული სანომრეები, შეიარაღებულებს ეცვათ რუსული ფორმები და ქონდათ რუსული იარაღი, დაკავებულ ბაზებზე აჯანყებულები ამაგრებდნენ რუსულ დროშებს. ამ ყველაფრის საპასუხოდ პუტინი აცხადებდა, რომ ამ ყველაფერს პრო-რუსული ადგილობრივები აკეთებდნენ და ყირიმში მყოფი რუსი ჯარისკაცები არიან იმ 25 000-იანი ჯარის ნაწილი, რომელიც რუსეთმა ადრე განალაგა ყირიმში შეთანხმებისამებრ.

საეთაშორისო საზოგადოება არ ენდო პუტინის ამ განცხადებას. ერთი მხრივ პუტინის სიტყვების სანდოობა ეჭვქვეშ დგება, რადგან ის არ აძლევს ეუთოს მონიტორინგის უფლებას, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. მეორე მხრივ კი, პუტინის სიტყვები უპირისპირდება მსოფლიო მედიის განცხადებებს, რომლებიც გამუდმებით აშუქებდნენ რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებებს ყირიმში.

არგუმენტი 4: ყირიმის ანექსია არის დემოკრატიული რეფერენდუმის შედეგი

ყირიმის შემოერთების შემდეგ, რუსეთმა გააჟღერა თავისი საბოლოო არგუმენტი, ის ამბობს, რომ ყირიმის ანექსია არის დემოკრატიული რეფერენდუმის შედეგი, რომელშიც მოსახლეობის 97 %-მა დააფიქსირა სურვილი გამოყოფოდა უკრაინას და შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში. სწორედ ამ არგუმენტის ერთგულია რუსეთი დღესაც, რადგან ის მჭიდრო კავშირშია თვითგამორკვევის პრინციპთან. პრინციპთან, რომელიც საერთაშორისო სამართალში წამოიწია წინა პლანზე კოსოვოს ქეისის შემდეგ. შევეცდები განვიხილო, რა მსგავსებები და განსხვავებებია ყირიმისა და კოსოვოს ქეისებს შორის, ასევე გავარკვევ რამდენად იყო რეფერენდუმი კანონიერი და ქონდა თუ არა ყირიმს სეცესიის უფლება.

კოსოვო, თვითგამორკვევა, რეფერენდუმი & სეცესია

ჯერ განვიხილავ ქეისს,რომელსაც ასე აქტიურად იყენებს რუსეთი თავისი არგუმენტის გასამყარებლად და რომელმაც წინ წამოიწეს საერთაშორისო სამართალში თვითგამორკვევის პრინციპი.

„თუ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა, მაშინ ყირიმიც განსაკუთრებული შემთხვევაა, ისინი თანაბრად განსაკუთრებულები არიან.“ – სერგეი ლავროვი.

სრულიად ლოგიკური იყო, რომ რუსეთი დაიწყებდა აპელირებას კოსოვოზე, დასავლეთს კი ძალიან გაუჭირდებოდა რუსეთისთვის საპირისპიროს დამკტიცება.

დასავლეთი, რომელიც შეიჭრა ერაყში, ემხრობოდა კოსოვოს სეცესიას სერბეთიდან, ამჟამად აპელირებს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მეორე მხრივ, კი რუსეთი, რომელმაც წამოიწყო ორი სისხლიანი ბრძოლა 90-იანებში ჩეჩნეთში, რუსეთი, რომელიც დღემდე არ აღიარებს კოსოვოს, ყირიმის შემთხვევაში გვევლინება თვითგამორკვევის პრინციპის აქტიური დამცველის როლში.

და მაინც რა იყო განსხვავებული კოსოვოს შემთხვევაში და რა ხდის მას განსაკუთრებულს?

რა მოხდა კოსოვოში

ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვო (ისტორიულად იგი სერბიის ტერიტორია იყო), რომელშიც ისინი არც ისე დიდი ხნის წინათ შემოვიდნენ მეზობელი ალბანეთიდან, მრავალი წლის განმავლობაში ავტონომიით სარგებლობდა. 1989 წელს ეს სტატუსი გაუქმდა, რამაც კოსოვოელი ალბანელების მედგარი წინააღმდეგობა გამოიწვია, მათი შეიარაღებული აჯანყება მოჰყვა. ამის საპასუხოდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ მიმართ უფრო მკაცრი და სისხლიმღვრელი ზომები გამოიყენა, კერძოდ, გააძლიერა ეთნიკური წმენდა (რომელიც ავტონომიის გაუქმებისას დაიწყო). ამას ასიათასობით ლტოლვილის ნაკადი გამოიწვია, რამაც მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკური სიძნელეები შექმნა. გაეროს, ეუთოსა და ნატოს მშვიდობიანი ღონისძიებები არავითარ შედეგს არ იძლეოდა. საკითხის წრაფი მოგვარების მიზნით, ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დაეწყო კოსოვოში განლაგებული ცენტრალური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ტექნიკისა და ცოცხალი ძალების დაბომბვა, რათა იძულებული გაეხადათ ისინი დაეტოვებინათ რეგიონი. ამ საშიშროებამ აიძულა იუგოსლავიის პრეზიდენტი მილოშევიჩი, 1998 წლის შემოდგომაზე, დასთანხმებოდა კოსოვოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიისა და სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურების განლაგებას. მაგრამ ვერც ამან შეაჩერა სისხლისმღვრელი წინააღმდეგობა, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობაც ხდებოდა. შექმნილი საპროტესტო ჯგუფი (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი) ერთხელ კიდევ შეეცადა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას რამბუიეში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით, მაგრამ ამანაც ვერ გამოიღო შედეგი – იუგოსლავიამ უარი თქვა, ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის, რომელიც კოსოვოს ავტონომიის აღდგენას ითვალისწიებდა. ბელგრადი შეშფოთებული იყო იმით, რომ შეთანხმებით მომავალში კოსოვოელ ალბანელებს უფლება ეძლეოდათ, რეფერენდუმით გადაეწყვიტათ თავიანთი სტატუსი, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებით შეიძლებოდა დასრულებულიყო. მოლაპარაკების მსვლელობაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააქტიურა ეთნიკური წმენდა, რაც მიზნად ისახავდა კოსოვოს დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლას, რათა მომავალი რეფერენდუმი ბელგრადისათვის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ეუთოს მისიაც და სხვა მაკონტოლებლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ კოსოვო 1998 წლის მარტში დაიწყო ჯერ კოსოვოს, ხოლო მოგვიანებით მთელი სერბიის ტერიორიაზე განლაგებული არა მარტო სამხედრო ობიექტების, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის (ხიდების, ელექტროსადგურებისა და სხვ.) დაბომბვა.

1998 წელს, ნატოს ჯარები, აშშ-ს ხელმძღვანელობით, შევიდნენ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რათა გადაერჩინათ კოსოვო  ეთნიკური წმენდისგან სერბი სამხედროების მხრიდან. ნატოს არ ქონდა გაეროს თანხმობა ინტერვენციისთვის, გარკვეული დროის განმავლობაში არც საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე გააჩნდა რაიმე საფუძველი მსგავსი ქმედებებისთვის. მხოლოდ შემდეგ მოიძებნა გამართლება, თითქოსდა ქმედება იყო “არალეგალური მაგრამ ლეგიტიმური” ( “illegal but legitimate”) სასწრაფო და გადაუდებელი ჰუმანიტარული მიზნების გამო. ამ ფაქტმა დაამკვიდრა გაეროს ქარტიით გათვალისწინებული ძალის გამოყენების შეზღუდვების გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა ჰუმანიტარული სამხედრო ინტერვენცია გაეროს თანხმობის გარეშე აუცილებელ და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის შემთხვევებში. რუსეთი ღრმად შეშფოთებული იყო ნატოს ქმედებებით და აშშ-ს სანქციებით, და წამოაყენა საქმე გაეროს უშიშროების საბჭოში, თქვა რა, რომ ” ძალის მსგავსი ერთმხრივი გამოყენება წარმოადგენს გაეროს ქარტიის საშინელ დარღვევას”. რეზოლუცია ჩავარდა, მას მხოლოდ ჩინეთმა, ნამიბიამ და რუსეთმა დაუჭირა მხარი.

2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ორი წლის შემდეგ, 2010-ში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება არ წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის დარღვევას, შესაბამისად, კოსოვოს ქონდა უფლება გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. მაგრამ, სასამართლომ ასევე დასძინა, რომ დამოუკიდებლობის ამგვარი, ცალმხრივი გამოცხადება, არ უნდა იყოს მიღწეული ძალის არაკანონიერი გამოყენებით ან სამშვიდობო ხელშეკრულებების დარღვევით.

რუსეთი იმ პერიოდში ერთადერთი პრო-სერბული სახელმწიფო იყო. მართალია ის ამბობდა, რომ არსებობს რემედიული სეცესიის უფლება, მაგრამ მისი აზრით კოსოვო ამ სტანდარტებში არ ჯდებოდა. რუსეთის პოზიციით, კოლონიური კონტექსტის გარდა, რემედიული სეცესია შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როცა ხალხს არ აქვს თვითდამკვიდრების საშუალება მშობელ სახელმწიფოში, მშობელი სახელმწიფოდან მრავლადაა მათი ჩაგვრის და დამცირების ფაქტები და საფრთხე ექმნება თვით ხალხის არსებობას.

რუსეთი ამტკიცებდა, რომ კოსოვო არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს არც 1999 წელს და არც 2008-ში როცა მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთის პოზიცია იყო, რომ კოსოვოელი ხალხი არ იყო თვითგამორკვევის უფლებისმქონე და რომც ქონოდათ ეს უფლება,  მათ ეს უნდა მოეხდინათ სერბეთის შიგნით, რადგან ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმაა და სახელმწიფოებმა მას პატივი უნდა სცენ.

თუ კოსოვო, სერბითის ხელისუფლების სისტემატიური რეპრესიებით, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევებით, ვერ აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს, მაშინ რთული წარმოსადგენია, როგორ აკმაყოფილებს მათ ყირიმი.

მაგრამ ახლა, რუსეთი იყენებს კოსოვოს ქეისს – ნატოს ინტერვენციას და კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას – როგორც პრეცენდენტს საკუთარი ქმედებებისთვის.

პუტინმა ყირიმის შემოერთებისას მოიყვანა სასამართლოს გადაწყვეტილება კოსოვოსთან დაკავშირებთ, რომელშიც ეწერა: “დამოუკიდებლობის გამოცხადება შესაძლოა არღვევდეს ადგილობრივ სამართალს, მაგრამ ეს არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.” შემდეგ კი თქვა,რომ ეს დასავლეთის პოზიცია იყო კოსოვოს შემთხვევაში და არც ყირიმი უდნა იყოს გამონაკლისი.

პუტინის არგუმენტები ძალიან უცნაურია, ის საკუთარ თავსვე უპირისპირდება. თუ ის იყენებს კოსოვს პრეცენდენტს საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, მაშინ რატომ არ აღიარებს დღემდე კოსოვს დამოუკიდებლობას?

კოსოვოს შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემდეგ კი დაამატა, თუ ის არ არის მიღწეული მესამე მხარის ძალის არაკანონიერი გამოყენებთ (როგორც ეს მოხდა ყირიმში).

ყირიმის სეცესია იყო რუსეთის არაკანონიერი სამხედრო ინტერვენციის შედეგი, მაშინ როცა, კოსოვოს სეცესია არ იყო იგივე ქმედება ნატოს მხრიდან, არამედ ქმედება კოსოვოელი ხალხის გადასარჩენად, შემდგომში განსაზღვრული  რეზოლუცია 1244-ით.

სეცესია და რეფერენდუმი

2014 წლის 6 მარტს, ყირიმის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია No.1702-6/14, რომლის მიხედვითაც იმავე წლის 16 მარტს, ჩატარდებოდა რეფერენდუმი სეცესიისთვის. საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით რეფერენდუმი განიცდიდა გამჭვირვალობის ნაკლებობას, არ იყო სწორი საარჩევნო სიები და არ იყვნენ დაშვებულნი საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ყირიმის პარლამენტი არ სთავაზობდა მოქალაქეებს სტატუს ქვოს, რეფერენდუმის თემები იყო:  რუსეთის ფედერაციაში შესვლა ან 1992 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობით “უკრაინის განუყრელ ნაწილად” ყოფნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 1992 წლის კონსტიტუცია ყირიმს აძლევდა სუვერენულ ძალაუფლებას დაემყარებინა ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, რაც ნიშნავს იმას, რომ რა არჩევანიც არ უნდა გაეკეთებინათ ყირიმელებს, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა – უკრაინისგან გამოყოფა. რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა,  რომ 96,7 %-მა მოისურვა რუსეთთან შეერთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოხდა ყირიმის ცალმხრივი სეცესია. შედეგად რეგიონმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შემდეგ მიმართა კრემლს მიერთების თხოვნით. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმი აღიარა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფმა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ.

ცალმხრივი სეცესიის უფლება შეიძლება განსაზღვრული იყოს, როგორც უმცირესობის უფლება გამოეყოს მშობელი სახელმწიფოს ტერიტორიას ხალხთა თვითგამორკვევის უფლებებზე დაყრდნობით. როგორც ჩანს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დეკლარაციიდან,  კოსოვოსა და კვებეკის ქეისებიდან, თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ცალმხრივი სეცესია არც აკრძალულია და არც ნებადართული. კოსოვოს შემთხვევაში სასამართლომ თავი აარიდა კითხვას კოსოვოს სეცესიის ლეგიტიმურობაზე, კვებეკის ქეისში კი კანადის სასამართლომ აღიარა გარე თვით გამოკრვევა, როგორც უფლება რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას შეზღუდული შემთხვევების დროს. ამრიგად, სასამართოს არ შეუქმნია არანაირი პრეცენდენტი სეცესიის უფლებასთან დაკავშირებით.

თვითგამორკვევის უფლება აძლევს ხალხს საშუალებას თავად განსაზღვროს საკუტარი პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიკური სტრუქტურა, კულტურული და სოციალური განვითარება. ის აღიარებულია მთელ რიგ ფუნდამენტალურ დოკუმენტებში, ისეთებში, როგორიცაა გაეროს ქარტია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დეკლარაცია და ა.შ. ამასთანავე, სასამართლოს მიერ ნამიბიაში, დასავლეთ საჰარაში, აღმოსავლეთ ტიმორში იქნა დადასტურებული მისი erga omnes ხასიათი. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები აღიარებენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპსაც, რაც შეიძლება უპირისპირდებოდეს თვითგამორკვევის პრინციპს.

თვითგამორკვევის პრინციპის მთლიანი იმპლემენტაცია ძირს უთხრის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ კანონიერი სეცესია არ ეწინააღმდეგება მშობელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

არსებობს რამდენიმე კატეგორია, როდესაც შეგვიძლია სეცესია ჩავთვალოთ კანონიერად:

  • ის უნდა ეხებოდეს ადამიანებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არიან დეკოლონიზაციის სუბიექტები.
  • ის უნდა იყოს გათვალისწინებული მშობელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.
  • გარკვეული ხალხით დასახლებული ტერიტორია უნდა იყოს ოკუპირებული ან ანექსირებული 1945 წლის შემდეგ.
  • „სეცესიონისტები“ (secessionists) უნდა იყვნენ “ხალხი”.
  • მშობელი სახელმწიფო სასტიკად უნდა არღვევდეს მათ უფლებებს. სხვა არანაირი ეფექტური გამოსავალი ადგილობრივი ან საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით არ უნდა არსებობდეს.

სეცესია კანონიერად ითვლება თუ აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც.

ყირიმის სეცესიის კაკონიერება

ამ ფაქტების გათვალისწინებით შეგვიძლია დავსვათ კითხვა, არის თუ არა ლეგალური ყირიმის სეცესია?

არა, ის არ აკმაყოფილებს არცერთ კრიტერიუმს.

პირველი, ყირიმი არ არის დეკოლონიზაციის საგანი. უკრაინის კონსტიტუციის 134-ე მუხლის მიხედვით “ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი და ყველა შეკითხვა მის უფლებებთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს ქვეყნის ფარგლებში”.

მეორე, უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სეცესიას. როგორც წესი, ყველა პოლიტიკური სისტემა აპელირებს სეცესიაზე კონსტიტუციის დახმარებით. მაგალითად კვებეკის ქეისზე სასამართლომ თქვა, რომ “სეცესიის ნებისმიერი მცდელობა თანხვედრაში უნდა იყოს კანადის კონსტიტუციასთან”. ალიასკის ქეისშისასამართლომ რეფერენდუმი ცნო არაკონსტიტუციურად. არც უკრაინის კანონმდებლობაა გამონაკლისი. კონსტიტუციის 73-ე მუხლი ამბობს “უკრაინის ტერიტორიის ცვლილებები უნდა იყოს განხილული მხოლოდ მთლიანი უკრაინული რეფერენდუმით” და არა ლოკალურით.

მესამე, ყირიმის ტერიტორია არ ყოფილა ოკუპირებული ან ანექსირებული 1945 წლის შემდეგ.

მეოთხე, “სეცესიონისტები” (ამ შემთხვევაში ყირიმის რუსი მოსახლეობა) არ შეიძლება ჩაითვალოს „ხალხად“. როგორც გამომდინარეობს კვებეკის ქეისიდან, იმისთვის, რომ „ხალხმა“ მიმართოს თვითგამორკვევას, “ხალხი” უნდა იყოს მართული როგორც “კოლონიური იმპერიის ნაწილი”, იყოს “უცხოელების დამორჩილების, დომინაციის ან ექსპლუატაციის საგანი”, ამ შემთხვევებშიც კი “ხალხი უნდა ეცადოს მიაღწიოს თვითგამორკვევას მშობელი სახელმწიფოს ფარგლებში”.

და ბოლოს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ყირიმის რუსი მოსახლეობის უფლებები სასტიკად ირღვეოდა უკრაინის ხელისუფლების მიერ. ეუთოს დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი დარღვევა ამ მხრივ კიევისა და ყირიმის მონიტორინგისას. აქედან გამომდინარე, ყველა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულენოვან მოსახლეობას ყირიმში ჩაგრავდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, როგორც მინიმუმ, უსაფუძვლოა.

დასკვნა

ვნახეთ და სამართლებრივად განვიხილეთ რუსეთის არგუმენტები და ქმედებები, რის შემდეგადაც აშკარაა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი. რუსეთის ოთხი არგუმენტიდან (რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა, ოკუპაცია, როგორც კანონიერი ქმედება უკრაინის მთავრობის თხოვნის საპასუხოდ, ყირიმში არ შესულა რუსული ჯარი, იქ ადგილობრივები იბრძოდნენ, ყირიმის ანექსია – დემოკრატიული რეფერენდუმის შედეგი) ყველა მოკლებულია სამართლებრივ ფაქტებს. როგორც ვნახეთ რუსეთმა ვერ დაასაბუთა, რომ ყირიმში მცხოვრებ ეთნიკურად რუს მოსახლეობას ემუქრებოდა რაიმე სახის საფრთხე უკრაინის მთავრობისგან. იმის მტკიცება, თითქოს რუსეთის ქმედებები იყო იანუკოვიჩის დახმარება, არარეალურია, რადგან დავასაბუთეთ, რომ იანუკოვიჩი უკვე აღარ იყო უკრაინის ლეგიტიმური მმართველი და რომც ყოფილიყო, პარლამენტის თანხმობის გარეშე, მას არ ჰქონდა უცხო ქვეყნისთვის სამხედრო ინტერვენციის თხოვნით მიმართვის უფლება. ფაქტებით ასევე იკვეთება, რომ ყირიმში რუსული ჯარი ამწვავებდა სიტუაციას და არა ადგილობრივები, რაც შეეხება რეფერენდუმს, როგორც აღმოჩნდა, ის არაკონსტიტუციურია. ყირიმის სეცეცია კი კანონიერი სეცესიის ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ამ ყველაფრის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი. მას არ ჰქონდა არც ძალის გამოყენების, არც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის და არც უცხო ქვეყნის ტერიტორიის მიერთების უფლება.

გამოყენებული ლიტერატურა

 ავტორი: რევაზ თოფურია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი. მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *