სამართალი

სიცოცხლის უფლება, როგორც ლიბერალური იდეოლოგიის ამოსავალი წერტილი, ევთანაზია და ღირსება

30 Jun , 2015  

სათაურის პირველი ნაწილი, ალბათ, ყველასთვის გასაგებია და მეორეც – მეტ-ნაკლებად, თუმცა, მაინც დავაზუსტებ. ტერმინი ევთანაზია ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება – eu (კარგი) და thanatos (სიკვდილი), მაშასადამე, ევთანაზია კარგი სიკვდილია. თუმცა,  ეს განსაზღვრება საკმაოდ ზოგადია, არსებობს რამდენიმე სახის ევთანაზია – აქტიური და პასიური, ასევე ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი. არანებაყოფლობით აქტიურ ევთანაზიას, მაგალითად, ადგილი ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკებში, ანდა, შორს რომ არ წავიდეთ, ექემ ჯეკ კევორკიანის შემთხვევაში, რომელმაც რამდენიმე ათეული ფსიქიკურად დაავადებული გამოასალმა სიცოცხლეს მათი ადეკვატური ნების გარეშე. აქტიური გულისხმობს ლეტალური დოზის შეყვანას სიკვდილის გამოსაწვევად, ხოლო პასიური – უბრალოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ზომების მიუღებლობას.  რეფერატში ვისაუბრებ მხოლოდ ნებაყოფლობით ევთანაზიაზე, როგორც ლიბერალთა წრეში მორალურად გამართლებულ და ნაკლებად პრობლემატურ ასპექტზე.

ლიბერალური იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე, სხვა თეორიებთან ერთად, უდიდესი გავლენა ბუნებითი უფლებების თეორიამ მოახდინა. ადამიანის აქვს სიცოცხლის უფლება, რომელიც იქცა ლიბერალური იდეოლოგიის ამოსავალ წერტილად.

ბუნებითი უფლებების თეორიის მიხედვით, ადამიანს ბუნებამ არგუნა განუყოფელი უფლებები, რომლებიც მას მხოლოდ იმიტომ ეკუთვნის, რომ ის ადამიანია. თანამედროვე სამყაროში მათ უბრალოდ ადამიანის უფლებები ეწოდებათ და მათი დეკლარირება 1948 წელს, გაეროს მიერ მოხდა, იმ მიზნით რომ უფრო ეფექტურად მომხდარიყო მათი დაცვა. ბუნებითი სამართლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ჯონ ლოკი, ადამიანის ძირითად უფლებებად სიცოცხლეს, თავისუფლებას და საკუთრებას ასახელებს. დღეს ყველასთვის ცხადია რომ ადამიანის უფლებები, როგორც ლიბერალიზმი, ინდივიდის – ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე დგას. ანუ სიცოცხლის უფლება არის ადამიანის ის განუყოფელი უფლება, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა სხვა.

ახლა უფრო ახლოს თემასთან – სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარეობს სიკვდილის უფლებაც: სიკვდილი თავისთავად სიცოცხლის საპირისპირო მოვლენაა, თუმცა სიკვდილის პროცესი სიცოცხლის ნაწილია, ადამიანებს აქვთ უფლება ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები მათთვის კომფორტული გახადონ. მაშ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს უფლება სიკვდილის პროცესი თავისთვის სასიამოვნო და მსუბუქი გახადოს? ასეთი შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია. ანუ სიკვდილის უფლება გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს როდის და როგორ მოკვდება, თუმცა ამ უფლების არსებობა თავისთავად არ გულისხმობს ევთანაზიის მართებულობას. ადამიანს აქვს იმის პირადი ავტონომია, რომ არ მიმართოს ექიმს, არ ჩაიტაროს, თუნდაც სასიცოცხლოდ აუცილებელი, საჭირო მკურნალობა, თავისი პირადი სურვილიდან გამომდინარე. ევთანაზია, პასიური იქნება ის თუ აქტიური, მაინც ექიმის კომპეტენციაში შედის, ანუ იმისთვის,  რომ მიიღოს სასურველი შედეგი – თუნდაც სიკვდილი – პაციენტმა უნდა გამოთქვას ამის სურვილი ექიმთან, რომელმაც შემდეგ უნდა განახორციელოს ის. ანუ,  ლიბერალებს გამართლებულად მიაჩნიათ, რომ თხოვნის შედეგად მკვლელობა, მკვლელობა, ანუ ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლების ხელყოფა არ არის, და მეტიც, რადგან გამომდინარეობს სიკვდილის უფლებიდან და გულისხმობს სიცოცხლის ამ ეტაპზეც კომფორტისა და ღირსების დაცვას, ისიც ბუნებრივია. ნებაყოფლობითი ევთანაზია, რომლის საფუძველიც პაციენტის თხოვნაა, არ შეიძლება იყოს ადამიანის ბუნებითი უფლება. თუკი ბუნებითია, ის უნდა ვრცელდებოდეს ერთნაირად ყველაზე, როგორც ეს იმანუილ კანტს სწამდა, და, ასევე,  უნდა მოითხოვდეს ყველასგან პატივისცემას. ანუ, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, უნდა ჰქონდეს უფლება,  თხოვნის შედეგად მიიღოს სიკვდილი, თუ კი მას ასე უნდა და ამ გადაწყვეტილებამდე თავად მივიდა, რაც, ცხადია, ადამიანის სიცოცხლის ფასეულობას დააკნინებს.

როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლის უფლებაზე, ცხადია, არ ვგულისხმობთ უბრალოდ არსებობის უფლებას. ადამიანის სიცოცხლე ნიშნავს მუდმივად საკუთარი საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვასაც და ღირსეული ცხოვრების მოთხოვნის უფლებასაც. ადამიანს აქვს უფლება კეთილდღეობისკენ მიისწრაფვოდეს, ამიტომ მტანჯველი და გრძელი სიკვდილის მაგივრად, შეუძლია აირჩიოს მოკლე და უმტკივნეულო, რაც მისცემს მას საშუალებას ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებას და ბოლომდე შეინარჩუნოს იმის შეგრძნება, რომ საკუთარ ბედზე შეუძლია თავად იმოქმედოს, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. იმისთვის, რომ ადამიანის ეს კეთილდღეობისკენ სწრაფვის ბუნებრივი უფლება შესრულდეს, არ სჭირდება თხოვნა: იმისთვის,  რომ ღირსება არ შეულახოს, ინვესტორს, რომელმაც ესა თუ ის ნაკვეთი შეიძინა და, იმისთვის, რომ სამეწარმეო საქმიანობა განახორციელოს,  იძულებულია, იქ არსებული სახლების დემონტაჟი მოახდინოს.  თხოვნა არ სჭრიდება იმისთვის, რომ ყოფილ მესაკუთრეს დანაკარგი აუნაზღაუროს, ის მორალურად ვალდებულია ასე მოიქცეს. მაგალითი ცოტა უხეშია, მაგრამ მარტივი. აქედან, ექიმი ვალდებულია ისე მოიქცეს, რომ პაციენტის ღირსება და კეთილდღეობისკენ მისწრაფების უფლება დააკმაყოფილოს, და,  თუკი ღირსეული სიკვდილის უფლება სწორედ ასეთია, ექიმს არათუ არ სჭირდება თხოვნა, არამედ ის ვალდებულიც კია, პაციენტი უზრუნველყოს ასეთი სიკვდილით. აქ ისევ ჯეკ კევორკიანს ვუბრუნდებით…. რაც, ცხადია, ძალიან შორსაა ადამიანის სიცოცხლის უფლების გაიდეალიზებისგან, და კვლავ აუფასურებს მას.

ევთანაზიაზე საუბრისას განვიხილავთ მხოლოდ პაციენტის ავტონომიურობას, თუმცა ამ აქტში როგორც მინიმუმ ორი, ექიმისა და პაციენტის ავტონომია მონაწილეობს, აქედან მეორე გადამწყვეტია. ცხადია, ყველა ექიმი განსხვავებული იდნივიდია, შესაბამისად გადაწყვეტილებას, შეასრულოს თუ არა პაციენტის თხოვნა, ყველა ექიმი ინდივიდუალურად იღებს. იმისთვის, რომ ასე მოიქცეს, სჭირდება მორალური გამართლება, რომლითაც თავს დაირწმუნებს რომ სწორედ იქცევა. ანუ, ევთანაზიის აქტი უნდა ჩაიდინოს მაშინ, როდესაც დარწმუნდება, რომ პაციენტის სიცოცხლემ დაკარგა მისი შესანარჩუნებელი ღირებულება. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჟღერს, თუმცა ასე არაა. საქმე სიცოცხლის ღრებულების საზომშია. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სიცოცხლე უბრალოდ არსებობა არაა, და გულისხმობს ადამიანის კულტურულ და სოციალურ აქტივობას, რეალიზებას, და ეს ჩავთვალოთ სიცოცხლის ღირებულების საზომად, მაგრამ აქედან საკმაოდ ცუდი რამ გამომდინარეობს. კერძოდ ის, რომ იმ ადამიანის სიცოცხლეს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების საშუალება, იქნება ეს ავადმყოფობისა თუ სხვა რამის გამო, ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე ჯანმრთელი და რეალიზებული ადამიანისას. ეს ხომ დისკრიმინაციაა. ადამიანს სიცოცხლის უფლება, როგორც ყველა სხვა ბუნებრივი უფლება მხოლოდ იმიტომ აქვს რომ ის ადამიანად იბადება და არ შეიძლება ადამიანები დავყოთ, რომლებიც მეტად ან ნაკლებად იმსახურებენ სიცოცხლის უფლებას. ასეთ სამყაროში უბრალოდ ადგილი აღარ ექნება ლიბერალურ ღირებულებებს.

ევთანაზიის ლეგალიზება და მისი აქტიური გამართლება, მათ შორის ეკონომიკური მიზეზებით, მძიმედ დაავადებული ადამიანებისთვის იქნება ერთგვარი სიგნალი და გაკრვეული ზეწოლა, რომ  ღირსების შესანარჩუნებლად მათ მხოლოდ ღირსეული სიკვდილიღა დარჩენიათ. ამას მოწმობს სტატისტიკაც. ASSISTED SUICIDE-ის მაჩვენებელი ამერიკაში, ორეგონის შტატაში, 450%-ით გაიზარდა, ხოლო შვეიცარიაში 700%-ით გასული 15 წლის განმავლობაში. თითქმის გაორმაგდა ევთანაზიის შემთხვევების რაოდენობა 2006 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდებში,  1923 შემთხვევიდან 3695 ავიდა, ყოველწლიურად კი 15-20%-ით იმატებს.

ავტორი: გვანცა აბაშიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მე-3 კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *