ისტორია

ცინ შიხუან-ტი(ჩინეთის პირველი იმპერატორი – აღზევებიდან გარდაცვალებამდე)

2 Jul , 2015  

 

„ჩვენ არ გვექნებოდა ჩინეთი ცინ შიხუანტის გარეშე“ – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ბოლი.

არავინ იცის, როგორ ჩინეთზე გვექნებოდა დღეს საუბარი, რომ არა ეს ისტორიული პიროვნება, რომელმაც შეძლო უზარმაზარი ტერიტორიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.


286px-始皇帝_(篆文).svgცინ შიხუან-ტი, რომლის ნამდვილი სახელი  იყო ინ ჭენი,  მოღვაწეობდა ძვ.წ 259-დან ძვ.წ 210 წლამდე. ის იყო ცინის სამეფოს მმართველი, რომელმაც ბოლო მოუღო ამბოხებულ-დაპირისპირებულ სამეფოებს. ძვ.წ 221 წლისთვის მან დაამყარა კონტროლი ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე და შევიდა ისტორიაში, როგორც ჩინეთის სახელმწიფოს პირველი მმართველი. იმპერატორმა ჩინეთის გაერთიანებამდეც და შემდეგაც ნამდვილად შესანიშნავი მასალა დაუტოვა ისტორიას, სწორედ ამ ისტორიული მასალის განხილვას შევეცდები მე.

ინ ჭენი დაიბადა ძვ.წ 259 წელს, ხანტანში, ჭაოს სამეფოს დედაქალაქში, ძალიან ღარიბ ოჯახში. სახელი ჭენი მიენიჭა ბიჭს დაბადებიდანვე და აღნიშნავდა „პირველს“, დაბადების თვის გამო. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღევანდელ, თანამედროვე ჩინურში იმპერატორის ნამდვილი სახელი ნიშნავს პოლიტიკაში გამარჯვებულს (赢 – გამარჯვება, გამარჯვებული 政 – პოლიტიკა). მისი მამა, ჭუანსიან ვანი, ტყვე გახლდათ, ის იყო ვანის შვილიშვილი ერთ-ერთი დაბალი რანგის ტყვე ქალის მხრიდან. შესაბამისად, ბიჭს არანაირი შანსი არ ჰქონდა ტახტისთვის, სანამ მამამისი ლიუ პუვეის არ შეხვდებოდა. სწორედ ლიუ პუვეის და ჭუანსინ ვანის შეხვედრა აღმოჩნდა ინ ჭენისთვის საბედისწერო.

ტახტზე ასვლას ჭენი ლიუ პუვეის უნდა უმადლოდეს. ლიუ პუვეი იყო ვაჭარი, რომელიც შემდგომში გახდა გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ცინის სამეფოს კანცლერი და ჩინეთის უნიფიკაციის პროექტის ავტორი. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო ცინშიხუანტის ნამდვილი მამა. ინ ჭენი იყო ერთ-ერთი ტყვე ქალის შვილი, ეს ქალი ჭუანსივანს სწორედ ლიუ პუვეიმ „აჩუქა“ და არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ქალი უკვე ორსულად იყო ამ დროს. ამით ხსნიდა ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი ლუ პუვეის „მზრუნველობას“ მომავალი იმპერატორისადმი. ამ ვერსიას დიდხანს იყენებდნენ იმპერატორის მოწინააღმდეგენი, თუმცა საპასუხოდ იმპრეატორი ავრცელებდა ვერსიას, რომ დედამისი ჭაოს მაღალი კლასის ოჯახის შვილი იყო.

china260bceრათა უკეთ გავეცნოთ ცინის დინასტიის და ცინშიხუანტის აღზევებას, საჭიროა ისტორიის იმ ფურცლებს გადავხედოთ სადაც წერია თუ როგორ მივიდა ცინის სამეფო ამ დიდებამდე. ცინის თავდაპირველი წარმატება დამოკიდებული იყო შან იანის რეფორმებზე, სწორედ მისმა რეფორმებმა გააძლიერა სამეფო სამხედრო (და არამარტო) მხრივ. შან იანის რეფორმების მიზანი იყო, ძლიერი ადმინისტრაციისა და ბიუროკრატიის წყალობით და გლეხებისთვის შეღავათების დაწესებით, შეექმნათ პირობები სხვა სამეფოების სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიისთვის. რეფორმების შედეგები აისახა სამხედრო წარმატებებით (ამ მხრივ ყველაზე დიდი შედეგი პოლკოვნიკ ბაი ცის ქონდა). ცინის წარმატებებს შიშით უყურებდნენ სხვა სამეფოები და კოალიციის შეკვრა გადაწყვიტეს. ცინის წინააღმდეგ კოალიციაში გაერთიანდნენ სამეფოები ჩრდილოეთ იანიდან სამხრეთ ჩუ-მდე, შემდეგ მათ მიემხრო ჭოუც. თუმცა ეს მცდელობები მაინც უშედეგო აღმოჩნდა, ცინის მოწინააღმდეგეები ერთი-მეორეს მიყოლებით კრახს განიცდიდნენ. ჭოუს დომინირების ეპოქა მთავრდებოდა, ჩნდებოდა ახალი ჰეგემონი – ცინი. საკონტროლო დარტყმების და ცინის უპირობო ჰეგემონად ქცევა კი ინ ჭენს, მომავალ ცინ შიხუანტის ხვდა წილად.

ლიუ პუვეის ჩახლართული ინტრიგების წყალობით, მოხუცი ვანის გარდაცვალების შემდეგ და ჭუან-ვანის მოკლეხნიანი მმართველობის შემდეგ, ტახტზე ავიდა ინ ჭენი. ინ ჭენმა მოულოდნელად მიიღო ცინის მემკვიდრეობა ძვ.წ 246 წელს, მაშინ ის სულ რაღაც 13 წლის იყო. ლიუ პუვეი პრემიერ-მინისტრი და ცინშიხუანტის მეურვე გახდა. თუმცა იმპერატორის მამის გარდაცვალების შემდეგ ლიუ პუვეიმ ბიჭის დედასთან დაიწყო ცხოვრება და ტახტისთვის ახალი პრეტენდენტი – ლაო აი გაამზადა. იმპერატორის დედას კი,  ამ პერიოდში ლიუ პუვეისგან ორი შვილი შეეძინა, რომელსაც ასევე ექნებოდათ პრეტენზია ტახტზე. ძვ.წ 238 წ ლაო აიმ ჯარი შეკრიბა და ცინშიხუანტის წინააღმდეგ გაილაშქრა. იმპერატორმა დაამარცხა ლაო აი, შემდეგ გაიგო რა, რომ ამ ყველაფერში ლიუ პუვეი იყო გარეული, ის დაიჭირა და გადასახლებაში გააგზავნა შუს სამეფოში, მან გზაში თავი მოიკლა. იმპერატორმა დაუსჯელად არც საკუთარი დედა დატოვა – ის გადასახლებაში გაგზავნა.

ლიუ პუვეის შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდა სუნწის მოსწავლე, ლეგისტი ლი სი. ლი სის საკმაოდ დიდი სიტყვა ეთქმოდა ცინშიხუანტთან და, თანამედროვე ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი,  სწორედ მას მიაწერს ცინის აღზევებას და ამბობენ, რომ სწორედ ის იყო იმპერიაში მთავარი გადაწყვეტილებების მიმწოდებელი, იმპერატორი კი მხოლოდ ადასტურებდა მათ. თუმცა,  ამაზე ზუსტი პასუხის თქმა შეუძლებელია, ფაქტი კი ფაქტად რჩება, ლი სიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმპერიის გაძლიერებაში. ის მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდა ცინ შიხუანტის და იდეალურად ასრულებდა თავის საქმეს. ლი პუვეის ინტრიგების შემდეგ იმპერატორი უკვე აღარავის აღარ ენდობოდა, ამიტომაც, ერთ დღეს,  გამოუშვა ბრძანება, რომ სამეფოდან გაეძევებინათ ყველა,  ვინც არ იყო წარმომავლობით ცინი. ლი სიმ უთხრა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ მტრებს გააძლიერებდა და იმპერატორმაც გადაწყვეტილება შეცვალა. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა, იმპერატორს ხშირად შეუცვლია თავისი ბრძანება ლი სის რჩევების შემდეგ.  ინ ჭენმა და ლი სიმ მართლაც უძლიერესი ტანდემი შეკრეს. ისინი აგრძელებდნენ წარმატებულ ბრძოლას მტერთან აღმოსავლეთში, ბრძოლისას კი მიმართავდნენ ყველანაირ ხერხს – ჯაშუშური ქსელის შექმნას, ქრთამების მიცემას, ბრძენთა დახმარებას. იმპერატორი განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით.

ერთ-ერთი იმდროინდელი ისტორიკოსი სიმა ციენი იმპერატორს შემდეგნაირად აღწერს: „ შევარდენივით შეუპოვარი მკერდით და ტურასავით ხმით, ცინ შიხუანტი არის უმოწყალო ადამიანი მგლის გულით. როცა ის სირთულეს აწყდება, ყველანაირად ცდილობს პრობლემის გადაჭრას, ხოლო როცა გადაჭრის ამ პრობლემას ის მხოლოდ სხვების ცოცხლად შეჭმაზე ფიქრობს. თუ ცინ ში ხუანტი ოდესმე მოახერხებს მსოფლიოს დაპყრობას, მთელი მსოფლიო მის პატიმრად აღმოჩნდება“.

ყველაფერი მიდიოდა ჩინეთის გაერთიანებისკენ ცინის დინასტიის ქვეშ.

220px-Zhengguo_Canal_Mapმაგრამ, იმპერატორი მშვენივრად აცნობიერებდა, რომ შემდგომში უზარმაზარ ტერიტორიას დამაკავშირებელი გზები და გამოსაკვებად საჭმელი დასჭირდებოდა. ამიტომაც,  გასცა უზარმაზარი საირიგაციო არხის მშენებლობის ბრძანება. ბრძანების შესრულება ძვ.წ 245 წელს ხანის სამეფოდან ჩამოყვანილმა ინჟინერმა ჭენ გუომ დაიწყო. არხი გაჰყვადათ დღევანდელი შენსის პროვინციაში და მისი სიგრძე იმდროინდელი მაშტაბებით ნამდვილად უზარმაზარი – 150 კმ იყო. არხი აერთებდა მდინარე ძინშუეის და ლოშუეის. არხის აშენებას უდიდესი ეკონომიკური სარგებელი ექნებოდა, ერთი არხის მშენებლობით იჭრებოდა როგორც კომუნიკაციის, ასევე საკვების პრობლემაც, მაგრამ მშენებლობის შუა გზაზე ჭენ გუო დაადანაშაულეს ხანის აგენტობაში. თუმცა, მან იმპრეტატორი დაარწმუნა არხის აუცილებლობაში და მას პროექტის დასრულების უფლება მისცეს. დადანაშაულების შემდეგ, ჭენ გუო უფრო დიდ პრობლემას წააწყდა – კლდეს, რომელიც უშლიდა ხელს მას ამ არხის გაყვანაში. თავიდან გადაწყვიტეს კლდის გაჭრა, თუმცა მალევე ნახეს, რომ ამას შეიძლებოდა ასეული წელი წაეღო, მაშინ ინჟინერმა ძალის მაგივრად გონებას უხმო, მან მუშებს უბრძანა, კლდე იარაღებით კი არ გაეტეხათ, არამედ კლდის ქვები გაეცხელებინათ და შემდეგ ცივი წყალი დაესხათ, შედეგად ქვები თავად დაიწყებდნენ გატეხვას. ამრიგად არხის მშენებლობის დასრულება სულ რაღაც ათ წელიწადში მოხერხდა. ცინი უკვე მზად იყო სხვა სამეფოებისთვის საბოლოო დარტყმის მისაყენებლად.

32 წლის ასაკში ინ ჭენი უკვე ბატონობდა იმ მიწაზე, სადაც ის დაიბადა. ამასთან ერთად, მან ყველას დაუმტკიცა, რომ შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა.  ხანტანის დაპყრობის შემდეგ, ის შევიდა ქალაქში და პირადად ხელმძღვანელობდა მისი ოჯახის ძველი მტრების განადგურებას, პირადად გაუსწორდა იმ ადამიანებს, რომლებიც ოცდაათი წლის წინ, ტყვეობაში ამცირებდნენ მის მამას და დედას. მისი გაძლიერების გამო, მტრებმა რამდენჯერმე გადაწყვიტეს იმპერატორის მოშორება. ხანტანის დაპყრობის მომდევნო წელს მას მიუგზავნეს მკვლელი ძინ ქ, რომელსაც იმპერატორი პირადად გაუსწორდა თავისი სამეფო ხმლით, მიაყენა  მას 8 სასიკვდილო ჭრილობა. ამის შემდეგ ცინშიხუანტის კიდევ ორჯერ დაესხნენ თავს, შედეგი იგივე იყო, კვდებოდა მკვლელი და არა იმპერატორი. ინ ჭენი კი აგრძელებდა ჩინეთის გაერთიანებას.  ძვ.წ 230 წ. შემოიერთა ხანის სამეფო, 225 წელს – ვეი, 223-ში – ჩუ, 222-ში ჭაო და იანი, 221-ში კი – ცი. 39 წლის ასაკში ჭენმა პირველად ისტორიაში გააერთიანა მთლიანი ჩინეთი, და ძვ.წ 221 წელს ბოლო მოუღო სამეფოებს შორის ბრძოლებს და სისხლისღვრას, და მიიღო პირველი იმპერატორის ტიტული.

ახლადშექმნილ იმპერიაში იმპერატორმა დაიწყო რადიკალური რეფორმების გატარება.  დედაქალაქად აირჩია სიენიანი, ამ ქალაქში გადმოიყვანა ყველა დაპყრობილი ტერიტორიის ყოფილი მმართველი და ასევე იმპერატორის ყველა თანაშემწეც აქ იყო, სულ 120 ათასი ოჯახი. ამრიგად,  მან ელიტა თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა, შექმნა რა ერთგვარი პოლიციური სისტემა, რომლითაც აკონტროლებდა ყველას,  ვისაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა პრეტენზია იმპერიის რომელიმე ტერიტორიაზე.

ლი სი-ს რჩევის თანახმად, იმის გამო,  რომ იმპერია არ დაშლილიყო,  ცინშიხუანტიმ არ დანიშნა დავისი ნათესავები დაპყრობილი ტერიტორიების მმართველებად.  ჩინეთის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იმპერატორმა უთხრა „არა“ ნეპოტიზმს. ამის მაგივრად,  ცინ შიხუანტიმ შექმნა ლეგიზმით აპრობირებული ცენტრალიზებული ადამინისტრაციული სისტემა. იმპერიის შენარჩუნებისთვის მან ტერიტორია დაყო 36 საბრძოლო მიწად – რომელსაც უწოდა ძუნ (郡) (შემდგომში მათი რიცხვი 40-ს გადასცდა), სათავეში კი დაუყენა მმართველები და ჩინოვნიკები. საბძოლო მიწები დაყოფილი იყო რაიონებად – სიენ (縣), სოფლებად – სიან (鄉) და ასკაციან თემებად – ლი  (里). წინა ადმინისტრაციული სისტემებიდან განსხვავებით,  ამჯერად,  ყველაფერი ცენტრალიზებული იყო.  საჯარო მოხელეების უკეთესი გაკონტროლებისთვის იმპერატორმა შემოიღო დაქვემდებარების ორმაგი სისტემა: კონკრეტული ტერიტორიის ჩინოვნიკები ექვემდებარებოდნენ, როგორც უფრო დიდი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული გაერთიანების მმართველებს, ასევე სხვადასხვა ორგანოების ჩინოვნიკებს და მინისტრებს. მათი მოთხოვნის საფუძველზე უნდა ჩაებარებინათ მიმდინარე ანგარიში.  სამხედრო შენაკადებიც გაერთიანებული იყვნენ საყოველთაო ადმინისტრაციულ სისტემაში, რათა არ მომხდარიყო ამა თუ იმ არმიის მეთაურის გაძლიერება, როგორც ეს ადრე ხშირად ხდებოდა. იმპერიის წინააღმდეგ შიდა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, იმპერატორმა დაპყრობილი ტერიტორიის ხალხს  ჩამოართვა იარაღი, გადაადნო ის და დედაქალაქში აღმართა 12 უზარმაზარი ქანდაკება.

ლეგისტური ნორმების გათვალისწინებით, ცინ შიხუანტი მიესალმებოდა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და გარკვეულ შეღავათებსაც უწესებდა გლეხებს. იმპერიის ყველა გლეხს ეძლეოდა მიწა, გადასახადები კი ძალიან მცირე იყო (საწყის პერიოდში).

ბუნებრივია,  ამ უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც ადრე რამდენიმე სამეფოდ იყო დაყოფილი და სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობდა, ნამდვილ იმპერიად ქცევისთვის ძირითადი სფეროების უნიფიკაცია სჭირდებოდა. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის ლოზუნგი იყო „ყველა ეტლის ღერძი ერთი სიგრძის, ყველა იროგლიფი – სტანდარტული დამწერლობის“. ამ რეფორმის ფარგლებში იმპერატორმა შექმნა გზების ერთიანი სტრუქტურა, რამაც საგრძნობლად გააადვილა მიმოსვლა იმპერიის ფარგლებში, მოაწესრიგა იეროგლიფიკა, ყველა ცინის იმპერიაში იყენებდა სტანდარტულ დამწერლობას, შემოიტანა ერთიანი სავალუტო სისტემა, ასევე საზომი სისტემები. ამასთან ერთად,  საფუძველი ჩაეყარა ჩინეთის კულტურულ და ეკონომიკურ ერთიანობას, რომელმაც, მას შემდეგ,  ათასწლეულებს გაუძლო. თანამედროვე ჩინური იეროგლიფიკა (და არამარტო იეროგლიფიკა) დასაბამს სწორედ ცინის დამწერლობიდან იღებს.

ეკონომიკური, ადმინისტრაციული და სოციალური რეფორმების პარალელურად ცინშიხუანტი ინფრასტრუქტურას უთმობდა დიდ ყურადღებას. სწორედ მის პერიოდს უკავშირდება ისტორიული ღირშესანიშნაობები, რომლებიც დღესაც კი უამრავ ტურისტს იზიდავს ჩინეთში.

Screen Shot 2015-07-04 at 12.47.28 AM

იმპერატორმა განაცხადა, რომ ჩინეთის ტერიტორია აღარ იყო დაყოფილი მტრულ სახელმწიფოებად და
ერთიანობის აღსანიშნად ბრძანა, დაეშალათ ყველა შიდა კედლი, ბარიერი, რომელიც ყოფდა სამეფოებს. მან მხოლოდ ჩრდილოეთ საზღვრები დატოვა იმპერიის შემოსასაზვრად და ჩრდილოეთიდან მტრის შემოსევისგან თავის დასაცავად დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. კედლის მშენებლობა მოსახლეობაში დიდ პროტესტს იწვევდა, მასში ჩართული იყო ჩინეთის მშრომელი მოსახლეობის მეხუთედი – ერთი მილიონი ადამიანი, მათგან კი,  ყოველი მეოთხე დაიღუპა. სწორედ ამიტომ, ისტორიკოსები ჩინეთის დიდ კედელს  მსოფლიოში ყველაზე დიდ სასაფლაოს უწოდებენ.

terracotta-army-in-chinaგარდა ჩინეთის დიდი კედლისა, სწორედ ცინ შიხუანტის სახელს უკავშირდება, 1974 წელს სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი, მაგრამ დღეს ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ ღირშესანიშნაობად ქცეული ტერაკოტას არმია. ეს მილიონობით ადამიანის მიერ აშენებული იმპერატორის საფლავი იყო, რომლის მშენებლობაც იმპერატორმა სიცოცხლეშივე მოისურვა. საფლავის აღმოჩენილი მასშტაბები გრანდიოზულია, თუმცა , დღემდე გათხრილია მხოლოდ საფლავის მცველების ტერიტორია – ტერაკოტას უნიკალური არმია, ათასობით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეომარი, რომელიც იმპერატორის საფლავს იცავს. თვითონ იმპერატორის საფლავი კი, დღემდე გაუთხრელია –  არქეოლოგებს მასზე მუშაობა უჭირთ, რადგან, როგორც გაირკვა,  საფლავთან უამრავი დამალული ხაფანგია. საფლავის აშენების შემდეგ, იმპერატორმა ბრძანა საფლავზე, 120 მეტრიანი ყორღანის აშენებაც. აღნიშნულ მშენებლობაზეც იძულებით უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული და მოსახლეობის პროტესტი თანდათან იზრდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მშენებლობების დროს იმპერატორს არ დავიწყებია იმპერიის ინტერესები, მართალია სასაფლაოს პირადი მიზნებით შეალია მილიონობით ადამიანი, მაგრამ დიდი კედელი ნამდვილად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ააშენა. ასევე,  ამავე პერიოდში  ცინ შიხუანტის ბრძანებით დაიწყო ლინ ცუ-ს არხის მშენებლობა – 36 კილომეტრის სიგრძის არხი იყო აშენებული დღევანდელი გუანსის რაიონის ტერიტორიაზე. ეს არხი აერთიანებდა იანძის შენაკადებს მდინარე ლისთან. სწორედ ამ არხის წყალობით განვითარდა ნაოსნობა ჩინეთში.

ნაოსნობის გარდა,  ცინ შიხუანტის დროს,  საგრძნობლად განვითარდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპერატორი იშვიათად იმყოფებოდა დედაქალაქში, ის მუდმივად დადიოდა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში შემოწმების მიზნით. თან, ამას აკეთებდა ძალიან ჭკვიანურად, ის აგზავნიდა რამდენიმე ესკორტს სხვადასხვა მიმართულებით, თავად იმპერატორის გარდა კი,  არავინ იცოდა, რომელ მათგანში იმყოფებოდა ის და,  რომელ რეგიონს ეწვეოდა შემოწმებით, ამიტომ ყველა რეგიონის ჩინოვნიკი ცდილობდა,  მოეწესრიგებინა გზა. ამ ყველაფერს კი, მოყვებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – სწორედ მის დროს შეიქმნა საგზაო სისტემა.

იმპერატორს ყველაზე მეტად მოახლოებული სიკვდილი აფიქრებდა, რის გამოც ძალიან დაღონდა და ლამის პარანოია დაემართა. მას აღარც დედაქალაქის ცენტრალურ სასახლეში ცხოვრება მოსწონდა და დაიწყო გრანდიოზული სასახლის –  ეპანის მშენებლობა. ეპანი იყო მისი საყვარელი ტყვექალის სახელი. სასახლის მშენებლობა 212 წელს დაიწყეს, თუმცა,  მალე იმპერატორი გარდაიცვალა, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ხალხი ცინის დინასტიას აუჯანყდა და სასახლე ვეღარ დაამთავრეს. სიკვდილამდე კი,  ყველანაირად ცდილობდა გარდაცვალებისთვის თავის არიდებას. დაავალა მის მსახურებს, შეექმნათ სიცოცხლის ალექსირი, თუმცა,  უშედეგოდ. კონფუციანელი მეცნიერები ამ ელექსირის ძებნას ირონიით უყურებდნენ, რის გამოც იმპერატორმა 460 მეცნიერი სიკვდილთ დასაჯა. მანამდე მან ლი სის რჩევით დააწვევინა ყველა წიგნი, რომელიც არ ეხებოდა სოფლის მეურნეობას, მედიცინას ან მკითხაობას.

შემდეგ ცინ შიხუანტიმ გაიგო, რომ მსგავსი ელექსირი აღმოსავლეთ ზღვის კუნძულებზე იყო და იქ გაგზავნა ხალხი, თუმცა ცოცხლად იქედან ვერავინ დაბრუნდა.  როგორც იმპერატორს უთხრეს,  იმ კუნძულამდე მიღწევა შეუძლებელი იყო,  რადგან მას უზარმაზარი თევზები იცავდნენ. იმპერატორი თავად გავიდა ზღვაში, ისრით მოკლა უზარმაზარი თევზები, თუმცა ბოლომდე ვეღარ მივიდა, ცუდად გახდა და უკან მოუწია დაბრუნება, ვეღარ გამოჯანმრთელდა და ჩინეთის ერთ-ერთი მორიგი შემოვლის დროს გარდაიცვალა.

Xu_Fu_expedition's_for_the_elixir_of_life

ბოლო წლებში ის უფრო და უფრო იშვიათად გადიოდა სასახლიდან, მოკვდავებთან კონტაქტზე უარის თქმით ის ფიქრობდა, რომ ხალხი უკვე დაიწყებდა მის, როგორც ღვთაების აღქმას. ამის მაგივრად, ცინის ტოტალიტარულ მმართველობას დღითიდღე მეტი ხალხი უჯანყდებოდა, მისი მრჩეველებიც კი. ბოლო წლებში იმპერატორმა სამი შეთქმულების შესახებ გაიგო და უკვე აღარავის უჯერებდა.

როგორც უკვე ვახსენე,  გარდაიცვალა სამეფოს ერთ-ერთი მორიგი შემოვლისას, ძვ.წ 210 წელს. გარდაცვალების თარირად ითვლება 10 სექტემბერი, ადგილად კი  სასახლე შაციუ, რომელიც დედაქალაქიდან ორი თვის სავალზე იყო. სიცოცხლის ელექსირის ძიების შედეგად,  ის მძიმედ დაავადდა, თუმცა მაინც  არ აპირებდა სიკვდილთან შეგუებას, გადაწყვიტა დაელია „სიცოცხლის ელექსირი“, რომელიც ვერცხლისწყალს შეიცავდა და გარდაიცვალა. ამ შემოვლის დროს იმპერატორს მისი მემკვიდრე ხუ ხაი, კანცლერი ჭაო გაო და მთავარი მრჩეველი ლი სი ახლდა. სიკვდილის წინ ცინ შიხუანტმა წერილი გაუგზავნა თავის უფროს შვილს, ფუ სიუს, რომელსაც მიწერა, რომ უტოვებდა სამეფოს. წერილზე ხუ ხაის ბეჭედი უდნა დაერტყა და გაეგზავნა, მაგრამ მან ის არ გააგზავნა. როცა ცინ შიხუანტი გარდაიცვალა, ჭაო გაო და ლი სი დაახლოებით ორი თვე არ ახმაურებდნენ მისი სიკვდილის ამბავს. მათ მოათავსეს კუბო ეტლში, მიჰქონდათ მისთვის საჭმელი და წერილები  და პასუხობდნენ კიდეც მათ იმპერატორის სახელით. დიდი სიცხის გამო გვამმა გახრწნა დაიწყო, მათ კი იმის გამო რო სუნი არ ყოფილიყო მარილიანი თევზი შემოუწყეს. მათვე გადააკეთეს იმპერატორის ანდერძი, ტახტი უმცროს ვაჟს ხუ ხაის (ერშიხუანტი) უბოძეს, რომლის აღმზრდელი ჭაო გაო იყო. მათ გაუგზავნეს უფროს ვაჟს ფუ სიუს და გენერალ მე თიანს ბრძანება საპატიოდ გამოსალმებოდნენ სიცოცხლეს საკუთარი ხელით.

ძველი დინასტიის წარმომადგენლები ეგრევე აუჯანყდნენ ახალ იმპერატორს და ძვ.წ 206 წელს ცინების მთელი ოჯახი დახოცეს.

და მაინც,  რა გახდა ასე სწრაფად აღზევებული და ესოდენ ძლევამოსილი იმპერიის კრახის მიზეზი?

უდავოა, რომ ლეგისტურ ადმინისტრაციის სისტემას  კარგი შედეგები მოჰქონდა, თან საკმაოდ სწრაფად. ჩინეთი სწრაფად გარდაიქმნა მებრძოლი დანაწევრებული სამეფოებიდან წესრიგზე დამყარებულ იმპერიად, მაგრამ თვითონ იმპერიის შიგნით ნაკლებად იყო ჰარმონია. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი. კონფუციანელები ხშირად აკრიტიკებდნენ იმპერატორს ტრადიციების უგულებელყოფის და ზედმეტად მკაცრი სასჯელების გამო, მაგრამ იმპერატორი ძალიან აგრესიულად რეაგირებდა კრიტიკაზე. როგორც უკვე ვახსენე,  ძვ.წ 213 წელს მან წიგნების დაწვა ბრძანა, ხოლო 212-ში 460 ყველაზე აქტიური ოპონენტი დასაჯა სიკვდილით. ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააძლიერა მისდამი ხალხის ზიზღი.

ხალხში, ასევე,  პროტესტს იწვევდა იძულებითი სამუშაოები, დიდი კედლის მშენებლობაზე გაგზავნა ქვეყანაში აღიქმებოდა, როგორც სასტიკი სასჯელი, რომლიდანაც ბევრი ვერ ბრუნდებოდა. ბრძოლები ჩრდილოეთში კი,  კიდევ უფრო მეტ ხალხს მოითხოვდა.  ბოლო წლებში იმპერიას ბიუჯეტის შევსებაც უჭირდა და გადასახადების გაზრდა მოუწია, რამაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააღიზიანა ხალხი. მაგრამ ცინ შიხუანტის არ აინტერესებდა ხალხის აზრი, მნიშნველობა არ ქონდა პროტესტს ვინ გამოთქვამდა, კონფუციანელი მეცნიერი თუ უბრალო გლეხი – ყველა სიკვდილით ისჯებოდა.

მისი მმართველობით უკმაყოფილო ხალხმა რამდენჯერმე სცადა მისი განადგურება, შედეგად ცინ შიხუანტი კიდევ უფრო შეიპყრო პარანოიამ, მას უკვე ორი ღამის ერთსა და იმავე  სასახლეში გატარების ეშინოდა, აღარავის ენდობოდა.

„ის თავიდან იცილებდა  ყველას,  ვინც მას არ ეთანხმებოდა და რაიმე სახის პროტესტს გამოთქვამდა. პარანოიით იყო შეპყრობილი და  მუდმივად იმისი შიშში ჰქონდა, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა მმართველობა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც უამრავი კულტურის და დაჯგუფების ხალხი ცხოვრობდა.“ ისტორიკოსი სუნ ჭოუ.

ცინ შიხუანტისა  და ლი სის ლეგისტური სისტემა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჭოულის კონფუციანური იდეალებისგან. თუ კონფუციანელებთან უდიდეს როლს თამაშობდა პატერნალიზმი და ტრადიციების ერთგულება, ცინთან პირიქით იყო, თუმცა გადაჭრით ვერც იმას ვიტყვით, რომ იმპერატორმა უარი თქვა ყველანაირ ტრადიციაზე, არა,  სიმ ციენის ისტორიულ ნარკვევებში ვხვდებით თავებს,  სადაც მას აღწერილი აქვს ცინ შიხუანტის ერთგრულება გარკვეულ კონფუციანურ ტრადიციებთან. თუმცა,  ბოლოს თვითონაც ასკვნის, რომ მართალია იმპერატორი ცდილობდა კონფუციანიზმისა და ლეგიზმის შეერთებით შეექმნა ახალი სისტემა, მაგრამ ის უფრო სასტიკი ლეგიზმისკენ იხრებოდა. ლეგიზმისკენ გადახრამ და კონფუციანიზმის უარყოფამ ხალხს წაართვა არა მარტო ტრადიციებზე აპელირების უფლება, არამედ უფრო მეტი, სულიერი კომფორტი, ის რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩინელი ხალხისთვის. შედეგად,  წესრიგი ჰარმონიის გარეშე გადაიქცა არეულობად.

ამ ყველაფერმა გამოიწვია იმპერიის განადგურება. სანამ ცინ შიხუანტი ცოცხალი იყო, ვერავინ ვერ ბედავდა სახელმწიფო სისტემასთან დაპირისპირებას, მაგრამ,  მისი სიკვდილის შემდეგ სიტუაცია უმალვე შეიცვალა.

სასტიკი რეჟიმით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, დიდი ძალების მობილიზების გზით, მოსახლეობის სიცოცხლის ფასად, მაგრამ ეს ვერასდროს გახდება ნორმა. ნებისმიერი სახის ექსტრემიზმი, ადრე თუ გვიან,  აუცილებლად ბადებს საპასუხო რეაქციას. საზოგადოება ვერ უძლებს დიდხანს მკაცრ რეჟიმში ცხოვრებას, რელაქსაციას კი ლეგიზმი არ ითვალისწინებს, რელაქსაცია არის ყველაფერი იმის ნგრევა,  რაზეც დგას ეს სისტემა. სწორედ ამაშია,  ერთი შეხედვით ასეთი ძლიერი იმპერისი კრახის მიზეზი. გამოიკვეთა ლეგიზმის არასიცოცხლისუნარიანობა და აუცილებელი გახდა მისი სხვა, ნაკლებად მკაცრი, უფრო ჰუმანური სისტემით ჩანაცვლების აუცილებლობა. ასეთი სისტემა კი,  აღმოჩნდა კონფუციანური იმპერია – ხანის იმპერია.

დღეს ჩინელი (და არამარტო) ისტორიკოსები სხვადასხვანაირად ახასიათებენ ჩინეთის პირველ იმპერატორს. მათი გარკვეული ნაწილი მას კონფუციანურ ტრადიციებზე უარის თქმას ვერ პატიობს და ისტორიაში მის მოღვაწეობას შავ ლაქად განიხილავს. ნაწილი კი,  სწორედ მას მიაწერს იმის შექმნას,  რასაც დღეს ჩინეთს ვუწოდებთ. მართალია,  მან შექმნა სასტიკი მოდელი, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებდა მოსახლეობის აზრს, მაგრამ ზოგი ექსპერტი ამას გამართლებულად მიიჩნევს. ისტორიკოსი სუნ ჭოუ ამბობს, რომ კომუნისტურ ჩინეთში მათ გადმოიღეს ცინ შიხუანტის იმპერიული მოდელი. „ერთადერთი საშუალება, აკონტროლო ამხელა ტერიტორია, მხოლოდ იმპერიის შექმნაა“ – ამბობს ის. 1958 წელს კი,  ახალი ჩინეთის დამაარსებელი,  მაო ძედუნი,  ცინ შიხუანტთან ავლებდა პარალელს, ამბობდა: „მან ცოცხლად დამარხა 460 მეცნიერი – მე 46 000. თქვენ (ინტელექტუალები – ოპოზიცია) მე მადანაშაულებთ და ბრალად ცინ შიხუანტობას მდებთ. თქვენ ცდებით, მე ათასჯერ ვაჯობე მას“.

მიუხედავად იმისა, რომ მე, პირადად,  არ ვამართლებ ლეგიზმის მკაცრ სისტემას და,  ჩემთვის მიუღებელია დესპოტური მმართველობა, მივიჩნევ, რომ ცინ შიხუანტი ისტორიაში მაინც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. რთულად წარმოსადგენია სხვა რომელიმე მმართველს გაეერთიანებინა ეს ტერიტორიები მხოლოდ კონფუციანურ იდეალებზე დაყრდნობით. დიდი იმპერიები, უზარმაზარი ტერიტორიითა და უამრავი ხალხით, იმ დროს,  სიმკაცრეს მოითხოვდა. მართალია,  ყველა იმპერიის ფინალი ერთია და ისინი კრახით ასრულებენ არსებობას, მაგრამ ცინ შიხუანტიმ შექმნა არამხოლოდ მკაცრი ტერიტორიული გაერთიანება, არამედ მსოფლიოში პირველი ცენტრალიზებულ ბიუროკრატიული იმპერია, რომელიც დღესაც ამ სახით შემოგვრჩა და მსოფლიო პირველობისთვის იბრძვის.

ბიბლიოგრაფია

Mark Edward Lewis, The Early Chinese Empires: Qin and Han. Cambridge: Harvard University Press (2007).

Lu Buwei, The Annals of Lu Buwei, trans. John Knoblock and Jeffrey Riegel. Stanford: Stanford University Press (2000)

Clements, Jonathan (2006). The First Emperor of China. Sutton Publishing

Yu-ning, Li, ed. (1975). The First Emperor of China

А. В. Меликсетов (2002). История Китая

 

ავტორი: რევაზ თოფურია

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *