ტერორიზმი

კიბერტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება

4 Jul , 2015  

კაცობრიობა ტერმინ „ტერორისა“ და „ტერორიზმის“ შემოღება-დამკვიდრებას საფრანგეთის რევოლუციას უნდა უმადლოდეს.  ამ ტერმინის გამოყენება 1793-94 წლებში, ე.წ. „ტერორის ბატონობის“ პერიოდში, იაკობინელების რევოლუციური ხელისუფლების დროს დაიწყეს, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. „ტერორი სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულება, დაუყოვნებელი, დაუნდობელი, შეუდრეკელი მართლმსაჯულება“,- აცხადებდა იაკობინელთა დიქტატურის ერთ-ერთი მოთავე და თეორიტიკოსი მაქსიმილიან რობესპიერი.

ინტერნეტის დანერგვამ და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების მასშტაბურმა გამოყენებამ ვირტუალურ სამყაროში რეალური ომის საფრთხე შექმნა. ინტერნეტის პირველი გამოჩენა არპანეტის სახით (ARPANET – ინტერნეტის პირველი სახელი)  1969 წლიდან იწყება, როგორც მოწინავე კვლევითი  სააგენტოების (ARPA) და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (DOD) მიერ შექმნილი კვლევითი ქსელი. თავდაპირველად არპანეტი ელექტრონული კვანძების მეშვეობით ოთხ ამერიკულ უნივერსიტეტს ერთმანეთთან აკავშირებდა და  მეცნიერთა შორის კავშირის დამყარებას ემსახურებოდა. შემდგომ ეს ტექნოლოგია ელვისებურად გავრცელდა და განვითარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, როგორც კულტურათა დიალოგის, მეწარმეთა,  მომხმარებელთა თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის უნიკალური საშუალება. თუმცა ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა კარდინალურად შეცვალა უსაფრთხოების ექსპერტთა აზრი ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობაზე. დღეს აღარავინ დაობს, რომ უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, ისევე როგორც მასზე დამყარებული სხვა სერვისები, ყველა სიკეთესთან ერთად, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ უდიდეს  საფრთხეებსაც შეიცავს. გაჩნდა კიბერტერორიზმის ცნება, რომელმაც მეცნიერებს მიანიშნა, რომ ტერორისტთა  “ტრადიციული” შეიარაღება და მეთოდები არც თუ ისე შორეულ მომავალში ანაქრონიზმად იქცევა.

აშშ-ს ფედერალური მთავრობა ყურადღებით მოეკიდა ახალ საფრთხეს და მისი პროფილაქტიკის  საკითხმა ასახვა ჰპოვა პრეზიდენტ კლინტონის გამოსვლაში (1998 წლის 22 მაისი) და აგრეთვე კონგრესისათვის მომზადებულ რიგ მოხსენებებში. ჯერ კიდევ 2001 წლის 11 აექტემბრის მოვლენებამდე პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯ ბუშმაც ახსენა კიბერ ტერორიზმი თავის საარჩევნო გამოსვლის დროს . 2001 წლის ტერაქტების შემდეგ  მან თეთრ სახლში დაარსა კიბერ სივრცის უსაფრთხოების ოფისი (Office of Cyberspace Security).  აშშ-ს  ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ სხვადასხვა დოკუმენტებს შორის შეიძლება გამოვყოთ 2003 წლის აშშს „კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია“ და აშშ-ს 2001 წლის „პატრიოტ აქტის“ 814-ე სექცია, რომელიც უკავშირდება კიბერტერორიზმის აცილებასა და პრევენციას (US Patriot Act, Section 814 – Deterrence and Prevention of Cyberterrorism).

აღსანიშნავია, რომ  უკანასკნელი პერიოდის სახელმწიფო დონეზე შემუშავებულ დოკუმენტებში ჩნდება კიდევ ერთი ობიექტი – საკუთრება – რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მიმართული იყოს კიბერტერორი. ამ დოკუმენტებში საუბარია ტერორიზმზე, როგორც  უკანონო ძალისა და ძალადობის გამოყენებაზე პირებისა და საკუთრების წინააღმდეგ, მთავრობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების ან იძულების მიზნით, სოციალური ან პოლიტიკური ზრახვების მისაღწევად, რომელიც ხორციელდება კომპიუტერული რესურსების გამოყენებით. კიბერტერორიზმის ობიექტად ციფრულ საკუთრებაც შეიძლება იყოს მიჩნეული.  ამ პოზიციას სრულყოფილად არ მიიჩნევენ ოლეგ ნეჩიპორენკო, საერთაშორისო ანტიტერორისტული ასოციაციის ექსპერტი, ტიმოთი ლ. ტომასი, „ფორტ ლივენვორდის“ აკადემიის საერთაშორისო სამხედრო კვლევების ანალიტიკოსი და სხვები.  მათი აზრით, კიბერტერორიზმის განმარტების დროს დაწვრილებით უნდა იქნეს შესწავლილი კომპიუტერული შეტევების მიზანი და მასშტაბები.

მაგალითისათვის დავასახელებთ  შემთხვევებს, სადაც მიზნის გარკვევის შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაცია სხვაგვარად შეიძლება მოხდეს:

1. სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების კონტექსტი:

ა) სომხეთი-აზერბაიჯანი

2000 წლის თებერვალში სომეხი ჰაკერების ჯგუფებმა Liazor (უფლებამოსილი) Apache Group, Russian Apache Team განახორციელეს კომპიუტერული შეტევა აზერბაიჯანის სამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის 20 საიტზე ინტერნეტის მეშვეობით. ეს მოქმედებები განხორციელდა სომხეთის, რუსეთისა და აშშ-ს ტერიტორიიდან. ჯგუფის სამი წევრი დააკავა ლოს-ანჟელესის პოლიციამ.

ბ) ავღანეთი – აშშ

2001 წლის ნოემბერში ჯგუფმა Gforce Pakistan შეაღწია აშშ-ს ადმინისტრაციის სერვერზე და განათავსა მუქარა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ და მოითხოვა ავღანეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და საუდის არაბეთიდან ჯარების გაყვანა.

დ) რუსეთის ფედერაცია – ჩეჩნეთი

1999 წლიდან სისტემატიური შეტევები განხორციელდა რუსეთის პორტალებზე. მხოლოდ 2000 წლის მაისის ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული პორტალ „კავკასიაზე“ 140 შეტევა.

2. მიზანი გაურკვეველი დარჩა შემდეგ კონტექსტებში:

ა) 2001 წელი –  აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის პორტალების გაუვნებელყოფას მოჰყვა ჩინეთის, კუვეიტის, რუმინეთის, საქართველოს, ვიეტნამის ზოგიერთი პორტალის განადგურება (განხორციელდა ჯგუფი Pentaguard –ის მიერ)

ბ) 2002 წლის მაისში განხორციელდა აშშ-ს კოსმოსური დაზვერვის ცენტრის ქსელში შეღწევა და საიდუმლო ინფორმაციის გატანა (ბრიტანელი ჰაკერის მიერ ინდივიდუალურად).

გ) 2002 წლის ივნისში – განხორციელდა აშშ-ს სტრატეგიული კვლევების ცენტრში შეღწევა და საიდუმლო ინფორმაციის გატანა (ავსტრიელი ჰაკერის მიერ ინდივიდუალურად).

ჩამოთვლილი შემთხვევების პირველი ჯგუფი კიბერტერორიზმს შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო მეორე ჯგუფი კომპიუტერულ დანაშაულებს.

შესაბამისად შეგვიძლია გამოვკვეთოთ აღნიშნული დანაშაულის დეფინიცია: კიბერტერორიზმი არის განზრახ ჩადენილი, პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური ქმედება, განხორციელებული სუბნაციონალური ჯგუფებისა ან ფარული აგენეტების მიერ, ინფორმაციისა და კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების და მონაცემთა წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვება მშვიდობიანი (არამებრძოლი) სამიზნეების დაშინება.

სისხლის სამართლის კოდექსში კიბერტერორიზმის მუხლის შემოტანისათვის, აუცილებელია მისი განსხვავება ტერორიზმისა და კომპიუტერული დანაშაულებისაგან. კიბერტერორიზმი კიბერსაფრთხეების ერთ-ერთი სახეა და თავისი მასშტაბითა და მიზნებით განსხვადება ისეთი საფრთხეებისაგან, როგორიცაა კომპიუტერული დანაშაულებისაგან. თუ კომპიუტერული დანაშაულის დროს კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის მიზანი შეიძლება იყოს ინფორმაციის ქურდობა, მუშაობისათვის ხელისშეშლა, გამოძალვა ან ფულის დატაცება, ან ლოკალური ქსელის დაზიანება ან უბრალოდ, პროფესიული ინტერესი – კოდის გატეხვისა და კომპიუტერში შეღწევისათვის, კიბერტერორიზმის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური ან ეკონომიკური დესტაბილიზაცია. იგი შეიძლება დახასიათდეს აგრეთვე, როგორც საბოტაჟი, სამხედრო ან სამოქალაქო აქტივების მოპარვა პოლიტიკური მიზნებისათვის. მართალია კომპიტერული დანაშაულების მსგავსად კიბერტერორიზმის დროს ინფორმაციული ტექნიკა და ტექნოლოგიები დანაშაულის ჩადენის საგანი, საშუალება ან იარაღია, მაგრამ თუ ასეთი დანაშაულის ორგანიზება და განხორციელება ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების მიზნით ადგილი აქვს კიბერტერორიზმის დანაშაულის შემადგენლობას. გარდა მიზნებისა კიბერტერორიზმის დახასიათებაში სპეციალისტთა ნაწილი ხაზს უსვამს დამდგარი შედეგის მასშტაბებს, მაგალიად აშშ-ს კონგრესისადმი 2003 წლის ანგარიშში ექსპერთტა აზრით: კომპიუტერული შეტევები კიბერთერორიზმად შეიძლება დაკვალიფიცირდეს მაშინ,  თუ ამ შეტევების ეფექტი იქნება საკმაოდ დამანგრეველი, რომლის შედეგად გამოწვეული  შიში ფიზიკური ტერორისტული ქმედებისა და შედეგის ტოლფასი იქნება.

აქედან გამომდინარე კომპიუტერული შეტევები რომელთაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ნგრევა ან სიკვდილიანობა, ან ენერგიის მასიური გათიშვა, თვითმფრინავების კატასტროფა, წყლის მასიური დაბინძურება, ან ეკონომიკის სექტორში ნდობის სრული დაკარგვა შეიძლება ასევე იყოს კვალიფიცირებული როგორც კიბერტერორიზმი. დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება კიბერტერორიზმის ტერორიზმთან კავშირის შესახებ, უფრო სწორად, მათი იგივეობის შესახებ, რაც ცალკე სისხლისსამართლებრივ დეფინიციას არ საჭიროებს.

2002 წელს პრაღის სამიტზე ნატოს წევრ სახელმწიფოთა ლიდერებმა კიბერ ტერორიზმი მნიშვნელოვან საფრთხედ აღიარეს და საჭიროდ მიიჩნიეს, შექმნილიყო ”ნატოს კიბერ თავდაცვის პროგრამა”, რაც მოიცავდა მოქმედებათა სამ ფაზოვან პროგრამას – პირველი ფაზისას შეიქმნა ”ნატოს კომპიუტერული ინციდენტის საპასუხო უნარიანობა” (NCIRC), რომელიც მეორე ფაზისას სრულ სამუშაო რეჟიმში შევიდა. რაც შეეხება მესამე ფაზას, ის მოიცავს პირველი ორი ფაზისას მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას და, ასევე, კიბერ ტერორიზმთან ბრძოლაში თანამედროვე თავდაცვითი საშუალებების გამოყენებას.

ნატოს მიერ კიბერ ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ”ნატოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების მომსახურების სააგენტოს”, რომლის რწმუნებულებაშიც იმყოფება ”ნატოს ინფორმაციის თავდაცვის ტექნიკური ცენტრი” (NITC). მისი მოვალეობაა ნატოს ფართო კომუნიკაციური და ინფორმაციული სისტემების კიბერ შეტევისაგან დაცვა. NITC – ი მართავს ”ნატოს ინფორმციის თავდაცვის ოპერაციების ცენტრსა” და ”ნატოს კომპიუტერული ინციდენტის საპასუხო უნარიანობის ტექნიკურ ცენტრს”, რისი საშუალებითაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის კიბერ თავდაცვის მაღალ ხარისხს. 2007 წლის 14 ივნისს, მას შემდეგ, რაც ესტონეთზე განხორციელდა მასიური კიბერ შეტევა, ნატოს წევრ სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლა იყო საჭირო. ამის გამოძახილი იყო ნატოს მიერ ესტონეთში კიბერ თავდაცვის ცენტრის შექმნა.

კიბერ ტერორიზმისაგან თავდაცვითი აქტივობებისა და ღონისძიებების ჩატარებას აკონტროლებს ჩრდილო ატლანტიკური საბჭო. ასევე, პასუხისმგებლობას ინაწილებენ ”ნატოს კონსულტაციის, კონტროლისა და მართვის სააგენტო” (NC3A) და ”ნატოს სამხედრო ხელისუფლებები” (NMA). დღეისათვის, კიბერ ტერორიზმთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ ქვეყანად შეგვიძლია მივიჩნიოთ ესტონეთი, სადაც მდებარეობს კიბერ თავდაცვის ცენტრი – The Cooperative Cyber Defence Centre of Excellence (CCD COE). იგი დაარსდა 2008 წლის 14 მაისს, რათა გაიზარდოს ნატოს კიბერ თავდაცვითი შესაძლებლობები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ერთ-ერთი პირველია კიბერტერორიზმის საკანონმდებლო ფორმალიზაციის თვალსაზრისით.  კოდექსის 3241  მუხლის მიხედვით:  კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით. ამ ქმედებისათვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათიდან თხუთმეტ წლამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედებას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, სასჯელად გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ მუხლს ახლავს შენიშვნა, რომელიც იურიდიული პირის პასუხისმგებლობას  განსაზღვრავს იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის და ჯარიმის ფორმით. ეს მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2002 წლის 28 დეკემბერს შევიდა, ხოლო 2006 წლის ივლისის ცვლილებები შეეხო სასჯელთა გამკაცრების სისტემას. უნდა ითქვას, რომ ამ მუხლის პრაქტიკული ამუშავება და გამოყენება  კიბერტერორიზმის სისხლის სამართლებრივი, კრიმინოლოგიური, თუ კრიმინალისტიკური  ასპექტების სისტემური დამუშავების გარეშე შეუძლებელია.

2012 წლის 6 ივნისს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის წევრი (ETS 185). კონვენცია საქართველოსთან მიმართებაში ძალაში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან შევიდა. შედეგად, იგი კონვენციის 34-ე წევრი სახელმწიფოა ევროპის საბჭოს სხვა ბევრ სახელწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ კონვენციას, რადგან აღნიშნული კონვენციის მთავარი მიზანი, როგორც ეს მის პრეამბულაშია გამოხატული, არის ერთიანი ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას კიბერდანაშაულისაგან, კერძოდ კი შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. კონვენცია წარმოადგენს კიბერდანაშაულისგან საზოგადოების დასაცავად ერთიანი ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარების საშუალებას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისაკენ, განსაკუთრებით, კიბერდამნაშავეობის სფეროში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის სახით გაცემული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე, 285-ე, 286-ე და 3241 მუხლებით, 2006 წელს შემოვიდა – 2 (ორი) სისხლის სამართლის საქმე, 2007 წელს – 1 (ერთი), 2008 წელს – 1 (ერთი), 2009 წელს – 2 (ორი), 2010 წელს 5 (ხუთი), 2011 წელს – 26 (ოცდაექვსი), ხოლო 2012 წელს – 31 (ოცდათერთმეტი) სისხლის სამართლის საქმე.31 მონაცემთა გაცვლის სააგენტოს 2011 წლის მონაცემებით კი კომპიუტერული დანაშაულის სხვადასხვა მუხლებით სულ გამოძიება 41 სისხლისსამართლის საქმეზე დაიწყო.  აქედან 28 პირზე გამოცხადდა სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი კი 14 საქმეზე იქნა გამოტანილი. სისხლის სამართლის საქმეები ეხებოდა ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა პირადი ცხოვრების ხელყოფა, კომპიუტერულ სისტემებში უკანონო შეღწევა, მონაცემთა ბოროტად გამოყენება, მონაცემთა ან სისტემის ხელყოფა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზეც ნათლად ჩანს საქართველოში კიბერდანაშაულის ზრდის ტენდენცია უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ექსპერტების ინფორმაციით, სიაში, სადაც 110 ქვეყანაა წარმოდგენილი, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი კომპიუტერული პირატია, ანუ საქართველოში არა ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ჭარბადაა. ამ მაჩვენებლით მას ბანგლადეშიც კიჩამორჩება.

საპროგრამო უზრუნველყოფის პროგრამების სფეროში პირატობის დონის მიხედვით პირველ ადგილზე – 95 პროცენტით საქართველოა. Business Software Alliance (BSA)- ს მოხსენების თანახმად, რომელიც International Data Corporation (IDC)-ის მიერ შესწავლილ 2008 წლის მონაცემებს ეყდრნობა, პირატული პროდუქციის წილით ჩვენი  ქვეყანა ისეთ სახელმწიფოსაც კი ჩამორჩება, როგორიც ბანგლადეშია. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტი „მაიკროსოფტი“ საქართველოში ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარს კარგავს. საქართველოს ბიუჯეტში კი 50-60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია „მაიკროსოფტის“ თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში მოპარული კომპიუტერული პროგრამების გავრცელების მასშტაბების დადგენას ისახავდა მიზნად. საინტერესოა, რომ მოპარული კომპიუტერული პროგრამებით ჩვენს ქვეყანაში, თითქმის თანაბრად სარგებლობენ, როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო დაწესებულებებში.

საქართველოსათვის კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა განსაკუთრებით მწვავედ დადგა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მასობრივი კიბერშეტევები განხორციელდა სამთავრობო და არასამთავრობო ინტერნეტ-რესურსებზე. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვირტუალურ სამყაროში ახალი ტერმინი გაჩნდა – კიბერომი. ასეთი ომის დროს ინტერნეტ სივრცე ბრძოლის დამატებითი იარაღია. რუსეთის მოქალაქეებმა, კოორდინირებული თავდასხმის შედეგად, მწყობრიდან გამოიყვანეს ათამდე მნიშვნელოვანი ქართული საიტი, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის და მთავარი საინფორმაციო ვებ-გვერდები. 2008 წლის 12 აგვისტოს გაზეთი ”The New York Times-ი” წერდა, რომ ისტორიაში პირველად ორ ქვეყანას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს წინ ინტენსიური კიბერმომზადება უძღვოდა. საქართველოზე კიბერშეტევები არ დაწყებულა 8 აგვისტოს. ის კონფლიქტის დაწყებამდე ბევრად ადრე მომზადდა და შედარებით მცირე მასშტაბებით ჯერ კიდევ ივლისის ბოლოდან ხორციელდებოდა.

ტერორიზმი სამართლიანადაა მიჩნეული თანამედროვეობის გლობალურ პრობლემად. დღეს კიბერტერორისტს შეუძლია დიდი ზიანის მოტანა, რადგან მის დანაშაულებრივ არსენალში კლავიატურაა, როგორც ასაფეთქებელი საშუალება. კიბერტერორიზმი არის კიბერ სივრცისა და ტერორიზმის ერთობლიობა. აქედან გამომდინარე მას აქვს მსგავსება ტერორიზმთან, მაგრამ აქვს განსხვავებაც.  კიბერტერორიზმი ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენებას იარაღის, მეთოდის, სამიზნის სახით ტერორისტული მიზნის მისაღწევად. კიბერტეროროზმი არ არის მხოლოდ მომავლის საფრთხე იგი უკვე რეალური შედეგებით გვევლინება და ამიტომ სამართლებრივი მექანიზმები ამ კუთხით უნიფიცირებას ითხოვს.

„დამნაშავე სამყარო ისეთია, როგორის საშუალებასაც მას აძლევს სახელმწიფო“ – ეს ფრაზა ჯონ კრამნიკს ეკუთვნის. მართლაც, დღესდღეობით მრავალი სახელმწიფო ცდილობს რომ საკუთარ ქვეყანაში მაქსიმალურად უზრუნველყოს გლობალური ქსელის ეფექტური კონტროლი, რაც მისასალმებელია. მეორე მხრივ კი საჭიროა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიბერტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების გამყარების კუთხით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

წიგ. „ტერორისტები“, მახარაძე, ხეცურიანი; გვ 10.

მ. ცაცანაშვილი, ტ. სიხარულიძე „კიბერტერორიზმის პრობლემა სამართალში“ – ჟურ. „კიბერუსაფრთხოება „ – დეკემბერი, 2007

მ. ცაცანაშვილი, ტ. სიხარულიძე „კიბერტერორიზმის პრობლემა სამართალში“ – ჟურ. „კიბერუსაფრთხოება „ – დეკემბერი, 2007

მ. ცაცანაშვილი, ტ. სიხარულიძე „კიბერტერორიზმის პრობლემა სამართალში“ – ჟურ. „კიბერუსაფრთხოება „ – დეკემბერი, 2007

„ევროპის საბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ“ – 2003 წლის 23 ნოემბერი, ბუდაპეშტი.

„კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა“, ე.კავთუაშვილი

Before the Gunfire, Cyberattacks, JOHN MARKOFF, 12. 08. 2008 (http://www.nytimes.com/2008/08/13/technology/13cyber.html?_r=2&ref=world&oref=slogin&oref=slogin)

„როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან“ – http://bloger.ge/?p=1884 , 29.02.2012

 

ავტორი:  ნუკრი ჯინჭარაძე –  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სამრთალმცოდნეობის II კურსის სტუდენტი

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *