პოლიტიკა

საქართველო ნატოში – პასუხი სკეპტიკოსებს

4 Jul , 2015  

კაცობრიობის ისტორიიდან დღემდე არაერთი სამხედრო ბლოკი, ალიანსი და კავშირი შექმნილა, მაგრამ ისეთი გრანდიოზული, მრავალწევრიანი და მშვიდობიანი, როგორიც „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია“ არის, არც ერთი არ ყოფილა. 1949 წლის 4 აპრილს შექმნილი ორგანიზაცია დღემდე არსებობს, მოქმედებს და უფრო მეტიც, ფართოვდება, ახალ წევრებს იძენს და მისი გავლენაც უფრო იზრდება.

„ნატო“ საქართველოს ურთიერთობები 23 წელს ითვლის. ამ დროის მანძილძე საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან უახლოვდებოდა „ნატოს“. ამ ორგანიზაციის წევრობა ეს არის საერო, სახალხო სურვილი და მიზანი, რისი ნათელი დადასტურებაა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარე პლებისციტი, სადაც გამოკითხულთა 77% -მა მხარი დაუჭირა საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას.

საქართველო რომ „ნატოს“ წევრი გახდება ეს არის გარდაუვალი, შეუქცევადი  და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი. ეს თვით „ნატომ“ განაცხადა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე.“ნატო“, ეს არაა რუსეთი, რომელიც არაფრად აგდებს და გამუდმებით არღვევს შეთანხმებებს, არამედ ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაცია, რომელიც ყოველ თავის განცხადებაზე პასუხისმგებელია. აქედან გამომდინარე, ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება. ამას ადასტურებს ისეთი წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია და ა.შ. ასევე არაერთი ცნობილი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსის განცხადება. მრავალი ამერიკელი სენატორი და კონგრესმენი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა  და წამყვანი ორგანიზაციების ლიდერები საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებს  ერთხმად უჭერენ მხარს.

სკეპტიკოსები ხშირად ახსენებენ  რუსეთის ფაქტორს ამ პროცესში და ერთგვარ არგუმენტად მოჰყვათ, თუ რატომ ვერ გახდება საქართველო „ნატოს“ წევრი. ისტორიულად, თითქმის ყველა „ნატოს“ გაფართოება მიმდინარეობდა ჯერ სსრკ-სა და შემდგომ რუსეთის მრისხანებისა და მუქარის პარალელურად, მაგალითად თუ გავიხსენებთ 1952 წლის საბერძნეთისა და თურქეთის, ხოლო 2009 წლის ალბანეთისა და ხორვატიის გაწევრიანებას. მიუხედავად ამისა, ისინი „ნატოს“ წევრები არიან.

დღევანდელი საქართველო აკმაყოფილებს ალიანსის წევრობის არაერთ პუნქტს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი სამხედროების მომზადება და კვალიფიკაცია. ზუსტად ქართველი სამხედროების თავგანწირვის და გმირობის შედეგია, რომ ჩვენ „ნატოს“ ასპარეზზე რაღაცას წარმოვადგენთ. დღევანდელმა ქართველმა მეომრებმა თავისი ღირსეული სამხედრო შემართება და ბრძოლისუნარიანობა დაადასტურეს ავღანეთისა და ერაყის ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციებში და ISAF-ის მისიაში. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე და შემართებაზე არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი საუბრობს, მაგალითად: ავღანეთში კოალიციური ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა რიჩარდ მილსმა ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასა, აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა  კი თქვა, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატოელი სამხედროებივით მსახურობენ.

თუ ჩვენ ხელს ჩავიქნევთ და უარს ვიტყვით „ნატოზე“ ეს იქნება იმ ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის  შეურაცხყოფა და ღვაწლის არ დაფასება, რომლებიც შეეწირნენ ამ იდეას. მრავალი ქართველი ვაჟკაცი გმირულად აღესრულა ავღანეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში და უკრაინაში. ეს ბრძოლა კვლავაც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე.

2008 წელს საქართველო, რომ ყოფილიყო „ნატოს“ წევრი, რუსეთი ვერ გაბედავდა დღისით-მზისით მთელი მსოფლიოს დასანახავად თავსდასხმოდა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. „ნატოს“ წევრობა არის გარანტი საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობისა და განვითარებისა. საქართველო, რომ იყოს „ნატოს“ წევრი ჩვენი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი და ძირითადი შეფაფერხებელი ფაქტორი არის ოკუპირებული ტერიტორიები და პერმანენტული არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობდა, რაც გამოწვეულია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ. ყოველივე ამას აქვს უარყოფითი გავლენა საქართველოზე. ვერც ერთი ცალკე აღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ვერ იქნებოდა ასეთი განვითარებული, რომ არა „ნატო“. ჩემი აზრით, საქართველოს „ნატოში“ მიღება გარდა გეოპოლიტიკური და სტრატეგიული საკითხისა, ასევე არის 28 წევრი სახელმწიფოს ღირსებისა და თავმოყვარეობის საკითხი, რადგან ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად განიცდის ნატოსა და ევროპული იდეალების გამო ოკუპაციას, ტერორს, დაშინებას და ჩაგვრას „ნატოსადმი“ მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან, უნდა გახდეს „ნატოს“ წევრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს მარცხი, არამედ ეს იქნება  „ნატოს”, როგორც იდეისა და თავისუფლების მარცხი. საბედნიეროდ, თავმოყვარეობის საკითხში თითქმის ყველა სახელმწიფო მოწინავე პოზიციაზეა.

და ბოლოს, საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს ეროვნული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, დაცვას, განმტკიცებასა და განვითარებას.

ავტორი: ირაკლი გაბიძაშვილი – აბიტურიენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *