სამართალი

ევთანაზიის პრობლემა ქართულ კანონმდებლობაში

6 Jul , 2015  

ევთანაზია  შეიძლება განვმარტოთ, როგორც მოქმედება, რომელიც იწვევს ან ნებას აძლევს ადამიანს უმტკივნეულოდ მოკვდეს, რათა გათავისუფლდეს ტანჯვისგან. ევთანაზია მაშინ და მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, თუ ის გამოიწვევს სწრაფ და უმტკივნეული სიკვდილს და თუ ქმედება,  მთლიანობაში, ავადმყოფისთვის იქნება სასარგებლო.

სახემწიფოთა უმეტესობაში, ადამიანის სიცოცხლის ხელფყოფა დანაშაულად არის მიჩნეული, მიუხედავად მისი თანხმობისა.

ნიდერლანდებში ევთანაზია კანონიერად იქნა აღიარებული. „თხოვნის საფუძველზე სიცოცხლის შეწყვეტისა და თვითმკვლელობის ხელშეწყობის“ დადგენილება 2002 წლის პირველ აპრილს შევიდა ძალაში. ამ დადგენილებით,  ევთანაზია, გარკვეულ შემთხვევებში,  კანონიერად არის მიჩნეული. ამასთან, კანონი ითვალისწინებს, რომ ეჭვქვეშ უნდა დადგეს იმ ექიმის სამართლებრივი დევნის საკითხი, რომელმაც ევთანაზია გამოიყენა შემდეგ შემთხვევებში:

  • პაციენტის ტანჯვა აუტანელია და მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს.
  • პაციენტი თავად, გარკვეული დროის განმავლობაში ითხოვს ევთანაზიას (სხვისი ზეგავლენის ან წამლების ზემოქმედების გარეშე).
  • პაციენტს სრული ინფორმაცია აქვს თავისი მდგომარეობის, შესაძლებლობებისა და არჩევანის შესახებ.
  • შედგა სულ მცირე, ერთ დამოუკიდებელ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ზემოთ ხსენებული სიტუაცია რეალურად არსებობს.
  • სიკვდილი მოხდა მედიცინაში მიღებული მეთოდით. ექიმის ან პაციენტის მიერ და, ამასთან, ესწრებოდა ექიმი.
  • პაციენტი არის სულ მცირე, თორმეტი წლის (თორმეტიდან თექვსმეტ წლამდე პაციენტს სჭირდება მშობლის თანხმობა).

თუ არსებობს ევთანაზიის ზემოთ აღნიშნული პირობები, რეგიონის საზედამხედველო კომისია განსაზღვრავს სიცოცხლის შეწყვეტისა თუ მოთხოვნილ თვითმკვლელობაზე ნების დართვა რამდენად სწორად წარიმართა. შედეგების მიხედვით,  ან დაიხურება საქმე ექიმის მიმართ, ან,  თუ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს სიტუაცია არ შეესაბამება, საქმე გადაეცემა სახალხო პროკურორს.

ექიმი ვალდებულია ევთანაზიას დაესწროს ორი მიზეზის გამო:

  1. რათა დარწმუნდეს, რომ საწამლავი შემთხვევით სხვა ადამიანმა არ მიიღო.
  2. რათა აკონტროლოს პროცესი და შეძლოს, შეასრულოს საჭირო პროცედურები.

2003 წელს ნიდერლანდებში ოფიციალურად დაფიქსირდა ევთანაზიის 1626 შემთხვევა. ეს იყო ევთანაზიის ისეთი ფორმა, როდესაც პაციენტს ხელი შეუწყვეს სურვილის ასრულებაში.

ბელგიაში, ევთანაზია 2002 წლიდან გახდა ლეგალიზებული. 2005 წელს, ბელგიის აფთიაქებში გამოჩნდა 60 ევროს ღირებულების კომპლექტი, რომელშიც მოთავსებული იყო საწამლავით სავსე ერთჯერადი ნემსები. აღნიშნული კომპლექტის შეძენა ნებადართული იყო მხოლოდ ექიმის შეკვეთით.

მექსიკაში, ზოომაღაზიებში იყიდება წამალი „პენტობარბიტალი“, რომელიც შინაური ცხოველების ევთანაზიისთვის გამოიყენება. აღნიშნული წამლის მიღება ადამიანშიც იწვევს უმტკივნეულო სიკვდილს, წამლის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. „პენტობარბიტალის“ შესაძენად მექსიკაში არაერთი მსურველი ჩადის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლში ვკითხულობთ:

„ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია კანონით. არავის შეიძლება წაერთვას სიცოცხლე განზრახ, გარდა კანონით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირის მსჯავრდების შემდეგ სასამართლოს განაჩენის აღსრულებისა.“

სწორედ, ეს მუხლი არეგულირებს ევთანაზიის პრობლემას ევროპულ კანონმდებლობაში. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საქმე, რომელიც ეხებოდა თვითმკვლელობის სურვილსა და ევთანაზიას არის  – Pretty vs. The United Kingdom. აღნიშნული პრეცედენტში განმცხადებელი ქალბატონი, რომელიც დაავადებული იყო ნეიროდეგენერაციული დაავადებით, (აღნიშნული დაავადების პროგრესის შედეგად ხდება როგორც კიდურების, ისე სასუნთქი ორგანოების სრული პარალიზება, რაც იწვევს ადამიანის სიკვდილს, რასაც წინ უძღვის ძლიერი ტკივილები), ამტკიცებდა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი სიცოცხლის უფლებასთან ერთად, ასევე, ითვალისწინებდა სიკვდილის უფლებას. იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელს თავად არ შეეძლო განეხორციელებინა თვითმკვლელობა კიდურების დამბლის გამო, მას სურდა, რომ თვითმკვლელობის განხორციელებაში დახმარება გაეწია მის მეუღლეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუ მეუღლე დახმარებას აღმოუჩენდა თვითმკვლელობის განხორციელებაში, ანუ დაეხმარებოდა მას სიცოცხლის მოსწრაფებაში, იგი პასუხს აგებდა გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით. საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებით,  განმცხადებელს სურდა,  თავიდან აეცილებინა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სიკვდილის ნელ–ნელა დადგომა, რაც ახასიათებს ამ დაავადების განვითარებას.

მიუხედავად მრავალი თხოვნისა, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოებმა არ დართეს ნება განმცხადებლის მეუღლეს, დახმარება აღმოეჩინა ცოლისთვის თვითმკვლელობის განხორციელებაში. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარდგენილ განაცხადში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ აღიარებდა ამ ფაქტს, რომ სიკვდილის უფლება დაცულია კონვენციის მე-2 მუხლით, გამოვიდოდა, რომ იმ ქვეყნების კანონმდებლობა, რომლებიც იძლევიან ევთანაზიის ნებართვას, ეწინააღმდეგება ევროპის კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, არც კონვენციის შემქმნელებს გაუთვალისწინებიათ და,  არც მე-2 მუხლთან დაკავშირებულ პრეცედენტულ სამართალში  ყოფილა სიკვდილის უფლების აღიარება.  ხოლო, ევთანაზიის საკითხის მოწესრიგება სასამართლომ სრულიად უნდა მიანდოს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა დისკრეციას.

რაც  შეეხება ევთანაზიას საქართველოში, ჩვენი კანონმდებლობით ევთანაზია დასჯადი ქმედებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად,  „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“ ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მომაკვდავი პაციენტის დაჟინებული თხოვნითა და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, პირის მიერ პაციენტის მკვლელობაში. მკვლელობის მიზანი კი, ამ შემთხვევაში არის პაციენტის ძლიერი ტკივილებისაგან გათავისუფლება. მიზანი აღნიშნული დანაშაულის აუცილებელი ელემენტია. მოტივი  აღნიშნული დანაშაულისა, არის სიბრალულის გრძნობა, რომელიც დამნაშავეს აქვს მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება მსხვერპლის თხოვნით მკვლელობის მონეტიდან. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. ანუ,  ამ შემთხვევაში, პირს შეგნებული აქვს, რომ ჩადის მკვლელობას, თუმცა, ეს ნაკარნახევია მომაკვდავი პაციენტის დაჟინებული თხოვნით და, აღნიშნული ქმდების მიზანია ავადმყოფის გათავისუფლება ძლიერი ფიზიკური ტკივილებისგან. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც დანაშაულის საერთო სუბიექტი, ასევე, სპეციალური სუბიექტი, მაგალუთად, მკურნალი ექიმი.

საქართველოს პარლამენტმა 2000 წლის 5 მაისს, მიიღო კანონი „პაციენტის უფლების შესახებ,“. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.“  ანუ, ამ კანონის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, ექიმს აქვს უფლება, პაციენტის ნამდვილი ნების შესაბამისად, გამოურთოს მას სასუნთქი აპარატი, შეუწყვიტოს უშედეგო მკურნალობა და განახორციელოს სხვა ისეთი ქმედება, რომელიც საბოლოოდ, პაციენტის სიკვდილს გამოიწვევს. აღნიშნული ნორმა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სისხლის სამართლის კოდექსი იმპერატიულად სჯის მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით და მნიშვნელობას არ ანიჭებს  იმ გარემოებებს, რა გარემოებების არსებობის დროსაც ხდება მკვლელობა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმა კი, ცალკეული პირობების არსებობის შემთხვევაში, უშვებს მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით. ანუ, სახეზეა ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, „თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.“ ვინაიდან, ჩვენს შემთხვევაში, უფრო გვიან არის მიღებული „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონი, იმოქმედებს ეს უკანასკნელი.  თუმცა, იმ პირობების ზუსტი დაცვით, რაც ნორმაშია გაწერილი. კერძოდ,  „პაციენტის უფლების შესახებ“ შეიძლება გავრცელდეს:

  • მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე.
  • პირზე, რომელიც დაავადებულია განუკურნებელი სენით.
  • პირზე, რომელსაც ისეთი დაავადება სჭირს, რომელიც გამოიწვევს მის ინვალიდობას.

დაცული უნდა იყოს ნების გამოვლენის ფორმა და განსაზღვრული უნდა იყოს ნების განმახორციელებელი პირები, კერძოდ:

  • პირმა ნება საღ გონებაზე ყოფნის დროს უნდა გამოხატოს.
  • ნების აღმსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სპეციალური სუბიექტი – ექიმი.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ევთანაზიას ათასობით ადამიანი მიმართავს. არაერთმა გამოჩენილმა ადამიანმა დაასრულა ევთანაზიის გზით სიცოცხლე.          ცნობილმა ავსტრიელმა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, სთხოვა თავის მეგობარს და პირად ექიმს, დახმარებოდა მას ევთანაზიის განხორციელებაში.  ექიმმა მას სამმაგი მორფინის დოზა გაუკეთა, რის შედაგადაც ფროიდი გარდაიცვალა.                                       ცნობილი მეზღვაური რამონ სამპედრო, ავტოკატასტროფის შედეგად 30 წლის განმავლობაში იყო პარალიზებული. მეზღვაური დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ევთანაზიის უფლების მოპოვებას. საბოლოოდ, სასამართლომ მისცა მას ევთანაზიის განხორციელების უფლება, იგი გადაყვანილ იქნა კამერებით აღჭურვილ სპეციალურ ოთახში, სადაც მან დალია საწამლავნარევი წყალი. მის ცხოვრებაზე შემდგომ ფილმიც კი გადაიღეს.

როგორც ვხედავთ, არის ქვეყნები, სადაც ევთანაზია, კანონით დაშვებულია, თუმცაღა ასეთ ქვეყნებშიც არ არსებობს საზოგადოების ერთსულოვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამიტომ, ჩემი აზრით, ყოველთვის იარსებებს საზოგადოება, რომელიც ევთანაზიის წინააღმდეგი იქნება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჟურნალი “მართლმსაჯულება და კანონი” N3’11, გვ 124-134

2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

4. “კანონი „პაციენტის უფლების შესახებ”

 

ავტორი: ნუკრი ჯინჭარაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *