სამართალი

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში

8 Jul , 2015  

საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ომიანობის, მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, ეპიდემიების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც ხელისუფლების მხრიდან რთულდება კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიცავს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას, ასევე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაწესებას. აღნიშნული მექნიზმის გამოყენება საჭირო არის იმისათვის, რომ არეულ სიტუაციაში ქვეყნის მმართველობა ერთმა ადამიანმა ან პატარა საბჭომ გადაიბაროს, რადგან, საზოგადოდ მიიჩნევა,  რომ მსგავს საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში ასეთი მექნიზმით უფრო მარტივია კრიზისის დაძლევა,  ვიდრე შედარებით ფართო დემოკრატიით. ამას ისტორიული გამოცდილებაც ამტკიცებს. საგანგებო ვითარების რეჟიმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი პრეზიდენტის მიერ კანონის ძალის მქონე დეკრეტების გამოცემაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ითავსებს საკანონმდებლო ფუნქციებს. ხდება  საკანონმდებლო ფუნქციის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დელეგირება პრეზიდენტისთვის, რაც ხელისუფლების დანაწილების ტრადიციული,  კონსტიტუციური პრინციპიდან გადახრას წარმოადგენს. ამგვარი ძალაუფლების გადაცემა ერთ პიროვნებაზე ზრდის ერთპიროვნული მმართველობის საფრთხეს. რიგმა შემთხვეებმა ეს მექანიზმი ტოტალიტარული კონტროლის დამყარების ერთ-ერთ საშუალებად აქცია. ამიტომ, ნებისმიერი კონსტიტუციონალისტის უპირატესი მიზანი უნდა იყოს ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება,  რაც შეიძლება მოქნილად  განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული პროცედურა. თუმცა ამასთანავე უნდა არსებობდეს თავის დაზღვევის ისეთი საშუალება – ამ მექანიზმის ტოტალიტარიზმში გადაზრდის პრევენცია. მმართველი ორგანოსათვის საგანგებო მდგომარეობაში გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭების შედეგად წარმოშობილი უარყოფითი შედეგების ნათელი მაგალითია გერმანია. გერმანიაში სწორედ საგანგებო მდგომარეობამ შვა ჰიტლერის რეჟიმი. ასევე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეგვიპტე. ეგვიპტეში დაახლ. 30 წელი გაგრძელდა  საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც მუბარაქი დიქტატორად აქცია და, საბოლოოდ, ყველაფერი სამოქალაქო დაპირსიპირებით დასრულდა.

სწორედ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად საჭიროა,  საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული ზომები,  გარკვეულ გადასინჯვასა და კონტროლს ექვემდებარებოდეს. ამასთანავე  მნიშვნელოვანია, არსებობდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვადასხვა იმპერატიული ნორმა, რომლებიც აპრიორი ხელშეუხებელი იქნება პრეზიდენტის ნებისმიერი დეკრეტის მიუხედავად.

სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს განსხვავებული ტიპის კონტროლის მექნიზმები,  რათა არ მოხდეს გადაცდომები და პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ შეილახოს სხვისი უფლებები, არ დაირღვეს პროპორციულობის პრინციპი. არის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტებს საგანგებო მდგომარეობა აძლევს საშუალებას, გააჩინონ „ნაცრისფერი ხვრელები“ და მიიღონ სწორედ ისეთი კანონები და დეკრეტები, რომლებიც რეალურად არაა საჭირო და ემსახურება ან პოლიტიკური  საკითხების პრეზიდენტის სუბიექტური თვალთახედვით განვითარებას, ან მიდრეკილია ტოტალიტარული რეჟიმისაკენ. ყოველივე ეს,  იწვევს დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობებიდან ერთგვარ გადახრას.  თუმცა ასევე გასათვალიწინებელია ის საკითხი, რომ ფორს-მაჟორული სიტუაციის დროს, სწორედ რომ სწრაფი და მოქნილი მოქმედებაა საჭირო და არა დროში გაწელილი ბიუროკრატიული პროცედურები. აქედან გამომდინარე, საჭიროა, შეიქმნას ისეთი მექანიზმი ამ სიტუაციის გასაკონტროლებლად, რომელიც რაც შეიძლება მოქნილი იქნება და, ამავდროულად, ნაკლები იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ცდომილებების რისკი.

საქართველოში აღნიშნული სიტუაციის შესაფასებლად საჭიროა,  განვიხილოთ საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ამ კანონის მაგალითზე უნდა განვიხილოთ,  რა რისკებია დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. ასევე უნდა შევეხოთ იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ჩვენ მიერ დასმული კონკრეტული პრობლემები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება. ამ ნორმის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების პეროგატივაა და ხელისუფლების სხვა რომელიმე შტოს არ აქვს მსგავსი უფლებამოსილება. ეს კონკრეტული ნორმა, ჩემი აზრით, არ არის სადავო, რადგან ასეთი საგანგებო სიტუაციების დროს, სწორედ ერთ კონკრეტულ შტოს უნდა მიენიჭოს სიტუაციის მართვის საშუალება. უბრალოდ აუცილებელია,  რომ მათ მიერ ეს მართვა იყოს გარკვეული ზომების ფარგლებში და ექვემდებარებდეს კონტროლს. საქართველოს კონსტიტუციის 73 (ზ)  მუხლის მიხედვით კი, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები პარლამენტში დასამტკიცებლად. მოცემული ნორმის მიხედვით,  განსაზღვრული საკითხის ფარგლებში შეიძლება ვიმსჯელოთ საკმაოდ ბევრ თემაზე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება,  სწრაფად მოახდინოს რეაგირება არსებულ სიტუაციაზე, რათა რაც შეიძლება მოქნილი და სწრაფი იყოს საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული ზომები. თუმცა, ჩემი აზრით, სადავოა ის ფაქტი, თუ რამდენად რელევანტური და საჭიროა 48 საათი  საჭირო პროცედურების განსახორციელებლად. ვფიქრობ, რომ  48 საათი საკმაოდ ბევრია, იმისათვის რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინოს პარლამენტს განსახილველად. საქართველოში განვითარებულმა სხვადასხვა შემთხვევებმა გავაჩვენა,  რომ 48 საათში საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და არსებობს რისკი, რომ აბსოლუტურად მოულოდნელად განვითარდეს მოვლენები ამ დროის განმავლობაში. 2008 წლის საომარი მოქმედებები ამის საკმაოდ ნათელი მაგალითია.  თანამედროვე ეპოქაში  არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 48 საათში შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება, რომლებმაც შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს და მის მოწყობას, დემოკრატიას და ლიბერალურ გარემოს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც დაჩქარებულია ყველა პროცედურა და შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად განხორციელება გარკვეული ქმედებებისა, ჩემი აზრით, 24 საათის ხანგრძლივობის ვადა საკმაოდ მისაღებია იმისათვის, რომ ინფორმაცია გადაეცეს საჭირო ადრესატს, ამ შემთხვევაში –  პარლამენტს.  ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში ეს ვადა შესაცვლელია და სწორედ 24 საათში უნდა მოხდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილების პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემა. ამ გზით, ნაკლები რისკი იქნება იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოხდეს რაიმე ისეთი, რაც ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რადგან ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ იქნება დამტკიცებული და საერთო პარლამენტისთვის არ იქნება გადაცემული. ასეთ შემთხვევაში,  დაჩქარდება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მირების პროცედურაც.  ამ ვადის შემცირებით უზრუნველყოფილი იქნება ის ფაქტი, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს, რამდენად გარდაუვალი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არის თუ არა სახეზე ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობაც წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ ამუშავდეს ეს მექანიზმი – კერძოდ კი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის საკითხიც, რომ კონსტიტუცია და კონკრეტული კანონები ითვალისწინებდეს ისეთ იმპერატიულ წესებსა და ნორმებს, რომელთა გვერდის ავლაც არ შეეძლება პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც კი. ამ საკითხზე კონტროლიც უნდა ჰქონდეს პარლამენტს – პარლამენტი უნდა წყვეტდეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი და დასაშვები, რომ საგანგებო სიტუაციის არსებობის დროს პრეზიდენტმა მიიღოს ის ზომები, რომლებიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ამ ნორმებს. პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ასევე, რამდენად არის მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება სწორედ ამ კანონებისთვის გვერდის ავლა საგანგებო მდგომარეობის დროს. ასევე პარლამენტმა უნდა შეაფასოს,  რამდენად პროპორციულია ამ კანონისმიერი დანაწესების გვერდის ავლა კონკრეტული სიტუაციაში და კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციის 73 მუხლის „თ“ ქვეპუქნტი, რომლის თანახმადაც,  საქართველოს პრეზიდენტი ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს, ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. ის საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს. დეკრეტები წარედგინება პარლამენტს, როცა იგი შეიკრიბება. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ პუნქტში აღნიშნულ მიზეზთა გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა;

როგორც მუხლშია აღწერილი, საგანგებო მდგომარეობა აუცილებელი არაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდეს, არამედ ის შეიძლება შემოღებულ იქნას საჭიროებისამებრ, ქვეყნის ტერიტორიის რომელიმე ნაწილში. ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრეზიდენტი გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს,  რომელსაც მოქმედების ვადა ამ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აქვს. ჩემი აზრით, ეს ნორმა საკმაოდ მისაღებია, თუ არ გავითვალისწინებთ 48-საათიან ვადას. მისაღებია ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობა და არ იზღუდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებები და თავისუფლებები. ასევე ეს ნორმა საკმაოდ სწორად არის ჩამოყალიბებული იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტს აქვს, ზოგადად, კონტროლი პრეზიდენტის მიერ მიღებულ ზომებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ, საბოლოოდ,  სწორედ პარლამენტი ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, ეს ფაქტი არის იმის გარანტი, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილება არ იქნება მის მიერ ბოროტად გამოყენებული და საკუთარ სუბიექტურ აზრებსა და მიზნებზე მორგებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალააქეებს შეიძლება შეეზღუდოთ უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს,  საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18, მე-20,  21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, არაუგვიანეს 48 საათისა, ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.

როგორც ვხედავთ,  პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში ეკისრება ვალდებულება,  გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია იმისი ცდუნება, რომ პრეზიდენტმა მოინდომოს საგანგებო მდგომარობის რაც შეიძლება დიდი ხნით  „გაწელვა“, რადგან ეს მას აძლევს საშუალებას, ხალხს შეუზღუდოს უფლებები და ამით ბოროტად ისარგებლოს, ამ ყველაფერს კი,  თავის სასიკეთოდ გამოიყენებს.

ზუსტად საგანგებო მდგომარობით ბოროტად სარგებლობას ეხებოდა ბუმედიანის საქმე, რომელშიც სასამართლომ თქვა, რომ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ არის ისეთი ტიპის ომი, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ სულ ვერ იქნება საგანგებო მდგომარეობა და მუდმივად ვერ შევზღუდავთ მოქალაქეთა უფლებებს. ამიტომ დაასკვნა, რომ აღარ შეიძლებოდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. ასევე, არსებობს  პრეცენდენტი, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ უნდა შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა საკმაოდ ახლოს იყო – განსხვავებით ბუმედიენის საქმისგან.

როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის როლი ძალიან დიდია საგანგებო თუ საომარი მდგომარობის გამოცხადებისას, რადგანაც გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კონტროლს ვერავინ გაუწევს და ხელისუფლების სხვა შტოები ვერ იქონიებენ გავლენას მასზე.  სწორედ ამიტომაა, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდგომში დამტკიცებას პარლამენტის მიერ, ეს კი შეიძლება ჩაითვალოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთ მექანიზმად.

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის კონტროლს ეხება საქმე ნატოს ოპერაციების შესახებ,  სადაც პარლამენტი ცდილობს შეინარჩუნოს საპარლამენტო კონტროლის, მათ შორის პროაქტიული კონტროლის უფლება.  ამ შემთხვევაში, პარლამენტის კონტროლი უფრო ეფექტური იქნებოდა,  ვინაიდან შეეძლო,  გამოეთქვა თავისი აზრი ნატოს სარდლობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ სამხედრო ძალების გადაგზავნის შემთხვევაში, შეიძლებოდა ჩათრეული ყოფილიყო ერაყთან სამხედრო კონფლიქტში.

პარლამენტს უნდა ჰქონოდა იმის საშუალება, რომ იქამდე ჩარეულიყო გადაწყვეტილების მიღებაში, სანამ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას, ვინაიდან, თუ უკვე სახელმწიფო ჩართული აღმოჩნდებოდა ამ კონფლიქტში, პარლამენტი უკვე იძულებული იქნებოდა, დაემტკიცებინა საომარი მდგომარეობა. ამიტომ საჭიროა შეთანხმება, რომ თავიდან იქნეს აცილებული ის პასუხისმგებლობა და შედეგები,  რაც აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია პარლამენტის მონაწილეობა საგანგებო მდგომარეობის დროს გარკვეული ზომების მიღებისას.  იმისთვის,  რომ თავიდან იქნეს აცილებული გადაცდომები და ტოტალიტარიზმისა და ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბება.

გამოყენებული მასალა:

1. საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ

2. საქართველოს კონსტიტუცია

ავტორი: შალვა ჩხეიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *