ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ნატო და საქართველოს უსაფრთხოება

11 Jul , 2015  

 

დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს მომავალი და მისი მშვიდობიანი განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის შემოდგომიდან უკრაინაში მომხდარი გადატრიალების და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდეგ ევროპა და ამერიკა კიდევ ერთხელ დადგა დილემის წინაშე, როგორ მოიქცეს, როცა რუსეთი, როგორც პირდაპირი, ისე გვერდითი გზებით სუვერენულ სახელმწიფოს უტევს და მის შიდა პოლიტიკაში აშკარად ერევა. თუმცა ევროპასაც და განსაკუთრებით ამერიკას მსგავსი მაგალითების აღმოჩენა საკუთარ წარსულშიც არ გაუჭირდებათ, ამიტომ, იქნებ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ვერ ერევიან რუსეთის ქმედებებში. თუმცა უმჯობესია, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ყოველთვის ევროპაზე გადიოდა, ჯერ კიდევ სულხან-საბა ეძებდა იქ დახმარებას, თუმცა არც მაშინდელმა ევროპამ ჩაგვთვალა დახმარების ღირსად. შემდეგშიც დასავლეთისგან მოწყვეტილებმა და დავიწყებულებმა საშველის ძებნა მეზობელთან დავიწყეთ და მანაც ისე მოგვხვია ხელი, დღესაც გვიჭირს გათავისუფლება.

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იყო მცდელობა, თავი დაგვეღწია რუსეთისგან. გერმანიისა და მისი მოკავშირეების გამარჯვების შემთხვევაში, ალბათ, ასეც მოხდებოდა. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, მისი დაშლა და საქართველოს კვლავ დასავლური არჩევანი. მაშინ როცა ევროპა უკვე ძალიან კარგად იცნობდა ნატოს და თავსაც აფარებდა გაჭირვების ჟამს, ჩვენ გავთავისუფლდით თუ არა, ჩრდილო-ატლანტიკური ალისის კარს მივადექით, თუმცა იმისათვის რომ ამ გადაწყვეტილების შეფასება შევძლოთ, ნატოს როგორც მშვიდობის გარანტად მოხსენიებული ორგანიზაციის მოკლე ისტორიას უნდა გავეცნოთ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. არც ერთი ომგამოვლილი სახელმწიფო არ იყო მზად წინააღმდეგობა გაეწია გამარჯვებული საბჭოთა კავშირისთვის, რომელიც ომიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა. წითელი არმია კვლავ რჩებოდა ყველაზე მრავალრიცხვოვან და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ სამხედრო ძალად. 1948 წელს კომუნისტური ექსპანსიის პირდაპირი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საბერძნეთი და ნორვეგია. აპრილში კი მოსკოვმა ყველა მის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით დაიწყო ბერლინის ბლოკადა, ხოლო ივნისში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ჩეხოსლოვაკიაში.

1948 წლის მარტში დაიდო ბრიუსელის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობასა და კოლექტიურ თავდაცვას. სწორედ ეს თავდაცვის მექანიზმი გახდა შემდგომში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის საფუძველი.

1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში 12 ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას. იგი უნდა გამხდარიყო დასავლეთი ევროპის ქვეყნების საიმედო დამცავი მექანიზმი ნებისმიერი სახის აგრესიის თუ მუქარის შემთხვევაში.

ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.

ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ნატოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:

  “ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული”.

„ნატოს“ შექმნის მთავარი მიზანი იყო, დაეცვა ევროპის ქვეყნები სსრკ-ს შესაძლო აგრესიისგან, ამიტომ მისი გაფართოებაც იმის მიხედვით ხდებოდა, თუ რომელი ქვეყნის მიმართ გამოიჩენდა მოსკოვი ინტერესს.

1952 წელს თურქეთი და საბერძნეთი გაწევრიანდა, 1955 წელს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1982 წელს – ესპანეთი, 1999 – უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი, 2004 წელს კი ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მოხდა და ნატოს ერთდროულად შვიდი ქვეყანა შეუერთდა – ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვენია, სლოვაკეთი და რუმინეთი.

პარტნიორობა მშვიდობისათვის

პროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ნატოს,  ევროპაში ნატოს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია).
1994 წლის 10-11 იანვარს ნატომ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა – ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს  შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატოსთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისათვის.
დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება, “პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და  მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება,  როგორც ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის.
“პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს.
დოკუმენტი, ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და ნატო-სთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.

,,პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში.

პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) არის მრავალმხრივი ფორუმი, რომელიც ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ევროპის პერიფერიაზე მდებარე აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არის შექმნილი. წევრი ქვეყნები იკრიბებიან, რათა ითანამშრომლონ და შეთანხმდნენ რიგ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.

ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელმაც ჩაანაცვლა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო.

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო არის 28 წევრი სახელმწიფოს და 22 პარტნიორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც იკრიბება ყოველთვიურად ელჩების დონეზე, ხოლო ყოველწლიურად საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე.

გრძელვადიანი პოლიტიკური კონსულტაციები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში ხორციელდება ევროატლანტიკური პარტნიორობის სამუშაო პროგრამის ფარგლებში. ეს სფეროები მოიცავს მშვიდობის დაცვისა და კრიზიების მართვის ოპერაციებს, რეგიონულ საკითხებს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დაგეგმვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიის პოლიტიკას, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარებას, შეიარაღების ოპერაციებს, ატომურ უსაფრთხოებას, საჰაერო მიმოსვლის მართვის სამოქალაქო და სამხედრო კოორდინაციასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.

ნატოს სტრუქტურა

ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ეხმარება ნატოს საერთაშორისო და საერთაშორისო სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს შტაბ-ბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრების დროსა და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი მიღებულ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი.

ნატოს შტაბ-ბინა არის ალიანსის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელი.

ნატოს შტაბ-ბინაში ყველა წევრი ქვეყნიდან სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები კონსესუსის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან. შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის წარმოების ადგილს პარტნიორ ქვეყნებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს, მაგრამ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არის საერთაშორისო სამსახურის წევრი. მას გააჩნია პირადი ოფისი, რომელშიც შედიან დირექტორი, მომუშავე პერსონალი, გენერალური მდივნის მოდგილე, სამართლებრივი საკითხების მრჩეველი და პოლიტიკის დაგეგმარების განყოფილება.

ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში (ბელგია), ნატოს შტაბ-ბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება.

საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბება წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო მინისტრები, ან სახელმწიფოს მეთაურები. ამ დონის შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება ნატო-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე ტარდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები, მიღებული გადაწყვეტილებები თანაბარი ძალის მქონეა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნატო იყო საიმედო ბარიერი, რომელიც თავიდან იცილებდა ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, ხშირად მოკავშირეებს შორისაც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სუეცის კრიზისი – აშშ-ს პრეზიდენტმა დაგმო ნატო-ს წევრი ქვეყნების და ისრაელის სუეცის არხზე კონტროლის აღდგენისთვის განხორციელებული სამხედრო აქცია და გაეროში რეზოლუციის ინიციატორი გახდა. უთანხმოება საფრანგეთთან  – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დე გოლმა ქვეყანა გაიყვანა ნატო-ს სამხედრო სტრუქტურიდან, ხაზგასმით უნდა აღინიშონოს, რომ გაიყვანა სამხედრო სტრუქტურიდან და არა მთლიანად ორგანიზაციიდან.

ცივი ომის დასრულების, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს ახალ კონცეფციას წითელ ხაზად გასდევს ყოფილ მოწინააღდმეგეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობა. მთავარ ამოცანად რჩება წევრ-სახელმწიფოთა უსაფრთხოების დაცვა, თუმცა თანამშრომლობის ზონად უკვე მთელი ევროპაა მიჩნეული.

 ნატოს განვითარება შეიძლება ორ ეტაპად გავყოთ, „ცივი ომის“ პერიოდში და მის შემდეგ. თუ პირველ პერიოდში ის საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში ცდილობდა თავისი მიზნების მიღწევას, მისი დაშლის შემდეგ თითქოს უნდა გათავისუფლებულიყო ამ წნეხისგან და კიდევ უფრო თავისუფლად ემოქმედა, თუმცა ნატომაც და განვითარებული ქვეყნების მაშინდელმა ხელისუფლებებმა შეიძლება ისტორიული მნიშვნელობის შეცდომაც დაუშვეს და რუსეთს განსაკუთრებული როლი მიანიჭეს, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ სსრკ-ს არსებობის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის გამოსვლაში ღიად დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ამიტომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგომ პერიოდში ჩამოყალიბებულ ნატოს კონცეფციაში ხაზგასმით აღინიშნა: „ძლიერი, სტაბილური და მრავალმხრივი თანამშრომლობა ნატოსა და რუსეთს შორის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის.“

აშშ-ს მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ მოქმედებდა დევიზით „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“. სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი იმპერიის სამართალმემკვიდრე გახდა, ამიტომ გარკვეულწილად შეიძლება გავამართლოთ დასავლეთის ასეთი მიდგომა, რადგან არც დასავლეთი და არც ამერიკა არ იცნობდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, მაგალითისთვის იმდენად უმნიშვნელო იყო მათთვის კავკასიის ქვეყნებს შორის განსხვავება, რომ 1993 წელს მანფრედ ვიორნერმა – ნატოს მაშინდელ გენერალურმა მდივანს, შევარდნაძესთან შეხვედრისას საქართველო სომხეთში აერია. გარდა ამისა, დღის წესრიგში იდგა ბირთვული იარაღის საკითხი, ვის ხელში უნდა გადასულიყო ის? თავი იჩინა ეთნოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა. რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების საგანი ხდებოდა ყირიმი, ნატოში კი სრულიად არ იყვნენ მზად მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად, ამიტომ ამჯობინეს ისინი რუსეთს მოეგვარებინა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასეთი უპირატესობა მიანიჭეს, მაინც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი, როგორც ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა და დასავლეთის ქვეყნები მისით მანიპულირებას მოახერხებდნენ.

90-იანი წლების დასაწყისში, როცა მსოფლიო ჯერ კიდევ ეგუებოდა „ცივი ომის“ დასრულებას, რუსეთიც გარკვეულწილად თავს ხრიდა და ეგუებოდა მასზე ასეთ წარმოდგენაა. იქნებ, შემდგომშიც ასე გაგრძელებულიყო და აღარც დაბრუნებოდათ მსოფლიოზე ბატონობის სურვილი, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა რომ არ დაწყებულიყო. რუსეთის ხასიათის ცვლილება მალევე გახდა შესამჩნევი. თუ 90-იანების დასაწყისში რუსეთს ლოიალური განწყობა ჰქონდა ნატოს გაფართოებისადმი, 1996 წელს, როცა ვაშინგტონმა აშშ-ს სტრატეგიულ ამოცანად ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რუსეთი უკვე მყარად იყო გამაგრებული საწინააღმდეგო პოზიციაზე.

საინტერესოა, ნატოს წევრი ქვეყნების დამოკიდებულებაც ახალი წევრებისადმი. არა მარტო ორგანიზაციის კარს გარეთ იყვნენ მოწინააღმდეგეები, არამედ ნატოს შიგნითაც შეხვდებოდით საწინააღმდეგო აზრის მქონე ქვეყანათა ჯგუფს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ნატოს გაფართოება საფრთხის მომტანი იქნებოდა უკვე წევრი ქვეყნებისთვის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ორგანიზაციის მთავარი ამოცანა, დაეცვა ქვეყნები სსრკ-ს შესაძლო აგრესიისგან, უკვე აღარც იდგა დღის წესრიგში, რადგან სსრკ აღარ არსებობდა. მათი პოზიციაც, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ პირველ წლებში რუსეთი დასუსტებული და ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში იყო. ისინი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ელცინის შემდეგ ქვეყანას ვლადიმერ პუტინის მსგავსი პოლიტიკოსი ჩაუდგებოდა სათავეში.

გაზეთი „ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნი“ ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერდა: „გაფართოება ნატოს ეფექტურობას საფრთხეში აგდებს.“ ცნობილი მიმომხილველი უ. პფაფი პარალელს ავლებდა 1945 წლის იალტის კონფერენციასთან, რის შემდეგაც მსოფლიოს გადანაწილება მოხდა. მისი თქმით, ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ვერ გაწევრიანდებოდნენ ალიანსში, უდავოდ აღმოჩნდებოდნენ რუსეთის ინტერესების განსაკუთრებულ სფეროში: „ამგვარად, დასავლეთი ხელს უწყობს სწორედ იმას, რისი გაკეთებაც მას არ სურს.“

იმისათვის, რომ რუსეთს თვალი დაეხუჭა და გულგრილად შეხვედროდა ნატო-ს მოსალოდნელ გაფართოებას, ალიანსი ე.წ. „მესამე სცენარს“ განიხილავდა, რაც რუსეთისთვის ეკონომიკური დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას გულისხმობდა.

რუსეთი ითხოვდა, რომ თანამშრომლობის ახალი ფორმა იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებით განსაზღვრულიყო. მოსკოვის მოთხოვნით, არ უნდა მომხდარიყო ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ალიანსის ბირთვული იარაღისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. 1997 წლის 27 მაისს პარიზში ნატოს ლიდერებმა და რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერეს „დამფუძნებელ აქტს.“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ პერიოდში უკვე წინააღმდეგი იყო არა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებისა ახალი წევრების ტერიტორიაზე, არამედ საერთოდ ნატოს გაფართოებისა, 1999 წელს ორგანიზაციას მაინც შეუერთდა სამი ახალი ქვეყანა, უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი რონალდ ასმუსი თავის წიგნში წერდა „ეს ქვეყნები მოსალოდნელზე უარესად იყვნენ მომზადებულნი ალიანსში გასაწევრიანებლად“. ეს მაგალითად ჰყავს მოყვანილი ასმუსს თავის წიგნში „პატარა ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაა დაწერილი.

ნატოს ისტორიის გაყოფა ასევე შეგვიძლია მისი დაარსებიდან 1999 წლამდე და მის შემდეგ. 

რა მოხდა 1999 წელს? ნატომ ისტორიაში პირველად მიიღო გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებმა დამოუკიდებლობის აღიარება 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს და 1991 წელს ევროპის თანამეგობრობის მიერ ინიცირებული ბადენტერის კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იუგოსლავია დაიშალა, სამხედრო მოქმედებები იქ მეორე ათასწლეულის დასასრულამდე მიმდინარეობდა. იუგოსლავიის მაგალითი საინტერესო და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ ის გახდა მიზეზი ნატო-ს გადაწყვეტილებისა უშუალიდ ჩართულიყო სამხედრო მოქმედებებში. უნდა გავაცნობიეროთ, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს გადაწყვეტილება.

1999 წლის მარტში დაიწყო ჯერ კოსოვოს, ხოლო მოგვიანებით მთელი სერბეთის ტერიტორიაზე განლაგებული არა მარტო სამხედრო ობიექტების, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაბომბვა. ნატოს ოპერაცია კოსოვოში ჩატარდა გაეროს წესდების დარღვევით – არც ერთ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე. ამ ნაბიჯს თვისობრივი ცვლილება შეჰქონდა არა მარტო ალიანსის ფილოსოფიაში, არამედ საერთაშორისო სამართალშიც. ნატო პრაქტიკულად განაცხადს აკეთებდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად. ნატოს ეს მოქმედება არღვევდა დაუსჯელობის სინდრომს და იმ მოსაზრებას, რომ მას მხოლოდ რეზოლუციების მიღება შეუძლია. ეს იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი, რადგან წარუმატებლობა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

1990 წლის აპრილში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე დაფიქსირდა ნატოს უფლება – გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები არა მარტო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არეში, არამედ ევროპის სხვა ადგილებში. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თუ ასეთ აქციას ნატო გაეროს უშიშროების საბჭოს დავალების გარეშე კიდევ ჩაატარებს, მანამ, სანამ გაეროს წესდება არ შეიცვლება, იგი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვლება, რა მორალური მოტივებითაც არ უნდა იყოს დასაბუთებული.

როდესაც სსრკ დაიშალა, საქართველომ კიდევ ერთხელ სცადა დასავლეთისთვის თავი შეეხსენებინა და დახმარება მოეთხოვა, განსაკუთრებით სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის ომის დროს.

ედუარდ შევარდნაძემ თავისი გამოსვლისას განაცხადა „ვშიშობ, სანამ ამ კურსებს გავივლით, მოვლენებმა შეიძლება არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღოს, ჩვენ კი დახმარება ახლა გვჭირდება.“ განცხადებაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ გაეროს უმოქმედობამ შესაძლებელი გახადა კონფლიქტის მოუგვარებლობა აფხაზეთში.

1992 წელს ნაქსის მაღალი დონის შეხვედრაზე პირველად გაიჟღერა აფხაზეთის კონფლიქტმა. თუმცა, მიუხედავად საქართველოს მცდელობისა პრაქტიკულად ჩაერთო ნატო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, რეალური შედეგი არ მოჰყოლია, ისევ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო. დასავლეთს არც მაშინ გამოუჩენია ყურადღება კავკასიისადმი, როცა გენოციდი მოხდა ჩეჩნეთში. ნატო აშკარად თავს არიდებდა და დღესაც არიდებს ყოფილი საბჭოთა კავშირის საქმეებში ჩარევას, რადგან ნატოს აზრით, ეს გააძლიერებდა ანტიდასავლურ და რევანშისტულ განწყობილებას რუსეთში.

დასავლეთი თავს არიდებდა აფხაზეთის საკითხში რუსეთის ღია კრიტიკას, თუმცა უპირობოდ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რა თქმა უნდა, საქართველოს ილუზიაც არ უნდა ჰქონოდა, რომ ამ პრობლემების ფონზე ნატოში გაწევრიანდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ორგანიზაციაში წევრიანდებოდნენ ქვეყნები, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ არც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, არც მყარი საინვესტიოციო გარემოთი, არც საგარეო კონკურენტუნარიანობით, რაც დღეს ნატო-ში გაწევრიანების არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ელემენტებია. ისინი მხოლოდ ერთი საშიშროების წინაშე იდგნენ და ეს იყო სსრკ-ს მხრიდან შესაძლო ექსპანსია. მაშინ, როცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი ნამდვილად აღარ წარმოადგენდა მძლავრ სახელმწიფოს და ნატოს შეეძლო ამით ესარგებლა და თავის წევრად მიეღო საქართველო, ეს არ გააკეთა და პირიქით, თავისი უმოქმედობით გზა გაუხსნა რუსეთს.

გაზეთი „ეუროპიონი“ მაშინ წერდა – „საქართველო ყველაზე უფრო არასტაბილური და სახიფათო ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ქვეყანა სავსეა იარაღით…“

აღნიშნული მოვლენების ანალიზისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – სამხრეთ კავკასია ამ ეტაპზე ნატოსთვის არ წარმოადგენდა პრიორიტეტულ რეგიონს.

სამაგიეროდ, რუსეთმა გათვალა კარგად, თუ რა მოხდებოდა მომავალში და როგორ შეიცვლებოდა დასავლეთის პოზიციები, ამიტომ სანამ საქართველოსკენ გამოიხედავდა დასავლეთი, თავად დაიწყო შიდა კონფლიქტების გაღვივება და ეთნიკური უმცირესობების ზურგს ამოფარებულმა დაიწყო ქვეყნის დაშლისკენ სვლა.

„საქართველო რომ ქუვეითივით მდიდარი, ნავთობრესურსებით სავსე, ოქროსა თუ ალმასის საბადოებით გამორჩეული ქვეყანა ყოფილიყო და არა უგუნერ ხელისუფალთა მთელი კასკადის მიერ მიწასთან გასწორებული, ამერიკასა და ევროპის მიერ ხელით სათრევი ქვეყანა, ვითარება, რა თქმა უნდა, პრინციპულად განსხვავებული იქნებოდა,“ – ვკითხულობთ ზურაბ აბაშიძის წიგნში „ნატო და საქართველო.“

მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკამ კვლავ დაიწყო ზრდა და ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დადგა, დასავლეთმა გააცნობიერა, რომ რუსეთს ჰქონდა მნიშვნელოვანი ბერკეტი ნავთობრესურსების სახით და შეეძლო, როცა მოისურვებდა გაზის გარეშე დაეტოვებინა ევროპა და გამოეყენებინა ეს ფაქტი მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად, დასავლეთში გააცნობიერეს, რომ აუცილებელი იყო ალტერნატიული გზის გამონახვა და აქ გაახსენდათ საქართველო.

ალტერნატიული მაგისტრალი ითვალისწინებდა საქართველოს გავლით ცენტრალური აზიიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას ევროპისთვის, რომ ის აღარ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე. ამიტომ აუცილებელი იყო საქართველო მთლიანად გადასულიყო ევროპულ გზაზე და საბოლოოდ  ჩამოშორებოდა რუსეთს. რაც თავისთავად არ მოეწონა ჩვენს მეზობელს და კარგად გააანალიზა, რომ ალტერნატიული მაგისტრალი პირდაპირი დარტყმა იქნებოდა მის ეკონომიკაზე. ამიტომ იბრძოდა ნაბუკოს წინააღმდეგ და ამიტომ ცდილობს, რომ საქართველო მასზე დამოკიდებული ქვეყანა გახდეს. კარგად იცის, რომ ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანა ვერ გაწევრიანდება ნატოში, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა განცხადებები, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტების მოუგვარებლობა არ უნდა განიხილებოდეს გაწევრიანების ხელისშემშლელ ფაქტორად. თუმცა განცხადება ერთია და გაკეთებული საქმე – მეორე.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დასავლეთში და ზოგადად ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არ ჰქონდათ რეალური წარმოდგენა საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე, თუმცა ვინ იცის, იქნებ ჩვენზე კარგადაც იცოდნენ, მაგრამ როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ 2007 წლის 4 ნოემბერი და თბილისში ჩამოსული ნატო-ს მაშინდელი გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და მისი სიტყვა, რომელშიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე საუბრობდა, სამი დღის შემდეგ კი 7 ნოემბერს თბილისის ქუჩებში სპეცრაზმმა დემონსტრანტები და ასევე ტელეკომპანია “იმედი” დაარბია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დარწმუნებით საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა ძალიან ახლოს იყო ნატო-~სთან და ის მომდევნო სამიტზე მაპსაც მიიღებდა, ასე არ მოხდა. რთული სათქმელია მართლაც ჰქონდათ ამის ილუზია თუ ეს თვალის ახვევის ერთ-ერთი ხერხი იყო.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას მაპი არ მიენიჭა. მაპი ეს გახლავთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც წინაპირობაა ნატოში გასაწევრიანებლად. მიღებული გადაწყვეტილება ნატოში შემდეგი სიტყვებით დაასაბუთეს, რომ წევრი ქვეყნები არ არიან წინააღმდეგნი საქართველოს გაწევრიანებისა, მაგრამ ეს ჯერ ნაადრევია, რადგან არის საკითხები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, თუ სურს ამ ალიანსის წევრი გახდეს.

ეს იყო 2008 წლის გაზაფხული. საქართველოს კიდევ ერთხელ ეთქვა უარი და მიუხედავად მისი სტრატეგიული მნიშვნელობისა, დასავლეთმა კიდევ ერთხელ არჩია, არ გაებრაზებინა რუსეთი, თუმცა მოვლენები მაინც უარესად განვითარდა.

ზემოთ ნახსენებ წიგნში რონალდ ასმუსი წერდა, რომ 2008 წელს კოსოვოს აღიარებით დასავლურმა დიპლომატიამ  „უნებლიეთ, ამავე წლის ზაფხულში, საქართველოში ომისკენ მიმავალი ბილიკის გაკვალვას შეუწყო ხელი…“ კოსოვოს აღიარებამ და მაპზე უარის თქმამ ერთად შესაძლოა გარკვეული გავლენა მართლაც მოახდინა აგვისტოს ომის დაწყებაზე, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ კოსოვოს აღიარება სეპარატისტული რეგიონებისთვის ნიშანი იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ მოჰყვა იგივე რეზონანსი ყარაბაღში ან დნესტრისპირეთში?

იგივე ასმუსი წერს „რამდენიც არ უნდა ელაპარაკათ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ამგვარი საუბრები დიდწილად მხოლოდ ფორმალობად რჩებოდა და მათი კანდიდატურები სერიოზულად არც განიხილებოდა ამ ქვეყნებში დემოკრატიისა და რეფორმების ხარისხის გამო.“

როგორც ვხედავთ, შიდა სამზარეულო აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ახმოვანებდნენ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები და განსაკუთრებით საქართველოს მაშინდელი მთავრობა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხშირად ისმოდა კითხვა, რატომ არ დაგვეხმარა ნატო. რატომ უნდა დაგვხმარებოდა, როცა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი კომისიის დასკვნაში ამ ომზე ვკითხულობთ: „2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს ქართულმა არტილერიამ ქალაქ ცხინვალზე განუწყვეტელი საარტილერიო შეტევა მიიტანა, ხდებოდა ქართული შეიარაღებული ძალების სხვა გადაადგილებებიც ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით. მალე ბრძოლაში რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოვები ჩაერთვნენ“. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო და მხოლოდ ამის გამო ჩაება შემდეგ რუსეთი, რომ დაეცვა დაჩაგრული ეთნიკური უმცირესობა. რა საბაბით უნდა ჩართულიყო ნატო ომში? გარდა ამისა, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას, არ ვრცელდება ინფივიდუალური პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებზე. ასევე თავს გვახსენებს კვლავ რუსეთის ფაქტორი. რუსეთმა პროვოცირებით გამოიწვია ქართული მხარე და მანაც დაიწყო ომი, რთული წარმოსადგენია, ვის ებრძვის 4 მილიონიანი ქვეყანა? ალბათ, თავდაპირელად საქართველოს მაშინდელ ხელისუფალთა წარმოდგენა ასეთი იყო, რომ აგვისტოს ომი დასავლეთის და ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებისთვის  აღიქმებოდა, როგორც რუსეთის მიერ სუსტის დაჩაგვრის მცდელობა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რუსეთი კვლავ დამხმარე ქვეყნის როლში გამოვიდა, რომელიც იცავდა შევიწროებულ და დაზარალებულ ოსურ მხარეს.

შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის მქონე ერთეულები არიან. და კიდევ უფრო გართულდა გზა ტერიტორიების დაბრუნებისკენ.

ნატოს მხრიდან ყოველი რეაგირების მოლოდინის გაცრუების შემდეგ საქართველოში თავს იჩენდა ანტიდასავლურად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი და დღის წესრიგში დგებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხი. თუმცა საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო თითქმის შეუძლებელი იყო, რომ ეს ქვეყანას სასიკეთოდ წასდგომოდა. ნეიტრალური სტატუსი საქართველოს არ აძლევდა და არ აძლევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შენარჩუნების, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიას. ნეიტრალიტეტი გამორიცხავს მოკავშირეობას, ე.ი. საქართველოსთვის იგი მხოლოდ მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ხელის აღებას ნიშნავდა.

საქართველოს უსაფრთხოება ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველ რიგში ქვეყნის ხელისუფალთა ქმედებებზე. მაშინ, როცა რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს ფარულად თუ ღიად უპიირისპირდება, კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და გაზომილი უნდა იყოს, რომ ისევ ომის ზღვარზე არ აღმოვჩნდეთ.

ახალი ხელისუფლების პირობებში შეიცვლა რიტორიკა რუსეთის მიმართ და ასევე უფრო ცხადი გახდა დასავლეთის დამოკიდებულება, თუ წინა ხელისუფლების დროს აცხადებდნენ, რომ საქართველო ძალიან ახლოს იყო ევროკავშირთან და ნატო-სთან, რომ ჩვენი დემოკრატიის დონე შეესაბამებოდა ნატო-ს სტანდარტებს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, დღეს სურათი შეიცვალა და დავინახეთ, რომ დასავლური ღირებულებებისკენ ნელ-ნელა, მცირე ნაბიჯებით მივიწევთ.

დღეს, როცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილებისთვის ქვეყნები სხვადასხვა მეთოდით უპირისპირდებიან ერთმანეთს, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმოქმედოს ნელა, მაგრამ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ნატო ჩვენ გამო პირდაპირ დაუპირისპირდება რუსეთს, დასავლეთს გარკვეულწილად აწყობს კიდეც ისეთი რუსეთი, რომელიც აზიაში მყარად იდგება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღიად არ საუბრობრობენ, ნელ-ნელა სუპერ-სახელმწიფოს სტატუსს უმიზნებს ჩინეთი. რიგი ამერიკელი მეცნიერებისა, აშშ-სა და ზოგადად დასავლური სამყაროს ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ სწორედ ჩინეთს მიიჩნევს. ამიტომ ნატოში ვერ ყალიბდებიან, თან როგორ მოთოკონ რუსეთის ქმედებები და ამავდროულად ხელი შეუწყონ მისი პოზიციის შენარჩუნებას.

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს არა მარტო ხელისუფლება, არამედ სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ბეწვის ხიდზე წონასწორობა შეიკავოს და საკუთარი ინტერესების გატარება შეძლოს. ქვეყანამ უნდა მოახერხოს და რუსეთთან თანამშრომლობის პარალელურად დასავლეთთან ადაპტირება მოახდინოს. ერთ-ერთი მხარის უკუგდება სასიკეთოდ არ წაგვადგება.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფუჭი დაპირებები დასავლეთს ახასიათებს და ჩვენ მათ შორის სიმართლის გამორკვევაც უნდა ვისწავლოთ. საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა ყოველთვის იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ნატოში გასაწევრიანებლად, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზულად უნდა იმუშაოს ყველა სახელისუფლებო ორგანომ და ამავდროულად ხალხმა.

 

ავტორი:

თეონა გიორგელაშვილი;

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ჟურნალისტიკის მიმართულება;

მეოთხე კურსი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

“ნატო და საქართველო – უტოპიიდან რეალობისკენ” – ზურაბ აბაშიძე;

“საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო” – ამირან მექვაბიშვილი;

“ნატო და საქართველოს უსაფრთხოება” – სოსო ცინცაძე;

“ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი” – ნიკა ჩიტაძე.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *