ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

დიპლომატიის ისტორია – ვესტფალიის ზავიდან დღემდე

18 Jul , 2015  

ვესტფალიის ზავი

ვესტფალიის ზავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია მსოფლიო ისტორიაში, ხოლო სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ადგილი უჭირავს. იგი საწყისი წერტილია თანამედროვე ტიპის დიპლომატიისთვისაც, რადგან სწორედ ვესტფალიის ზავით დაიწყო თანამედროვე ტიპის სახელმწიფოების ჩამოყალიბებაც.

ვესტფალიის ზავი ეწოდება 1648 წელს ოსნაბრუკსა და მიუნსტერში დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებს, რომლებითაც დასრულდა 30-წლიანი ომი (30-წლიანი ომი მიმდინარეობდა ევროპაში 1618-1648 წლებში). ვესტფალიის ზავის მნიშვნელობას კარგად აღნიშნავს ის ფაქტი, რომ სამართალში დამკვიდრებულია ტერმინი „ვესტფალიური სახელმწიფო“, რაც საფუძველი გახდა სახელმწიფოთა თვითგამორკვევისა და ერი-სახელმწიფოების (nation-state) ჩამოყალიბებისა.

30-წლიანი ომი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ომი რელიგიური წესწყობილებასა და სახელმწიფო ინტერესს (raison d’etat) შორის. კონცეფცია „რეზონ დ’ეტა“ კარდინალმა რიშელიემ შემოიტანა, რომელიც საფრანგეთის პირველი ვეზირი იყო ამ ომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რიშელიე სასულიერო პირი იყო, იგი თვლიდა, რომ სახელმწიფო სულაც არ წარმოადგენს საღვთო იარაღსა, როგორც ქრისტიანობის დამცველს, სახელმწიფო მხოლოდ ამქვეყნიურია და თუ იგი ძლიერი არ იქნება, ვერ გადარჩება. რიშელიეს აზრით, ადამიანი თავისი თავის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს თვითონ აქ და იმ ქვეყნადაც, ხოლო სახელმწიფო მხოლოდ ამ ქვეყნად არსებობს. მისი შეხედულება, როგორც ჰენრი კისინჯერი აღნიშნავს, ალპების მთასავით გამოიყურებოდა შუა უდაბნოში. განსხვავებულად ფიქრობდა ფერდინანდ მეორე, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი, რომელიც ხაზს უსვამდა სიტყვა „წმინდას“ საკუთარი ქვეყნის სახელწოდებაში და თვლიდა, რომ სახელმწიფოს პირველ რიგში რელიგია უნდა დაეცვა, ამ შემთხვევაში, პროტესტანტებისგან.

რიშელიეს ძალიხმევით ამ ომს რელიგიური არ ეწოდა. საფრანგეთს აწუხებდა ჰაბსბურგების გაძლიერება, რომელთა მიერ მართული ქვეყნები საფრანგეთს გარს შემორტყმოდნენ. ესენი იყო, ძირითადად, ესპანეთი და წმინდა რომის იმპერია. რიშელიე ხედავდა, რომ გერმანული მიწების გაერთიანება კათოლიკე ჰაბსბურგების ხელში საფრთხეს უქადდა მის ქვეყანას. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი კათოლიკური ქვეყანა იყო, იგი არ მოერიდა პროტესტანტ გერმანულ მიწებთან და ინგლისთან შეკვრას და მათთან ერთად დაუპირისპირდა ჰაბსბურგებს. მეტიც, საფრანგეთი ამ ომში მუსლიმური ოსმალეთის მოკავშირეც კი გახდა. ამით კარგად გამოჩნდა რიშელიეს დოქტრინა „რეზონ დ’ეტა“, რაც გამოიხატებოდა პირველ რიგში სახელმწიფოს და არა რომის პაპის, რომელსაც მთლიანი ევროპის საკუთარ, როგორც ამ ქვეყნად ღვთის წარმომადგენლის, ხელში გაეერთიანებინა. ამაზე გავლენა წინა საუკუნეში რეფორმაციის გამო რომის დასუსტებამაც იქონია.

ვესტფალიის ზავმა საფუძველი დაუდო ერთა თვითგამორკვევას. Cuius regio, eius religio (ვინც მართავს, მისია რელიგია) ფრაზა კარგად გამოხატავს ამ ზავის შედეგებს. ამიერიდან სახელმწიფოებს უჩნდებოდათ სუვერენიტეტი, თავად განესაზღვრათ რელიგია, და გარეშე ძალა ვერ ჩაერეოდა ამაში. ერთა თვითგამორკვევის მაგალითი ამ ზავის მიხედვით ჰოლანდიის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, რომელიც საბოლოოდ გამოეყო ჰაბსბურგების ესპანეთს.

რიშელიეს დოქტრინამ „რეზონ დ’ეტა“ შეცვალა მაშინდელი მსოფლმხედველობა. მისი მოღვაწეობა საინტერესოდ შეაფასა რომის პაპმა ურბან მე-8-მ: „თუ ღმერთი არსებობს, მაშინ მას იქ სერიოზული პრობლემები ელის. თუ არადა… მაშინ ძალიან ბევრს მიაღწია“.

 

ვენის კონგრესი

ვესტფალიის სისტემამ ევოლუცია განიცადა და მე-18 საუკუნის ბოლოს ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების შედეგად მივიღეთ ახალი ტიპის ერი-სახელმწიფოები, რომლებიც აღარ იყო დაფუძნებული მეფის ძალაუფლებაზე, არამედ სახელმწიფოს სუვერენიტეტს უკვე ტერიტორია, იქ მცხოვრები ხალხი და მათ მიერ არჩეული მთავრობა განსაზღვრავდა. თუმცა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა მაინც დაემხო და ნაპოლეონის იმპერიად გადაიქცა. ევროპა ახალმა ომმა მოიცვა, ნაპოლეონმა ევროპის ბევრი სამეფო დაიპყრო, დანარჩენები კი მის წინააღმდეგ დაირაზმნენ. საბოლოო ჯამში კი ნაპოლეონი დამარცხდა და დადგა ჯერი, ევროპაში ახალი ტიპის წესრიგი დამყარებულიყო.

მაშინ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს ბრიტანეთი, პრუსია, ავსტრია, რუსეთი და დამარცხებული საფრანგეთი წარმოადგენდნენ. სწორედ დამარცხებული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ მორის ტალეირანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვენის კონგრესზე და ზოგადად დიპლომატიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დიპლომატად მიიჩნევა.

ვენის კონგრესი 1814-1815 წლებში გაიმართა და პირველი კონგრესი იყო ისტორიაში, როდესაც მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთად შეიყარნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ საერთო პლენარული სხდომები ამ წარმომადგენლებს არ ჩაუტარებიათ. ძირითად როლს კონგრესზე, რა თქმა უნდა, გამარჯვებული სახელმწიფოები თამაშობდნენ. თუმცა, ოთხ ძირითად სახელმწიფოს: ბრიტანეთს, ავსტრიას, რუსეთსა და პრუსიას ცალკე გადაწყვეტილება საფრანგეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე რომ არ მიეღოთ, ტალეირანმა ასეთი ხრიკი იხმარა. მან ხმები გაავრცელა დანარჩენ, უფრო პატარა სახელმწიფოების წარმომადგენლებში, რომ ეს ოთხი სახელმწიფო უთქვენოდ მიიღებს ყველა გადაწყვეტილებასო. ვენის კონგრესი კი მსოფლიო ისტორიაში სწორედ ის პირველი ფორუმი იყო, სადაც ყველას შეეძლო ხმის ამოღება. თუმცა ტალეირანმა ეს მხოლოდ სათავისოდ გამოიყენა, რადგან სულ აღარ გახსენებია ის პატარა სახელმწიფოები, როდესაც საფრანგეთი ამ ოთხეულს დაემატა და ერთად მიიღეს ახალი ევროპული წესრიგის შესახებ გადაწყვეტილება.

მიუხედავად ომში დამარცხებისა, გამარჯვებულ ქვეყნებს არ სურდათ საფრანგეთის ზედმეტი დასჯა. ერთი მთავარი მიზეზი ამისა ის იყო, რომ საფრანგეთს შურისძიების სურვილი არ გასჩენოდა (ეს რატომღაც ერთი საუკუნის შემდეგ დაავიწყდათ). ამიტომაც საფრანგეთის „დანაშაულები“ ძირითადად ნაპოლეონს დაბრალდა, ის აღმოჩნდა განტევების ვაცი, რაც აწყობდა ყველას, მათ შორის, ტალეირანსაც. ასე რომ, ნაპოლეონი განწირული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი სწორედ ვენის კონგრესის დროს დაბრუნდა ასი დღით საფრანგეთის სათავეში. საფრანგეთს ჩამოერთვა მხოლოდ დაპყრობილი მიწები, სამაგიეროდ, ჩაეწერა უკვე ევროპის დიდ ხუთეულში. მეტიც, ტალეირანმა მოახერხა ბრიტანეთთან კავშირის შეკვრა და ამ ოთხეულში ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესების წამოწევა. შედეგად, საფრანგეთმა, დამარცხების მიუხედავად, მოახერხა ევროპის წამყვანი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება, ხოლო ვენის კონგრესმა შექმნა პირველი სტაბილური სისტემა ევროპაში, რომელიც დიდი ქვეყნების ძალთა ბალანსზე იყო დამყარებული.

დიპლომატია კი უნდა უმადლოდეს ამ კონგრესს, როგორც ასეთი კონფერენციების საფუძველს, და ტალეირანსაც, როგორც ოსტატი დიპლომატის მაგალითს. ეს ფრაზა კარგად ახასიათებს მას. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინცმა მეტერნიხმა ტალეირანის სიკვდილის ამბის გაგებისას იკითხა: „ნეტავ, ამით რისი თქმა უნდოდაო?“

 

ყირიმის ომი

ვენის სისტემამ ერთი საუკუნის განმავლობაში გაძლო პირველ მსოფლიო ომამდე, თუმცა მე-19 საუკუნეში მაინც მოხდა რამდენიმე მასშტაბური ომი, რომლებსაც ძალთა ბალანსის მცირე ცვლილებები მოჰყვა. ასეთი იყო ყირიმის ომიც, რომელშიც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართული.

ყირიმის ომი 1853-56 წლებში მიმდინარეობდა. თავიდან ეს იყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი, მაგრამ რუსეთის დიდი უპირატესობის გამო იგი ევროპის წესრიგის შეცვლას დაემუქრა. არსებობდა რუსეთის მიერ სტამბოლის აღების საფრთხე, რაც გამოიწვევდა რუსეთის მიერ ევრაზიის კონტინენტის შუაგულის დაკავებას და აღმოსავლეთისკენ ალტერნატიული გზების ჩაკეტვას. ბრიტანეთს ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც არ აწყობდა ინდოეთისკენ მიმავალი გზის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ქვეშ მოქცევას. ამიტომაც ბრიტანეთმა დაიწყო კოალიციის შეკრება რუსეთის წინააღმდეგ, რათა ოსმალეთი დაეცვა ექსპანსიისგან.

მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა ბრიტანეთს, საფრანგეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის, თუმცა ავსტრია და პრუსია თავს იკავებდნენ მაინც აქტიური ქმედებებისგან, რადგან რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები იყვნენ. საბოლოო ჯამში ნეიტრალიტეტი პრუსიამ შეინარჩუნა მხოლოდ, მაგრამ ავსტრიაც მხოლოდ მხარდაჭერით შემოიფარგლა. პრუსიის ძირითადი ინტერესი შეძენილი ტერიტორიების შენარჩუნება იყო (დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე). ავსტრიას კი ყველაზე მეტად სურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. ავსტრიელი დიპლომატები ბევრს ცდილობდნენ, რომ შეჩერებულიყო რუსული ექსპანსია და თან მათთან ომი თავიდან აეცილებინათ. ამიტომაც საბოლოო პარიზის შეთანხმებაში შევიდა ის საბაბები, რომლებიც რუსებს ამოძრავებდათ (ქრისტიანების დაცვა ოსმალეთში). რა თქმა უნდა, დამარცხებული რუსეთის მოთხოვნები მიღებული არ იქნა, მაგრამ შემუშავდა ქრისტიანების დაცვის მექანიზმი.

რაც შეეხება ბრიტანეთსა და საფრანგეთს, მათ სურდათ ვენის კონგრესზე დაწესებული ძალთა ბალანსის შენარჩუნება და თან რუსეთთან დაშორების გამო მასთან კონფლიქტს არ ერიდებოდნენ. ამიტომაც სწორედ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარები აქტიურად ჩაებნენ ომში ოსმალეთის მხარეს და მოახერხეს რუსეთის ექსპანსიის შეჩერება.

საინტერესოა ამ ომში გამოჩენილი სარდინიის სამეფო, რომელმაც მოკავშირეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, აქტიურად ჩაება ომში მათს მხარეს და გათავისუფლდა კიდეც ავსტრიის გავლენისგანაც.

შესაბამისად ყირიმის ომის შედეგად მეტნაკლებად შენარჩუნდა ძალთა ბალანსი და გახანგრძლივდა ვენის სისტემა.

 

პირველი მსოფლიო ომი და ვერსალის ზავი

მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ვენის სისტემა დასასრულს უახლოვდებოდა. მოხდა ერთი გარდამტეხი მოვლენა – გერმანული მიწები გაერთიანდნენ (ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიწების გარდა) და 1871 წელს გერმანიის იმპერია ჩამოყალიბდა, რითაც ფრანგების „შიში“ გამართლდა. ჯერ კიდევ რიშელიე თვლიდა, რომ გერმანული მიწების გაერთიანება ერთ სახელმწიფოში საფრთხეს უქადდა მთელ ევროპას და პირველ რიგში საფრანგეთსაც, რადგან ერთიანი გერმანია ეკონომიკურადაც და პოლიტიკურად ძალიან ძლიერი სახელმწიფო იქნებოდა ევროპაში. ამიტომაც რიშელიე ცდილობდა 30-წლიანი ომის დროს გერმანული სამთავროებისა და სამეფოების ერთმანეთისგან გათიშვას. ასევე ამიტომ ჩამოყალიბდა გერმანული კონფედერაცია ვენის კონგრესზე, რათა იმდენად ძლიერი ყოფილიყო, რომ პრუსიის ან ავსტრიის ხელში არ გაერთიანებულიყო გერმანული მიწები და ამავე დროს გათიშული და სუსტი, რომ თავად არ გადაქცეულიყო ძლიერ ერთიან სახელმწიფოდ.

მიუხედავად ამისა, გერმანია მაინც გაერთიანდა და ის შიში, რომ ასეთ სახელმწიფოს უფრო მეტი პრეტენზია გაუჩნდებოდა, გამართლდა. მსოფლიო კოლონიების უმეტესობას მაშინ ბრიტანეთი და საფრანგეთი აკონტროლებდნენ, რომელთა რესურსებიც მათ აძლიერებდა. მსოფლიოს ასეთი განაწილება არ აწყობდა გერმანიას და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ომის სუნი ტრიალებდა. დიდი სახელმწიფოები გადაჯგუფდნენ. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ანტანტის კავშირი შექმნეს, ხოლო გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ „სამთა პაქტი“ გააფორმეს (იტალია 1915 წელს ანტანტის მხარეს გადავიდა). ორივე ბლოკს სხვადასხვა სახელმწიფო უჭერდა მხარს, მაგ. ოსმალეთი გერმანიის აქტიური მოკავშირე იყო ომში. 1914 წელს კი ავსტრია-უნგრეთის პრინცი მოკლეს, ხოლო სახელმწიფოებს ისეთი ხელშეკრულებები ჰქონდათ დადებული, ჯაჭვური რეაქციით ყველამ ერთმანეთს ომი გამოუცხადა და პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.

ომი 1918 წლამდე გაგრძელდა, თუმცა ამ წლის დასაწყისისთვის ჯერ კიდევ მოწინააღმდეგეები სანგრებში ისხდნენ და ომიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დასავლეთის ფრონტზე გერმანიის დამარცხება (აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთი რევოლუციის გამო ადრე გამოეთიშა ომს) მეტწილად ომში აშშ-ს ჩართვამ გამოიწვია. ომის მიწურულს გერმანიას უკვე რესურსები გამოელია, ხოლო აშშ-მ კი ანტანტას ახალი რესურსები შემატა. 1918 წლის ბოლოს გერმანია დამარცხდა და 1919 წელს გაიმართა ვერსალის კონფერენცია.

აღსანიშნავია აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის როლი. ვილსონიანიზმი ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთ თეორიას დაერქვა, რომელიც ამერიკულ იზოლაციონიზმის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა და რომლის მიხედვითაც აშშ-ს უნდა ეზრუნა მსოფლიოში იმ ღირებულებების დაცვა, რომელზეც დაფუძნებულია თავად აშშ-ს სახელმწიფო. აშშ-ის როლი ამ თეორიის მიხედვით მსოფლიოში დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვაა. ევროპაში უკვე ფიქრობდნენ, რომ დასრულდა იზოლაციონიზმის ეპოქა აშშ-ში.

ვუდრო ვილსონს დიდი გეგმები ჰქონდა მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. მან შეიმუშავა 14 პუნქტი და წინ წამოსწია „ერთა ლიგის“ შექმნის იდეა,  რომელსაც თავიდან უნდა აეცილებინა ასეთი სისხლისმღვრელი ომი. ასევე ის წინააღმდეგი იყო გერმანიის ზედმეტი დასჯის, რადგან თვლიდა, რომ ეს მათ შურისძიების სურვილს გაუღვივებდა (მართალიც იყო).

მიუხედავად ამისა, ვერსალის ზავმა მაინც მკაცრად დასაჯა გერმანია. მას დაედო უზარმაზარი რეპარაცია ვალად, დაათმობინეს ელზასი, ლოთარინგია, ზაარის ოლქი, ქ. დანციგი სხვა ტერიტორიები დღევანდელ პოლონეთში, რურის ინდუსტრიული ოლქი დემიტალიზებულად გამოცხადდა. შედეგად გერმანია დიდ კრიზისში ჩავარდა და ვერ გამოვიდა ნაცისტურ ეპოქამდე.

მკვდრადშობილი აღმოჩნდა ერთა ლიგის პროექტი. პირველ რიგში, თავად აშშ არ შევიდა ერთა ლიგაში. უკვე ავადმყოფი ვუდრო ვილსონის პოპულარობა ძალიან დაეცა. კონგრესიც და სენატიც კვლავ უფრო იზოლაციონისტური იყო. თან ვილსონის პარიზში ყოფნამ ოკეანის გადაღმა მისი გავლენა შეამცირა. შედეგად 1920 წელს იგი გადაირჩიეს და აშშ-ის ხელისუფლებაში იზოლაციონისტური მიდრეკილებების მთავრობა მოვიდა.

ერთა ლიგის პრობლემა, ალბათ, კიდევ იყო ძალიან მაღალი დაწესებული სტანდარტები. ერთა ლიგას წესით უნდა უზრუნველეყო კოლექტიური უსაფრთხოება, რომლის შესაძლებლობაც და, რაც მთავარია, სურვილიც ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს არ გააჩნდათ. მიუხედავად ამისა, ერთა ლიგა მაინც ითვლება ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციის საფუძველად, რომლის მაგალითზეც შემდგომ გაერო შეიქმნა.

 

მეორე მსოფლიო ომი და გაეროს შექმნა

ერთა ლიგის უძლურებამ და ვერსალის ზავმა ახალ, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა. საფრანგეთსა და ბრიტანეთს ჰქონდათ განცდა, რომ გერმანია ზედმეტად დასაჯეს, ასე რომ, თვალს ხუჭავდნენ ჰიტლერის მიერ დაკარგულის დაბრუნებაზე. თუმცა დაშოშმინების პოლიტიკა ძალიან გაგრძელდა და ჩეხოსლოვაკიის დაპყრობაც შერჩა გერმანიას. ასეთმა პოლიტიკა საფრანგეთი ოკუპაციამდე მიიყვანა, ხოლო ბრიტანეთი ძლივს უწევდა წინააღმდეგობას ნაცისტურ გერმანიას.

საბოლოოდ, ახალი სამეული შედგა – ბრიტანეთის, სსრკ-სა და აშშ-ს სახით. „დიდ სამეულს“ – ჩერჩილს, სტალინსა და რუზველტს უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორი იქნებოდა ახალი მსოფლიო წესრიგი. 1943 წელს გაიმართა თეირანის კონფერენცია, როდესაც გერმანიას უკვე უკან დახევა ჰქონდა დაწყებული, 1945 წლის თებერვალში კი უკვე იალტის კონფერენცია.

ომის დასრულებისთანავე შეიქმნა ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია – გაერო, რომელიც უფრო ქმედითი იქნებოდა, ვიდრე მისი წინამორბედი ერთა ლიგა. ეს მართლაც ასე მოხდა, რადგან გაერო გახდა საერთაშორისო ფორუმი, სადაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს იღებენ და ყველას შეუძლია საკუთარი სათქმელი მიიტანოს მსოფლიოსთან.

ასევე აუცილებელი გახდა გარკვეული იერარქიის დაცვა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი: აშშ, სსრკ (დღეს რუსეთი), დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ასე გაერო უფრო ქმედითი გახდა, რადგან მსოფლიოს წამყვან და რეალურად ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს არ გაუჩნდებოდათ სურვილი მსოფლიო ორგანიზაციის რიგით წევრებად დარჩენილიყვნენ, ხოლო გაერო ასეთ შემთხვევაში საყოველთაო აღარ იქნებოდა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ვეტოს უფლება აქვთ და გაერო ამიტომ ხშირად უსუსურია ხოლმე, მაინც ასეთი იერარქიის დაცვით გაერო დარჩა დღემდე ქმედით საერთაშორისო ფორუმად.

 

ცივი ომი

მეორე მსოფლიო ომის დროს უკვე აშკარა იყო კომუნისტური ექსპანსიის საფრთხე. საჭირო იყო სტალინის წინსვლის შეჩერება, რასაც ჩერჩილი კარგად ხვდებოდა. თუმცა ბრიტანეთი, რომელიც კარგავდა საკუთარ იმპერიას და მხოლოდ საკუთარ კუნძულზე ჩაკეტილი რჩებოდა, უკვე აღარ იყო მსოფლიო ჰეგემონი და აღარც შესწევდა ამის ძალა. საბჭოთა კავშირისთვის რეალური და ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ აშშ-ს შეეძლო, რომელიც ომამდე იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებდა და ომშიც ძალით ჩაითრიეს. თუმცა ომის ბოლოს, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩერჩილმა გადასცა და შეატოვა ბრიტანეთის ჰეგემონია აშშ-ს, რათა მას დაეკავებინა დასავლური სამყაროს წინამძღოლის პოსტი და შეეკავებინა კომუნისტური ექსპანსია. სხვათა შორის, ბრიტანეთი დღემდე აგრძელებს ასეთ პოლიტიკას. საერთოდ კუნძულელები ყოველთვის მიდრეკილები არიან იზოლაციონიზმისკენ. ბრიტანეთი არის აშშ-ს „განსაკუთრებული მეგობარი“, მსოფლიოში მის ინტერესებს მეტწილად ეთანხმება და ყოველთვის მხარს უჭერს, ხოლო თავად აღარ სჭირდება ძალთა ბალანსისთვის მუდმივი ბრძოლა, რომლის დარღვევაც მანამდე სერიოზულ საფრთხეებს უქმნიდა ხოლმე.

აშშ ტრუმანის დროიდან შეუდგა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს ადგილის დაკავებას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი თავიდან ბევრად ძლიერი იყო და აშკარად სჯობნიდა აშშ-ს თუნდაც დაზვერვის სფეროში, ამერიკელებმა მოახერხეს შეკავების პოლიტიკის განხორციელება. უნდა აღვნიშნოთ ატომური ბომბის დამსახურებაც, რომელიც საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1948 წელს შექმნა, ხოლო მანამდე აშშ-მ მოახერხა ევრაზიის კონტინენტის პერიფერიების დაკავება. ეს დაკავება არ უნდა გავიგოთ საბჭოთა და ძველი გაგებით, არამედ მოკავშირეების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევა. მარშალის გეგმით აშშ ეხმარებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკურად, ტრუმანის გეგმის წყალობით საბჭოთა ინტერვენციას გადაურჩა საბერძნეთი და თურქეთი, ხოლო 1949 წელს უკვე ნატო შეიქმნა, რომლის კოლექტიური თავდაცვამაც არაკომუნისტური ევროპა საბჭოთა კავშირისგან დაიცვა. ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთი პერიფერიაც უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოხვდა. იაპონიაში დღემდე დგანან ამერიკული ჯარები.

მთელი ცივი ომის განმავლობაში აშშ ცდილობდა შეეჩერებინა კომუნისტური ექსპანსია დიპლომატიური თუ საომარი ხერხებით. აღსანიშნავია კორეის ომი, რომელმაც ქვეყანა ორად გაყო და სამხრეთ კორეაში კომუნისტური ექსპანსია შეჩერდა. ვერ შეაჩერეს კომუნისტები ვიეტნამში ამერიკელებმა, რადგან იქ თავად იყვნენ ჩათრეული ომში. სამაგიეროდ, ავღანეთში უკვე თვითონ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა ჩათრეული ომში, ხოლო ამერიკელები აქტიურად აფინანსებდნენ და ეხმარებოდნენ აჯანყებულებს და უკვე სსრკ გამოილია რესურსებისგან.

ცივ ომში კომუნისტური ბლოკი დამარცხდა, თუმცა ასეთ კოლაფსს არ ელოდნენ, მათ შორის, არც აშშ, რომელიც უცებ მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო აღმოჩნდა.

 

ახალი ტიპის ჰეგემონია

აშშ-ს ჰეგემონია ახალი ტიპის ჰეგემონიაა, რადგან აღარ არის დამყარებული დაპყრობილი ქვეყნების მართვაზე. იდეაში ამერიკული ჰეგემონია ვილსონიანური თვალსაზრისით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვაზეა დაფუძნებული, თუმცა ძირითადად ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დაცვაში გამოიხატება.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ აშშ არაა წინა იმპერიების მსგავსი ზესახელმწიფო. ის არ იმართება აბსოლუტური ძალაუფლების საფუძველზე ერთი კაცის ან რომელიმე ელიტის მიერ. მან უნდა მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაირჩევენ. აშშ იოლად ვერ ჩაებმება ომში, თუ მთავრობამ ამის საჭიროება კარგად არ დაუმტკიცა საკუთარ მოსახლეობას.

დღევანდელ მსოფლიოში ამ ზესახელმწიფოს გარდა გასათვალისწინებელია ევრაზიის სხვა რამდენიმე სახელმწიფოც. ესენია გერმანია და საფრანგეთი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც სათავეში უდგანან ევროკავშირს, ერთიანი ევროპის იდეას. მნიშვნელოვანია რუსეთი, რომელსაც აქვს სურვილი დაიკავოს იმ ზესახელმწიფოს ადგილი, რომელიც საბჭოთა კავშირს ეკავა. მას აქვს სერიოზული პრეტენზია, რომ კვლავ იყოს აშშ-ს ტოლფასი ზესახელმწიფო, როგორც ადრე, და მხოლოდ აშშ-ს არ ჰქონდეს ეს ტიტული. მსოფლიო მასშტაბით გასათვალისწინებელია ჩინეთი, რომელიც ატარებს აშშ-სგან დამოუკიდებელ პოლიტიკას და იმდენად მზარდი ეკონომიკა აქვს, რომ ეკონომიკურად აშშ-ს სერიოზულ კონკურენციას უწევს. ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი ქვეყანაა იაპონიაც, თუმცა მას ჯერჯერობით სერიოზული პოლიტიკური პრეტენზიები არ აქვს. ამერიკული ჯარის იქ ყოფნით მას უსაფრთხოების გარანტია აქვს და ამიტომ ისიც იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებს.

მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, რომელშიც აშშ-ს მთავარი პარტნიორი ისრაელის სახელმწიფოა. მნიშნელოვანია აშშ-ს მოკავშირე ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნები, ასევე ნატოს წევრი თურქეთი, რომელსაც კვლავ უჩნდება ძველი ოსმალური და პანთურქული ექსპანსიური პოლიტიკისადმი მიდრეკილება.

 

დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ, ლოგიკურია ის, რომ მსოფლიო ჰეგემონი გახდა ახალი ტიპის სახელმწიფო – აშშ, რომელსაც განსხვავებით სხვა ევრაზიული ძლიერი ქვეყნებისგან არ ექნებოდა ისტორიული პრეტენზიები. ჩვენ მიერ მიმოხილული დიპლომატიის ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რომ მსოფლიო ზესახელმწიფო უნდა ყოფილიყო ეროვნული და რელიგიური მისწრაფებებისგან თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც ახალი ტიპის ჰეგემონიას დაამყარებდა.

ნიკო ქელბაქიანი

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრი,

“მომავალ დიპლომატთა კლუბის” ბლოგის რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია:

  1. ჰენრი კისინჯერი, დიპლომატია.
  2. ზბიგნევ ბჟეზინსკი, დიდი საჭადრაკო დაფა, არტანუჯი, თბ.: 2014.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *