საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

კოსოვოს აღიარება

31 Aug , 2015  

აღიარების აქტს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში დიდი ადგილი უკავია. იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება აღიარების აქტს, საერთაშორისო სამართალში გამოიკვეთება ორი ძირითადი თეორია – კონსტიტუციური და დეკლარაციული. დეკლარაციული თეორიის მიხედვით, აღიარების აქტს არ გააჩნია დიდი დატვირთვა სახელმწიფოს სამართალსუბიექტობის ჩამოყალიბებაში, ხოლო საკითხი, გააჩნია თუ არა ახალ ერთეულს სახელმწიფოებრიობის მაჩვენებლები, არაა დამოკიდებული აღიარების აქტზე და რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

კონსტიტუციური თეორიის მიხედვით, აღიარების აქტი ასრულებს გადამწყვეტ როლს ახალი წარმონაქმნის საერთაშორისო სუბიექტად ჩამოყალიბებაში. ეს არის აუცილებელი პირობა ახალი სახელმწიფოს წარმოქმნისთვის.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. კოსოვოს ახალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ აღიარა. რეფერატის მიზანია, ჩამოაყალიბოს აღიარების თეორიები და შეუსაბამოს კოსოვოს აღიარების აქტს სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ.

კონსტიტუციური თეორია

კონსტიტუციური თეორიის არსი სახელმწიფოთა აღიარების შესახებ ჩამოყალიბებულია ლასსა ფრენსის ლორენს ოპენჰაიმის მიერ შემდეგნაირად :

„საერთაშორისო სამართალი არ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს მანამდე, სანამ არაა აღიარებული, მაგრამ არ ცნობს საერთაშორისო სამართლის დონეზე მას აღიარებამდე. მხოლოდ და მხოლოდ აღიარების მეშვეობით სახელმწიფო ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.“

ისტორიულად, კონსტიტუციური თეორია დეკლარაციულზე ადრე ჩამოყალიბდა.  კონსტიტუციური თეორიის მხარდამჭერების მიხედვით, სახელმწიფო ვერ დაემორჩილება საერთაშორისო სამართალს სურვილის გარეშე. აღიარების აქტი, როგორც არსებული სახელმწიფოების ექსკლუზიური უნარი, უნდა განიხილებოდეს, როგორც თანხმობის გამოთქმა საერთაშორისო სამართლის წესების გამოყენების განხილვის შესახებ აღიარებული სახელმწიფოს მიმართ. აღიარება, თავის მხრივ, ანიჭებს უფლებებსა და აკისრებს ვალდებულებებს აღიარებულ სახელმწიფოს, შედეგად, ქმნის ამ უკანასკნელის საერთაშორისო ცნობადობას.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისის მხარდამჭერები არ აცხადებენ, რომ აღიარება ქმნის სახელმწიფოს, რამეთუ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იარსებოს აღიარებამდეც. კონსტიტუციური თეორიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღიარების აქტი ანიჭებს უკვე არსებულ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობას. ამგვარად, განსხვავება არსებობს სახელმწიფოსა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის. სხვა სიტყვებით, აღიარებამდე სახელმწიფო არსებობს როგორც ფაქტი, მაგრამ არა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

კონსტიტუციური თეორიის მხარდამჭერები საკითხს ასე სერთაშორისო სამართლის პრიმიტიული სისტემის გამო უდგებიან. საერთაშორისო სამართალს არ გააჩნია ცენტრალური ინსტიტუცია, რომელსაც ძალუძს განსაზღვრა, რა არის სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმი, რის გამოც არსებულ სახელმწიფოებს უწევს ამ ფუნქციის შესრულება აღიარების მეშვეობით.

ამ თეორიის მხარდამჭერთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლოა იყოს უზრუნველყოფილი, როცა იარსებებს საერთაშორისო ზოგადი სამართალის კრიტერიუმები. სხვაგვარად, აღიარება იქნება ნაადრევი და დაარღვევს ჩაურევლობის პრინციპს. შესაბამისად, აღიარება არის „ სამართლებრივი საკითხი“, ხოლო სახელმწიფოს ჩამოყალიბება „ფაქტობრივი საკითხი“, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც კი აღიარების აქტი წარმოიშობა, ახალი სახელმწიფოს ტერიტორია იქცევა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად და არ აქვს მნიშნველობა, როგორაა ეს ტერიტორია მოპოვებული აღიარებამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა არსებული სახელმწიფო განიხილება სუვერენულად და სამართლებრივი თვალსაზრისით თანასწორად, სახელმწიფოს აღიარება არსებული სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს სავალდებულო სხვა უკვე არსებული სახელმწიფოებისთვის. აღიარებულ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა გააჩნია მხოლოდ უკვე მაღიარებელი სახელმწიფოს მიმართ. არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა სახელმწიფოს აბსოლუტური არსებობა.

დეკლარაციული თეორია

დეკლარაციული თეორია გულისხმობს, რომ სახელმწიფოს არსებობა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის არ არის დამოკიდებული არსებული სახელმწიფოების მიერ მის აღიარებაზე. ამგვარად, როცა ერთეული აკმაყოფილებს სახელმწიფოებრიობის ტრადიციულ კრიტერიუმებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს ერთეული არის სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის მხრივაც.  თუ სახელმწიფო არსებობს, იგი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი სხვა სახელმწიფოების სურვილისგან დამოუკიდებლად.

საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა იძენს erga omnes ეფექტს, ანუ განიხილება ყველა არსებული და მომავალი სახელმწიფოების მიმართ, ასევე, საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების მიმართაც.

დეკლარაციური თეორიის მიხედვით, აღიარება არის უკვე არსებული ფაქტის ფორმალური გაცნობიერება და გამოხატავს მაღიარებელი სახელმწიფოს მზადყოფნას, ჰქონდეს ურთიერთობები აღიარებულ სახელმწიფოსთან, ხოლო სახელმწიფოებრივ ერთეულს აღიარებამდეც გააჩნია ყველა ვალდებულება და უფლება, რასაც საერთაშორისო სამართალი აკისრებს და ანიჭებს სახელმწიფოს. ამგვარად, დეკლარაციული თეორია აგვარებს კონსტიტუციურ თეორიასთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელიც ეხება სახელმწიფოებრიობის პირობით სტატუსსა და ლეგალური ვაკუუმის არსებობას აღიარების აქტამდე.

ამასთანავე, აღიარებას უნდა ჰქონდეს რეტროაქტიული ეფექტი. აღიარების აქტი უნდა იყოს დაკავშირებული სახელმწიფოს წარმოქმნის მომენტთან, როდესაც სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმები დაკმაყოფილდა. სხვაგვარად, აღიარება გადამწყვეტი იქნებოდა სახელმწიფოს საერთაშორისო სუბიექტად ჩამოყალიბების მხრივ, რაც უკვე კონსტიტუციურ თეორიას ეთანხმება.

კოსოვოს აღიარება

ისტორიული ფონი

იუგოსლავიის რესპუბლიკის ფარგლებში კოსოვო არასოდეს განიხილებოდა რესპუბლიკად, არამედ მხოლოდ ავტონომიურ ტერიტორიად.

მას შემდეგ რაც 1989 წელს მილოშევიჩი მოვიდა ქვეყნის სათავეში, კოსოვოს ავტონომიურობა შემცირდა. საპასუხოდ, კოსოვოს ალბანელმა ლიდერებმა შექმნეს პარალელური ადმინისტრაციული სტრუქტურები და 1991 წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადეს კოსოვო სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იუგოსლავიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 1998 წლის თებერვალში წამოიწყო სამხედრო კამპანია.

2008 წელს კოსოვომ მეორედ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამ პერიოდისთვის კოსოვოს დამოუკიდებლობა იყო აღიარებული მხოლოდ ალბანეთის მიერ, ხოლო მეორე დეკლარაციის შემდეგ მოიპოვა აღიარება, როგორც ბევრი ევროპული ქვეყნის, ასევე აშშ-ს მხრიდანაც.

სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმები კოსოვოს შემთხვევაში

1993 წლის  მონტევიდეოს კონვენცია სახელმწიფოთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ აყალიბებს სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმების ყველაზე ფართოდ აღიარებულ აღწერას. კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებისთვის ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ ძირითად კრიტერიუმს :

  1. მუდმივი მოსახლეობა;
  2. განსაზღვრული ტერიტორია;
  3. ეფექტური მთავრობა;
  4. საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

მონტევიდეოს კონვენციაში მოყვანილი მუდმივი მოსახლეობის პუნქტი არ აკონკრეტებს მოსახლეობის მინიმალურ რაოდენობას. დევიდ რაიჩის მიხედვით, ამ კრიტერიუმის განსამარტავად საჭიროა ორი პუნქტი. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ტერიტორიის მუდმივად დაკავების განზრახვა და ტერიტორია უნდა იყოს დასახლებადი. აქედან გამომდინარე, კოსოვოს ჰყავს მუდმივი მოსახლეობა. 2011 წლის აპრილის მონაცემებით, კოსოვოს მოსახლეობის რიცხვი 1.8 მილიონ ადამიანს აღწევდა.

ტერიტორიის მოთხოვნებში არაა განხილული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კონკრეტულად განსაზღვრული ტერიტორია. კოსოვოს ტერიტორია შეიძლება განისაზღვროს 1974 წელს იუგოსლავიის კონსტიტუციით მინიჭებული ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში.

მთავრობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ერთეულს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ეფექტურად ავრცელებს სახელმწიფო ავტორიტეტს გამოცხადებულ ტერიტორიასა და იქ მცხოვრებ ხალხზე. ასევე, სხვა ნებისმიერი ავტორიტეტისგან უნდა იყოს თავოსუფალი. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოში არის მოქალაქეების მიერ არჩეული მთავრობა, იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმის მოთხოვნებს სრული ტერიტორიის დაფარვის მხრივ. ისეთი ელემენტები, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანოები, ისეთი ელემენტები, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო სისტემა და ა.შ. შეიცავს საერთაშორისო კომპონენტებს NATO-ს, UNMIK-ისა და გაეროს პოლიციური ძალის სახით. თითქმის ყველა ორგანოს კოსოვოში გააჩნია ამგვარი კომპონენტი, რაც ნიშნავს, რომ იგი არაა სრულად დამოუკიდებელი და არ შეუძლია ბოლომდე გაუმკლავდეს ქვეყნის შინაგან საქმეებს.

რაც ეხება სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, კოსოვო ვერ განიხილება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რამეთუ, როგორც იყო ნახსენები, კოსოვო დღემდე გაეროს მეთვალყურეობის ქვეშაა.

თეორიების გამოყენება კოსოვოს მიმართ

როცა საკითხი ეხება სხვა სახელმწიფოების მიერ კოსოვოს აღიარებას, ვერც დეკლარაციული და ვერც კონსტიტუციური თეორია ბოლომდე ვერ აკმაყოფილებენ აღიარების პრინციპის ასახვას.

დეკლარაციული თეორიის მიხედვით, აღიარება არის უკვე არსებული სიტუაციის გააზრება, ხოლო აღიარების აქტი უფრო პოლიტიკურ აქტს ემსგავსება. მსგავსი განწყობის აღიარებითი ტექსტები გააჩნია რამდენიმე სახელმწიფოს. მაგალითად, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ბერნიერის თქმით, კანადა შეუერთდება საერთაშორისო საზოგადოებას, გააცნობიერებს ახალ საერთაშორისო რეალობასა და აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. არსებული რეალობის დადასტურება უწოდა ამ ფაქტს ბელგიამ და საფრანგეთმა, ალბანეთმა, პანამამ ხოლო აშშ-ს წარმომადგენელმა – შეუქცევადი ფაქტი . ამგვარად, დეკლარაციული თეორიის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ ბევრ სახელმწიფოს არ უღიარებია კოსოვო, ის არ კარგავს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს.

თუმცა აღიარების პერსპექტივიდან კოსოვოს შემთხვევას ვერც ერთი თეორია ვერ ასახავს სრულად. თავიანთი გადაწყვეტილებების დასაბუთებაში ორივე თეორიის ელემენტების შემჩნევაა შესაძლებელი.

გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ კოსოვოსადმი მინიჭებული სახელმწიფოებრიობის სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველი იყო არგუმენტაციის მხრივ, რამეთუ კოსოვოს არ გააჩნდა მონტევიდეოს კონვენციაში გათვალისწინებული სახელმწიფოებრიობის ყველა კრიტერიუმი, საიდანაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღიარების აქტები სახელმწიფოების პოზიციების მიხედვით კეთდებოდა, რაც კონსტიტუციურ თეორიას მეტად ახასიათებს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კონსტიტუციური თეორიის ელემენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, არის სახელმწიფოების მიერ აღიარებისადმი დიდი ყურადღების დათმობა. როგორც უკვე ითქვა, დეკლარაციული თეორია აღიარების აქტს ფორმალურ მოქმედებად განიხილავს, რომელიც ვერ შეცვლის ფაქტობრივ მდგომარეობას, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება კოსოვოსთვის სტატუსის განსაზღვრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ასევე, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა პასკალ კუშპინმა განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსის დადგენა აუცილებელია რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის. იტალიის განცხადებაში უშიშროების საბჭოს წინაშე იყო ნათქვამი „ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვაპირებთ შევუდგეთ კოსოვოს ახალი, დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას“. ამის მსგავსად, საფრანგეთის წარმომადგენელმაც მიანიჭა დიდი მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ გაეროს სხვა წევრები იყვნენ აღიარების მომზადების პროცესში და მომავალშიც მეტი აღიარებაა მოსალოდნელი. ასეთი მიდგომა წარმოშობს ვარაუდს, რომ კოსოვოს უბრალოდ სახელმწიფოდ არსებობა არაფერს ცვლის. მნიშვნელოვანია მისთვის სახელმწიფოებრივივალდებულებებისა და უფლებების მინიჭება.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად სახელმწიფოების მიერ დეკლარაციული თეორიის გამოყენებისა  კოსოვოს მიმართ, სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმის ნაკლებობა და აღიარების აქტის მნიშვნელობის გაზრდა ხსენებული თეორიის წილს აკნინებს.

თუმცა ისევე, როგორც დეკლარაციული თეორია, კონსტიტუციურიც ვერ ხსნის კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო რეაქციებს.

ერთ-ერთი სიძნელე, რასაც კონსტიტუციური თეორია წარმოშობს, არის ის, რომ კოსოვო სახელმწიფოდ განიხილება 111 სახელმწიფოს მიერ, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოების მიერ – არასახელმწიფოებრივ წარმონაქმნად. ეს ნიშნავს, რომ კოსოვოს სამართლებრივი სტატუსი, უფლებებისა და მოვალეობების ჩათვლით ეფექტური იქნება მხოლოდ მაღიარებელი სახელმწიფოებების მიმართ, რაც წარმოქმნის მისდამი დუალისტურ მიმართებას საერთაშორისო სისტემაში. ამასთანავე, სახელმწიფოები, რომლებიც კოსოვოს არსებობას არ აღიარებენ, მაინც არ განიხილავენ მას არარსებულ ობიექტად. ასეთი დაშვება ძნელად თუ ეთანხმება კონსტიტუციურ თეორიას.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს მაღიარებელი ქვეყნების პოზიციები ძირითადად დეკლარაციული თეორიითაა გამოხატული, მათი მიკუთვნებადობა არაა აშკარა. მეტიც, გააჩნია კონსტიტუციური თეორიის ერთგვარი ფონი. მიუხედავად ამისა, კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ვერც ერთი მათგანი ბოლომდე ვერ ხსნის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

David Raic, “Statehood and the Law of Self-Determination”

L.F.L. Oppenheim, INTERNATIONAL LAW

Noel Malcolm, A Short History of Kosovo

http://www.cfr.org/sovereignty/montevideo-convention-rights-duties-states/p15897

http://www.un.org/en/peacekeeping/missions/unmik/background.shtml

http://uk.reuters.com/article/2008/03/18/uk-kosovo-idUKN1825411620080318

http://www.icj-cij.org/docket/files/141/15638.pdf

 

ავტორი: მინდია არაბული

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *