პოლიტიკა,სამართალი

“მანი პულიტე“ – კორუფცია იტალიურად

31 Aug , 2015  

კორუფცია წლების განმავლობაში იყო იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი პრობლემა. განსაკუთრებით მძიმე იყო 1990-იან წლები, როცა იტალია მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე იყო. კორუფციის განვითარებას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობდა, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური სიძნელეები. მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მაღალი გადასახადებითა და ხელისუფლების მხრიდან კრიმინალის წინააღმდეგ მიმართული არაეფექტური პოლიტიკით. ამავე პერიოდს უკავშირდება იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგამოძიებო პროცესი, სახელწოდებით „სუფთა ხელები“.

„სუფთა ხელები“ (mani pulite), იგივე tangentopoli კორუფციული სკანდალების სერიის  სახელია, რომელიც, თავდაპირველად, მილანიდან დაიწყო და მოგვიანებით სრულიად იტალიაში გავრცელდა. მილანი ამ დროს თანამედროვე ინდუსტრიულ მოდელად მიიჩნეოდა, განსხვავებით რომისგან, რომელიც კორუმპირებული მაღალჩინოსნებით იყო ცნობილი. კორუფციაში მხილებები მილანელი გამომძიებლებისა და პროკურორების ხანგრძლივი მუშაობის შედეგი იყო. მათგან გამორჩეული ანტონიო დი პიეტრო იყო, რომელიც მოგვიანებით ეროვნულ გმირადაც კი იქცა.

ყველაფერი სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მარიო კიესას საკუთარ კაბინეტში დაპატიმრებით დაიწყო.  იტალიის სოციალისტური პარტიის წევრი მარიო კიესა ანტონიო დი პიეტრომ 1992 წლის 17 თებერვალს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.  კიესა ამბობდა, რომ „ის მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდა“, თუმცა მას ბრალად ედებოდა 3000-მდე ევროს გათეთრება.  იტალიის სოციალისტური პარტია მარიო კიესას გაემიჯნა. კოლეგების ღალატით იმედგაცრუებულმა კიესამ კი მათი ჩაშვება გადაწყვიტა და კორუფციულ სქემებზე საუბარი დაიწყო. ახალი ამბები პოლიტიკურ კორუფციაზე მალევე გავრცელდა პრესის საშუალებით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგამოძიებო პროცესი სახელწოდებით „სუფთა ხელები“.

მეტაფორა „სუფთა ხელები“ პირველად 1975 წელს იტალიელმა პოლიტიკოსმა, იტალიური კომუნისტური პარტიის დეპუტატმა, ჯორჯო ამენდოლამ  „Manlio Cancogni The World”-სთან ინტერვიუში გამოიყენა. საკუთარი პარტიის მისამართით ამენდოლამ თქვა: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხელები სუფთა გვაქვს, რადგან არასოდეს ვაწყობთ მას პასტაში“.   1977 წელს გამოთქმა იტალიელმა ჟურნალისტმა და მწერალმა კლაუდიო გასტელაკიმ  ამავე სახელწოდების წიგნში გამოიყენა. სამი წლის შემდეგ კი რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანდრო პერტინიმ ახალგაზრდებს მიმართა: „მას, ვინც პოლიტიკაში მოდის, ხელები უნდა ჰქონდეს სუფთა.“

„სუფთა ხელები“ იყო ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე იტალიის ისტორიაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს უამრავი ადამიანის დაპატიმრება მოყვა. ზოგიერთმა მათგანმა კი სასჯელის მოხდას თვითმკვლელობა ამჯობინა.

საგამოძიებო პროცესმა „სუფთა ხელებმა“ დაამტკიცა, რომ იტალიური პოლიტიკური პარტიები ახორციელებდნენ ყველა სახის პოლიტიკურ კონტროლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული ბიუროკრატიიდან, დამთავრებული სამოქალაქო საზოგადოებით. კორუფციულმა სკანდალებმა კრიზისის პროვოცირება და  პარტიული სისტემის გარდაქმნა გამოიწვია. სწორედ ამ მოვლენას აწერენ პირველი რესპუბლიკის დასასრულს.

„ტანგენტოპოლის“ გამოძიება პატარა საქმით დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგამოძიებო პროცესად იქცა ომის შემდგომ იტალიაში. პოლიტიკაში გამოჩენილმა ახალმა ძალებმა ისარგებლეს „ტანგენტოპოლის“ საქმით. ასევე მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური კორუფციის ფოკუსირებული სტრუქტურა და სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაცია. აღსანიშნავია სკანდალში მედიის განსაზღვრული როლიც. საგამოძიებო პროცესებში მოსამართლეები მეტ მხარდაჭერას გრძნობდნენ ხალხის მხრიდან, ვიდრე პოლიტიკური ლიდერებისგან. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ მედიაკამპანიასთან ერთად შეძლო შეექმნა შესაბამისი გარემო წარმატებული საგამოძიებო სამუშაოებისთვის.

ფაქტია, რომ „ტანგენტოპოლის“ და საგამოძიებო აქტივიზმს სისტემური გამოძახილი ჰქონდა. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკებზე, მთავრობაში სასამართლო ხელისუფლების როლზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობაზე და ზოგადად საჯარო ადმინისტრაციაზე. თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა დღემდე ერთ-ერთ  მთავარ გამოწვევად რჩება იტალიაში.

 

ავტორი: თამთა ჩხაიძე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, მე-4 კურსი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *