საერთაშორისო ურთიერთობები

საუდის არაბეთი – …long live the king?…

9 Oct , 2015  

სირიის ისრგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად დაჩრდილა მსოფლიოსა და რეგიონში განვითარებული სხვა პროცესები. კონფლიქტში რუსეთისა და ირანის აქტიური ჩარევისა და ასადის რეჟიმის ოპოზიციური ძალების მოახლოებული განადგურების პირობებში (რაც მათი მთავარი მოკავშირეების – საუდის არაბეთისა და თურქეთის ჩაურევლობის შემთხვევაში გარდაუვალია) ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვითარებული კიდევ ერთი მოვლენა – რომლის შედეგები სირიის კრისიზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს – თითქმის შეუმჩნეველი დატოვა.

წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებობდა ძალის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ცენტრი, რომლის ლეგიტიმურობა განპირობებული იყო ეკონომიკური ძლიერებითა და რელიგიური სიწმინდით. ადგილობრივი რეჟიმის გერონტოკრატიული და პატერნალისტური ხასიათიდან გამომდინარე, ეს ქვეყანა წლების განმავლობაში რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთ იშვიათ კუნძულს წარმოადგენდა. თუმცა სტაბილურობის კუნძულიც კი არ ყოფილა მონოლითური. ბოლო დროს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის შიგნით შეინიშნება ბრძოლა ძალაუფლებისთვის – და, როგორც ჩანს, ეს ბრძოლა ან სამეფო გადატრიალებით, ან სამაგალითო სიკვდილით დასჯებით დასრულდება.

ერ-რიადში განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღება მიიპყრო სახელმწიფოს დამფუძნებლის – აწ გარდაცვლილი მეფე აბდულ-აზიზის – ორი ინკოგნიტო შვილიშვილის წერილების გამოქვეყნებამ. წერილის ავტორების მტკიცებით, მეფის – 79 წლიანი  სალმანის – ჯანმრთელობა არასტაბილურია, ის ნელ-ნელა კარგავს აზროვნების უნარს, ხოლო სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველები ხდებიან მისი შვილი მუჰამად ბნი სალმანი, რომელიც 30 წლისაც კი არ არის, და კრონპრინცი მუჰამად ბნი ნაიფი.

პრინცების უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზებს შორის გამოსაყოფია ის, რომ მათი მტკიცებით, სახელმწიფო ცუდად იმართება, ხოლო მმართველი ელიტა უკმაყოფილოა, რის აღმოსაფხვრელადაც, მათი აზრით, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა: „ჩვენ ვერ შევძლებთ შევაჩეროთ კაპიტალის გადინება, პოლიტიკური არასტაბილურობა და სამხედრო საფრთხები, თუ არ შევცვლით გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს. მაშინაც კი, თუ ამისთვის გახდება აუცილებელი მეფის შეცვლა.“

შუა საუკუნეების თეოკრატიულ მონარქიებში (რომელთა რიცხვს საუდის არაბეთი უდავოდ მიეკუთვნება) ამბოხებულებებსა და პასკვილების ავტორებს ტრადიციულად სიკვდილით სჯიან; ამიტომაც „გაჟონა“ ამ წერილებმა ბრიტანულ პრესაში, ხოლო ავტორების სახელები უცნობი დარჩა. თუმცა, როგორც ჩანს, წერილის მიმწოდებელი The Guardian-ისა და The Times ნდობას იმსახურებს – საწინააღმდეგო შემთხვევაში ისინი ამ წერილებს უბრალოდ არ გამოაქვეყნებდნენ.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად დავბრუნდეთ 2015 წლის იანვარში – როდესაც მეფე აბდულას ჯანმრთელობის სიტუაცია კრიტიკული გახდა და ყველა ხვდებოდა, რომ მას დიდი დრო არ უწერია. ბრიტანელი ჟურნალისტის დევიდ ჰერსტის ინფორმაციით, იმ მომენტში ერ-რიადში დაიწყო ბრძოლა მემკვიდრეობისთვის. სალმანის ოპონენტები ბოლო წამამდე ცდილობდნენ მომკავდავი მეფის ნების შეცვლას. მათ სურდათ, რომ აბდულას ტახტის მემკვიდრედ არა სალმანი, არამედ აბდულ-აზიზის რომელიმე სხვა შვილი დაენიშნა – თუმცა მათ ბრძოლა წააგეს და ტახტი მაინც სალმანს ერგო.

გამეფების დღიდან სალმანმა დაიწყო ძალაუფლების გაძლიერება და კონსოლიდირება. მან გამოაცხადა ამნისტია, დახარჯა რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი მისი ქვეშევრდომებისთვის – საჯარო მოხელეებისთვის, სამხედროებისთვის, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვისაც კი – საჩუქრების შესაძენად და ფულადი დახმარების გასაცემად. ხალხის დაკმაყოფილების შემდეგ კი მან სერიოზულ საქმეებს მიხედა.

გამეფებიდან სულ რაღაც სამ თვეში მან დაიწყო მმართველი ელიტის წმენდა. საკუთარი ტიტული დაკარგა კრონპრინცმა მუკრინმა (მეფის ნახევარძმა), რომლის ადგილი დაიკავა მუჰამად ბნი ნაიფმა – ახალი მეფის 56 წლის ძმისშვილი, ახლო მეობარი და ერთგული მოკავშირე.  საუდის არაბეთის ტრადიციებს მეფემ პირველი დარტყმა მიაყენა – მან დაარღვია სამეფოს დაარსების დროს შექმნილი წესი – ტახტის მემკვიდრე ხდება მონარქის ცოცხალი ძმები და არა მისი შვილები, შვილიშვილები ან სხვა ნათესავები.

ტახტის მეორე მემკვიდრედ და თავდაცვის მინისტრად – ყველა ტრადიციის დარღვევით – გახდა მეფის შვილი, მუჰამად ბნი სალმანი. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია პრინცის ასაკმა – ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვითაც კი პრინცის ასაკი არ აღემატება 35 წელს (სხვადასხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ პრინცი 29 ან 30 წლის არის). სამეფოსთვის, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმართება უხუცესების მიერ, ეს დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ახალშობილის დანიშვნის ტოლფასია.

მაშინვე ერ-რიადში შეინიშნებოდა უკმაყოფილების პირველი ნიშნები – მეფის ნახევარძმამ – თალალ ბნი აბდულაზიზმა (რომელსაც, წესითა და რიგით, უნდა რგებოდა კრონპრინცის ტიტული) – საკუთარ twitter-ში ამ ქმედებას „სამეფოს კანონების დამრღვევი იმპროვიზაცია“ უწოდა. ფაქტობრივად, მან რბილად ძალაუფლების უზურპაციაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეფის საკონსულტაციო საბჭოს – შურას – 6-მა წევრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ადგილობრივი ადათით მათი ქმედება პატარა ბუნტის ტოლფასია.

მიუხედავად ოპოზიციისა, სალმანმა გააგრძელა ძალაუფლების კონსოლიდაცია. მალევე ყველა ეკონომიკური და ძალოვანი სტრუქტურის თავში აღმოჩნდნე ადამიანები, რომლებიც სრულიად არიან მეფის, მისი შვილისა ან ძმისშვილის ლოიალურები. იმის გამო, რომ ფაქტობრივი ძალაუფლება აღმოჩნდა ძალიან ვიწრო წრის ხელში, ყველა სხვა კლანი და სანათესაო, რომლებიც ტრადიციულად მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ფაქტიურ მმართველობაში, უსაქმოდ დარჩნენ.

მრავალრიცხოვანი პრინცებისთვის ეს სიტუაცია ორმაგად შემაშფოთებელია – გარდა ტიტულისა და გარკვეული ძალაუფლებისა, პრინცის ტიტული ნიშნავდა სამეფოს უზარმაზარი ეკონომიკური რესურსებისადმი წვდომას. სალმანმა კი მათ უარი უთხრა უმთავრეს სამეფო პრივილეგიაზე – საკუთარი სტატუსის მონეტიზაციაზე, მან წაართვა ძალაუფლების ბერკეტები ისეთ გამოცდილ ადამიანებსაც კი, როგორებიცაა დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ტურკი ბნი ფაისალი  და მისი ძმა, რომელიც საგარეო უწყებას 40 წელი ხელმძღვანელობდა.

მაგრამ ცხადია, წერილების ავტორები ხაზს არამარტო რადიკალურ, ყველა ტრადიციის საწინააღმდეგო ცვლილებებს უსვამენ. წერილების დიდი ნაწილი ეთმობა ხელისუფლების წარუმატებლობას ეკონომიკაში, სახელმწიფო მმართველობასა და საგარეო პოლიტიკაში.

საუდის არაბეთის ეკონომიკა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. 2015 წლის ბიუჯეტი იყო გათვლილი შეფარდებაზე 1 ბარელი = 90$. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობზე ფასი 2-ჯერ შემცირდა, სახელმწიფოსთვის მისი ვალდებულებების შესრულება თითქმის შეუძლებელი გახდა. უზარმაზარმა კორონაციულმა დანახარჯებმა და სხვა ხარჯების ზრდამ გამოწივია 107 მილიარდი დოლარის დეფიციტი, რომლის დასაფარად ნავთობის ფასი უნდა იყოს 110 დოლარი ბარელისთვის. დეფიციტის დასაფარად აუცილებელი გახდა რეზერვების გამოყენება – ამჟამად სამეფოს რეზერვი 500 მილიარდი აშშ დოლარს უდრის, თუმცა ასეთი ხარჯვის პირობებში შეიძლება საკმაოდ მალე ამოიწუროს.

სამეფოსთვის პრობლემას წარმოადგენს ასევე დემოგრაფიული ვითარება – სახელმწიფოს ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, მოსახლეობა დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფოს სუბსიდიებსა და დოტაციებზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა იზრდება, ხოლო შემოსავალი მცირდება, ძალიან მალე სამეფო დადგება დემოგრაფიული კრიზისის წინაშე.

სამეფოს ეკონომიკურ პრობლემებს შეემატა კიდევ ერთი – სამხედრო. არაბული სამყაროს ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ებრძვის ყველაზე ღარიბს და მას შემდეგ ძალ-ღონეს არ იშურებს აჯანყებული ჰუსიტების გასანადგურებლად. იემენში დაიწყო ჰუმანიტარული კატასტროფა, მაგრამ პრობლემები ერ-რიადსაც შეექმნა – სამეფო ხარჯები კიდევ უფრო ზრდიან ისედაც მაღალ დეფიციტს.

ოპოზიციური წერილების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ თავდაცვის მინისტრს არა აქვს ომის წარმოების არც სტრატეგია და არც გამოსვლის გეგმა; რომ ჰუსიტური ჩრდილოეთი იემენი არასდროს და არავის მიერ არ ყოფილა დაპყრობილი, რამაც გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და სულ უფრო და უფრო ემსგავსება იემენში 1960 წელს ეგვიპტეს შეჭრას – როდესაც თანამედროვე საბჭოთა შეიარაღების პატრონმა ეგვიპტემ ვერ მოახერხა დამბაჩებით შეიარაღებული ჰუსიტების დაპყრობა.

წერილის ავტორები შეშფოთებულები არიან იმით, რომ მთელი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა არის კონსოლიდირებული ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანის ხელში, რომლის ზედმეტსახელია „ყველაფერზე წამსვლელი“, რომელსაც არაფერი ესმის, რომელსაც საზღვარგარეთ არასდროს უცხოვრია, ხოლო თავდაცვაზე იცის წიგნებისა და კინოდან. ამავდროულად შიდა პოლიტიკას აკონტროლებს მუჰამად ბნი ნაიფი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შექმნა უამრავი მტერი – მის სიცოცხლეზე თავდასხმა მინიმუმ ოთხჯერ იყო.

მეფის ძმისშვილის ეფექტურობაზე საუბარი შეიძლება იმის მიხედვით, თუ როგორ იყო ორგანიზებული ბოლო ჰაჯი მექაში. ცხადია, საუდის არაბეთის შიგნით ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ უცხოელი თვითმხილველების თანახმად ადამიანთა ყველაზე აქტიური გადაადგილების მომენტში მინას ველში მოხდა სატრანსპორტო სისტემის სრული კოლაფსი, ხოლო ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვიეს რმადენიმე ათასიანი ორი კოლონის შეჯახება. გასათვალისწინებელია ასევე 40 გრადუსიანი სიცხე და ნორმალური პირობების არ არსებობა, რამაც მოსალოდნელი შედეგი გამოწივია – ასობით ადამიანის სიკვდილი. გარდა ამისა, ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე მექაში ჩამოვარდა სამშენებლო ამწე, რომელმაც კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

თვითონ საუდის არაბეთისთვის ეს არის არა მარტო ტრაგიკული შემთხვევები, არამედ პოლიტიკური მოვლენები. ყურანში, რომელიც არის სამეფოს კონსტიტუცია, სამეფო სიტყვითაც კი არ არის ნახსენები. შესაბამისად, მეფის პოლიტიკური ლეგიტიმურობის მთავარი განმაპირობებლი არის მისი ტიტული – ორი სიწმინდის მცველი, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი სახელმწიფოებრივი ფუნქციები არის მეორეხარისხოვანი, დანამატი. იმ შემთხვევაში თუ მეფე ვერ ახერხებს მისი მთავარი ფუნქციის – სიწმინდეების დაცვის – უზრუნველყოფას, თუ ჰაჯის დროს კვდება ხალხი – მაშინ მისი ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დგება.

მაშასადამე, ოპოზიციური წერილების ავტორები ხაზს უსვამენ მეფის უუნარობას, ელიტის ფორმირების ტრადიციულ გზებზე უარის თქმას, საგარეო და სამხედრო თემებში არაკომპეტენტურობაზე, ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნაზე და, რაც მთავარია, მეფისა და მთლიანად რეჟიმის ლეგიტიმურობის შემცირებას. მათი მტკიცებით მათ მოსაზრებას მხარს უჭერს საზოგადოებრივი აზრი, სამეფო ოჯახის წევრების უმრავლესობა და ტომების ბელადები. იმის გამო რომ სამეფოს შიგნით ნორმალური დისკუსია შეუძლებელია, საკითხი მსოფლიოს განსახილველი გახდა. ბრიტანული The Independent შეგვახსენებს, რომ  1964 წელს მეფე საუდს მოუწია ძალაუფლების გადაცემა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელისა და მისი ძმისთვის, ფაისალისთვის, ხოლო თვითონ ფაისალი 11 წლის შემდეგ მოკლა მისმა ძმისშვილმა, რომელსაც თავი მოკვეთეს. The Independent იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეკონომიკასა და სახელმწიფო მართვაში პრობლემების ზრდასთან ერთად რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო იზრდება. სპეციალიზირებული ალმანაქი Middle East Eye კიდევ უფრო შორს მიდის და სამეფოს რამდენიმე წელიწადში კოლაფსს უქადაგებს. მისი აზრით, ეს არის გამოწვეული ნეპოტიზმითა და დღევანდელ სამყაროსადმი შეუთავსებლობით (გერონტოკრატია, პრობლემები მენეჯმენტში და ა.შ.).

თვითონ საუდის არაბეთში, ცხადია, რეჟიმის მომავალზე კომენტარებს არ აკეთებენ. მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები აქტიურად ეძებენ წერილების ავტორებსა და მათ მოკავშირეებს სამეფო ოჯახში. ამიტომაც, ერ-რიადიდან უნდა ველოდოთ ან საჯარო დასჯებს, ან მეფის შეცვლას. ჯერჯერობით ორივე ვარიანტი შესაძლებელია.

ავტორი:

George Melashvili

გიორგი მელაშვილი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *