ეკონომიკა,პოლიტიკა

სი ძინპინის ამერიკული ვოიაჟი

9 Oct , 2015  

გასულ კვირას დიდ ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი, სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ვიზიტი, თავისი არსით, ჩინელებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ განვითარების დონით ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ განსუს პროვინციაშიც (სადაც ამჟამად ვიმყოფები) ვიზიტამდე რამდენიმე კვირა მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტელევიზიას, რადიოს და გაზეთებს, ჩემს ირგვლივ ყველა, ბაზრის გამყიდველიც კი ამ თემას განიხილავდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაღაზიაში ან ბაზარში ყოფნის დროსაც კი, არაერთხელ დამინახავს ჩინელების აღტაცებული სახე და გამიგია სიტყვები “ამერიკელი, ამერიკელი”, უცხოელების უმეტესობას ჩინელები ამერიკელებად მიიჩნევენ, ეს ამ მოვლენით გამოწვეული არ გახლავთ, მაგრამ რამდენიმე მათგანმა დამტვრეული ინგლისურით, უფრო მეტმა კი მარტივი ჩინური ფრაზებით მითხრა, რომ ამერიკა და ჩინეთი მეგობრები არიან და მათ ძალიან უყვართ ამერიკა, მსგავსი აჟიოტაჟი ჩინური პრესის დამსახურებაა. ჩინური მედია სის და დენ სიაოპინის 1979 წლის ამერიკულ ვიზიტებს შორისაც ავლებდა პარალელს და მართლაც დიდ მოლოდინს ქმნიდა მოსახლეობაში.
1979 წელს ჩინეთის იმდროინდელმა მმართველმა ფაქტიურად თქვა, რომ ჩინეთი მზად იყო ამერიკული წესებით ეთამაშა და მიჰყოლოდა აშშ-ს, რასაც მოჰყვა კიდეც ჩინეთის იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე უარის თქმა, რეფორმები და ეკონომიკური ბუმი. დენ სიაოპინის ვიზიტი მართლაც ისტორიული იყო და მან მთლიანად შეცვალა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა, ფაქტიურად ჩაუყარა რა საფუძველი ჩინეთის მომავალ აღმასვლას, მაგრამ რა მიზანი ამოძრავებდა სის? აპირებს თუ არა ისიც წესების მიღებას? და მოჰყვება თუ არა მის ვიზიტს რეფორმები? ჩემს ესეში სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვეცდები.

თავდაპირეველად, ვფიქრობ, აუცილებელია ყურადღების გამახვილება თუ როგორი პოლიტიკური ფონით ესტუმრა ბატონი სი აშშ-ს – ქვეყნებს შორის უთანხმოება სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე, კიბერუსაფრთხოების პრობლემები და შიდა ეკონომიკური პრობლემები ჩინეთში. სწორედ ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი ამ ვიზიტის გაანალიზებისას. ერთკვირიანი ვოიაჟის ფარგლებში ჩინეთის ლიდერი არაერთ თემას შეეხო, თუმცა შევეცდები უმთავრესი საკითხები გამოვყო.

ეკონომიკური პრობლემები ჩინეთში

როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ შეხვედრის წინ ჩინეთის შიდა პრობლემები იყო.

ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკურმა მოდელმა, რომელიც ჩინეთს რამდენიმე დეკადის განმავლობაში სწრაფ აღმასვლაში ეხმარებოდა, თავი ამოწურა. ჩინური ვალუტა, იუანი აგვისტოში 4.5%-ით გაუფასურდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა. ვალუტის დევალვაციის გამო არსებობდა მოლოდინი, რომ ეს წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებელზე დადებითად აისახებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, ექსპორტი 8 %-ით შემცირდა. საფონდო ბირჟების ვარდნამ ქვეყანაში ინვესტორთა მოლოდინები მკვეთრად გააუარესა, რის გამოც ინვესტორებმა და მოსახლეობამ ხარჯვა შეამცირა, შედეგად ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნა შემცირდა. ჩინეთის კერძო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ინდექსი ექვსი წლის მინიმუმამდე დაეცა. მსოფლიო ბანკმა ჩინეთს 2015 წელს 7 %-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა, ნაცვლად უკვე ტრადიციული ორციფრიანი მაჩვენებლისა, თუმცა შესაძლოა ზრდამ 7 %-საც კი ვერ მიაღწიოს. ინვესტორების ნდობის შესანარჩუნებლად მთავრობას რამდენჯერმე მოუწია საპროცენტო განაკვეთის დაწევა, საფონდო ბირჟებზე კი მსხვილი ფულადი ინტერვენციების განხორციელება, თუმცა ეს სიტუაციას უკეთესობისკენ არ ცვლის, არადა ჩინეთი შეიძლება ითქვას, მთლიანად ეკონომიკურ განვითარებაზე შენდება. ჩინეთის მოსახლეობას მთავრობასთან ერთგვარი სოციალური კონტრაქტი აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, ისინი ფაქტობრივად უარს ამბობენ ძირითად თავისუფლებებზე ეკონომიკური განვითარების სანაცვლოდ, ხოლო თუ მთავრობა კონტრაქტის მეორე მხარეს ამ “სერვისს” ვერ მიაწოდებს, მაშინ კონტრაქტის არსებობაც საფრთხის ქვეშ დადგება. გარდა შიდა მდგომარეობისა, ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული ჩინეთის საგარეო პოლიტიკაც. საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად სი ძინპინმა ამბიციური გეგმა დასახა, რომელიც ჩინეთის რბილი ძალის მთავარ იარაღად ითვლება და ახალი აბრეშუმის გზის სახელითაა ცნობილი (One Belt One Road). გეგმა იმდენად გრანდიოზულია, რომ მისი წარმატების შემთხვევაში ჩინეთი შეიძლება პირდაპირ ჩაიწეროს ზესახელმწიფოების სიაში, თუმცა მისი განხორციელება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მზარდი ეკონომიკური განვითარების გარეშე კი ამ თემაზე საუბარიც წარმოუდგენელია.

სწორედ ამ ფონით მიემგზავრება ჩინეთის პირველი პირი აშშ-ში. გთავაზობთ მისი ვიზიტის რამდენიმე ყურადსაღებ მომენტს.

პირველი ვიზიტი

აღსანიშნავია, თუ საიდან დაიწყო სის ვიზიტი, ის პირველად არა ვაშინგტონს და თავის ამერიკელ კოლეგას, არამედ სიეტლს ესტუმრა, გამართა რა იქ შეხვედრა ამერიკელ ბიზნესმენებთან და ტექნოლოგიის სფეროში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ეს ყველაფერი ჩინეთში ხუმრობის თემადაც იქცა. ჩინელები ხუმრობით ამბობენ, რომ ბილ გეიტსი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში, ხოლო ბარაკ ობამა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მაგრამ მალე ობამა თანამდებობას დატოვებს, ბილ გეიტსი კი კვლავ ძალიან მდიდარი იქნება, სწორედ ამიტომ ესტუმრა სი მას პირველი რიგში და არა ვაშინგტონს. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა, მაგრამ ისევე როგორც ყველა ხუმრობაში, ამაშიც შეიძლება იყოს სიმართლის მარცვალი. სი ამერიკაში სწორედ ინვესტიციების მოსაზიდად და ჩავარდნისკენ განწირული ეკონომიკის გასაცოცხლებლად ჩავიდა. ჩინეთს სჭირდება ამერიკელების გამოცდილება ტექნოლოგიურ სფეროში და მათი ინვესტიციები მაშინ, როცა მეორე მხარეს მსოფლიოს უდიდეს ინტერნეტ ბაზარზე, 700 მილიონ ინტერნეტ მომხმარებელზე სურს გასვლა. თუმცა, როგორც იცით, ამ ბაზარს მთავრობის მკაცრი კონტროლი და ცენზურა ადევს. სი ძინპინის შეხვედრებმა და გამოსვლებმა ამ მხრივ მცირე იმედი გააჩინა, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ჩინეთის პრეზიდენტის და სოციალური ქსელ Facebook-ის მფლობელის მარკ ცუკენბერგის შეხვედრა (მოგეხსენებათ ჩინეთში ეს ქსელიც დაბლოკილია). თუმცა პასუხი კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა თავისუფალ ინტერნეტს ჩინეთში, ყოველგვარი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე, მაინც საკმაოდ გაურკვეველია. ვნახოთ, გახდება თუ არა ეს ვაჭრობის თემა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი სიტუაცია ბოლო დროს აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო. ჩინეთი აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს და ამ ზღვაში არსებული ტერიტორიების მისაკუთრება სურს, წელს კი ხელოვნური კუნძულების მშენებლობა დაიწყო, რომელიც მომავალში შეიძლება პეკინმა სამხედრო ბაზად გამოიყენოს. ამ თემაზე უკმაყოფილება აშშ-მ ჯერ კიდევ 2010 წელს გამოთქვა, მაშინ ჰილარი კლინტონმა ასეანის რეგიონალურ ფორუმზე პირდაპირ მოუწოდა ჩინეთს დაეცვა საერთაშორისო სამართლის ნორმები. 2012 წელს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, ჩინეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოება კი იზრდებოდა. აშშ წლების განმავლობაში მოუწოდებს ჩინეთს პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტს, მაშინ როცა ჩინელები მიიჩნევენ, რომ აშშ საერთოდ არ უნდა ჩაერიოს ამ რეგიონალურ საკითხში. წლების განმავლობაში დიპლომატიამ შედეგი ვერ გამოიღო და მიიჩნეოდა, რომ სის ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, კიბერუსაფრთხოებასთან ერთად, სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებული მდგომარეობა იქნებოდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად შეხვედრის შემდეგ ეს ქეისი ნახსენებიც კი არ იყო თეთრი სახლის საბოლოო დოკუმენტში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე სიტყვით გაიმეორა თავისი პოზიცია, არაფერი ახალი.

კიბერუსაფრთხოება

სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქეისის მსგავსად, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირების თემაა ამ ორ ქვეყანას შორის. უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს კიბერშეტევები ამერიკულ სერვერებზე, წელს კი ჰაკერებმა ასეულობით ათასი ყოფილი თანამდებობის პირის პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს, ყველა შემთხვევაში კვალი ჩინეთზე გადიოდა. მსგავსი სიტუაცია 2011 წლიდან ხდება და ამ საკითხშიც დიპლომატია უძლური აღმოჩნდა. ამ თემაზე საუბარი ვერ მოხერხდა 2013 წელს სისა და ობამას შეხვედრისას, 2014 წელს კი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთ ჩინელ სამხედროს ბრალი წაუყენა კიბერჯაშუშობაში, საკითხი ამით კიდევ უფრო გამწვავდა. სის ვიზიტამდე ობამამ კვლავ დააყენა ეს თემა დღის წესრიგში და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებითაც კი იმუქრებოდა, შედეგად საქმეში კვლავ დიპლომატია ჩაერთო, პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ს ჩინური დელეგაცია ესტუმრა საკითხების შესათანხმებლად. ის, რომ სი ამ თემას გვერდს ვერ აუვლიდა ცხადი იყო, მაგრამ მის ვიზიტამდე სპეციალური დელეგაციის ჩასვლა კონკრეტულად ამ პრობლემაზე სალაპარაკოდ უფრო ამძაფრებდა ინტერესს ამ თემის ირგვლივ. შედეგად, ობამამ მიიღო ის რაც სურდა. თეთრი სახლის საიტზე ვკითხულობთ, რომ ორივე ქვეყანა შეთანხმდა “რომ არცერთი ქვეყნის მთავრობა არ შეუწყობს ხელს ინტელექტუალური საკუთრების, სავაჭრო საიდუმლოებების ან სხვა კონფედენციალური ბიზნეს ინფორმაციების კიბერ ქურდობას”. გარდა ამისა, მხარეები შექმნიან მაღალი რანგის საერთო დიალოგის მექანიზმს კიბერდანაშაულთან საბრძოლველად.  ასევე პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ გააფართოვებენ თავიანთ თანამშრომლობას კიბერ დანაშაულის გამოძიებაში. ამ ყველაფერს ობამამ “მნიშვნელოვანი პროგრესი” უწოდა.

ორმხრივი კაპიტალდაბანდების ხელშეკრულება (Bilateral Investment Treaty)

ჩინეთის პირველი პირისთვის აღნიშნული ხელშეკრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც შეიძლება აღმოჩნდეს. მართალია ექსპერტები გაცილებით მეტ აქცენტირებას ელოდნენ ამ თემაზე, მაგრამ წინსვლა მაინც შეიმჩნევა. პრესკონრეფენციაზე, ობამამაც და სიმაც ახსენეს მოლაპარაკებები, თქვეს რა, რომ  ისინი შეთანხმდნენ “ნაბიჯის გადადგმაზე” (ობამას სიტყვები) და “ენერგიულად წაიყვანეს მოლაპარაკებები წინ” (სის სიტყვები). თეთრი სახლის დოკუმენტში კი ნათქვამი იყო, რომ მოლაპარაკებებში შეიმჩნევა “პოზიტიური პროგრესი”.

სხვა ფაქტები სი ძინპინის გამოსვლებიდან

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს ჩინეთის პირველი პირის გამოსვლებში ახალი არაფერი იყო და სი იგივე ტექსტებს იმეორებდა, რაც არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ იყო რამდენიმე ფაქტი, რაც აუცილებლად დასაფიქრებელია. აშშ-ჩინეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩემთვის სის გამოსვლები მოულოდნელი იყო, ის საკმაოდ პოზიტიურად საუბრობდა. ჩანდა, რომ თითქოს სიმ საშინაო დავალება შეასრულა, ყველა შენივნა ჩაიწერა და თავად გასცა მათ პასუხები. ჩინეთის პირველმა პირმა თავად დაიწყო იმ თემებზე ყურადღების გამახვილება, რაზეც ჩინეთში საუბარსაც კი ვერ ბედავენ. თავის პირველივე გამოსვლაში, სიეტლში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასრულდა ის დრო, როცა სახელმწიფო აქტიურად ერეოდა ბაზარში, უცხოურ კომპანიებს უსაფრთხოების გარანტიები მისცა, ჩინური ბაზრის მეტ გახსნილობას და თავისუფლებასაც შეჰპირდა, ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი გამოასწორებდა ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თქვა რომ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებს ჩინეთში (რაც ამჟამად საკმაოდ რთული საკითხია), ბოლოს კი დასძინა, რომ ჩინეთს მხოლოდ მშვიდობიანი ზრდა სურს და არა ჰეგემონობა. იმისთვის, რომ გამოსვლა უფრო პოზიტიური და მეგობრული ტონით წაეყვანა, ყველას აჩვენა თუ რამდენად ახლოსაა ის ამერიკულ კულტურასთან, ახსენა რა ცნობილი ამერიკული სერიალი – House of Cards და ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ვოლტ ვაითმენი, მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი და ერნესტ ჰემინგუეი. ბოლოს კი დასძინა, რომ შთაგონებას ამერიკელი პოლიტიკოსების, ლინკოლნის, ვაშინგტონის და რუზველტის იდეებისგან იღებდა.

მნიშვნელოვნად მივიჩნევ კიდევ ერთ მონაკვეთს, სი გამოსვლებში ხშირად ახსენებს “ჩინურ ოცნებას”, რომელსაც ის ძირითადად განმარტავს, როგორც რეაქციას ისტორიული დამცირებების და ტანჯვის წინააღმდეგ, ასევე როგორც ერის “გაახალგაზრდავების” ზოგად სურვილს. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ “ჩინური ოცნების” სრულიად განსხვავებული დეფინიცია აშშ-ში.  სი-ს “ოცნება” მთლიანად იყო ფოკუსირებული ეკონომიკაზე. მან განსაზღვრა ის როგორც ჩინეთის მოსახლეობის სიღარიბისგან დახსნა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ბოლო ორი დეკადის განმავლობაში და სამომავლო მზაობა ეკონომიკური რეფორმებისადმი. ბოლოს კი დასძინა, რომ ჩინეთის “ფუნდამენტური ამოცანა” ეკონომიკის განვითარებაა.

სამიტის ბოლოს ორივე პრეზიდენტმა განაცხადა რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობა ძალიან კარგად ვითარდება. ობამამ საკუთარი გამოსვლა დაიწყო შემდეგი სიტყვებით “ჩვენს თანამშრომლობას მოაქვს შედეგები”, სიმ კი განაცხადა, რომ ჩინეთი იწყებს “ახალი ტიპის ურთიერთობებს” და დასძინა, რომ აშშ-თან თანამშრომლობა იქნება “ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი.” მსგავსი განცხადებები, ნამდვილად მოულოდნელია, თუმცა საკითხავია რამდენად შეესაბამება ეს სიტყვები რეალობას და რა მიზნები ამოძრავებს მხარეებს.

და მაინც, რა იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი პირის ვიზიტის მიზანი? 

განმეორდება თუ არა 1979 წლის ვიზიტის შედეგები და აპირებს თუ არა სი ამერიკული წესების მიღებას?

ვნახეთ სის შერბილებული ტონი, ვნახეთ თუ როგორ ცდილობს გვაჩვენოს, რომ მას ძალიან მოსწონს ამერიკული კულტურა, აქცენტი ბიზნესმენებზე, “ჩინური ოცნების” ახალი დეფინიცია, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

პირადად მე მივიჩნევ, რომ სი ძინპინის ვიზიტის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ჩავარდნისკენ მიმართული ეკონომიკის გამოცოცხლება იყო და მიზნის მისაღწევად სი გარკვეულ დათმობებზე აცხადებს თანხმობას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღარ ჩაერევა ბაზარში, არც უცხოურ კომპანიებს შეუქმნის პრობლემებს, NGO-ებსაც მიესალმება და ადამიანის უფლებებისადმი და კანონის უზენაოსობისადმი დამოკიდებულებასაც უკეთესობისკენ შეცვლის. სი სიტყვიერ თანხმობას აცხადებს რეფორმებზე, მაგრამ არა ყველა საკითხზე. ვნახეთ, რომ ამერიკელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ჩინეთი ამ უკანასკნელთათვის უფრო გაიხსნას და ინტერნეტის კონტროლისგან განთავისუფლდეს, ასევე ოფიციალური პეკინი პირობას დებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე. ეს ორი საკითხი, უდავოდ ამერიკის პლუსია, მაგრამ რამდენადაა ის დათმობა ჩინეთისთვის. ამერიკული ტექნოგიგანტების ბაზარზე შესვლა ჩინეთის ეკონომიკას გამოცოცხლებაში დაეხმარება, ასე რომ, ამას დათმობად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულების კვალი ჩინეთზე გადიოდა, ოფიციალურ პეკინს არასდროს არ უღიარებია, რომ ამ ყველაფრის უკან მართლაც ის იდგა, ასე რომ, ამ შემთხვევაშიც სი ფაქტობრივად ამბობს, რომ მათ არც ადრე ჩაუდენიათ კიბერდანაშაული და არც მომავალში ჩაიდენენ მსგავსს. ამრიგად სიმ მოახერხა, ის რომ, არაფრის დათმობის ხარჯზე, რაღაც მიიღო, ეს რაღაც კი გახლავთ პოტენციური ამერიკული ინვესტიციები და ორმხრივი კაპიტალდაბანდების ხელშეკრულებაში წინსვლა. ის, რომ სი არ აპირებს ძირითად პრინციპებზე უარის თქმას, გამოჩნდა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქეისთან მიმართებაშიც. ჩინეთის პირველ პირს უნდა ეკონომიკის გადარჩენა, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაკარგვის ხარჯზე, შედეგად მან მოახერხა, ის, რომ ეს თემა დღის წესრიგში საერთოდ არ დადგა. ამერიკული გადმოსახედიდან შეილება ჩანდეს, რომ სი წესებს თანხმდება, მაგრამ ჩინური მხრიდან სიტუაცია განსხვავებულად იშლება. რთული დასადგენია რეალურად ვინ უფრო იხეირა ამ შეხვედრების შედეგად, ამას, ალბათ, დრო გვიჩვენებს.

 

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

გამოყენებული ლიტერატურა 

  • China’s President Xi Jinping begins US state visit in Seattle – http://www.bbc.com/news/world-asia-china-34322054


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *