პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესია – ჩინეთის გამხელილი ამბიციები?

10 Oct , 2015  

ამერიკული ვოიაჟის ბოლოს, ჩინეთის პირველ პირი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე. სი ძინპინს არ გაუმართლა და გაზეთების გარეკანი მისმა კოლეგებმა, ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა დაიკავეს, მაგრამ უყურადღებოდ არც ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლა უნდა დავტოვოთ. სიმ ამ გამოსვლით, მთელ მსოფლიოს გაუგზავნა შეტყობინება, რომელიც ნამდვილად ღირს განსახილველად.

გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის პატივი სის პრეზიდენტის რანგში პირველად ხვდა, გააგრძელა რა ამით მისი წინამორბედების ტრადიცია – 1995 წელს, 50 წლისთავზე სიტყვით ძიან წენმინი გამოვიდა, ათი წლის შემდეგ კი მსოფლიოს იმავე ტრიბუნიდან ხუ ძინტაომ მიმართა, დეკადის შემდეგ ჩინეთის ახალი პრეზიდენტი გაცილებით განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენს და მის სიტყვებს დღეს სხვა ძალა აქვს. სის მმართველობის განმავლობაში ჩინეთი უფრო აქტიურად წარმოაჩენს მსოფლიო წყობის საკუთარი ხედვას, უფრო მეტად ერთვება საერთაშორისო პოლიტიკაში, ცდილობს ყველას აჩვენოს საკუთარი ძალა ნებისმიერ სფეროში მათ შორის გაეროს ფარგლებშიც კი. 1971 წლის (უშიშროების საბჭოში ჩინეთის შესვლის წელი) შემდეგ, ჩინეთს სულ ცხრა ვეტო აქვს გამოშვებული, მათგან ოთხი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს ნათლად აჩვენებს ჩინეთის მზარდ ამბიციებს და თვითრწმენას. რა თქმა უნდა, ჩინეთი მხოლოდ გაეროში აქტიურობას არ კმარდება, ის ცდილობს წარმოაჩინოს მზარდი სტატუსი თავისი ორგანიზაციებით და მეგა პროექტების წყალობით, ამის მთავარი მაგალითი აზიიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ბანკია (AIIB), ახალი აბრეშუმის გზის პროექტი კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩინეთს სხვა საფეხურზე ასვლა სურს.

სი ძინპინის გამოსვლამ გაეროში ჩინეთის ამბიციებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მეტი ყურადღებაც მიიპყრო. ჩინეთის პირველი პირის მიმართვა, რა თქმა უნდა, მრავლად შეიცავდა აქცენტებს ტრადიციულ თემებზე, საუბარს ურთიერთპატივისცემაზე და რეფორმებზე, მაგრამ სისთვის უკვე ბანალურად ქცეული ეს თემები, ახალ, განსხვავებულ და მნიშვნელოვან იდეაში იყო მოქცეული.

სის გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზგასასმელი იყო სამი განცხადება:

  • ჩინეთი გამოყოფს 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, რათა შექმნას მშვიდობისა და განვითარების ფონდი გაეროსთან ერთად.
  • ახალი სამშვიდობო ძალების განლაგება – 8000 ადამიანი დამატებით.
  • 100 მილიონი დოლარი დახმარება აფრიკულ კავშირს სამშვიდობო მისიებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

სიმ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი გამოყოფს 2 მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარებას ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, რათა მათ გაუმარტივდეთ გაეროს განვითარების სტანდარტებთან დაახლოება, სამომავლოდ კი, 2030 წლისთვის იგეგმება 12 მილიარდიანი დახმარება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის. გარდა ამისა სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი აპატიებს ვალებს მსოფლიოს “ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს და პატარა კუნძულოვან განვითარებად ქვეყნებს”.

ჩინეთის პირველმა პირმა დააფიქსირა პოზიცია, რომ: “დიდმა, ძლიერმა და მდიდარმა არ უნდა დაჩაგროს პატარა, სუსტი და ღარიბი”- განაცხადა სიმ, ასევე მოუწოდა ყელას დაივიწყოს მოძველებული მიდგომა, თითქოს “ერთის მხარის მოგება, მეორე მონაწილის წაგებას ნიშნავდეს”.

მისი ხედვით ახალი საერთაშორისო წესრიგი უნდა ემყარებოდეს “პარტნიორობას და არა ალიანსებს”

გაეროში სიმ კიდევ ერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ ჩინეთი არ მიისწრაფვის ამჟამინდელი მსოფლიო წყობის დასანგრევად. კრიტიკოსებში საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც ჩინეთს სურს აშშ-ს მიერ “დაწერილი” საერთაშორისო წესრიგის შეცვლა საკუთარი ალტერნატივებით (მაგ.: აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი), მაშინ, როცა ჩინელი სახელმწიფო მოღვაწეები საპირისპიროს აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი საკმაოდ დიდ სარგებელს იღებენ ამჟამინდელი წყობიდან, თუმცა აღიარებენ, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროდ მიიჩნევენ.  ამ თემაზე პოზიციის გაეროში დაფიქსირებამდე, სიმ საკუთარი შეხედულებები სიეტლში გააჟღერა 23 სექტემბერს:

“ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს სურთ იხილონ უფრო სამართლიანი და თანასწორი საერთაშორისო სისტემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ მთლიანი სისტემის მოშლა ან ყველაფრის თავიდან დაწყება. არამედ ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ რეფორმები არსებული სისტემის გასაუმჯობესებლად და დროსთან შესაბამისობაში მოსაყვანად”.

მსგავსი მიდგომა არაერთხელ დაუფიქსირებია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანს. პრეზიდენტის ვიზიტზე კი მან განაცხადა, რომ “სის ვიზიტი მიმართული იყო მშვიდობაზე, განვითარებაზე და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ტიპის შექმნაზე, რომელიც ყველა მხარის მომგებიან თანამშრომლობას დაეფუძნება (win-win cooperation) ”. საუბარი win-win cooperation-ზე ჩინეთის მხრიდან ახალი არაა, მაგრამ ჩინეთის მიერ დაწერილი საერთაშორისო ურთიერთობების მსგავსი ტიპის იდეა ნამდვილად დიდი სიახლეა.

მართლაც, თავის ოცწუთიან გამოსვლაში სი აქტიურად საუბრობდა მსოფლიო მშვიდობაზე და განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე – აღიარებდა რა, იმას, რომ ზემოთჩამოთვლილი ცნებები რთულად მისაღწევია და ამტკიცებდა, რომ საჭიროა მიდგომების და პრინციპების გადახედვა, ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების შექმნა, რომელიც ყველა მხარის მომგებიან თანამშრომლობას დაეფუძნება და ერთად შექმნის მომავლის საზოგადოებას.

ჩინეთის პრეზიდენტმა ამ მიზნების მისაღწევად ხუთპუნქტიანი გეგმაც კი წარადგინა, რომლის  ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას განსხვავებული ტიპის პარტნიორული სისტემა, სადაც ქვეყნები ერთმანეთს განიხილავენ თანასწორებად, ქვეყნებს შორის ურთიერთობა კი იქნება დაფუძნებული კულტურულ დიალოგზე, ჰარმონიაზე და პატივისცემაზე.

სის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეტყობინება ეხება სამშვიდობო ძალებს, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი გაეროს სამშვიდობო პროგრამებისთვის (UN Peacekeeping Capability Readiness System) გამოჰყოფს 8000 სამხედროს. ამჟამად ტოპ კონტრიბუტორებში პირველ ადგილზე ბანგლადეშია 8135 ადამიანით, მაშინ როცა ჩინეთი 2882 ადამიანით (შვიდჯერ მეტი ვიდრე აშშ-ს.) მეცხრე იყო, ამ განცხადების შემდეგ, ჩინეთი გაეროს სამშვიდობო მისიების ნომერ პირველი (!) კონტრიბუტორი ხდება.

სი ძინპინის განცხადებები თავისი არსით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბუნებრივია ჩნდება კითხვა – რაში სჭირდება ეს ყველაფერი ჩინეთს? რატომაა ჩინეთი მზად ასეთი დიდი დახმარების გამოსაყოფად განვითარებადი სამყაროსთვის, მაშინ როცა თავად მიექანება ეკონომიკური კრიზისისკენ?

ჩინური მედია საშუალება სინხუანეტ-ი მიიჩნევს, რომ ეს არის ნიშანი “მსოფლიო საკითხებში პეკინის მზარდი როლის”. ჩინეთი აღარ წარმოაჩენს საკუთარ სიძლიერს მხოლოდ რეგიონის ფარგლებში, ის უკვე მსოფლიო მასშტაბზე გადადის. მსგავსი პროექტების შედეგად კი, ჩინეთის რბილი ძალის შედეგი მკვეთრად იზრდება. 

მონეტარული და სამხედრო დახმარებით სი ცდილობს პასუხი გასცეს კრიტიკოსების იმ ნაწილს, რომლებიც არ მიიჩნევენ ჩინეთს მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოთამაშედ. საწინააღმდეგოს გაუსვა ხაზი ბარაკ ობამამ პრესკონფერენციაზე “ჩვენ არ შეგვიძლია შევხედოთ ჩინეთს ისე, თითქოს ის კვლავ ძალიან სუსტია, განვითარებადი ქვეყანაა, როგორიც 50 წლის წინ იყო. დღეს ის ძლიერია. და ეს ნიშნავს, რომ მას აქვს დიდი პასუხისმგებლობები.”

პეკინის მრიდან კი 3 მილიარდ დოლარიანი დახმარება გაეროს და განვითარებად სამყაროს, 8000 მშვიდობისმყოფელი, არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გაგზავნილი ნიშანი იმისა, რომ ის მზადაა შეეჭიდოს პასუხისმგებლობებს, მეტიც, ამით აჩვენებს რა იმას, რომ ჩინეთი უკვე არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე.

გაეროში ერთი განცხადებით, ჩინეთის პირველმა პირმა ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიჭირა, გარდა იმისა, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენა, ის რომ დღეს ჩინეთი სხვა სიმაღლეზე დგას, მან გაუგზავნა შეტყობინება განვითარებად ქვეყნებს და მათი ერთგვარი მფარველის როლში ყოფნის გარანტიები გასცა. სიმ მკვეთრად დააფიქსირა, რომ ჩინეთს ექნება აშშ-სგან და სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებული როლი გაეროში. ჩინეთი იქნება განვითარებადი ქვეყნების ლიდერი, სიმ დადო პირობა, რომ ჩინეთი გაეროში საკუთარ ხმას მუდამ განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ გამოიყენებს. მან ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩინეთს არ სურს ჰეგემონობა, შეეცადა რა, ამით გამოესწორებინა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სიტუაციით შელახული იმიჯი. ეს ყველაფერი, რა თქმა უდნა, ჩინეთის რბილი ძალის და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ამ ყველაფრის გაეროს ჩარჩოებით განხორციელების შედეგად ჩინეთი კრიტიკოსების კიდევ ერთ – ნეო-კოლონიალისტურ ბრალდებას იცილებს თავიდან.

თუმცა არსებობს ვერსია, რომ ჩინეთს გარდა რბილი ძალისა, სხვა, პირდაპირი ინტერესებიც ამოძრავებს. მაგალითად დახმარება აფრიკულ ქვეყნებში შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჩინეთის ნავთობის იმპორტის ხუთი პროცენტი სუდანზე მოდის, 2003-2006 წლებში ჩინეთმა 55 მილიონიანი დახმარება გაუწია სუდანის მთავრობას.  გარდა ამისა, სამშვიდობო მისიები დიდწილად ეხმარება ჩინეთს სამხედრო თვალსაზრისით. ჩინეთის ჯარი და პოლიცია იღებს გამოცდილებას მთელი მსოფლიოდან. მართალია, ჩინეთს გააჩნია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია, მაგრამ მისი გამოცდილება და სამხედრო კავშირები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 800-მდე სამხედრო ბაზა აქვს,

მაშინ როცა ჩინეთს ფაქტიურად არ გააჩნია გლობალური სამხედრო ქსელი, მაგრამ გაეროს სამშვიდობო პროგრამაში აქტიურად ჩართვის შედეგად, მას მალე მას მთელს მსოფლიოში განლაგებული მშვიდობისმყოფელები და გამოცდილი ჯარისკაცები ეყოლება.

მთლიანობაში გაეროც, განვითარებადი ქვეყნებიც და ჩინეთიც, ყველა მოგებული რჩება, ეს ერთგვარი პოზიტიური ჯამის თამაშია (positive sum game), ან გნებავთ  სი ძინპინისეული win-win cooperation-ი ვუწოდოთ ამ სიტუაციას. ვინ იხეირებს უფრო მეტად? ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

გამოყენებული ლიტერატურა

“Working Together to Forge a New Partnership of Win-win Cooperation and Create a Community of Shared Future for Mankind” – Statement by H.E. Xi Jinping, President of the People’s Republic of China, At the General Debate of the 70th Session of the UN General Assembly, New York, 28 September 2015

Shannon Tiezzi – China’s $3 Billion Message to the UN: Yes, We Are a Responsible Power

http://thediplomat.com/2015/09/chinas-3-billion-message-to-the-un-yes-we-are-a-responsible-power/

Mikhail Sonnad – China climbs the UN peacekeeper charts by committing 8,000 troops

http://qz.com/512865/china-climbs-the-un-peacekeeper-charts-by-committing-8000-troops/

Shannon Tiezzi – Don’t Forget About China’s Big UN Speech

http://thediplomat.com/2015/09/dont-forget-about-chinas-big-un-speech/

Emma Campbell-Mohn – China: The World’s New Peacekeeper?

http://thediplomat.com/2015/04/china-the-worlds-new-peacekeeper/

Song Miou – Xi speaks for developing countries in UN, offers new outlook on development, int’l relations

http://news.xinhuanet.com/english/china/2015-09/29/c_134671859_2.htm

JANE PERLEZ –  http://www.nytimes.com/2015/09/29/world/asia/china-xi-jinping-united-nations-general-assembly.html?_r=0

Samuel Oakford – China Announces Huge UN Peacekeeping Standby Force — But Doesn’t Offer Many Details

https://news.vice.com/article/china-announces-huge-un-peacekeeping-standby-force-but-doesnt-offer-many-details


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *