ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ახალი აბრეშუმის გზა – ჩინური მითი თუ სამომავლო რეალობა?

14 Oct , 2015  

 

ისტორიის წიგნებში ალბათ ყველას წაგვიკითხავს აბრეშუმის გზად წოდებულ ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზაზე, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ეს ყველაფერი შორეულ წარსულში იყო, მაგრამ 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მსოფლიოს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის გრანდიოზული პროექტი წარუდგინა. ჩინურმა სახელმწიფო გამოცემა “სინხუამ” სის ამ გამოსვლას ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით “როგორ შეიძლება მსოფლიოში ყველა მხარე მოგებული იყოს? ჩინეთი კითხვებს პასუხობს”. სტატიაში ვკითხულობთ რომ ჩინეთს ისტორიის გაცოცხლება, მეზობელ ქვეყნებთან კეთილი ნების გამოჩენა და მეგობრული პოლიტიკის გატარება სურს. მაგრამ რეალურად რას მოიცავს ჩინეთის ეს ამბიციური პროექტი, რა ინტერესები ამოძრავებს ჩინეთს და რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება? ამ კითხვებს ჩემს ესეში ვუპასუხებ.

რას გულისხმობს ახალი აბრეშუმის გზის პროექტი?


5534d1452b493

 

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა – ასევე ცნობილი როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზა (OBOR) გახლავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევრაზიის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას.

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი მოიცავს ისტორიული აბრეშუმის გზის ქვეყნებს ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში. ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება. გარდა გზის ისტორიული ქვეყნებისა, პროექტი ასევე მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. პროექტის თანახმად ახალი აბრეშუმის გზა ცენტრალური ჩინეთიდან, სიანიდან დაიწყება, შეუერთდება განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჭოუს (ქალაქს, სადაც ახლა ამ ესეს ვწერ), გაგრძელდება ურუმჩიში (სინძიანის პროვინცია) და ხორგასში (სინძიანის პროვინცია), საიდანაც დატოვებს ჩინეთის საზღვრებს და ყაზახეთისკენ აიღებს გეზს. შემდეგ გზა გადის ცენტრალური აზიიდან ირანის ჩრდილოეთამდე, საიდანაც გრძელდება ერაყში, სირიაში და თურქეთში. სტამბულიდან ბოსფორის სრუტის გავლით გადადის ევროპაში – ბულგარეთში, რუმინეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და გერმანიაში. გერმანიაში დუისბურგიდან გრძელდება ჰოლანდიაში, კერძოდ კი როტერდამში, იქედან კი იტალიაში – ვენეციაში, სადაც უერთდება ამავე პროექტის მეორე განშტოებას – 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზას.

რაც შეეხება 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზას, ეს არის პროექტი რომელიც მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ოკეანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაჭრობის განვითარებაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის, წყნარი ოკეანის და ინდოეთის ოკეანის გავლით. თავისი მარშრუტით ეს გზა მოიცავს ცუანჭოუს (ფუძიანის პროვინცია), გუანჭოუს (გუანდუნის პროვინცია), პეიხაის (გუანსის პროვიცნია), ხაიკოუს (ხაინანის პროვინცია), კუალა ლუმპურს, ნაირობის საიდანაც ის აფრიკაში გადადის, შემდეგ ათენში ინაცვლებს და ბოლოს ვენეციაში უერთდება აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს.

როგორც ხედავთ პროექტი ძალიან მასშტაბური და ამბიციურია და ბუნებრივია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ 2014 წლის ნოემბერში სი ძინპინმა აბრეშუმის გზის ფონდის შემქნა დააანონსა. ფონდის საწყისი კაპიტალი 40 მილიარდი ამერიკული დოლარია და უმთავრესი მიზანი არა თანხის გასესხება, არამედ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხის ინვესტირებაა. ამრიგად, როგორც ხედავთ, ამ პროექტში ჩინეთია არქიტექტორიც, გზის გამკვლევიც და დამფინანსებელიც. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ სჭირდება ჩინეთს ეს პროექტი და რამენად შეძლებს მის განხორციელებას.

 

რა ინტერესები ამოძრავებს ჩინეთს?

 

აბრეშუმის გზის ინიციატივა სი ძინპინისთვის უმთავრეს გამოწვევად იქცა. რთულია სის ისეთი გამოსვლის პოვნა, რომელშიც ის ამ პროექტზე არ საუბრობს.

რატომაა ახალი აბრეშუმის გზის სტრატეგია ჩინეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

ჩინეთის ჩართულობა ცენტრალურ აზიაში პირველივე შეხედვით მარტივი ასახსნელია – ამის გასაგებად ეკონომიკის საფუძვლების ცოდნაც კი საკმარისია. ჩინეთი ამ რეგიონში მოიპოვებს მისთვის აუცილებელ რესურსებს, რომელსაც შემდგომში უკეთეს გამოყენებას უძებნის. ყაზახეთიდან შემოაქვს ნავთობი და ურანი, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან – ბუნებრივი აირი, აქვს ოქროს საბადოები ყირგიზეთში და ტაჯიკეთში, ცდილობს მოიპოვოს რთულად მოსაპოვებელი მეტალები ტაჯიკეთში. ყველაფერს, რასაც ჩინეთი ამ რეგიონში აკეთებს – გზები, რკინიგზა, მილსადენები – კეთდება ისევ ჩინეთის კეთილდღეობისთვის. მაგრამ, გარდა ამისა არსებობს კიდევ უფრო დიდი მიზანი, რომლის მიღწევაც ჩინეთს სწორედ ამ პროექტით სურს – მსოფლიოში პოლიტიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ თავის დამკვიდრება.

 

ეს პროექტები პეკინისთვის არის გავლენის გაზრდის საშუალება არა აგრესიული საგარეო პოლიტიკის, არამედ რბილი ძალის ხარჯზე. ჩინეთი აპირებს თავის დამკვიდრებას ცენტრალურ აზიაში, ინდოეთის ოკეანეში, ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში ამისთვის იყენებს რა საყვარელ მიდგომას “win-win”. სი აცხადებს, რომ ამ პროექტით ყველა მოგებული დარჩება, აჩვენებს მსოფლიოს ჩინეთის კეთილ სახეს და ამის ხარჯზე ზრდის საკუთარ როლს როგორც ამ ქვეყნებში, ისე მსოფლიო პოლიტიკაში. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, ეს ავტომატურად ნიშნავს ჩინეთის ეკონომიკის ახალ ნიშნულზე ასვლას, ჩინეთი უფრო მარტივად გაიტანს ექსპორტზე თავის საქონელს ლამის მთელ მსოფლიოსთან.

 

სი ძინპინის ამ ამბიციურ გეგმას ექსპერტები აშშ-ს მარშალის გეგმასაც კი ადარებენ. ეს უკანასკნელი ამერიკას მნიშვნელოვნად დაეხმარა მსოფლიო ლიდერის სტატუსის მოპოვებაში, პეკინს კი არანაკლები ამბიცია გააჩნია.

 

აღნიშნული პროექტი საუკეთესო შანსია პეკინისთვის რათა, დაამკვიდროს ძალთა ახალი ბალანსის აზიის რეგიონში და გაზარდოს ჩინეთის მსოფლიო გავლენა, მაგრამ რამდენად შეძლებს ჩინეთი ამის გაკეთებას? რა წინაღობებს შეიძლება წააწყდეს ის?

 

რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს ჩინეთი?

 

ბუნებრივია ასეთი ამბიციური პროექტის განხორციელება მარტივი არაა, ჩინეთისთვისაც კი. ის უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

 

პირველი პრობლემა რასაც პეკინი შეიძლება წააწყდეს ცენტრალურ აზიაში მდგომარეობს. სწორედ ეს რეგიონია ჩინეთისთვის ევროპასთან კავშირში უმნიშვნელოვანესი და პეკინი ამას კარგად აცნობიერებს, ეს თუნდაც ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ადვილად შეიმჩნევა, რადგან ჩინეთში სწავლისას ჩემს უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების 90 %-ზე მეტი სწორედ ამ რეგიონიდანაა, ჩინეთს ამ რეგიონის ქვეყნებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ საკითხავია რამდენ ხანს გასტანს მსგავსი თანამშრომლობა. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობის სკეპტიციზმი ჩინეთთან მიმართებაში. როგორც ექსპერტთა გარკვეული ნაწილი იუწყება ამ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავარ საფრთხედ უკვე არა რუსეთს, არამედ ჩინეთს აღიქვამს.

შემდეგი პრობლემა შეიძლება რუსეთთან მიმართებაში წარმოიშვას. ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა ცენტრალურ აზიას საკუთარ გავლენის სფეროდ, მაგრამ დიპლომატიური იზოლაციის და ეკონომიკური სანქციების გამო, რუსეთს სხვა გზა აღარ რჩება გარდა ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა. როგორც კი რუსეთი დაუბრუნდება თავის კალაპოტს, სინო-რუსული უერთიერთობების ჭრილი შესაძლოა მაშინვე შეიცვალოს, დადგეს რა დღის წესრიგში ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული დავები, არც თუ სასიამოვნო წარსული და რეგიონში გაბატონების სურვილი.

კიდევ ერთი შესაძლო პრობლემა ევროპას უკავშირდება. ფაქტია, რომ დღეისათვის ჩვენ ვართ მომსწრე ჩინეთსა და ევროპას შორის უპრეცენტო ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების. ის, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია შეუერთდნენ ჩინეთის დაარსებულ აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების ბანკს, უკვე ნიშანია იმისა, რომ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჩინეთსა და ევროპას შორის კვლავ გაგრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ასპექტში ევროპა ჩინეთს მისცეს დიდი გავლენის მოპოვების საშუალებას და უფლებას.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა, მაინც სამომავლოა და დარწმუნებით ვერ ვიტყვით რამდენად განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით, მაგრამ უმთავრესი პრობლემა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას წინ უდგას, ჩინეთის დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციაა.

დრო როცა ქვეყნებს შეეძლოთ განეხორციელებინათ უზარმაზარი არამომგებიანი ინვესტიციები პოლიტიკური მოტივებით, წარსულს ჩაბარდა.  პროექტის დაანონსების შემდეგ პეკინს ევრაზიის კონტინენტზე მრავალ მილიარდიანი ინვესტიციების განხორციელება ჰქონდა დაანონსებული, მაგრამ ახლა ჩინეთს ფული სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკის დასარეგულირებლად სჭირდება. ჩინური ვალუტა, იუენი აგვისტოში 4.5%-ით გაუფასურდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა. ვალუტის დევალვაციის გამო არსებობდა მოლოდინი, რომ ეს წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებელზე დადებითად აისახებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, ექსპორტი 8 %-ით შემცირდა. საფონდო ბირჟების ვარდნამ ქვეყანაში ინვესტორთა მოლოდინები მკვეთრად გააუარესა, რის გამოც ინვესტორებმა და მოსახლეობამ ხარჯვა შეამცირა, შედეგად ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნა შემცირდა. ჩინეთის კერძო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ინდექსი ექვსი წლის მინიმუმამდე დაეცა. მსოფლიო ბანკმა ჩინეთს 2015 წელს 7 %-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა, ნაცვლად უკვე ტრადიციული ორციფრიანი მაჩვენებლისა, თუმცა შესაძლოა ზრდამ 7 %-საც კი ვერ მიაღწიოს. ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთს უკვე მოუწია რადენიმე გრანდიოზული პროექტის შეჩერება. მაგალითად. მილსადენი “Power of Siberia”, რომელზეც გასულ წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ჩავარდნის წინაშე დგას, ხოლო ალტაის გაზის მილსადენი, რომელიც დასავლეთ ციმბირს აკავშირებს ჩინეთთან გადადებულია გაურკვეველი ვადით.

არც უკვე გაკეთებული პროექტები სარგებლობს დიდი წარმატებით. ინიციატივის ერთ-ერთი ნაწილია 20 სასაზღვრო სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა, უკვე განხორციელებული ზონები კი ჩინეთს დიდ იმედებს ნამდვილად არ უნდა აძლევდეს. ყაზახეთის საზღვართან არსებული ჩინური ქალაქი ხორგასი კარგი მაგალითია: ორწლიანი მუშაობის შედეგად ჩინეთმა შუაგულ უდაბნოში გააშენა ქალაქი უამრავი მრავალსართულიანი შენობით. ერთ-ერთ შენობაში მაგალითად, ასზე მეტი მაღაზიაა განმაგებული და ყველა მათგანში იყიდება ერთი და იგივე პროდუქტი – ბეწვის ქურთუკები, მსგავსი სიტუაციაა სხვა შენობებშიც.

რაც  შეეხება საზღვრის მეორე მხარეს, იქ მხოლოდ ერთი იურტა დგას, სადაც მხოლოდ ტკბილეულის და რუსული ლუდის ყიდვაა შესაძლებელი, იურტას წინ რამდენიმე პლასტმასის აქლემი უმშვენებს ფონს, ხალხი არც საზღვრის ერთ მხარესაა და არც მეორეზე.

thediplomat_2015-09-23_17-11-10

 

გარდა ეკონომიკურისა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – პარტნიორების ნაკლებობა, ამ პროექტში ჩინეთი ფაქტიურად მარტოდ მოქმედებს. ჩინელმა დიპლომატებმა აქამდე მხოლოდ რუსეთთან და უნგრეთთან შეძლეს შეთანხმებების მიღწევა, მაგრამ მათაც კი არ აქვთ რეალური წარმოდგენა თუ რა არის OBOR-ი. ჩინეთს ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს ქვეყნების ამ პროექტით დასაინტერესებლად. მართალია სი ამ პროექტის შედეგად ყველას ჰპირდება მოგებას, მაგრამ, სხვა ქვეყნებისთვის აშკარაა, რომ ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთი იქნება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე ისაა ამ პროექტის არქიტექტორიც, გზის გამკვლევიც და დამფინანსებელიც და ბუნებრივია, პროექტისგან ყველაზე დიდ სარგებელსაც სწორედ ის ელის.

ამ პროექტის მიმართ ეჭვს ასევე აღვივებს ჩინეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სიტუაციის გართულების და პეკინში დემონსტრაციული სამხედრო აღლუმის შემდეგ, ჩინეთმა შეიძლება დაკარგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მას მეზობლებისგან სჭირდება ამ პროექტის განსახორციელებლად: ნდობა.

ამ მხრივ აღსანიშნავი იყო სი ძინპინის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე, სადაც სი შეეცადა ნეო-კოლონიალისტური ბრალდების გაქარწყელებას და უფრო შერბილებულ საგარეო პოლიტიკაზე აქცენტის გაკეთებას.

სის არც დროში გაუმართლა. უკრაინის კრიზისის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა საერთო ჩინურ-რუსულ-ევროპული პროექტის განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანი საფრთხეა ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება ცენტრალურ აზიაში. ერთი სიტყვით სასწორის ერთ მხარეს არაერთი პრობლემა დგას, მაშინ როცა მეორე მხარეს კი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ თავის დამკვიდრების უდიდესი შესაძლებლობა. რომელ მხარეს გადაიწევს სასწორი, ეს ჩინეთზეა დამოკიდებული.

 

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

 

გამოყენებული მასალა:

 

Xie Tao –  Is This China’s Eurasian Century?

http://thediplomat.com/2015/10/is-this-chinas-eurasian-century/

 

Moritz Rudolf – China’s ‘Silk Road’ Initiative Is at Risk of Failure

 

http://thediplomat.com/2015/09/chinas-silk-road-initiative-is-at-risk-of-failure/

 

Shannon Tiezzi – The Belt and Road: China’s Economic Lifeline?

http://thediplomat.com/2015/07/the-belt-and-road-chinas-economic-lifeline/

 

Catherine Putz – Will All Roads in Central Asia Eventually Lead to China?

 

http://thediplomat.com/2015/06/will-all-roads-in-central-asia-eventually-lead-to-china/

 

Shannon Tiezzi – China’s ‘New Silk Road’ Vision Revealed

http://thediplomat.com/2014/05/chinas-new-silk-road-vision-revealed/

 

Shannon Tiezzi – The New Silk Road: China’s Marshall Plan?

 

http://thediplomat.com/2014/11/the-new-silk-road-chinas-marshall-plan/

 

Zhiqun Zhu – China’s AIIB and OBOR: Ambitions and Challenges

 

http://thediplomat.com/2015/10/chinas-aiib-and-obor-ambitions-and-challenges/

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *