ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ახალი აბრეშუმის გზა და საქართველო

20 Oct , 2015  

გასულ კვირას, როცა ჩემი ესსე “ახალი აბრეშუმის გზა – ჩინური მითი თუ სამომავლო რეალობა?” დავწერე, მასში ერთხელაც არ მიხსენებია საქართველო. მართლაც, საქართველო არც ისტორიულად ყოფილა აბრეშუმის გზის ძირითადი ნაწილი (ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთ-ერთი შემოვლითი გზა იყო) და არც ჩინეთის ამბიციური პროექტის ნაწილად მოიაზრებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამართულმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა” ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 15-16 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული ამ ფორუმით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტთან დაკავშირებით მსგავსი დონის ღონისძიება ჩაატარა, ამით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.

“რეგიონში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოზე მეტად იქნებოდა ღია ჩინური ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ჩინელი ხალხისა და კულტურისთვის, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისთვის…როდესაც ჩემი მთავრობა 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მკაფიოდ გავაცხადეთ ჩვენი ამბიცია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ადამიანთა შორის კონტაქტების მხრივ მტკიცე გლობალური პარტნიორობების შექმნასთან დაკავშირებით. ცხადია, ჩინეთი გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„აბრეშუმის გზის“ კონცეფცია არის მნიშვნელოვანი, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების განვითარების პოლიტიკას ერთი პლატფორმის ქვეშ და სხვადასხვა ქვეყნების კონკურენტულ უპირატესობებს ათავსებს ერთმანეთთან. ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდა საქართველოში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, მე არ მახსენდება ამხელა სპექტრი წარმოდგენილი ინვესტორებისა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ძალიან ბევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი პრემიერ მინისტრების და მინისტრების დონეზე. გაიმართა ძალიან საინტერესო განხილვები, არა მხოლოდ ზოგადი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა, არამედ იყო დარგობრივი განხილვებიც. კერძოდ ტრანსპორტის, ლოჯისტიკის სფეროში, სხვადასხვა დარგობრივი შესაძლებლობები და ა.შ. ეს ფორუმი პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ საქართველო გახდეს ცნობადი, კომფორტული ქვეყანა ინვესტიციისთვის. ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია და არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და კანონის უზენაესობა” – ეს სიტყვები კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ვიცე-პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ არსებული პოტენციალის სრული ათვისებით საქართველომ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მინისტრის თმით, ქვეყანას გააჩნია ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ დედაქალაქების გარდა მთავარ საფინანსო ცენტრებშიც გაფართოვდეს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო პოლიტიკა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო იმ დინამიზმს, რომელიც დღეს აზიის ქვეყნებში არსებობს, სათავისოდ გამოიყენებს და ეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ადაქვატურად აისახება. საქართველოში არსებობს ღია სივრცეები, სადაც შესაძლებელია ინვესტიციების შემოტანა. ეს არის უპირველეს ყოვლისა ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფერო, სადაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის ათვისება თავისუფლად შეიძლება; ასევე, ეს არის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი წარმოების სფერო; ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის სფერო; ენერგეტიკის სფერო და ძალიან დიდი ინტერესია ასევე ფინანსური სექტორის მიმართულებით. ამ ორი დღის განმავლობაში ძირითადად ამ სფეროებზე იყო გამოხატული ძლიერი ინტერესი. ჩვენ უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ დედაქალაქებში, არამედ იმ ცენტრებში სადაც ფინანსები იყრის თავს მაქსიმალურად უნდა გავაფართოოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების კამპანია და კონკრეტული ქმედებების დავაგვირგვინოთ ეს. ამისთვის ქვეყანას ყველა ინსტრუმენტი გააჩნია” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს ინტერესი ამ პროექტის მიმართ აშკარად გამოიკვეთა, მაგრამ რას გულისხმობს ეს ინიციატივა, რამდენად იქნება საქართველო მასში ჩართული და რა უპირატესობას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?

 

რას გულისხმობს ახალი აბრეშუმის გზის პროექტი?

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა – ასევე ცნობილი როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზა (OBOR) გახლავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევრაზიის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას.

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი მოიცავს ისტორიული აბრეშუმის გზის ქვეყნებს ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში. ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება. გარდა გზის ისტორიული ქვეყნებისა, პროექტი ასევე მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. პროექტის თანახმად ახალი აბრეშუმის გზა ცენტრალური ჩინეთიდან, სიანიდან დაიწყება, შეუერთდება განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჭოუს (ქალაქს, სადაც ახლა ამ ესეს ვწერ), გაგრძელდება ურუმჩიში (სინძიანის პროვინცია) და ხორგასში (სინძიანის პროვინცია), საიდანაც დატოვებს ჩინეთის საზღვრებს და ყაზახეთისკენ აიღებს გეზს. შემდეგ გზა გადის ცენტრალური აზიიდან ირანის ჩრდილოეთამდე, საიდანაც გრძელდება ერაყში, სირიაში და თურქეთში. სტამბულიდან ბოსფორის სრუტის გავლით გადადის ევროპაში – ბულგარეთში, რუმინეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და გერმანიაში. გერმანიაში დუისბურგიდან გრძელდება ჰოლანდიაში, კერძოდ კი როტერდამში, იქედან კი იტალიაში – ვენეციაში, სადაც უერთდება ამავე პროექტის მეორე განშტოებას – 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზას.

რაც შეეხება 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზას, ეს არის პროექტი რომელიც მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ოკეანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაჭრობის განვითარებაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის, წყნარი ოკეანის და ინდოეთის ოკეანის გავლით. თავისი მარშრუტით ეს გზა მოიცავს ცუანჭოუს (ფუძიანის პროვინცია), გუანჭოუს (გუანდუნის პროვინცია), პეიხაის (გუანსის პროვიცნია), ხაიკოუს (ხაინანის პროვინცია), კუალა ლუმპურს, ნაირობის საიდანაც ის აფრიკაში გადადის, შემდეგ ათენში ინაცვლებს და ბოლოს ვენეციაში უერთდება აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს.

როგორც ხედავთ პროექტი ძალიან მასშტაბური და ამბიციურია და ბუნებრივია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ 2014 წლის ნოემბერში სი ძინპინმა აბრეშუმის გზის ფონდის შემქნა დააანონსა. ფონდის საწყისი კაპიტალი 40 მილიარდი ამერიკული დოლარია და უმთავრესი მიზანი არა თანხის გასესხება, არამედ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხის ინვესტირებაა.

როგორც ხედავთ, საქართველო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ საკმარისია თვალი გადავავლოთ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების დინამიკას და მაშინვე ვნახავთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაზრდილ ინტერესს ბოლო წლების განმავლობაში, რაც შემთხვევითი ნამდვილად არაა და შესაძლოა სწორედ ახალი აბრეშუმის გზას უკავშირდებოდეს.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტის თავდაპირველი რუკა. როგორც ხედავთ, საქართველო ამ პროექტის მონაწილე ქვეყნად არ მიიჩნეოდა.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტის თავდაპირველი რუკა. როგორც ხედავთ, საქართველო ამ პროექტის მონაწილე ქვეყნად არ მიიჩნეოდა.

 

ჩინურ-ქართული ურთიერთობები

 

ჩინეთის ინტერესი საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიის მიმართ არც ახალია და არც მოულოდნელი, მაგრამ ჩინეთი არასდროს არ განიხილავდა ამ რეგიონს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კი, შეიძლება საქართველო და მთლიანად რეგიონი ჩინეთის გეგმებში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინოს.

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა, ეს ურთიერთობები ძირითადად ეკონომიკურ ასპექტზე იყო მიმართული, მაგრამ ამ მხრივაც არ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, მეოცე საუკუნეში სავაჭრო ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 3.7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. თუმცა, ბოლო წლებში ჩინეთის დაინტერესება ჩვენი ქვეყნით საგრძნობლად გაიზარდა, თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეს გამოიხატებოდა ჩინური კრედიტებით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბოლო წლებში ის ჩინეთი უკვე თავად გვევლინება ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად და მოთამაშედ. ძალიან მალე “შუა სამეფო” უკვე საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორად მოგვევლინა, თურქეთის და აზერბაიჯანის შემდეგ. თუ 2006 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 115 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, 2014 წლისთვის ის 820 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. საქართველოდან ექსპორტი 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2014 წელს 1800 (!) პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (FDI) 2011 წლისთვის ის 9.6 მილიონ ამერიკულ დოლარის ნიშნულზე იყო, 2014 წელს კი 200 მილიონს მიაღწია. დღეისათვის ჩინეთი უკვე შეგვიძლია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორად მივიჩნიოთ, თუმცა, ჩინეთის ინტერესი მხოლოდ ახლა მძლავრდება და ეს ციფრები მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, ჩინეთი იწყებს ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სისტემებში და ინფრასტრუქტურაში.

 

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ დაინტერესდა ჩინეთი საქართველოთი და რატომ ახორციელებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, მაშინ როცა საწყის გეგმაში ჩვენი ქვეყანა ნახსენებიც კი არ იყო?

 

“შუა სამეფო” ევროპისა და აზიის შუაგულში

ალბათ, ძალიან რთული დასადგენია ზუსტად როდის და რატომ გადაწვიტა ჩინეთმა თავის ამბიციურ გეგმებში საქართველოს ჩართვა, უმთავრესი მიზეზი ალბათ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებაორებაშია და სავარაუდოდ  “შუა სამეფომ” ამიტომ ჩაგვთვალა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საუკეთესო ხიდად, ამასთანავე, დამატებით პლიუსად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან ჩინეთის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ქვეყნებს შორის დამაკვშირებელი რკინიგზების მშენებლობას გულისხმობს, ჩინეთის ეკონომიკის დაღმასვლის ფონზე კი უკვე გამზადებული დამაკავშირებელი რკინიგზა აზიასა და ევროპას შორის ჩინეთისთვის ნამდვილად მიმზიდველია. ამა წლის დასაწყისში პეკინის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ გაიზარდა,  მარტის დასაწყისში კი ჩინეთს ქართული დელეგაცია ესტუმრა, (იმ დროს) ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვდა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელებს, მხარეებმა განიხილეს ჩინეთის ახალი ინიციატივა, ორმხრივი ვაჭრობა და ჩინურ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივები. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ჩინურმა მხარემ პირველად, რომ ახალი აბრეშუმის გზა საქართველოზეც გავიდოდა. ასევე გახდა ცნობილი, რომ  საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ამ ვიზიტის დასრულებიდან ერთ თვეში პეკინს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ესტუმრა დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად, 8-13 ოქტმბერს კი პეკინში სამუშაო ვიზიტით პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. დავოსის სამიტის შემდეგ პრემიერი ჩინელ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს შეხვდა, უმთავრესი შეხვედრა კი ჩინელ კოლეგასთან, ლი კეციანთან ჰქონდა, რის შემდეგადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყება,  გარდა ამისა ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU) და ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სამომავლო აქტიურ თანამშრომლობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა კაო ხუჩენმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს ჩინეთისა და ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის “სტრატეგიული მნიშვნელობა” გააჩნია.

“საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება” – ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. მანვე დისკუსიის მონაწილეებთან საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც საქმე ეხება აბრეშუმის გზას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს, აღსანიშნავია ბევრი საინტერესო ფაქტორი. მაგალითად, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვაქციოთ საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად. ჩვენ გვინდა ახალი პორტის, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა. ამ პორტის მშენებლობა მოიცავს შვიდ ფაზას, და არსებობს დიდი დაინტერესება ჩინური კომპანიების მხრიდან, რომელთაც სურთ ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით: გზების მშენებლობა, ხიდების აგება და ასე შემდეგ. ლაპარაკია საქართველოში რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიციებზე,“

„მაგალითად, რამდენიმე თვის წინ საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდა ცხრა დღეში. ეს იყო პირველი საცდელი მატარებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტრანსპორტირების დრო შემცირდება, ასევე 7 000 კილომეტრით შემცირდება დისტანცია. ანუ, აქ ლაპარაკია ფულის დაზოგვაზე, დროის დაზოგვაზე. ასე რომ, ვთვლი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან და, ზოგადად, აკავშირებს აზიასა და ევროპას ამ უმოკლესი მარშრუტის მეშვეობით. ვთვლი, რომ ამ პროექტში საქართველოს შეუძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება,“– აღნიშნა პრემიერმა.

დისკუსიის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყანა მშვიდობის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის ცენტრად იქცეს, რაც საქართველოს ისტორიული მისიაა.

ის, რომ ჩინელები არ ხუმრობენ და არც უბრალოდ აწერენ ქაღალდზე ხელს პრემიერის ვიზიტისთანავე დამტკიცდა. ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ (CRCC) საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის გაფორმებისას აღინიშნა, რომ საქართველომ და ჩინეთმა უკვე მიაღწიეს წარმატებებს სარკინიგზო სექტორში. კერძოდ, განხორციელდა პირველი სატვირთო სარკინიგზო რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა სარეკორდო დროში – ცხრა დღეში მაშინ, როცა იმავე მარშრუტით საზღვაო გადაზიდვას სჭირდება დაახლოებით 45-60 დღე. სამომავლოდ კი იგეგმება ამ სექტორის კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტსაც შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს”- ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტს ლიცუნ ძის ეკუთვნის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრი სფერო, რომლებიც ჩინური კომპანიების ყურადღებას იწვევს. კერძოდ, ინვესტორებისთვის საინტერესოა ტრანსპორტის (რკინიგზა, პორტები), ენერგეტიკის (განახლებადი ენერგია, ჰიდრორესურსები), მრეწველობის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორები.

პრემიერის ვიზიტის დროს ასევე გახდა ცნობილი, რომ ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება. ამის შესახებ პირადად კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა სი წეფუმ განაცხადა. პროექტი ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 180-200 მლნ აშშ დოლარია.

პრემიერის ვიზიტიდან ასევე გახდა ცნობილი, რომ ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited” შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერის პეკინში ყოფნისას დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვიზიტის ბოლოს პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. პრემიერი მიიჩნევს, საქართველო წარმატებით იყენებს თავის სტრატეგიულ მდებარეობას, რათა გახდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივისა და მისი ხედვის ნაწილი, როგორც ის გაცხადებულია ჩინეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში.

პრემიერის ვიზიტის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა.

 

რატომ?

 

ჩინეთის დაინტერესება საქართველოთი აშკარად იკვეთება, მაგრამ ბუნებრივია ჩნდება კითხვა “რატომ?”

რა ინტერესები ამოძრავებს ჩინეთს?

ახალი აბრეშუმის გზის ამბიციური პროექტის ფარგლებში ჩინეთის დასაყრდენად ევროპაში ბელორუსია და უნგრეთი მიიჩნეოდა, სწორედ ამ ორ ქვეყანას თვლიდა ჩინეთი დამაკავშირებელ ხიდად, მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს გეოგრაფიული მდეობარეობით “შუა სამეფო” უფრო მოხიბლული დარჩა, გარდა ამისა, თუ ბელორუსიაში და უნგრეთში მას საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება უწევდა სარკინიგზო სისტემისთვის, საქართველოში მას უკვე გამზადებული ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დახვდა, თანაც, როგორც აღმოჩნდა, ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირებაც უფრო სწრაფად ყოფილა შესაძლებელი. ჩინელებმა ასევე ძალიან კარგად იციან, რომ საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც საშუალებას მისცემს ჩინურ კომპანიებს, საქართველოს გავლით გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, თუ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა (რაზეც უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც უკვე აღვნიშნე) ამაზე საუბარი უკვე რეალური იქნება.

ჩინური ინვესტიციების შედეგად, საქართველო შესაძლოა გახდეს ჩინეთისთვის ახალი აბრეშუმის გზის პროექტის დასაყრდენი და უმთავრესი ხიდი, ამრიგად, ჩინეთის ეკონომიკის დაღმასვლიდან გამომდინარე პეკინის მთავარი ინტერესი ამ პროექტის განხორციელებაა, თანაც შედარებით ნაკლები დანახარჯებით.

მაგრამ რაში მდომარეობს ჩვენი ინტერესი? რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა ჩინეთის დაინტერესებას?

ბუნებრივია ისეთ ამბიციურ და გრანდიოზულ პროექტში ჩართვა, როგორიც ახალი აბრეშუმის გზაა, უდიდეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, საუბარია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზე, დამატებითი ინვესტიციების მოძიებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სწრაფ განვითარებაზე  და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე.

“2015 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ჩინეთთან შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებადობის ანალიზის ჩატარება. კვლევის წინასწარმა შეფასებამ დაადგინა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შეიძლება გაზარდოს ქართული ექსპორტი ჩინეთში 9 პროცენტით, ხოლო ჩინური ექსპორტი საქართველოში 1.7 პროცენტით. გარდა ამისა, ჩვენი ამბიციები ეხება ჩვენი მომსახურების სფეროს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სტრატეგიული სექტორის განვითარებას. ვაჭრობა იძლევა მსოფლიოს საოცრებათა ნახვის საშუალებას და ეს ძირითადი ინსტინქტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორისთვის. ლაპარაკია ტურიზმზე. ჩინეთსა და საქართველოს აკავშირებთ მდიდარი და საინტერესო ისტორია, რომლის ფესვებიც ათასობით წლის წინ უნდა ვეძებოთ. მომთხოვნ ჩინელ ტურისტებს ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას კონკურენტულ ფასებში. ევროპისა და აზიის, მთებისა და ზღვის გასაყარზე ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი დონის სათხილამურო კურორტებსა და პლაჟებს, არექეოლოგიური ღირსშესანიშნაობების ფართო ასორტიმენტს, შეუდარებელ ბუნებას და მსოფლიოში პირველად დაყენებული ღვინის გემოს. სხვათა შორის, ამ მხრივ ბევრი ჩინელი უკვე გაეცნო საქართველოს – ჩვენი ღვინის ექსპორტი ხომ 41 და 31 პროცენტით გაიზარდა 2014 და 2015 წლებში. ამასობაში კი ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. საქართველომ მოიპოვა „დამტკიცებული ადგილის სტატუსი“, ხოლო ჩინეთის სამხრეთის ავიაკომპანია ყოველკვირეულად ახორციელებს სამ რეისს ურუმჩი-თბილისი. რასაკვირველია, ჩვენთვის მისასალმებელია, თუ თქვენ ამ რეისით ისარგებლებთ,” პრემიერის ამ განცხადებაში ნათლად ვხედავთ კიდევ რამდენიმე პლიუსს, რაც გულისხმობს ექსპორტის ზრდას, კულტურულ გაცვლას, ტურიზმის განვითარებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ უმთავრესი ფაქტორი, პრემიერს მაინც არ აღუნიშნავს.

თუ აბრეშუმის გზა საქართველოზე გაივლის, ეს იქნება როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი. პეკინს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ახალი აბრეშუმის გზის პროექტში ჩართვით, კი, ფაქტიურად ჩინეთი ხდება ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია რუსეთს ახარებდეს ჩინეთის მზარდი გავლენა რუსეთის “გავლენის სფეროდ” წოდებულ “ახლო სამეზობლოში”, მაგრამ საერთაშორისო იზოლაციის და ჩინეთზე დამოკიდებული ენერგეტიკული შეთანხმებების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვმა პეკინისთვის გზის გადაღობვა გაბედოს. ამრიგად ეკონომიკური სარგებლის გარდა, აბრეშუმის გზას შეუძლია მოუტანოს საქართველოს და მთლიანად რეგიონს უსაფრთხოება და სტაბილურობა. თუმცა, როგორც წინა ესსეში აღვნიშნე, პროექტს წინ არაერთი გამოწვვა უდგას, მათ შორისაა ჩინეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოწვეული იმიჯი, ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება ცენტრალურ აზიაში, უკრაინის კრიზისი (რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის ჩინურ-რუსულ-ევროპული პროექტის განხორციელებას) და ეკონომიკური დაღმასვლა ჩინეთში. გავხდებით თუ არა ახალი აბრეშუმის გზის მომსწრე და ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშე, ამას დრო გვიჩვენებს.

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

 

გამოყენებული მასალა:

 

Michael Cecire – China’s Growing Presence in Georgia

http://thediplomat.com/2015/05/chinas-growing-presence-in-georgia/

 

Christopher Isajiw – China and Georgia’s Economic Relations: Diversity and Contrasts

http://thediplomat.com/2013/05/1537/

 

Yaroslava Babych, Lasha Labadze, and Eric Livny – The New Silk Road Chain Is Only as Strong as Its Weakest Link

 

http://georgiatoday.ge/news/1569/The-New-Silk-Road-Chain-Is-Only-as-Strong-as-Its-Weakest-Link

 

Shannon Tiezzi – In Belarus, China Seeks Gateway to Europe

http://thediplomat.com/2015/05/in-belarus-china-seeks-gateway-to-europe/

 

Shannon Tiezzi – China’s Silk Road in Europe: Not Just Hungary

 

http://thediplomat.com/2015/06/chinas-silk-road-in-europe-not-just-hungary/

 

China, Georgia start feasibility study on FTA – Xinhua/ChinaDaily

http://www.chinadaily.com.cn/business/2015-03/11/content_19781905.htm

 

Georgian Parliament Speaker Visits China – Civil Georgia

http://www.civil.ge/eng/article.php?id=28654

 

Georgian Deputy Foreign Minister Visits China – Civil Georgia

http://www.civil.ge/eng/article.php?id=28516

 

Silk Road project promotes Georgia-China economic relations – Agenda.ge

 

http://agenda.ge/news/31088

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *