ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

სი ძინპინის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში – “გაქცევა ჩინეთისკენ?”

26 Oct , 2015  

19-23 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი გაერთიანებულ სამეფოს ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით. ამრიგად სი გახდა ჩინეთის პირველი პრეზიდენტი ბოლო ათი წლის განმავლობაში ვინც ბრიტანეთს ესტუმრა, მიგვანიშნა რა ამით, ჩინურ-ბრიტანული ურთიერთობების გამოცოცხლებაზე, რომელსაც 2012 წლის შემდეგ (მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კამერონი დალაი ლამას შეხვდა) საუკეთესოს ვერ ვუწოდებდით. 2013 წლიდან დაიწყო ურთიერთობების დალაგება, ამ დროს კამერონი პეკინს ესტუმრა და ორ ქვეყანას შორის 9 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებიც კი გაფორმდა, ამას შემდეგ მოჰყვა კამერონის ჩინელი კოლეგის, ლი კეციანის ვიზიტი ლონდონში და ახალი, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები. წელს ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის, ჩინეთის ვიცე პრემიერმა, ვან ჩაომ განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა “გაზარდონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ფინანსები, კულტურა და პერსონალური გაცვლა”. სის ვიზიტამდე კი ჩინეთს გაერთიანებული სამეფოდან კანცლერი ჯორჯ ოსბორნი ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ “ბრიტანეთი უნდა გაიქცეს ჩინეთის მიმართულებით”. “ჩვენ უნდა ვაკეთოთ მეტი ბიზნესი ჩინეთთან, უნდა გვქონდეს მეტი კავშირი ჩინურ ეკონომიკასთან. ჩვენმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მყარი კავშირი უნდა დაამყარონ. ჩვენი შეტყობინება ჩინეთისადმი ნათელია: ჩვენ გვინდა, რომ დიდი ბრიტანეთი იქცეს ჩინეთის საუკეთესო პარტნიორად დასავლეთში” განაცხადა ოსბორნმა.

გაერთიანებული სამეფო შესაძლოა უკვე იყოს “ჩინეთის საუკეთესო პარტნიორი დასავლეთში”. მაშინ როცა დასავლეთი – განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები აქცენტს აკეთებს ჩინეთის მიდგომაზე ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, ბრიტანეთი უფრო სასარგებლო პოზიციას იჭერს. დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა რომელიც შეუერთდა ჩინეთის დაარსებულ აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების ბანკს (AIIB). სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ კი ქვეყნებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაღრმავდება. ბრიტანეთის პრემიერმა დეივიდ კამერონმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გამოიყენეს ტერმინები “ოქროს წელი” და “ოქროს პერიოდი” რათა დაეხასიათებინათ ჩინეთ-ბრიტანეთის სამომავლო ურთიერთობები.

მაგრამ, რეალურად რას შეიძლება ველოდოთ ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობიდან, რა ინტერესი გააჩნია თითოეულ მათგანს და როგორია რეალური სურათი? 

პირველი და უმთავრესი ასპექტი ჩინურ-ბრიტანულ ურთიერთობებში ეკონომიკაა. 2012 წელს კამერონის და დალაი ლამას შეხვედრის შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, 2013 წელს კი ჰონგ კონგში მომხდარმა ფაქტებმა სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, მაგრამ, როგორც ჩანს ბრიტანეთის პირველმა პირმა ამ ყველაფერზე თვალების დახუჭვა ამჯობინა და ახლა ის პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს, აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა AIIB-ს. როგორც ჩანს, ბოლო წლებში კამერონი დაკარგული დროის ანაზღაურებას და ჩინეთის მაქსიმალურ დაინტერესებას ცდილობს. ბრიტანეთი უკვე გახდა ჩინეთის ნომერ მეორე ევროპული სავაჭრო პარტნიორი (გერმანიის შემდეგ), ჩინეთი კი ბრიტანეთის ნომერ მეორე არა-ევროპული სავაჭრო პარტნიორია, ჩინეთი ასევე არის ნომერ მეორე ინვესტიციების წყარო ბრიტანეთში. კამერონის პოლიტიკა კი ამ უერთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უკავშირდება. მართალია ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში კარგად ვითარდება, მაგრამ მას მაინც აკლია სტაბილურობა, ეს ჩანს თუნდაც იქედან, რომ ინგლისის ბანკი არ ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ის რეკორდულ მინიმუმზეა. სწორედ ამიტომ, კამერონს სჭირდება ჩინეთი, სჭირდება ჩინური ინვესტიციები. ჩინეთის პირველი პირის ვიზიტამდე შემდგარი ოსბორნის ჩინური ვოიაჟიც სწორედ ამისკენ იყო მიმართული,  ოსბორნმა თან ჩაიტანა 24 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ბრიტანული კომპანიების სია, რომლებიც ჩინელ ინვესტორებს ეძებდნენ. ბრიტანეთმა ჩინეთს შესთავაზა 200 მილიონიანი ინვესტიციების გაკეთება საგზაო ინფრასტრუქტუაში ლიდსში, 400 მილიონიანი კაპიტალდაბანდების გაკეთება გაზში, სარკინიგზო სფეროში. საპასუხოდ ჩინეთი სულ არ იხევს უკან, პასუხი იყო, რომ ჩინეთი მზადაა ბრიტანეთის ინფრასტრუქტურაში 2025 წლამდე 105 მილიარდ ფუნტზე მეტი ჩადოს, ისეთ დარგებში როგორიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

სწორედ ეს უკანასკნელი დარგი შეიძლება ჩავთვალოთ სის ბრიტანული ვიზიტის მთავარ თემად. ლონდონში ყოფნისას ჩინეთის პირველმა პირმა დაადასტურა, რომ ჩინეთი “Hinkley Point C nuclear power project”-ში განახორციელებს ინვესტიციას, სხვადასხვა წყაროები ინვესტიციის მოცულობას ასახელებენ 25-დან 40 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე. ჩინური მხრიდან პროექტში ჩართული იქნება China National Nuclear Corporation და China General Nuclear Power Group-ი, სწორედ მათი დახმარებით 30 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველ ბირთვულ სადგურს ვიხილავთ.  პროექტი 25000 სამუშაო ადგილს ქმნის და ეს იქნება ევროპაში აშენებული პირველი ბირთვული სადგური ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ.

ჩინეთი ასევე გამოთქვამს ინტერესს რკინიგზის დარგში, მათი განცხადებით ისინი მზად არიან ლონდონისა და ბირმინგების დამაკავშირებელ მაღალ-სიჩქარიანი რკინიგზის ქსელის შესაქმნელად ინვესტიციების განსახორციელაბლად. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ჟან ძი-ს განცხადებით “ორმა ქვეყანამ უნდა გააღრმაოს ურთიერთობები და ინვესტიციები სარკინიგზო და ბირთვული ენერგეტიკის სფეროებში. ”

გარდა ამისა, ჩინელებს სურთ ისარგებლონ ლონდონის ფინანსური ცენტრის პოზიციით, შეთანხმებების შედეგად ლონდონი გახდება პირველი უცხოური ფინანსური ცენტრი რომელსაც შეეძლება ვაჭრობა ჩინური ობლიგაციებით.  ლონდონს იმედი აქვს, რომ ის გახდება ჩინური იუანით ვაჭრობის ცენტრი ევროპაში. ჩინეთისთვის ეს ყველაფერი შესანიშნავი შანსია იუენის საერთაშორისო ვალუტად ქცევისათვის. ასევე იგეგმება ლონდონისა და შანხაის საფონდო ბირჟების დაკავშირება, რაც ბილატერალურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს.

რა თქმა უნდა, სი ძინპინმა არც ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე საუბრის შანსი გაუშვა ხელიდან, როგორც ჩანს ბრიტანეთს ჩინეთის გეგმებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

მართალია, ანგლო-სინურ ურთიერთობებში წამყვანი თემა ეკონომიკაა, მაგრამ უკვე არის იმის ნიშნები, რომ ჩინეთს პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდაც სურს. ჩინეთის ვიცე პრემიერმა ვანმა განაცხადა რომ ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, არამედ უნდა დაამყარონ ხანგრძლივი კავშირი საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზეც. მან მაგალითად მოიყვანა თანამშრომლობა “ირანულ, სამხრეთ სუდანურ და სხვა საკითხებზე.”

“ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი სი ძინპინი ბრიტანელ ლიდერებთან ისაუბრებს ორმხრივ ურთიერთობებზე და საერთაშორისო გამოწვევებზე, რათა ქვეყნები შეჯერდნენ საერთაშორისო პოზიციაზე და სამომავლოდ გაზარდონ ურთიერთთანამშრომლობა ამ მხრივ” – განაცხადა ვანმა. თუმცა, გარდა თანამშრომლობისა საერთაშორისო საკითხებზე, აშკარაა პეკინის სურვილი პოლიტიკური სტატუსის ამაღლებისა ბრიტანეთში და ევროკავშირში. საუბარი “ოქროს პერიოდზე”, მაღალი რანგის შეხვედრები მათ შორის ელისაბედ II-სთან, მიანიშნებს ჩინეთის სერიოზულ დაინტერესებაზე და როგორც ჩანს არც ბრიტანეთია უარზე.

რა თქმა უნდა,  ჩინეთის პოლიტიკურ დაინტერესებას სათავისოდ იყენებს კამერონიც. მის დღის წესრიგში დგას მოლაპარაკებები ევროკავშირთან ბრიტანეთის საკითხზე. სის 2014 წლის ევროპული ვიზიტიდან განსხვავებით, (როცა ის რამდენიმე ევროპული ქვეყანას ერთდროულად ესტუმრა) ამჯერად ჩინეთის პირველმა პირმა სტუმრობის პატივი მხოლოდ ბრიტანეთს დასდო, რაც ბუნებრივია ხაზს უსვამს ჩინეთის ინტერესს და მიდგომას ამ ქვეყნისადმი, ეს კი ლონდონს მეტ სავაჭრო ძალას აძლევს ბრუსელთან.

ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება ასევე შესაძლოა დაეხმაროს კამერონს მსოფლიო პოლიტიკაში ბრიტანეთის ჩამოქვეითებული როლის გაზრდაში, ქვეყნის შიგნით  კი მოსახლეობის მეტი მხარდაჭერის მოპოვებაში.

მთლიანობაში სის ვიზიტის ფარგლებში 150 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რკინიგზის, ენერგეტიკის, ავიაციის და ტელეკომუნიკაციის საკითხებში. საუბარია ათეულობით მილიარდიან ინვესტიციებზე. ჩინეთის დაინტერესების შედეგად ბრიტანეთი მიიღებს ახალ ბირთვულ სადგურს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეტ ინვესტიციას ამ რეგიონიდან, აიმაღლებს მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარ სტატუსს მაგრამ რის სანაცვლოდ?

კამერონმა გაითვალისწინა დალაი ლამასთან შეხვედრის შემდეგ მიღებული გაკვეთილი და ამჟამად ჩინეთთან უფრო პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. სის ვიზიტამდე ბრიტანეთში ჩინეთის ელჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტისთვის არ წამოეყენებინათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. მართლაც, მიუხედავად კულტურული და იდეოლოგიური განსხვავებებისა, ბრიტანეთი ცდილობს ამ თემებზე თვალი დახუჭოს და ჩინეთს პოზიტიური შეტყობინებები გაუგზავნოს. კამერონმა იცის, რომ სასწორზე ბევრი რამ დევს და ურჩევნია ჩინეთთან “თვალებდახუჭული” მაგრამ, კარგი ურთიერობები. ეს ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, ჩინურ წისქვილზე ასხამს წყალს. შეიძლება ითქვას, რომ სის ვიზიტის შემდეგ პეკინმა იპოვა ევროპაში ძლიერი და მყარი დასაყრდენი, როგორც საკუთარი პროდუქციის გასატანად და ინვესტიციების გასაკეთებლად, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებლად. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ პეკინმა მოაგვარა ჰონგ კონგის საკითხიც, თუ გასულ წელს პეკინის ცვლილებებს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონში ლონდონის უკმაყოფლება მოჰყვა, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების შედეგად, პეკინს ფაქტიურად სრული გარანტია აქვს, იმის, რომ თუ ჩინეთი კვლავ მოინდომებს ჰონგ კონგში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას (და ის ამას აუცილებლად გააკეთებს, როგორც კი მისი ძალაუფლება და როლი გაიზრდება), ლონდონი ამ ფაქტზე უბრალოდ თვალებს დახუჭავს და გაჩუმდება. ამრიგად, დიდმა ბრიტანეთმა მართლაც არჩია “ჩინეთისკენ გაქცევა”, ვნახოთ სად მიიყვანს გაერთიანებულ სამეფოს ეს გზა.

 

სის ვიზიტმა ყველა ჩინური გაზეთის ყურადღება მიიპყრო.

სის ვიზიტმა ყველა ჩინური გაზეთის ყურადღება მიიპყრო.

 

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

გამოყენებული მასალა:

Ministry of Foreign Affairs of China –  Foreign Ministry Holds Briefing for Chinese and Foreign Media on President Xi Jinping’s State Visit to the UK

http://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/topics_665678/xjpdygjxgsfw/t1306129.shtml

Marion Dakers – Pomp, pageantry and pounds for China’s first state visit in a decade

http://www.telegraph.co.uk/finance/china-business/11937244/Pomp-pageantry-and-pounds-for-Chinas-first-state-visit-in-a-decade.html

Alex Morales and Rachel Morison – U.K., China Poised for Deal on World’s Costliest Nuclear Plant

http://www.bloomberg.com/news/articles/2015-10-17/u-k-china-poised-for-deal-on-world-s-costliest-nuclear-plant

Shi Zhiqin and Lai Suetyi – Xi’s Visit to Kick Off a Golden Age of China-UK Relations

http://thediplomat.com/2015/10/xis-visit-to-kick-off-a-golden-age-of-china-uk-relations/

Bochen Han – Britain’s Great China Debate

http://thediplomat.com/2015/10/britains-great-china-debate/

Shannon Tiezzi – What to Expect From Xi’s Historic Visit to the UK

http://thediplomat.com/2015/10/what-to-expect-from-xis-historic-visit-to-the-uk/

Aisha Gani – Xi Jinping signs nuclear deal as UK and China clinch £40b n of contracts

http://www.theguardian.com/world/2015/oct/21/xi-jinping-poised-to-sign-nuclear-deal-as-uk-seeks-to-clinch-30bn-of-contracts

Rachel Middleton – UK and China to sign more than £30bn worth of deals during President Xi Jinping’s 4-day visit

http://www.ibtimes.co.uk/uk-china-sign-more-30bn-worth-deals-during-president-xi-jinpings-4-day-visit-1524766

Duncan Hewitt  – Chinese President’s State Visit to UK: Tiaras, Trade Deals And Nuclear Projects — But No Protests Allowed

http://www.ibtimes.com/chinese-presidents-state-visit-uk-tiaras-trade-deals-nuclear-projects-no-protests-2152006


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *