ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა

ჩინური ორი ერთის ნაცვლად?

3 Nov , 2015  

 

 

29 ოქტომბერს პეკინში, კომპარტიის მეხუთე ყრილობაზე ოფიციალურად გაუქმებულად გამოცხადდა ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკა.

დიახ,  დემოგრაფიული ექსპერიმენტი, რომლის ანგარიშზეც 1980 წლის შემდეგ 336 მილიონზე მეტი შეწირული სიცოცხლეა დასრულდა, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას ჩინეთის ლიბერალურ ტრანსფორმაციაზე. ერთი შვილის პოლიტიკა კი არ გაუქმდა, ის ორი შვილის პოლიტიკად “გადაკეთდა”. თუმცა, არც ეს არის სახელმწიფოს კეთილი ნების გამოხატვის შედეგი, ცვლილების მიზეზები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ.

რა არის ერთი შვილის პოლიტიკა?

 

თავდაპირველად უმჯობესია გავეცნოთ თუ რას წარმოადგენდა ერთი შვილის პოლიტიკა.

ჩინეთის ისტორიაში მსგავსი უცნაური კანონები და რეფორმები ძირითადად მაო ძედუნის სახელს უკავშირდება, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მაო პირიქით, მაქსიმალურად ახალისებდა რაც შეიძლება მეტი შვილის გაჩენას, რადგან მიიჩნევდა, რომ მოსახლეობის ზრდა აძლიერებდა ქვეყანას. მართლაც, მაოს მოწოდებების შედეგად 1949 წლიდან 1976 წლამდე მოსახლეობა გაიზარდა 540 მილიონდიან 940 მილიონამდე. მაოს სიკვდილის შემდეგ, ჩინეთის სათავეში რეფორმატორი დენ სიაო პინი მოვიდა, სწორედ მან დაუდო სათავე ჩინეთის სწრაფვას რეფორმებისკენ, დასავლეთისკენ, მაგრამ მიუხედავად ჩინეთის ახალი მმართველის დასავლური, შეიძლება ითქვას ლიბერალური რეფორმებისა, სწორედ მის პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყნის სწრაფად მზარდმა მოსახლეობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამიტომ ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა ერთი შვილის პოლიტიკის შემოღება, მცირე გამონაკლისებით. თუ ოჯახი არ შედიოდა გარკვეულ კატეგორიაში, მათ მხოლოდ ერთი შვილის ყოლა შეეძლოთ, ხოლო ოჯახები, რომლებიც გააჩენდნენ მეორე ან მესამე შვილს, მკაცრად ისჯებოდნენ, კარგავდნენ სამსახურებს, ზოგჯერ მათ შვილებსაც კი ართმევდნენ. ამ პოლიტიკას ხშირად უწოდებენ “მსოფლიოში ყველაზე გასაოცარ დემოგრაფიული ექსპერიმენტს”, მართლაც პოლიტიკის დაწყების პირველივე წელს 20.7 მილიონმა ქალმა გაიკეთა აბორტი. მთლიანად კი ამ პოლიტიკას, როგორც უვკე აღვნიშნე, 336 მილიონი სიცოცხლე შეეწირა.

 

პოლიტიკის შერბილება

 

ერთი შვილის პოლიტიკამ 35 წლიანი ისტორიის მანძილზე რამდენიმე ტრანსოფრმაცია განიცადა. დაახლოებით ერთი დეკადის წინ, ზოგიერთმა ადგილობრივმა მმართველმა, გარკვეულ პროვინციებში პოლიტიკის შერბილება დაიწყეს. მაგ. ცოლ-ქმარს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა მეორე შვილი, თუ თავად ისინი (ორივე) საკუთარ ოჯახებში ერთადერთი შვილები იყვნენ. თუმცა, ეს მხოლოდ რეგიონალურ დონეზე ხდებოდა, 2013 წლიდან კი კომუნისტურმა პარტიამ გამოსცა ახალი კანონი, რომლის მიხედვით ყველა წყვილს ჰქონდა მეორე შვილის ყოლის უფლება თუ ცოლი ან ქმარი, ერთ-ერთი, მაინც იყო ერთადერთი შვილი საკუთარ ოჯახში. ამავე უფლებით სარგებლობდნენ ეთნიკური უმცირესობები, სოფლის მაცხოვრებლები, ოჯახები, რომელთა პირველი შვილი მძიმე დაავადებით დაიბადა, ზოგიერთ პროვინციაში კი (მაგ. განსუში, სადაც ახლა ვცხოვრობ) ოჯახს ჰქონდა მეორე შვილის ყოლის უფლება, თუ პირველი გოგო იყო. პოლიტიკის შერბილების შედეგად 2014 წელს ჩინეთში 16.9 მილიონი ბავშვი დაიბადა, მხოლოდ 470 000-ით მეტი ვიდრე წინა წელს. პოლიტიკის შერბილებამ ის ეფექტი ვერ გამოიღო რასაც დემოგრაფები ელოდნენ.  ორი შვილის პოლიტიკაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ესაა, ჩინეთს სჭირდება მოსახლეობის გაზრდა (თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ), მაგრამ პოლიტიკის შერბილებამ ვერ გაამართლა ამიტომ სცადეს მისი ოდავ შეცვლა.

 

ერთი შვილის პოლიტიკის “ზედმეტად კარგი” შედეგები და გაუმართლებელი მოლოდინები

 

მეთორმეტე ხუთწლედის წარდგენისას (რომელიც ფარავდა 2011-2015 წლებს) დაგეგმილი იყო, რომ 2015 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა მიაღწევდა 1.39 მილიარდს, ზრდის ტემპით 7.2 %. დღეისათვის კი რეალური სურათი განსხვავდება დაგეგმილისგან, მოსახლეობის ზრდის ტემპი მხოლოდ 5.2 %-ია, და ციფრიც დაგეგმილზე 15 მილიონით ნაკლები გახლავთ. ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი შვილის პოლიტიკის შედეგად ჩინელი ერი მალე “დაბერდებოდა” მანამდეც არსებობდა, თუმცა გაეროს სტატისტიკოსები ამას 2030 წლისთვის ვარადობდნენ, ახლა კი გამოჩნდა, რომ მოსახლეობის დაღმასვლა უფრო მალე, 2020 წლიდან დაიწყება.

მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა მთავარ მიზნად ისახავდა შობადობის კონტროლს, და სულ არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ მოსახლეობა იმაზე ნაკლებად იზრდებოდა ვიდრე ნავარაუდები იყო. ამაზე შუა სამეფოს პირველმა პირმა მხოლოდ ახლა გაამახვილა ყურადღება, მაგრამ შეიძლება ეს უკვე დაგვიანებულიც კია. როგორც ხედავთ, ერთი შვილის პოლიტიკამ ზედმეტად კარგად იმუშავა, რაც ჩინეთს ძალიან დიდ პრობლემებს უქადის.

ერთი შვილის პოლიტიკის შედეგად ჩინეთის შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა, ჩინეთის აღნიშნული მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე დაბალია, მხოლოდ 1.4 (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 2.5-ია, განვითარებული ქვეყნების 1.7. ჩინეთისთვის კი სიტუაციის გამოსასწორებლად 2.1-ია საჭირო.), შედეგადაც მოსახლეობა ძალიან სწრაფად “ბერდება”. South China Morning Post-ის თანახმად 2013 წლიდან 2014 წლამდე ჩინეთის მოსახლეობა 16-59 წლის ასაკის (სწორედ ეს კატეგორიაა მომუშავე ასაკი ჩინეთში) შემცირდა 3.7 მილიონით, მაშინ როცა 60-ს გადაცილებული მოსახლეობა 10 მილიონით გაიზარდა და ახლა ჩინეთის მოსახლეობის 15.5 %-ს შეადგს. ჩინეთის მომუშავე მოსახლეობა კლებას განაგრძოს, მაშინ როცა ასაკიანი ხალხი იმატებს და 2030 წლისთვის სავარაუდოდ მთელი მოსახლეობის 25 % გახდება. ამჟამად ჩინეთში საშუალოდ 5 დასაქმებული ადამიანი “ინახავს” 1 პენსიონერს, თუ ჩინეთში შობადობის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება, 2040 წლისთვის 1.6 მომუშავე ჩინელს მოუწევს 1 პენსიონერის შენახვა.

Shobadoba

Aging

ერთი შვილის პოლიტიკამ მოსახლეობის დაბერების გარდა, გენდერული დისბალანსიც გამოიწვია. მშობლებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი შვილის გაჩენის უფლება ჰქონდათ, ერჩივნათ ბიჭი გაეჩინათ. რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ჩინეთში 34 მილიონით მეტი მამაკაცია ვიდრე ქალი. როგორც ვარაუდობენ, ყოველწლიურად მამაკაცების 12-15 %-მდე დაუქორწინებელი დარჩება, რადგან ქალების და მამაკაცების რაოდენობაში ძალიან დიდი სხვაობაა, ეს კი კიდევ უფრო დაბალ შობადობის მაჩვენებლამდე მიგვიყვანს.

 

Female

ამ პრობლემებს საბოლოოდ მივყავართ ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე – ეკონომიკურ ზრდაზე. ჩინეთის ეკონომიკა ამჟამად ისედაც არ ითვლის საუკეთესო დღეებს, ჩინური ვალუტა, იუენი აგვისტოში 4.5%-ით გაუფასურდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა. ვალუტის დევალვაციის გამო არსებობდა მოლოდინი, რომ ეს წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებელზე დადებითად აისახებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, ექსპორტი 8 %-ით შემცირდა. საფონდო ბირჟების ვარდნამ ქვეყანაში ინვესტორთა მოლოდინები მკვეთრად გააუარესა, რის გამოც ინვესტორებმა და მოსახლეობამ ხარჯვა შეამცირა, შედეგად ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნა შემცირდა. ჩინეთის კერძო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ინდექსი ექვსი წლის მინიმუმამდე დაეცა. მსოფლიო ბანკმა ჩინეთს 2015 წელს 7 %-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა, ნაცვლად უკვე ტრადიციული ორციფრიანი მაჩვენებლისა, თუმცა შესაძლოა ზრდამ 7 %-საც კი ვერ მიაღწიოს. ამ ყველაფრის ფონზე მომუშავე მოსახლეობის შემცირება და პენსიონერების ზრდა ჩინეთის ეკონომიკისთვის სიკვდილის მომასწავებელია. სწორედ ამის თავიდან აცილების მცდელობა მიმაჩნია მე ერთი შვილის პოლიტიკის გაუქმების (ან უფრო ცვლილების) მთავარ მიზეზად.

GDP

VS

არის თუ არა ორი შვილის პოლიტიკა გამოსავალი?

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამა წლის 29 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ ნებისმიერ ოჯახს, ჰქონდა უფლება ჰყოლოდა ორი შვილი, აღარ იყო საჭირო არანაირ სპეციალურ კატეგორიაში მოხვედრა ან ჯარიმის გადახდა. მაგრამ არის კი ეს გამოსავალი?

პასუხი აშკარაა – არა.

ორი შვილის გაჩენა ჩინეთში აქამდეც შესაძლებელი იყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ ოჯახი გარკვეულ კატეგორიებში ვერ შედიოდა. ოჯახი რომელსაც მეორე შვილის ყოლა სურდა, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ჯარიმას იხდიდა. თუმცა,  ამის სურვილი ბევრ წყვილს მაინც არ გასჩენია. 2013 წელს, პოლიტიკის შერბილების შემდეგ, დემოგრაფები ვარაუდობდნენ, რომ 10-დან 20 მილიონამდე წყვილი მოისურვებდა მეორე შვილის გაჩენას, თუმცა ამის სურვილი მხოლოდ 1.5-მა მილიონმა გამოთქვა.

2015 წლისთვის 11 მილიონიდან მხოლოდ 1.45 მილიონმა წყვილმა შეიტანა განაცხადი მეორე შვილის ყოლაზე. ჩინელები უკვე ისევე, როგორც განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მეორე შვილის ყოლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ უკვე თავად აღარ სურთ ერთ შვილზე მეტის გაჩენა. სწორედ ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორი შვილის პოლიტიკაზე გადასვლა რაიმეს შეცვლის. საქმე უკვე არა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ და მართულ ოჯახებზე არამედ სოციალურ ცვლილებაზეა.

როგორც ხედავთ, ერთი შვილის პოლიტიკის ცვლილება, არ უკავშირდება სი ძინპინის ლიბერალურ ხედვებს, ეს უბრალოდ პეკინის სვლაა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად, დაწყებული გენდერული დისბალანსით და მოსახლეობის დაბერებით, დამთავრებული ეკონომიკური დაღმასვლით. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ის, რომ ორი შვილის პოლიტიკა ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემის გადაჭრას შეძლებს, ნაკლებად სავარაუდოა. ჩინეთს სერიოზული რეფორმების გატარება მოუწევს, ნაცვლად იმისა, რომ დაბერებულ მოსახლეობას ორი შვილის პოლიტიკით გაუმკლავდეს, უმჯობესია მომუშავე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებაზე და მათი პროდუქტიულობის  გაზრდაზე იფიქროს, ან საერთოდ გაზარდოს საპენსიო ასაკი. ხოლო, რაც შეეხება ოჯახების დაგეგმილ შობადობას, იმედია, ოდესმე პეკინშიც მიხვდებიან, რომ ოჯახს უნდა ჰქონდეს იმდენი შვილის ყოლის უფლება რამდენიც სურს და სახელმწიფო ამაში არანაირად არ უნდა ერეოდეს.

 

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

 

გამოყენებული მასალა

 

Shannon Tiezzi – China Ending Its One-Child Policy Isn’t That Big of a Deal

http://thediplomat.com/2015/10/china-ending-its-one-child-policy-isnt-that-big-of-a-deal/

 

Shannon Tiezzi – China’s Population Is Growing More Slowly Than Beijing Predicted

 

http://thediplomat.com/2015/10/chinas-population-is-growing-more-slowly-than-beijing-predicted/

 

Tommy Yang – Here’s why China is abolishing its one-child policy

 

http://www.latimes.com/world/asia/la-fg-why-china-end-one-child-policy20151029-htmlstory.html

 

Emma Reynolds – China’s one-child policy is over, but its legacy is a bitter one

 

http://www.news.com.au/finance/economy/chinas-one-child-policy-is-over-but-its-legacy-is-a-bitter-one/story-fnu2pycd-1227588548360

 

NATHAN VANDERKLIPPE – China’s one-child policy collapses under economic, social pressures

 

http://www.theglobeandmail.com/news/world/china-to-allow-two-children-for-all-couples/article27025208/

 

Marc Decambre – Charts show why China ended its 35-year-old one-child policy

 

http://www.marketwatch.com/story/charts-show-why-china-ended-its-35-year-old-one-child-policy-2015-10-29

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *