ისტორია,პოლიტიკა

რა აიღო მარქსისგან თანამედროვეობამ?

14 Nov , 2015  

კარლ მარქსის მთავარი იდეა სოციალური კლასების მრავალფეროვნების მოსპობის, საზოგადოების ერთ კლასად გაერთიანებისა და ამ გზით ადამიანთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრის შესახებ სრულყოფილად ალბათ ვერსად და ვერასდროს ვერ განხორციელდება (და არც ღირს ამ იდეის ხორცშესხმის ცდა). მისი იდეები უტოპიურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც ძალადობით შეუძლებელია მთელი საზოგადოების მუდმივად ერთ აზრზე დაყენება; არა მხოლოდ იმიტომ, რომ კერძო საკუთრება, მატერიალური კეთილდღეობა და სხვებზე უკეთ ცხოვრების სურვილი/მისწრაფება ადამიანური ბუნების ნაწილია და შესაბამისად შეუძლებელია კერძო საკუთრების იდეის მოსპობა, არამედ სხვა თეორიული შეცდომის გამოც.
მარქსის თანახმად, კლასებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა და პოლიტიკური ძალაუფლება აქვს იმ კლასს, რომელიც ეკონომიკურადაა გაბატონებული. თუმცა ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუშათა და გლეხთა კლასის გამარჯვებით დასრულდება, შესაბამისად მუშათა კლასი, ანუ პროლეტარიატი, დაამყარებს თავის პოლიტიკურ დიქტატურას. სხვათა შორის, პროლეტარიატში მარქსი პირდაპირ არ რიცხავდა გლეხებს, რაც, ჩემი აზრით, განპირობებულია იმით, რომ ვინაიდან სასოფლო–სამეურნეო საქმიანობა ადამიანისგან ბევრ დროს მოითხოვს და მთლიანად იკავებს მის აზროვნებას, მას არ აქვს დრო მმართველობაში მონაწილეობის მისაღებად და რევოლუციურ საქმიანობაზე საფიქრებლად. გლეხი ძნელად თუ მოწყდება თავის საქმიანობას, რადგან მისთვის სამუშაოდან თუნდაც ერთი დღით მოწყვეტა შეიძლება, მთელი წლის შიმშილს ნიშნავდეს. თანაც გლეხებს, მე–19–20 საუკუნეების მიჯნის მუშებთან შედარებით, რომელთა დღიური ანაზღაურება საკმარისი იყო მხოლოდ იმ დღეს გამოსაკვებად, ღამის გასათევად და უბადრუკი ტანსაცმლის საყიდლად საჭირო ხარჯებისთვის და შესაბამისად დასაკარგი არ ჰქონდათ, უფრო მეტად იყო უზრუნველყოფილი, ჰქონდა გარკვეული შემოსავალი და შესაბამისად– “დასაკარგიც” არეულობისა და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობიდან მოწყვეტის/მოცდენის შემთხვევაში. მარქსმა ვერ ან არ გაითვალისწინა, რომ ვინაიდან სახელმწიფოში მუშათა კლასმა შეიძლება, მილიონობით ადამიანი შეადგინოს, ყველა მათგანი უშუალო მონაწილეობას ვერ მიიღებს მმართველობაში/დიქტატურის დამყარებასა და განხორციელებაში. შესაბამისად ისინი, თუნდაც თავიანთი წრეებიდან, აირჩევენ მუშებს, რომლებიც საქარხნო დანადგარებს თავს მიანებებენ და მთლიანად გადაერთვებიან მმართველობით საქმიანობაზე. სხვაგვარად მმართველობა უბრალოდ ვერ განხორციელდება: სახელმწიფო მმართველობითი თანამდებობები ნახევარგანაკვეთიანი არ არის. სოციალური კლასი/კუთვნილება და ადამიანის თვითიდენტიფიცირება უცვლელი არაა. ის დინამიკურია. ადამიანი საქმიანობის შეცვლასთან, მის წინაშე განსხვავებული პრობლემების დადგომასთან ერთად იცვლის თავის ინტერესებს, იძენს განსხვავებულ ადამიანებთან ახალ კავშირებს. მოკლედ, მარქსისავე სიტყვით რომ ვთქვათ, ვინაიდან ყოფიერება განაპირობებს ცნობიერებას და სახელმწიფო ხელისუფლებაში/მართვაში მოსული ყოფილი მუშის ყოფიერებაც იცვლება, გარკვეულწილად შეიცვლება მისი ცნობიერებაც. მას ახალი მისწრაფებები და შეხედულებები ჩამოუყალიბდება. მისი ინტერესთა და მოქმედების სფერო კონკრეტულ ქარხანაში შესასრულებელი სამუშაოდან და საკუთარი თავისა და ოჯახის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებიდან გადავა სახელმწიფოებრივი პრობლემების მოგვარებაზე. მას სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის საჭიროებიდან გამომდინარე უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემა. აქედან გამომდინარე შეიცვლება მისი კლასი, სოციალური კუთვნილება და სოციალური თვითიდენტიფიკაციაც. ის უკვე მუშა კი აღარაა, არამედ – ყოფილი მუშა და “ამჟამინდელი” სახელმწიფო მოღვაწეა. მართალია, ის მუშებს წარმოადგენს, მაგრამ ვინაიდან ადამიანი ვერასდროს ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება, შესაბამისად არც ყველა ის მუშა, რომელმაც ის თავისი ინტერესების წარმომადგენლად აირჩია, მოიწონებს და კმაყოფილი იქნება თავის  მიერ არჩეული ყოფილი მუშა წარმომადგენლით. შესაბამისად ამგვარ ყოფილ მუშას მოუწევს ისეთი მოქმედებების შესრულება და ისეთი სიტყვების წარმოთქმა, რომლებიც ან შეცდომაში შეიყვანს მისი გეგმებითა და საქმიანობით/პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებს და დაარწმუნებს მათ, რომ ზუსტად იმას აკეთებს, რაც მათ სურთ და სჭირდებათ, ან დააშინებს იმათ, რათა თავიანთი პროტესტით ხელი არ შეუშალონ სახელმწიფო მართველობაში, ვინაიდან შეუძლებელია სახელმწიფოს მართვისას ყველა ადამიანის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად სახელმწიფო მართველობაში მოსული ყოფილი მუშა ვერ წარმოადგენს და ვერ დააკმაყოფილებს ყველა მუშის ინტერესებს, აქედან გამომდინარე მისი პროფესიული ინტერესი თანხვედრაში კი აღარაა მუშების ინტერესებთან, არამედ –გარკვეულწილად უპირისპირდება მათ. შესაბამისად მისი კლასობრივ–სოციალური კუთვნილება შეცვლილია, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს პროლეტარიატის გაბატონებას სახელმწიფოში, რადგან პროლეტარიატის წარმომადგენლები აღარ არიან პროლეტარიატის წევრები. ხელისუფლებაში მოსული პროლეტარიატის წარმომადგენლები იცვლიან კლასს და პროლეტართა კლასიდან გადადიან ხელისუფლების კლასში. შესაბამისად სოციალისტურ–კომუნისტურ სახელმწიფოში მყარდება არა პროლეტარიატის, არამედ, თუნდაც პროლეტართა  კლასიდან/წრიდან გამოსული, მაგრამ სახელისუფლებო ელიტის, დიქტატურა. სწორედ ეს მოხდა კიდეც საბჭოთა კავშირში, სადაც არაელიტური წრეებიდან გამოსული ადამიანები (მაგ. ბრეჟნევი) მოექცნენ ხელისუფლების სათავეში და, დაინახეს რა გამდიდრების, კომფორტისა და ფუფუნების შესაძლებლობათა ის მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, ის მრავალფეროვანი და მდიდარი სახელმწიფო რესურსები, რომლებთან წვდომისა და სარგებლობისკენაც მათ ხელისუფლებაში ყოფნა უხსნიდათ გზას, სრულად მოწყდნენ რა იმ კლასს, საიდანაც თავდაპირველად გამოვიდნენ, წამოიწყეს ფართომასშტაბიანი კორუფცია და მექრთამეობა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კერძო საკუთრების მოხვეჭის სურვილი ადამიანური ბუნების ნაწილია.

მარქსის მიერ დაშვებული ზემოთაღწერილი შეცდომების მიუხედავად, თანამედროვე პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა და სახელმწიფო მოწყობის სისტემებმა მარქსის ზოგიერთი იდეა წარმატებით შეისისხლხორცეს. სწორედ მარქსიზმმა შეუწყო ხელი ადამიანის სოციალური უფლებების მნიშვნელობის გააზრებას, ამ უფლებათა დასაცავად სამართლებრივი მექანიზმების შექმნასა და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის იდეის განვითარებას. მარქსიზმმა ასევე დააფიქრა საზოგადოება ადამიანთა შორის უკიდურესი სოციალურ–ეკონომიკური უთანასწორობის არასასურველობაზე.

მარქსის იდეების გავრცელებამ გამოიწვია მუშათა საპროტესტო მოძრაობის გააქტიურება, თანაც ამ მოძრაობამ უფრო ორგანიზებული ხასიათი და ფართო მასშტაბები მიიღო. ხელისუფლება იძულებული ხდებოდა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და პროტესტის მონაწილეთა ზოგიერთი მოთხოვნა მაინც დაეკმაყოფილებინა. ამასთან ინტელექტუალურმა წრეებმა და მმართველმა ელიტამ გაიაზრა, რომ: 1. საზოგადოების სხვადასხვა ფენათა შორის უკიდურესი ეკონომიკური უთანასწორობა ფაქტობრივად იწვევს სოციალურ და პოლიტიკურ უთანასწორობას და ხელს უშლის უკიდურესად გაღარიბებული მოსახლეობის მიერ დემოკრატიის ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარით სარგებლობაში, როგორიცაა გამოხატვისა და სოციალურ/პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თავისუფლება. 2. ადამიანთა დიდი მასა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, წამსვლელი იქნება ნებისმიერ ძალადობაზე, ტერორსა და თავგანწირვაზე იმ იდეოლოგიისთვის, რომელიც მას ზეციური ბედნიერების დედამიწაზე გადმოტანას შეპირდება. ამის მაგალითია თანამედროვე რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც ძირითადად ყალიბდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უჭირს სიცოცხლისთვის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც სახელმწიფო დონეზე, კანონმდებლობით, განმტკიცდა ისეთი სოციალური უფლებები, როგორებიცაა უფასო საყოველთაო ბავშვთა სკოლამდელი და საშუალო სასკოლო განათლება, არასრულწლოვან პირთა შრომის სპეციალური რეგულირება/შეზღუდვა, ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულისთვის, უსაფრთხო გარემოში მუშაობის უფლება, უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობა. ამასთან აშშ–სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში კანონმდებლობა აწესებს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის გადასახდელ სახელფასო მინიმუმს და დადგენილ შემთხვევებში ავალდებულებს დამსაქმებელს, უზრუნველყოს დასაქმებული უფასო სამედიცინო დაზღვევით. ბავშვთა საყოველთაო უფასო და სავალდებულო სკოლამდელი და სასკოლო განათლება და ბავშვთა შრომის შეზღუდვა კი რეკომენდაციის სახით ჩამოყალიბებულია სწორედ კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის კომუნისტური პარტიის მანიფესტში.

მართალია, საზოგადოება უარს ამბობს ბურჟუაზიის, ე.ი ბიზნესწრეების, ამოძირკვის მარქსისეულ იდეაზე, მაგრამ დასავლურმა სახელმწიფოებმა ეკონომიკურ–სოციალური უთანასწორობის დასარეგულირებლად შექმნეს არამხოლოდ მატერიალური გარანტიები სოციალურად დაუცველთათვის, არამედ სამართლებრივი გზით გარკვეულწილად შეზღუდეს ბიზნესმენთა საქმიანობა, რაც ანელებს მათი გამდიდრების პროცესს და ხელს უწყობს საზოგადოების მეტნაკლები სოციალური თანასწორობის შენარჩუნებას. სოციალური სახელმწიფოს იდეის დამკვიდრებასთან ერთად გაიზარდა დასაქმებულების სასარგებლოდ მეწარმეთა მიერ გაწეული ხარჯები, რადგან ახალი კანონმდებლობა ავალდებულებდა დამსაქმებელს, უზრუნველეყო დასაქმებული გარკვეული სოციალური გარანტიებით. ამან ბუნებრივად შეანელა მეწარმეთა გამდიდრების პროცესი, თუმცა ამასთან ერთად აშშ–მა და მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ დააწესა განსხვავებული საგადასახადო საპროცენტო განაკვეთი განსხვავებული შემოსავლის მქონე პირთათვის ისე, რომ რაც უფრო დიდ შემოსავალს იღებს ადამიანი ან კომერციული იურიდიული პირი, თავისი შემოსავლის მით უფრო დიდ წილს უხდის ის სახელმწიფოს გადასახადის სახით. აშშ–ში მაღალი შემოსავლის მქონე პირთა გადასახადი აღწევს მათი შემოსავლის 39%-ს. მაღალი და პროგრესირებადი გადასახადების დაწესება არის მარქსის კომუნისტური პარტიის მანიფესტში გაჟღერებული ევროპული სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი რეკომენდაცია.

მარქსის კომპარტიის მანიფესტის კიდევ ერთი რჩევაა გაუქმდეს კერძო საკუთრება და ჩამორთმეული ქონება იქცეს საერთოსაზოგადოებრივ საკუთრებად. ამ რჩევის გამოძახილი უნდა იყოს დღევანდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კერძო საკუთრების უფლების შემზღუდველი კანონი, რომლის მიხედვითაც თუ უძრავი საცხოვრებელი შენობის მესაკუთრე 2 წლის განმავლობაში არ ცხოვრობს ამ ფართზე, ის ვალდებულია, გააქირავოს ფართი. ეს კანონიც, ისევე როგორც მარქსის უკანასკნელი რეკომენდაცია, ემსახურება საზოგადოების ინტერესების დაცვას მესაკუთრეთა ინტერესების ხარჯზე. გასაქირავებელი საცხოვრებლების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს საცხოვრებლის ქირის შემცირებას ბაზარზე, რაც დადებითად აისახება სოციალურად შედარებით დაუცველ დამქირავებლებზე.

და ბოლოს, მარქსის ნაშრომები ეკონომიკის სფეროში დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ისევე როგორც მის კომუნისტური პარტიის მანიფესტში აღწერილი სოციალურ–პოლიტიკური პრობლემები: მცირე და საშუალო ბიზნესის დაკნინება მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებთან კონკურირების სირთულისა და შეუძლებლობის გამო; ტექნიკით ადამიანური შრომის ჩანაცვლება, რის შედეგადაც სამუშაო ადგილების რაოდენობა დაუსაქმებელ ადამიანებთან შედარებით მცირდება მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე; ბიზნესის გამსხვილება და მეტი ეკონომიკური რესურსების კონცენტრაცია უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში; მსხვილი ბიზნესმენებისა და მულტინაციონალური კორპორაციების პოლიტიკური გავლენის ზრდა მათ მიერ პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და კონკრეტული სახელმწიფოდან ბიზნესის გადატანის მუქარით ხელისუფლებაზე ზეწოლის გზით; (მიუხედავად იმისა, რომ ჯერკიდევ მე–18 საუკუნის ფრანგი განმანათლებელი ჟან–ჟაკ რუსო ამბობდა, რომ სახელმწიფოში არავინ უნდა იყოს იმდენად მდიდარი, რომ სხვა ადამიანების ყიდვა შეძლოს და არავინ უნდა იყოს იმდენად ღარიბი, რომ სხვა ადამიანს მიეყიდოს/იყიდებოდეს, მაგრამ სწორედ მარქსის მიერ გამეორებული ეს იდეა გახმაურდა საზოგადოების ფართო წრეებში) ხშირი ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც ეკონომიკის გლობალიზაციასთან და ურთიერთდამოკიდებულების ზრდასთან ერთად თანდათან ბაზრის უფრო დიდ სეგმენტებს მოიცავს და დააზარალებს ხოლმე; სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერების არათანაბარი განვითარების გამო ტექნოლოგიურად ნაკლებადგანვითარებული სახელმწიფოების ეკონომიკა კონკურენციას ვერ უწევს განვითარებული სახელმწიფოებისას, მათზე ფინანსურად დამოკიდებული ხდება და კიდევ უფრო ღარიბდება და ა.შ. დღესაც სოციალური უფლებებისთვის მებრძოლნი თავს ზოგჯერ მარქსისტებად აცხადებენ, თუნდაც მათს მიზნებში საერთოდ არ შედიოდეს აბსოლუტური თანასწორობის/კომუნიზმის დამყარება.

სტატიის ავტორი: ესმა გუმბერიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *