ეკონომიკა,პოლიტიკა

十三五 – ჩინური 13.5

14 Nov , 2015  

როგორც უკვე პოპულარული ჩინური “სახელმწიფო სიმღერა” გვამცნობს, თუ გინდათ გაიგოთ, რა ხდება ჩინეთში, ნახეთ “十三五” (13.5), ანუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცამეტე ხუთწლიანი გეგმა. მეცამეტე ხუთწლედი ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის და მის საბოლოო ვერსიას მხოლოდ შემდეგი წლის მარტში უნდა ველოდოთ, მაგრამ კომუნისტური პარტიის უკანასკნელ ყრილობაზე პარტიის 300-მდე წევრმა უკვე შექმნა გეგმის წინასწარი ვერსია, რაც გვაძლევს საშუალებას ვნახოთ თუ როგორი სახელმწიფოს შენება სურს კომუნისტურ პარტიას და სი ძინპინს 2016-2020 წლებში.

რას წარმოადგენს ხუთწლიანი გეგმა?

ხუთწლიანი გეგმა სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელიც ჩინეთში 1953 წელს საბჭოთა დაგეგმილი ეკონომიკის წარმატების შემდეგ შემოიტანა მაო ძედუნმა. ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისია ადგენს გეგმას, რომლითაც განსაზღვრავს სხვადასხვა მისაღწევ ამოცანას, მაგალითად მშპ-ის ზრდას, სოციალური განვითარების მიზნებს და ა.შ. ამ გეგმას კი შემდეგ ახორციელებს ცენტრალური, პროვინციის, ლოკალური და საუბნო მთავრობები.

სახელმწიფოსთვის ეს არის ერთგვარი ილუსტრაცია, თუ რა არის მისთვის პრიორიტეტული. მაგალითად, მეთორმეტე ხუთწლედში დაგეგმილი იყო მშპ-ის 7%-იანი ზრდის შენარჩუნება, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის წლიური შემოსავლების 7 %-ით გაზრდა, ურბანიზაციის 4 %-ით გაზრდა.

რა თემებზე იქნება აქცენტირებული 13.5?

მართალია, 13.5 ოფიციალურად საბოლოო სახით არ დამტკიცებულა, მაგრამ წინასწარი გეგმა გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ მასზე. როგორც ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი ქციანის განცხადებით იკვეთება, მეცამეტე ხუთწლედის მთავარი თემა კვლავ ეკონომიკა იქნება – ეკონომიკური განვითარების გაგრძელება და აქცენტი რეფორმებსა და ინოვაციებზე.

100-გვერდიანი დოკუმენტის დიდი ნაწილი, მართლაც, უმთავრესად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზეა აგებული. როგორც ირკვევა, ახალ გეგმაში ჩინეთის მთავრობა მზადაა, დააწესოს “ახალი ნორმალური” მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც გაცილებით დაბალი იქნება ბოლო დეკადების მაჩვენებელზე. ამრიგად, ჩინეთი ემშვიდობება ზრდის მინიმუმ 7%-იან მაჩვენებელს, პრემიერმა ლი ქციანმა თავად განაცხადა, რომ პარტია არ გამოეკიდება პროცენტებს და უფრო კონცენტრირებული იქნება სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელფასების ამაღლებაზე.

ამასთან ერთად მთავრობას სურს შეცვალოს ეკონომიკური განვითარების მოდელი და ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად ადგილობრივ მოხმარებაზე, სერვისზე და ინოვაციაზე გახადოს ორიენტირებული და არა ექსპორტსა და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებაზე. ასევე პეკინი გეგმავს ყურადღების გამახვილებას ტექნოლოგიებზე, ხარისხსა და პროდუქტიულობაზე.

მართალია, ჩინეთი ელევა მშპ-ს 7%-იან ზრდას, მაგრამ მთლად იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცენტები პარტიისთვის არაფერს წარმოადგენს და პეკინში ეკონომიკაზეც ხელი ჩაიქნიეს. ახალი გეგმის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის გააორმაგოს მშპ ერთ მოსახლეზე (2010-თან შედარებით). ამ მაჩვენებლით მსოფლიოს მეორე ეკონომიკა აშკარად ვერ დაიკვეხნის, ჯერჯერობით ის 88-ე ადგილზეა მსოფლიოში.

ეკონომიკის მსგავსად, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ საკითხებსაც. მეცამეტე ხუთწლედი ითვალისწინებს ჩინეთის მთელი საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის დაზღვევის მიწოდებას, მაშინ როცა დღემდე ეს მხოლოდ გარკვეული პროვინციების მკვიდრთათვის არის ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ურბანიზაციასაც. ჩინეთი აქტიურად აგრძელებს “ქალაქ-მოჩვენებების” შენებას (იმ ქალაქშიც კი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, შენობების 50 % ახალაშენებული და სრულიად ცარიელია). სწორედ მსგავს ქალაქებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხარჯზე აპირებს ჩინეთი ურბანიზაციის დონის 7%-ით გაზრდას 2020 წლისთვის.

კიდევ ერთი უმთავრესი თემა იქნება უკვე ისეთი ფესვგადგმული პრობლემების აღმოფხვრა, როგორიცაა კორუფცია.

ხუთწლედში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩინეთის გლობალურ ამბიციებს და ისეთ პროექტებს, როგორებიცაა აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ბანკი და “ერთი სარტყელი, ერთი გზის” გეგმა, იგივე ახალი აბრეშუმის გზა.

რას გვეუბნება 13.5?

ამ ჯერ კიდევ არასრული დოკუმენტიდან არაერთი მნიშნველოვანი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მე დავინახე, მთავრობის შიში გახლავთ. მართალია, კომუნისტურ პარტიას არ ემუქრება არჩევნებში დამარცხება ან უმრავლესობის დაკარგვა, მაგრამ ჩინეთში ყველამ იცის, რომ არსებობს დაუწერელი კონტრაქტი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. მთავრობა მოსახლეობას აწვდის გარკვეულ სარგებელს, ჩინეთის შემთხვევაში ეს უმთავრესად ეკონომიკური წინსვლა, თუმცა, როგორც წინა სტატიებშიც არაერთხელ დავწერე, ჩინეთის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას საუკეთესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, აქედან გამომდინარე ჩნდება ამ კონტრაქტის დარღვევის გარკვეული საშიშროება. თავად პრემიერმა განაცხადა, რომ პარტია არ გაეკიდება მშპ-ის ზრდის პროცენტებს, მაგრამ 13.5-ში ვკითხულობთ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ-ის გაორმაგების გეგმას, ასევე პარტიას შემოაქვს მეორე სარეზერვო ვარიანტი, რომელშიც ჩინეთის ხელისუფლება ხალხს სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას პირდება, აცხადებს რა ქვეყნის მიზნად “ზომიერად შეძლებული საზოგადოების” შექმნას (ამასთანავეა კავშირში საყოველთაო დაზღვევის ნამდვილად საყოველთაოდ გადაკეთება). იმ ეჭვს, რომ ამ საშიშროებას აცნობიერებს ჩინეთის ხელისუფლებაც, ადასტურებს კომპარტიის მოქმედებები. როგორც ჩინური გაზეთი People’s Daily წერს, მეხუთე პლენარულ სხდომაზე, 13.5-ის განხილვისას, 2012 წელს არჩეული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრების “ნახევარზე მეტი” დათხოვნილი იქნა თანამდებობებიდან. გარდა ამისა, სი ძინპინის “ბრძოლა კორუფციასთან” სულ უფრო ემსგავსება “ბრძოლას პარტიის წევრებთან”, მეხუთე ყრილობაზე კი დისციპლინური ინსპექციის ცენტრალურმა კომისიამ განაცხადა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში “გაფართოვდება შემოწმებები სახელმწიფო დაწესებულებებში”. სი და კომპარტია აჩვენებს მოსახლეობას თავის სიძლიერეს, რათა კონტრაქტის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც (რისი შანსებიც არსებობს, გამომდინარე ეკონომიკური სიტუაციიდან) მყარად იყვნენ საკუთარ სკამებზე.

13.5-ში ასახული სხვა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ეკონომიკური მოდელის შეცვლა, ურბანიზაციის ზრდა, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ბანკზე და “ერთი სარტყელი, ერთი გზის” პროექტზე ყურადღების გამახვილება, აშკარად ხაზს უსვამს ჩინეთის სურვილს, კიდევ უფრო აიმაღლოს სტატუსი და გაზარდოს საკუთარი როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

2020 წელი განსაკუთრებით მნიშნველოვანი წელია, ეს იქნება პირველი ხუთწლედი სი ძინპინისა და ლი ქციანის ხელმძღვანელობით, შესაბამისად სის და ლის გამოკვეთილი შედეგი სჭირდებათ კომუნისტური პარტიის ასი წლის იუბილის წინ (კომ.პარტია 1921 წელს დაფუძნდა). რამდენად გამოვა ყველაფერი ისე, როგორც ამას პეკინში გეგმავენ, 2020 წლისთვის გვეცოდინება.

იხილეთ ზემოთნახსენები “სახელმწიფო სიმღერა” – 13.5

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

გამოყენებული მასალა

Understanding China’s 13th Five-Year Plan

By Owen Haacke

http://www.chinabusinessreview.com/understanding-chinas-13th-five-year-plan/

China’s five year economic plan is rich with symbolism – Alice de Jonge

http://theconversation.com/chinas-five-year-economic-plan-is-rich-with-symbolism-50001

China: Key takeaways from the “13th Five-Year Plan” – Nomura

http://www.fxstreet.com/news/forex-news/article.aspx?storyid=aad87524-0c34-48cd-b1e2-bef3f538f23f

Will 13th five-year plan mark a new start for China’s development?

Cary Huang 

http://www.scmp.com/comment/insight-opinion/article/1875248/will-13th-five-year-plan-mark-new-start-chinas-development

Inside the Politburo: China’s Communist Party sets out its secretive Five Year Plan – Mehreen Khan

http://www.telegraph.co.uk/finance/economics/11958150/Inside-the-Politburo-Chinas-Communist-Party-sets-out-its-secretive-Five-Year-Plan.html

—Rose Yu, Grace Zhu and Brian Spegele contributed to this article.

data-module-name=”article.app/lib/module/articleBody”

– China’s Communist Party Approves Five-Year Plan

http://www.wsj.com/articles/chinas-communist-party-approves-five-year-plan-1446124597


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *