მიმდინარე თვის დასაწყისში ლანჭოუში ტაქსით მომიწია მგზავრობა მეგობართან ერთად. გზა საკმაოდ დიდი იყო და მეგობარს არაერთ თემაზე ვესაუბრე ქართულად, მაგრამ უეცრად მძღოლის ყურადღება ჩემი წინა სტატიის თემამ მიიქცია, ვლაპარაკობდით ჩინეთში ერთი შვილის პოლიტიკის ორი შვილის პოლიტიკით ჩანაცვლების შესახებ და რამდენჯერმე ვახსენეთ პრეზიდენტი სი ძინპინი.

გაკვირვებულმა მძღოლმა თავისთვის ჩაილაპარაკა ამ უცხოელებს ჩვენი პრეზიდენტის სახელი სცოდნიათო.

გამეღიმა და ჩინურად ვუპასუხე, რომ არა მარტო სახელი ვიცოდით, არამედ ჩინეთის პირველი პირის ქმედებებსაც აქტიურად ვადევნებდით თვალს.

მძღოლის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, ჯერ ჩინური გამოპასუხება გაუკვირდა, შემდეგ კი ის, რომ ეს უცხოელები ჩინეთის პოლიტიკით იყვნენ დაინტერესებულები.

ამ მომენტში მივხვდი, რომ ყველა ტაქსის მძღოლი ერთნაირია, ქართველიც და ჩინელიც, გახარებულმა და გაკვირვებულმა სწრაფად დაიწყო საუბარი ბატონ სიზე და ჩინურ პოლიტიკაზე. მეც მეტი რა მინდოდა, საშუალება მომეცა ჩინეთში ფაქტიურად ტაბუდადებულ საკითხზე (სამი თვე ჩინეთში ყოფნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინელებთან პოლიტიკაზე საუბრის შანსი მომეცა) რიგითი ჩინელის აზრი გამეგო. ჩვენს შორის დაახლოებით შემდეგი სახის დიალოგი შედგა:

  •  მოგწონთ სი ძინპინი და მისი პოლიტიკა?

  • კი, სი შესანიშნავი ლიდერი აღმოჩნდა. ის სწორედ ისაა, ვინც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

  • ჩინელებისგან გამიგია, რომ სი ხალხის სიყვარულით და რეიტინგით უკვე მაო ძედუნთან თანაბრდება (მაო კიდევ ერთი ტაბუდადებული თემაა და, რა თქმა უნდა, ეს ჩინელებისგან არ გამიგია, ამას ძირითადად დასავლური პრესა წერს და ვცადე რეალური სიტუაციის გარკვევა.)

  • ის თითქმის ისეთივე დიდი ლიდერია, როგორიც მაო იყო.

  • კონკრეტულად რატომ მოგწონთ სი?

  • ის ძალიან აქტიურ პოლიტიკას ატარებს და ქვეყანა გამოაცოცხლა, ურთიერთობებს ალაგებს ამერიკასთან, ახლა ბრიტანეთშიც იყო, აბრეშუმის გზის აღდგენას აპირებს, ამ დღეებში კი ტაივანის ლიდერს ხვდება.

  • (გამიმართლა, ჩინური 3T ტაბუდან – ტიბეტი, ტაივანი, (ტ)თიანანმენი, ერთ-ერთი თავად მძღოლმა ახსენა). ტაივანი? დიახ, ამ შეხვედრაზე მეც მსმენია, სი ტაივანის ლიდერ მას ხვდება, რას ფიქრობთ, რაზე ისაუბრებენ?

  • ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, სი პირველია, ვინც ამდენი წლის შემდეგ ტაივანურ მხარეს ხვდება, სი სწორედ ის ლიდერია, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.

მართლაც, 1949 წლის შემდეგ პირველად 7 ნოემბერს ტაივანის პრეზიდენტი სინგაპურში ჩინელ კოლეგას შეხვდა (აღსანიშნავია, რომ არცერთი მხარე არ აღიარებს მეორე მხარის ლეგიტიმურობას და ორივეს აქვს პრეტენზია მართოს მთლიანი ჩინეთი). შეხვედრამ დიდი აჟიოტაში გამოიწვია პრესაში და, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი მოლოდინები რიგით ჩინელებშიც. თავად ფაქტი მართლაც ისტორიული აღმოჩნდა და ამაზე დავა არ ღირს, მაგრამ ისმის კითხვა, რა იყო შეხვედრის მიზანი?

შეხვედრის შემდეგ მა ინ-ჯიოუს და სი ძინპინს შორის არ გაფორმებულა არანაირი ახალი ხელშეკრულება, არ გაუკეთებიათ მნიშვნელოვანი საერთო განცხადებები. ეს არ ყოფილა შეხვედრა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ორმხრივი ურთიერთობების მომავალი. რატომ? თუ ერთი მხრივ სი უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იხვეჭს და განაგებს ჩინეთის სამომავლო მიმართულებას, მოლაპარაკებების მაგიდის მეორე მხარეს მყოფ მის ტაივანელ კოლეგას ფაქტიურად არანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნია განსაზღვროს ტაივანის სამომავლო ორიენტაცია. დიდი ალბათობით, მას პენსიაში გასვლის შემდეგ ტაივანი საერთოდ განსხვავებულ გეზს აიღებს.

მაშ რა იყო ამ შეხვედრის მიზანი? 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაიმართა და ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიზანი სწორედ მომავალი არჩევნებისთვის რეიტინგის ამაღლებაა, მაგრამ კვლევები განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.

Taiwan Indicators Survey Research-იდან კი ირკვევა, რომ ტაივანელების 44.6 პროცენტი მხარს ოპოზიციის ლიდერს, დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატს ცაი ინ-ვენს უჭერს, მაშინ როცა გომინდანის წარმომადგენელ ერიკ ჩუს მიმართ კეთილგანწყობილი მოსახლეობის მხოლოდ 21 %-ია. მსგავს ციფრებს ვხედავთ  PollcracyLab-ის მიერ ჩატარებული კვლევებშიც. სხვაობა ამ ორ კანდიდატს შორის იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ამ ფორმალურ შეხვედრას რეალური სურათი შეეცვალა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ოპოზიციამ კი, პირიქით, შეიძლება რეიტინგი აიმაღლოს კიდეც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და გომინდანის დაკავშირებით. შეხვედრის გაუმჭვირვალობა და ჩაკეტილობა დამატებით კითხვებს ბადებს, რაც ასევე ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ტაივანის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებს ქვეყნის ზედმეტ დამოკიდებულებას ჩინურ ეკონომიკაზე, ამ შეხვედრით კი გომინდანი ვერც ამ ადამიანების გულებს მოიგებდა. მა-სის შეხვედრის დაანონსებისთანავე, ტაივანში რამდენიმე აქცია გაიმართა, რომლის დროსაც მთავარი ბრალდებები ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ გაისმოდა, მას ტაივანის გაყიდვას და ფარული დიპლომატიის წარმოებას აბრალებდნენ.

 

4096

3248A974-12ED-4414-BCA3-170A8AE27BAA_cx0_cy11_cw0_mw1024_s_n_r1

როგორც ვხედავთ, მამ ამ შეხვედრით გომინდანის რეიტინგი არათუ აამაღლა, პირიქით ოპოზიციას დაუწერა პლუსები. მაშ რატომ შეთანხმდნენ ლიდერები ამ ისტორიულ შეხვედრაზე?

ტაივანის ლიდერის მოტივებზე საუბარი უფრო მარტივი ჩანს, ის რამდენიმე სიტყვით შეიძლება აღვწეროთ – პრესტიჟი, სახელი, ისტორია, მემკვიდრეობა. მას მხოლოდ რამდენიმე თვეღა დარჩა ტაივანის პრეზიდენტად ყოფნის პატივი, მისი რეიტინგი 16.3 პროცენტამდეა დაცემული, ამ სიტუაციაში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრა, თან იმის გათვალისწინებით რომ მსგავსი ფაქტი 7 დეკადის განმავლობაში არ მომხდარა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა ერთადერთი ხერხია სახელის დასატოვებლად.

გაცილებით რთულია სის მოტივის პოვნა. ყველაზე ლოგიკური არგუმენტი მეგობრული იმიჯის შექმნაა, ჩინეთს გლობალური ამბიციების განსახორციელებლად აუცილებლად სჭირდება აგრესიული ხატის შეცვლა მეგობრულით, სწორედ ამიტომ სი ძინპინი ბოლო დროს უპირატესობას მეგობრულ დიპლომატიას ანიჭებს. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩინეთ-იაპონიის-სამხრეთ კორეის სამიტი, ვიზიტი ბრიტანეთში (პირველი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში), ურთიერთობების დალაგება აშშ-სთან.

გარდა საერთაშორისო იმიჯისა, აღნიშნულმა შეხვედრამ სის ქვეყნის შიგნითაც მისცა რეიტინგის ამაღლების და იმიჯის კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალება.

თუმცა არ ვფიქრობ, რომ სისთვის ეს იყო შეხვედრა მხოლოდ იმიჯისთვის, აუცილებლად უნდა ვეძებოთ დაფარული კონტექსტი. ჩინეთის პირველი პირის ნამდვილი მოტივი, ვგონებ, უფრო გაფრთხილებაა, ტაივანის მომავალი პრეზიდენტის გაფრთხილება. შეხვედრაზე სიმ და მამ ისაუბრეს ტაივანსა და ჩინეთს შორის  ბოლო დეკადაში არსებულ ურთიერთობებზე და ახსენეს “1992 წლის კონსესუსი” (სიტყვიერი შეთანხმება გომინდანსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის დაიცვან “ერთი ჩინეთის” კონცეფცია). ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო ერთგვარი შეტყობინება, გნებავთ გაფრთხილება, რომლიც გულისხმობდა იმას, რომ ტაივანის ლიდერებმა უნდა დაიცვან ერთი ჩინეთის კონცეფცია, რათა ჩინეთმა შეინარჩუნოს ურთიერთობების უკვე დამკვიდრებულ ტიპი.

საკითხავია რამდენად გაითვალისწინებს ტაივანის მომავალი ლიდერი ამ შეტყობინებას.

თუ გომინდანისთვის 1992 წლის კონსენსუსი გამჯდარი იყო პარტიის იდეოლოგიაში, დემოკრატიულ პროგრესული პარტია და ქალბატონი ცაი, როგორც თავად აცხადებენ, არ აღიარებენ აღნიშნულ შეთანხმებას, თუმცა არც პეკინთან ურთიერთობების გაწყვეტა არ სურთ.

ტაივანური იდენტობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, ტაივანის შემდეგი პრეზიდენტის ხელში შესაძლოა საკმაოდ განსხვავებული ტაივანი ვიხილოთ, საქმე არა მარტო დემოკრატიულ პროგრესული პარტიის ხედვებს, არამედ ტაივანელი ხალხის ახალ იდენტობას უკავშირდება. უახლესი კვლევები გვაჩვენებენ, რომ სულ უფრო და უფრო ცოტა ტაივანელი მიიჩნევს საკუთარ თავს ჩინელად, განსაკუთრებული სხვაობაა ასაკებს შორის. 40 წლამდე ადამიანთა უმეტესობა თავს მხოლოდ ტაივანელად თვლის და დამოუკიდებლობას ემხრობა. მართალია, თავად ტაივანის ოფიციალური სახელი ჩინეთის რესპუბლიკა გახლავთ, და უკვე აქედან იგრძნობა დაძაბულობა პეკინსა და ტაიპეის შორის, იმაზე თუ ვინაა ჩინეთის ლეგიტიმური მმართველი, მაგრამ მიუხედავად სახელისა, ჩინური იდენტობა და მენტალიტეტი პრეზიდენტ მას თან გაჰყვება.  შანსი იმისა, რომ ტაივანელები მომავალში აირჩევენ “ერთი-ჩინეთის”  კონცეფციის და გაერთიანების მომხრე პრეზიდენტს, სულ უფრო და უფრო მცირდება. განათლებამ და სოციალურმა ნარატივმა ძალიან ძლიერი როლი ითამაშა ბოლო დეკადაში ტაივანის იდენტობის ჩამოყალიბებაში. შესაძლოა სწორედ ამიტომაც დაკარგა რეიტინგი მამ და მისმა პარტიამ, მათ ხალხის დიდ ნაწილთან საერთო ენა და კონტაქტი დაკარგეს.

ამ ფაქტის გათვალისწინებით,  სისთვის ეს შეხვედრა შესაძლოა სამზადისიც ყოფილიყო, სამზადისი ახალი ტაივანისთვის. ტაივანში ფაქტიურად აღარ არსებობს “ერთი ჩინეთის”  მენტალიტეტი და აღარც მოსახლეობის დიდი ნაწილი მიისწრაფის გაერთიანებისაკენ, პეკინმა კი ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს, რათა ტაივანთან მიმართებაში სწორი პოლიტიკა წარმართოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ტაივანის ცვლილებებისა, იმის შანსი, რომ ის მოიპოვებს აბსოლუტურ დამოუკიდებლობას, მაინც მიზერულია. ჩინეთის მზარდი სტატუსისა და ძალაუფლების გათვალისწინებით ტაივანის სვლები ლიმიტირებულია, მაგრამ არც ჩინეთს აქვს ქმედებების დიდი არჩევანი. გამომდინარე სი ძინპინის და ჩინეთის გლობალური ამბიციებიდან, ჩინეთისთვის უმთავრესია მეგობრული იმიჯის დამკვიდრება, რაც “შუა სამეფოს” მოქმედებათა არეალს ნამდვილად არ უფართოვებს. სიზე ძალიან დიდი ავანსებია გაცემული და მომავალში ტაივანი მისთვის ახალი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილი იქნება. რამდენად ახდება ესეს დასაწყისში ნახსენები ჩინელი ტაქსის მძღოლის ვარაუდები, ამას დრო გვიჩვენებს.

 

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shannon Tiezzi – Taiwan and China’s Presidents Will Meet for the First Time 

http://thediplomat.com/2015/11/taiwan-and-chinas-presidents-will-meet-for-the-first-time/

Jeffrey Wasserstrom – The Xi-Ma Meeting: Why Singapore?

http://thediplomat.com/2015/11/the-xi-ma-meeting-why-singapore/

Zheng Wang – The Real Reason the Xi-Ma Meeting Was Historic

http://thediplomat.com/2015/11/the-real-reason-the-ma-xi-meeting-was-historic/

Shannon Tiezzi – China and Taiwan Leaders Emphasize Kinship, 1992 Consensus in Historic Talks

http://thediplomat.com/2015/11/china-and-taiwan-leaders-emphasize-kinship-1992-consensus-in-historic-talks/

Emily S. Chen – Ma-Xi Meeting: Less About the Elections, More About the Message

http://thediplomat.com/2015/11/ma-xi-meeting-less-about-the-elections-more-about-the-message/


Comments are closed.