13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა საშინელმა ტერორისტულმა აქტებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა ტერორიზმის და მისგან მომავალი საფრთხის საკითხი. აქტიურად დაიწყო საუბარი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ კოალიციებზე, სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობაზე, მისიების გაძლიერებასა და ა.შ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში პრესა ძირითად აქცენტს აკეთებს აშშ-ზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, მე კი გამიჩნდა კითხვა, რამდენად გამოიწვევს საფრანგეთის 9/11 ანტიტერორისტულ ბანაკში ჩინეთის გააქტიურებას? ამ ესეში შევეცდები ჩემივე კითხვას თავად გავცე პასუხი.

სი ძინპინის პოლიტიკიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სის ჩინეთი მსოფლიო აღიარებისთვის და სტატუსისთვის იბრძვის. ერთი შეხედვით, რა შეიძლება იყოს სტატუსის მოსაპოვებლად ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე მომგებიანი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, ჯერ ჩინეთის შიდა პრობლემები უნდა გავითვალისწინოთ, შემდეგ კი ჩინური დიპლომატია, ეს ყველაფერი კი პასუხს არც ისე მარტივს ხდის.

16 ნოემბერს, პარიზის ტერაქტების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუნ ლეიმ ტერორიზმს “მთელი კაცობრიობის საერთო გამოწვევა” უწოდა და მსოფლიოს ლიდერებს “საერთო ქმედებებისკენ” მოუწოდა. რას გულისხმობდა ბატონი ხუნი “საერთო ქმედებებში”?

აპირებს კი ჩინეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას? 

19 ნოემბერს ISIS-მა ჩინეთის მოქალაქე ფან ძინხუეი გამოასალმა სიცოცხლეს. რამდენიმე დღის წინ კი მალიში ტერორისტებს მძევლად სამი ჩინელი ტურისტი ჰყავდათ. ჩინეთის პასუხი ამ ყველაფერზე მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლა, უკვე ნახსენებმა ხუნ ლეიმ განაცხადა, რომ “ჩინეთის მთავრობა ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და დაუპირისპირდება ყველა ძალადობრივ და ტერორისტულ დანაშაულს რომელიც მიმართულია კაცობრიობის წინააღმდეგ.”

წლების განმავლობაში ჩინეთი ჩაურევლობის პოლიტიკას ატარებდა და, როგორც ჩანს, ამის შეცვლას არც ამბიციური სი ძინპინი აპირებს. ეს მიდგომა მაო ძედუნის “მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის” ფილოსოფიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ჩინეთი მას 1954 წლიდან მისდევს.

აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სერიოზულ ქმედებებს დაიწყებს, დიდი ალბათობით, ოფიციალური პეკინი კვლავ ჩაურევლობის პოლიტიკის და დიპლომატიის ერთგული დარჩება.

თუმცა ამით არ მინდა იმის თქმა, რომ პეკინი პარიზში დატრიალებულ ამბებს თავისთვის სასიკეთოდ არ “გამოიყენებს”. ჩინეთი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თამაშგარედ ყოფნას, მაგრამ მაქსიმალურად შეეცდება სხვა გზები აირჩიოს. შესაძლოა, ეს გაეროს სამშვიდობო პროგრამების ფარგლებში გააკეთოს (ჩინეთი მალე გაეროს სამშვიდობო მისიების ნომერ პირველი კონტრიბუტორი გახდება), ხოლო რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ხელჩართულ ბრძოლას, ის მას არა საერთაშორისო არენაზე, არამედ საშინაო მოედანზე გამართავს.

ბრძოლა სეპარატიზმის წინააღმდეგ?

უკვე არაერთი წელია ჩინეთი ტერორიზმს აიგივებს ერთ დაჯგუფებასთან – აღმოსავლეთ თურქმენეთის ისლამურ მოძრაობასთან (East Turkestan Islamic Movement —ETIM), რომელიც სინძიანის პროვინციის დამოუკიდებლობისთვის და აღმოსავლეთ თურქმენეთის შექმნისთვის იბრძვის. ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალურმა პეკინმა დაჯგუფებას არაერთი დანაშაული მიაწერა, მათ შორის თიანანმენის მოედნის, ქუნმინის რკინიგზის სადგურის, ურუმჩის სუპერმარკეტის და ურუმჩის რკინიგზის სადგურის ტერაქტები. როგორც ჩინური პრესა აღნიშნავს, ETIM-ელი სეპარატისტები უმეტესად უიღურების ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ვინ არიან უიღურები?

სინძიანის მკვიდრი უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი. ცენტრალური აზიის ხალხებთან მათ გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე ხანებთან, რომლებიც ჩინეთში ეთნიკურ უმრავლესობას შეადგენენ.

VIII-IX საუკუნეებში 100 წელიწადზე მეტ ხანს იარსება უიღურთა იმპერიამ, რომელიც მანჯურიიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული, დღეს კი უიღურები უმთავრესად ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობენ (ასევე დიდი ნაწილი ცხოვრობს განსუს პროვინციაში, სადაც ამჟამად ვიმყოფები), თუმცა მათს ეთნიკურ უმცირესობას შეხვდებით უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში…

გასული საუკუნის 40-იან წლებში უიღურებს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდათ – აღმოსავლეთ თურქმენეთი, რომლის ლიდერებიც კონფედერაციის შექმნაზე შეუთანხმდნენ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს. მაგრამ კონფედერაცია ილუზია გამოდგა: პეკინმა უიღურების რესპუბლიკა ჩინეთში შემავალ სინძიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონად აქცია, თუმცა თუ უიღურებს დავუჯერებთ ეს ავტონომიაც ფარსია. როზიმუჰამეტ აბდულბაკიევი – ყირგიზეთში უიღურთა არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა სინიანს უიღურთა ავტონომიური რეგიონის სტატუსი მიანიჭა, იქ ავტონომიის ვერანაირ ნიშანს ვერ დაინახავთ, უიღურებს არანაირი უფლებები არა აქვთ. მაო ძედუნს მათთვის არანაირი უფლება არ დაუკანონებია. ეს არის პოლიტიკური და სოციალური საკითხი. ჩინეთის ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩაახშო ყველა – სიტყვის, მედიის, პიროვნების, სინდისის თავისუფლება.” სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ რეგიონის მკვიდრთა უკმაყოფილება.  რაც შეეხება ჩინეთის მიდგომას, პეკინი ფაქტობრივად აიგივებს ტერორიზმს აღმოსავლეთ თურქმენეთის ისლამურ მოძრაობასთან, ამ დაჯგუფებას კი უიღურებთან, რაც აჩენს ეჭვებს, რომ პეკინი იყენებს ETIM-ს უიღურების უფლებების შესალახად.

აქედან გამომდინარე, პეკინისთვის კონტრტერორისტული ქმედებები უმეტეს წილად სტატუსის გაფუჭების ტოლფასია, პარიზში მომხდარი ფაქტები კი ჩინეთის მთავრობას სინძიანში ე.წ სეპარატისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება, ეს უკვე დაადასტურა ჩინელი ლიდერების განცხადებებმა.

16 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ბატონმა ხუნმა განაცხადა, რომ დროა უარი ითქვას  “ორმაგ სტანდარტებზე”, იგულისხმა რა ის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა დასავლეთმა არ უნდა გააიგივოს რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან ან რელიგიასთან ბრძოლასთან.

ხუნმა განმარტა, რომ “საერთო ქმედებებში” იგულისხმა უიღური სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაც. “ETIM-ის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის განუყოფელი ნაწილი”, რადგან, როგორც შემდეგ დასძინა, ეს დაჯგუფება “წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის”.

მსგავსი განცხადება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმაც G20-ის სამიტზე: “ჩინეთიც ტერორიზმის მსხვერპლი გახლავთ, ETIM-ის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იქცეს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის მნიშვნელოვან ნაწილად”.

რაც შეეხება პრეზიდენტ სის, მან  უკვე ნახსენები “ორმაგი სტანდარტების” თავიდან ამოგდების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამ ფაქტებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საერთაშორისო არენაზე პეკინი კვლავ იქნება მაოს დანატოვარი ჩაურევლობის პოლიტიკის ერთგული. ჩინეთს ვერ ვიხილავთ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოწყებული ომის (თუ მსგავსი რამ დაიწყება) ავანგარდში, ის მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა მისიაში მცირე ჩართულობით შემოიფარგლება საკუთარი სტატუსის ასამაღლებლად. თუმცა აქტიურად გამოიყენებს დღის წესრიგში ტერორიზმის საკითხის არსებობას და ქვეყნის შიგნით, კერძოდ კი სინძიანის რეგიონში, შეეცდება სიტუაციის დარეგულირებას და სადავეების ხელში აღებას.

ავტორი:

რევაზ თოფურია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი

 

გამოყენებული მასალა:

David Volodzko – China’s Own ‘Double Standard’ on Terrorism

http://thediplomat.com/2015/11/chinas-own-double-standard-on-terrorism/

Shannon Tiezzi – After Paris Attacks, China Seeks More International Help Fighting Xinjiang Separatists

http://thediplomat.com/2015/11/after-paris-attacks-china-seeks-more-international-help-fighting-xinjiang-separatists/

Georgia McCafferty – Will China get involved in the fight against ISIS?

http://edition.cnn.com/2015/11/20/asia/china-isis-non-intervention/index.html

Katie Hunt – Beijing vows justice as ISIS kills Chinese, Norwegian hostages

http://edition.cnn.com/2015/11/18/asia/isis-hostages-china-norway/

China’s Initiation of the Five Principles of Peaceful Co-Existence – http://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/ziliao_665539/3602_665543/3604_665547/t18053.shtml

მარიამ ჭიაურელი – ვინ არიან უიღურები?

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1772626.html


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *