პოლიტიკა,რელიგია,საერთაშორისო ურთიერთობები

პუტინი – “ღვთის საჩუქარი”

19 Dec , 2015  

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დღემდე ებრძვიან იმისთვის, რომ რელიგია არ ერეოდეს პოლიტიკაში ან პირიქით. თანამედროვე სამყაროში ცივილიზებული სახელმწიფოები იბრძვიან ისეთი წყობის შექმნისთვის, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების გამიჯვნას გულისხმობს რელიგიურისგან. ეს კი, თავის მხრივ, ეფუძნება უნივერსალური სახელმწიფოს იდეას, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური სივრცე ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლისათვის ქვეყანაში, რათა ყველა ადამიანის კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორობის უფლებების დაცვა მოხერხდეს. ასევე, ეს ემსახურება იმასაც, რომ, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს სახალხო სუვერენიტეტი, ანუ ლეგიტიმურობა სწორედ ხალხისგან, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროსგან, და არა რელიგიური სუბიექტებისგან.

ჩემს ესეში განხილულია, თუ რა გზა გაიარა რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიათან თანამშრომლობის კუთხით, რა როლი ენიჭება ეკლესიას სახელმწიფოს ავტორიტეტულობის საკითხში დღეს და რა გავლენა აქვს ამ ურთიერთობას საერთაშორისო დონეზე.

რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული ახლო ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის უნიკალურობის თეოლოგიურად ინდოქტრინირებულ ხედვაზე, არ არის ახალი ფენომენი. რუსეთიის იმპერიის ეპოქაში, მმართველი ითვლებოდა უფლისგან მოვლენილ პიროვნებად, რომელსაც ხალხისთვის უნდა გაეცნო ქრისტიანული ღირებულებები, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია განასახიერებდა. სანაცვლოდ კი მმართველს „წმინდა მართლმადიდებელი ხელისუფალის“ ტიტული ენიჭებოდა. ეს სისტემა მომგებიანი იყო ორივე მხარისათვის, რადგან ერთის გავლენის გაზრდით, მეორესიც აუცილებლად გაიზრდებოდა. სწორედ ამ ურთიერთმომგებიან სისტემაზეა აგებული რუსული ეკლესიისა და კრემლის ურთიერთობა დღესაც.

ეს სისტემა გულისხმობს, რომ კრემლი სახელმწიფოსთან დააახლოებულ ოლიგარქებს ახდევინებს მილიარდობით რუბლს ეკლესიის მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების დასაკმაყოფილებად, სანაცვლოდ კი ეკლესია ყოველთვის ხელისუფლების გვერდზე დგას და ამართლებს მის ნებისმიერ ქმედებას.

პუტინისა და ეკლესიის ურთიერთობის უკეთ გასაგებად საჭიროა უფრო ღრმა წარსულში ვეძიოთ მიზეზები. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკლესია შეეცადა კვლავ აღედგინა დაკარგული ავტორიტეტი საზოგადოებაში. ეს საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც „რკინის ფარდა“ ჩამოიშალა, დასავლეთიდან შემოვიდა სხვადასხვა მრწამსის ხალხი  : ევანგელისტები, მორმონები, კათოლიკეები და იეჰოვას მოწმეები. კომუნისტების მიერ შექმნილი სულიერი „ვაკუუმის“ შემდეგ, მათთვის ძალიან ადვილი გახდა თავიანთი რელიგიის გავრცელება საზოგადოებაში. ეს საფრთხეს უქმნიდა რუსეთის საპატრიარქოს დომინანტის სტატუსის მოპოვებაში, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მართლმადიდებლური ეკლესიის ზეწოლით, 1997 წელს რუსეთში მიიღეს კანონი რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც კრძალავდა „უცხო“ რელიგიურ აღმსარებლობებს. რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა იყო პირველი ნაბიჯი იმ დიდი გზისა, რამაც რუსეთი დღევანდელ რეალობამდე მიიყვანა.

დღეს რუსეთში კატასტროფული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ირღვევა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, ხუთი ათასამდე ადამიანია დაკავებული „ არასანქცინირებულ პროტესტში“ მონაწილეობის მიღების გამო. LGBT პირებს ჩამოერთვათ თანასწორობისთვის ბრძოლის უფლება. რუსეთის პარლამენტი იღებს კანონებს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.2015 წლის 14 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს უფლებას უგულებელყოს  საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან. ეს ყველაფერი  აქცევს მოსახლეობას ანტი-დასავლური ისტერიაში, რომელიც საბჭოთა ეპოქის შემდეგ ასეთი სიმძლავრით არავის უნახავს. ამის შედეგად ევროპის უდიდესი ნაცია უარს ამბობს თავის ევროპულ იდენტობაზე. რუსული არასამთავრობო კველევითი ცენტრის „ლევადა-ცენტრი“  მიერ  2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% არ მიიჩნევს თავს „დასავლური კულტურის“ ადამიანად, ხოლო 45% ნეგატიურად არის განწყობილი „დასავლურ ცხოვრების წესზე“.

რუსული ნაციონალიზმი მუდმივად იზრდებოდა და დღესაც ზრდება ეკლესიის გავლენასა და ავტორიტეტთან ერთად.  საზოგადოების მიერ პრივირეგირებული ეკლესია გახდა იმ პოლიტიკური ალიანსის საწინდარი, რომელიც სისრულეში ვლადიმერ პუტინმა მოიყვანა. ძალა, რომელსაც ეს ალიანსი ეყრდნობა არის რუსული ეროვნული იდენტობის საკრალური ხედვა. რუსეთი, ამ ხედვის მიხედვით, არც ევროპაა და არც აზია, არამედ ის არის უნიკალური წარმონაქმნი და განსაკუთრებული ღირებულებების მატარებელი.

როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, მან შეამჩნია რუსეთის საპატრიარქოს სასარგებლო როლი, რაც რუსული ნაციონალიზმის დაჩქარებაში მდგომარეობდა, და აქტიურად დაიწყო მუშაობა მის გაძლიერებაზე. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა საბჭოთა ეპოქაში ფეხქვეშ გათელილი მართლმადიდებლური ეკლესიის რეაბილიტაციისათვის. მან აღადგინა კომმუნისტების დროს დანგრეული და დაზიანებული ეკლესია-მონასტრები და ჩამორთმეული ქონებაც კვლავ ეკლესიას გადასცა, რითიც ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ეკლესიამ ასევე მიიღო უფლება ესწავლებინა რელიგია სკოლებში და ნებისმიერი პროექტი საკანონმდებლო ორგანომდე მას განეხილა.

პუტინის ასეთმა პოლიტიკამ მალევე გამოიღო შედეგი.

მან წარმატებით მოახერხა, ხალხის ეკლესიის მიმართ ნდობა თავის პიროვნებაზე გადმოეტანა, რაშიც, რა თქმა უნდა, თავად ეკლესიამაც მიიღო მონაწილეობა, ასე მაგალითად, პატრიარქმა კირილემ ვლადიმერ პუტინის მმართველობას “ღვთის სასწაული” უწოდა 2012 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.

ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს ოფიციალური მოსკოვის პოზიციას ნებისმიერ საგარეო მოვლენაზე.საპატრიარქო რეგურალურად იყენებდა თავის გავლენას, რათა რუსეთის როლი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო ღირებულად და მნიშვნელოვნად წარმოეჩნა რუსი ხალხისათვის. წარმოეჩინა როგორც საკუთარი დაკარგული მიწის დაბრუნება, და არა სხვისი მიწის ოკუპაცია.

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია პუტინი სამი ძირითადი არგუმენტით ამართლებს. ესენია: კოსოვოს პრეცედენტი და შოტლანდიის რეფერენდუმი; გერმანიის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. პირველი ორი არგუმენტი იმდენად აბსურდულია,  რომ შეუძლებელია სერიოზული დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს. თუმცა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, როგორც ამას დღეს რუსეთის ხელისუფლება მოიხსენიებს, ბევრისთვის ვალიდური არგუმენტია. ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პუტინი ისტორიული სამართლიანობის აღდგენას რელიგიურ კონტექსტში განიხილავს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაიწყო რუსეთის გაქრისტიანება: „ყირიმს გააჩნია შეუფასებელი ცივილიზაციური და საკრალური მნიშვნელობა რუსებისთვის, ისევე როგორც ტაძრის გორას-იერუსალიმში ებრაელებისთვის და მუსლიმებისთვის.“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში რუსეთის პარლამენტში 2014 წლის 4 დეკემბერს.

სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებსაც კმაყოფილებით შეხვდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. მათ ეს მოვლენა უკვე შერაცხეს, როგორც „წმინდა ომი“  ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების წინააღმდეგ:

„დღესდღეობით ბრძოლა ტერორიზმთან არის „წმინდა ომი“ და ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე აქტიური ძალა მასთან ბრძოლაში“ განაცხადა ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვსვევოლოდ ჩაპლინმა.

პუტინის საერთაშორისო ავანტიურებზე დაკვირვებისას, მცირე ყურადღება ექცევა რელიგიას, რომელიც, ალბათ დამეთანხმებით, არის პუტინის თავნებობის განმაპირობებელი.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც 165 მილიონ ადამიანს ითვლის, შეიძლება ჩავთვალოთ პუტინის საუკეთესო იარაღად თავისი ოცნების ასრულებაში, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რომლის დაშლასაც მან „მე-20საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, ან სულ მცირე, გავლენა დაიბრუნოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

 

ავტორი: ლაშა მაჭავარიანი

#51 საჯარო სკოლა

 

გამოყენებული მასალა:

Holy Alliance: Vladimir Putin, The Russian Orthodox Church And Russian Exceptionalism:

http://www.forbes.com/sites/paulcoyer/2015/05/21/unholy-alliance-vladimir-putin-and-the-russian-orthodox-church/

Putins calculated revival of russian orthodox church

http://www.thefiscaltimes.com/2015/06/09/Putin-s-Calculated-Revival-Russian-Orthodox-Church

Russian Orthodox Church sings from Putin hymn sheet on Ukraine

http://www.reuters.com/article/2014/03/07/us-ukraine-crisis-russia-church-idUSBREA260Q520140307

The Christian zeal behind Russia’s war in Syria

https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2015/10/01/the-christian-zeal-behind-russias-war-in-syria/

Russia’s new crackdown on human rights

http://www.amnesty.org.uk/russia-crackdown-human-rights-lgbt-gay-law-protest-censorship-pussy-riot-sochi#.Vmdkwbh97IV

How Vladimir Putin helped resurrect the Russian Orthodox Church

http://www.theglobeandmail.com/news/world/how-vladimir-putin-helped-resurrect-the-russian-orthodox-church/article16361650/

Putin Likens Crimea to Jerusalem for Russians

http://www.newsmax.com/Newsfront/putin-crimea-jerusalem-us/2014/12/04/id/611065/

ყირიმი: აღდგენილი ისტორიული სამართლიანობა?

http://www.tabula.ge/ge/story/81776-kirimi-aghdgenili-istoriuli-samartlianoba

The West through the eyes of Russians

http://intersectionproject.eu/article/society/west-through-eyes-russians

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *