ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

რუსეთის ანტითურქული სანქციები

19 Dec , 2015  

24 ნოემბერს თურქეთისა და სირიის საზღვრის მახლობლად თურქულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24 თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ამას მოჰყვა რუსეთის მკვეთრი რეაქცია, რომელიც უარყოფდა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, ხოლო თურქეთმა ნატოს მუდმივმოქმედი საბჭო მოიხმო კონსულტაციებზე. პუტინმა გადაწყვიტა, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაედგა და არ შეაფასა ეს ინციდენტი გაუგებრობად და თვითმფრინავის ჩამოგდება “ზურგში დანის ჩაცემა” უწოდა. მოთხოვნილი ბოდიშის მიუხედავად, თურქულმა მხარემ იქით მოითხოვა ბოდიში მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რომელიც ადრეც რამდენჯერმე მოხდა.

პუტინმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა თურქეთთან ომს, მაგრამ ამ ფაქტს სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა თურქეთისთვის. ამ შედეგებმაც არ დააყოვნა და რუსეთმა თურქეთს, რომელთანაც აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა ჰქონდა, სანქციები დაუწესა. ეს სანქციები მოიცავდა შეზღუდვებს თურქული საქონლის იმპორტსა და რუსეთში მომუშავე თურქულ ბიზნესებს, ასევე უვიზო რეჟიმის გაუქმებას 1-ლი იანვრიდან (თუმცა ბევრ თურქ მოქალაქეს უკვე შეექმნა პრობლემები რუსეთში და ასევე რუსულ სასაზღვრო პუნქტებში) და თურქეთისკენ მიმავალი რუსული ტურისტული ნაკადების შეჩერებას. რუსული კომპანიები ვეღარ დაიქირავებენ თურქ მუშახელს. გარდა ამისა, რუსულმა სახელმწიფო სანიტარულმა ინსპექციამ, როგორც ყოველთვის, აღმოაჩინა დარღვევები თურქულ საკვებ პროდუქტებში და თურქულ სოფლის მეურნეობის ნაწარმზე შეზღუდვები დაწესდა. რუსეთი თურქეთისთვის სერიოზული საექსპორტო ქვეყანა იყო, სადაც სოფლის მეურნეობისა ნაწარმისა და ქსოვილის ექსპორტი წელიწადში 6 მილიარდ დოლარს აღწევდა. გარდა ამისა, გასულ წელს თურქეთს 4,4 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რომლებმაც დაახლ. 6,6 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

რუსული სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ თურქულ ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგეს, რადგან თურქული ექსპორტი ბევრად აღემატება რუსულ ექსპორტს სავაჭრო ბალანსში. თუმცა ამ სანქციებით რუსეთი სერიოზულ პარტნიორს კარგავს რეგიონში. თურქეთის გაზის იმპორტის 56%-ს რუსული გაზი შეადგენს, გარდა ამისა, თურქეთი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა რუსული გაზის მიწოდებისა ევროპაში, განსაკუთრებით უკრაინასთან ომისა და ევროპული სანქციების შემდეგ. რუსეთსა და თურქეთს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ჯერ კიდევ სექტემბერში ერდოღანმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ 2023 წლისთვის ორი ქვეყნის ორმხრივ ვაჭრობას 100 მილიარდ დოლარამდე უნდა მიეღწია. გარდა ამისა, შავ ზღვაში მიმდინარეობდა გაზსადენის მშენებლობა, რომელსაც თურქეთის გავლით რუსული გაზი უნდა მიეტანა ბალკანეთისა და სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებამდე. ასე რომ, ამ ნაბიჯებით რუსეთი კარგავს სერიოზულ შესაძლებლობებსა და პარტნიორს.

თუმცა ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, როდესაც რუსეთმა სირიის კონფლიქტში ჩართვისას რეგიონულ ლიდერობაზე განაცხადა პრეტენზია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტამდე ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა არ იყო, სირიაში ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი მხარეები აღმოჩნდნენ. რუსეთი ჩაერთო კონფლიქტში ბაშარ ასადის მხარეს, ხოლო თურქეთი მხარს უჭერდა და უჭერს სირიის ოპოზიციურ ძალებს და ასევე მებრძოლ თურქმენულ უმცირესობას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ იგი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანაა, რუსული თვითმფრინავები ხშირად სირიის ოპოზიციას აყენებდნენ დარტყმებს, ხოლო 24 ნოემბერს ჩამოგდებული თვითმფრინავი კი სწორედ იმ თურქმენული უმცირესობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

თუმცა რუსეთს თუ უნდა ახლო აღმოსავლეთში საფუძველი გაიმყაროს და ამ რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად ჩამოყალიბდეს, ანდა თუნდაც ამერიკის შემცვლელიც გახდეს, რომელმაც ერაყიდან ჯარების გაყვანის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში თავისი სამხედრო გავლენა შეამცირა, მაშინ მას გარკვეული ფასის გადახდა მოუწევს, თუნდაც როგორიცაა თურქეთთან ურთიერთობების გაფუჭება. როგორც ჩანს, რუსეთი თავისი ქმედებებით ადასტურებს, რომ მზადაა გადაიხადოს ეს ფასი და აქტიურად აკეთებს ძალის დემონსტრირებას. იგი იყენებს თანამედროვე ტიპის შეიარაღებას, რაკეტებს, კასპიის ზღვიდანაც კი განახორციელა სარაკეტო შეტევები სირიაში, რითაც აჩვენებს თავის სამხედრო ძლიერებას, რომელიც შეიძლება ტექნიკურად ჩამოუვარდება აშშ-ის შეიარაღებას, მაგრამ სამაგიეროდ იგი მზადაა, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და მიიღოს გადამჭრელი ზომები განსხვავებით ამერიკისგან, რომელიც სირიის კონფლიქტში ჩართულობა მხოლოდ “ისლამური სახელმწიფოს” წერტილების დაბომბვაა.

გარდა ეკონომიკური სანქციებისა, რუსული პასუხი რეტორიკასა და საინფორმაციო ომშიც ჩანს. რუსეთმა თურქეთი და კონკრეტულად ერდოღანის ოჯახი დაადანაშაულა ისლამისტი ექსტრემისტების მფარველობაში და “ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობის შესყიდვაში და ამის “სამხილები” წარმოადგინეს. აშშ-ის სატელიტურმა სურათებმა და ქურთების განცხადებებმა დაადასტურეს, რომ სინამდვილეში ნავთობგადამზიდი მანქანები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებულ საზღვარს კი არ კვეთს, არამედ ქურთების. თუმცა აქ მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ აქტიური საინფორმაციო ომის წამოწყება. ეს პროპაგანდა ცდილობს თურქეთის მმართველი პარტია რადიკალურ ისლამისტურ ძალად წარმოაჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია უკვე 13 წელიწადია, ხელისუფლებაშია, და მათთან აქამდე აქტიური თანამშრომლობა აკავშირებდა. პუტინის განცხადებამ კი (“მხოლოდ ალაჰმა უწყის, რატომ ჩამოგვიგდეს თვითმფრინავი”) შეიძლება ეს ანტითურქული პროპაგანდა ნაწილობრივ ანტიისლამურად აქციოს, ხოლო გაამყაროს პუტინის ხატი, როგორც ქრისტიანობის მცველისა.

13 დეკემბერს რუსულმა სამხედრო გემმა თურქულ გემს ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა, რაც შეგვიძლია საერთო კონფრონტაციის კიდევ ერთ ინციდენტად ჩავთვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინციდენტები შეიძლება კიდევ მოხდეს და, მეტიც, გახშირდეს, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის საშიშროება ნაკლებად არსებობს, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესკალაცია არ მოხდება იმ რეგიონებში, სადაც ამ ორი ქვეყნის ინტერესები გადაიკვეთება.

გარდა სირიისა, რუსეთისა და თურქეთის ინტერესები სხვა რეგიონებშიც იკვეთება, განსაკუთრებით კავკასიასა და შუა აზიაში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში უკვე დიდი ხანია ამ ორ სახელმწიფოს თავისი მხარე უჭირავს. ასევე თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნავთობისა და გაზსადენების კუთხით დიდი ხანია იწვევს რუსეთის უკმაყოფილებას. მით უმეტეს, ამ მოვლენების შემდეგ თურქეთმა დააჩქარა შაჰდენიზის მეორე პროექტის ამოქმედება, რომლითაც თურქეთი და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნები აზერბაიჯანულ და შუააზიურ ბუნებრივ აირს მიიღებენ. ამიტომაც უნდა ველოდოთ რუსეთის ზეწოლისა და პროპაგანდის გაძლიერებას ამიერკავკასიაში.

შუა აზიის ქვეყნებში გავლენის მოსაპოვებლადაც დიდი ხანია მიმდინარეობს ბრძოლა. ხუთიდან ოთხი ქვეყანა თურქულენოვანია, თუმცა იქ კვლავ ძლიერია რუსეთის ჩართულობა ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკაში და გავლენა ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნებზე. ამ მხრივ, თურქეთსაც მოუწევს გააძლიეროს თავისი პოლიტიკა და დაარწმუნოს თურქმენეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი, უფრო აქტიურად ჩაერთონ ტრანსკასპიურ და ტრანსკავკასიურ პროექტებში.

ნიკო ქელბაქიანი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი,

“მომავალ დიპლომატთა კლუბის” ბლოგის რედაქტორი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *