ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

საუდის სამეფო ირანული რესპუბლიკის წინააღმდეგ

5 Jan , 2016  

2016 წლის 2 იანვარს საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა გავლენიანი ღვთისმეტყველი, ნახევარკუნძულზე მცხოვრები შიიტური უმცირესობის ლიდერი, ნიმრ ბაქრ ან-ნიმრი. მასთან ერთად საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა კიდევ 47 ადამიანი – რამაც გამოიწვია საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების აქამდე არნახული დაძაბულობა.

საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ 47 ადამიანის სიკვდილით დასჯამ გამოიწვია რეგიონში სიტუაციის გართულება და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა (მათ შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტა ირანსა და საუდის არაბეთს შორის). საუდის არაბეთი, ზოგადად, საკმაოდ ხშირად სჯის ადამიანებს სიკვდილით, რის გამოც მას ყოველთვის აკრტიკებდა დასავლეთი, მაგრამ ამჯერად სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყნის წამყვანი შიიტი ღვთისმეტყველის – ნიმრ ბაქრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯამ, რომელსაც ბრალად 2011-2012 წლებში შიიტების გამოსვლებში მონაწილეობა ედებოდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ან-ნიმრს ბრალად დებდა „ეროვნული ერთიანობის შერყევას, შუღლის გაღვივებას, მმართველთა წინააღმდეგ გამოსვლას“.

თავის მოკვეთა, სხეულის ჯვარზე გაკვრა და შემდგომ მისი საყოველთაოდ ჩვენება ელოდება ასევე სიკვდილით დასჯილი ან-ნიმრის ძმისშვილს, რომელიც 2012 წელს ბიძასთან ერთად დააკავეს. დასავლეთში ძირითად ყურადღებას ახალგაზრდას ბედი იწვევდა – მის მხარდასაჭერად წერდნენ წერილებს, იკრიბებოდნენ მიტინგებზე და ხელს აწერდნენ პეტიციებს.

ამავდროულად თავად საუდის არაბეთში და საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო დიდი მნიშნველობა ჰონდა ან-ნიმრს. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი აღიქმება როგორც ისლამის ბურჯი (რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ისლამის ორი უდიდესი სიწმინდე – მექა და მედინა), ეს სახელმწიფო არ არის მონოლითური რელიგიური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს ოფიციალური იდეოლოგია არის ვაჰაბიზმი – რადიკალური სუნიტური მიმდინარეობა, მოსახლეობის ათიდან თხუთმეტ პროცენტამდე მიაკუთვნებს თავს შიიტ იმამიტებს. ეს ადამიანები არ არიან გადმოსახლებული ან ჩასახლებული უმცირესობა, არამედ არაბეთის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლენი, რომელთა განსახლების არეალი არის სამეფოს ნავთობით ყველაზე მდიდარი რეგიონები (მათ შორის ქალაქი კატიფი, ან-ნიმრის სამშობლო), რის გამოც სიტუაცია კიდევ უფრო ფეთქებადი ხდება.

საუდის არაბეთი, დღევანდელი სახელმწიფო სტრუქტურითა და საზღვრებით, წარმოიშვა 1932 წელს, როდესაც მეფე აბდ ულ-აზიზ იბნ აბდ ურ-რაჰმან იბნ ფაისალ ალ საუდმა (საუდის დინასტიის დამაარსებელი, რომლის გვარი სახელმწიფოს სახელშიც შემორჩა – საუდის არაბეთი) დაიპყრო არაბეთის ნახევარკუნძულის გარკვეული ტერიტორია. მეფის ქვეშევრდომები გახდნენ ასევე შიიტები, რომლებისთვისაც სუნიტი მეფის ქვეშევრდომობა დიდად სახარბიელო არ არის, რადგანაც მუჰამადის მემკვიდრეებს შორის არსებული დავა დღემდე უაღრესად აქტუალურია.

მიუხედავად იმისა, რომ უცხო თვალისთვის შიიტებსა და სუნიტებს შორის განსხვავება რთულად შესამჩნევია (ტაძრების არქიტექტურა, სასულიერო პირების ჩაცმულობა და სხვა შესამჩნევი ფაქტორებით ისლამის ორი ძირითადი მიმდინარეობა გაცილებით უფრო გავს ერთმანეთს, ვიდრე კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა), მრავალი ვაჰაბიტი საუდელი ღვთისმეტყველი შიიტებს ერეტიკოსებად აღიქვამს, რომლებიც ებრაელებსა და ქრისტიანებზე უარესი არიან. ამიტომაც საუდის არაბეთის სამეფოს შიიტური უმცირესობა საკმაოდ შეზღუდული იყო, მათ შორის მოქმედებდა მთელი რიგი სახელების დარქმევაზეც კი ვრცელდება. 2011 წელს, არბული გაზაფხულის დროს შიიტების ნაწილმა მიიღო მონაწილეობა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო შიიტების უფლებების სრული აღიარება და მანამდე არსებული შეზღუდვების გაუქმება.

ამავდროულად პროტესტი დაიწყო ბაჰრეინის კუნძულზე, სადაც სუნიტური მეფე და  მთავრობა მართავს შიიტურ უმრავლესობას. საპასუხოდ საუდის სამეფომ ბაჰრეინში შეიყვანა ჯარები, ხოლო საკუთარ ქვეყანაში პოლიცია რეპრესიების განსახორციელებლად გამოიყენა, რაც დასრულდა 2012-ში ან-ნიმრის დაკავებით. დაკავებისას პოლიციამ გამოიყენა ხისტი ძალისმიერი მეთოდები, ან-ნიმრს ესროლეს და ფეხში დაჭრეს.

სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ საუბარი არ არის უბრალოდ რომელიღაცა ქვეყნის რელიგიური უმცირესობის შევიწროებაზე. დღეს შიიზმი არის დინამიკური, სწრაფად განვითარებადი პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც 1979 წლიდან ამტკიცებს საკთარ სიცოცხლისუნარიანობას. რევოლუციის დროს შაჰის გადაყენებისა და აიათოლა ხომეინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სუნიტურ საუდის არაბეთს გაუჩნდა იდეოლოგიური მოწინააღმდეგე – შიიტური რესპუბლიკა.

მთელი რიგი პოლიტიკური ინციდენტების შემდეგ საუდის არაბეთი და ირანი ბარიკადების ორ მოპირდაპირე მხარეს დადგნენ. საუდის სამეფო ოჯახი ირანს მისი ძალაუფლების ჩამოგდებასა და ისლამური რესპუბლიკის გამოცხადების სურვილში ადანაშაულედა, თეირანი კი ერ-რიადს აღიქვამს, როგორც კონსერვატიული ძალების ციტადელს, ამერიკის მარიონეტებს, რომლებსაც სურთ რევოლუციური ისლამის წინსვლის შეჩერება. ვიკილიქსის მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ საუდის სამეფო ოჯახი თეირანის საგარეო პოლიტიკით იყო დაინტერესებული, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას საუდის არაბეთი ისრაელზე მეტად ლამობდა. ანალოგიურად, თეირანი აღიქვამს ერ-რიადს უფრო დიდ მოწინააღმდეგედ, ვიდრე თელ-ავივს.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ შიიტური უმცირესობა აღიქმება, როგორც საუდის არაბეთზე ზეგავლენის ერთერთი მნიშნველოვანი ფაქტორი, ხოლო ერრიადი ამ ადამიანებს უყურებს, როგორც ყოველგვარი მღელვარებისა და არალოიალურობის ბუდეს. საუდიტებმა გადაწყვიტეს მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ყველაზე შემოწმებული ხერხის გამოყენება – რეპრესიები და ზეგავლენის მაქსიმალურად ხისტი მეთოდები, რაც გამოიხატა ან-ნიმრისა სიკვდილით დასჯაში. სამეფო ოჯახმა მკვეთრი სიგნალი გააგზავნა – რომლის ადრესატები არიან არა მარტო შიიტები, არამედ ასევე ალ-კაიდას მხარდამჭერები (რომლებიც 47 სიკვდილით დასჯილს შორის უმრავლესობას წარმოადგენდა). სამეფომ კიდევ ერთხელ მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი ერთგულება რელიგიური პრინციპებისადმი.  

920716_10153354774628946_850316686287695867_oგასათვალისწინებელია ასევე შიიტური ისლამის თავისებურებები, უპირველეს ყოვლისა კი ჭეშმარიტი რწმენისთვის მოწამეთა კულტი. როგორც ალი, ასევე ჰუსეინი აღიქმებიან შიიტების მიერ, როგორც ჭეშმარიტი რწმენისთვის დაღუპულები. მოწამეთა ტრაგიკული ბედი ყოველთვის იყო ბიძგი ახალგაზრდა შიიტებისთვის, რომელთა მზაობა, შესწირონ სიცოცხლე რწმენას, ყოველთვის საზრდოებდა მოწამეთა ისტორიებიდან. ბაჰრეინელი და საუდიტი ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი სიმბოლო გახდება ან-ნიმრი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების ერაყული სცენარით განვითარება – როდესაც სადამ ჰუსეინმა სიკვდილით დასაჯა აიათოლა ას-სადრი, მიმდევრების დაშინების ნაცვლად მან მიიღო მისი შემცვლელის ირგვლივ გაერთიანებული რელიგიური უმრავლესობა. მნიშვნელოვანია ან-ნიმრის მხარდამჭერთა სოციალური თავისებურების გათვალისწინება – მისი მხარდამჭერები ძირითადად იყვნენ ახალგაზრდები (რაც ახალგაზრდა რეგიონში სერიოზული პრობლემების მომასწავებელია).  

აშკარაა ისიც, რომ ერ-რიადმა ვერ გათვალა ირანის რეაქცია ბოლომდე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთი მოელოდა თეირანში საელჩოსთვის ცეცხლის მოკიდებას – აქედან გამომდინარე, დიპლომტიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიყურება, როგორც იძულებული, სპონტანური ნაბიჯი.

მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან გაწყვიტა საუდის არაბეთმა, უპირობო მხარდაჭერა გამოაცხადა ბაჰრეინმა და სუდანმა, ასევე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყნიდან გაუშვეს მაღალი რანგის ირანელი დიპლომატები. ამ ნაბიჯების შედეგად ირანი ხდება ისლამური სამყაროს განდეგილი და შესაძლებელია საკუთარი სტატუსის დასაბრუნებლად არანაკლებ რადიკალური ნაბიჯები გადადგას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი გამწვავება იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს კონფლიქტი არავის არ აწყობს – არც ირანს, არც საუდის არაბეთს. ირანმა ცოტა ხნის დაიწყო დასავლური სანქციებიდან გამოძრომა, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ. მან მოახერხა აშშ-სთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება ისლამური სახელმწიფოს ექსპანსიის შეჩერების მიზეზით. საუდის არაბეთი – რომელმაც სირიის კონფლიქტში ასადის რეჟიმის ჩამოგდებას ცდილობდა და ამ მიზნით აშშ-სთან და ევროკავშირთან ალიანსში შევიდა – კიდევ უფრო რთული და მიუღებელი მოკავშირე ხდება ადამიანის უფლებების პერმანენტული და სისტემატიური დარღვევის გამო. ასევე დასავლელ მოკავშირეებს სულ უფრო და უფრო უჭირთ ამომრჩევლებისთვის იმის ახსნა, თუ რით სჯობია ერ-რიადის რეჟიმი ისლამურ სახელმწიფოს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აწყობს განვითარებული სიტუაცია, არის რუსეთი, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტის შედეგად დაფიქსირებული ფასების ზრდა ნავთობზე იქნება არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი.

სიტუაციის გართულების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. სიტუაცია მიახლოებით გავს რუსეთ-თურქულ კრიზისს – ურთერთბრალდებები, ხმამაღალი სიტყვები, სანქციები, მაგრამ აშკარა გააზრება წითელი ხაზებისა.

უშუალო, სრუმასშტაბიანი ომი იქნებოდა კატასტროფა არამარტო რეგიონისთვის, არამედ უპირველესად მმართველი რეჟიმებისთვის – ამიტომაც, მიუხედავად ხმამაღალი სიტყვებისა, შიიტურ-სუნიტური დაპირისპირება ომში არ გადაიზრდება.

გიორგი მელაშვილი,

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი,

მომავალ დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *