ეკონომიკა,პოლიტიკა,რელიგია,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონული პოლიტიკა

7 Jan , 2016  

ბოლო კვირაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობა საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს 47 ადამიანი, რომლებთაც ბრალი ტერორიზმში, ექსტრემიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ედებოდათ. მათ შორის იყვნენ ალ-კაიდას წევრებიც, თუმცა მთავარი ხმაური მოჰყვა შიიტი მქადაგებლის შეიხ ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯას. ან-ნიმრი არაბული გაზაფხულის პერიოდში საუდის არაბეთში გამოსვლებს ხელმძღვანელობდა მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც შიიტებითაა დასახლებული. ამას შიიტურ სამყაროში, განსაკუთრებით კი ირანში, მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, თეირანსა და მეშჰედში კი დემონსტრანტმა ირანელებმა საუდის არაბეთის საელჩო და საკონსულო დაარბიეს და გადაწვეს. საპასუხოდ, საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მსგავსი ნაბიჯები გადადგეს ბაჰრეინმა და სუდანმა, ქუვეითმა ელჩი გამოიხმო, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც შეამცირეს დიპლომატიური ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.

ეს კიდევ ერთი ესკალაციაა ე.წ. “ახლო აღმოსავლეთის ცივ ომში” ირანსა და საუდის არაბეთს შორის, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებით გამძაფრდა. საუდის არაბეთი დიდ საფრთხედ აღიქვამს ირანის გაძლიერებულ პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და მის მიერ სხვა შიიტური რეჟიმების მხარდაჭერას. საუდის არაბეთი აშკარად და აქტიურად ეხმარება ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს სირიაში, როდესაც ირანი ცალსახად უჭერს მხარს ბაშარ ალ-ასადს და პირდაპირაა ჩართული კონფლიქტში არა მარტო ჰეზბოლას სახით, რომელიც ირანის მიერ დაფინანსებული ლიბანსა და სირიაში მოქმედი შიიტური ორგანიზაციაა, არამედ საკუთარი ალ-კუდსის ჯარების მეშვეობითაც, რომელიც ირანის საზღვარგარეთ მებრძოლი შეიარაღებული ძალების შენაერთია.

“ცივი ომი” “ცხელ ომში” გადაიზარდა გასულ წელს იემენშიც, სადაც ჰუსიტების აჯანყებისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამოქალაქო ომი დაიწყო. ჰუსიტებიც იემენში მცხოვრები შიიტების პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელმაც გასულ წელს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი ალ-ჰადის მთავრობა დედაქალაქ სანადან განდევნა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ხელში ჩაიგდო. ჰადის მთავრობამ საპორტო ქალაქი ადენი მხოლოდ საუდის არაბეთის დახმარებით შეინარჩუნა, რომელიც აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო ომში საჰაერო ძალებით. საუდის არაბეთის ინტერვენციას, პირველ რიგში, სწორედ ირანი აპროტესტებდა, რომელიც ჰუსიტების მხარდამჭერია ამ კონფლიქტში. სამოქალაქო ომმა იემენი უკვე ოთხ ნაწილად გაყო, რადგან ჰადის მთავრობისა და ჰუსიტების გარდა, გარკვეულ ტერიტორიებს ალ-კაიდა და “ისლამური სახელმწიფოც” აკონტროლებენ. იემენის სამოქალაქო ომი კიდევ დიდხანს იქნება ირანისა და საუდის არაბეთის კონფრონტაციის ქვეყანა, მით უმეტეს, რომ ამ დღეებში თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს გადაწვას სანაში ირანის საელჩოს დაბომბვა მოჰყვა საუდის არაბეთის თვითმფრინავების იერიშის შედეგად.

თუმცა მთავარი კითხვა ის კი არაა, თუ როგორ ჩაერთო სხვადასხვა კონფლიქტში საუდის არაბეთი და როგორ ახორციელებს სხვადასხვა იერიშს, არამედ თუ რატომ გადაწყვიტა არაბეთის ნახევარკუნძულზე აშშ-ის მთავარმა მოკავშირემ საკუთარი შეიარაღებული ძალების გამოყენება, რაც მანამდე არ მომხდარა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ამ მოკავშირის გადაწყვეტილებაა, ნაკლებად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში. ეს გამოიხატებოდა ერაყიდან ჯარების გაყვანაში და ასევე გასულ წელს ირანთან დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ყველაზე მტკივნეულად სწორედ საუდის არაბეთმა აღიქვა, როგორც ირანისთვის ხელ-ფეხის გახსნა რეგიონში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და ინტერესების გასატარებლად, რადგან სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანს მეტი ფინანსები გამოუჩნდება. საუდის არაბეთისთვის შემაშფოთებელი იყო ამერიკის შეფასებები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა სამეფო შეიხ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯისთვის, ხოლო თეირანში საელჩოს დაწვა არ შეუფასებია, როგორც ირანის სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ქმედება. აშშ-ის ასეთი პოზიცია კიდევ უფრო მეტად უბიძგებს საუდის არაბეთს, რომ აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა და თვითონ დაიცვას რეგიონში საკუთარი ინტერესები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაში რეგიონში რელიგიური დაპირისპირებაა სუნიტებსა და შიიტებს შორის. მიუხედავად ერთი შეხედვით რეგიონის ორ რელიგიურ ბანაკად გაყოფისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რელიგიური დაყოფა პირობითია და სინამდვილეში საკითხი ბევრად კომპლექსურია. მაგალითად, ირანის მიერ მხარდაჭერილი სირიის მმართველი რეჟიმი და იემენის ჰუსიტების ორგანიზაცია სხვა ტიპის შიიზმის მიმდევრები არიან (ირანის სახელმწიფო რელიგია შიიზმის 12 იმამის მიმდინარეობაა, მაშინ როდესაც სირიის მმართველი ელიტა ალავიტი შიიტები, ხოლო ჰუსიტები ზაიდიტი შიიტები არიან) და, რელიგიური თვალსაზრისით, თავადაც დაპირისპირებული მიმდინარეობები არიან. რაც შეეხება საუდის არაბეთსა და სხვა სუნიტურ ქვეყნებს, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუდის არაბეთის ოფიციალური იდეოლოგია ვაჰაბიზმია, რომელიც სუნიზმის რადიკალური მიმდინარეობაა და ხშირად ბევრ საკითხებში ჯიჰადისტების შეხედულებებს ემთხვევა. გარდა ამისა, საუდის სამეფო ოჯახი ისლამის ორი მთავარი სიწმინდის, მექისა და მედინის, მცველად ითვლება, იგი გასცემს ჰაჯის ნებართვებს. თუმცა ისლამში, განსაკუთრებით კი სუნიზმში, უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტი გამოკვეთილად არ არსებობს და თუნდაც ქააბას ტაძრის ფლობა არ გულისხმობს თავისთავად მთელი სუნიტური ძალების საკუთარი თავის გარშემო შემოკრებას. ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია ირანი, რადგან შიიზმში იერარქია უფრო გამოკვეთილია, რასაც ემატება იმამ ხომეინის ავტორიტეტი და მისი ისლამური რევოლუციური იდეები.

საუდის არაბეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა რეგიონის დიდი სუნიტური ქვეყნები შემოეკრიბა დიდ სუნიტურ კოალიციაში. სპარსეთის ყურის მონარქიები საუდის არაბეთის აშკარა მხარდამჭერები არიან, თუმცა დიდ სუნიტურ ქვეყნებს ეგვიპტე, თურქეთი და პაკისტანი წარმოადგენენ, რომელთა ერთ კოალიციაში გაერთიანება რთულ ამოცანას წარმოადგენს. თურქეთი, რომელიც მუსლიმ ძმებს აქტიურად უჭერდა მხარს, წინააღმდეგია ას-სისის მთავრობასთან თანამშრომლობაზე, ხოლო ეგვიპტე, თავის მხრივ, ერიდება ირანთან აშკარა კონფრონტაციას. ატომური იარაღის მქონე პაკისტანს, რომელთანაც, თურქეთისა და ეგვიპტის მსგავსად, საუდის არაბეთს დიდი ეკონომიკური კავშირები აქვს, საუდის სამეფო შეიძლება ბირთვულ დაზღვევად განიხილავდეს, თუკი ირანი მაინც შეძლებს და შექმნის ატომურ იარაღს, თუმცა ეს სამივე ქვეყანა ჯერჯერობით ირანთან აქტიურ კონფორნტაციას ერიდება და მაქსიმუმ საუდის არაბეთის სიტყვიერი მხარდაჭერით თუ შემოიფარგლება.

კიდევ ერთი საფრთხე საუდის არაბეთისთვის შიდა საფრთხეა, რომელიც ნავთობის ფასის დაცემით გამოწვეულმა შემოსავლების შემცირებამ შეიძლება გაამძაფროს. ფასის შემცირების მიუხედავად, საუდის არაბეთი მაინც განაგრძობდა ნავთობის აქტიურ მოპოვებას,  რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფიქალის ნავთობის მოპოვების შენელება იყო, ხოლო თვითონ იმედებს თავის დიდ ფინანსურ მარაგებზე ამყარებს. თუმცა გაბერილ სახელმწიფო ხარჯებს უკვე დიდი სამხედრო ხარჯები ემატება, რამაც შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიოს. საუდის არაბეთს უკვე ჰყავს “უკმაყოფილო” შიიტი უმცირესობა ქვეყნის აღმოსავლეთში და თავისუფლად მოსალოდნელია მათდამი ირანის მხარდაჭერაც.

შესაბამისად, საუდის არაბეთის მიერ რეგიონში ძალის დემონსტრირება არა მარტო მოქიშპე ქვეყნებისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობისთვის განკუთვნილი მესიჯიცაა, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ამერიკა ნაკლებადაა ჩართული ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში. საუდის არაბეთს შიდა სტაბილურობისთვის აუცილებლად სჭირდება რეგიონში ძლიერი სტატუსის ჩამოყალიბება, სადაც არა მარტო რეგიონული მოთამაშეები, არამედ რუსეთიც ცდილობენ ახალ სტატუს-კვოში მაქსიმალური გავლენის მოპოვებას.

ნიკო ქელბაქიანი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი,

“მომავალ დიპლომატთა კლუბის” ბლოგის რედაქტორი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *