ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირანის ბირთვული შეთანხმების კულმინაცია

19 Jan , 2016  

16 იანვარს ირანს სანქციები მოუხსნეს. ეს არის დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად ივლისში მიღებული “საერთო ყოველმხრივი მოქმედების გეგმის” აღსრულება, რომელიც დაიდო ირანის ისლამურ რესპუბლიკას, 5+1 ქვეყნებსა (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება ეხებოდა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებასა და მისი ატომური ელექტროსადგურების საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ გაკონტროლებას, რომლის სანაცვლოდაც ირანს მოეხსნებოდა ბირთვული პროგრამის გამო დაკისრებული საერთაშორისო სანქციები. სანქციების მოხსნა ირანს გზას უხსნის მსოფლიო ბაზარზე, რაც ცვლის რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტატუს-კვოს.

პირველ რიგში, სანქციების მოხსნას დიდი ეკონომიკური ეფექტები უნდა ჰქონდეს. სანქციებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას. განსაკუთრებით დიდი დარტყმა ირანმა 2012-2013 წლებში განიცადა, როდესაც ჰიპერინფლაციამ ირანული რიალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაუფასურებულ ვალუტად აქცია. ამ წლებში ირანის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება დაფიქსირდა, შემცირდა ქვეყნის საგარეო ვაჭრობა. ირანს, რომელიც ნავთობისა და გაზის მარაგებით ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა და შესაბამისად შემოსავლის მთავარ წყაროს ვერ იყენებდა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკებში გაყინული იყო ირანული აქტივები და ანგარიშები, რომლებიც ათეულ მილიარდობით აშშ დოლარს შეადგენდა. აგრეთვე იყინებოდა იმ უცხოური კომპანიების ანგარიშებიც, რომლებიც სანქციების პირობებს დაარღვევდა ირანთან ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, რის გამოც ქვეყანაში მკვეთრად იკლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა.

შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზომიერი პრაგმატული ფრთის წარმომადგენელმა ჰასან რუჰანიმ, რომლის მთავარი დაპირება სწორედ დასავლეთთან მოლაპარაკება და სანქციების მოხსნა იყო. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანს რუჰანის მიერ დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი წარმოადგენდა, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და დასავლეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს, დიდი ხნის განმავლობაში იყო ირანის წარმომადგენელი გაეროშიც. სანქციების მოხსნა ჰასან რუჰანის მხარდამჭერებს დაეხმარება ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის (ირანის საკანონმდებლო ორგანო) არჩევნებში მეტი ადგილი მოიპოვონ, რომლებიც 26 თებერვალს ჩატარდება. მეჯლისში ადგილებისთვის, როგორც წინა არჩევნებში, კონსერვატიული და ზომიერი რეფორმატორული ფრთები იბრძვიან. თუმცა ირანული პოლიტიკურ სპექტრზე მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსერვატიული, ზომიერი, პრაგმატული და რეფორმატორული ფრთები საერთო ჯამში ერთ ისლამურ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენენ, რადგანაც სხვა პარტიების მოქმედება ქვეყანაში შეზღუდულია. ჰასან როუჰანიც 1989-2005 წლებში ირანის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იყო. გარდა ამისა, ირანის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის პირველ პირს არა პრეზიდენტი, არამედ რელიგიური წინამძღოლი (1989 წლიდან – აიათოლა ალი ხამენეი) წარმოადგენს, მას კი საზედამხედველო საბჭო ექვემდებარება, რომელსაც, გარდა სხვა ბევრი ფუნქციისა, საპრეზიდენტო და მეჯლისის წარმომადგენლობის კანდიდატების დამტკიცება ევალება.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის მოგება, რაც შეიძლება ირანმა ნახოს გახსნილი ბაზრისგან. გარდა გაყინული ირანული ანგარიშებისა, ირანისთვის უფრო იაფი ვაჭრობაც ხელმისაწვდომი იქნება და ამით დაზოგავს მილიარდობით დოლარს, რომელიც სანქციების პირობებში დამატებით ხარჯებად ემატებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016-17 წლებში შესაძლოა ირანის მშპ-ის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდეს. ვაჭრობის გახსნით დაინტერესებულია ევროპული კომპანიებიც, განსაკუთრებით კი გერმანული კომპანიები გამოხატავენ მზადყოფნას, აითვისონ ახლად გახსნილი ირანული ბაზარი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანი Airbus-ისგან 114 თვითმფრინავის შეძენას აპირებს, რათა თავისი მოძველებული საჰაერო ფლოტი განაახლოს. ვაჭრობის განახლებით უფრო მეტად ევროპელები არიან დაინტერესებული, რადგანაც აშშ მხოლოდ საერთაშორისო სანქციებს ხსნის, ხოლო შიდა ამერიკული სანქციები კვლავ შენარჩუნდება.

რა თქმა უნდა, სანქციების მოხსნა ცვლის სიტუაციას ნავთობის ბაზარზე. ნავთობის ფასი უკვე ჩამოსცდა ათწლეულის მინიმუმს და ერთი ბარელის ფასმა 28 დოლარს მიაღწია. როცა 2013 წელს მოლაპარაკებები იწყებოდა, მაშინ ნავთობის ფასი ბევრად მაღალი იყო და ირანსაც შესაბამისად უფრო მეტი შემოსავლის იმედი ჰქონდა, თუმცა ასეთი ფასების პირობებშიც კი ირანს შეუძლია ნავთობის ექსპორტით წელიწადში 10 მილიარდი დოლარი მიიღოს. ირანს დღეში 500,000 ბარელი ნავთობის ექსპორტი შეუძლია განახორციელოს, რაც კიდევ უფრო მეტ მიწოდებას წარმოქმნის მაშინ, როდესაც ამდენი ნავთობი აღარავის სჭირდება. გარდა ამისა, ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის დასაკავებლად ირანი ნავთობის საბაზრო ფასზე იაფად გაყიდვას აპირებს, რასაც ასევე აკეთებს საუდის არაბეთი თავისი წილის შესანარჩუნებლად. ასეთი კონკურენცია კი ფასის კვლავ კლების წინაპირობაა, რაც ნავთობზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკას კიდევ უფრო დაარტყამს.

მიუხედავად სანქციების მოხსნისა, კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები. გარდა იმისა, რომ აშშ არ ერთვება ირანთან ვაჭრობაში, მსხვილი ფინანსური კორპორაციებიც ჯერჯერობით ერიდებიან ახალ საინვესტიციო პროექტებში ჩართვას, ხოლო უფრო მცირე ბანკები მსხვილი ევროპელი კომპანიებისთვის ნაკლებად მომგებიანია. ამასთან ერთად სანქციების მოხსნა ქვეყნის ეკონომიკის უპირობო აყვავებას არ გულისხმობს, რადგან ირანი ეკონომიკური თავისუფლებით დიდად არ გამოირჩევა. საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ რთულია, რაც არც შიდა და არც უცხოურ კომპანიებს მოქმედების დიდ თავისუფლებას არ აძლევს. ყველა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკულ რესურსს სახელმწიფო აკონტროლებს, ასევე საბანკო და საწარმოო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილსაც, ხოლო პროდუქტების დიდ ნაწილზე სახელმწიფო ფასების კონტროლსა და სუბსიდიებს აწესებს. ამას არასტაბილური ვალუტა ემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ სანქციების ბრალი არ იყო და ეს სანქციების მოხსნის პირობებში უფრო კარგად გამოჩნდეს.

ამ შეთანხმების ეკონომიკური ეფექტები ჯერაც წინ გველის, ხოლო პოლიტიკურ ეფექტებს შეგვიძლია უკვე დავაკვირდეთ. სანქციების მოხსნის თარიღი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ანგარიშზე იყო დამოკიდებული, თუმცა სანქციების მოხსნას ირანის მიერ ამერიკელ პატიმრების, მათ შორის Washington Post-ის ჟურნალისტ ჯეისონ რეზაიანის, გათავისუფლება უძღოდა წინ, სანაცვლოდ კი ვაშინგტონმა სანქციების პირობების დარღვევისთვის დაპატიმრებული პირები გაათავისუფლა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ორი მოლაპარაკება ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო, თუმცა ბირთვულმა მოლაპარაკებებმა გარკვეული წვლილი შეიტანეს იმ მხრივ, რომ აშშ-ისა და ირანის საგარეო უწყებები უფრო აქტიურად ურთიერთობენ. დადებითად შეფასდა ასევე ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ დაჭერილი ამერიკელი მეზღვაურების მალევე განთავისუფლება, თუმცა გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც მეზღვაურები დაჩოქილი დგანან, ამერიკაში აღშფოთება მაინც გამოიწვია.

ზოგადად, აშშ-ში ამ შეთანხმებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა რესპუბლიკელებისგან, რომლებიც ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ მას კონგრესში. მათი თქმით, ეს ობამას მიღწევა კი არა, კაპიტულაცია იყო და თვალის დახუჭვა ირანის მოქმედებებზე. შეთანხმების მოწინააღმდეგეების თქმით, ირანი სანქციების მოხსნის შედეგად შემოსავლებს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე კი არა, ასადის რეჟიმის, ჰეზბოლასა და ჰამასის დასაფინანსებლად გამოიყენებს, ხოლო, როდესაც ყურადღება მოდუნდება, ბირთვულ პროგრამასაც განაგრძობს. ასევე ობამას აკრიტიკებდნენ რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირეების, ისრაელისა და საუდის არაბეთის, ინტერესების გაუთვალისწინებლობისა და მიტოვების გამო. ისრაელი და საუდის არაბეთი მართლაც შეშფოთებული არიან ირანის გავლენის გაზრდით რეგიონში, რომელიც ამ შეთანხმების შემდეგ კიდევ უფრო მყარდება.

ამ არგუმენტებს არ ეთანხმებიან შეთანხმების მომხრეები. ჯონ კერის განცხადებით, შეთანხმების პირობების თანახმად, მათ ერთი წლით ადრე შეეძლებათ დაადგინონ, ამზადებს თუ არა ირანი ბირთვულ იარაღს. რაც შეეხება ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას, ირანი კვლავ რჩება სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში და შესაბამის კონტროლსაც გააგრძელებენ. ასევე ეს შეთანხმება არც შიდა ამერიკული სანქციების მოხსნას და არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გულისხმობს, რომელიც 1979-81 წლების თეირანის აშშ-ის საელჩოს კრიზისის შემდეგ შეწყვეტილია, როდესაც აშშ-ის საელჩო დაარბიეს და დიპლომატები მძევლად აიყვანეს.

ჯერჯერობით ყველაფერი წინაა და არ ვიცით, რამდენად დაიცავს ირანი შეთანხმების პირობებს, თუმცა ირანის ბირთვული შეთანხმება უკვე იქცა ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკურ მემკვიდრეობად. ბარაკ ობამასთვის მიმდინარე წელი პრეზიდენტობის ბოლო წელია და გარკვეულწილად მომავალ წლებში ამ შეთანხმების წარმატება-წარუმატებლობაზეა დამოკიდებული მისი პრეზიდენტობის შეფასება. ჯერჯერობით კი მოლაპარაკებების დროს ვენაში მოსეირნე ჯონ კერისა და მოჰამად ჯავად ზარიფის სურათები ირანის ბირთვული შეთანხმების სავიზიტო ბარათად დარჩება.

ნიკო ქელბაქიანი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი,

“მომავალ დიპლომატთა კლუბის” ბლოგის რედაქტორი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *