პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

არალიბერალური დემოკრატიების აღზევება ევროპაში

20 Jan , 2016  

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილმა სატელიტმა რესპუბლიკებმა აირჩიეს განვითარების საკუთარი გზები. თითოეული ეს გზა უნიკალურია – დაწყებული ცენტრალური აზიის ტოტალიტარიზმით და დამთავრებული ლიბერალური, თანამედროვე დემოკრატიებით ბალტიის ქვეყნებში. საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკურმა განვითარებამ  ყველაზე რთული გზა მოუტანა – სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კრახი, ომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ხოლო შემდგომ – ვარდების რევოლუცია, მოდერნიზაცია და ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიციის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ თოთოეული რესპუბლიკის განვითარების გზა უნიკალურია, მაინც არსებობს გარკვეული პატერნები, რომლებიც იკვეთება პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე დაკვირვებისას. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებით საყურადღებოა პოლონეთი და უნგრეთი. 1997 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფარიდ ზაქარიამ შემოიტანა პოლიტიკური მეცნიერებებისთვის ახალი ტერმინი – „არალიბერალური დემოკრატია“. ზაქარია ამ ტერმინით აერთიანებდა ისეთ რეჟიმებს, რომლებიც, მიუხედავად ხელისუფლებაში დემოკრატიული წესით მოსვლისა, იწყებენ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, რათა უზრუნველყონ საკუთარი მმართველობა რაც შეიძლება დიდი ხნით. როგორც წესი ასეთი ქმედებები მართლდება ისტორიულად ჩამოყალიბებული ფასეულობებითა და  კულტურული იდენტობით. ამგვარი სახელმწიფო მოწყობის ტიპი აშკარად ვერ ჯდება „ავტორიტარიზმის“ ტერმინში, თუმცა ასევე აშკარად განსხვავდება „ლიბერალური დემოკრატიისგან“.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული არალიბერალურ დემოკრატიათა რიცხვს მიეკუთვნებოდა სინგაპური, ირანი, რუსეთი და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა 2010 წლის შემდეგ, როდესაც, თანამედროვე ისტორიაში პირველად, არალიბერალურმა დემოკრატიულმა მმართველობამ აღმოსავლეთ ევროპაში შეაბიჯა. სწორად აქ, ტოტალიტარიზმგამოვლილ სახელმწიფოებში არალიბერალური დემოკრატიის ცნებამ ხორცი მოისხა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში გადაინაცვლა.

2014 წელს უნგრეთის მეორე ვადით არჩეულმა  პრემიერ-მინისტრმა და ამავდროულად ნაციონალ-კონსერვატიული პარტია Fidez-ის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა პირველად განაცხადა, რომ მისი მიზანი არის „არალიბერალური, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს“ მშენებლობა ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით. უნგრული პოლიტიკის მოტრიალება მან ახსნა „დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიების უუნარობით გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში“. ორბანმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის სამაგალითოა პუტინისეული რუსეთი და ერდოღანისეული თურქეთი.

ბუდაპეშტსა და ერთიანი ევროპის ხელმძღვანელობას შორის დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა მიგრანტების კრიზისმა. უნგრეთის მთავრობა გამოირჩეოდა ევროკვოტების თანმიმდევრული მიუღებლობით, გერმანიაში გადასვლის მსურველ დევნილებს აჩერებდა და უნგრეთ-სერბეთისა და უნგრეთ- ხორვატიის საზღვრებზე ცალმხრივად დაიწყო მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობა. გარდა ამისა, ორბანმა გააკრიტიკა ბერლინის ოფიციალური პოზიცია და ანგელა მერკელს „ტოლერანტული ლიბერალიზმის“ ყველა ცოდვაში დასდო ბრალი.

2015 წლის ბოლოს არალიბერალურმა დემოკრატიამ პოლონეთშიც შეაბიჯა – ევროკავშრისა და NATO-ს უმნიშნველოვანეს სტრტეგიულ წევრში ხელისუფლება კონსერვატიულ-ნაციონალურმა ძალებმა აიღეს ხელში.  დასავლეთისთვის სიტუაცია მით უფრო მძიმეა, რომ წლების განმავლობაში პოლონეთი იყო შოკური თერაპიის წარმატებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ყველა ეს მიღწევა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელობის შეცვლა, სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიოს კონტროლის ახალი მექანიზმები, კონსტიტუციური სასამართლოს პარალიზება, ევროკავშირის დროშის გატანა პოლონეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტიდან და სხვა სკანდალური ქმედებების შედეგი დამაფიქრებელია ერთიანი ევროპის იდეის მესვეურთათვის. ყოველივე ამას ემატება პოლონეთის ახალი პრემიერის პირდაპირი განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონური ფასეულობების სამყარო ფრიად განსხვავდება „ველოსიპედისტებისა და ვეგეტარიანელების“ სამყაროსგან.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან ისაუბრა „პოლონეთის პუტინიზაციასა“ და სამართლებრივი სახელმწიფოს ევროპული მონიტორინგის მისიის დაწესების შესახებ, მემარჯვენე ევროპულმა ჟურნალმა Wprost გამოაქვეყნა ჰიტლერის შტაბში თათბირის სურათი. ოღონდ ამ სურათში ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობის სახეების ადგილზე იყო მიხატული ევროკავშირის პირველი პირების სახეები ანგელა მერკელის თავმჯდომარეობით (ცხადია, ჰიტლერის როლში) და წარწერა: „მათ ისევ სურთ პოლონეთზე ზედამხედველობა“.

სიმბოლოებისა და საგაზეთო კარიაკატურებს უკან დგას დგას ძალიან მარტივი საკითხი – რატომ. როგორ მოხდა, რომ კომუნისტური რეჟიმის ყველა ბოროტების შემდეგ ორი წამყვანი ევროპული სახელმწიფოსთვის ავტორიტარიზმი ინარჩუნებს ხიბლს.

პირველი და უმნიშნველოვანესი – დემოკრატიული კონსოლიდაციის თეორიის რღვევა. ამ თეორიის თანახმად, თუ კომუნისტური პარტიების მარცხის შემდეგ ჩატარებულ ორ არჩევნებზე მაინც იმარჯვებს ოპოზიცია და თუ ქვეყანა არ უხვევს დიქტატურისკენ, მაშინ საზოგადოების კონსოლიდაცია ლიბერალური დემოკრატიის ირგვლივ შეიძლება ფაქტად ჩაითვალოს. როგორც აღმოჩნდა, არალიბერალურმა დემოკრატიამ შეიძლება გაიმარჯვოს დემოკრატიული კონსოლიდაციის თეორიის დაწესებული ყველა შესაძლო ვადის ამოწურვის შემდეგაც.

პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითი არის ქრესტომათიული ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. ეკონომიკური თავისუფლების, პოლიტიკური დემოკრატიისა და საოცნებო ევროპული ინტეგრაციის 30-ე წელს სიტუაცია ტრიალდება – წარმატებული ევროპული სახელმწიფოები ამ წარმატების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილზე უარს ამბობენ და ტრიალდებიან არალიბერალური დემოკრატიისკენ, რომელსაც ჩანასახი ბოლშევიკებმა და ნაცისტებმა ჩაუყარეს – ჰიტლერიც ხომ დემოკრატიული პროცედურებით მოვიდა ხელისუფლებაში, სავალალო შედეგი კი ყველამ კარგად ვიცით.

რა თქმა უნდა, უდიდესი შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ თანამედროვე უნგრული და პოლონური საზოგადოება მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთათვისაც ისტორიულ-კულტურული მეხსირება ტერიტორიების ჩამორთმევის, გერმანული და რუსული ოკუპაციის, კათოლიკური იდენტობის და სხვა ეროვნული ფასეულობის განცდა უფრო მნიშნველოვანია ან აუცილებლად კონფლიქტშია საერთო ევროპულ ფასეულობებთან და დასავლეთევროპული ცივილიზაციის ერთიანობის ცნებასთან. მით უმეტეს, რომ თავად არალიბერალი დემოკრატებიც უხმობენ „კონსერვატიულ ევროპულ ფასეულობებს“ და აცხადებენ პრეტენზიას ჭეშმარიტ დასავლეთელობაზე, ცრუ ბრიუსელის საპირისპიროდ.

აშკარა არის ისიც, რომ პოლონური საზოგადოების სტრუქტურა თავისი ნამდვილად შეიცავს მოსახლეობის 30%-ს, რომელიც ამ მიდგომას იზიარებს – და სწორად ამ ფაქტორმა განაპირობა არალიბერალური დემოკრატიის ინსტიტუციური არსებობის შესაძლებლობა. საშუალო ფენა, რომელიც ყოველთვის იყო ლიბერალური დემოკრატიის მთავარი დასაყრდები, პოლონეთსა და უნგრეთში ჩამოყალიბდა, როგორც დედაქალაქისა და მსხვილი ქალაქების მოსახლეობა და თავისუფალი პროფესიების წარმომადგენლები, რომელთა დამოკიდებულებაც არჩევნებზე მისვლის აუცილებლობისადმი საკმაოდ დაბალია – შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას, რაც ყველაზე მეტად მომგებიანია მცირე პარტიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი მტკიცე ელექტორატი.

ერთადერთი, რაც ნამდვილად აშკარაა, ეს არის არალიბერალური დემოკრატიის სიცოცხლისუუნარობა. ეკონომიკური კუთხითაც ამგვარ სისტემებში არ არსებობს დაგროვების  მდგრადი წყაროები, ხოლო პოლონური სიტუაციის გათვალისწინებით – როდესაც საფინანსო ინსტიტუციების დიდი ნაწილი არის დასავლეთ ევროპული და ამერიკული, ამგვარი ეკონომიკის კოლაფსი დროის საკითხია. მეორე პრობლემა არის ახალგაზრდობა – რაც უფრო ჩაკეტილი და იზოლირებული იქნება ქვეყანა, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა იმისა, რომ მოხდება ტვინების გადინება და ახალგაზრდობა დატოვებს პოლონეთს და გაემგზავრება „ველოსიპედებსა და ვეგეტარიანელებთან“. თუმცა, თავად პოლონეთი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია – მეორე, და გაცილებით მნიშვნელოვანი, არის თავად ევროკავშირი, რომელიც ეგზისტენციალური დილემის წინაშე დგას – მან უნდა საბოლოოდ აირჩიოს, სუვერენიზაციასა და ინტეგრაციას შორის.

გიორგი მელაშვილი,

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი,

მომავალ დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *