ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა ვენესუელაში

24 Jan , 2016  

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების წაგებისა და სავალალო ეკონომიკური სიტუაციის ფონზე სამხრეთამერიკული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ზომის მეშვეობით პრეზიდენტი შეძლებს სახელმწიფოს მართვას 60 დღის განმავლობაში საპრეზიდენტო დეკრეტების მეშვეობით, რომლებსაც არ სჭირდება პარლამენტის დადასტურება. უკვე დაანონსებული დეკრეტების შინაარსი მოიცავს ვენესუელის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშნველობის რესურსზე – ნავთობზე – შიდა ფასების ზრდას (ვენესუელის შიდა ფასები დედამიწაზე ყველაზე დაბალი არის). 1989 წელს ბენზინზე ფასის ცვლილების ბოლო მცდელობა დასრულდა სოციალური აფეთქებითა და სისხლიანი არეულობების სერიით.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ საპრეზიდენტო ბრძანებულება მადურომ გამოაქვეყნა „ოფიციალური გაზეთის“ საგანგებო გამოშვებაში, ეროვნულ ასამბლეაში განხილვის გარეშე, რომლითაც პირდაპირ მიუთითა დეპუტატებს, რომ მას არანაირად აინტერესებდა დეპუტატების აზრი. მოგვიანებით მადურომ შეასრულა ფორმალური მოთხოვნები და მაინც გადასცა დეკრეტი პარლამენტის სპიკერსა და მის მთავარ ოპონენტს – ენრი რამოს ალუპუს, თუმცა გადაცემისას პრეზიდენტის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ ამ ნაბიჯის ფორმალურ ხასიათზე.
ვენესუელის ეკონომიკის ახლად დანიშნული მინისტრის – ლუის სალასის – მიერ გაჟღერებული დეკრეტის თანახმად, მთავრობა აპირებს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების თვითნებურ შეტანას, გადასახადების გადახდის თავიდან ამრიდებლებთან ბრძოლის ექსტრაორდინალური ზომების შემოღება, პროდუქტებისა და ნედლი რესურსების ექსპორტის გამარტივებას, ვალუტის გაცვლაზე კონტროლის გამკაცრებას, სახელმწიფოსთვის აუცილებელი რესურსების წარმოებისთვის კერძო კომპანიების საკუთრებაზე კონტროლის დამყარება. ბოლო პუნქტი ფაქტობრივად გულისხმობს ჯერ კიდევ ჩავესის საყვარელ ხერხს – ექსპროპრიაციას. ამ პუნქტების გარდა, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ეროვნულ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებზე შეზღუდვებს. აშკარაა, რომ ამ მეთოდებით ვენესუელის ეკონომიკის გაჯანსაღება ვერანაირად ვერ მოხდება.
ვენესუელაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას მთავრობა დღემდე ცდილობს საბეჭდი დაზგის ამოქმედებით, თუმცა ზაფხულის ბოლოს ბოლივარული რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა ფულის საბეჭდი ქაღალდის მოწოდებაზე კონკურსი, ხოლო გარკვეულ შტატებში გამოცხადდა შეზღუდვა ბანკიდან ნაღდი ფულის გამოტანაზე.
საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ოფიციალური მაკროეკონომიკური სტატისტიკა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ვენესუელის კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია.
ცენტრალური ბანკის რელაციის თანახმად, 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით ინფლაციის დონე იყო 141.5%, თუმცა ასეთი მაღალი მაჩვენებელიც კი ექსპერტების მოსაზრებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, სტივ ჰენკის მოსაზრებით ვენესუელაში ინფლაციის დონე 392%-ს შეადგენს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2016 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა შეიძლება გადალახოს უკვე ფსიქიატრიული ზღვარი 500%-ს.
ვენესუელის მთავრობა ამ კატასტროფულ სიტუაციას ხსნის ბოლივარული რევოლუციის მტრული გარე და შიდა ძალების გააქტიურებას, რომლებმაც ვენესუელას ეკონომიკური ომი გამოუცხადეს. თავის მხრივ ადგილობრივი ოპოზიცია და საერთაშორისო დამკვირვებლები ხაზს უსვამენ „XXI საუკუნის სოციალიზმის“ უტოპიურობას, და ასევე მადუროს არაკომპეტენტურობას. ბოლო დებულების გასაძლიერებლად ვენესუელური რეჟიმის კრიტიკოსები იხსენებენ, რომ მადურო იწყებდა საკუთარ კარიერას ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე.
ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება წინ უძღოდა ოპოზიციური ეროვნული ასამბლეის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას. სესია, რომელზეც გამოვიდა პრეზიდენტი, უაღრესად დაძაბული გამოდგა – როგორც მადუროს სიტყვისას, ასევე მისი ოპონენტის, რამოსის რეპლიკები შეიცავდნენ მორინგის, ადგილობრივი დამამშვიdებელი საშუალების, დალევის შემოთავაზებას. ვენესუელის პოლიტიკურ დისკურსში მორინგის სმის არგუმენტი შეიღო პარლამენტის წინა სპიკერმა, გამოჩენილმა ჩავისტმა, დიოსდადო კაბელიომ.
მადუროს სამსაათანი გამოსვლის უმნიშვნელოვანესი მესიჯი ეხებოდა ბენზინზე ფასების ზრდას. „ამის გაკეთება აუცილებელია. დადგა დრო, ავწიოთ ფასები ნავთობზე… ვენესუელამ უნდა დაიწყოს საკუთარი რესურსებისთვის სათანადო ფასის აღება“-აღნიშნა მადურომ. 2013 წლიდან მადურომ არაერთხელ დაანონსა ნავთობზე ფასების აწევა, თუმცა ამჯერადაც მას არ მოუყვანია კონკრეტული ციფრები.
დღეისათვის ნავთობი ვენესუელაში უფრო იაფია, ვიდრე მინერალური წყალი. 95-ე ნავთობის 1 ლიტრის ფასის შეადგენს 0,097 ბოლივარს (2 ამერიკული ცენტი), ოფიციალური კურსის შემთხვევასი. პარალელური „შავი“ კურსის გათვალისიწნებით, რომელიც შეადგენს 840 ბოლივარს ერთი დოლარისთვის, ნავთობის ფასი ფანტასტიური ხდება – ერთ დოლარად შესაძლებელია 95-ე ბენზინის 8 600 ლიტრის შეძენა.
ყოველივე ამის შედეგი არის კოლოსალური სუბსიდირება, რომელსაც ეწევა ვენესუელის სახელმწიფო. ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ეკონომიკური კომისიის 2012 წლის მონაცემებით სახელმწიფო ხარჯავდა მშპ-ს 5,1% შესაბამის სუბსიდიებზე. რაფაელ რამირესი, ვენესუელის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელმა რადმენიმე კვირის წინ პირდაპირ აღიარა, რომ სახელმწიფო უხდის ვენესუელის მოქალაქეებს ბენზინის გამოსაყენებლად.
პრეზიდენტმა მადურომ პირდაპირ აღიარა, რომ 2015 წელი ისტორიაში შემოვა როგორც „რევოლუციის ყველაზე ცუდი წელი“, თუმცა აშკარაა, რომ „XXI საუკუნის სოციალიზმის“ ქომაგებისთვის 2016 ასევე არ იქნება სიხარულის მომტანი. უფრო მეტიც, ნავთობზე ფასების დაცემასთან ერთად ეკონომიკური სიტუაცია ვენესუელაში კიდევ უფრო გართულდება. აშკარაა ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადის მიზანი არის უბრალოდ დროის მოგება და ოპოზიციური პარლამენტის დროებით მაინც მოშორება – თუმცა, რაც უფრო მეტად გაიზრდება კრიტიკული მასა ეკონომიკაში, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ 2019 წლისთვის ნიკოლას მადურო შეინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს.

გიორგი მელაშვილი,

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი,

მომავალ დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *